Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავისთვის, ანუ 24 თებერვალს დაასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთვაზე ჩვენ გვექნება სანქციების მეათე პაკეტი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია და იძულებული იქნება მისცეს უკრაინას სახსრები აღდგენისთვის. „რუსეთის სახელმწიფო სახსრები უკრაინის სასარგებლოდ დაიხარჯება. თუ როგორ გავაკეთოთ ეს, ამაზე ჩამოვყალიბდებით“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. იპნ
  2. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6474 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  3. ავსტრიამ რუსეთის ოთხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ორი მათგანი ვენაში გაეროს მუდმივმოქმედი მისიის წევრია, ორი კი - რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ. გაზეთ Kurier-ის ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა ერთ დღეში მას მერე, რაც კიევი მოინახულა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა. ავსტრიამ რუსეთის წარმომადგენლობათა თანამშრომლები უკანასკნელად გააძევა შარშან აპრილში: მაშინ რუსეთში გაამგზავრეს ვენაში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი და ერთი დიპლომატი ზალცბურგის გენერალური საკონსულოდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სარკისებურად უპასუხა ამ ნაბიჯს და ავსტრიის საელჩოს ოთხი თანამშრომელი გააძევა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-იდან და ევროპის ქვეყნებიდან რუსეთის 200-ზე მეტი დიპლომატი გააძევეს. იტყობინებოდნენ, რომ მათი საქმიანობა „ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ინტერესებს“. რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო. რადიო თავისუფლება
  4. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა - 73% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს. ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. გარდა ამისა, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. “ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ,” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი. კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41%-დან 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. “პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რო მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ.” - განაცხადა ალან გილამმა. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
  5. NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? 30 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს , რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანეს. 38 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, 18 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 13 პროცენტის პასუხია, არ ვიცი, ხოლო უარს პასუხზე 1 პროცენტი აფიქსირებს. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
  6. საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. მათივე ცნობით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. NDI-ს ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით. „სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს. იმ გამოკითხული მოსახლეობიდან, რომელიც ამბობს რომ დაუსაქმებელია, 49% ეძებს სამსახურს, ეძებს მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით - 20%, არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით -16%; დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს - 8%; ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით (ანაზღაურების გარდა) -5%“, - ნათქვამია კვლევაში. ამასთან, ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ყველაზე კრიტიკულად არიან განწყობილნი. კითხვაზე: რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემების გამკლავებას? - გამოკითხული მოსახლეობის 37% დარწმუნებულია, რომ შეძლებს; 51%- არ არის დარწმუნებული; ხოლო 12%- არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს. პატარა ქალაქებში, სოფლის ტიპისა და უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებთან შედარებით, თავიანთი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას მეტი ადამიანი აფასებს ცუდად. კითხვაზე: ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას? გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 5%-კარგად; 59%-ს დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს; 35%-ს - ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. იპნ
  7. „საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54%-ის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია, 25% მიიჩნევს, რომ ომი ვლადიმერ პუტინის ბრალია, 15%-ის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების, 8% კი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი უკრაინის ბრალია. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება, 17%-ის აზრით, ეს ქვეყანაზე დადებითად აისახება, 6% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას ქვეყანაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 57%-სთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია, 29%-სთვის მისაღებია, 13%-მა კი „არ იცის“. NDI-ის კვლევის მიხედვით, 69%-ის აზრით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს. 21% კი ფიქრობს, რომ არ უნდა შემოიღოს. სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში. დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-ს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 13%-ს კი დადებითი. რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა, 56% რუსი ხალხის მიმართ დადებითადაა განწყობილი. უარყოფითად კი 38%-ია განწყობილი. ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
  8. 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს. განაჩენის გამოცხადებას მოკლული ახალგაზრდის დედა, იზა ომაძე არ დასწრებია. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდებული. ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. იპნ
  9. უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? მაქსიმუმ სამი პასუხი, ღია კითხვა: რუსეთი – 54%; ვლადიმერ პუტინი – 25%; ამერიკის შეერთებული შტატები – 15%; ნატო – 3%; ევროკავშირი – 2%; სხვა – 2%; არ ვიცი – 17%. NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შეკითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა. თქვენი აზრით, რა სახის გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან საქართველოზე? პასუხები ამგვარია: დადებითი გავლენა – 17%; უარყოფითი გავლენა – 69%; არანაირი გავლენა – 6%; არ ვიცი – 8%. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. კითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით? მისაღებია – პასუხობს 29%; მიუღებელია – პასუხობს 57%; არ ვიცი – 13%;უარი პასუხზე – 1%. NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის: დეკემბრის კვლევის მიხედვით, პასუხები შემდეგნაირია: უნდა შემოიღოს – 69%; არ უნდა შემოიღოს – 21%; არ ვიცი – 10%. მაშინ როდესაც იმავე შეკითხვაზე, აგვისტოს კვლევის მონაცემები ასე გამოიყურებოდა: უნდა შემოიღოს – 66%; არ უნდა შემოიღოს – 23%; არ ვიცი – 11%. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ: დადებითი – 13%; უარყოფითი – 80%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 2%. NDI-ის კვლევა ამბობს, რომ, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსი ხალხის მიმართ, პასუხები ამგვარია: დადებითი – 56%; უარყოფითი – 38% ;არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 1%. გამოკითხული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის. შეკითხვაზე, – საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის/რუსი ხალხის მიმართ? – დადებითი რუსეთის მთავრობის მიმართ – 13%; დადებითი რუსი ხალხის მიმართ – 56%; უარყოფითი რუსეთის მთავრობის მიმართ – 80%; რუსი ხალხის მიმართ – 38%; არ ვიცი – 6%. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. ავტორი - ანა ბროლაძე
  10. საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს. „ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე, ისინი ამბობენ: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  11. აბაშიძე კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. „აბაშიძე – კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე. მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში. „ჯერ ვერ მივხვდი, რა არის ჩანაწერში სასკანდალო, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს აბაშიძე. ავტორი - ჟანა დიდებაშვილი
  12. რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას. ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარისკაცის მობილიზების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ როცა საზღვრებზე ჯარს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ეს ბევრად მეტია. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად, რადგან ომში ყველაფერი ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა ალექსეი რეზნიკოვმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  13. ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო. ავტორი - ალექსანდრე ქურხული
  14. კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად. „მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ლუის ბონო მანამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩეველი, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე გაერო-ს ოფისში ვენასა და ბასრას რეგიონული ოფისების დირექტორი. ავტორი - სალომე თორაძე
  15. ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. „მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს. მე შემატყობინეს, რომ ზოგიერთი გათავისუფლებულის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. სამწუხაროდ, ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად. იმდენის შეცვლა, რამდენიც საჭიროა, რათა ადამიანები საბოლოოდ არ გაისვარონ თავიანთ პოზიციებზე. დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და პროკურატურამ, ღია სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, ათეულობით ჩხრეკა და სხვა სახის ქმედება ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა პირის მიმართ. არ მინდა ისეთი პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, რომელიც ამ პირებმა შეიძლება, გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დაცვისთვის. მაგრამ საზოგადოების რეაქციიდან ვხედავ, რომ ხალხი მხარს უჭერს სამართალდამცავების ქმედებებს. ამიტომ იგრძნობა მოძრაობა სამართლიანობისკენ და სამართლიანობა იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები იყოს სუფთა. „ნებისმიერი შიდა მიწოდება, ნებისმიერი შესყიდვა – ყველაფერი უნდა მოხდეს აბსოლუტურად სუფთად და პატიოსნად, როგორც გარე მიწოდება ჩვენი თავდაცვისთვის. ვინც ჩაერევა ამაში, ის არ დარჩება შესაბამის სტრუქტურებში. დღეს კი ცალკე მადლობა მინდა, გადავუხადო უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სწრაფად გამოეხმაურნენ სამარცხვინო ფაქტებს, რომლის შესახებაც ცნობილი გუშინ გახდა… გოგონების ბულინგის ფაქტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოროტმოქმედების პირველი დაკავება განხორციელდა. საქმის წარმოება გრძელდება. უკრაინაში ძალადობის ადგილი არ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ავტორი - სალომე თორაძე
  16. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა. მისი აზრით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. „რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს საკითხებიც უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად გადის მისი საზღვრები“, - თქვა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსთხოვოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, როგორც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ზურაბიშვილის აზრით, „სხვაგვარად დასავლეთი დაუშვებს დიდ შეცდომას, როგორც 2008-სა და 2014 წლებში“. რადიო თავისუფლება
  17. საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას უმთავრეს საქმედ ასახელებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა და არც მომავალში გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის ძალიან დიდი საქმე. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის, ეს მხოლოდ იმ ვერსიას, ერთადერთს და უალტერნატივოს ამყარებს, რომ მართლაც მიდის უდიდესი, მძლავრი კამპანია საქართველოს ომში ჩასართავად. ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში იცით რა არის, მე პირადად, როგორც მოქალაქეს, პოლიტიკოსს, რომელსაც რაღაც გადაწყვეტილებებზე ამ ქვეყანაში ხელი მიმიწვდება, მართლა მეამაყება, გულწრფელად გეუბნებით, რომ სულ რომ არაფერი გავაკეთოთ, არც წარსულში არაფერი გვქონდეს გაკეთებული და არც მომავალში, ეს პირობითია, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ, სულ რომ არაფერი გაგვეკეთებინა და არაფერი გავაკეთოთ მომავალში, ის, რომ ყველაზე რთულ დროს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ, ეს იქნება ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ერთი ძალიან დიდი საქმე. ამით ვიამაყებ გულწრფელად, სარკესთანაც რომ დავდგები მაშინაც და ჩემი შვილების და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა „რუსთავი 2-ის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. „გარკვეული ძალების“ მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობები ღია წერილში 27 ივლისს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა და, ამასთან, არ უარყო ევროპისა თუ ამერიკის წინააღმდეგ მისი გუნდიდან საჯაროდ წასული დეპუტატების ბრალდებები. „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თუ ყოფილი ლიდერების მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხერხით აღწერილი სცენარის თანახმად, დასავლური „დიდი“ და „გარკვეული ძალები“ მიზანდასახულად ცდილობდნენ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას. რადიო თავისუფლება
  18. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 4 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე: კრამატროსკზე, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაზე. ასევე, 4 საავიაციო დარტყმა და 73 შეტევა - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ დაზვერვას და ცალკეულ მიმართულებებზე ახალი შეტევისთვის ემზადება. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის შვიდ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში. რადიო თავისუფლება
  19. ევროკავშირ-უკრაინის სამიტს, რომელიც 3 თებერვალს კიევში გაიმართება, უკრაინის ხელისუფლება „მძლავრ სიგნალს“ უწოდებს, ხოლო მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ზელენსკი „ევროინტეგრაციულად“ აცხადებს. ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 2022 წლის დეკემბერში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ამ მნიშვნელოვან თავყრილობას უკრაინა პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერითა და ამბიციური გეგმებით ხვდება და იმედოვნებს, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში სრულფასოვნად შეუერთდება ევროკავშირის ოჯახს. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინა ამ სამიტზე ვერ მიიღებს დაპირებას, დაჩქარებული ტემპებით გაწევრიანების შესახებ. სამიტის ფონია კორუფციის ხმაურიანი სკანდალები და რეფორმების ახალი ტალღის გამოცხადება. რას მოელის და რას მიიღებს უკრაინა 3 თებერვალს, კიევში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე? ევროკავშირ-უკრაინის მორიგი სამიტის კიევში ჩასატარებლად, მხარეებმა მზადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დაიწყეს. 2 იანვარს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობებში ხაზგასმული იყო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, სატელეფონო საუბრის დროს, განიხილეს „მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები“ და „შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე“. ურზულა ფონ დერ ლაიენის გარდა, წინასწარი ინფორმაციით, კიევში ელოდებიან ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელსა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. საერთაშორისო მედია წერს, რომ სამიტზე არ ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, თუმცა მათთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირის ევროპული საბჭო, სამიტის კომუნიკეს საბოლოო ტექსტის შესათანხმებლად. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, (2017 წელს) მაღალი დონის სამიტების ყოველწლიურად ჩატარების ვალდებულება დაწესდა. უკვე ჩატარდა 23 სამიტი, მონაცვლეობით - კიევსა და ბრიუსელში. ბოლო ასეთი სამიტი 2021 წლის ოქტომბერში, კიევში გაიმართა. თავდაპირველი ინფორმაციით, 24-ე შეხვედრა, 2022 წლის დეკემბერში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და მოგვიანებით შეიცვალა შეხვედრის ადგილი - ბრიუსელის ნაცვლად, კიევში დაიგეგმა. ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შარლ მიშელს შეხვდა როგორია მოლოდინი? 31 იანვარს, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ სამიტისთვის მზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა და „მთლიანობაში, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. „ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს უკრაინისთვის. ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუციებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში მიღწეულ დონესა და პროგრესს. პროგრესი აშკარად ჩანს - სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. Politico 31 იანვარს აღნიშნავდა, რომ გარკვეული ქვეყნები კომუნიკეს ტექსტში დამატებითი დაპირებების ფორმულირებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. „კიევის მოლოდინი საკმაოდ მაღალია, მაგრამ არსებობს აუცილებლობა, რომ შესრულდეს ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია. ეს არის დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, - გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის ინკოგნიტო წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს. EURACTIV-ი წერს, რომ სამიტზე მოსალოდნელია პროგრესის მიღწევა შემდეგი მიმართულებებით: უკრაინული საქონლის ექსპორტის საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლება, როუმინგისგან თავისუფალ ზონაზე წვდომა, ევროთი ანგარიშსწორების ერთიან სივრცეში ჩართვა და მხარეები ასევე გეგმავენ მემორანდუმის გაფორმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, განახლებადი ენერგიის სფეროში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთისთვის მტკივნეული საკითხია. კრემლის პოლიტიკას დაქვემდებარებული მედია აქტიურად იტყობინება იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ სამიტზე ვერ მიიღებს დაპირებას დაჩქარებული ტემპებით გაწევრიანების შესახებ, „რასაც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ლობირებენ“. AFP-ის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა კაბინეტის სხდომაზე თქვა, რომ მომავალი სამიტი „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება კიევის მიზნისთვის - შეუერთდეს ევროკავშირს. მისი სიტყვებით, სამიტის კიევში გამართვა „მძლავრი სიგნალია ორივესთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მტრებისთვის“. ასევე შმიჰალის ინფორმაციით, 2 თებერვალს გაიმართება უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის მნიშვნელოვანი შეხვედრა - ასეთი კონსულტაციები დაიგეგმა „პირველად ისტორიაში“. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 31 იანვარს აღნიშნა, რომ მთავრობის საერთაშორისო გუნდსა და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მზადდება „უკრაინული პოზიციები“ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის. პერსპექტივები უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლასაც ევროკავშირის სამიტს წინ უსწრებდა ხმაურიანი პროცესები სამთავრობო ეშელონებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, რასაც არაერთი თანამდებობის პირის გათავისუფლება ან გადადგომა მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, სამიტის კომუნიკეში ხაზგასმული იქნება კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობა. კორუფციის სკანდალის გამო, ბოლო პერიოდში, უკრაინაში თანამდებობები დატოვეს ექვსი მინისტრის მოადგილეებმა და მათ შორის - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, სამხედროების სურსათით მომარაგებაში საქმესთან კავშირში. ბოლო დღეებში, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პროცესში, პოსტები დატოვა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთმა ხელმძღვანელმა. მანამდე კი, 21 იანვარს, დააკავეს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ვასილი ლოზინსკი, ე.წ. გენერატორების სკანდალთან დაკავშირებით, 400 ათასი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით. ასევე ნახეთ ევროკომისია კიევისგან მოითხოვს მეტ ძალისხმევას კორუფციის ფაქტების გამოსავლენად, უკრაინაში თანამდებობა დატოვა მინისტრების ექვსმა მოადგილემ ასევე ნახეთ რუსეთთან ომი და კორუფცია - უკრაინის ბრძოლა ორ ფრონტზე სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს მზადებას ძირეული რეფორმების ახალი ტალღისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვამზადებთ ახალ რეფორმებს უკრაინაში. ეს რეფორმები მრავალი ასპექტით შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას - უზრუნველყოფენ მათ მეტ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას“, - თქვა ზელენსკიმ 31 იანვარს და დასძინა, რომ მეტი დეტალი ევროკავშირის წარმომადგენლებთან „შესაბამისი შეხვედრების შედეგების მიხედვით“ გასაჯაროვდება. კორუფციასთან ბრძოლის პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს ევროკომისია. „უკრაინამ მომავალში მეტს უნდა მიაღწიოს კორუფციის გამოვლინების საქმეში“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, იანვრის მიწურულს. ითქვა ასევე, რომ ანტიკორუფციული ზომების გატარება მნიშვნელოვანი პირობაა საფინანსო დახმარებისთვის და ასევე ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებისთვის. ევროკომისია იმედოვნებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის მიღების პროცესში, ქვეყანაში კიდევ უფრო გააქტიურდება ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი ხაზია, 2022 წლის ივნისში, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის განსაზღვრული და ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების ფარგლებში. ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. უკრაინამ უკვე შეასრულა ერთი მთავარი მოთხოვნა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის) ხელმძღვანელი ივლისში დაამტკიცა. ეს პოსტი ვაკანტური იყო იმის მიუხედავად, რომ ოლექსანდრ კლიმენკომ შესაბამის კონკურსში თვეებით ადრე გაიმარჯვა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ხმაურის ფონზე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: 24 იანვარს, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. განისაზღვრა პირობები ელექტრონული წესით ანგარიშგებისთვის ყველა ტიპის პროდუქციაზე, რომლის ღირებულებაც 200 ათას გრივნაზე (დაახლოებით 14 ათასი ლარი) მეტია. 23 იანვარს, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უახლოეს ხანში დასრულდება“ კონკურსი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის შესარჩევად და ამით დაასრულებენ დამოუკიდებელი „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“. „ახლა გარკვეული საკადრო სიწყნარეა... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადადგმულია. იქნება გადაწყვეტილებები. სავარძლებში ჯდომა აღარ ღირს მათთვის, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხოვნებს“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 31 იანვარს. კიდევ რამდენი წელი? უკრაინამ, რომელმაც, მოლდოვის მსგავსად და საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ივნისში მიიღო და ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლას ელოდება. იმისათვის, რომ წევრი გახდეს, უნდა დაიწყოს და წარმატებით გაიაროს „გაწევრიანების მოლაპარაკებების“ ეტაპი. POLITICO-ს მოჰყავს პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის სიტყვები - „მოველით, რომ წელს, 2023-ში, ჩვენ უკვე გადავალთ გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების ეტაპზე“. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანას აქვს ევროკავშირში მომდევნო ორ წელიწადში გაწევრიანების „ამბიციური გეგმა“. ასევე ნახეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება 5-10 წელიწადში ვერ მოხდება. აი, რატომ! წინასწარი ინფორმაციით, სამი ქვეყნის შესახებ, ევროკომისია შუალედურ შეფასებას 2023 წლის გაზაფხულზე მოამზადებს, „გაფართოების ანგარიში“ კი შემოდგომაზე გამოქვეყნდება და სწორედ ამ დროს გაირკვევა კიევისა და კიშინიოვისთვის - „გაწევრიანების მოლაპარაკებების“ დაწყების, ხოლო საქართველოსთვის - კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, შემოდგომის დასკვნები შესაძლოა პოზიტიური იყოს, რადგან „ახლა ევროპაში პოლიტიკური ვითარება უსწრაფესად იცვლება და გამორიცხული არაფერია“, - მაგრამ, მისი შეფასებით, კიდევ არაერთი წელი დასჭირდება უშუალოდ „გაწევრიანების მოლაპარაკებების“ ეტაპის გავლას. ეს ეტაპი, სფეროების მიხედვით, ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ლელა კუნჭულია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა". რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან. kunchulial@rferl.org
  20. საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა. BBC-ის ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია. 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ბაიდენის თქმით, ის მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
  21. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. „ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით. ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები. რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. IPN
  22. A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას. „ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც. 2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას, ხოლო 2023 წლის 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
  23. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მისი მეოთხე ვიზიტია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. „კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
  24. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენია, ზოგადად, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს, თუნდაც, ტაქსების მიმართულება, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება და მოწესრიგება შეუძლებელია და ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს ტაქსების მიმართულებით სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, ვიცით არსებული რეალობა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ტაქსების მიმართულება მოწესრიგებული, ყველანაირად განახლებული და საინტერესო სერვისი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვემსახურებით. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპებით და კონკრეტული ნაბიჯებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. ასევე, მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ავტობუსის ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს, ან ჩამოსვას, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლით ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ეს ყველაფერი, რაც კეთდება, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის კეთდება, რომ მათ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, გვესმის ამ ადამიანების, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ, ოჯახებში გარკვეული თანხები შეიტანონ, ამიტომ მათ მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ, გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო, ასევე მნიშვნელოვანია, ტაქსების მიმართულებით მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.
  25. თუ აქამდე უკვე გიფიქრია, როგორები იქნებოდნენ ანიმაციური ფილმების ან წიგნების პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ ეცხოვრათ, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს. თუმცა ზოგის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის და 20 წლის ანიმატორი იმითაც დაინტერესდა, რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვდით, ქვეყნები ადამიანის სახით წარმოედგინა. სტატიაში 15 ქვეყანას გთავაზობთ, რომლებიც ანიმატორმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით "გააცოცხლა". ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარმოდგენის დონეზე დღეს შეუძლებელი არაფერია. 1. აშშ ფოტო: Midjourney / Crypto Tea 2. დიდი ბრიტანეთი ფოტო: Midjourney / Crypto Tea 3. გერმანია ფოტო: Midjourney / Crypto Tea 4. ნიგერია ფოტო: Midjourney / Crypto Tea 5. იაპონია ფოტო: Midjourney / Crypto Tea 6. ნორვეგია ფოტო: Midjourney / Crypto Tea 7. საბერძნეთი ფოტო: Midjourney / Crypto Tea 8. ინდოეთი ფოტო: Midjourney / Crypto Tea 9. იტალია ფოტო: Midjourney / Crypto Tea 10. უკრაინა ფოტო: Midjourney / Crypto Tea 11. ვენესუელა ფოტო: Midjourney / Crypto Tea 12. საუდის არაბეთი ფოტო: Midjourney / Crypto Tea 13. საფრანგეთი ფოტო: Midjourney / Crypto Tea 14. ბრაზილია 15. დაბოლოს, ჩვენც დავინტერესდით და ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ, საქართველო ქალად ექცია და ასეთი შედეგი მივიღეთ ფოტო: Midjourney / On.ge წყარო: BuzzFeed
×
×
  • შექმენი...