Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისთვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.
  2. საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდეგ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა განამტკიცებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და გააძლიერებს ეკონომიკის მდგრადობას. 26 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე სსფ-ის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს. მისივე თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. „პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის მისია, საქართველოში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ტექნიკურ დონეზე, ეს შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდეგ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკისა და ფისკალური შემოსავლების ზრდა განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ. „2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10 პროცენტია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10.5 პროცენტი იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის შენელებას ველით, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, შემცირებული ფისკალური დეფიციტისა და საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით ხუთ პროცენტს, დაუახლოვდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, სამპროცენტიან მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლების ჩათვლით, დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკ-ფაქტორების შეფასებას, ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც, თავის მხრივ, ფისკალურ რისკს შეზღუდავს. ასევე, პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. ფისკალური პოლიტიკა მართებულად იყო ორიენტირებული ბუფერების შექმნაზე და რისკის მართვაზე. ხელისუფლება გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ნაწილს ზოგავს და 2022 წელს ბიუჯეტის უფრო დაბალ დეფიციტს მიაღწევს, ვიდრე სსფ-ის მიერ მხრდაჭერილი პროგრამის დაწყებისას, ამა 3 წლის ივნისში იყო ნავარაუდევი. ხელისუფლება მზადაა შემდგომი ფისკალური წესრიგისთვის, რათა 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნები შესრულდეს. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მიმართულებით უწყვეტი პროგრესი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების პრიორიტეტების მხარდაჭერას და ხარჯვის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ხელისუფლების ყოვლისმომცველი სტრუქტურული რეფორმის დღის წესრიგის განხორციელება ეკონომიკის ზრდას გააძლიერებს და მის სარგებელს გააფართოებს. შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება და რეგიონული კავშირის გაღრმავება, უმუშევრობის შემცირებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინკლუზიურობას ხელს შეუწყობს. სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა. ავტორი - შალვა სუმბაძე
  3. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხებმა ეკონომიკური შედეგი მოგვცეს“, - განაცხადა ქერობიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საბორნე გადასასვლელი ზამთრის დადგომამდე ამოქმედდება. „როგორც გაირკვა, ეს პრობლემა იმაზე რთულია, ვიდრე თავიდან ხელისუფლებას წარმოედგინა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გაკეთდეს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი სომხეთსა და ევრაზიის კონტინენტს შორის“, - აღნიშნა ქერობიანმა. ფოთის პორტს ნიდერლანდის გადამზიდავი კომპანია APM Terminals Poti მართავს. მანამდე სომხეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მალე რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის კავკაზის პორტთან დამაკავშირებელ საბორნე გადასასვლელზე. საბორნე გადასასვლელი ზემო ლარსზე გამავალი გზის ალტერნატივა, ეს ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. აგვისტოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, განცხადება გაავრცელა რომელიც მხოლოდ ის იყო განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება. ამიტომ „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს. აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ დაასრულა კონსულტაციები სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება
  4. ბათუმის მერია გეგმავს, გამარტივებული შესყიდვით, 968 387 ლარად შეიძინოს საახალწლო ნაძვის ხე. შესაბამისი ხელშეკრულება 2022 წლის 4 ნოემბერს დაიდო საქალაქო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს “აჭარგანათებას“ შორის. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღირებულება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, გადასახადებს მოიცავს. ასევე, ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრის უნდა იყოს და ის მიმწოდებელმა დამკვეთს 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს. გამარტივებულ შესყიდვის აუცილებლობას ბათუმის მერია იმით ხსნის, რომ სასურველი ნაძვის ხე მოქალაქეებმა შეარჩიეს მერიის ფეისბუქგვერდიდან, მის წარმოება-მონტაჟს კი, ჯამში 95 დღე სჭირდება, რაც ვერ მოესწრებოდა ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში. "საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალი საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით, მოიძია პოტენციური მიმწოდებლები, რომლებმაც შემოგვთავაზეს ნაძვის ხის რამოდენიმე მოდელი. აღნიშნული მოდელები განთავსდა მერიის ფეისბუქგვერდზე მოსახლეობის აზრის კვლევის მიზნით. კვლევა დასრულდა 25 აგვისტოს და ხმათა უმრავლესობით შეირჩა ერთ-ერთი მოდელი", - წერია განმარტებაში. სხვა თვითმმართველი ქალაქებიდან, ფოთის მერია ქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში 499 900 ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 27 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 28 ნოემბერს სრულდება. შესყიდვის ღირებულებაში შედის საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების - ლედ განათებების, კონსტრუქციების მონტაჟი, დემონტაჟი და დასაწყობების მომსახურება. ასევე, ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის და 31 დეკემბრის ღონისძიების ფინალური ფოიერვერკი, ჯამში 630 ცალი. ფოთის საახალწლო განათებისა და მოსართავების ესკიზები ტექნიკურ დავალებაში აღწერილია, რომ იგეგმება ფოთის თეატრის შენობის კონტურული გაფორმება ნეონის მანათობლებითა და 2D მოცეკვავე ფიგურებით. ასევე, ცენტრალურ მოედანზე განთავსდება 2 მეტრის სიმაღლის 3D მანათობელი კონსტრუქცია "ფოთი", "2023" და 6 მეტრი სიმაღლის 2D "გემის" კონსტრუქცია. გეგმის მიხედვით, მთავარი ქუჩა მანათობელი "მედუზებით" გაფორმდება. გასულ, 2021 წელს ფოთი შპს "ქოლორფულ სფირითმა" გააფორმა. მასთან დადებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, დაახლოებით, 217 000 ლარი იყო. საშობაო დეკორაციისა და მანათობელი "ფარდის" შესაძენად, "რუსთავსერვის ცენტრმა" ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 13 ოქტომბერს შპს "დანდისთან" გააფორმა 135 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. საახალწლო განათებების შესწყიდვას გეგმავს ქუთაისის მერიაც. საახალწლო ფოტოდიოდური გირლიანდებისა და სხვა განათებების შესაძენად "ქუთგანათების სერვისის" ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 126 840 ლარია. რადიო თავისუფლება
  5. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა. წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ. როგორც შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სამონიტორინგო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანდრი კლიმენკომ დაწერა სოცქსელებში, მისი მონაცემებით, „ვარიაგი“ და „ადმირალი ტრიბუცი“ 2 თებერვლიდან იდგნენ ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში გადასასროლად ემზადებოდნენ, რათა უკრაინის ტერიტორიისთვის შეეტიათ. რადიო თავისუფლება
  6. გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს, - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისივე განცხადებით, 100 საუკეთესო სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. "მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით და ამერიკის საელჩოს თანამდგომით", - წერს გიორგი კეკელიძე.
  7. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული. კადიროვი იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი. რადიო თავისუფლება
  8. 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა. "დღევანდელი მოცემულობით, ნათელი ხდება, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებებს არ აქვთ ნებელობა, დასაჯონ ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, მათ შორის, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა", - აცხადებენ საიაში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მართალია, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა არ არის ეფექტიანი: "აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს". 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ცენტრალური ქუჩები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. იმ დღეს დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ზოგს რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამ დრომდე არავინაა დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. რადიო თავისუფლება
  9. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ. ლევან სახელაშვილის პანაშვიდი "კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა. უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულობით ქართველი იბრძვის. უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 23 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან სახელაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა ქართველმა თანამებრძოლებმა 2 ნოემბერს გაავრცელეს. რადიო თავისუფლება
  10. 2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონი კრემლისთვის „დამოუკიდებელი რესპუბლიკაა“. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრნენ დაახლოებით 460 000-ჯერ, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე სტატისტიკით, 2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრების რიცხვი იყო 9.7 მილიონზე მეტი, რაც მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. წლის მესამე კვარტლის ბოლო თვეს, სექტემბერში, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის გამოც, რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ. რადიო თავისუფლება
  11. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. „დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ სარდლობაში. იპნ
  12. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  13. სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა. რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ. „დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, - აღნიშნა რომის პაპმა. კითხვაზე, უსაუბრია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო დროს, ან აპირებდა თუ არა მასთან საუბარს, რომის პაპმა უპასუხა, რომ ომის დაწყების მეორე დღეს მან სცადა პუტინთან კომუნიკაცია. „ომის დაწყებიდან მეორე დღეს მივედი რუსეთის საელჩოში, ელჩთან სასაუბროდ. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო გახდებოდა. ლავროვმა მიპასუხა ძალიან თავაზიანად - "გმადლობთ" და რომ ეს არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის“,- განაცხადა რომის პაპმა. მისი თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ამასთან, პაპმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ომების წინააღმდეგ იბრძოლონ. „თქვენ, ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები, ისაუბრეთ ომების წინააღმდეგ, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. როგორც ძმა, ისე გთხოვთ ამას“, - აღნიშნა პაპმა. იპნ
  14. ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა. „ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი სოციალურ ქსელებში. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. იპნ
  15. ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუფლება 12 საათში მიიღებს შეტყობინებას, რომ ელექტროქსელი ავარიის პირასაა და თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ხელმძღვანელობა მოსახლეობას გააფრთხილებს და ქალაქის დატოვებას ურჩევს. როგორც მედია წერს, პუბლიკაციის გასაჯაროების შემდეგ, რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ახლა დედაქალაქში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის საფუძველი არ არის. დედაქალაქის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩენას არ გამორიცხავს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც, რომელიც კიევის მოსახლეობას მოუწოდებს, მოამზადონ საჭირო მარაგი და განიხილონ ქალაქგარეთ დროებით გადაადგილების შესაძლებლობა. ავტორი - გივი ბარამიძე
  16. ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტბა ვიქტორიაში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ავიაკატასტროფის დროს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო. მაშველები მგზავრების გამოსაყვანად ტბაში ნავებით შევიდნენ, რადგან წყალში ჩავარდნის შემდეგ, თვითმფრინავის ნაწილები თითქმის მთლიანად ჩაიძირა. თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. ავტორი - გივი ბარამიძე
  17. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და „პარიზის მშვიდობის ფორუმში“. „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისთვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან. დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება. 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.
  18. ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2023 წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფო არსებითი ფუნქციების პროგნოზირებადი და რეგულარული დაფინანსების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. „მხარდაჭერა უაღრესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით, საპროცენტო ხარჯების დაფარვით, ასევე ხელს შეუაწყობს უკრაინის რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მიერ მიმდინარე სამუშაოები უკრაინას დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს უჭერს გრძელვადიან პერსპექტივაში. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, ლიდერებმა ასევე განიხილეს გეგმები ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გაფართოების გეგმებზე. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე ისაუბრეს იმ ნეგატიურ როლზე, რომელიც ითამაშა ირანის მხარდაჭერამ რუსეთის აგრესიაში.
  19. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი ეხებოდა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.
  20. კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს. „უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ. კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს. არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვანა იქნება საჭირო. შაბათს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, იზრუნონ აუცილებელ მარაგზე ან გამონახოთ ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა, ვინაიდან ის არ გამორიცხავს ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების სრულ შეწყვეტას უკრაინის დედაქალაქში. „ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქი იყოს სითბოს, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე და საერთოდ, რათა ჩვენ ყველანი მოვკვდეთ,“ თქვა კლიჩკომ. რადიო თავისუფლება
  21. შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად. მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას. ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით. ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. მაგრამ ყველა არ ეთანხმება მელონის პოზიციას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. საერთო ჯამში, რომის პოლიციის ცნობით, დაახლოებით 30,000 ადამიანი მონაწილეობდა შაბათის საპროტესტო აქციებში. რადიო თავისუფლება
  22. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და ასევე მესტიაში მოქმედი სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი თვლის, რომ ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ირაკლი გურჩიანმა მაგალითად, მის მართვაში არსებული კომპანიები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემოსავლიან კომპანიებს ღირსეული ხელფასის გაცემის შესაძლებლობა აქვთ. „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ კადრების გადინება საერთოდ არ გვაქვს. ამას ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სხვა ბენეფიტების გაცემით ვახერხებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მესტიის სასტუმროშიც. ხელფასი ერთადერთი პირობაა იმის, რომ კომპანიიდან ადამიანები არ გაგექცნენ. ჩემი რჩევაც ეს არის - სტაფის შესანარჩუნებლად კომპანიებმა ნაკლები უნდა მოიგონ, ცოტა მეტი თანამშრომლებს უნდა მისცენ. კომპანიები თუ მუშაობენ და შემოსავალი აქვთ, ამის შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა გურჩიანმა.
  23. ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლიგარქიზაციისთვის მთავარ ცვლილებებს ვხედავთ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებში“, – განაცხადა დაუშვილმა. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ევროკომისიის მიერ მოწონებული არ არის. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მათი პარტიის მხარდაჭერა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს სხვა რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, რადგან რეკომენდაციების დანარჩენი პუნქტები სწორედ ინსტიტუციების გამართულად მუშაობას გულისხმობს, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ სადაც მცირე რესურსი დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათი კომპრომისი იყო საჭირო, ეს კომპრომისი უკვე ყველგან გააკეთა. „რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ რაც შემოგვთავაზა, მაგალითად, ომბუდსმენთან დაკავშირებით რეგლამენტის ცვლილება, სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმების კანონმდებლობაში გაწერა და კიდევ რამდენიმე საკითხი, სადაც თუნდაც მცირე რესურსი დავინახეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენი კომპრომისი იყო საჭირო, ეს კომპრომისი უკვე ყველგან გავაკეთეთ და ყველგან მხარი დავუჭირეთ გადაწყვეტილებებსა და ინიციატივებს, რომელიც „ოცნების“ მხრიდან იყო შემოთავაზებული, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ ჩვენი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. მეტიც, არ გაითვალისწინა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის საელჩოს არც ერთი არსებითი რეკომენდაცია, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დაუშვილმა. გადაცემის წამყვანმა დაუშვილს ასევე კითხვა დაუსვა, რომ როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე და ოლიგარქიის პრობლემაზეა საუბარი, როდიდან ხედავს პარტია „საქართველოსთვის“ ამ პრობლემას, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მის საქმიანობაში არასდროს ერეოდა და კომუნიკაცია მათ შორის, ვერც მაშინ დაამყარა, როცა ამის მცდელობა გახარიას თავად ჰქონდა. აღნიშნულის პასუხად მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ გახარია და პარტია „საქართველოსთვის“ პრობლემას ვერ ხედავს იმ პერიოდზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და ის იყო ფორმალურად პასუხისმგებელი პირი მოქალაქეების წინაშე. „იმ პერიოდზე ვინმეს უთქვამს რამე? იმ პერიოდზე ბატონმა გახარიამ, ან ჩვენ როდესმე რამე ვთქვით? აქ მთავარი საკითხი დგება მაშინ, როდესაც პირადი ინტერესები და სახელისუფლებო პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ამის შემდგომ შემოდის სწორედ ეს რისკები; როდესაც ქვეყნის საგარეო კურსი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები და ბრალდებები; როდესაც ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, ოლიგარქი გყავთ და დეოლიგარქიზაცია მოახდინეთო, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები და ბრალდებები; როდესაც ქვეყანაში კორუფციული რისკები და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები, რადგან სწორედ კორუფციაა ის, რითაც ძალაუფლების შენარჩუნება ფინანსდება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  24. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ.
  25. ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კარგი სიახლეები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით. „დღეს იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე ათ ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ცოტა რაოდენობა გასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი საერთოდ დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად და იმისთვის, თუ რას უხდის რუსეთი ირანს ამ თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ არ იქნება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ან მისი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს“, – თქვა ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
×
×
  • შექმენი...