-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
არსებული ინფორმაციით, ხონში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი. -
მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული ტელევიზიების ეთერის რეტრანსლაციას. საპასუხოდ „ტვ6“-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხს ლიცენზია „უსაფუძვლოდ შეუჩერეს“. ტელეკომპანიაში მომხდარს „გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდეს. რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შელახვად შეაფასეს“. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, იმ არხების ნაწილი, რომელთაც მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს, პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ახლო მოკავშირეების მფლობელობაშია. ამ პარტიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კიშინიოვში არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხდა, რომ ტელეკომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში დესტაბილიზაციის აღსაკვეთად. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას დაემუქრონ მოლდოვიდან გაქცეული პირები, რომელთა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, დაუსხლტნენ ხელიდან მართლმსაჯულებას“, – განაცხადა სანდუმ. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ილან შორი მოლდოვის ბანკებიდან მილიარდი ევროს უკანონო მითვისების საქმეში ფიგურირებს. გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა ილან შორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ავტორი - ლევან ახალაია
-
აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა“. როგორც გამოცემა წერს, აშშ სთხოვდა უკრაინას, არ მიეტანა იერიში იმ შტაბზე, სადაც გერასიმოვი იმყოფებოდა. საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ დარტყმა უკვე მიიტანეს. როგორც „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამტკიცებს, ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის სიკვდილს შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი გამოეწვია. ქალაქ იზიუმში მდებარე რუსულ სამხედრო შტაბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად გერასიმოვი დაიჭრა, თუმცა ეს ცნობები არავის დაუდასტურებია. ავტორი - ლევან ახალაია
-
უკრაინული ძალების მიერ 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინული ძალების მიერ 24 თებერვლიდან დღემდე, 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2987 ტანკი, 5963 ჯავშანტექნიკა, 1948 ერთეული საარტილერიო სისტემა, 410 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 211 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 281 საბრძოლო თვითმფრინავი, 264 ვერტმფრენი, 1649 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 16 გემი/ნავი, 4579 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 174 ერთეული სპეცტექნიკა და 65 653 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსმა აგრესორებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს. იპნ -
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ. „ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველაფერი აქვს და უფრო მეტიც. ამიტომაც ისინი მზად არიან, დახარჯონ ფული. ამ კუთხით უზარმაზარი პოტენციალია. მაგალითად, მე ვეწვიე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძვ.წ. 2 000 წლის წინანდელი ოქროს ყელსაბამი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა იაპონელი ტურისტებისთვის. ძვ.წ. 2 000 წელი ის პერიოდია, როდესაც იაპონელები უბრალოდ ნადირობდნენ. მაშინ მათ მეტალი არც ჰქონდათ. საქართველო უდიდესი კულტურის ქვეყანაა, რომლის აღმოჩენაც შეგვიძლია და იაპონელებმა ბევრი არაფერი იციან ამის შესახებ. ასევე, ქართული მონასტრების ულამაზესი ფრესკები, ნახატები, რომლებიც ასევე კვლავ უცნობია იაპონელებისთვის. ამას ემატება შესანიშნავი პოლიფონიური მუსიკა. ასე რომ, ეს ის გამოცდილებებია, რომლისთვისაც იაპონელ ტურისტს აქ დროის გატარება შეუძლია“, - თქვა იმამურა აკირამ. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ტურიზმის განსავითარებლად პირდაპირი ფრენებია საჭირო. „ჩვენ გვჭირდება პირდაპირი ფრენები, თუმცა, პირველი ნაბიჯის სახით, შესაძლოა, ჩვენ იაპონელი ტურისტები ჩამოვიყვანოთ ჩარტერული რეისებით. მეორე წინადადება, რაც მექნებოდა არის ის, რომ ალბათ, თქვენს ტურიზმის სააგენტოს შეუძლია, მოიწვიოს იაპონური ტუროპერატორები. ჩამოვიდნენ აქ, გამოსცადონ აქაური ტურიზმი, შემდეგ ჩაიტანონ ეს გამოცდილება იაპონიაში და დაგეგმონ ტურები“, - თქვა იაპონიის ელჩმა. bm.ge
-
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. -
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პოლონეთი შესაძლოა უკრაინისთვის არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პოლონეთში მუშავდება, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადონ. უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, საუბარია რუსებისგან ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე. „ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ევროპის ცენტრში არის უზარმაზარი ტერიტორიისა და პოტენციალის მქონე ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ სადაზღვევო გარანტიები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ეს წაახალისებს ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში. საუბარი არაა ქველმოქმედებაზე, არამედ ბიზნესზე. ეს არის ძალიან რეალური პერსპექტივა", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
-
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი - რუსების ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული სახელმწიფო პროექტის - “მინდა ვიცხოვრო” საინფორმაციო რესურსებით, რომელიც ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარების საშუალებას აძლევს, უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. „1 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი - ეს ის ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს “მინდა ვიცხოვრო” პროექტის საინფორმაციო რესურსებით. მათგან უმეტესობა ის ხალხია, რომელიც ე.წ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. ეს პირდაპირი მიმართვები არ არის, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც პუტინის ოკუპანტების უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან უსამართლო ომში საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას შეისწავლიან”, - თქვა იუსოვმა. მისი თქმით, ყოველდღიურად ცხელი ხაზის, ჩატ-ბოტისა და სხვა კონტაქტების მეშვეობით პროექტს 100-ზე მეტი ადამიანი მიმართავს. “შედეგები არის და ისინი მნიშვნელოვანია, რომლებიც ეხება ცალკეულ პირებს, რომლებიც ტყვედ ბარდებიან, ასევე მთელ ქვედანაყოფებსაც, და ეს არა მხოლოდ რიგითები არიან, არამედ ოფიცრებიც. უდიდეს აქტიურობას, რა თქმა უნდა, ნაწილობრივად მობილიზებულები ავლენენ. ეს ის ხალხია, რომელსაც საერთოდ არ ესმის რა უნდა აკეთონ უკრაინაში ომში და რისთვის ჩნდებიან აქ”, - თქვა იუსოვმა. იპნ -
ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ - განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას. ზელენსკი საჯაროდ აცხადება, რომ პუტინის სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთადერთი შანსი არის უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა კრემლს საშობაოდ დაეწყო უკრაინიდან ჯარების გაყვანა. ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ პუტინის სიკვდილის შემდეგ, ომი შეიძლება დასრულდეს. „როდესაც ასეთი ადამიანი კვდება, ყველა დაწესებულება ჩერდება ხოლმე“, - თქვა ზელენსკიმ. იპნ -
ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და მადლიერნი ვართ ჩვენ ამის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის ხურავს იმ დებატებს, კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის გამოწვევებია ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც. “როგორი წელი იყო ეს საქართველოსთვის? - აქაც არის ერთგვარად ნარევი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის გამოწვევაა ომი უკრაინაში, რადგან ის ხსნის იმ იარებს და ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ასევე შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს აქვს, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, ქართველი ხალხი გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის და ამ მდგომარეობის მიმართ, იქნება ეს სამხედრო მხარდაჭერა, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, თუ ლტოლვილების მიღება. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, რომ არ გაგრძელდება მშვიდობა ყველასთვის სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. ახალი გამოწვევებია ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც. ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ამ ტანჯვის შედეგად, და მადლიერნი ვართ ჩვენ ამის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის ხურავს იმ დებატებს, კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები. ახლა ეს დისკუსია დაიხურა. ასევე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ახალი პროექტებისკენ. დღეს ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის კაბელის პროექტს შავი ზღვის კაბელს და ეს არის მნიშვნელოვანი, კონკრეტული კავშირი ევროპასთან. იყო იმედგაცრუება საქართველოს მოსახლეობაში კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა რომელიც არასდროს ყოყმანობდა და არასდროს გადაუხვევია ევროპული გზიდან. ჩვენ ვიცით, რომ რეკომენდაციების შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას. ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი პოლიტიკურ ელიტისგან, მისი პოლიტიკური ლიდერებისგან და რას ელოდებიან მათგან. მათი მოლოდინები ცხადია, რომ მათ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ისინი ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი გამოწვევა, საქართველოსთვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.
-
ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი და ამავდროულად, იმედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში გაიარა. „უკრაინამ ყველაფერს გაუძლო ათი თვის განმავლობაში. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს, იყო გამძლე. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა. ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ ის, რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა, წინა აგრესიები, 1992 წელი, 2008 წელი, 2014 წელი. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, წლევანდელი წელი ევროპის წელიც არის, სადაც არის გამოწვევები და იმედი. „გამოწვევა იმიტომ, რომ რაც იყო ევროპის შექმნისთვის ბაზისი, რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. გარკვეულწილად, ეს არის გამოწვევებით სავსე და რაღაცნაირად ამარცხებს ევროპის მიზანს, თუმცა, აქ ყველაფერი არ მთავრდება. ამ გამოწვევის შედეგად, ევროპა ბევრად გაიხსნა გაფართოების პერსპექტივის მიმართ და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი. ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და აჩვენებს, რას ნიშნავს, იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი პროცესი, რომ გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რამდენად რთულია და მძიმეა მოსახლეობისთვის, მაგრამ ამის შედეგად, ევროპა ახლა ხდება ძალა, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული ყველას მიერ, უნდა იყოს პატივცემული ყველა მხარის მიერ. ხდება დემონსტრირება, ჩვენება მისი ერთიანობის, მისი მყარი ერთიანი გადაწყვეტილების და სწორედ ამ ევროპასთან გვინდა, ვიყოთ ინტეგრირებული. წლევანდელი წელი ასევე გახლდათ ქალების წელი. უკრაინელი, ირანელი ქალების წელი და მინდა, მათ მიმართ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის გამოწვევაა უკრაინაში ომიც. „როგორი წელი იყო საქართველოსთვის. აქაც არის გარკვეულწილად გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, თავისთავად ომი უკრაინაში არის გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან ის ისევ ხსნის იმ ჭრილობებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს აქვს, განსაკუთრებით შედარებით მცირე სახელმწიფოებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, ქართველი ხალხი გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი ამ მდგომარეობის მიმართ. იქნება ეს სამხედრო მხარდაჭერა, მებრძოლები, რომლებიც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა სახის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, რომ არ გაგრძელდება მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ახალი გამოწვევები გამოჩნდა ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც. „პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ხურავს იმ დებატებს და კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან მიმართებაში, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები. ახლა ეს დისკუსია დაიხურა. ასევე ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ახალი პროექტების მიმართ. დღეს ხელი მოეწერა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს, რაც არის მნიშვნელოვანი კავშირი ევროპასთან და არის კონკრეტული კავშირი. ამასთან, იყო რა თქმა უნდა, იმედგაცრუება საქართველოს მოსახლეობაში კანდიდატის სტატუსი არმიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა, რომელიც არასოდეს ყოყმანობდა და არასოდეს გადაუხვევია ევროპისკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას და ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას, მისი სახელმწიფო უწყებებიდან, პოლიტიკური ლიდერებისგან, ელიტისგან და რას ელოდებიან მათგან. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, არ დაგვავიწყდეს, ისინი ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. ქართველები არ უნდა დავივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, არის ის, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავს მოახვიოს საკუთარი ნება-სურვილი მეზობელ ქვეყნებს. „კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, უკრაინაში ომის გარდა, რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავს მოახვიოს თავისი ნება-სურვილი მეზობელ ქვეყნებს, ეს შემდეგი გამოწვევა პირდაპირ კავშირში გახლავთ რუსეთთან. ზოგიერთი ადამიანი აქ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ამას სჭირდება დამატებითი ანალიზი, შეიძლება, ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობდეს, რომ უფრო უსაფრთხო შეიძლება, იყოს, რომ კრიტიკა იყოს მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ეს რჩება მთავარ გამოწვევად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, უდიდესი გამოწვევაა რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. „ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს. მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და მათ უწევთ ამ გამოწვევებთან ცხოვრება, მათ ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებით, ისინი არიან ასევე მობილიზაციის მსხვერპლი. მათ უწევთ მუქარის ატანა და მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ეს სიტუაცია სათავისოდ. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცება. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა. ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც გახლავთ რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია. გამოწვევა, რომელიც გახლავთ გარკვეული შესაძლებლობა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები. არის ასევე ძალიან დიდი გამოწვევები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო და ეს არის მხოლოდ უკრაინის ხელში. როდესაც ეს დრო მოვა, თუ გვსურს, თავი ავარიდოთ 1992, 2008, 2014, 2022 წლების სცენარების გამეორებას და ბევრი სხვა აგრესიის გამეორებას, რომელიც რუსეთის მხრიდან ხდებოდა, ცხადია, ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე, ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, იყოს დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის სურვილია, დასრულდეს პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები და ახალი პერსპექტივები. „საქართველოსთვის, დიდ გამოწვევებთან ერთად, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები ჩანს, რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია. მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები, ახალი რიცხვები, ფიგურები, პერსპექტივები. ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები. დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას და მსოფლიოს 2023 წელს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
-
რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ლორა კუპერის განცხადებით, უკრაინული ძალების კვალიფიკაციის ამაღლება „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება. აშშ ასევე აპირებს ბატალიონამდე გაზარდოს, უკრაინელ სამხედროთა რიცხვი, რომელთაც ყოველთვიურად წვრთნის. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, „ახლა სრულად განსხვავებული თამაშია“ უკრაინული ძალების უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ვიდრე 2014 წელს იყო, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაიწყო. ლორა კუპერი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთარი ძალიან დინამიკური დრო იქნება. „ზოგიერთი ფიქრობს, ზამთარში დაისვენებენ და გადაიარაღებას შეძლებენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან. რა თქმა უნდა, მოველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინსვლას“, – აცხადებს კუპერი. ავტორი - სალომე თორაძე
-
ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. „მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – წერს ზურაბიშვილი.
-
მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს. „ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ. ევროპის 17 მილიარდიან ევროიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის. ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს“, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
-
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა. 2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და აიდინტიფიცირებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს. მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნევლყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს. გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მივაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
-
კახეთის რეგიონში, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საბავშვო ბაღების ნაწილი ინგრევა, ზოგი კი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მათი დემონტაჟია საჭირო. ამის შესახებ წერია დასკვნებში, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მუნიციპალიტეტების და კვეთით მოამზადა. ლაგოდეხის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2022 წელს ექსპერტიზის ბიუროს საბავშვო ბაღის ოთხი შენობის მდგრადობის შემოწმება დაავალა. დასკვნის თანახმად, ოთხივე შემთხვევაში ბაღები დემონტაჟს საჭიროებს. ლაგოდეხში სოფელ ბაღდადის საბავშვო ბაღი ერთ-ერთია, სადაც ბავშვების აღზრდისთვის უკვე წლებია არახელსაყრელი პირობებია. ამ ბაღში 26 აღსაზრდელი ირიცხება. „კედლები მყარია, მაგრამ ჭერი და იატაკია დაზიანებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის. ექსპერტიზის დასკვნით, დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მუშაობა შეაჩერეთო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაღის მენეჯერმა ქეთევან ბრეგვაძემ. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ლაგოდეხში დემონტაჟს ექვემდებარება სოფლების, შრომის, გვიმრიანისა და ჩადუნიანის საბავშვო ბაღებიც, სადაც 100-ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება. რადიო თავისუფლება ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რატომ მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი იმ ბაღებში, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, დემონტაჟს საჭიროებს. „დემონტაჟს შეიძლება ექვემდებარება იმის გამო, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მე როგორც ვიცი, იქ ბავშვების ყოფნა არ არის საფრთხის შემცველი“, - თქვა მდივნიშვილმა. ლაგოდეხის მერი ამბობს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, 2023 წლიდან, რამდენიმე ეტაპად, ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ბაღის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც მილიარდ სამასი მილიონი ლარი გამოიყოფა. მერი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამ პროგრამის ფარგლებში აშენდება ახალი ბაღები ლაგოდეხის სოფლებშიც. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დემონტაჟს ექვემდებარება გურჯაანის მუნიციპალიტეტში შვიდი, ხოლო თელავში საბავშვო ბაღის სამი შენობა. ლაგოდეხისგან განსხვავებით, თელავსა და გურჯაანის იმ ბაღებში, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. აღსაზრდელები სხვა ბაღებში გადაანაწილეს. გურჯაანის მერის ზურაბ უტიაშვილის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა გურჯაანშიც იგეგმება, თუმცა რამდენი საბავშვო ბაღი აშენდება, ჯერ არ არის დაზუსტებული.
-
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე. 16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა. დაღუპულთა შორისაა წლინახევრის ბავშვიც. radio tavisupleba
-
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვს კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, კადიროვის როლს ეძღვნება. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო და „სრული სიცრუე“ უწოდა ამ ცნობას. ხოლო კადიროვმა Wall Street Journal-ს კომენტარზე უარი უთხრა. გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, კადიროვის მომხრე ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე, ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდა. კადიროვთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ, ეს მომენტი ვიდეოზე გადაიღო და ჩეჩნეთის მეთაურს გაუგზავნა. უკრაინის დაზვერვის მიერ გადატაცებულ ამ ვიდეორგოლში ისმის მისი ხმა: „დრო - ზუსტად ნული საათი. ვიწყებთ მოძრაობას. 1500-ზე მეტი პირადი შემადგენლობა, საუკეთესო ქვედანაყოფები, საუკეთესო მებრძოლები.“ მოგვიანებით პირველი კოლონა, გამოცემის თანახმად, კიევის მისადგომებთან თითქმის მთლიანად გაანადგურეს, ორი დანარჩენი კი იძულებული გახდა გადაჯგუფების მიზნით შეეწყვიტა წინსვლა. ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანონ ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც პოლკ „ჩრდილოეთის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ 23 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ. აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ადრე განაცხადა, რომ მან მოიპოვა უდავო მტკიცებულებები, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვისა და მისი ორი ქვეშევრდომის, დანიილ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მხრიდან ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე მეტყველებს. უკრაინის ტერიტორიაზე 141-ე პოლკის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არაერთხელ დაადასტურა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა. თავის პირველ შეტყობინებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება, კადიროვმა უარყო ჭორები დანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის დაღუპვის შესახებ. ამჟამად პოლკს მეთაურობს ჰასმაგომედ მაგომადოვი, ხოლო ტუშაევი 96-ე ოპერატიული პოლკის მეთაურად დაინიშნა. radio tavisupleba
-
35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ელისოს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რისთვისაც თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე: „თიბისი“: GE77TB7918345061100045 „საქართველოს ბანკი“: GE43BG0000000528295889 მიმღები ელისო გაფრინდაშვილი. -
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე შეიტანს წვლილს ამ რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებასა და ზრდაში, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება, რეგიონული თანამშრომლობა, ეს საკუთხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. „ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და აი, ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარებისა და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება და რეგიონული თანამშრომლობა, ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო აგრესია, ჩვენ გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა საერთო გამოწვევების დასაძლევად. დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველია წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით, მეორე განვითარება ახალი გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურისა სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი, მესამე არის ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიისა და მეოთხე არის ენერგოეფექტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებაში და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში. ასევე გვინდა, წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით. გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებას, ყველას გვეხება. ძვირფასო კოლეგებო, უსაფრთხოება კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონულად და გლობალურად. ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია როგორც წყაროების ასევე მიწოდების არხების. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი ინიციატივა და მწვანე ენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან მომდინარეობს. წინ წამოვა ხელშესახები ფლაგმანური ინიციატივები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში ხორციელდება. მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე ლიდერების დასწრებას, ევროკომისიის პრეზიდენტს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიმართ არის ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანტადან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას. მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და აი, ამ მიზნით გვაერთიანებს ყველს“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. ავტორი - გიორგი კობერიძე
-
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია. მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.
-
ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით, რათა გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ნიკოლაე ჩუკას თქმით, შეთანხმება ენერგოუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის საშუალებას გააჩენს. „მინდა ხმა შევუერთო ამ ძალისხმევას, საერთაშორისო მომენტს და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სამთავრობოთაშორის შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება იქნება იმ გადაუდებელი საჭიროების პასუხი, რომელიც გულისხმობს მწვანე ენერგიის მიღებას ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ქალბატონო ურსულა, თქვენი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ ამ შეთანხმებას სტრატეგიულო მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშირის დაკავშირებადობის კონტექსტში. კრიზისის დროს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენი პოტენციალი და რესურსები გავაერთიანოთ. რუმინეთი ერთგულია კაპიტალდაბანდების იდეისადმი, როგორც ენერგოინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ჩვენი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობის, რუმინეთის და მთელი რეგიონის კონტექსტში. ამის შედეგად რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში ჩვენი საერთო გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით, რათა გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, კოვიდის პანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე. ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით. ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებული ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით. მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირს და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, ასევე 2015 წლის „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ, მწვანე პაქტის შეთანხმების კონტექსტში. რუმინეთი აპირებს, რომ სამთავრობოთაშორისი შეთანხმება გადაიტანოს ქმედებაში და აქვე ვუხდი მადლობას პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის, თანამშრომლობისთვის და ამ ოთხმხრივი შეთანხმების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს 2023 წლის დასაწყისში. ეს იქნება კიდევ ერთი ძალისხმევა ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგოუსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლაე ჩუკამ. ავტორი - გიორგი კობერიძე
-
მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს - მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა დამაბნეველია და ბაზრების დასაცავად უპრეცედენტო ზომებია გასატარებელი. „რუმინეთში 18 წლის შემდეg ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე, თვალშისაცემია წინსვლა. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობა შენგენის ზონაში, ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში, ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს და რუმინეთი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ამ ზონის წვერი. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ეს სიტუაცია ისეთი დამაბნეველია - ასეთი ჩვენს სამეზობლოში არც გვახსოვს, მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი. ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას, ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად, ჩვენ უპრეცედენტო ზომები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად. ეკონომიკის ისტორია ცხადყოფს, რომ როდესაც იაფი ენერგიის და ნედლეულის იმპორტი ხდება რუსეთში, ეს წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას. ახლა გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ, ლიდერებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია მხოლოდ იქამდეა ოცნება, სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული ევროპის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვიდან გვაქვს ეს ენერგო რესურსი, მოწოდების შესაძლებლობა და ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს როგორც პარტნიორს და მომწოდებელს. შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად. როდესაც იმპორტი გაიზრდება, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს ინოვაციაა. მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილი როკ-ენ- როლია, რომ შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ipn
-
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. „ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი მწვანე დერეფნის განვითარების კუთხით. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე იყო 8,2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია, წელს - 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11, 6 მილიარდი. ბუნებრივი აირის ჯამური ექსპორტი მომავალ წელს იქნება თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი“, - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. „გუშინ, „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანიდან რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გეგავატზე მეტია, ეს არის მზის, ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ, რომ სამ გეგავატიან ქარის და ერთ გეგავატიან მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშაოთ და ექსპორტზე გავიტანოთ. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ, თითქმის 6 გეგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს ათ გეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის პირველმა პირმა განაცხადა, ორი დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან. მისივე თქმით, შეიქმნება მინიუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. „ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გეგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ მინიმუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისათვის, რომ ეს მიზნები დაკმაყოფილდეს, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.