-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. „სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს შტაინმაიერი მიმართვაში. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, „ამ წელს ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია რომ კვლავ დადგეს მშვიდობა“. ამავდროულად შტაინმაიერმა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მკაფიო საზღვრები აღნიშნა. „ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს, რომელიც არ ახალისებს მიწების დაპყრობას და უკრაინელ ერს ოკუპანტების თვითნებობასთან და ძალადობასთან მარტოდმარტო არ ტოვებს”, - თქვა შტაინმაიერმა. მისივე თქმით, ასეთი მშვიდობა „ჯერ არ იგრძნობა“. გერმანიის პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს გერმანელებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური სახის. „ჩვენ არ ავყევით პანიკას, არ მივეცით ჩვენს რიგებში გახლეჩის შემოტანის საშუალება. ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო [მოქალაქეებსა და კომპანიებს] მძიმე ტვირთს უმსუბუქებს, და ბევრი კომპანია იმაზე მუშაობს, რომ კრიზისიდან ახალი ძალებით გამოვიდნენ“, - თქვა შტაინმაიერმა. იპნ
-
ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულ, 858-მილიარდიან ბიუჯეტს მოაწერა ხელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით. ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმენტის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ახალი B-21 სტრატეგიული ბომბდამშენების მშენებლობის პროგრამა. ამ ტიპის თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. ბიუჯეტი აშშ-ის არმიას უფლებას აძლევს შეიძინოს კიდევ 36 ერთეული f-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებს 32 მილიარდ დოლარს ახალი გემების მშენებლობისთვის. აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში სამხედრო საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 50 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი. სამხედრო და საჯარო მოხელეები მომავალ წელს 4,6 პროცენტით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. radio tavisupleba -
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ მან უკრაინის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა. შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა განიხილონ მისი აშშ-ში ვიზიტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი და “აწეული თამასა”. “არ მაქვს საგარეო ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა. დრო არ არის. ისე, როგორც ეს ადრე სხვა პირობებში კეთდებოდა”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამავდროულად, გარკვეული პირობებით უკრაინის პრეზიდენტი ახალი საგარეო ვიზიტების შესაძლებლობას მაინც უშვებს. “თუ რომელიმე ვიზიტს პოტენციურად ისეთივე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული არსი ექნება, როგორც ჩემს ვიზიტს აშშ-ში, თუ ვიზიტის შედეგებზე აბსოლუტურად პირდაპირ იქნება დამოკიდებული ჩვენი შეიარაღებული ძალები, ყველა ჩვენი თავდაცვის ძალები, თუ ესა თუ ის ჩვენი პარტნიორი მზად არის უკრაინული მშვიდობის ფორმულის პუნქტების რეალიზებაში საკუთარ თავზე ლიდერობა აიღოს, თუ შესაძლოა იყოს გარკვეული ნაბიჯები ჩვენი გამარჯვების დასაჩქარებლად, - მაშინ საომარი დროის ზოგადი პრაქტიკიდან გამონაკლისის სახით ჩემი მოლაპარაკებები ასეც შეიძლება განხორციელდეს, პირად დონეზე”, - თქვა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა უნდა იცოდნენ, პოტენციურად რა შედეგი იქნება მიღებული უკრაინისთვის მათი პასუხისმგებლობის ქვეყნებში. IPN
-
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული. „თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი 16 დეკემბერს დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატამ - 8 დეკემბერს. ინტერპრესნიუსი
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნიკა გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისშივე იყო და ახლაც რჩება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე. „ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხება. ასეთი იყო ჩვენი კომენტარები დასაწყისიდანავე და მაშინაც, როცა განაჩენი გამოუტანეს. როგორც ჩანს, სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი იყო, ბრალდებებთან მიმართებაშიც კი. ვფიქრობ, ეს კითხვები რჩება და ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიასივრცე შევიწროვდა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე. ჟურნალისტებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი საქმის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიასივრცე იყოს ძლიერი, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ. „ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავის მხარეს არ დგება“, - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე დააყენა და იგი „მტკიცედ უარყოფდა, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის და ამტკიცებდა, რომ ასეთ მიწოდებებს ადგილი მხოლოდ რუსეთის თავდასხმამდე ჰქონდა”. ბორელმა ასევე მოუწოდა ირანის ხელისუფლებას შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა და რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. „რუსეთის მხარეს გადასვლა და პროტესტების მიუღებელი დაშლა უშედეგოდ ვერ დარჩება. სწორედ ამიტომ, წინა კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო რუსეთისთვის დრონების გადაცემის საპასუხოდ, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო”, - განაცხადა ბორელმა. იპნ
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას უგზავნის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გაუგზავნოს, - ინფორმაციას TheBalticTimes-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პაკეტი ძირითადად შედგება დრონების, პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ზამთრის ფორმებისგან. „უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს. ჩვენი დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინიდან მიღებულ თხოვნას დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. მანამდე ესტონეთმა უკრაინას გადასცა Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, პირადი დამცავი აღჭურვილობა და ტაქტიკური საკვების პაკეტები. ამასთან, გერმანიასთან თანამშრომლობით, ესტონეთმა უკრაინას გადასცა ორი საველე საავადმყოფო და სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის ღირებულება თითქმის 15 მილიონი ევროა. მესამე საველე ჰოსპიტალი უკრაინას ნიდერლანდებთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით გადაეცემა, რომლებმაც პროექტისთვის 7.8 მილიონი ევრო გაიღეს. -
გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე შეფასებით, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევებისა და შეცდომების, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაუშვა. „ერთი რამ უნდა იცოდეთ - გპირდებით, დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, რომ ვინც აქ იდგა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა, ეს არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. ეს ასე იქნება, რადგან ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. დღეს გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთვის რას ნიშნავს მოიგოს 20-30 წელი? ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს ასე სწრაფად, არ იქნებოდა. ერთის მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. ისტორია ამას შეაფასებს, ამას ვნახავთ და დარწმუნებული ვარ ამაში“, - აღნიშნა გახარიამ. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან „წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში“. „ვიღაც რომ გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85-95%, სრული კონსენსუსია სად უნდა იყოს საქართველო და სად არის საქართველოს მომავლის ადგილი და უცებ ჩნდება შესაძლებლობა შემთხვევით, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და დრო მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის, იდიოტი და ამბობს, რომ „ასეთი ევროპა არ მინდა“. აბა ადამიანების იმ 85%-ს ჰკითხოს, უნდა ასეთი ევროპა თუ არა? აბა იმ 85%-ს ჰკითხოს, მათ უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა, უნდათ? პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს. ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა „მე წავედი პოლიტიკიდან“ - ის წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, რომ აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. "ინტერპრესნიუსი"
-
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერია, ევროინტეგრაციის ნაწილში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გიორგი გახარიას ვიდეომიმართვა, რომელიც გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს არის ჩაწერილი, მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. "უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30-35 წელში დაუშვა. იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი. ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობის ეს ფანჯარა არ იქნებოდა... ერთი მხრივ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი 20-30 წელი დავკარგოთ... ვიღაცა რომ გამოდის იდიოტი და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა იმ 85 პროცენტს ჰკითხოს, უნდა თუ არა ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა", - თქვა გახარიამ. მანვე ისაუბრა ამ პროცესში პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე და ამ კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი. "პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ჩემს თავსაც ამას ვეუბნები. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება", - თქვა მან. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია მიიღო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველო ომში ჩართვის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები უკრაინამ და მოლდოვამაც უნდა შეასრულონ. "რადიო თავისუფლება"
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული იერიშის გარემოებებს იკვლევს, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალად ედება შეთქმულება, გაუქმებულიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას მექანიზმი, რათა ტრამპმა მომავალში ვეღარ შეძლოს პრეზიდენტობა. კომისიას აქვს ასევე სხვა რეკომენდაციები. ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ კომიტეტის რჩევით შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ოთხ მუხლის მიხედვით დაიწყოს სამართლებრივი დევნა. ამასთან, კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ტრამპმა ხელი არ შეუშალა თავის მომხრეებს, იერიში მიეტანათ კონგრესის შენობაზე. 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ამბოხების დროს და შემდგომ დაიღუპა ცხრა პირი. კომიტეტი მას მერე იძიებს ამ საქმეს. თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა კესიდი ჰატჩინსონმა, კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას ტრამპის გარემოცვა ზეწოლაში დაადანაშაულა - ანგარიშის თანახმად, ჰატჩინსონმა თქვა, რომ მას სამსახურს და ფულად მხარდაჭერას დაჰპირდნენ და მოსთხოვეს, რომ დაეკნინებინა თეთრ სახლში თავისი როლი, თავი ლოიალურად წარმოედგინა და საჯაროდ გამოსვლისას, რაც შეიძლება ცოტა გაეხსენებინა. ამის მიუხედავად, ჰატჩინსონმა კომიტეტის წინაშე გამოკითხვისას განაცხადა, რომ 6 იანვრის წინ ტრამპისთვის ნათელი იყო, რომ ძალადობის საფრთხე არსებობდა. მან ასევე დეტალურად ილაპარაკა თეთრ სახლში იმ დღეს მიმდინარე მოვლენებზე. ეს ბრალდებები ტრამპმა უარყო და საჯაროდ აუგად მოიხსენია ჰატჩინსონი. რადიო თავისუფლება
-
რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ "საქართველოს ბანკი" ანგარიშს უუქმებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა. რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშის დახურვა ამას. მიღებულ შეტყობინებაში ეწერა: "გაცნობებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილების და შიდა პოლიტიკის საფუძველზე, თქვენი ანგარიში დაიხურება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გააუქმოთ ანგარიშები ვადამდე". როგორც Paper Kartuli წერს ტელეგრამის არხზე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლებელია დაიხუროს ის ანგარიშები, რომლებზეც ბანკმა შემოსავლის წყარო ვერ დაადგინა. "საქართველოს ბანკში" დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია ბანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. კიდევ ერთ დიდ ბანკში, "თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება მათი სახელით არ დაგზავნილა. რადიო თავისუფლება -
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობას 49 დელეგატი ესწრებოდა, ახალ პრეზიდენტს კი ხმა 48 დელეგატმა მისცა. განვლილ პერიოდზე, განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე ისაუბრა გია გიორგაძემ, რომელიც 14 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს. აკაკი იაშვილი ოთხი წელი ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია. მისი თქმით, უკვე მოხერხა შეთანხმება „სოკართან“, რომელიც კვლავ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდება. აკაკი იაშვილმა გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა. ჭადრაკის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანია, საქართველომ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრეზიდენტი ჭადრაკის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს. გია გიორგაძე ამიერიდან საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით გააგრძელებს, ხოლო გენერალურ მდივნად სოფიო გვეტაძე აირჩიეს. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
-
დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. "ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა - ეს არსად გაქრება და მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება.'', - განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
რუსი ბლოგერები და მუსიკოსები რომან კონოგრაი და რაილ არსლანოვი საჯარო ბოდიშს იხდიან კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის. "ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო, ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა", - ასეთი სათაურით სოციალურ ქსელ Youtube-ში მათ მიმართვა გაავრცელეს. მანამდე კონოგრაი და არსლანოვი 15 დეკემბერს გამოჩნდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხეშია გადაღებულია. ვიდეოში ჩანს, რომ რაილ არსლანოვი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს, რომან კონოგრაი კი კარის მეორე მხარეს დგას. 19 დეკემბერს Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კონოგრაი, ბოდიშის მოხდის გარდა, ჰყვება, როგორ მოხვდა მეგობართან ერთად ნიახურის ციხეში და რა დახვდათ ადგილზე. „მეგობრებო, მე თქვენი შეურაცხყოფა მართლა არ მინდოდა, მაპატიეთ თუ შეიძლება. ეს იყო შეცდომა! შევეცდები აგიხსნათ, როგორ მოხდა. ვიღაც ამბობს, რომ ჩვენ დავამტვრიეთ კარები. ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია. მივდიოდით კახეთში, ვიდეორგოლების გადასაღებად. გზაზე არის ეს ციხესიმაგრე. გადაღების იდეა მოგვივიდა. როცა მივედით, დავინახეთ, რომ შიგნით ცუდი ატმოსფერო იყო. იქ იყო ცხოველების ფეკალიები, საქონელი. კოშკებს იყენებენ ტუალეტად. ადგილი მიტოვებულს ჰგავდა. კარები იყო ჩამოგდებული და კედელზე მიყუდებული. მე ეს კარები დავაყენე თავის ჭრილში, არ იყო არაფრით მიმაგრებული. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ვიცინით იმიტომ, რომ მან (არსლანოვმა) ჩემ მიმართ იხუმრა. მე როგორც მივხვდი, მას საქართველოს ან ვინმეს შეურაცხყოფა არ სდომებია“, - ამბობს რომან კონოგრაი ვიდეომიმართვაში. ქართველებს ბოდიშს უხდის რაილ არსლანოვიც. "რა თქმა უნდა, ეს არ იყო იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიგვეყენებინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის. ეს იყო სულელური თამაში, რომლის დროსაც მე უნდა დამეკაკუნებინა კარებზე, მაგრამ ბოლო მომენტში მე გადავწყვიტე, კარს ფეხით მივწოლოდი, რომ მეორე მხარეს მყოფ რომანს გასჭირვებოდა კარის შეკავება. კარი, რომელიც არ იყო დამაგრებული, არ გვეგონა, რომ წარმოადგენდა ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, რადგან ის საერთოდ ახალი იყო. ყველამ იცის, რომ მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა ხალხის და კულტურის მიმართ. ბევრს ვმოგზაურობ და ვიღებ სხვადასხვა გადაცემებს სხვადასხვა ხალხის და კულტურის შესახებ. ვასრულებ სხვადასხვა ერის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ჩვენ გავხდით მსხვერპლი იმ საინფორმაციო საშუალებების, რომლებიც სიმართლეს ამახინჯებენ. სანამ დასკვნას გააკეთებდეთ, გთხოვთ, შეისწავლოთ სიტუაცია. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდით ამ ფაქტის გამო“, - ამბობს ვიდეომიმართვაში რაილ არსლანოვი. ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, გამოჰკითხეს თუ არა პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შს სამინისტრომ ამ საკითხზე გამოჰკითხა საგარეჯოს მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ძეგლი ადგილზე დაათვალიერეს. საგარეჯოს მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. ნიახურის ციხეს, რომელიც XVI-XVIII საუკუნის ძეგლია, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული სამსართულიანი ციხე საგარეჯოში საავტომობილო გზასთან ახლოს, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. რადიო თავისუფლება
-
თბილისში 45 წლამდე კაცი მოკლეს. როგორ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.
-
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან. სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს. სულ ახლახანს, საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. შედეგად, ბაქტერიოფაგების საწარმოს გადაიარაღება და ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა მოხერხდა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. „ბიოქიმფარმი“ ფაგების პრეპარატების პირველ ინდუსტრიული მასშტაბის საწარმოა საქართველოში, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს სრულად აკმაყოფილებს. მისი განახლების პროცესში, ევროკავშირთან ერთად, EBRD, FAO, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობდნენ. „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი განმარტავს, რომ, ამ პროექტით, კომპანია საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის, რის შედეგადაც, ფაგები, მთელ მსოფლიოში, მილიონობით პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი – პრეპარატების ექსპორტი 80 ქვეყანაშია დაგეგმილი. „საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნავს რატი, რომელიც ცდილობს, ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, წარმოების პროცესში ინოვაციური მეთოდები შეიტანოს და თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს. კომპანიამ მხარდაჭერა ევროკავშირის ორი პროგრამის ფარგლებში მიიღო – EU4Business-EBRD Credit Line-ის მეშვეობით მხარდაჭერილი სესხი, რომელიც EBRD-ს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის, „პროკრედიტ ბანკის“ მიერ გაიცა, წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP – კარგი საწარმოო პრაქტიკა) შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად, რაც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის სავალდებულოა. ამასთან, ევროკავშირი დამატებით გადასცემს გრანტს კომპანიას, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში. FAO-სგან კი კომპანიამ, ENPARD-ის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, €125,000-ს მოცულობის, შესაბამისი გრანტი მიიღო, რომელიც ფაგებზე დაფუძნებული, ბუნებრივი ანტიმიკრობული პრეპარატის – „PowerPhage“-ის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, „ბიოქიმფარმი“ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასაც უწყობს ხელს. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია „PowerPhage“-ის წარმოების 300%-ით ზრდას შეძლებს. პრეპარატი საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიასა და მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკებს ანაცვლებს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითო იქნება. „კომპანია ბაზარს სრულიად ახალი პროდუქტებით ამარაგებს, რომლებიც ანტიბიოტიკების ალტერნატივას წარმოადგენს. ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა და მე ვამაყობ, რომ, კომპანიისთვის დაფინანსების უზრუნველყოფით, ევროკავშირი ამ ამბის ნაწილია. კომპანიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ინოვაციური პროდუქტი ანტიბიოტიკების ალტერნატივა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გახდება“, – განაცხადა ელჩმა. „ამ საწარმოს მეშვეობით, საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში“, -ფიქრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. „მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. მეცნიერები ყველაზე უფრო მეტ პერსპექტივას ზუსტად ბაქტერიოფაგებში ხედავენ, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განმარტავს მინისტრი. „ბიოქიმფარმის“ ახლადმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწრმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა. ამ ეტაპზე, „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, 60-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 2 საერთაშორისო პატენტს ფლობს. თუმცა, თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე საწარმოს წინ კიდევ არაერთი გეგმა და მიზანი აქვს. მთავარი კი, კვლავაც, ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივის შექმნა და მსოფლიოსთვის მიწოდებაა. ასე აგრძელებს განვითარებას კომპანია, რომლის წარმოებული პროდუქტიც, ევროკავშირის მხარდაჭერით, მალე მსოფლიოს 80 ქვეყანაში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. პუბლიკა
-
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია. ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ავტორი - თეა აბსარიძე
-
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც. „დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ავტორი - მაკა ხარაზიშვილი
-
რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსთავის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. ახალი ბიუჯეტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით განისაზღვრა. საწყისი ბიუჯეტი წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია. დამატებულია ასევე ჯანდაცვის ორი ახალი პროექტი. ბიუჯეტის პროეტის განხილვა კომესიებსა და საკრებულოს გასულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პირველ მოსმენაზე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ პროექტს მხარი არ დაუჭირა და უკან დააბრუნა. ამჯერად კი, საკრებულოში წარმოდგენილმა ოთხივე პარტიამ ბიუჯეტს მხარი ერთხმად დაუჭირა. ავტორი - რუსუდან ლოლაძე -
კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის განახლების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებზე მიწვევა არის მხოლოდ მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა. სტოლტენბერგის მოსაზრებით, რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა სამხედრო ძალებს საშუალება მისცეს, გადაჯგუფდნენ, ხელახლა შეიარაღდნენ, რომ შეტევა განაახლონ. „ომი სწორედ პუტინმა დაიწყო. მას შეუძლია, ომი დღესვე დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ის ახლა არ აჩვენებს ნიშანს, რომ ეძებს ნამდვილ მშვიდობას. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება და ზელენსკიმ თავისი სამშვიდობო გეგმა ჩამოაყალიბა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ის, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, გზავნილი რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის იქნება, რომ ძალა მათ მისცემს იმას, რაც სურთ. ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება. ეს ასევე გახდის მთელ სამყაროს უფრო სახიფათოს და ყველა ჩვენგანს – უფრო დაუცველს. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი ამ ზამთარში და იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – წერს სტოლტენბერგი. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში წარადგენს სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება. „უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში დიპლომატები აცხადებენ, რომ ზელენსკის გუნდი ახლა კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს. მისი წარდგენა კი 2023 წლის 24 თებერვალს იგეგმება. ამასთან, როგორც აშშ-ის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინის პოზიცია, რა დროსაც კიევი მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას მოითხოვს, დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინა. აღნიშნული წინადადების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აშშ-ში განიხილება ომის დასრულების სამი ვარიანტი. ესენია: რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვება, ყირიმის ჩათვლით, რუსი სამხედროების 2014 წლამდე პოზიციებზე დაბრუნება ან მათ მიერ დონბასის დატოვება და არა – ყირიმის. თუმცა როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ბოლო ორ ვარიანტზე უკრაინა თანახმა არ არის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის დეტალები „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად განიხილა. მისი თქმით, ეს „კარგი დასაწყისია“.
-
პენტაგონში Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების შეერთებულ შტატებში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაწვრთნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Politico აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წვრთნები ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის უამრავი სისტემის გამოყენებაზე გაიარეს, მათ შორის აშშ-ის წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ამ დრომდე არცერთი წვრთნა არ ჩატარებულა. ერთ-ერთი წყაროს განმარტებით, ლოგიკური იქნებოდა წვრთნის ჩატარება ფორტ სილის ბაზაზე, ოკლაჰომაში, სადაც ინსტრუქტორებისა და აღჭურვილობის უმეტესობაა განთავსებული. წვრთნის ჩატარება შესაძლებელი იქნება ევროპაშიც, თუმცა ეს ლოჯისტიკური თვალსაზრისით უფრო რთული იქნება. იპნ
-
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება. როგორც სილაგავამ განმარტა, საქართველოში ხორბლის მარაგები არსებობს. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება,“ - აღნიშნა სილაგავამ. მისივე თქმით, მდგომარეობა სტაბილურია ასევე პურის ფასის მიმართულებითაც. ლევან სილაგავას განმარტებით, პურის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, კიდევ ერთი გამოწვევა პურის მწარმოებელთა კომპანიებში დასაქმებულების ანაზღაურებას და სფეროდან კადრების გადინებას უკავშირდება. „ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები. ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება,“ - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე. ინტერპრესნიუსი