Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. "45 წლის ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა. კერძოდ, გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 44 წლის ე.შ-მ და 36 წლის ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ, გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანახმად, კიდევ ერთი ბრალდებულია 29 წლის ბ.ბ. "29 წლის ბ.ბ-მ ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბერში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა", - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანახმად, სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ. დანაშაულში მხილებულ 6 პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  2. თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა. "გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება, არც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის ღირსეული ადამიანი", - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ, რა დროსაც მისკენ ირაკლი ეძგვერაძე წავიდა. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის დაიწყო გინება და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თბილისის საკრებულოში დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენდნენ. დღესვე განიხილება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი.
  3. პოლიტიკოსებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ოთხშაბათს, 21 დეკემბერს GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში სტუმრად იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარე გიორგი გახარია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/gipa.ge/videos/6359308654097269
  4. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე, მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ვიქტორ ორბანი ირიბად მოუწოდებს, გამოიწვევდა რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის. უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მას მშვიდობა. თუ პასუხი დადებითია, უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და გაიყვანოს ჯარები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  5. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკო-ს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. რაც შეეხება ცესკო-ს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ სამი კანდიდატი, რომელთაგან ორ კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკო-ს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. „ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გააგზავნონ ელფოსტაზე – info@president.gov.ge. ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვე წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.
  6. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა. რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს. „ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთავარი საკითხი არის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირება, ზოგადად, და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ყარაბაღთან“, – განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთისთვის ახლა მთავარ და ოპერატიულ საკითხს წარმოადგენს ე.წ. ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისი.“ შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრიდან ე.წ. ლაჩინის დერეფანი, რომელზეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებს აქვთ ჩაკეტილი, რომლებიც ბუნებრივი რესურსების საბადოების უკანონო ექსპლუატაციას აპროტესტებენ. ერევანში აცხადებენ, რომ გზის ბლოკირების გამო ყარაბაღში მოსახლეობას პროდუქტები და მედიკამენტები არ მიეწოდება, რაც ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს. ავტორი - ლევან ახალაია
  7. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  8. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება. „ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“. იპნ
  9. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა. როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება. „წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ და ჩვენმა უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ დასაქმება სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოზე. ეს მათი შემოსავლის ზრდას და ქვეყანაში თანხების შემოდინებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. იპნ
  10. მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდოდ, ექსპერტიზისთვის გადასცა ის. მანამდე დმიტრი გულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ „აფხაზეთის ეროვნული“ ბანკის საცავიდან დაიკარგა პაბლო პიკასოს ლანგარი და ფერნან ლეჟეს ორი ნამუშევარი. ლეჟეს ნამუშევრებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის სამინისტროში მიაგნეს, პიკასოს ლანგრის ძებნა კი გრძელდებოდა. დაურ კოვე ამბობს, რომ პიკასოს ლანგარს უკან დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზა უკვე „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ჩაუტარდება. „ჩვენ ექსპერტიზის დოკუმენტები არ გვაქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს, სავარაუდოდ, არის პიკასოს თეფში და ფერნანდ ლეჟეს ნახატი“, - ამბობს კოვე. ექსპონატების შეფასებაში რუსი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა იგეგმება. რადიო თავისუფლება
  11. თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში. ოფიციალური ვერსიით, ჩერნოვოლცევი საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიაში გაუშვეს, მაგრამ The Insider-ის წყაროს ცნობით, კრემლში უკიდურესად უკმაყოფილო იყვნენ უწყებიდან მონაცემთა ბაზის ძალიან ხშირი გაჟონვით. სხვა ანონიმმა თანამოსაუბრემ გამოცემას უთხრა, რომ ჩერნოვოლცევი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა კიევში, „ძალიან განიცდიდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებას და მეგობართა წრეში არ მალავდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორის წავიდა“. ალექსეი ნავალნი მოწამლეს 2020 წლის 20 აგვისტოს. პოლიტიკოსმა თავი ცუდად იგრძნო ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავის ბორტზე. მან დაახლოებით სამი კვირა კომაში გაატარა. გერმანიაში, სადაც სამკურნალოდ გადაიყვანეს, ორგანიზმში მას „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოუჩინეს. Bellingcat-ის ჯგუფის, ასევე ჟურნალისტური გამოძიების სხვა წყაროების თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურის, "ეფესბეს", ოფიცერთა ჯგუფი მონაწილეობდა მოწამვლაში. იმავეს ამტკიცებდა ნავალნი. Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ „ეფესბეს“ ე.წ. მომწამვლელთა გუნდი მონაწილეობდა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზაზე, მწერალ დიმიტრი ბიკოვზე (ისინი გადარჩნენ მკურნალობის შემდეგ) და პოლიტიკოს ნიკიტა ისაევზე (ის გარდაიცვალა) განხორციელებულ თავდასხმაში. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ გახმაურებული მოწამვლის საქმეებში სპეცსამსახურების მონაწილეობას, მაგრამ სიმართლის დასადგენად რუსეთში სისხლის სამართლის არცერთი საქმე აღძრულა. რადიო თავისუფლება
  12. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მან წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი. "ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი, შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, მთავრობის გათვლით, ამ შემთხვევაში რამდენი იქნება უცხოური და რამდენი - სახელმწიფო ინვესტიცია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2006 წლის შემდეგ ყველაზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია (1990,5 მლნ აშშ დოლარი) 2017 წელს ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ კვარტალში იყო (2022 წლის ივლისი-სექტემბერი - 745,3 მლნ აშშ დოლარი). საქსტატის მონაცემები პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უცვლელია: "ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, გვინდა ამდენი ომით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით ამ ტრაგედიის დასრულება და შერიგება ერთიან, ძლიერ საქართველოში". მონაკო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. მისი ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი ტურიზმია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 27 დეკემბერს, ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მან ისაუბრა გაკეთებულ საქმეებსა და მომავალი წლის გეგმებზე - მათ შორის გაზრდილ სოციალურ დახმარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროინტეგრაციაზე. რადიო თავისუფლება
  13. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას. არჩევნებზე კენჭისყრის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა. ცნობისთვის, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა. ავტორი - თათია მაყაშვილი
  14. მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით. „გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე. ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი. ამას ამბობს მურუსიძე, 2006 წელს მურუსიძე იყო საქმის გამრჩევი და დღესაც ეს გვყავს სასამართლო სისტემის მეუფედ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
  15. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო. როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში. „დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩამოფრენილიყვნენ, რამდენიმე საათით გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაფრინდა. 1ტვ
  16. ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან ერთი ბაქოში გაფრინდა. რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.
  17. თურქეთში, შავ ზღვაში აღმოჩენილია გაზის ახალი მარაგი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა. თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“ ინფორმაციით, 26 დეკემბერს საღამოს, მინისტრთა კაბინეტის თითქმის 4-საათიანი სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოანმა გამოაცხადა, რომ საბადო ჩაიჯუმა 1-ში, 3023 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგი. შესაბამისად, როგორც ერდოანმა თქვა, შავ ზღვაში თურქეთის გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად თურქეთი ბუნებრივი გაზის ნაწილს რუსეთისგან ყიდულობს. თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, მომავალ წელს აპირებენ ნავთობის მოპოვების გაზრდასაც დღიური 80 ათასი ბარელიდან 100 ათასამდე. ერდოანის განცხადებით, თურქეთის საბოლოო მიზანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება და კასპიის, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევა.
  18. სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა 26 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ვუჩევიჩის თქმით, პანიკის მიზეზი არ არსებობს, თუმცა არის შეშფოთების საფუძველი. თავდაცვის მინისტრის თანახმად, როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ. სიტუაციის ესკალაციაში სერბეთს ადანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლება. სერბული მედიის ცნობით, საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა კოსოვოს არმიაშიც. ბელგრადსა და პრიშტინას შორის კონფლიქტი გამწვავდა 2022 წლის ივლისიდან, როცა კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა სერბეთიდან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების ამოქმედება და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს მოსთხოვა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა. პროტესტის ნიშნად სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების ამოქმედება გადადო. ნოემბრის ბოლოს, ევროკავშირის შუამავლობით, ბრიუსელში გაიმართა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება ისევ დაიძაბა დეკემბრის შუა რიცხვებიდან. კოსოვოელი ალბანელების მიერ სერბებთან 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობა 2008 წლიდან აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს ისევ თავის ავტონომიურ ოლქად თვლის. რადიო თავისუფლება
  19. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის დემოკრატიზაციის გზაზე უკუსვლაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე, ასოცირების პროცესის „სამეულში“, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, ლიდერის, ინიციატორის პოზიციის დაკარგვაზე. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელია იმაზეც, რაც ხდება „ჩვენს პარტნიორებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებაში“. „დღეს ვინ არის ქვეყნის არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი? ხელისუფლების რომელი ნაწილი? ვინ პერსონალურად? ადამიანების რა ჯგუფი? აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია, ცალსახად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე აღებული ცხადია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არც პრემიერ-მინისტრი, არც მითუმეტეს პარლამენტის თავმჯდომარე, სხვა არ არის ამ პროცესზე პასუხისმგებელი. ისინი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ ექვემდებარებიან ივანიშვილს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებები ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ინსტრუქტაჟის შედეგია. „ვინმეს ჰგონია ამ საზოგადოებაში, რომ რეალურად ბატონი სუბარი და ბევრნი [„ხალხის ძალის“ წევრები] თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს? ეს ხომ პირდაპირი ინსტრუქტაჟის შედეგია, რაც ხდება ხომ?!“ - აღნიშნა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას მიერ თავისი პარტიის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებებს, სამთავრობო ექსპერტებიდან დაწყებული სახელისუფლებო პირებით დასრულებული, რეაქციების მთელი კასკადი მოჰყვა. „ამ თემაზე რეაქციების ეს ხარისხი გამოხატავს პირველ რიგში იმას, რომ ეს პოზიცია აბსოლუტურად ასახავს რეალობას. გეტყვით რატომ - მათ ძალიან კარგად, მკაფიოდ იციან, რა ინფორმაციის მატარებელია გიორგი გახარია და რა დონის განსხვავებული განწყობების და აღქმების გამოწვევა შეუძლია მის მიერ წარმოთქმული მსგავსი შინაარსის სიტყვებს. იმიტომ, რომ ის იყო ამ ყველაფრის ნაწილი, ძალიან კარგად იცნობს პერსონალურადაც ბიძინა ივანიშვილს და ძალიან კარგად იცის ამ სისტემის არქიტექტონიკა, ანუ როგორ ფუნქციონირებს. მაგ რეაქციების ხარისხი პირველ რიგში იზომება, იმით, რომ ეს შეფასებები, რასაც თქვენ უწოდებთ, და ჩვენთვის ეს უბრალოდ ფაქტების კონსტატაციაა, ჭეშმარიტებასთან რაოდენ ახლოს დგას“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
  20. შეერთებული შტატების მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის დაჩქარებული განლაგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის. კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებით. შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონზე, აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს. IPN
  21. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა და მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს. „ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან. IPN
  22. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა. „მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერებულ მოსამართლეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულებაში არაჯეროვანი ჩარევის, ნეპოტიზმის და მოსამართლეების მხრიდან შემოსავლის დამალვის სავარაუდო ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიგვაჩნია. შესაბამისად, მივესალმებით პარლამენტის წევრების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული კომისიის შექმნას. გამოვთქვამთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილს და გამოვხატავთ მზადყოფნას, წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე, დავეხმაროთ დამატებითი წყაროების მოძიებაში“,- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
  23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს. საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. “ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებ-გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა პრეზიდენტისთვის სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. "საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
  24. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები. სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს. ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ხელს არ შეუშლის.
  25. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში. "ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. რადიო თავისუფლება ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაარკვიოს, რამ შექმნა ლოგისტიკური პრობლემა - ბოლო რამდენიმე დღეა ორბელიანის ქუჩაზე საახალწლო სოფელია მოწყობილი და ამავდროულად, მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით იმართება აქციები.
×
×
  • შექმენი...