Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, ამ პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. „ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დაახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთკავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა - აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში - რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ჩემი სიტყვებიდან ხედავთ, პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და მისი შესრულება ჩვენზეა. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები - ენერგო მიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მახრი დავუჭიროთ ამ ინიციატივას იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს,რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი. იპნ
  2. კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მერის ცნობით, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც. გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
  3. მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის. „სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭიროებათ, რათა ნაწილმა მაინც მიაღწიოს სამიზნეებს. მათი ყველა სამიზნე დღეს არის სამოქალაქო, ძირითადად, ენერგო და სითბოს მიწოდების ობიექტები. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა, უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ რიგით მე-9 სანქციების პაკეტს და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს სოლიდარობისთვის. ავტორი - სალომე თორაძე
  4. უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა. მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ავტორი - სალომე თორაძე
  5. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. "ინტერპრესნიუსი"
  6. შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო. „ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა დახმარება, რათა სწრაფად აღადგინოს გათბობის და ენერგეტიკული ობიექტები რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ”, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ მზად არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ, კერძოდ, უზრუნველყონ საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინელი ხალხის ეფექტური მხარდაჭერისთვის.
  7. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. sportall.ge-ს ინფორმაციით, ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა. ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.
  8. პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკას კურირებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება. „24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უკრაინის ომის კონტექსტში ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება. „ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო. ზოგიერთი ფიქრობს ზამთარზე, როგორც დასვენებისა და გადაწყობის დროზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას“, - აღნიშნა ლორა კუპერმა. მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება. „მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და მისი საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას. NASAMS-ი ამის ნაწილი იყო", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. იპნ
  9. ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.
  10. პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოსა და მერისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას ითვალისწინებს. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად დაააკნინებს საკრებულოს როლს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვიწროპარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს. როგორ მტკიცდებოდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ამ დრომდე? დღეს მოქმედი საბიუჯეტო კოდექსით, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ანუ მერია. თვითმმართველობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით კი, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად მერმა საკრებულოს უნდა წარუდგინოს. საკრებულო მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ან მერს შენიშვნებით უკან უბრუნებს. ამის შემდეგ მერს შეუძლია საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის იგივე ან შესწორებულ ვარიანტი წარუდგინოს. ამასთან, თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, ან მერმა საკრებულოს შენიშვნები არ გაიზიარა, საკრებულოს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი ვარიანტი 3/5-ის უმრავლესობით დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, მერსაც და საკრებულოსაც უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. რა იცვლება? საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საქართველო საბიუჯეტო კოდექსში. კანონპროექტის ინიციატორები არიან : კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი. მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერისა და საკრებულოს პასუხისმგებლობის ახლებურად ანაწილებს და მერს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. კერძოდ, თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ დამტკიცდება, უფლებამოსილება მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება და ახალი არჩევნები დაინიშნება, მერი კი თანამდებობას შეინარჩუნებს. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობაზე პასუხისმგებლობას მერსა და საკრებულოზე ანაწილებს, რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი მაინც საკრებულოს ხელშია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს. „სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ინიცირება შეუძლია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, იმ შემთხვევაში, თუ მით წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ მოხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. უმრავლესობის წევრები ხაზს უსვამენ იმას, რომ საკრებულოს შეუძლია ბიუჯეტის თავისი ვარიანტის 3/5-ის უმრავლესობით მიღება. ამიტომ, მათ მიაჩნიათ, რომ მერისთვის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზია და გამოსწორებას საჭიროებს. „შესაბამისად, არათანაზომიერია, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს (მერს) უწყდებოდეს ვადამდე უფლებამოსილება, როდესაც ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა – მერი“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. მათი მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას და უფლებამოსილების სწორად გადანაწილებას. „კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, შესაბამისად, მერის არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯები დაიზოგება“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ის, რომ შესაძლოა მერის არჩევნების ჩასატარებელი თანხები დაიზოგოს, აღნიშნული ცვლილებების მიღებას ვერ გაამართლებს. რატომ იღებს უმრავლესობა ცვლილებებებს არასამთავრობო ორგანიზაციათა აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს იმ საკრებულოებისკენ იყოს მიმართული, სადაც მერი და საკრებულოს უმრავლესობა განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 3 მუნიციპალიტეტზე: რუსთავზე, ზუგდიდსა და ჩხოროწყუზე, სადაც მერები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, საკრებულოების უმრავლესობა კი ოპოზიციურია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საკრებულოებს საშუალებას უტოვებს, ბიუჯეტის თავიანთი ვარიანტი 3/5-ის უმრავლესობით დაამტკიცონ, ზემოთ დასახელებულ 3 საკრებულოში მხოლოდ ოპოზიცია 3/5-ის უმრავლესობით არაა წარმოდგენილი. შესაბამისად, არასამთავრობოების აზრით, ეს ქმნის რისკს, რომ არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ოპოზიციური უმრავლესობის მქონე საკრებულოებმა არ/ვერ დაამტკიცონ მერის მიერ წარდგენილი საფინანსო დოკუმენტი და ცვლილებების მიღების შემდეგ მხოლოდ საკრებულოების უფლებამოსილება შეწყდეს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა და პარლამენტს მოუწოდა, რომ ცვლილებები არ მიეღოთ. ცვლილებების შესახებ პარლამენტს თავისი მოსაზრება გაუგზავნა საიამ. საიას შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებებით, კონსტიტუციის მიხედვით, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს როლი არსებითად სუსტდება და მერის ინიციატივაზე დამოკიდებული ხდება. საიას განცხადებით, ცვლილებების შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად, უფლებამოსილების შეწყვეტისგან გადასარჩენად საკრებულო ვალდებული ხდება, დაეთანხმოს წარმოდგენილ პროექტს. კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრება პარლამენტს გაუგზავნა და მოუწოდა, რომ ცვლილებებისთვის მხარი არ დაეჭირა, „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოა“. ორგანიზაციის განცხადებით, საკრებულოსა და მერს შორის პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების ამჟამად არსებული წესი მიზნად ისახავს საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას. მათი განცხადებით, თუ მნიშვნელოვან საკითხზე მერი და საკრებულო კომპრომისს ვერ მიაღწევენ, ორივეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ვინაიდან კომპრომისის მიღწევა ორივეს პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ კუთხით ცვლილებას არ საჭიროებს. „ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟი“ თუმცა განსხვავებულად ფიქრობს რუსთავის მერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, არსებული ცვლილებები კანონმდებლობას კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანს. მისი თქმით, საკრებულოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მერის ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა და ბევრად კონსტიტუციურია, როცა ორივე ორგანო არჩევითია, პასუხისმგებლობა იმან აიღოს, რომლის მიზეზითაც ბიუჯეტი ვერ იქნება მიღებული. ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე არ იზიარებს იმ აზრს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებების მიღების შემდეგ შესაძლოა საკრებულოების არსებობა მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული გახდეს. „არასწორად უყურებთ, მერი ამ შემთხვევაში ერთპიროვნულად არ წერს ბიუჯეტს, მოქალაქეებთან და სხვადასხვა სამსახურებთან კონსულტაციებით შეაქვს ის ბიუჯეტი, რომელიც ქალაქს სურს. ეს არ არის მერის ბიუჯეტი, ამას აქვს კანონით გაწერილი პროცედურები და მერი არაფერ შუაში არ არის“, – ამბობს ნინო ლაცაბიძე. ამასთან, რუსთავის მერი აღნიშნულ ცვლილებებს დეცენტრალიზაციის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემის მოგვარების საკანონმდებლო კუთხით პარლამენტმა უკეთ იცის. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს თავმდჯდომარე გიგა ფარულავა, რომელიც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრია. როგორც გიგა ფარულვა ნეტგაზეთთან აღნიშნავს, ეს საკანონმდებლო ცვლილებები მმართველი პარტიის დღის წესრიგზეა მორგებული, რადგან ეს გამოწვეული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით და იმ ოპოზიციურ საკრებულოებზეა მიმართული, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობას არ აქვს. ამიტომ გიგა ფარულავა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს უწოდებს. მისი თქმით, ეს არღვევს ძალთა ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ და ფაქტობრივად საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას კარგავს. „ეს არის აბსურდი. მერის კეთილსინდისიერებაზე არის საკრებულო დამოკიდებული?! ხომ შეიძლება დაშვების დონეზე, რომ ის შენიშვნები, რომელსაც საკრებულო მერს გაუგზავნის, მერმა პრინციპულად არ გაითვალისწინოს და, უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი და დაუსაბუთებელი ბიუჯეტი გამოუგზავნოს საკრებულოს. საკრებულომ რა ქნას? იმის შიშით, რომ თვითლიკვიდაცია არ მოახდინოს, ეს ბიუჯეტი დაამტკიცოს თუ კენჭი არ უნდა უყაროს?“ – აცხადებს გიგა ფარულავა. გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ამასთან, ფარულავა არ იზიარებს საკანონმდებლო ცვლილებების ავტორების არგუმენტს, რომ თუ საკრებულოს მერის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტი არ მოსწონს, შეუძლია თავისი ვერსია 3/5-ით დაამტკიცოს. მისი თქმით, დღეს არცერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ არის ოპოზიციური პარტია ისეთი უმრავლესობით, რომ ბიუჯეტის თავისი ვერსიის დაამტკიცება შეძლოს. „ჩვენს შემთხვევაში საკრებულო 45 დეპუტატისგან შედგება და 3/5-ის შეკრება უნდა მოხდეს სამივე ფრაქციის(ენმ, „ქართული ოცნება“ და „საქართველოსთვის“) ჩართულობით. მაგრამ ეს არ უნდა დავიყვანოთ იქამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეძლებენ თუ არა ფრაქციები შეთანხმებას და შეძლებენ თუ არა ბიუჯეტის მიღებას. ეს ეხება თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც ამ ცვლილებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან და ევროპულ ქარტიასთან. არ შეიძლება ამ კანონში ცვლილებები განვიხილოთ ვიწრო ჭრილში – 2023 წლის ბიუჯეტს მიიღებს თუ არა საკრებულო. ამ ჭრილში ამის განხილვა დაუშვებელია“, – ამბობს გიგა ფარულავა. „მუნიციპალიტეტებში ერთმმართველობის დამყარების გზა“ ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის მიღების პროცესი ყოველთვის გარკვეულ კონსენსუსზე და შეთანხმებებზეა დამოკიდებული. მელაშვილის თქმით, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდევლო ნორმით კი წარმომადგენლობით ორგანოზე აღმასრულებელი ხელისუფლების დომინაცია ხდება, რაც აბსოლუტურად არასწორია. ირაკლი მელაშვილი. ფოტო: რადიო თვისუფლება ირაკლი მელაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები კარგად არც დეცენტრალიზაციის და არც თვითმმართველობების დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით იმოქმედებს. მისი თქმით, ერთი კაცი ყოველთვის უფრო ადვილად მანიპულირებადია და როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებაში ბალანსი ერთი კაცის სასარგებლოდ ირღვევა, ეს ზრდის რისკს, რომ ის ზეწოლას უფრო დაექვემდებარება. "netgazeti"
  11. FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო თუ ჩაწერილი. “ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს უფრო დიდი სიკეთისთვის სურდა საკუთარი პლატფორმის გამოყენება”, - დასძინა CNN-ის წყარომ. ამავდროულად, წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინასა და FIFA-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. CNN-მა კომენტარისთვის FIFA-ს მიმართა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. "ინტერპრესნიუსი"
  12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებთთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართველი ხალხის სიმართლე“. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა მოპოვებული. „ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად მოგილოცავთ ყველას, რადგან გადაწყვეტილების შემდეგ და მთელი გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა ოთხი ადამიანის ბრალეულობა, რომელიც იყო მოწინააღმდეგე მხარეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე და ეს გამარჯვება დიახ, მოპოვებული იყო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ დავადასტურეთ სიმართლე, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ქართველ ხალხს“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფოს არასდროს ავიწყდება, რომ საქართველო ოკუპირებულია. მინისტრის განცხადებით, ყველას ვალია იზრუნოს დეოკუპაციასა და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, რადგან სწორედ მშვიდობიანი განვითარებაა ერთადერთი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. „იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეხვედრების ყველა ოთახს ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების სახელი, ეს არის ჩვენი კურსი, მთლიანად სახელმწიფოს კურსი, რომელსაც არასდროს ავიწყდება, რომ დიახ, საქართველო არის ოკუპირებული სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ დეოკუპაციაზე, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. სწორედ მშვიდობიანი განვითარება არის ერთადერთი გამოსავალი მთელ შექმნილ სიტუაციაში და დარწმუნებულ ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და გონივრული ნაბიჯებით, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - დასძინა მინისტრმა. იპნ
  13. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, მოქალაქე ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა. „სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
  14. პრო­რუ­სუ­ლი ალტ-ინ­ფო­სა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი ზურა მა­ხა­რა­ძე ამ­ბობს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ და ამის გამო დის­ტან­ცირ­და პო­ლი­ტი­კის­გან. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია გო­გოს­თან პი­რად და ინ­ტი­მურ მი­მო­წე­რა­ზე. "მხარ­დამ­ჭე­რებს ავუხ­სნა, რა­ტომ ვარ გა­წე­უ­ლი გვერ­დზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხი გა­ი­გებს... ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სი­ტუ­ა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ასე - კი იცით, რომ სხვა ქა­ლის გამო ოჯა­ხი და­ვან­გრიე და ეგ თემა ად­რეც მოვ­ყე­ვი, ეს ცალ­კე ძა­ლი­ან მძი­მე თემა იყო ჩემ­თვის. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი არის ეგე­თი გა­რე­მო­ე­ბა, რომ კი­დევ სხვა ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რომ მქონ­და, ვი­ღა­ცებს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ ჩემი გო­გოს­თან მი­მო­წე­რის კად­რე­ბი, ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ. ამის შემ­დეგ იყო გარ­კვე­უ­ლი შან­ტა­ჟის თე­მე­ბი, რომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ და ასე შემ­დეგ. მე ვერ აღ­მოვ­ჩნდი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და ამ საქ­მის­თვის ყო­ფი­ლი­ყო ლი­დე­რი და სახე. ზუს­ტად ამი­ტომ მოხ­და ჩემი გვერ­დზე გა­წე­ვა. ერთი, ვინც ჩემს ბედ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, პი­რადს რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის, დავ­ხუ­რე. ბო­დიშს გიხ­დით, რომ მე ვერ აღ­მოვ­ჩნდი იმ თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ლი­დე­რის­თვის და ამ საქ­მის­თვის იყო სა­ჭი­რო. პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სიც გა­და­ვი­ხა­დე, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში აღარ ვარ", - ამ­ბობს ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე. "ინტერპრესნიუსი"
  15. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6674 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8341 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8346 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  16. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შაბათს, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ავრცელებს. შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაე ჩუკა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. გავრცელებულ პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის ნაწილი.
  17. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. "სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ამ სასტიკ ომს”, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. სასანქციო პაკეტს ახალი შეზღუდვები და საექსპორტო კონტროლის ზომები შემოაქვს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყონ ხელი. კერძოდ, სანქციები დამატებით 168 სუბიექტს შეეხება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. “ეს შეუძლებელს გახდის საკვანძო ქიმიკატებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებით, ღამის ხედვისა და რადიონავიგაციის ხელსაწყოებით, ელექტრონიკითა და IT-კომპონენტებით თავისუფლად ვაჭრობას, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსული სამხედრო მანქანის მიერ”, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. სიაში ასევე შეყვანილია რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ან სევასტოპოლში მდებარეობს. ევროკავშირმა ასევე გააფართოვა ექსპორტის აკრძალვა პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობებთან. ახალ სასანქციო პაკეტში საავიაციო ძრავები და მისი ნაწილებიც შედის. აღნიშნული აკრძალვა როგორც პილოტირებად, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებზე გავრცელდება. ამიერიდან აკრძალული იქნება უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ძრავების ექსპორტი რუსეთში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის დრონების მიწოდება. გარდა ამისა, ევროკავშირი კიდევ ორი რუსული ბანკის აქტივებს გაყინავს და დაამატებს “სრულიად რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკს” იმ ორგანიზაციათა სიაში, რომლის ოპერაციებზე სრული აკრძალვა გავრცელდება. ევროკავშირის საბჭომ ასევე დაიწყო კიდევ ოთხი რუსული არხის სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების პროცესი: “НТВ”/”НТВ Мир”, “Россия 1”, “Рен ТВ” და “Первый канал”. ასევე, ამიერიდან ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება წამყვან ორგანოებში.
  18. დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. მას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ჰკითხა თუ რა უჯდება სახეწლმიფოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამ დრომდე სახლემწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.
  19. რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს. „Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა. მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ენგელსის ტერიტორიიდან, სადაც ეს თვითმფრინავები აეროდრომზეა განთავსებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინულმა ძალებმა.
  20. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად. როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება. კარიმ ხანის კომენტარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ 2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება. გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას. დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მე ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტურად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის, მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა. სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით ახლახან ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების პროცესში. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ. თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს. ასევე, მიმაჩნია, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად. იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს, იგი, ასევე, იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს. ამ საკითხს ცენტრალური ადილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში. გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, ჩემი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით. კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ. ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
  21. საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. ბექა დავითულიანმა ჰკითხა რატი ბრეგაძეს, თუ მიხეილ სააკაშვილი არის „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, არსებობს თუ არა ამის შესახებ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა. იუსტიციის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარული სხდომა.
  22. პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც შეამოწმონ მოწამვლაზე. „რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან. გარდა ამისა, კახაძეს ინიციატივა ჰქონდა, რომ სააკაშვილის დიაგნოზზე ყველა მხარეს საჯაროდ ემსჯელათ და ერთად დაესვათ დიაგნოზი. პუბლიკა
  23. ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - ამბობს ბუავა. დაურ ბუავა თბილისში გასული შემოდგომიდან ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთ დამფუძნებელია. 28 წლის ტიკტოკერს აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. დე ფაქტო უწყებამ განაცხადა, რომ ბუავა რუსეთში იძებნებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაც. ბლოგერი ამას „მტკნარ სიცრუეს“. უწოდებს. მისი სიტყვებით, ის რუსეთში სწავლობდა და თავისუფლად გადაკვეთა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარი. რადიო თავისუფლება
  24. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი. „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის, თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემდეგ მერვე ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას 14 პირობა ჰქონდა წაყენებული, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებას გულისხმობს. ავტორი - თამთა რუხაძე
  25. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეზღუდულია კიევში, ხარკოვსა და კიროვოგრადის ოლქში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის კუთხით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა სისტემის სტაბილიზაცია მოხდეს. ყოველი შემთხვევისთვის მოიმარაგეთ სასმელი წყალი“, – განაცხადა კლიჩკომ. 1ტვ
×
×
  • შექმენი...