Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას Starlink-ის სატელიტური კავშირის კიდევ 10 000 ტერმინალი გადაეცემა. “ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც ელექტროენერგიის გათიშვები გვქონდა, იმ დღეს მივწერე მას მესიჯი და მას იმწამსვე ჰქონდა რეაქცია და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მას ესმის ვითარება”, - განაცხადა ფედოროვმა. მინისტრმა ასე აღნიშნა, რომ ფინანსური საკითხები მოგვარებულია, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობები მზად არიან გადასახადი გაიყონ. ფედოროვმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის დაახლოებით 22 ათასი მიმღები მიიღო. “რაც შეეხება ინტერნეტს, ბევრი Starlink გვაქვს, მაგრამ საკვანძო მომენტი ის არის, რომ დასტური მივიღეთ კიდევ ერთ პარტიაზე, რომელიც კრიტიკურ ვითარებებში კავშირის სტაბილიზებისთვის იქნება გამოყენებული”, - დასძინა ფედოროვმა. IPN
  2. აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი აშშ დოლარი. დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში. სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა 858 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 118 მილიარდი დოლარით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანი კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნაა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თვეების განმავლობაში კამათობენ იმაზე, თუ რა თანხა უნდა დაიხარჯოს სამხედრო და არასამხედრო პროგრამებზე. IPN
  3. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. "პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ობიექტები და მთლიანად მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, რამდენადაც ამ დრომდე ცნობილია, ამ შეხვედრაზე „არაფერი დრამატული, არ მომხდარა“. კულებას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პუტინისა და ლუკაშენკოს მორიგი შეხვედრა იგეგმება. IPN
  4. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6667ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8368 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8320 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  5. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: იორდანიის მოქალაქეები -1974 წელს დაბადებული ს. ა. და 1983 წელს დაბადებული მ.ი.; ლატვიის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული გ.გ.; ასევე, საქართველოს მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1977 წელს დაბადებული ს.კ., 1972 წელს დაბადებული ს.მ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ., 1979 წელს დაბადებული ვ.კ., წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1971 წელს დაბადებული ზ.ი. და 1984 წელს დაბადებული ტ.ი., 1981 წელს დაბადებული მ.უ., სხვადასხვა დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., 1979 წელს დაბადებული გ.ქ., 1982 წელს დაბადებული ნ.ც. და ამავე წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ., 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ც., 1994 წელს დაბადებული ს.ბ., 1971 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული ლ.ო., 1976 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ი.ფ., 1998 წელს დაბადებული ლ.ლ., 1998 წელს დაბადებული მ.ბ., 1979 წელს დაბადებული ს.ბ, 1976 წელს დაბადებული ქ.ბ., 2001 წელს დაბადებული კ.ლ., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 1997 წელს დაბადებული მ.ზ., 2004 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული ს.მ., 2002 წელს დაბადებული ლ.ხ, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ., 2003 წელს დაბადებული ნ.გ., 2004 წელს დაბადებული თ.ჭ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 2002 წელს დაბადებული ა.ლ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ს., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.დ., 1990 წელს დაბადებული ა.ბ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ხ.კ., 1970 წელს დაბადებული კ.ბ. და 1983 წელს დაბადებული ლ.კ. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა". ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე, საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1987 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბ.თ., 1991 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნ.ნ, 1989 წელს დაბადებული ლატვიის მოქალაქე რ.კ., 1980 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე რ.ს., ასევე, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული დ.ი. და 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰ.პ., 1987 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დ.ე., აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ს.ა., 1985 წელს დაბადებული ლ.წ., 1976 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ტ.რ., 1980 წელს დაბადებული დ.დ., 1983 წელს დაბადებული ა.მ., 1962 წელს დაბადებული ზ.ჯ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული. მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  6. [ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე] მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, არ იყო ადვილი, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ბევრი სამუშაო, მაგრამ დღის წესრიგი კარგი აქვს. „ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად, ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი: ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. პასუხი ნამდვილად არის არა! მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით პროცედურის მხრივ - ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ კარგი დღის წესრიგი გაქვთ. როდესაც ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, მაშინ შევედით ჩვენ ევროკავშირში. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ისე სწრაფად არ ვპროგრესირებდით როგორც გვსურდა, მაგრამ წინსვლა გვქონდა. ავსტრიის პოლიტიკური აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა. წლების განმავლობაში გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, ჩვენმა პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, რომ რეალურად წინსვლა ყოფილიყო და ეთანამშრომლათ. არ იყო ადვილი, განსაკუთრებით, სოციალ -დემოკრატები ყოყმანებდნენ. ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით თუ შეგვიძლია“, - განაცხადა თომას მიულმანიმ.
  7. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც. IPN
  8. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. „16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. მან მოისმინა წინადადებები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდგომი ნაბიჯებისთვის. უკრაინაში რუსული ძალების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი იყო, ვინც მოხსენება წარადგინა. ამ დადგმულ შეხვედრაზე პუტინს, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება”, - აცხადებენ უწყებაში. მათივე შეფასებით, შეხვედრის მიზანი, სამხედრო წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო. „ეს ჩვენება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა პუტინის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას სამხედრო წარუმატებლობაზე, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე და მობილიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდაზე. სატელევიზიო კადრები, სავარაუდოდ, შექმნილი იყო ასევე იმისთვის, რომ გაექარწ####ბინა სოციალურ მედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმა გენერალ გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში. ინტერპრესნიუსი
  9. ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს, 19 დეკემბერს, შეთანხმდნენ, რომ შემოღებულ იქნას გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ TTF-ში (ნიდერლანდის უდიდესი ვირტუალური სავაჭრო პუნქტი) გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს. შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს. წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, გერმანია სკეპტიკურად უყურებდა ახალ ზომას - როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს გაზის უდიდესი ბაზარი რეგიონში, წერს BBC-ის რუსული სამსახური. მას მხარს უჭერდნენ ნიდერლანდი, ავსტრია და უნგრეთი. „გერმანიაში არავინ არის გაზის დაბალი ფასების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კეთილმა განზრახვამ ზიანამდე არ მიგვიყვანოს", - თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. შედეგად მიღებული ზღვარი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკომისიის თავდაპირველი წინადადება, როცა ის მეგავატ/სთ-ზე 275 ევროს მოითხოვდა ზედა ზღვრის სახით. მოსკოვში ევროკავშირის გადაწყვეტილებას "საბაზრო პროცესების ხელყოფა" უწოდეს, წერს "ინტერფაქსი". კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო, მაგალითად, პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა, ნიდერლანდმა, დანიამ თვითონ თქვეს უარი რუსულ გაზზე. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდიანის“ (G7-ის) ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ საზღვაო გზით გადატანილი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე - 60 დოლარზე. ზღვრულ ფასზე ასეთივე შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს. radio tavisupleba
  10. ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - აქტიური საომარი მოქმედებების 1300 კმ-ზე მეტი. მაისიდან მოყოლებული ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალების მსხვერპლი მალე 100 000-ს მიაღწევს და ადამიანები მხოლოდ იმისთვის იღუპებიან, რომ კრემლში მყოფ ჯგუფს არ შეუძლია შეცდომის აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის. „დაფიქრდით: რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. მალე ოკუპანტების მსხვერპლი 100 000 იქნება. რისთვის? მოსკოვში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია და ვერც შეძლებენ. ისინი აწარმოებენ ომს და ფლანგავენ ადამიანების სიცოცხლეს, სხვის სიცოცხლეს, არა მათი ახლობლების, არა საკუთარი, არამედ სხვების სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში მყოფ ჯგუფს არ შეუძლია შეცდომის აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის. მაგრამ რეალობა თავისთავად საუბრობს”, - აცხადებს ზელენსკი. IPN
  11. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 26 500 000 ევროს შეადგენს. „ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება. H145-ი მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. H145-ი წარმოადგენს Airbus-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები წარმატებით იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას მოიცავს“, - აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
  12. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად რთულია და უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების უწყებების ქვედანაყოფები, რომლებმაც მოქმედება რუსეთის ახალ რეგიონებში დაიწყეს. დიახ, ახლა თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი - რუსეთის მოქალაქეები - თქვენი დაცვის იმედადაა“, - აღნიშნა პუტინმა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უსაფრთხოების უწყებების მუშაობის გაძლიერება საკვანძო მიმართულებებით ახალი საფრთხის გაჩენის ფონზე და დაავალა სპეცსამსახურებს, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ მოქალაქეების მასობრივი საცხოვრებელი ადგილები, ტრანსპორტის სტრატეგიული ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. „ახლა კონტრდაზვერვის, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვის, მაქსიმალური სიმშვიდე, ძალების კონცენტრაციაა საჭირო. აუცილებელია უცხოური სპეცსამსახურების ქმედებების სასტიკი ჩახშობა, მოღალატეების, ჯაშუშებისა და დივერსანტების სწრაფი გამოვლენა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
  13. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა რუსულ სააგენტო TASS-ს განუცხადა. „ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება, როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი. საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი. ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა, რუსეთის კი აგრესორად გამოყვანა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს“, - აღნიშნა სანაკოევმა. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად. ipn
  14. სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე დაინიცირდა. კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ კი, ეს ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ეთანხმება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გაზომვის შედეგებს და ალტერნატიული გაზომვის ჩატარებას ითხოვს, უფლებამოსილი იქნება, სატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ ინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, სადაც სატრანსპორტო საშუალებას კანონმდებლობით დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდება. აღნიშნულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგის (გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის) მიხედვით. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდება, ვალდებული იქნება, სახდელის შეფარდებიდან 30 დღეში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის, დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მძღოლი კვლავ დაჯარიმდება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. “პირველი ეტაპისათვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იქნება რამდენიმე დასახლება - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ. სადაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და ათი ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
  15. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანთა ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, აამოქმედოს ეთიკის საბჭო. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ბავშვები არიან უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი ინდივიდები და არა პასიური ობიექტები. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი. თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, პარლამენტის თითოეულ წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას. პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანთა ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და თავად უპირატესად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი. დამატებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, აამოქმედოს ეთიკის საბჭო“, – ნათქვამია განცხადებაში.
  16. ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალქვეშა კაბელის პროექტის იდეა საქართველოს ეკუთვნის. „ცოტს ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამხელა ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და, შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნახეთ, რომ ახლა უკვე ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტუალური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება. ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. როდესაც ევროკავშირის ორი ქვეყანა პროექტის განხორციელებაშია ჩართული, ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის ევროკავშირი მზადაა“, – განაცხადა დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წყალქვეშა კაბელის პროექტი თავდაპირველად არც ისე აქტუალური იყო, თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აღნიშნული პროექტით დაინტერესება გამოიწვია. „პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა და რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა და საწყის ეტაპზე არცთუ ისე აქტუალურად განიხილებოდა, დღეს ნამდვილად არის ფლაგმანი პროექტი ევროპასთან ურთიერთობის, დაკავშირებადობის საკითხში. ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და, ზოგადად, საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით გაზრდის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
  17. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield – მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოპერაციას კოორდინირებას უწევდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ხოლო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) უზრუნველყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. 2022 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებული ოპერაციის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი როლი ითამაშეს „ფრონტექსმა“, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ (WCO) და მედიცინის ეროვნულმა სააგენტოებმა. ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა 10,5 მილიონზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 349 პირი, დახურეს 10 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგპროდუქტი და ნივთიერება, არალეგალური საკვები და სპორტული დანამატი, ყალბი COVID-ვაქცინა, სანიტარული პროდუქტი და სამედიცინო მოწყობილობა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
  18. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს. „გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრაგენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდგომში პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მივიღეთ დავალება, გამოიყო ამისთვის რესურსები და დაწყებულია შესყიდვის პროცესი. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით, ისინი მიიღებენ ადეკვატურად, საჭიროების შესაბამის მოწყობილობებს, მაღალი ტექნოლოგიის ძალიან საიმედო გენერატორებს. ამისთვის ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი. უკვე მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი, ისე რომ, წლის ბოლომდე საქართველოდან გენერატორები გაიგზავნება. აქ მნიშვნელოვანია სიმძლავრეები. ჩვენ ისე დავგეგმეთ, რომ გენერატორები იყოს სხვადასხვა სიმძლავრის, რათა ჰქონდეთ მაქსიმალური მოქნილობა და უკრაინაში გამოიყენონ როგორც კორპუსებისთვის, ისე, დავუშვათ, კორპუსების ბლოკებისთვის. ასე რომ, ენერგეტიკული კუთხით კარგად გათვლილი შესყიდვის კონტრაქტია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
  19. უკრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ. შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობის გაზრდა სთხოვა, ლიეტუვის პრეზიდენტს – „ნასამსისა“ და „სტინგერის“ სისტემები, დანიის თავდაცვის მინისტრს კი – სეზარის ჰაუბიცები. ავტორი - სალომე თორაძე
  20. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელსაც დღეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა, ამბობს, რომ თავდასხმის უკან სუს-ი დგას. ფაქტთან დაკავშირებით კირთაძე პოლიციაში გამოკითხვაზე აპირებს მისვლას, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. „ორგანიზებული იყო სუს-ის მიერ, თორემ ეს კაცი ქუჩაში ჯიბეებში კვერცხებით დადის? მომაყენეს შეურაცხყოფა, მეც, ჟურნალისტსაც, სრულიად უმიზეზოდ. რას ვერჩი იქ მოსულ პოლიციელებს, მაგრამ ეგენი რას გამოიძიებენ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ავტორი - მერაბ წულუკიძე
  21. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – ბ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო. ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
  22. რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა. „რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა. ავტორი - თამთა რუხაძე
  23. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად, სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის, არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა. უახლოეს მომავალში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რათა საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
  24. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ის ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო სანქციების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა“. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, ლუკაშენკო პუტინს მინსკის აეროპორტში პირადად დახვდა. „2019 წლის ივნისის შემდეგ, პუტინი ბელარუსს პირველად ეწვია. სავარაუდოდ, ის ჩავიდა, რათა ლუკაშენკო ომში უშუალო ჩართვის შესახებ დაარწმუნოს“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გერაშენკომ.
  25. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში. ipn
×
×
  • შექმენი...