Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, აკვარიუმს ორი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ავტორი - თამთა რუხაძე
  2. საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. „საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით შეხვედრის განხილვის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა. ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და იმ პროექტებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით უზრუნველყოფს აზიის ევროპასთან დაკავშირებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ლევან იოსელიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
  4. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მათივე ცნობით, საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე, ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
  5. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. „როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რუსეთის მეზობელი ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება, კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები. ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ინკლუზიური. ხაზი გაესვა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობები კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
  6. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე , - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. “რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენენ ჩვენთვის. ჩვენი შეფასებით, მათ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ… რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე”, - თქვა ზალუჟნიმ. ipn
  7. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6691 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8346 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  8. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა. „მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მანამდე რუსმა სამხედროებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი 14 დეკემბერს გაუხსნეს. ქალაქის დნიპროს რაიონის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი. რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე, საიდანაც პერიოდულად უტევენ ქალაქს. ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის ოლქი რუსეთის რეგიონად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. რადიო თავისუფლება
  9. ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა. მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კობახიძის შეფასებით, ის, რომ რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს მხარი თავად დოკუმენტის ინიციატორმაც არ დაუჭირა, ანომალიაა და აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. „სრული ანომალიაა, ასე არასდროს ხდება, რაც აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც ამ დოკუმენტის გარშემოა შექმნილი. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს პრობლემას, რომელიც ამ ინსტიტუტში იკვეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, რომელ ევროპარლამენტარებს გულისხმობს, როდესაც კორუფციაზე საუბრობს, კობახიძე ამბობს, რომ დეტალები იციან, თუმცა საკითხს არ გაშლის. „პროცესები, რაც წარიმართება დაახლოებით, 10 დეპუტატის ლიდერობით ევროპარლამენტში, არის კორუფციის გამოვლინება. კორუფციას შეიძლება სხვადასხვა სახე ჰქონდეს - ვიღაც ამას შეიძლება ფულის გამო აკეთებდეს, ვიღაც არაფორმალური გავლენების გამო. დეტალებში ვიცით რაღაცები, რატომ და ვისი კარნახით მოქმედებენ, თუმცა ამ დეტალებს არ გავშლი“, - განაცხადა კობახიძემ.
  10. ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მართებულობას ადასტურებს. „ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია“, - წერს რებეკა ჰარმსი. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაეხმაროს ქვეყანას ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. „სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს არა მარტო მიშა, არამედ დაეხმაროს თავის ქვეყანას, საქართველოს ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლაში“, - წერს ყოფილი ევროპარლამენტარი. IPN
  11. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდა, საკითხის ფორმალურ მხარეზე ცდილობენ ყურადღების გადატანას. „სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს რეალურად რაც ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და გახდა ცნობილი, რომ ტყუილი იყო ეს. მეორედ იყო წამება, თითქოს აწამებდნენ და მესამე შემთხვევაში, სპეცოპერაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა. ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს და ა.შ. რაც შეეხება მის სიმულაციას. სიმულაციამ აჩვენა შემდეგი – მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით, სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. მხილებული იქნა როგორც ნაცმედია, ასევე უცხოელი ლობისტები, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.
  12. პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, პარტია „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“, „რეფორმების ჯგუფის“ სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ასევე „პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში მეორე მოსმენის დროს, ჯამში, 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა. „ქართული ოცნებისა“ და სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულ ოპოზიციასთან („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“) ორი დახურული შეხვედრის შედეგად, შეთანხმება ათ საკითხზე მოხერხდა, რაც პროექტში უკვე ასახულია. ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა და საარჩევნო კომისიის პარტიული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ პარლამენტში 26 სექტემბერს დაინიცირდა. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  13. უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქონების კონფისკაცია განახორციელა. უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ქონება ჩამოართვა, მათ შორის რეზიდენცია, კერძო სახლი, სასტუმრო კომპლექსი, ასევე 18 მილიონი ევროს ღირებულების 537 ისტორიული ნივთი. „იანუკოვიჩი ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციას ძირგამომთხრელ და ტერორისტულ საქმიანობაში უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
  14. მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე ეს ცალსახად, არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რისი თქმა სურდა ამ კადრებით ხელისუფლებას. "როცა ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცას, ამორალურობასთან ერთად არის დიაგნოზი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სხვა მიზანი მე ვერ ამოვიკითხე. როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერს შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი, მათ მხარდამჭერებში როგორ შეიძლება რაიმე დადებითი გამოიწვიოს. კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე მსგავსი მძიმე კადრების გავრცელება არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. კადრები იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ მმართველობის მე- 10 წელს. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მე მას ვიზიარებ, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ერთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენება და როცა ამის პარალელურად ვიხილეთ ის კადრები, რაც ვიხილეთ, ამან კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა”, - განაცხადა ბუჩუკურმა. ინტერპრესნიუსი
  15. პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 2014 წლის ივლისში (MH17) მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდებაზე, როდესაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფაზე სმოლენსკში 2010 წლის აპრილში, სადაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონელი მაღალჩინოსნები“. პუბლიკა
  16. „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე, ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უაკნონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. პუბლიკა
  17. სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კადრების კავრცელების გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნა გამოქვეყნდა 2022 წლის 6 დეკემბერს. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინა პერიოდთან შედარებით გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას. განვითარებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და შეფასების მომენტისთვის, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური კატაბოლიზმის (ე.წ. ორგანიზმის თვითმონელება) ფაზაში, რასაც ადასტურებს განსაკუთრებით ოქტომბრიდან ძალიან აჩქარებული წონის კლება. 2022 წლის 6 დეკემბრის ექსპერტთა დასკვნა შეიცავს დამატებით დიაგნოზს, რომელიც არ გასაჯაროებულა მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს). ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ, რომ მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში. განცხადების მიხედვით, პაციენტის მკურნალი ექიმების გადმოცემით, 2022 წლის 4 ოქტომბერი (ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილის თარიღი) არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი. აპარატის შეფასებით, ამ ეტაპზე აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო და სამართლებრივი ღონისძიებების გადადგმა, რომელიც პატიმრის/პაციენტის რეალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს. სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. პუბლიკა
  18. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყნის ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განიხილონ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანის დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, გულთბილი მიღებისთვის. პირველ რიგში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ აზერბაიჯანი და საქართველო. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენც აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენ ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში და ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში. მჯერა, თქვენი მონაწილეობით დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. „ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი და შევძლებთ ამ ურთიერთობების მეტად განვითარებას. ბატონო პრემიერო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.
  19. 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდა იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება). უწყებაში განმარტავენ, რომ განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი, შემდგომ, განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და გარკვეულწილად, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30 პროცენტს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით: • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი; • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი; • ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.
  20. გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა იუწყება, დახურული მოსმენისას საქმის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა გეგმებში შედიოდა ბუნდესტაგის შტურმით აღება და კანცლერის მკვლელობა. ჩხრეკის ოპერაციის დროს კი, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მეტი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც პირობას დებდნენ, არ გაეთქვათ გადატრიალების დეტალები. მედიის ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ პრინცი ჰენრიხ XIII, რომელსაც ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრებენ, სულ მცირე ერთხელ მაინც შეხვდა რუს დიპლომატებს გერმანიაში მდებარე საკონსულოში. მასშტაბური სპეცოპერაცია გერმანიის 11 ფედერალურ მიწაზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სამართალდამცველებმა 25 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, ქალი და მამაკაცი, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტობდნენ. ავტორი - სალომე თორაძე
  21. ამასობაში, სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე საარჩევნო კონტექსტის მქონე, ერთი - ჩატარებული არჩევნების შედეგების მოპარვისთვის, მეორე ჩასატარებელი არჩევნების მოპარვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ოცნებამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაარღვია სახელისუფლებო ძალაუფლების დაბალანსების პრინციპი, შეცვალა მოქმედი პრინციპი, რომ ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს მიერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერის პასუხისმგებლობის საკითხი გააუქმა, საკრებულოს დაუკარგა ლეგიტიმური უფლება, რომელსაც ის იყენებს ხალხის ინტერესების გათვალისწინებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო ჭარბი გავლენის დაბალანსებისათვის. "ამ კანონის პროექტის მომზადების პროცესშიც, არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, არ არსებობს მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი. ოცნებამ უბრალოდ გააკეთა ის, რასაც აკეთებდნენ ნაცები 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. რამდენიმე საკრებულოში შექმნილი მათი გაგებით „პრობლემის“ გამო, იმის გამო, რომ საკრებულოს წევრები "1 ჩათის" პრინციპით, პარტიიდან არ იმართებიან, რადგან ხალხმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი - შეცვალეს კანონი, გააუქმეს ხალხის არჩევანი. მეორე კანონი, ეს არის საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რაზეც პირდაპირ მიიღეს ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ცვლილებების სათანადოდ არ განხორციელებაზე, რომ საჭიროა კოდექსის სისტემური ცვლილება, შესაბამისი შეფასებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. რადგან ასეთ ფრაგმენტული ცვლილებებით, იცვლება ჩანაწერები კანონში, მაგრამ ვერ სრულდება პრაქტიკაში - რასაც ადასტურებს ბოლო არჩევნების დამკვირვებელთა შეფასებებიც. ამავე კანონში არ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციების ნაწილი, მათ შორის წარსულში გაცემული ისეთ რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებდა სხვა პარტიებთან. ამ რეკომენდაციაზე უარის თქმა, ეს არის ჩვენზე ორიენტირებული შეტევა, სხვა მიზეზი ამას არ აქვს. ოცნება, როგორც ჩანს ყველა მხრიდან აგრძელებს შემდეგი არჩევნების შედეგების მოპარვას: 1) მომდევნო წლის ბიუჯეტით ასაქმებს და ხალხის ფულით აძლიერებს პარტ. აქტივს, ასევე სოციალურ სიდუხჭირეში ტოვებს მოქალაქეებს და მათ მდგომარეობას იყენებს მათი ლოიალობის შენარჩუნებისთვის. 2) ახორციელებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, რომელიც იქნება ცვლილებები მხოლოდ ცვლილებებისთვის - კანონზე, მაინც გამოიყენებს ყველა რესურსს, არჩევნებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენს შემთხვევაში გვაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას ყველა ოპონენტის მიმართ. 3) იზღვევს თავს იმისგან, რომ საკრებულოებში ოპოზიციის წარმოდგენისა და ერთპარტიული ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, უპრობლემოდ გააგრძელებს მხოლოდ თავისი ინტერესების გატარებას ისევ ხალხის ფულით, ანუ ბიუჯეტით. ამ დროს, დარბაზი თითქმის ცარიელია... მთავარი თემა მიშაა და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ბოიკოტირებაზე საუბრობს. ამ მოცემულობას შეცვლის მხოლოდ ხალხი, ერთიანობით და არჩევნებზე ამ ხელისუფლებისთვის უარის თქმით. ხმის ამოღება, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის გააზრება და წინ ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთვის!", - წერს ბექა ლილუაშვილი.
  22. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაქომ აღნიშნული სარკინიგზო პროექტი ანკარასთან ერთად 2017 წელს დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას წარმატებით ახორციელებს. 1ტვ
  23. კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერენ კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი, პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი და პარლამენტის თავმჯდომარე გლაუკ კონიუფკა. ამასთან, როგორც სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება, კოსოვოს, როგორც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ ამ განაცხადის წარდგენა უფრო სიმბოლური ხასიათისაა და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი ბუნდოვანია. მედიის ცნობით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. თუმცა, მთავარ დაბრკოლებას ამ ეტაპზე ის გარემოება წარმოადგენს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები – ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და კვიპროსი. ავტორი - სალომე თორაძე
  24. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ავტორი - ბელა ზაქაიძე
  25. ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. „რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით“, - აღნიშნულია შესწორებაში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა. იპნ
×
×
  • შექმენი...