-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!" "ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი. - ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს? - ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც ის, თუ როგორ გაიზარდა ბოლო ხანებში ემიგრანტთა რაოდენობა. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო რეაქცია; ეს არის გამოძახილი იმისა, რაც საქართველოში ხდება. მიგრაციის ასეთი დიდი ტალღა ამ ქვეყანას კარგა ხანია არ უნახავს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ვხედავ, როგორ ტოვებენ ქართველები სამშობლოს და საცხოვრებლად უცხო ქვეყნებში მიდიან, ლტოლვილებად ბარდებიან. საზღვრებს მიღმა თავის დამკვიდრება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანს იმედი აქვს, რომ მისი შრომა, ნიჭი და ცოდნა უცხოეთში უფრო დაფასდება, უკეთესი მომავლის შესაქმნელად მიდის. ადამიანი, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი აქვს, ითმენს და ფიქრობს, რომ ცოტას გაიჭირვებს და სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას მომავლის იმედი გაუქრა და უპერსპექტივობის განცდა მოერია. სწორედ ამის გამოძახილია, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს სულ ცოტა, ერთი ემიგრანტი მაინც. ასეა ჩემს გარემოცვაშიც: ყოველი მეორე ან უცხოეთშია, ან წასვლაზე ფიქრობს. ეს დამთრგუნველი და დამზაფვრელი მოვლენაა ჩემთვის!.. ჩვენთან მმართველობის სტილი არ შეცვლილა, პოსტსაბჭოთა სივრცეს თავი ვერ დავაღწიეთ... ხელისუფლებაში იმ მიზნით მოდიან, რომ უკვე ნაშოვნი ფული შეინარჩუნონ და მოამრავლონ, ხალხს ყვლეფენ და მერე ამ ნაძარცვით, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით შვილებს ამერიკასა და ევროპაში უშვებენ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად. ჩვენი ხელისუფლება ხალხს არ ემსახურება, რაც ნამდვილად არ არის განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა. დიდ დროსა და უამრავ ადამიანურ რესურსს ვკარგავთ, რომელიც ამ ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც გაიაზრებდა, რომ ქვეყნის მსახური უნდა იყოს და არა - ბატონ-პატრონი. მოკლედ, დასავლური ტიპის მმართველობა ჯერ არ გვაქვს და არც გვქონია. რა განსხვავებაა დასავლურ და საბჭოურ მმართველობას შორის? - ამის საუკეთესო მაგალითია იტალია: მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე მდიდარი და მოწინავე ქვეყანაა, ჩვენი ქალები, ჩვენი მოქალაქეები იტალიაში ჩადიან და მოხუცებს უვლიან, ანუ რიგით იტალიელ პენსიონერს საშუალება აქვს, დამხმარე აიყვანოს. ამაზე ქართველი პენსიონერების დიდი ნაწილი ვერც იოცნებებს. რატომ? - ამაზე პასუხი უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ მიერ დროებითაა დაქირავებული. - თუმცა, არჩევნებამდე თითქმის ყველა ამტკიცებს, რომ ყველაფერში დამნაშავე წინა ხელისუფლებაა... - დიახ, ასეა და ყველა არნახულ დაპირებებს იძლევა. ალბათ გახსოვთ, როგორი ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" - "საქართველო კორუფციის გარეშე"; არანაკლებ შთამბეჭდავი დაპირებები ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომელიც ლამის ამერიკული ოცნების ასრულებას გვპირდებოდა, მაგრამ ეს დაპირებები როგორ ასრულდა, ყველამ საკუთარი თვალით დავინახეთ. სწორედ ამის გამო გაჩნდა იმედგაცრუება, რომელმაც ყველა სფერო და მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა. ხელისუფლება ხალხს არჩევნებამდე ათას რამეს ჰპირდება და მერე არაფერს ასრულებს. მიგრაციის ამხელა ტალღაც ამ ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების ბრალია. ბევრს ურჩევნია, წავიდეს იქ, სადაც პატიოსანი შრომით შეძლებს, შვილებს უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნას. გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ, საქართველოში კარგი მოქალაქე რომ იყო, ეს ლამის გმირობის ტოლფასია. - კიდევ ერთ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ: რატომ მომრავლდნენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სამშობლოში ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენი ხსნა რუსეთშია? - მე მაინც მგონია, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს. სულ ახლახან, 2008 წლის ომის დროს, რუსები არ გვბომბავდნენ?!. დამოუკიდებელ საქართველოს, გარდა რუსეთისა, ომი არავისთან ჰქონია. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არც ერთ სახელმწიფოს ჩვენთვის იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც რუსეთმა მოგვაყენა. ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ ჩვენი მტერი რუსეთია და სხვა არავინ. მე მაინც მგონია, ეს ხალხი დაფინანსებულია - რუსეთი მათზე დიდ ფულს ხარჯავს. როცა შენ ირგვლივ სიღარიბე, უპერსპექტივობა, იმედგაცრუებაა და ამ დროს ვიღაც მინიმალურ დაფინანსებას გთავაზობს, მის ანკესზე წამოგება ადვილია. ჩემი აზრით, პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვი დიდი არ არის და არა მგონია, საქართველოში პრორუსული განწყობა გაიზარდოს. - ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევთ? - თუნდაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - აშკარაა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს! რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, რადგან მთელი ცივილიზებული სამყარო ამის მომხრეა. მართალია, პრორუსულად განწყობილი ქართველები ამტკიცებენ, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი უფრო დიპლომატიურად უნდა მოქცეულიყოო, მაგრამ უკრაინელებს ომი სხვის ტერიტორიაზე არ წამოუწყიათ, პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასაც ცდილობდნენ. სამწუხაროდ, რუსეთმა მაინც წაართვა მათ ყირიმი, დონბასი და ბოლოს, რუსული ჯარი კიევსაც მიადგა... როდესაც ვიღაც მოდის და თავს გესხმის, ბუნებრივია, თავს დაიცავ. იქნებ ვინმემ მიპასუხოს, უკრაინას, გარდა თავდაცვისა, სხვა რა გზა უნდა აერჩია? - რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ "ოცნების" სწორმა პოლიტიკამ საქართველო ომისგან დაიცვა? - ჯერ ერთი, რუსებს ჩვენთან ომი საერთოდ არ სჭირდებათ - აფხაზეთი და ცხინვალი უკვე "ჯიბეში" აქვთ. თანაც, არც ახალი ომის თავი აქვთ და არც - საჭიროება. ისე, დღეს საქართველოში საომარი მოქმედებები არ არის, თორემ ომში არა ვართ?! როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, როცა ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვართან ცეცხლს უხსნიან, ეს როგორი მშვიდობაა?! ამიტომ, უსაფუძვლოა ილუზია, რომ შეიძლება რუსეთი დიპლომატიით და ტკბილი სიტყვით შევაკავოთ. უბრალოდ, მათ აქ ომის დაწყება არ სურთ, რადგან ბევრ რამეს მშვიდობიანი გზებით აგვარებენ: გადახედეთ, ბოლო თვეებში რამდენი ბინა და სახლი იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში, თანაც, იმ ფონზე, როცა ქართველები ქვეყნიდან გადიან. ეს ხომ არის დასტური იმისა, რომ აქ რუსეთის გავლენა საკმარისზე მეტია?! ჩვენც, ყოველთვის იმიტომ გვსურდა დასავლური უსაფრთხოების სისტემის წევრობა, რომ ამგვარი რისკებისგან დაცულნი ვყოფილიყავით. - სამწუხაროდ, მტრის წისქვილზე ისიც წყალს ასხამს, რომ ქართველები ერთმანეთთან შუღლსა და მტრობას ვერ იშლიან... - მე არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ მტრობა და დაპირისპირება მარტო ქართველი ერის დამახასიათებელი ნიშანია. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა განსხვავებული შეხედულების ადამიანები ერთმანეთს ერჩიან და უპირისპირდებიან. ამ შემთხვევაში ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიყვან: მთელი მსოფლიო ხედავს, "ბარსელონისა" და "რეალის" ფანები ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან. ამიტომ, აზრი, რომ ცუდები მხოლოდ ქართველები ვართ, არასწორია. დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა ყველა ქვეყანაშია, ამიტომ, კოალიციური მმართველობა ყველაზე კარგი გამოსავალია. ამგვარი მმართველობის პირობებში სისტემური სახელმწიფოს აშენებას უფრო შევძლებთ; ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს და არავის აძლევს უფლებას, ხალხის ხარჯზე იცხოვროს. ყველაზე მთავარი კი იცით, რა არის? - ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს იდეა კვლავაც არსებობს და ამ იდეას უამრავი ადამიანი ემხრობა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, უფრო მდიდარ, უფრო ძლიერ და ბედნიერ სახელმწიფოში იცხოვროს. სამწუხაროდ, ბევრ დროს ვკარგავთ და ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. - ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ვაგვიანებთ? - არა, რადგან სახელმწიფოს სრულყოფა მუდმივი პროცესია და განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება. შეიძლება ვიღაცამ დროებით შეაჩეროს, შეაფერხოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც პროგრესი გაიმარჯვებს, მით უმეტეს, რომ ქართველებს ბევრი მშრომელი, წესიერი და ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ასეულობით ახალგაზრდა მიდის დასავლეთში განათლების მისაღებად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები დაბრუნდებიან და უმრავლესობა თავის ცოდნას სამშობლოს სასიკეთოდ გამოიყენებს. იმედს ისიც მაძლევს, რომ ხალხი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში მიდის და მძიმე შრომით გარკვეულ თანხას შოულობს, ისევ თავის ოჯახს აძლიერებს, თავის ფუძესა და სახლ-კარს ვერ ელევა. თუ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება გვეყოლება, 2-3 წელიწადში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ცივილიზებული სამყაროც გვერდში დაგვიდგება - აი, რატომ ვარ იმედიანად განწყობილი. ხათუნა ჩიგოგიძე
-
ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო,“ დაწერა პოდოლიაკმა, (უკრ. დროშა) „გაგაფრთხილათ“. შარშან, დეკემბერში, პოდოლიაკი გამოვიდა მოწოდებით ირანის სამხედრო საწარმოების განადგურების და მიწოდებისთვის ხელის შეშლისკენ. ირანი აღიარებს, რომ რუსეთს მიაწოდა დრონები, მაგრამ თეირანის მტკიცებით, ეს მოხდა უკრაინასთან ომის დაწყებამდე. რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარი ირანულ დრონებს იყენებს უკრაინაში, თუმცა ჩამოგდებული საფრენი აპარატების ამას ადასტურებს. ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დრონებით თავდასხმისას სამხედრო ქარხანას მცირე ზარალი მიადგა, რომ დაშავებულები არ არიან. იმის შესახებ დეტალები, რა მოხდა ქარხანაში, არ გავრცელებულა. ისპაანის პროვინციაში, რამდენიმე ობიექტია განთავსებული, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. თვითონ ქარხანა, რომელზეც მოხდა თავდასხმა, ირანის კოსმოსური ცენტრის მეზობლადაა, სადაც ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებენ. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. The Wall Street Journal-ი იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი უნდა იყოს, თუმცა მომხდარს ქვეყნის წარმომადგენლები ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ. კრემლმა დაგმო ირანის სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა და გამოაცხადა, რომ არკვევს რა მოხდა. „ყველა შემთხვევაში, ასეთი ქმედება სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, დასაგმობია“ - თქვა კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა. რადიო თავისუფლება
-
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580. რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10,408,044 ლარში და 4,395,474 - აშშ დოლარში. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა 2016 წლის აპრილში 26,560 ლარი (11,906 აშშ დოლარი) შეადგინა მაშინ, როდესაც ამავე წლის მარტში ეს მაჩვენებელი 37,363 ლარს (15,779 აშშ დოლარი) უდრიდა. 2015 წლის აპრილში კი საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 68,205 ლარი (29,535 აშშ დოლარი) იყო. BPN
-
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება. ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“. „ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდა შევიდეთ ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სტრუქტურებში“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, უკრაინამ „კოშმარივით“ უნდა დაივიწყოს პოსტსაბჭოთა პერიოდი. „ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე სახის კონტროლი ახალ, ომისშემდგომ რუსეთის ფედერაციაზე. რათა ის, რაც მოხდა უკრაინასთან, აღარ განმეორდეს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა. IPN
-
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 19 190 - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 3 უცხოური საწარმოს ფილიალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დარეგისტრირებული რუსული და ბელარუსული კომპანიების დიდი ნაწილის შემთხვევაში საქმიანობის სფერო მითითებული არ არის. მითითებულ შემთხვევებში კი, ყველაზე მეტი სუბიექტი შემდეგ სფეროებში ოპერირებს: კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები - 886 საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - 327 საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში - 96 კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები - 87 სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა - 24 სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა - 19 სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი - 16 რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები - 4 გადაზიდვის მომსახურება - 3 საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება - 2 ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა. IPN
-
აზერბაიჯანმა ირანიდან გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ირანიდან საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია. საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები თეირანიდან ბაქოში სპეცრეისით 29 იანვარს, ღამით ჩაიყვანეს. აზერბაიჯანული სააგენტოს, Trend-ის ცნობით, თეირანი დატოვა საელჩოს 53-მა თანამშრომელმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, საელჩოში დარჩა 5 ადამიანი, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობას არ განახორციელებენ და მხოლოდ საელჩოს შენობის და მისი ქონების დაცვა ევალებათ. 27 იანვარს, ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს. მოკლულია დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. დაიჭრა ორი თანამშრომელი. ირანის პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომლის ქმედება შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო პირადი პრობლემებით. ამ შეფასებას არ ეთანხმება აზერბაიჯანის ხელისუფლება. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი და გამოძიებას სწორედ ამ კვალიფიკაციით მოითხოვენ. რადიო თავისუფლება -
ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან. ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა, პუტინმა უთხრა, რომ არ სურს ტკივილი მიაყენოს, მაგრამ რაკეტით ამას სულ ერთი წუთი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ცდილობდა პუტინისთვის აეხსნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდებოდა და რომ რუსეთის შეჭრა გამოიწვევდა მის საზღვრებთან უფრო მეტ და არა ნაკლებ ნატოს. ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და კიევს ეხმარება შეიარაღებით, ფინანსურად და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებით. ომის პერიოდში, ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის რანგშიც და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც, 2023 წლის იანვარში. რადიო თავისუფლება -
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე. ასევე - 44 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ერთი და დონეცკის ოლქის ცხრა დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 2 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 2 რადიოლოკაციური სადგური და საბრძოლო მასალების საწყობი. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია. ავტორი - გივი ბარამიძე -
უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ბახმუტში, უგლედარსა და დონეცკის ოლქის სხვა მიმართულებებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას მუდმივად ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ხალხს არ ითვლის და მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, შეტევების მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებში და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები. „დღეს მე გავუგზავნე წერილი ბატონ პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია. იყო მძიმე ოლიმპიური შეცდომაც, ოლიმპიური მოძრაობა და ტერორისტული სახელმწიფოები არ უნდა იკვეთებოდეს ერთმანეთთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა. გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. თანამოსაუბრეებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. -
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიის სიუჟეტს ეხმაურება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ამასთან, უწყების განმარტებით, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია „მიროტორგი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს, გამოეხმაუროს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ამასთან, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის იმპორტი/რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში და პირიქით. ასევე მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია „მიროტორგი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 11.8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. bpn.ge
-
6 თვის წინ რუსეთმა ოლენივკაში საშინელი ტერაქტი განახორციელა. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი წააგებს ამ ომს, რადგან ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. „ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის დავიწყებას, გვახსოვს ყველა მოკლული უკრაინელი მეომარი. ვმუშაობთ ყველა იმ პირის დასჯაზე, ვინც მათ სიკვდილზეა პასუხისმგებელი. დამნაშავეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება. რუსეთი წააგებს ამ ომს! ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ შინ ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
-
ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა. ავტორი - სალომე თორაძე
-
პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას. „დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული. ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით. ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ ანგარიში გახსნა, სულ კი ამ ტურნირზე ოთხი გოლი გაიტანა. ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
-
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან. პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, არც 26 პროცენტი არის იდეალური, თუმცა, 36 პროცენტთან შედარებით, მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის. დეპუტატის თქმით, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა უკვე გაცემული სესხები, რომლებსაც პროცენტის შემცირება არ ეხება. „ვმუშაობთ, რომ იქნებ ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის შეღავათების მოძებნა მოხდეს, რათა ყოველთვიური შესატანი იმხელა არ იყოს, რომ მათ პენსიის ნაწილი სესხში არ გადაიხადონ და სესხის ძირს მოაკლდეს“, – განაცხადა იოსელიანმა. ავტორი - თეონა მანაგაძე -
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა. „ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით. „უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მრავალი მობილიზებულთაგანი ახლა სწავლებას გადის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა, ახალი შეტევების მცდელობისთვისაც“, – აცხადებს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას საჭიროებს. „თუ ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყაროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება, როგორც ევროპის სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ შორის, სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, დაარწმუნო რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა ევროპის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ავტორი - სალომე თორაძე
-
ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხორვატიაში ინფლაციის დონემ 13.5%-ს მიაღწია, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ევროზონაში. გარდამავალ 14-დღიან პერიოდში ქვეყანაში კუნა ბრუნვაში დარჩება, რომ მოსახლეობამ მისი ევროზე გადაცვლა შეძლოს. ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის პირველ ივლისს გახდა. ავტორი - სალომე თორაძე -
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
-
უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დედაქალაქის ღამის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა" - წერს Telegram-ზე ვიტალი კლიჩკო. რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია არც ახალი წლის ღამეს და არც მომდევნო დღეებში. რადიო თავისუფლება
-
დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაშია. -
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება. ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში განხორციელდა.
-
მედია - იაპონია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, რომელიც 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა Nikkei წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა უკაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს. იპნ