-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია. მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, აღარ არის პირდაპირ ჩართული ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. „თუმცა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისკენ. ამის უკან დგას ძალიან საბაზისო დემოკრატიული მომენტი, კერძოდ ის, რომ ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მათ სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ისინიც მხარს უჭერენ ამ წევრობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად ამ 12 მოთხოვნის შესასრულებლად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის. „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ საკითხთან მიმართებით ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ღიად, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
-
დეპოლარიზაციაზე, დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე პასუხისმგებლობა "ოცნების" მხარეს არის - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშით, რომელიც გუშინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია, როგორც სისტემურ რეფორმებზე, ასევე სხვადასხვა საკითხზე. "როცა ევროკავშირმა მოგვთხოვა დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება ასე გავიგოთ, რომ ამ ნაწილში ამ რეზოლუციამ რაიმე შეცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერა, ის რეზოლუცია არ შეცვლილა და არ წაშლილა, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და რეფორმები რაც ევროკავშირმა მოითხოვა, კვლავ ძალაშია. მე არამხოლოდ ამ რეზოლუციის შემდეგ, არამედ იქამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც დეპოლარიზაციაზე, ასევე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ცალსახად "ოცნების" მხარეს არის და ამას "ოცნება" ვერავის გადააკისრებს, ეს ეხება რა თქმა უნდა, დეპოლარიზაციასაც. რა უნდა მოხდეს სააკაშვილის მიმართ, ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია უცვლელია, მე ვერ შევალ იმ ნაწილში, თუ სად უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, ამის არც კომპეტენცია მაქვს და არც ინფორმაცია, ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება "ოცნებამ" ნებისმიერი პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა. "ოცნების" პასუხისმგებლობაა, რომ სასჯელი აღასრულოს და კითხვები არ გაჩნდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამას როგორ გააკეთებს, ამ ნაწილში მე არ შევდივარ,"- განაცხადა დაუშვილმა. ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას. IPN
-
ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას. დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზეც. „საქართველოს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლის გზაზე, არის კანდიდატის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემუშავებული კანონმდებლობა, ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან მისი შესაბამისობა შეაფასოს“, - აღნიშნა ელჩმა. დეგნანის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც დაცულ, სტაბილურ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. ელჩის თქმითვე, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ“, - დასძინა დეგნანმა. IPN
-
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ჯერჯერობით თანაბარი, 46-46 ადგილი აქვთ. წელს კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს და სენატის დაახლოებით მესამედს. შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ. ipn
-
რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანის შესაძლებლობა შეამცირა. შეგახსენებთ, ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლება აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. ipn
-
სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოსა და ქართველებს აგინებდა. ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ამ დეტალის გარკვევა შეძლო - უცნობია, კონკრეტულად რა თანხის გადახდა დაეკისრა მას. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 7 ნოემბერს გაიმართა - საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ამ პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს. პაველ კოპილკოვი პოლიცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ორი, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავა. ორივე მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, თუმცა მოსამართლეს ეს ნორმა არ გამოუყენებია. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ირწმუნება, რომ რუსეთის მოქალაქე პაველ კოპილკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ აგინა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის ოლიგარქ ალექსანდ კოპილკოვის შვილია. მელიას თქმით, ალექსანდ კოპილკოვი პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან - სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. „მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში“ . მელიამ საქართველოს შს მინისტრისგან ვახტან გომელაურისგან მოითხოვა განმარტება, როგორ შემოვდა საქართველოში რუსი ოლიგარქის ოჯახი. ნიკა მელიას თქმით, პოლიციის მიერ წვრილმან ხულოგნობაზე დაკავებულმა პაველ კოპილკოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა. მელია აცხადებს, რომ კოპილკოვის ოჯახს რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით უზარმაზარი ქონება აქვს და დღეს ისინი თბილისში ცხოვრობენ. „რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან" - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. კოპილკოვთან დაკავშირებით 8 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და მან საქართველოს ხელისუფლებიგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ არ არის პაველ კოპილკოვი საქართველოდან გაძევებული. "რატომ არ არის გაძევებული საქართველოდან?! ის არ არის საქართველოს მოქალაქე, აქ საუბარი არ არის დასჯაზე ან ციხეში რამდენი ხანი იჯდება ამაზე, რატომ უნდა იყოს საქართველოში ასეთი მოქალაქე. ასეთი უფლება არცერთი სხვა ქვეყნის, მითუმეტეს მტრული ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. როცა ადამიანი ასე იქცევა, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, არის საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ინციდენტი, რასაც მერე ეს რეჟიმი და პუტინის რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს, რასაც უკვე ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან",- განაცხადა გიგა ბოკერიამ. მანამდე პაველ კოპილკოვის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოხალისეთა საერთაშორისო საზოგადოების InformNapalm-ის თანადამფუძნებელმა, OSINT-ის ექსპერტმა ირაკლი კომახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქართველმა და უკრაინელმა მოხალისეებმა შეისწვალეს ვიდეო, რომლის საფუძველზეც მოხერხდა კოპილკოვის შესახებ საკმაოდ ბევრი ცნობის შეგროვება. მისი სიტყვებით, პაველ კოპილკოვი რუსეთში გამოცხდაებულ მობილიაციას გაურბის, ის მოსკოვში 1993 წელსა დაბადებული. კომახიძის თანახმად, კოპილკოვი თბილისში პირველად არ იმყოფება. „ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ დაახლობით ზაფხულის ბოლოდან პაველ კოპილკოვი საქართველოში იმყოფება გაუსვლელად. მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ის მამამისის ალექსანდრ კოპილკოვის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს, რომელიც ნიადაგს უსინჯავს და მიზნად ისახავს თავისი აქტივების ნაწილის რუსეთის ფარგლებს გარეთ გატანას“, - წერს კომახიძე. რუსეთის მედიის ინფორმაციით, ალექსანდრ კოპილკოვი დეველოპერული ჯგუფის «МИЦ“-ის თანამფლობელია, მის ძმა მაკსიმ კოპილკოვი კი ამავე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრია. ვიდეოში, რომელიც 5 ნოემბერს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანდა ახალგაზრდა კაცი - პაველ კოპილკოვი თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც იმეორებდა ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოსა და ქართველების მისამართით. რადიო თავისუფლება -
უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა. “ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნიშნა შმიგალმა. მან ასევე განაცხადა, რომ თბოელექტროსადგურებისა და თბოელექტროცენტრალების საწყობებში ქვანახშირის 1.5 მილიონი ტონა ინახება, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე საჭირო გარანტირებული მარაგი. “ამიტომ რესურსები საკმარისად გვაქვს დაგროვებული და საკვანძო გამოწვევად სწორედ რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამიზნული დაზიანებები რჩება”, - დასძინა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. იპნ
-
"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩა კვრაცხელიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საჩუქარი გამოუგზავნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე შვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გამოგავნილი მაისური აცვია. იზა ომაძე მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ადამიანობისთვის და მას წარმატებებს უსურვებს. "ქართულ ენაზე სიტყვა ვერ მოძებნა , ძალიან დიდი მადლიერების გამოსახატავად...დიდი მადლობა და უამრავი წარმატება... პირველ რიგში, დიდი და კარგი ადამიანობის, კარგი შვილობის და დიდი ფეხბურთელობის ელჩს, უამრავი წარმატება ოქროს ბიჭს. ანასტასია კი, როგორც გამორჩეული “Tifosa” ძალიან გახარებული და ბედნიერია“, – წერსიზა ომაძე. -
დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ისაუბრა, რითაც შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. მისი შეფასებით, ის გზავნილები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, არაფორმალური გავლენების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საკითხის მომხსენებელი საქართველოსთან მიმართებით იყო სვენ მიქსერი. ის, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ კარგად უნდა ფლობდეს ინფორმაციას. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გზავნილები და წუხილები, რომელიც შესაბამის ანგარიშში გააჟღერა, საყურადღებოა. დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული. საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ბიძიან ივანიშვილის არაფორმალური გავლენები, არა მარტო მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე. ევროპარლამენტის შესაბამის ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორ იტაცებდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, რეალურად „ქართული ოცნების“ ვერტიკალში აქცევენ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას. შესაბამისად, ამ არაფორმალური გავლენების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ipn
-
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 10 897 დაიჭრა, 14-მა მილიონმა სახლი დაკარგა, 6.2 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა ქვეყნის შიგნით, 11.7 მილიონი ლტოლვილი გახდა და დროებითი თავშესაფარი მიიღო უკრაინის ფარგლებს გარეთ, 1.4 მილიონმა წყალზე წვდომა დაკარგა, 4.6 მილიონს შეზღუდული წვდომა აქვს წყალზე. ასევე, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 8.5 თვის განმავლობაში უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 827 დაიჭრა, 260 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, 10 570 დეპორტირებულია რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ipn
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა. ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობენ. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, წარმატებები ვუსურვო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“, - აღნიშნულია ჩანაწერში. იპნ
-
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს. „ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. „არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. იპნ
-
თურქეთის ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ რუსული თვითმფრინავების ფრენები, რომლებიც ორმაგი იურისდიქციით არიან დარეგისტრირებული. ლაპარაკია რუსეთის სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი უცხოური თვითმფრინავების უმრავლესობაზე, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე იყვნენ დარეგისტრირებულნი. მაგრამ მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), ჩატარებული აუდიტის საფუძველზე, რუსეთი ფრენის უსაფრთხოების მხრივ პრობლემურ ქვეყნად მიიჩნია. როგორც იუწყებოდნენ, ეს სწორედ თვითმფრინავების ორმაგ რეგისტრაციას უკავშირდებოდა. ICAO-ს დასკვნების საფუძველზე, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ აუკრძალონ რუსულ ავიაკომპანიებს თავიანთი საჰაერო სივრცით სარგებლობა. ორმაგი იურისდიქციით რეგისტრირებული რუსეთის კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების შესახებ მაისის თვეში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთმაც.
-
სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა. ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების დასაზუსტებლად გამოიძახა. „მითითებულ ადგილსა და დროზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეთ“, - ნათქვამი იყო უწყებაში, რომელიც ოჯახმა ახალგაზრდა მამაკაცის დაბადების დღეზე მიიღო. სამხედრო კომისარიატის მიერ გამოძახებული წვევამდელი კრეისერ „მოსკვაზე“ მეზღვაურ-მზარეულად მსახურობდა. მისმა დედამ „ფონტანკას“ დაუდასტურა უწყების მიღება, რასაც „გაუგებრობა“ უწოდა. ფრუნზეს რაიონის ადმინისტრაციამ გამოცემას უთხრა, რომ "ნაწილობრივი" მობილიზაციის ფარგლებში, მოკლე დროში დიდი რაოდენობით უწყება უნდა გაეგზავნათ. ადმინისტრაციის პრესმდივანმა მიხეილ კალინინმა აღიარა, რომ ვინაიდან სამხედრო კომისარიატის მონაცემთა ბაზაში ყოველთვის არ აქვთ ხოლმე განახლებული ინფორმაცია, შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდათ. 13 აპრილს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნით" სერიოზულად დააზიანეს რუსეთის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო. 14 აპრილს ღამით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრეისერის ჩაძირვა დაადასტურა. 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ "მოსკვაზე" დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. მას შემდეგ რუსეთს „დაკარგულთა“ ბედის შესახებ აღარაფერი უთქვამს. სხვადასხვა მონაცემით, „მოსკვას“ ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო, ძირითადად, ჯარში ახალგაწვეული მეზღვაურები. რადიო თავისუფლება
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემია „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ერთობისკენ მოუწოდა ამერიკელებს. ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა წუხელ, როცა უკრაინაში უკვე სამშაბათი დილა იყო. „მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა ბოლოს და ბოლოს აღდგა. დემოკრატიები არ უნდა ჩერდებოდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - თქვა ზელენსკიმ. მიმართვა გაისმა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, რომელზეც, როგორც პროგნოზები მეტყველებს, რესპუბლიკელებმა შეიძლება უმრავლესობა მოიპოვონ კონგრესის ორივე პალატაში. კიევი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ აშშ-ში უკრაინას ორივე პარტია უჭერს მხარს. მაგრამ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებობს გავლენიანი იზოლაციონისტური ფრთა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, რომელიც გამოდის უკრაინის დახმარების წინააღმდეგ იმ მასშტაბით, რომელიც ახლა შეინიშნება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობის აზრით, უკრაინისთვის ამერიკის დახმარება გადაჭარბებულად დიდია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფულად პრემიას, რომელიც ახლავს თან „თავისუფლების მედალს“, გადასცემს ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრს ბოროდიანკაში. რადიო თავისუფლება
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში. გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სერჰი ნიკიფოროვს არ დაუზუსტებია, შეცვალა თუ არა ზელენსკიმ თავისი პოზიცია. „დიდი ოცეულის“ სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიაში. რადიო თავისუფლება
-
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს „თბილისი ენერჯის“, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სახეზე იყო მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, „აშკარად იკვეთება შპს „თბილისი ენერჯის“ ვალდებულება, შეემოწმებინა ის კონკრეტული ბინა და ის, რომ ამ აფეთქებასაც ჰქონდა თავისი წილი, ბინის მესაკუთრესთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს შპს „თბილისი ენერჯის,“ როგორც ლიცენზიანტ კომპანიას“. შედეგად, მოპასუხე შპს „თბილისი ენერჯის“ არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა: – სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე; – ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით; – დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით. საიას ცნობით, სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. პუბლიკა
-
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის“ გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტას, რომლის მიზეზი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვაა. „ამჟამინდელი კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე სწრაფი განმარტებების საშუალებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. კირბის თქმით, ფხენიანი ტვირთების დამალვას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების გავლით ცდილობდა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ აქვს ერთდროულად დაცემული რეიტინგი იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ. "მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ყავთ არაფორმალური მმართველი თუ ოლიგარქები, ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსებიც, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი პარტია და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებს მხოლოდ საკუთარი დღისწესრიგი შექმნას. დღითიდღე ცხადი ხდება, მათ შორის ამ კვლევის შედეგებით, რომ ისინი კარგავენ უნარს საზოგადოებას თავზე მოახვიონ თავიანთი ლეგენდები, და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა იკლებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორივე პარტია აქტიურ პოლიტიკაშია. კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა: ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი - რომელსაც ქართული ოცნება ცდილობს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ქვეყნის მარცხი საკუთარი ვიწრო პარტიულ ინტერესეად აქციოს" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისი განმარტებით, ამ მოცემულობაში არ არის გასაკვირი, რატომ არის პარტია "საქართველოსთვის" ყველასთვის მთავარი სამიზნე და დასარტყამი ობიექტი. "ამ მოცემულობაში, უკვე აღარავის უკვირს, რატომ ვართ ჩვენ ყველასთვის მთავარი სამიზნე და დასარტყამი ობიექტი. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე თავის გეგმას ასრულებს და მიუყვება. ეს იმ პირობებში, როცა სრულად შეზღუდული გვაქვს მედიარესურსები, ფაქტობრივად ყველა პარტიულ ტელევიზიაში. მეტიც იმედზე გვაშუქებენ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება დაუკვეთავს ბინძურ პროპაგანდას და ტყუილებს ჩვენს პარტიასა თუ ლიდერებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ესე თანმიმდევრულად და ნაბიჯ - ნაბიჯ დავასრულებთ ორპოლუსიანობას, ქოცების და ნაცების გაუთავებელ ურთიერთ ქიშპს და ამით ქვეყნის დაზიანებას" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
-
მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება. ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს კი, ორგანიზაციის შეფასებით, იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. „2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში კი ექსპორტი 6.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა; ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებული 109 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 63% იყო; 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია; ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 3.6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა. კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 96% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის. 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 35%-ით ნაკლებია. თუმცა, ცალკე აღებულ აგვისტო-სექტემბერში, წელს რუსეთიდან 6%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში; 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია; რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს, როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის (შემოსვლა-გასვლა) სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა; 2022 წლის აპრილ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს; 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყნიდან 12 მლნ დოლარის ინვესტიცია გავიდა. მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა ამ მიზნით გამოყენებული, ამ ქვეყანასთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს“, - ნათქვამია ანგარიშის ძირითად მიგნებებში. ამავე ანგარიშში მთავრობისადმი რეკომენდაციებიცაა გაცემული, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს; ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში სრულად იპნ
-
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა. მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12,6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6,3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 10,4%-ს - 2019 წელს აღწევდა. "მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს", - აღნიშნულია კვლევაში. ორგანიზაციის მონაცემებით: "მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია"; "იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა"; "იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა"; "ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 3,6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს"; "იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება". ამ პერიოდში "საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა". "მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული... რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია", - აღნიშნულია კვლევაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა. "გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება", - თქვა მან 30 სექტემბერს. რადიო თავისუფლება
-
ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს გერმანიაში შენახული ნახატებიც ჩამოართვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანელმა გამომძიებლებმა კონფისკაცია გაუკეთეს ქალაქ ჰამბურგში, ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთ საცავში შენახულ 30 ნახატს, რომლებიც მანამდე, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარის" ინტერიერის ნაწილი იყო. მათ შორისაა მარკ შაგალის ნახატი. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს. უსმანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ვალდებული იყო გერმანიის ხელისუფლებისთვის ეცნობებინა, რა ქონებას ფლობს გერმანიაში, რაც არ გააკეთა. ამ ქონებაში შედის 5 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატებიც, რომლებსაც საცავში ინახავდნენ. 2022 წლის მარტში, გერმანიის ხელისუფლებამ ალიშერ უსმანოვს დაუპატიმრა 600 მილიონ დოლარად ღირებული იახტა „დილბარი“, რომელიც ჰამბურგის პორტში იმყოფებოდა და ოფიციალურად მისი დის სახელზეა გაფორმებული. უსმანოვის დაც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა შორისაა. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, გერმანელმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ბავარიაში მდებარე ვილა, რომლის რეალურ მფლობელად ალიშერ უსმანოვია მიჩნეული. გერმანული მედიის ცნობით, ოლიგარქი ეჭვმიტანილია 500 მილიონი ევროს გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებაში. თავად უსმანოვი უარყოფს, რომ გერმანიაში ქონებას ფლობს და აცხადებს, რომ ყველაფერი გაფორმებულია ფონდებზე, რომლებსაც თავად არ აკონტროლებს. სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, "მეტალოინვესტის" მფლობელი, 69 წლის ალიშერ უსმანოვი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. გამოცემა Forbes-ის თანახმად, უსმანოვის ქონება 11.5 მილიარდი დოლარია. რადიო თავისუფლება -
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 37 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობითვე, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც. უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 24 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი სუ-25 და 5 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 5 პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და ამდენივე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. რადიო თავისუფლება