-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესასახებ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველო ითვალისწინებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ - არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე. ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა. კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ოფისი დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმს მომავალშიც შეინარჩუნებს. „სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ჩვენ ვიცით, რომ პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვიცით, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ. ჯერ ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება“ ,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. იპნ
-
ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. „ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო დევნა. მედიამ თავისუფლად უნდა შეძლოს მუშაობა. ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად არის დასაბუთებული. უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
-
საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება მოხდა. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს. იპნ -
მძღოლი, რომელმაც სიღნაღის ისტორიული გალავანი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. 1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღს შეეჯახა, რის გამოც ის ჩამოიშალა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილზე შსს-თან ერთად მუშაობდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მუნიციპალიტეტი წერს, რომ მისი აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი. პუბლიკა -
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს კანონიერი სახის მისაცემად ათავსებდა საკუთარ ანგარიშზე. "თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რადიო თავისუფლება ცდილობს, პროკურატურისგან მიიღოს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა სავარაუდო დამნაშავე. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის, მისი ანგარიშები კი გამოძიების მიმდინარეობისას დაყადაღებულია. რადიო თავისუფლება
-
ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარუმატებელი პროექტი, რომლის აქციონერებმაც საჯაროდ განაცხადეს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის განზრახვის თაობაზე), ხშირად დავის საგანს წარმოადგენს საჯარო საინვესტიციო პროექტებისთვის, ძირითადად, გზების პროექტებისთვის ექსპროპრირებული მიწები. ასევე, დავები უკავშირდება სხვადასხვა სექტორის კომპანიების უცხოელი ინვესტორების სარჩელს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვის შესახებ, აგრეთვე, აღსანიშნავია უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორების დავები, რომლებიც დაკავშირებულია ლიცენზიებსა და ნებართვებზე უარის თქმასთან ან იმ პროექტების გაუქმებასთან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოპოვებული ნებართვები და ლიცენზიები. გარდა მასშტაბური დავებისა, საკმაოდ დიდია იმ სასამართლო დავების რაოდენობა, სადაც შედარებით მცირეა დავის თანხის ოდენობა. ასეთია, ძირითადად, საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შრომითი დავები. საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა 17 მსხვილი სასამართლო დავის იდენტიფიკაცია, რომელთა დიდი ნაწილის დავის თანხა გამოსახულია უცხოურ ვალუტაში (ანალიზის მიზნებისთვის გამოყენებულია გაცვლითი კურსი: 1USD = 2.8GEL). მოთხოვნილი თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს დაახლოებით 487.5 მილიონ ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ასევე მოახდინა 26 სასამართლო დავის იდენტიფიკაცია, სადაც დავის თანხის ოდენობა მერყეობს 1-5 მლნ ლარს შორის (თანხის მთლიანი ოდენობა 70 მილიონ ლარამდეა), ასევე, გამოავლინა 11 დავა, სადაც სადავო თანხის ოდენობა 0.5 მილიონი ლარიდან 1 მილიონ ლარამდეა (თანხის მთლიანი ოდენობა 8 მილიონ ლარამდეა). დავები, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებულია სადავო ექსპრორპიაციასთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სადავო მარეგულირებელ ქმედებებთან და შესყიდვის ხელშეკრულებების აღსრულებასთან. ადგილობრივ სასამართლოში მიმდინარე, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული აღნიშნული დავების (მოსაძიებელია ზოგიერთი უწყების, ასევე, მცირე მასშტაბის დავები) სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია,“- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: თაია არდოტელი
-
2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი). ავტორი: თაია არდოტელი
-
პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში. სარჯველაძის თქმით, მტკიცებით ხარისხში ბრალდებები დიპლომატს არ შეეფერება. „გაანალიზონ კი ბატონო, მაგრამ, როდესაც დარწმუნების ხარისხში ამბობენ ამ ყველაფერს, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეუცნაურება. არ მგონია, რომ დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია“, - დასძინა სარჯველაძემ. სარჯველაძის თქმით, დაინტერესდება, რა რეაგირება ჰქონდა ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. „ელჩი ძალიან დიდი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს. გულწრფელად გითხრათ, მეგონა ან ინტერპრეტაცია იქნებოდა, ან სხვა რამ, რადგან ეს მაინც და მაინც კორექტული საქციელი არ არის. პირდაპირ ვიტყვი, დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც დარწმუნებით საუბრობს, რომ ამ შემთხვევაში სხვა მოვლენაა. ასეთ დროს, დიდ პასუხისმგებლობას იღებს პირადად თავის თავზე და დიდ პასუხისმგებლობა ჰკიდებს ევროკავშირის სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს“, - აღნიშნა მან. სარჯველაძის თქმით, როდესაც სხვა სახელმწიფოს ბრალდებას უყენებ, არგუმენტებიც უნდა გქონდეს. „როდესაც სხვა სახელმწიფოს ასეთ რამეს აბრალებ, სერიოზული არგუმენტი უნდა გქონდეს. მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ ახლა დადგეს საქართველოს ხელისუფლება და თავი იმართლოს, სწორი არ არის. ეს დიპლომატიურია?!“,-განაცხადა სარჯველაძემ. სარჯველაძის მტკიცებით, რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციებს გვერდა არ უვლის. „თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ცალი ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დღეს დეფიციტურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს „შავი ხვრელია“,- განაცხადა სარჯველაძემ და განმარტა, რომ ეს საკითხი შეუძლია გამოიკვლიოს ყველამ, ვისაც სურს. "როცა სხვას რამეს აბრალებ, არგუმენტი უნდა გქონდეს, თუ აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებები", - განაცხადა სარჯველაძემ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში. „მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“, - განაცხადა ელჩმა.
-
9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს 29-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოსა და უკრაინას მოუტანა. ილია დარჩიაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რუსეთს აიძულოს პატივი სცეს მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა. ჰუმანიტარული შედეგები საშინელია, ათასობით სიცოცხლე დაიკარგა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ვადასტურებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, საკუთარ თავზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გამოცადა, ამას კი მოჰყვა სრულმასშტაბიანი აგრესია 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ მძიმე შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამ რეგიონებში სამხედრო ბაზებია განთავსებული. დაახლოებით, 300 ათასი ქართველი გამოძევებულია საკუთარი სახლიდან და მათ ჯერ კიდევ არ აქვთ უკან დაბრუნების შესაძლებლობა. საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ამასთან, აგრძელებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ამოცანის შესრულების გზაზე სვლას. ამასთან, ის პრიორიტეტს ანიჭებს შერიგებასა და ნდობის აღდგენას ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ერთადერთი ფორმატია, რომლითაც შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და რომლითაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დასაბრუნებლად. გადამწყვეტი ნაბიჯები და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს აიძულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ისევე როგორც აიძულოს, დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და პატივი სცეს მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპული უსაფრთხოების კონსოლიდირების სხვა გზა არ არსებობს. ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს. ეს არ არის ის ენა, რომელმაც წარმატებას უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. IPN
-
2022 წლის ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-6.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.1 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: „სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. „ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტმოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა. შედეგად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ GITI 2022-ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ იმართება. ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიაში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობისა და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020–2025 წლების ეროვნული სტრატეგიის“ განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტქსელების მშენებლობა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე, ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა – საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ საქართველო გადაიქცეს რეგიონულ ციფრულ ჰაბად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტკავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია საქართველოში მსხვილი კონტენტპროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტკავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, მინისტრის თქმით, საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტკავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის ორგანიზატორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია „თიბისი ბანკი“.
-
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ის ნიუ იორკში გადავიდა და „ამერიკის ხმაში“ გააგრძელა მუშაობა. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება: „ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა… ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება… მტრებს ყველაფერი წინ აქვთ… და როცა მე აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობისა და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ… მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია“, – ნათქვამია დაღუპული მებრძოლის მამის განცხადებაში. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 25 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტორი - თეა აბსარიძე, თამარ ბარაბაძე
-
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ასევე, მის სახელზე ფოსტით გაგზავნილ საეჭვო პაკეტს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ასეთივე გზავნილი მიიღო რამდენიმე სამხედრო კომპანიამ, რომლებიც უკრაინის დახმარებაში არიან ჩართული, ასევე მადრიდში აშშ-ის საელჩომ. მანამდე ასაფეთქებელი წერილი მიიღეს ესპანეთში უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც მისი გახსნის შემდეგ ერთი ადამიანი დაშავდა. მომხდარს ესპანეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი, ესპანეთის გარდა, უკრაინის კიდევ ორ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიიღეს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მდებარე უკრაინის საელჩოებთან უსაფრთხეობის ზომები გამკაცრდება. 1tv
-
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცენ. „აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს უკრაინისთვის დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხისგან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს მწვავე საჭიროება, უკრაინას დავეხმაროთ, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო უკრაინაში ომის მონაწილე მხარე არ გახდება, რადგანაც ეს არაპროგნოზირებად შედეგებს მოუტანს მთელ მსოფლიოს. ავტორი - ლევან ახალაია
-
რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძლება. ამასთან ერთად, ზელენსკის თქმით, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან. ზელენსკის განცხადებით, ასევე შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება განკარგონ ის ქონება, რომელიც კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ასევე, ზელენსკიმ დაავალა ყველა შესაბამის ორგანოს, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები. „სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი არ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბორორტების ცდუნების დაძლევა. რას ვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების საშუალება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 1TV
-
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებულ ყოველდღიულ ინფორმაციაში.h უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად. ამის საბუთად უკრაინის გენშტაბში მოჰყავთ ის ფაქტი, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, დასახლებულ პუნქტ პოლოგიდან და ინჟინერნოედან რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება. ხოლო დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში რუსები ატარებენ აღწერას მოსახლოების ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით. უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს. განადგურებულია 15 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამალი. 1tv
-
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. „ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა. პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს აღწევს, ხოლო კიდევ 100-150 000 დაჭრილი ან დაკარგულია. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს ციფრები შეცდომა იყო და საქმე ეხება დაჭრილთა და მოკლულთა საერთო რაოდენობას. ავტორი - ლევან ახალაია
-
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან. პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება. „სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფორმა და ახლა უკვე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონი. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ველით, რომ მალე, რამდენიმე დღეში უნდა მოვიდეს პასუხი ვენეციის კომისიისგან. რაც შეეხება მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ, რამდენად სწრაფად იქნება პასუხი ვენეციის კომისიისგან. როგორც კი პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე არსებობს საკითხები, რომელთა გარშემოც მარტო უმრავლესობის მუშაობა არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. „გარდა ამისა, კიდევ ორი საკითხია, რომლებიც ეხება ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას. ამ შემთხვევაში, დამოკიდებული ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რათა კანდიდატების გარშემო შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს. ამიტომ არსებობს საკითხები, რომლებსაც მარტო უმრავლესობა ვერ გადაწყვეტს, საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე. გუშინაც რამდენიმე კანონი იქნა მესამე მოსმენით მიღებული. ფაქტობრივად დარჩენილია საკითხები, რომლებიც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას, დეოლიგარქიზაციას და თანამდებობებზე პირების არჩევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილი ვარაუდობს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი წლის ბოლომდე არ იქნება. „მართლმსაჯულების საკითხებზე დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად იმოქმედებს ვენეციის კომისია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სულ მცირე ერთი თვე სჭირდებათ ხოლმე დასკვნის მოსაცემად. ამიტომ ვფიქრობ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი წლის ბოლომდე არ იქნება. შევხედოთ, შეიძლება, მანამდეც იყოს, ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ავტორი - თამარ წიკლაური
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. „დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, 2021-2022 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სამი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 200-მდე საჯარო სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური პროექტის განხორციელების მიზნით. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა ოთხი ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. „2019 წლიდან დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში 121 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.
-
დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლე ვადებში მომზადდება. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული, გავითვალისწინებდით, ველოდებოდით ამ დასკვნას, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეულად ჭიანურდება ამ დასკვნის წარმოდგენა, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, რომ ახლა ამ უკრაინულ კანონზე იმსჯელონ, უბრალოდ, საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე. არაფერი ცვლილება არ არის, იმავე კანონს ვაგზავნით, რაც ისედაც არის ვენეციის კომისიაში. უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა ვენეციის კომისიას და ჯერჯერობით არ არის დასკვნა, ახლა იმავე ტექსტთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, იმედია, უფრო მალე იქნება პასუხი. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ეს კანონპროექტი, პირიქით, მოუწოდა კიდევაც უკრაინას, რომ იმპლემენტაცია მოახდინონ ამ კანონის, ამიტომ ევროკავშირის მხრიდან, ზოგადად, მიდგომა არის დადებითად შეფასებული. ვნახოთ ვენეციის კომისიის შეფასება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ავტორი - თამარ წიკლაური
-
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. „უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპებისა და საერთო უსაფრთხოების საყრდენის დასაცავად. რუსეთის აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვა უკრაინის საზღვრებს გარეთაც. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაფიცრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. ფილმებს შორისაა: „ორი მონადირე“, „ხანუმა“, „ხაბარდა“, „ამერიკანკა“, „ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“, „ღრუბელთა თავშესაფარი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კომუნარის ჩიბუხი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „კრაზანა“, „დაკარგული სამოთხე“, „ბუბა“, „უჟმური“. რეტროსპექტივა დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ჯანყი გურიაში“ (1928). კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა. კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი. პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/movies. რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.
-
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე. აურესკუმ ყურადღება გაამახვილა ე.წ. გაჭიანურებული კონფლიქტების დარეგულირების აუცილებლობაზე. „რუმინეთი და პირადად მეც, უკვე დიდი ხანია, გამოვდივართ მოწოდებებით, რომ ე.წ. გაჭიანურებული კონფლიქტები მუდმივად უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ქვეშ და აუცილებელია მათი შესაძლო გადაწყვეტის გათვალისწინება. შავი ზღვის რეგიონი გახლავთ ტერიტორია, სადაც რუსეთმა შექმნა და გააღვივა ასეთი კონფლიქტები. სწორედ აქ გამოცადა რუსეთმა პირველად დეზინტეგრაციის ტაქტიკა. ამ გაჭიანურებული კონფლიქტების გადაჭრა აუცილებელია დაყოვნების გარეშე. რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას, რაც უნდა დაეფუძნოს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ იქონიებს გავლენას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მნიშვნელობას, რაც უნდა მოხდეს საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს ვალდებულებების დაცვით. ასევე, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ. ავტორი - ლევან ახალაია