Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია. ნეტგაზეთი
  2. "მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში… დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული… ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს…", - წერს სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა. სტატუსი იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/berdiasitchinava/posts/9296832723680993
  3. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. გასული დღეების გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ე.წ. ტიტუშკები არაერთ მოქალაქეს დაესხნენ თავს, ღვინიაშვილს ეს პირებიც ზონდერები ეგონა და გაიქცა. პარალელურად, დაურეკა მეგობარს, ვისი სახლიდანაც გამოვიდა – ნიკა ტაბატაძეს, რომელიც დღეს მოწმის სახით გამოიკითხა. მისი ინფორმაციით, ღვინიაშვილმა კვარტალს წრე დაარტყა და ისევ მისი სახლის სადარბაზოსთან მივიდა. იქვე პოლიციის მანქანა დაინახა და მათ დახმარება სთხოვა. სანამ ღვინიაშვილი პოლიციელებს უხსნიდა, როგორ გამოედევნნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები, ისინი დაეწივნენ და იძულებით ჩასვეს თავიანთ მანქანაში. ნიკა ტაბატაძემ საკუთარი სახლის ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩამოართვეს ხელი ამ პირებმა პოლიციის თანამშრომლებს, რომელსაც ლუკამ დახმარება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც ღამის 3 საათზე სადარბაზოსთან დახვდნენ და გამოედევნნენ ლუკა ღვინიაშვილს, შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. ეს პოლიციელები შსს-ს სხდომაზე მოწმედ არ დაუბარებია. მოწმის სახით მხოლოდ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დაკითხეს. ადვოკატ ეკა კობესაშვილის ინფორმაციით, მათ დაადასტურეს, რომ ღვინიაშვილი პოლიციასთან დახმარების სათხოვნებად მივიდა. ადვოკატი ლუკა ღვინიაშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებელს უწოდებს. ის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ღვინიაშვილის საქმიანობას უკავშირებს.
  4. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს. დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას. პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო. publika
  5. „მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს. ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს. დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ მართავს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას. პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო. publika
  6. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია. როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც. მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს. „უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. ხმას 300 ხმოსნისგან შემდგარი კოლეგია აძლევს. ipn
  7. საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. პარალელურად ისმის შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“, “მონებო“, „რუსებო“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს. ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება. კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება. ipn
  8. „ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები - „დიპლომი ყაველაშვილს“. ასევე, მოქალაქეებს გამოფენილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „კახი, აღიარე კრახი“. გარდა ამისა, მოქალაქეებმა 9 აპრილის ქუჩაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისური მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დაწვეს. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, ხოლო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული. ipn
  9. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას”, – განაცხადა მაკრონმა. პუბლიკა
  10. “ოცნება” ვერ მართავს ამ ქვეყანას, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953565259981087
  11. ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული. „ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ. ევროპული კინოაკადემია შეშფოთებულია ანდრო ჭიჭინაძის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი. ასევე, მოვუწოდებთ კინოსა და კულტურის ყველა ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, იგივე გააკეთოს“, — ნათქვამია განცხადებაში. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდების მუხლითაა დაკავებული. netgazeti
  12. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტარების დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „კრიტიკულ გზაჯვარედინზეა” და მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმეორებენ მოწოდებას სანქციების შესახებ და სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწფიოებს, ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები. უნდა განიხილონ დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც, აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. როგორც ჩვენი ბოლო რეზოლუციები აჩვენებს, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა შეიძლება ქვეყანაში მომავალი ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების ჩატარებით, რომელიც წარიმართება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. ჩვენ ვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, წამების შეწყვეტას და დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ ზეწოლის დასრულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში. publako
  13. დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ - ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება”, - განმაცხადა ზურაბიშვილმა. ipn
  14. აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობის და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რაიმე პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ამისთვის აქ და სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ხელისუფლების ლეგიტიმური ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით. როგორც კი დადგება დრო, რომ, როცა ვისაც, დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისათვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი გზა. ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn
  15. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი”. უწყების განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. publika
  16. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამასთან, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დანიშნულია ექსპერტიზები. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე. „ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია. თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოიკითხა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა. ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე. სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი. საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილი მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  17. „ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთ-ერთია იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის, ვინც ბარიერი გადალახა, მაგრამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც წარსულში არაერთი სისტემური პრობლემა და გახმაურებული საქმე უკავშირდება, ბოლო თვეების განმავლობაში იკვეთება ლიდერად, რომლისგანაც საზოგადოების ნაწილს ძველ ცოდვებზე მეტად მომავლის გეგმები და ხედვა აინტერესებს ჩვენ მასთან ვისაუბრებთ მისი ყოფილი გუნდის ხელთ არსებულ რესურსებზე, სისტემის შედცომებზე და მის ხედვაზე, როგორ შეიძლება მივიდეს ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით ახალ არჩევნებამდე." რადიო თავისუფლება
  18. მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს. ფორუმი რადიო თავისუფლება
  19. წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. „სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ. კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა. „ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, წამებში მოხდა, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას, პატრულს გადაგვცეს, იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ",- განაცხადა ნაკაშიძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება წვრილმან ხულიგნობაზე შეწყდა და მსახიობი ამ ნაწილში გამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. იპნ
  20. სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი სკანდირებენ „გამოდით, გამოდით“. იპნ
  21. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეებიც, მათ შორის, შსს-ს მხრიდან. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ავტორი - ხატია ჯამალაშვილი
  22. პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით. 28 ნოემბრიდან დღემდე შსს-მ ადმინისტრაციული წესით აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამ დარღვევებზე გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი გაფრთხილება ან თხუთმეტდღიანი პატიმრობა. სასამართლო პროცესებზე მიყვანილთა უმრავლესობა ნაცემია, მათ სახეზე ძალადობის კვალი და ტანსაცმელზე სისხლი სასამართლო პროცესებზეც ეტყობოდატ. მანუჩარ ცაცუა მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე „რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ"? - ჰკითხა მოსამართლე ჩაჩუამ ერთერთ დაკავებულს. "უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ!" - დაწერა მოსამართლის დამ ფეისბუკზე. მანუჩარ ცაცუამ 28 ნოემბრიდან დღემდე ათობით საქმე განიხილა და არცერთზე არ გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი. მოსამართლედ 2014 წელს დაინიშნა, 2017 წლიდან კი უვადოდ გამწესდა. ცაცუამ განიხილა გასული წლის მარტში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეებიც. „კონვეირივით ყველას ერთი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გვასამართლებს. რასაც მედავებიან, გინებასა და წინააღმდეგობის გაწევას, ვიდეომტკიცებულებები მაქვს, რომ პოლიციელი აქეთ მაგინებს და საერთოდ წინააღმდეგობა არ გამიწევია. აქეთ აქვს შსს-ს დანაშაული ჩადენილი და მე დამაჯარიმეს 4200 ლარით... ეს არის უსამართლობის პიკი“. - დაწერა მარტის აქციების დროს დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ნარსიამ, რომელიც მოსამართლე ცაცუამ 4200 ლარით დააჯარიმა. მანუჩარ ცაცუას პროფესიული კარიერა ადვოკატ-პროკურორ-მოსამართლის პროფესიის გარშემო ტრიალებს. 1999 წელს პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის დასრულების შემდეგ მან ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა. დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები. 2006 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კურიერად, შემდეგ მცხეთისა და თბილისის სასამართლოებში სხდომის მდივნად. 2012-2013 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრ მოსამართლედ დაინიშნა. იქიდან მივლინებით ალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოშიც მუშაობდა. 2019 წელს ჯერ ზუგდიდის სასამართლოდან მცხეთაში გადაიყვანეს, მცხეთიდან კი - თბილისში. ამის შემდეგ მოსამართლე ცაცუას ხელში საარჩევნო დავებიც ხვდება. 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI კვლევაში სახელწოდებით „მოსამართლეთა წინასაარჩევნო მიგრაცია“ წერდა, რომ მოსამართლეთა გადაადგილება სასამართლოებში განსაკუთრებით გახშირებული იყო 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში და პროცესი არჩევნებამდე 3 თვით ადრე დასრულდა. „ეს ფაქტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ პერიოდში მოსამართლეთა გადაადგილება, შესაძლოა, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს. ეს პროცესები 1 წლით ადრე, შესაძლოა, „კვალის დაფარვის“ მიზნით დაიწყო, რათა შემდგომში, მოსამართლეთა გადაადგილების დაკავშირება არჩევნების პერიოდთან, მაქსიმალურად აერიდებინათ“, - ნათქვამია კვლევაში. მანუჩარ ცაცუას დაეწერა 2021 წელს პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ საჩივარი, რომელიც კრწანისის ოლქში პროპორციული საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე უნდა ეცნოთ გასაჩივრებული აქტები ბათილად და, რომ დარღვევა არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენდა. მანუჩარ ცაცუას უკავშირდება ე.წ. შმაქსისტების საქმეც, რომელსაც ტაქსისთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებას ედავებოდნენ. მოსამართლემ „შმაქსისტებისთვის“ დაკისრებული ჯარიმები ძალაში დატოვა. ასევე ნახეთ შმაქსისტები „შმაქსის“ ტრაფარეტის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ „შმაქსი“ ტაქსების რეგულაციის პარალელურად პარტია „გირჩმა“ შექმნა და ის მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად „საღ აზრსა და სწორ მორალს“ სთავაზობდა. 2021 წელს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული სამი ადამიანის საქმეზეც ცაცუამ მიიღო გადაწყვეტილება. ისინი მრგვალ ბაღთან არასრულწლოვანებს ფერადი მაისურის გამო გაეკიდნენ. დაკავებულ პაატა გურჩიანსა და სოსო გერლიანს ცაცუამ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აკაკი ნაკაშიძეს 2300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. უფრო მკაცრია მისი მიდგომა 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნაცემი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აჯარიმებს ან მინიმუმ 5-დღიან პატიმრობაში უშვებს მათ, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ან გზის გადაკეტვას, ან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რასაც, როგორც წესი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლსაც უმატებს - „იგინებოდა უმისამართოდ და არღვევდა წესრიგს“, - ასეთია შსს-ს არგუმენტაცია. მოსამართლე გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებს და არ ინტერესდება სხვა ფაქტობრივი გარემოებებით. ერთ-ერთ პროცესზე მან თქვა, რომ უყურებს საინფორმაციო გადაცემებს, იცის რა ხდება რუსთაველზე და მისთვის იქ მიმდინარე აქცია „ძალადობრივია“. ასევე ნახეთ „პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“ „რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ". კონსტიტუციური უფლება აქვთ სამართალდამცველებს, თუ აქცია მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, შეწყვიტოს შეკრებაო... ვხედავთ ქვების სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას... თქვენ დგახართ ამ ხალხის გვერდზე და უმაგრებთ მხარს... თუ ადამიანი დგას იქ, ე.ი. მასა ჩანს. მასას ქმნიან, რა მასას ქმნიან? ძალადობის სახე რომ გამოიხატოს?“, - ეკითხება მანუჩარ ცაცუა დაკავებულებს სასამართლო პროცესებზე. მოსამართლის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს მისი და ელენე ცაცუა. ის ფეისბუკის საჯარო პოსტით „ძმის ხელით გასამართლებულებს“ „პატიებას სთხოვს“. „დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!“ მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!“, - დაწერა ელენე ცაცუამ, რომელიც მონაწილეობს პროევროპულ დემონსტრაციებში, წერს ვიდეოებს და პოზიციას შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ამ ფორმითაც გამოხატავს. მოსამართლის რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე უარი უთხრა, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით ყველაფერია ნათქვამიო: „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა“. 2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მანუჩარ ცაცუას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი, რომლის სწავლაშიც ყოველწლიურად 8289 ლარს იხდის. მისი ყოველწლიური შემოსავალი 85513,44 ლარია, ფლობს ბინას თბილისში და სამემკვიდრეო ნაკვეთებს ხონში. ლელა მილდენბერგერი ლელა მილდენბერგერი, მოსამართლე ლელა მილდენბერგერი გამორჩეულად მკაცრი მოსამართლეა. ის ხშირად მართავს დიალოგს პროცესზე დამსწრეებთან, აკონტროლებს მათ რეაქციას, მიმიკებს, გაღიმებას თუ ჩაცინებას, გადალაპარაკებას და თუ რაიმე არ მოეწონა, „სასამართლოს პატივისცემისკენ“ მოუწოდებს. ის განიხილავს გზის გადაკეტვისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის საქმეებსაც. ლელა მილდენბერგერი მოსამართლეობამდე წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორი იყო. ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 2007 წელს ჩააბარა ადვოკატების საკვალიფიკაციო გამოცდა, ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული. სასამართლოში კარიერა 2008 წელს სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციიდან დაიწყო, იყო მოსამართლის თანაშემწეც. 2018 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ე.წ. წინასაარჩევნო მიგრაციის დროს საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს. 2020 წლიდან გამწესდა უვადოდ. ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლიდან, რომლებმაც ანტიკორუფციული სააგენტოს გადაწყვეტილება გააუქმეს - მოსამართლეების: ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის ქონების შემოწმების შესახებ. 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით. ასევე ნახეთ ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია, მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს სია არასამთავრობოების მონაწილეობით შედგა. შემოწმებისთვის შერჩეულმა მოსამართლეებმა ისინი მიკერძოებაში დაადანაშაულეს და მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ცაცუას მსგავსად, მილდენბერგერის ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც მოსამართლედ საქმიანობაში ერიცხება, 85513,44 ლარია. გასულ წელს უძრავი ქონების გაყიდვით 66 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ზვიად ცეკვავა ზვიად ცეკვავა, მოსამართლე აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეებს განსაკუთრებული სისწრაფით განიხილავს მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მას ჯარიმის გამოსაწერად ნახევარი საათიც არ სჭირდება, დრო მხოლოდ მაშინ ეწელება, თუ რამდენიმე საქმეს აერთიანებს. ზვიად ცეკვავა 2024 წელს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი სამოსამართლო კარიერა 2012 წლიდან იწყება. ისწავლა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოსამართლეობის კონკურსში იუსტიციის საბჭომ 100-დან 89 ქულა დაუწერა. ზვიად ცეკვავამ დააჯარიმა ბექა ყორშია 2200 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა, ამავე მოტივით დააჯარიმა ადვოკატი თეონა ზაქაშვილი, რომელიც მოითხოვდა დაეკითხათ მოწმეები - ისინი დანაშაულის არარსებობას დაამტკიცებდნენ. 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა დაკავებისას სასტიკად ნაცემ ზვიად რატიანს, რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, სასამართლოდან კი პირდაპირ იზოლატორში. ლელა ცაგარეიშვილი ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე 4 დეკემბერს, 20 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებისას ნაცემი ახალგაზრდა სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასამართლო პროცესს, რომელზეც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი უძღვებოდა. მან სხდომა არ გადადო, შესვენება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ 112-ს გამოიძახებდა. ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, მოსამართლემ მოიტყუა. მას თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. ცაგარეიშვილი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა იმ დაკავებულის მიმართ, რომელმაც პროცესზე მოინანია და თქვა, რომ „ხმა არჩევნებზე მშვიდობას და კეთილდღეობას“ მისცა. ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. მოსამართლის კარიერამდე 5 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მუშაობდა. ცაგარეიშვილმა განიხილა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი. ასევე ნახეთ „უდანაშაულო ვარ“ - რეპორტაჟი გუკა რჩეულიშვილის სასამართლო პროცესიდან „მოსამართლის მხრიდან მიკერძოება ცხადი იყო: არ მაძლევდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვერ პასუხობდა შეკითხვას, ან მათი მხრიდან სიცრუე გამოაშკარავდა, მაწყვეტინებდა კითხვას თავისი ინიციატივით“, - ამბობდა პეტრიაშვილის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“. 2021 წელს გენერალურ პროკურატურასთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოთხი სამოქალაქო აქტივისტის - ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის საქმეებიც ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა. ამ ოთხიდან მხოლოდ ბექა პაპაშვილის მიმართ შეწყდა სამართალწარმოება, დანარჩენები პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დაჯარიმდნენ. 2021 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი დაკავებულიც ცაგარეიშვილმა ცნო სამართალდამრღვევად. სამი პატიმრობაში გაუშვა, ერთს კი 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას და სამართალდარღვევის ოქმებს. კობა ჩაგუნავა კობა ჩაგუნავა, მოსამართლე მოსამართლე ჩაგუნავამ შეუფარდა 8-დღიანი პატიმრობა ისაკო დევიძეს,19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავებულ ახალგაზრდას; 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, რომელიც 4 დეკემბერს პარტიის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს. ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე. სასამართლო კარიერა 2011 წელს მცხეთიდან დაიწყო. ფოთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი იყო. საქალაქოში სააპელაციოდან 2020 წელს გადავიდა. „სასამართლო გუშაგის“ მიერ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის შესახებ მომზადებულ ანგარიშში კობა ჩაგუნავაც მოხვდა. ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია. ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგი“ „მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ნადარაია როდესაც ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომლის წევრიც ნადარაიაც არის) გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დანიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა“, - თქვა „სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა კვლევის გასაჯაროების შემდეგ. ამავე კვლევის მიხედვით, კობა ჩაგუნავას და, სოფიკო ჩაგუნავაც სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის 2015 წლიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია. იქამდე მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასოდეს უმუშავია. ისაკო დევიძე „ქართული სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს ადგილი და სახლი უსამართლობისთვის. არ უნდა იყოს სახლი და თავშესაფარი ისეთი მოსამართლეების, როგორიც არის კობა, გვარი თუ სწორად მახსოვს, ჩაგუნავა. ის არის მაგალითი დასანქცირებული მოსამართლეების და ის არის ადამიანი, რომელიც დადის მოსხმული ჭაობით. ეს ჭაობი უნდა დავასრულოთ“, - თქვა გათავისუფლების შემდეგ ისაკო დევიძემ, ახალგაზრდამ, რომელმაც იზოლატორში 8 დღე იშიმშილა. კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა დევიძეს, 19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავების შემდეგ შეუფარდა. მოსამართლე ჩაგუნავამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას. პოლიტიკოსი 4 დეკემბერს დააკავეს კოალიციის ოფისთან, რა დროსაც იქ შსს-ს წარმომადგენლები ჩხრეკას ატარებდნენ. გვარამიას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ. ასევე ნახეთ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს. მოსამართლემ მათ გარეშე გახსნა სხდომა, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც ადვოკატი თავად გვარამიამ მოითხოვა. კობა ჩაგუნავამ გააუქმა ორი წლის წინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო გამოწერილი ჯარიმა. 2022 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისას მისი კადრების გასაჯაროების გამო სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდამრღვევად ცნო პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო და ორივე მათგანს გავრცელებული ვიდეომასალის წაშლა დაავალა. სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კადრები არ წაშალეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. კობა ჩაგუნავამ განიხილა დაკავების დროს სასტიკად ნაცემი „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის დავით ქაცარავას საქმეც და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ასევე ნახეთ ჯარიმების „კონვეიერი“ - სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავასაც დასჯიან? შსს ამტკიცებდა, რომ 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ქაცარავამ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა. ნინო ენუქიძე ნინო ენუქიძე, მოსამართლე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ უვადოდ 2024 წლის მაისში დაინიშნა, კიდევ 20 მოსამართლესთან ერთად. მისი კარიერა სასამართლოში 2009 წელს სააპელაციო სასამართლოდან იწყება, სადაც სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი იყო. მოსამართლედ დანიშვნამდე საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებს იკავებდა. ენუქიძე განიხილავდა სხვა მოსამართლეებთან ერთად მაისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც. მან დააჯარიმა 1000 ლარით ალექსანდრე სამხარაძე - 29 წლის კაცი, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მონას, ვირთხებს და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. საქმეში მტკიცებულებად მისივე გადაღებული ვიდეოკადრები იდო. "მოსამართლეები ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ" ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებულების საქმეებს განიხილავენ, აგრძელებენ მათი უფლებების დარღვევას საგამოძიებო ორგანოების შემდეგ სასამართლო დარბაზებში, ყურადღებას არ აქცევენ სასამართლოს გადადების შუამდგომლობებს, უგულებელყოფენ ვიდეომტკიცებულებებსა და პოლიციის ჩვენებებს შორის შეუსაბამობებს, არ ითვალისწინებენ დაკავებულების ფიზიკურ მდგომარეობას და არ აძლევენ უფლებას სხდომაზე მოჰყვნენ, როდის მიიღეს დაზიანებები. „მოსამართლეები და ქართული მართლმსაჯულება უკანონო პატიმრობაში მოქალაქეთა გაშვებისას ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტებს და გარანტიებს. მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და არ ინტერესდებოდნენ, სად და რა პირობებში მოხდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული იწყებდა საკუთარი ისტორიების მოყოლას, მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ...“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ნინო ლომჯარია, „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ასეთ ფაქტებს სასამართლო პროცესზე რადიო თავისუფლებაც შეესწრო. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ამ პროცესებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განიხილავს, პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მიმართონ: „კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის და ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად“, - თქვა მილდენბერგერმა, როდესაც მის წინაშე სისხლიანი ტანსაცმლით და სახეზე ფიზიკური ანგარიშსწორების კვალით იდგა ბრალდებული გიორგი ხაჭაპურიძე და ეუბნებოდა რომ დაკავებისას სასტიკად სცემეს. რადიო თავისუფლება
  23. აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. სწორედ მეორე დღის 5-ის ნახევარზე, კარებზე ისმის კაკუნი (ზარი გაფუჭებულია). მივდივარ შეყოვნებით (რადიკულიტი მაქვს) და ვკითხულობ, ვინ არის. პასუხად, პოლიციიდან ვარ, შემოსულია შეტყობინება, თქვენს კორპუსში გაზი ჟონავს, უნდა შევამოწმოო. მე ვუპასუხე, რომ კარს არ გავაღებდი, რადგან ასეთ შეტყობინებაზე გაზის კორპორაციიდან მოდის სპეციალისტი. გააღეთ კარი, კაკუნი გრძელდება. ვთხოვ, რომ მეზობელთან შეამოწმონ ჯერ, თუ ის გაუღებს და დამიდასტურებს რომ პოლიციაა, გავაღებ. ვაფრთხილებ , რომ ბავშვები არიან ჩემთან ერთად. 2- 3 წუთი სიჩუმეა, ისევ ბრახუნი და მეუბნება, რომ ჩემს მხარეს არის შემოსული შეტყობინება და მარტო ამ მხარეს ამოწმებენ. ერთი წუთით არ ვუშვებ, რომ ეს პოლიციაა და ვემუქრები პოლიციაში დარეკვით, პასუხად — მე თავად ვარ პოლიცია და უკვე გადადის ყვირილზე, გააღეთ ახლავე, თორემ კარს შემოვამტვრევთ. რკინის კარის გამაყრუებელ ბრახუნზე, ბავშვები ამეკრნენ. მაინც შემოამტვრევენ და ვაღებ… დგას ოთხი, თუ ხუთი, უკვე ვერაფერს ვერ ვხედავ (ოთხი ყოფილა), ფორმაც არ ეცვათ… ყველა უნდა შემოხვიდეთ მეთქი. აბა, რაო. კუთხეკუნჭული უნდა დათვალიერდესო. უცებ აფიქსირებს ბავშვებს, რა ლამაზები ხართო? და ამალას მკაცრად აფრთხილებს, მარტო მე შევდივარო. გული მომეცა, ბახილები უნდა ჩაიცვათ მეთქი, მორჩილად იცვამს ბახილებს, საქმიანად მიდის საქვაბესთან, მრიცხველს უღებს ფოტოს, გაზის ქურაც მანახეთო და ოთახისკენ მიიწევს არადა გაზის ქურა თვალწინ აქვს. და იწყებს დაკითხვას. ბავშვებო აქ რატომ ხართ ? თან სახლს ათვალიერებს. ბებიასთან ვართ. სად ცხოვრობთ? კიდევ ვერაზე, საბურთალოზე და ნახალოვკაში, ყველა ნათესავი ერთად ჩაუშვა ტყუპმა. ნახალოვკის მისამართით დაინტერესდნენ, არ ვიცი მეთქი, მიგნებით ვიცი მეთქი. აბა, მე გეტყვით და ესააო ?აღარ მესმის არაფერი. აი, ჩემი თანაშემწე მეუბნება, კიდევ შეტყობინებაა, კიდევ გაზმა გაჟონაო. რა გჭირთ ამ ვაკეშიო, მე პასუხად ამ სახლში ზვიადი შემოდიოდა, მერაბი , სუსს რა უნდა მეთქი. ვეუბნები, რომ მალხაზ კვანჭილაშვილის ოჯახია. ბავშვებს მოვხედე, ფერი არა აქვთ. ამასობაში ერთ-ერთი საბუთს მაჩვენებს და გვარ-სახელს მეუბნება – დემეს ჩაუწერია ჩუმად, მაგრამ არ იძებნება. აქედან ლიფტით უფასოდ ჩავალთო ?გამომაქვს კარტა შელაგდნენ ოთხივე, კარტა უხეშად მივაჭირე საფასურს, ამით გამოვხატე შიში, უმწეობა და ბევრი რამ… შემოვედი სახლში, ახლა ყველა უნდა გავაფრთხილო, იმათაც ააწიოკებენ…აღმოვაჩინე, რომ ხმა არ ამომდის. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ანუკის ჯერ მე დავურეკე, მერე ნენემ. ვსვამ კაპტოპრილს, დიაზეპამს. ვერ ვხედავ, თორემ მესმის… დემე, ბე ცხვირი სწორედ რატომ არ გაქვს, მარჯვნივაა, მითხარი სასწრაფოში როგორ დავრეკო?ვლუღლუღებ. ელენე რეკავს დედამისთან, ბებო ცუდად გახადა პოლიციამ, დემე რეკავს მამასთან, საიდანაც ისმის საბას ისტერიული ყვირილი, შემოდიან ჩემთან, ბავშვების გამაყრუებელი კივილი, მამა დაიჭირეს, მეტი არაფერი მახსოვს, გული არ წამსვლია, თითქოს დამეძინა. კარები ღია გვაქვს, ბავშვები უპატრონოდ ანუკი ურეკავს თელარა გელანტიას რომ ელენეს შეატყობინოს მომხდარის შესახებ, თითონ გარბის საბასთან. არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო გიგა ზედანიას, რომელმაც ერთი წუთით არ დატოვა ანუკი. რომ წარმოვიდგენ, ანუკი რომ ჩემთან ყოფილიყო და გამტაცებდნენ, სიკვდილი მინდება. ამასობაში თელარამ გააგებინა ყველას. უცებ მოდის სასწრაფო, გიორგი ისაკაძეს გამოუძახია, სასწაული ექიმები არ მომშორდნენ, სანამ შვილი ელენე არ მოვიდა. უცბად “გაჩნდა” ანუკის მეგობარი გიორგი კეკელიძე,რომელმაც ბავშვებზე მეურვეობა აიღო, მოვარდა გულგახეთქილი ტასუნა, ჩემი მამიდაშვილი და ბევრი ხალხი… “იმათ”რომ ეთქვათ, ეჭვი გვაქვს თქვენზე, პოლიცია ვართ და უნდა გაგჩხრიკოთო, ჩხრეკის საბუთს (რომელიც არ ჰქონდათ, ვნახავდი , კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ბრახუნის და კარის შემომტვრევის გარეშე, შემოვუშვებდი. ჩემი შეცდომა, კარი არ უნდა გამეღო და თქვენთვის მომეხმო… ამჟამად ვარ ისევ საავადმყოფო ფურცელზე, მაქვს შფოთვა, სუნთქვა მერღვევა, ცახცახი მიტანს, ყლაპვა მიძნელდება. ნათია ფანჯიკიძემ შემომთავაზა დახმარება. აუცილებლად გამოვიყენებ… ანუკის კვალს გამოყვნენ, რატომ ?აქციაზე რომ დგას და გონივრული მოწოდებებით გამოდის ? სადაც ფეხი დაუდგამს, ყველგან მისი ქება მესმის და მეამაყება. ელენეს “ანალიტიკა”არ მოსწონთ?ალბათ ლექციებს ვერ კითხულობს დონეზე ჩემი სიამაყე გოგო. ეტყობა ტასო აშავებს რამეს, მე-11კლასელი წლევანდელი აბიტურიენტების 2%ში რომ მოხვდა? ტყუპები აშავებენ რამეს? სიყვარული, სიკეთე და კეთილშობილება მოაქვთ ამქვეყნად. მე დავიღალე, წავედი ამ სივრციდანაც“, — წერს იგი. ნეტგაზეთი
  24. იქნება უფრო მკაცრი სანქციები და „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა - სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება, დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის, ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის, სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სანქციები იმ საერთაშორისო ზეწოლის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაზე არჩევნების მოპარვის გამო ხორციელდება. „სანქციები ერთ-ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო ზეწოლის, რომელიც ხორციელდება ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ მოიპარა არჩევნები, ქვეყანაში სისტემური კრიზისია და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები. ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი გადაცდომა-დანაშაულის, რომელსაც ხელისუფლება ჩადის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. ეს განცხადება არ არის ერთადერთი და მასში ნათქვამია, რომ მხოლოდ ნაწილია და მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენზე. იქნება უფრო მკაცრი სანქციები, „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა, რაც გვარების გამოცხადებას გულისხმობს, ვიზების შემთხვევაში, შეიძლება ეს არც გამოცხადდეს და ვერც გავიგოთ, ვინაა სიაში შეყვანილი. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მთელი მთავრობა და სხვა ოფიციალური პირები არიან, მაგრამ „მაგნიტსკის სია“ უფრო ფუნდამენტური საკითხია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ამასთან, კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ქმედებებზეა დამოკიდებული. „დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ხელისუფლება და რამდენად გაიაზრებს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში და რომ როგორც ადგილობრივი, ისე საგარეო ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. განცხადებაში [აშშ-ის] არსად საქართველოს მთავრობა არაა ნახსენები, ოფიციალური პირები ნახსენებია მხოლოდ როგორც „ქართული ოცნება“. რეალურად მათ საკუთარი თავიც კრიზისში შეიყვანეს. სამწუხაროდ, სახელმწიფოც პოლიტიკურ და სისტემურ კრიზისშია, რაც გადაულახავია ასეთი ფორმებით, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს. პროტესტის იგნორირება, თითქოს ეს მილევადია, კრიზისიდან არ გამოიყვანს ქვეყანას. შეიძლება, პროტესტმა სახე იცვალოს, მაგრამ იმ წინააღმდეგობაზე თვალის დახუჭვით და ზურგის შექცევით, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ჯიუტად ამბობს, რომ უსამართლოა ქვეყანაში მდგომარეობა, სიღრმისეული კრიზისი არ გვარდება, ანუ, ქვეყანაში მოსახლეობისგან მანდატი არ აქვს ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა მართოს. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის, მათი ჯიუტი პროტესტის დამსახურებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, პრაქტიკულად ერთსულოვნად აღიარა, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ შეიძლება იქნას აღიარებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მითია. „ამერიკა არ არის დამოკიდებული პიროვნებებზე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პროცედურულად ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება გარდამავალ პერიოდში, როდესაც მოქმედი და მომავალი ადმინისტრაციები კოორდინირებულად მუშაობენ. რუტინულ საკითხებში მომავალი ადმინისტრაცია არ ერევა, მაგრამ ეს არ არის რუტინული, ეს არის ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ეს კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის. ამიტომაა, რომ სახელდებიან კონკრეტული ადამიანები, რათა მათთან ერთად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. ძველი ადმინისტრაცია ახალთან შეუთანხმებლად პრინციპულ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“ - ასე არ ეწყობა ამერიკასთან. ამერიკას პროცედურული დემოკრატია აქვს. თუ სისტემამ ადამიანის უფლებების დარღვევა ცნო, პროცესი წარიმართება იმის მიუხედავად, ვინ იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინი არის მითი, რათა დრო მოიგონ, თავისიანები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი კარგადაა - სინამდვილეში, არაფერი არაა კარგად მათთვის. 20 იანვრისთვის ცდილობენ, ახალი რეალობა დაახვედრონ ტრამპის ადმინისტრაციას“,- განაცხადა ცქიტიშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...