-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. რუსეთის ძალებმა მიკოელავზე სარაკეტო იერიში გვიან ღამით მიიტანეს. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. თავდაპირველად, მიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა ორი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
-
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს და ის უფლებამოსილებას 22 ნოემბრიდან შეუდგება. ვლადიმერ ტატიშვილი მხატვარი, მუსიკის მკვლევარი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, კითხულობს ლექციებს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის შესახებ. 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული „Raond Midnaight”, 2020 წელს სახელმძღვანელო „სიტყვა მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში“. რადიო თვაისუფლება -
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს". "უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში. გუშინ, 10 ნოემბერს, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის უკანონო ბორდერიზაციაც იყო.
-
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან, ცნობას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ბლატერი თვლის, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, ირანის გუნდი უნდა ჩამოაშორონ ტურნირს. 11 ნოემბერს შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ს მოჰყავს ბლატერის სიტყვები. 86 წლის ბლატერი, რომელიც კატარში მსოფლიო თასის გათამაშების წინააღმდეგი იყო და ფიფას ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, აღნიშნავს, რომ „ირანი უნდა გაირიცხოს მსოფლიოს თასის“ გათამაშებიდან. ბლატერის თქმით, ის რომ ყოფილიყო ახლა ფიფას პრეზიდენტი, ირანს, რომელიც აშშ-სთან, ინგლისთან და უელსთან ერთად არის „B“ ჯგუფში, ჩამოაშორებდა გათამაშებას. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი წელს კატარში იმართება, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. ტურნირიდან ირანის გუნდის ჩამოშორებაზე არაერთი მოწოდება გაისმა. რადიო თავისუფლება
-
მუშევანში RMG-ისთვის ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა გააპროტესტეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი". აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. "მოსახლეობა კიდევ ერთხელ აპროტესტებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ... 4 თვის განმავლობაში, როცა ადვოკატირების პროცესი მიმდინარეობდა, სხვადასხვა მიმართვები იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს, პრეზიდენტის, პარლამენტის მიმართ. არცერთი არაა გათვალისწინებული, ანუ სოფლის ხმა არ ისმის. გადაწყვეტილება მიღებულია სოფლის გარეშე, რაც არღვევს ყველა სტანდარტს", - უთხრა "რადიო მარნეულს" ორგანიზაცია "სალმის" დამფუძნებელმა რადიმ ისმაილმა. პროტესტი სოფელ მუშევანში აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლებმა თათული ჭუბაბრიამ და ქამრან მამადლიმ. "მე ვიცი, რომ თქვენ ყველაზე მართლები ხართ ამ პროცესში. რამდენიმე წელია, ვაკვირდებით, როგორ დაიგეგმება ქვეყანაში მსგავსი ტიპის განვითარების პროექტები, სადაც მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ იხეირებენ, რეალურად კი იღებენ პროტესტს. როდესაც აშენებდნენ ჰიდროელექტროსადგურებს, ჰესებს, გაჰყავდათ გზები. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე დიდი პროტესტი შეხვდა ამ პროექტებს სვანეთში, იმერეთში, კახეთში. ყველა ამ შემთხვევაში ვიცოდით, სად ირღვეოდა კანონი და გვესმოდა, რა ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირება. მთავარი იყო ის, რომ მოსახლეობას არცერთ ამ პროექტში სწორ ეტაპზე არ დაუსვეს შეკითხვები, უნდათ თუ არა მათ ასეთი ტიპის განვითარება", - თქვა აქციაზე თათული ჭუბაბრიამ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG Gold-ს პირველ ნოემბერს მისცა ოქროსა და სპილენძის მოპოვების ნებართვა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გაიცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. "სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო, - აცხადებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი". მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის, ისე მოპოვების არეალის გაზრდა. მოპოვების სამუშაოების შესაძლო დაწყების გასაპროტესტებლად, მუშევანში საპროტესტო აქცია გაიმართა 13 სექტემბერსაც. მაშინ შეკრებაზე გავიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც "RMG გოლდის" საქმიანობას ემხრობიან. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლის, ქამრან მამადლის თქმით, ისინი, ვინც "RMG-ის" სამუშაოებს არ აპროტესტებენ, პრობლემებსაც იაზრებენ, თუმცა კომპანია მხარდაჭერის სანაცვლოდ, არაოფიციალურად, ხალხს სოფელში წყლის შეყვანას შეჰპირდა. ცენტრის ინფორმაციით, სოფელს, სადაც მოსახლეობის 99.9% ეთნიკური აზერბაიჯანელია, დღემდე არ აქვს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, სოფლის შიდა გზები, სარწყავი სისტემა. სექტემბერში მოსახლეობის პროტესტს კომპანია "RMG" გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ კომპანიის სამუშაოებს უჭერს მხარს და ადგილობრივებთან გაფორმებულია სოფლის განვითარების მემორანდუმი: "კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები". კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით და გამორიცხულია სოფელზე რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით: "ეს დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის". რადიო თავისუფლება -
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს. ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინელმა მოქალაქეებმა ბილოზერკას დასახლებაში, ხერსონიდან 10 კილომენტრში რუსული პროპაგანდისტული ბილბორდები ჩამოხიეს და უკრაინული დროშა აღმართეს. ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინის დროშა, რომელიც ფრიალებს "მეორე მსოფლიო ომის" მემორიალზე. მეორეში ვიდეოში ჩანს, რომ მოსახლეობა ხევს პროპაგანდისტულ ბილბორდს, რომელზედაც გამოსახულია ახალგაზრდა გოგონა რუსული დროშითა და წარწერით : „რუსეთი სამუდამოდ აქ არის“.
-
ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ გადაცემა „იმედი ლაივში“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. საქმის პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იოსებ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზე და შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიღეს, რომლის შესწავლაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდება. ზინიკო ქობალიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით და ჩართულობით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე. პროკურორის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ პირველ ეტაპზე უკვე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ორგანიზატორთა ნაწილის მიმართ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ერთ- ერთი ორგანიზატორი. ცნობისთვის, იოსებ მგელაძე დავით კეზერაშვილის მეგობარია და არსებული ინფორმაციით, მასთან ბიზნესპარტნიორობაც აკავშირებს. სწორედ, იოსებ მგელაძის კუთვნილ ოფისში, რომელიც "აქსის თაუერსში" მდებარეობს, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მგელაძე ადასტურებს, რომ საოფისე ფართები მის საკუთრებაშია და კერძო კომპანიაზე აქვს გაქირავებული. ipn
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0796 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 45 სამხედრო დაიბრუნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ. ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება. ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, - წერს ერმაკი. ipn -
ფასადური, ე.წ. რეფორმების გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გვითხრა, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, შესაბამისად, "ქართული ოცნება" ვერავის მოატყუებს. "კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა არის დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია ამაზე არაერთხელ გვითხრა ევროკავშირმა, ჯერ რეზოლუციით, შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილებით და ახლა იმ ანგარიშით, რომელიც რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტის მიერ განხიხილება. შესაბამისად, თუ "ოცნებას" ვინმეს მოტყუება სურს, ვერავის მოატყუებს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების სრულად შესულება. მარტო კანონზე არ არის საუბარი, ცალკე კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს, რეალურად დეოლიგარქიზაცია მიიღწევა მხოლოდ სისტემური რეფორმებით მართლმსაჯულების, საგამოძიებო, საარჩევნო სისტემაში, კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ უნდა გვესმოდეს რისკი, რასაც ქმნის ფასადური და ზოგიერთ შემთხვევაში, ფასადურიც კი რომ არ არის ისეთი ე.წ. რეფორმების გატარებით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება", - განაცხადა დაუშვილმა. ამასთან, ის ნიკა გვარამიას გათავისუფლების თაობაზე "ალდეს" განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, გამოსავალი იყოს მისი შეწყალება. თუმცა, გვარამიას საქმესაც რეალურად მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამდე მივყავართ. "მედიაგარემოს რაც შეეხება, თავისუფალი მედიაგარემო არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და როცა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე კიდევ ერთხელ მივდივართ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან, რადგან უნდა გქვონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმის გადაწყვეტას, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს სავარაუდოდ, არც სისტემური და არც ძალადობრივი დანაშაული, შესაძლოა ერთ -ერთი ყველაზე სწორი გზა იყოს შეწყალება პრეზიდენტის მიერ, თუმცა, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება და მისი გადასაწყვეტია, გამოყენებს თუ არა მას,"- განაცხადა დაუშვილმა.
-
ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთან, პესკოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. ”ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან”, - აღნიშნა პესკოვმა. იპნ -
სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. planeta.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ვაცნობე, რომ შეზღუდული მქონდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. ვინაიდან, ასეთი შეზღუდვისათვის არ არსებობდა არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მოვითხოვე შეესწავლათ და გაერკვიათ აღნიშნული საკითხი, რათა ხელი არ შემშლოდა ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების (აზრის, მისი გამოხატვის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) რეალიზებაში. სამწუხაროდ, ჩემს განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ოქტომბრის თვეში მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მეცნობა, რომ განცხადება დაეწერა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, რომელთაც განაცხადეს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვითხოვე ეს პასუხი წერილობით გამოეგზავნათ ჩემთვის, რაც ასევე რეაგირების გარეშე დატოვეს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საჩივრით და კიდევ ერთელ განვმარტავ: შეზღუდული მაქვს წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. კერძოდ, საერთოდ ვერ ვხედავ გვერდს და შესაბამისად, ვერ ვკითხულობ ვერანაირ ოფიციალურ ინფორმაციას. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის დაბლოკვის შემთხვევაში. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელებისათვის შესაბამისი კონტენტის შექმნა, ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ. ამდენად, მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მართვა და ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ფეისბუქ გვერდის საშუალებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებით, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა ხორციელდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების მართვა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს (საქმე Nბს-568(გ-19). სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ღიაა ყველა მომხმარებლისათვის. ღიაა აგრეთვე ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციები და მათ ქვეშ არსებული კომენტარების სექცია. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ანგარიშის გამოყენებით, დააფიქსიროს მოსაზრება, ჩაერთოს კონკრეტული საკითხის განხილვასა თუ მასთან დაკავშირებულ დებატებში და მოითხოვოს უწყებისგან დამატებითი განმარტებები. სწორედ ეს შესაძლებლობები და თმენის ვალდებულებები განასხვავებს მთავრობის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და კერძო პირის მიერ (პირადი მოხმარების მიზნით) ფეისბუქ-გვერდის გამოყენების ფარგლებს. ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელების პროცესში მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, შებოჭილია კანონის მიერ. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ ნორმაში გაცხადებულია კანონის უზენაესობის პრინციპი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ კანონისგან გადახვევა. მათ ყოველთვის უნდა იხელმძღვანელონ და გამოიყენონ კანონი და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. ამდენად, სზაკ-ით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ავალდებულებს თითოეულ საჯარო მოხელეს თითოეული გადაწყვეტილებისა თუ ქმედების განხორციელების პროცესში მოგვევლინოს როგორც კანონიერების გარანტი. სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაცია არათუ იცავს ჩემს კანონიერ უფლებებს, არამედ ქმედებით ორმაგად არღვევს ჩემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს: ჯერ მოქმედებით: დამბლოკა და ოფიციალური ინფორმაციის მიღებისა და ამ ინფორმაციაზე აზრის გამოხატვის შესაძლებლობა შემიზღუდა და შემდეგ უმოქმედობით: განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა. ამით უგულებელყოფილია სზაკ-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ამ მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს თითოეული ადამიანის უფლებას აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ადამიანის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აზრის თავისუფლება ინფორმაციის ერთგვარი წყაროა, ხოლო ინფორმაციის თავისუფლება, თავის მხრივ, აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. თითოეული ადამიანისთვის გარანტირებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ინფორმაციის თავისუფლებით პიროვნება და საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილს N1/1/468 გადაწყვეტილება). გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების სერიოზული ფაქტორია. შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსს და ფორმებს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების და მიღების უფლებას, რაც მოიცავს სასურველი ფორმით და საშუალებებით ინფორმაციის მიმოცვლას განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ პირთა ჯგუფთან (საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის თანახმად, „თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.“ დღვანდელ დღეს სწორედ ინტერნეტი და სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ადამიანებისათვის მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, ინტერნეტის საშუალებით მომხმარებელთა მიერ გამოხატვის უფლებით სარგებლობა ამ უფლების პრაქტიკაში განხორციელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ გაუსვა ხაზი ინტერნეტის მნიშვნელობას გამოხატვის უფლებით სარგებლობის პროცესში და მის განსაკუთრებულ როლს ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიმართულებით. ამასთან, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. კერძოდ, გამოხატვის უფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. განსხვავებულია ამ უფლების დაცვის სტანდარტი კერძო პირებსა და საჯარო დაწესებულებებთან მიმართებაშიც. როდესაც საუბარია საჯარო დაწესებულების/თანამდებობის პირის მიერ/მიმართ ინფორმაციის გავრცელებაზე, ასეთ ვითარებაში თმენის მომეტებული ვალდებულებაა, რასაც ადგილი არ აქვს კერძო პირის მიერ სხვა კერძო პირის შესახებ განცხადების გავრცელების შემთხვევაში. 1976 წლის დეკემბერში ევროპულმა სასამართლომ Handyside-ს საქმეში ხაზი გაუსვა გამოხატვის უფლების მნიშვნელობას და განმარტა, რომ იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა“ და „მოსაზრებების“ მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმისა, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“(იხ. Handyside v. the United Kingdom). ამდენად, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების უფლების გარანტიაა, არამედ ამავდროულად საზოგადოების უფლებაა- მიიღოს ინფორმაცია (იხ. Observer and Guardian v. the United Kingdom; Guerra and Others v. Italy). საზოგადოების მიერ ახალი ამბების ან საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს დღეს ინტერნეტი ასრულებს. სწორედ ამიტომ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ინტერნეტი, ასევე მისი საშუალებით გავრცელებული ინფორმაციაც დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება). საქმეში Ahmet Yıldırım v. Turkey (https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-115705) სასამართლომ კონკრეტულ საიტზე წვდომის დაბლოკვის შესახებ იმსჯელა და განმარტა: „მართალია ღონისძიება არ წარმოადგენდა სრულ აკრძალვას, არამედ მეტწილად შეზღუდვას ინტერნეტზე წვდომაზე, რასაც ასევე ჰქონდა განმცხადებლის ვებ-გვერდზე წვდომის ბლოკირების ეფექტი. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ შეზღუდვის მოქმედება შემოფარგლული იყო, ეს არ აუფერულებს მის მნიშვნელოვნებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი დღეს არის ძირითადი საშუალება, რომლითაც ადამიანები ახორციელებენ თავიანთ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, უზრუნველყოფს რა ის პოლიტიკურ საკითხებსა და საზოგადო ინტერესებთან დაკავშირებით აქტივობებსა და დისკუსიებში მონაწილეობისთვის აუცილებელ საშუალებებს.“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, მთავრობის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/GeorgianGovernment ჩემი წვდომის შეზღუდვით (დაბლოკვით) დაირღვა კონსტიტუციით მონიჭებული ჩემი უფლებები. შეზღუდვას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევით, მთავრობის ადმინისტრაციამ ჩემს მიმართ დაარღვია კანონიერების პრინციპი. მან უგულებელყო კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისი ვალდებულებები მმართველობითი საქმიანობის პროცესში. აქედან გამომდინარე, ვითხოვ, დაევალოს მთავრობის ადმინისტრაციას (სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს) მოხსნას ჩემი შეზღუდვა (ბლოკი) მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რათა კვლავ შევძლო ინფორმაციის მიღება და მქონდეს ამ ინფორმაციაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
-
რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვინიცას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბორზოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. "11 ნოემბერი განგაშით დაიწყო. ისევ განხორციელდა დარტყმა ვინიცას ოლქის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - წერს ბორზოვი. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. იპნ
-
აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ. „დემოკრატებს“ სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დამატებითი ხმის უფლებით სარგებლობს.
-
შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს. „რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით. ახლა ამ ადამიანს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პაუზა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი ახლა დასავლეთის სანქციების გავლენასა და რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილებას გრძნობს, თუმცა ის აგრძელებს საერთაშორისო პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფას. „რუსეთს თუ ნამდვილად მოუნდება მშვიდობა, ჩვენ ამას დავინახავთ. არ შეიძლება მშვიდობა მხოლოდ სიტყვებით გინდოდეს. სიტყვები საკმარისი არ არის. ომის შესაჩერებლად გაიყვანეთ ჯარი, შეწყვიტეთ ადამიანების მკვლელობა. მათ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაურონ და დამნაშავეები ციხეში უნდა ჩასხდნენ. მხოლოდ სიტყვები ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ არ დაუხურავთ მოლაპარაკების კარი, თუმცა რუსეთისგან, ამ დრომდე მხოლოდ ულტიმატუმები ისმის. „ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა განსხვავებულ რუსეთთან, როდესაც ის მართლაც იქნება მზად მოლაპარაკებისთვის და აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია. მათ უნდა დაგვიბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, სამართალი, ის უნდა დაუბრუნდეს მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ამ დრომდე, ჯერ მსგავსი განცხადებები რუსეთიდან არ გამიგია. არც პუტინისგან და არც სხვებისგან“ – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - ლევან ახალაია
-
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია. ასევე, გვიან ღამით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში. აფეთქებები მოხდა ვინიცაში. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე. „რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში. რუსეთმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიიღო. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო. 1ტვ -
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გამოცხადებული უკან დახევის მიუხედავად, რუსეთს ხერსონის ოლქში ამჟამად 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები რჩებიან როგორც ქალაქ ხერსონში, ასევე მის გარშემო და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი გააძლიერებს პოზიციებს ზაპოროჟიეს ოლქში. რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურად სერგეი სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ, რუსული ჯარი უფრო მეტად დისციპლინირებული გახდა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე მიუთითა, რომ სუროვიკინმა შეცვალა ტაქტიკა და სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს მიმართავს. ამასთან, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ტემპი შენელდება, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებს. ავტორი - ლევან ახალაია
-
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ან საქართველოს რეგიონებში, არ იქნება აღიარებული, ხოლო მისი მფლობელი ვერ მიიღებს ვიზას და ვერ გადაკვეთს შენგენის ზონის საზღვრებს. „რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია ამ რეგიონებში, უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში. შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. ავტორი - ლევან ახალაია
-
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, იუნესკო-ს სათაო ოფისში, იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის იუნესკო-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა დააყენა საკითხი, რომ იუნესკო-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი. „როგორც იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და იუნესკო ცდილობს, ჰააგის კონვენციის ფარგლებში შეიმუშაოს ახალი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, რათა საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ახალი მექანიზმები შემუშავდეს. პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი, იუნესკო-მ განიხილოს, როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს. სალომე ზურაბიშვილმა იუნესკო-ს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება. შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკო-სთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო, წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ განაცხადშია „ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც კლუბს ბოლო ორი მატჩია, ტრამვის გამო ვერ ეხმარება. თუმცა, როგორც იტალიური მედია წერს, იგი, სავარაუდოდ, შაბათს სერია ა-ს 2022 წლის ბოლო მატჩის სათამაშოდ, მზად იქნება. მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი) დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი) საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო შერატონში პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა
-
„უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემების „მოსტის“ და „იმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონს ტოვებს, სანამ უკან დაიხევდეს, ქალაქის განადგურება დაიწყეს: ააფეთქეს საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. "მოსტი" და „იმი“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ანძა არ დაზიანებულა. აფეთქებულია ასევე მობილური კომუნიკაციის ანძების ნაწილი და ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ნაღმავენ ტერიტორიებს ყველგან, სადაც კი შეუძლიათ - ხერსონიდან დნეპრის მარცხენა ნაპირამდე ხერსონის ოლქში. 9 ნოემბერს, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვკინმა განაცხადა, რომ რუსეთს სამხედროები ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაჰყავს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი ჯგუფი კვლავ ხერსონშია და უბრძოლველად უკანდახევის ნიშნები არ ჩანს.
-
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა. „აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება. „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. იხილეთ ინფორმაცია ვრცლად: IPN
-
ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა. „კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რომელიც ბრძოლის ველად იქცევა და საზღვრებს არ ცნობს. კიბერ ომი და კიბერშეტევები ხდება თანამედროვე ომის განუყოფელი ნაწილი... რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლდა განმეორებითი კიბერშეტევები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. სამხედრო შეჭრის დაწყებამდეც კი, რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, უშუალოდ კიევის დაბომბვით“, - განაცხადა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავებისას, ევროკომისია ეყრდნობოდა ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დებულებებს და ფორმულირებებს, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს კიბერ საფრთხეების პრევენციისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების განვითარებას. „სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა ახალი კიბერთავდაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელიც იმოქმედებს, როგორც ცენტრალური ჰაბი კიბერთავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მიზნით… ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ ევროკავშირის კიბერ თავდაცვის უფრო ძლიერი სისტემა უსაფრთხოებისთვის. ჩვენი თავდაცვის ქსელები, ინვესტირებას უკეთებენ კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობებს და შეძლებენ ამ გამოწვევების დაძლევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ამ საერთო საფრთხეების საპასუხოდ სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედება და პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კერძოდ, ევროკომისია ბევრს აკეთებს კიბერუსაფრთხოების სამოქალაქო კომპონენტის განვითარებისთვის და ეს ძალისხმევა უკეთ უნდა იყოს კოორდინირებული იმასთან, რასაც შესაბამისი სამხედრო სტრუქტურები აკეთებენ. მისი თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაა, ასევე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის სამხედრო ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს ევროპის თავდაცვის სააგენტოს ეგიდით. ეს საშუალებას მისცემს განავითაროს კიბერშეტევებზე სწრაფი რეაგირების უნარი, ასევე ჩაატაროს დაგეგმილი წვრთნები ამ სფეროში. „ჩვენ ასევე დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოოთ ეს პარტნიორობა, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ალბანეთი, დიდად განიცდის კიბერშეტევებს“, - დასძინა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დებულებების პრაქტიკულ განხორციელებაში კიბერუსაფრთხოების შესახებ მთავარი როლი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. სწორედ ასეთი მუშაობა უზრუნველყოფს მთელ ევროკავშირს რესურსებითა და ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად შეცვალონ და გააძლიერონ ევროკავშირის პოზიცია, როგორც გლობალური მოთამაშისა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.