-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 26 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელმწიფოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრეპარატ Voxzogo-ს დაფინანსება. დაპირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო მათ უარს ეუბნება: უწყების თქმით, სახელმწიფოს მიერ, ეს მედიკამენტი, ჯერ არც ერთ ქვეყანაში ფინანსდება და მას, უფასოდ, მხოლოდ კვლევებში ჩართული პაციენტები იღებენ. უწყება ამტკიცებს, რომ ჯერ არც ამ პრეპარატის კვლევა დასრულებულა. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან სალომე გაბელაშვილის ორი წლის შვილს, გაბრიელს, აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაბადებამდე დაუსვეს. მომავალ დედას მანამდე არც სიტყვა - აქონდროპლაზია გაეგონა და არც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი ენახა. 23 კვირის ორსული იყო, როდესაც რადიოლოგმა დაეჭვებით უთხრა, რომ ბავშვს „პატარა მენჯ-ბარძაყი ჰქონდა“. რამდენიმე კვირაში კი, გაბრიელის მშობლებს ექიმებმა აქონდროპლაზიის ნავარაუდევი დიაგნოზი საბოლოოდ დაუდასტურეს. სალომე გაბელაშვილი, გაბრიელის დედა სალომე მაშინვე ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ჯგუფში გაწევრიანდა, რომ ყველაფერი თავიდანვე სცოდნოდა. და როცა პრეპარატ Voxzogo-ს (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა, სალომესაც, სხვა მშობლების მსგავსად იმედი მიეცა. ამ წამალმა 2021 წელს გაიარა ავტორიზაცია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციასა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) და ის პირველი პრეპარატია, რომელსაც აქონდროპლაზიის და მის შედეგად გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ. მშობლები ამბობენ, რომ ერთი ბავშვისთვის ამ წამლის ერთი წლის დოზა, დაახლოებით, 200 000 დოლარამდე ჯდება. სწორედ ამიტომ სთხოვეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობლებმა დახმარება სახელმწიფოს. ეს წამალი დღეს საქართველოში 12 ბავშვს სჭირდება. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებს საქართველოს სახელმწიფო არ აფინანსებს. აქონდროპლაზია არც ჯანდაცვის სამინისტროს „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამაში ზის. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერის სახელზე წერილს წერენ, თბილისი, 26 დეკემბერი, 2022 აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს აქვს და დიაგნოზის მქონე პაციენტების 80%-ს მდგომარეობა სპონტანური მუტაციის შედეგად უვითარდება. ამ დიაგნოზის დროს ბავშვების სიმაღლე დაბადებისას ნორმალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება: ტანი ეზრდება, მაგრამ კიდურები - ხელები და ფეხები მოკლე რჩება. თუმცა მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ ამ ბავშვების სიმაღლე. აქონდროპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გადაჭარბებული შიდა მრუდი (ლორდოზი), ტვინში სითხის დაგროვება (ჰიდროცეფალია), სუნთქვის გაძნელება, შუა ყურის ხშირი ინფექციები და სხვა მრავალი გართულება. მათ შორის, წონის ზეწოლის შედეგად, ქვედა კიდურების გამრუდება. ორი წლის გაბრიელს მარცხენა ფეხზე ეს ცვლილება უკვე ეტყობა. წამალი კი, რომელსაც ახლა მშობლები ითხოვენ, გარდა იმისა, რომ ზრდაში ეხმარება ბავშვებს, მათი ჯანმრთელობის პრობლემებსაც მნიშვნელოვნად აგვარებს. „ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ეს პრეპარატი მხოლოდ სიმაღლეში ზრდისო. მხოლოდ ესეც რომ იყოს და ბავშვებს ხელები და ფეხები გაეზარდოთ და მათ შეძლონ ნორმალური სიარული, მათთვის ესეც ხომ შეღავათია? თუმცა კი, ვიცით, რომ ეს წამალი სხვა ბევრ რამეშიც ეხმარება ამ პატარებს“, - გვითხრა სალომე გაბელაშვილმა. ფიზიკური ტკივილის გარდა, ამ ბავშვებს ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვა და ბულინგის მოგერიებაც უწევთ. „ერთხელ, დაბადების დღეზე, გაბრიელს სხვა ბავშვმა უთხრა, რამხელა თავი გაქვს, არ წაიქცეო“, - იხსენებს სალომე. ეს სიტყვები მაშინ მხოლოდ გაბრიელის დედას მოხვდა გულზე, რადგან მისი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ მას მერე სულ იმაზე ეფიქრება, რა იქნება მომავალში, როცა გაბრიელი გაიზრდება და თავადაც გაიაზრებს, რომ ის სხვებს არ ჰგავს. მაგრამ გაბრიელის ასაკი ახლა სწორედ ის უპირატესობაა, რისი იმედიც აქვთ მის მშობლებს: თუ ეს წამალი - Voxzogo, გაბრიელისთვის ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ის სამი წლისა შესრულდება, მისი ზრდის და შესაბამისად, უკეთ ყოფნის შანსიც მეტი იქნება. ამ წამლის კვლევის დასრულებას და მის დამტკიცებას ცხრა წელი ელოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე, 13 წლის ზაკო მუშკუდიანის დედა, ქეთი ბეგიაშვილიც. ქეთი ბეგიაშვილი, ზაკოს დედა ქეთი ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში ასეთი ბავშვებისთვის ბრძოლა დაიწყო. „თუ ჩემი შვილისნაირ ბავშვს ქუჩაში ვხედავდი, პირდაპირ ვაჩერებდი მათ მშობლებს, ვეცნობოდი და ყველაფერს ვეკითხებოდი“, - იხსენებს ქეთი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მოგვიანებით ქეთიმ და რამდენიმე მშობელმა ორგანიზაციაც შექმნეს, რომელსაც „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დაარქვეს და ამ ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაც ერთად გააგრძელეს. თუმცა მანამდე, 13 წლის წინ, როცა ქეთიმ თავისი პირველი შვილის იშვიათი დაავადების შესახებ პირველად გაიგო, არც ამ დიაგნოზს აღიარებდა, არც არაფერს კითხულობდა. დღეს ამბობს, რომ პირველი ომი საკუთარ თავს სწორედ მაშინ მოუგო და აქონდროპლაზიაზე ინფორმაციის მოგროვება დაიწყო. ზაკოს უკეთ ყოფნისთვის ყველა შესაძლო მეთოდი სცადეს, ყველა ცნობილ თუ უცნობ ექიმს მიმართეს. სწორედ მაშინ, როცა ბავშვი ოთხი წლისა იყო, ქეთიმ პირველად შეიტყო, რომ ამერიკაში ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანია იწყებდა პრეპარატის კვლევას, რომელიც, შესაძლოა, მის შვილს დახმარებოდა. მას მერე ცხრა წელი გავიდა და როგორც ახლა ქეთი იხსენებს, ამ ცხრა წელში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ გამუდმებით არ ემოწმებინა, რა ეტაპზე იყო კვლევის პროცესი. „ვწერდი, რომ მე ვცხოვრობდი პატარა ქვეყანა საქართველოში. მპასუხობდნენ, სამწუხაროდ, თქვენს ქვეყანაში ცენტრი არ გვაქვს, მაგრამ აქ რომ იყოთ, თქვენს შვილსაც ჩავრთავდით კლინიკურ კვლევებშიო. ვკითხულობდი, რომ ბავშვებს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ და მაინც მოუთმენლად ველოდი ამ წამლის დამტკიცებას“, - იხსენებს ქეთი ბეგიაშვილი. როცა 2021 წლის ნოემბერში, ქეთიმ გაიგო, რომ პრეპარატმა ავტორიზაცია გაიარა და 3-დან 14 წლამდე ბავშვებში კვლევაც დასრულდა, მაშინვე სხვა მშობლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს და იშვიათი დაავადებების ფონდს მიმართა. პრემიერს წერილი გაგზავნეს, პეტიცია მოამზადეს, საინფორმაციო კამპანია დაგეგმეს... მოითხოვდნენ, რომ ეს დაავადება მომავალი წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ. დაპირებაც მიიღეს. იმედი კიდევ უფრო გაიზარდა, როცა შეიტყვეს, რომ იშვიათი დაავადებების ფონდის ბიუჯეტი 2023 წლიდან, 22-დან 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა. „ვიცოდით, რომ თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეპარატის ფასზე ჰქონდა მოლაპარაკება. ძალიან ველოდით და უცებ ყველა დადუმდა“. როცა პასუხები მოითხოვეს, მშობლებს ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ სამკურნალო პრეპარატის „ვოქსზოგოს“ (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) ეფექტურობის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის და მედიკამენტმა, ავტორიზაცია, 2021 წელს, დაჩქარებული წესით მიიღოო. უწყების პასუხში ასევე ეწერა, რომ კვლევებით: არ დასტურდება პრეპარატის ეფექტურობა და ზეგავლენა სიცოცხლის ხარისხზე ხანგრძლივი თერაპიის პირობებში. დადასტურებული არ არის აქონდროპლაზიისთვის დამახასიათებელ გართულებებზე მედიკამენტის დადებითი ზემოქმედება. კვლევის ამ ეტაპზე გამოხატულია „ვოქსზოგოს“ მოქმედების საკმაოდ საყურადღებო გვერდითი ეფექტები. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეპარატის საბოლოო ავტორიზაციისთვის, დამატებითი კვლევები ბრიტანეთის, იაპონიის, ამერიკის, გერმანიის, თურქეთის, ავსტრალიის, ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. მათივე განცხადებით, მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არც ერთ ქვეყანაში არ ფინანსდება და უსასყიდლოდ, პაციენტები მხოლოდ კვლევების ფარგლებში იღებენ. „ვოქსზოგოს“ სტანდარტულ სამკურნალო პროგრამაში ჩართვას კვლევებში მონაწილე ქვეყნები განიხილავენ მხოლოდ ხანგრძლივი ეფექტების შეფასების კვლევების დასრულების შემდეგ“, - წერს ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა ეს პასუხი არ არის სარწმუნო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისათვის. 26 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან მისულებმა, მათ პრემიერს კიდევ ერთი წერილი მისწერეს და მოითხოვეს, დაინტერესდეს ამ საკითხით. თქვეს, რომ ისინი დაწყებულ ბრძოლას არ შეწყვეტენ. რაც უფრო დიდხანს არ იქნება წამალი, მით მეტ დროს და უკეთ გახდომის შანსს დაკარგავს 13 წლის ზაკო მუშკუდიანი. ეს, მისი დედის, ქეთი ბეგიაშვილის თქმით, მისმა შვილმაც კარგად იცის. მაგრამ თუ სახელმწიფო დააფინანსებს ზაკოს (და კიდევ რამდენიმე ბავშვის) ამ პრეპარატით მკურნალობას: "და თუ მას თუნდაც ხუთი სანტიმეტრით გაეზრდება კიდურები, ის ფსიქოლოგიურად მაინც გაძლიერდება და იტყვის: დედაჩემმა და ჩემმა სახელმწიფომ იმდენი მაინც შეძლეს, რომ მე ეს წამალი მაინც მივიღეო“, - ამბობს ქეთი. ამის ნაცვლად, ზაკომ წინასაახალწლოდ თქვა: „რა მოხდებოდა, ცოტა პატარა ნაძვის ხე დაედგათ და ჩვენ, ბავშვებს დაგვხმარებოდნენ“. ეკა ქევანიშვილი რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2008 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვის და სხვა სოციალურ საკითხებზე. kevanishvilie@rferl.org
-
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნებათ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებაში "ელჩების კონფერენცია-2022"- ის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა არმონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტავს და აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას. "დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ, 2023 წელს უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას",- აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიდიოდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი დარიცხული 1260 ლარი. იყო სპეკულირება, რომ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს არის დაბალი იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, თუმცა არის მინიმალური და არა ფიქსირებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
-
საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას. კახა კალაძემ აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. „ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. იპნ
-
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაია ომიაძე ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. მაია ომიაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, უხელმძღვანელოს ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. „საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია – ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ. -
უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და უკრაინაში ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობისა და ძალადობის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. „ჰუმანიტარული იმპერატივია, რომ ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და დაჩაგრეს. ბევრს გამოუცდია საშინელი რამ, რამაც ისე შეაშინა, რომ კარის დაკეტვაზეც კი კანკალებს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ სასტიკმა ომმა, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, გამოიწვია უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა, ასევე შიში იმისა, რომ საომარი მოქმედებები გავრცელდება. ავტორი - გივი ბარამიძე
-
რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. მისი მოსაზრებით, საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა „სამართლიანი ნაბიჯი“ იქნება, რადგანაც „ქვეყნიდან წასული რუსეთის მოქალაქეები დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, ასევე სარგებლობენ საკანონმდებლო შეღავათებით“. 1tv
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
-
უკრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი, არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის თავისივე წამოწყებულ ომში დამარცხდება, უკვე აღარ წარმოადგენს ტაბუს საერთაშორისო დიპლომატიისთვის. „ეს საკითხები ჯერ არ განიხილება პრესკონფერენციებზე და მსოფლიო ლიდერების საჯარო განცხადებებში, მაგრამ ერთი დონით დაბლა ამ საკითხზე საუბრობენ. კერძოდ, როგორი უნდა იყოს რუსეთი, რომ ის მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულებამ. ავტორი - ლევან ახალაია
-
მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია. აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპოვების პროცესი გააპროტესტეს. ავტომაგისტრალზე მყოფი აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები ამბობენ, რომ სომხეთის უკანონო ქმედებას აპროტესტებენ, თუმცა გზა რუსმა სამშვიდობოებმა გადაკეტეს. 1ტვ
-
რუსეთი ფიქრობს უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, ბოლო დარტყმის დროს რუსეთს ჰქონდა ყველა ტიპის 460-500 ფრთოსანი რაკეტა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მოუწოდა უკრაინელებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები უახლოეს დღეებში. „ვთქვათ, გაუშვეს 150 რაკეტა, 140-120 ჩამოვგდეთ, 30 გაფრინდა. პრინციპში, დიდი ზიანი იქნებოდა… რუსები ფიქრობენ და გეგმავენ კონკრეტულ სარაკეტო დარტყმას ყველაფრით, რაც აქვთ, ეს იქნება ჩვეულებრივზე ცოტა ეფექტური, მაგრამ ვერ მიაღწევს მიზნებს. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში რაკეტების მარაგი დაუყოვნებლივ შემცირდება მესამედით. ბუნდოვანი პერსპექტივაა. თუ ირანული რაკეტები იქნება, დიახ, გაჩნდება ხანძარი. ჩვენ გავუმკლავდებით მათ და მათ შედეგებს, მაგრამ ისინი უფრო მძიმე იქნება. მცირდება რაკეტების რაოდენობა, მცირდება თვითმფრინავების წილი“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში განიხილონ, ეს სწორია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილული. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. საერთოდ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი და შესაძლებელია თუ არა მისი საქართველოში მკურნალობა? სპეკულაციების იმხელა სივრცეა, ვეღარ არკვევ. აპრიორი კითხვად რატომ აყენებთ იმას, რომ ან გადაყვანა, ან სხვა არაფერი. ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის თემა მუდმივად აქტუალური იყოს და მას ამაში ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობაც“. ხელისუფლებას ყველაზე მეტად აწყობს, ქვეყანაში სააკაშვილის თემა იყოს ნომერ პირველი საკითხი 2024 წლამდე. რა თქმა უნდა, სამედიცინო საკითხების გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს. „პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იპნ
-
წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია. პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცნობებს სამხედრო ობიექტზე მომხდარი "შემთხვევის" შესახებ, ძალოვანი სტრუქტურები ამოწმებენ. ბუსარგინმა „ქვეყნის საზღვრებიდან შორს შექმნილი თავხედური ტყუილი“ უწოდა ცნობებს ენგელსიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 5 დეკემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინიდან 700 კილომეტრით დაშორებული სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში და ასევე, რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რადიო თავისუფლება
-
რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად თბილისს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, გალუზინი იმეორებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა „ტრადიციულ“ განცხადებებს, რომ „მდგრადი კავშირები მთლიანად შეესაბამება რუსეთის და საქართველოს ხალხთა ინტერესებს“ და, რომ „მათ აერთიანებთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები და მილიონობით ადამიანის ბედი“. გალუზინის განცხადებით, რუსეთში “ცხოვრობს და საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას ახდენს ასეულობით ათასი ეთნიკური ქართველი და ბოლო დროს იზრდება საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რიცხვიც“. გალუზინის თქმით, 2012 წელს, რუსეთმა „უყოყმანოდ დაუჭირა მხარი თბილისის მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციისთვის და ამჟამადაც, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო კონიუნქტურა მარტივი არ არის და დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, რუსულ-ქართული ურთიერთქმდება ვითარდება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად მოიყვანა ის, რომ ამ წლის 11 თვეში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 1.5-ჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და იზრდება ტურიზმის და ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებიც. მიხაილ გალუზუნის განცხადებით, რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში „დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება“. რაც შეეხება დილომატიურ ურთიერთობებს, გალუზინის განცხადებით, ეს ურთიერთობები 2008 წელს გაწყდა თბილისის ინიციატივით, რომელიც აღდგენის შესაძლებლობას უკავშირებს პოლიტიკურ მოთხოვნებს. რუსი დიპლომატის თანახმად, ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება „რეგიონში ახალ რეალიებს“, ამიტომ „ბურთი ისევ ქართულ მხარესაა“. მოსკოვი „ახალ რეალიებად“ მიიჩნევს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთმა საქართველოს ეს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა, აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს. 2024 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი. ნაწილმა ბიზნეს საქმიანობა საქართველოდან გააგრძელა. მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა შემოდგომიდან, როცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა. რადიო თავისუფლება -
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიითა და ტანკებით უტევდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 5 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 9 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის თავმოყრის 2 რაიონი. -
ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების ზეიმით უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით იყვნენ. „მინდა, მე და თქვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ – ერთად მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ დღეებშიც და ნებისმიერ სხვა დროს აკეთებს ყველაფერს, რომ მე და თქვენ ვიცხოვროთ. ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით ჩვენს ქვეყანაში. მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს – ყველა სამხედროს. საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, მეზენიტეებს, მზვერავებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს, ტერიტორიულ თავდაცვას, საზღვაო ძალებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და მეზღვაურს, ყველა სერჟანტსა და ათისთავს, ყველა ოფიცერსა და გენერალს, ვისაც ფრონტი უჭირავს და ცდილობს მის გადაადგილებას – ჩვენს საზღვრამდე, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არემონტებს და აწვდის აღჭურვილობას. ყველას, ვინც მოხალისეა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ექიმს და ყველას, ვინც ბრძოლის ველზე დაჭრილებს მკურნალობს. მადლობა ყველა მედდას, ვინც თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში თავდაუზოგავად აკეთებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა მივიდა ხერსონში დასახმარებლად. შობის დღესასწაულზე ტერაქტისგან დაჭრილების გადასარჩენად… არტილერია და ნაღმტყორცნები ხერსონის ჩვეულებრივი ქუჩების წინააღმდეგ… არაადამიანები! ჩვენ ყველა რუს მკვლელს ვიპოვით. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამისთვის მუშაობს: ყველა საგამოძიებო ჯგუფს, ყველა პროკურორს, თანამდებობის პირებსა და დიპლომატებს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში. 2022 წელს იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 50 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი – კორტზე გამომუშავებული ჰონორარი. ოსაკა ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი. Forbes-ის სიაში მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს, რომელმაც 300 ათასი საპრიზო თანხა მიიღო და ამას დაემატა 41 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებისგან. მესამე ადგილზეა ჩინელი ფრისტაილისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ეილინ გუ. მისი წლიური შემოსავალია – 20.1 მილიონი დოლარი (100 ათასი საპრიზო და 20 მილიონი – კონტრაქტები). TOP10-ში მოხვდნენ: ჩოგბურთელებნი ემა რადუკანუ (18.7 მილიონი), იგა შვიოტეკი (14.9 მილიონი), ვინუს უილიამსი (12.1 მილიონი) და კორი გაუფი (11.1 მილიონი), ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი (10 მილიონი), ჩოგბურთელი ჯესიკა პეგულა (7.6 მილიონი) და გოლფისტი მინჯი ლი (7.3 მილიონი). ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
-
ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს. "ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება" - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად. შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვები - ინფექცია შეხვდა 248 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის 18 პროცენტს. საავადმყოფოების გადავსების ფონზე, სპეციალისტები შიშობენ, რომ დაიღუპება ასი ათასობით ადამიანი. რადიო თავისუფლება
-
ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქაზე მეტი შეაგროვა უკრაინელთა დასახმარებლად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად. კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა. radio tavisupleba -
ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა კიდევ 40 მილიონი ევროთი გაიზრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. „მომავალ წელს დაგეგმილი მხარდაჭერა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია ახალი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეძენა, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში და უკრაინელებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა მინისტრმა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ლიეტუვის არმიის გადაიარაღება და მოდერნიზება მოახდინონ, რის შემდეგაც შეეძლებათ გარკვეული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას. interpressnews
-
ოლექსი რეზნიკოვი - რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი. რეზნიკოვი „ტვიტერზე“ ეხმაურება ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთადერთი ეკლესიის დაბომბვას და აცხადებს, რომ რუსებისთვის არ არსებობს არც რელიგიის პატივისცემა. „ერთადერთი ეკლესია სოფელ კისილივკაში (ხერსონის რაიონი) სრულად განადგურდა რუსული დაბომბვის შედეგად. ჰააგის IV კონვენცია რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს იცავს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი და არც რელიგიის პატივისცემა”,- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. IPN -
ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს. „გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო. სწორედ ამიტომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთო გერგოთ და მიხედვად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ. ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება. მსოფლიოს, ევროპისა და სრულიად საქრისტიანოსათვის ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინაში, ევროპის გულში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქებსა და სოფებს ანადგურებს გვახსენდება 2008 წლის ომის დროს თქვენი ღვაწლი, როდესაც უდიდესი დათმენით შეხვდით საქართველოს თავსდამტყდარ განსაცდელს. შებრძანდით საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ცხედრები გამოასვენეთ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქართველი ერის მტერზე სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების, არამედ სრულიად საქრისტიანოს მსოფლიოს პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერების პატივისცემა დაიმსახურეთ. რომის პაპის თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, წელს სიქსტის კაპელაში უძველეს ქართული საგალობლებთან ერთად თქვენი შექმნილი საგალობლებიც გაისმა,რაც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ოქროს ფურცლად ჩაიწერა. თქვენი მოღვაწეობთ დაიმსახურეთ გულწრფელი სიყვარულ როგორც საქართველოში, ის ემიგრაციაში. ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობას და ჯანის სიმრავლეს“, - წერს პრეზიდენტი წერილში. IPN
-
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.