-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რა ღირს? პირადში მოგწერთ - ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია, მიუთითოს ფასი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას. ფასის მითითება აუცილებელი არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; საქონელი იყიდება აუქციონზე; გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი. იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას. ავტორი: თამარ მუკბანიანი -
2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში. შესაბამისი სადეპუტატო კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს პარლამენტის დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა - 6 ანგარიში. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი საბანკო ანგარიში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა ოქტომბრის თვეში გახსნეს. ანგარიშების რაოდენობა 27 784-ს შეადგენს. ყველაზე ცოტა კი აგვისტოში 6409. „გიგზავნით რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი პირების (ფიზიკური და იურიდიული) რაოდენობას, ვინც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნა ანგარიში. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში. იპნ
-
ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს. “ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენი ხნითაც იქნება აუცილებელი. მოუწოდებენ სერიოზულად იქნას განხილული დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კიევისადმი საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ მთელ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უნდა შეეძლოს”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში. აღნიშნულ რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 25 წავიდა, ხოლო 37-მა თავი შეიკავა. გარდა ამისა, რეზოლუცია რუსეთისადმი სასანქციო წნეხის გაზრდისკენ და უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის მოსაზრებით, უკრაინის ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამისი სამუშაოც უნდა დაიწყოს. “ამ კონტექსტში, ევროპარლამენტარები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისადმი გასულ ზაფხულს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. ისინი ასევე მოუწოდებენ უკრაინას, კომისიას და საბჭოს, იმუშაონ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მიმდინარე წელს, ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ასევე რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, შესაბამისი პროცედურებისა და პირობითი კრიტერიუმების გათვალისწინებით”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში. იპნ
-
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ. რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. დეპუტატებმა ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარები დაგმეს. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. “რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი რჩება. ამავდროულად, სლოვაკი დეპუტატები რუსეთის ჰიბრიდულ ომს გმობენ, რომელსაც იგი სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუცია სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად შესაბამისი ეფექტიანი ზომები მიიღონ. აღნიშნულ რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. იპნ
-
ზელენსკი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის მონაწილეებს მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით. ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის. ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“ ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყანა თითქმის ერთი წელიწადია ომს აწარმოებს რუსეთის ძალებთან, „განსაკუთრებული პატივია“. -
„რუსეთშიც ასე დაიწყო“ - რუსი ჟურნალისტი „უცხოეთის აგენტების“ კანონზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ამერიკული კანონმდებლობის ანალოგიურია“. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ჰგავს „უცხოეთის აგენტებზე“ რუსულ კანონს, გამოცდილ იარაღს პუტინის რეჟიმის ხელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჟურნალისტი, ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი, ანდრეი შარი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს მიღებულმა ცვლილებებმა „უცხოური აგენტის“ იარლიყის გამოყენებით თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო სამიზნეში. 10 წლის განმავლობაში კანონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მედიების გარდა, ცალკეულ პირებსაც კი შეეხო და, საბოლოოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ტოტალური ცენზურის იარაღად ჩამოყალიბდა. როგორ მიიღეს კანონი რუსეთში 2011 წლის დეკემბერში მოსკოვში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ დუმის არჩევნების შედეგები გაყალბდა და „ედინაია როსიამ“ ასე მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა. შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა რუსეთის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისა და დაშინების შესახებ ყველა ბრალდების გამოძიებისკენ მოუწოდა. ვლადიმირ პუტინმა, - რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, - ჰილარი კლინტონი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა „მიიღეს სიგნალი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით აქტიური მუშაობა დაიწყეს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2010 წლის 19 მარტი ხუთიოდე თვეში, მაისის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინის მესამედ ინაუგურაციის წინა პერიოდში, დემონსტრაციების მორიგი ტალღა დაიწყო. აქციებზე ბევრი ადამიანი დააკავეს. ამაზე პასუხად დუმამ ივნისში შეზღუდვები მიიღო და „არალიცენზირებულ დემონსტრაციებში“ მონაწილეობისათვის ჯარიმები დააწესა. ივლისში კი დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც ავალდებულებდა ყველა ორგანიზაციას, რომელიც „იღებს ან აპირებს მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან“ და ჩართულია „პოლიტიკურ აქტივობებში“, იუსტიციის სამინისტროში გაევლო რეგისტრაცია, როგორც „უცხოეთის აგენტს“. Human Rights Watch-ის თანახმად, კანონის პირველადი ვერსია არ ეხებოდა საქველმოქმედო, მეცნიერების, კულტურის თუ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს - მისი სამიზნე უშუალოდ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები იყო. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა. ცვლილებების ტალღები 2012 წლის შემდეგ კანონის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა: თანდათანობითი ცვლილებების შემდეგ იგი გავრცელდა მედიაორგანიზაციებზეც, შემდეგ კი ცალკეულ ჟურნალისტებს, იუტუბ-ბლოგერებსა და ფიზიკურ პირებსაც კი შეეხო. თუმცა კანონის პირველი ვერსიის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში ორგანიზაციები იბრძოდნენ ამ სახელდების წინააღმდეგ. ომბუდსმენის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარუმატებლად გასაჩივრების შემდეგ, 2014 წლის მაისში, კანონში პირველი ცვლილება შევიდა, რამაც გააუარესა მდგომარეობა. აქცია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. 4 თებერვალი, 2012 ცვლილების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს გაუჩნდა ბერკეტი, უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკუთარი ინიციატივით, მათი თანხმობის გარეშე დაერეგისტრირებინა „უცხოელ აგენტებად“, - რადგან მანამდე ამის სურვილი არც ისე ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა. კიდევ ორი წლის თავზე, 2016 წლის მაისში, პარლამენტმა მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომლითაც „პოლიტიკური აქტივობის“ განმარტება გაფართოვდა და მოიცვა „საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობა“. ამ ცვლილებებმა კანონს დაუქვემდებარა ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი, მანდატის განურჩევლად. შეზღუდვები მკაცრდება „ჩვენ ეს ჩვენს ტყავზე 2017 წელს გამოვცადეთ, როდესაც კორპორაციის ყველა რუსულენოვანი პროექტი უცხოელ აგენტად გამოაცხადეს და სიაში შეგვიყვანეს“, - იხსენებს ჟურნალისტი ანდრეი შარი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი 2016 წლიდან. „თავდაპირველად ჩვენ, იურისტების რჩევის შემდეგ, დავემორჩილეთ კანონს, რადგან დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ ყოფილა: ერთი ვალდებულება გვქონდა, - სპეციალური წარწერა, „დისქლეიმერი“ დაგვერთო ვებსაიტზე, სქოლიოში. „გადაიცემა გავლენის აგენტის მიერ“. თანაც, ჩვენ ამ „დისქლეიმერთან“ ერთად, მეორეც დავურთეთ, სადაც ვწერდით, რომ ვეწინააღმდეგებით კანონის ამ მოთხოვნას, ჩვენ არა ვართ აგენტები, გვაქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ამავდროულად, კვარტალურად გვიწევდა ფინანსური ინფორმაციის გაზიარება იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც პასუხისმგებელია უცხოელი აგენტების სიის წარმოებაზე“, - გვიამბობს იგი. შეზღუდვები შეეხო რადიო თავისუფლების ათივე რუსულენოვან პროექტს, მათ შორის, „Current Time“-ს, „კავკაზ რეალიის“, ყირიმის გამოცემას და სხვებს. 2020 წლიდან კანონი კვლავ გამკაცრდა. თუკი მანამდე „დისქლეიმერი“ მხოლოდ საიტის სქოლიოში უნდა დაერთოთ, კომუნიკაციების ფედერალურმა მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ მოინდომა, ეს წარწერა ყოველი გამოქვეყნებული სტატიის, ვიდეოს თუ ნებისმიერი მასალის დასაწყისში ყოფილიყო გამოტანილი. ანდრეი შარი ანდრეი შარი ამას „პოლიტიკური ცენზურის ცხად მაგალითს“ უწოდებს და დასძენს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პრაქტიკული თვალსაზრისითაც ნიშნავდა მედიასაშუალებების ფუნქციონირების სერიოზულ დაბრკოლებას: „სხვა თუ არაფერი, არავინ გაჩერდება ვიდეოს საყურებლად, როცა 15 წამი შავ ეკრანზე უნდა უყუროს წარწერას, რომ აგენტი ხარ“. „2020 წლიდანვე „როსკომნადზორმა“ უცხოელი აგენტების სიაში ინდივიდების შეყვანა დაიწყო - იგი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა. ესე იგი, ადამიანს თუ აქვს დაფინანსება უცხოეთიდან და თუ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური/საჯარო აქტივობა, - და ეს ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა და ყველა შეიძლება მოხვდეს, - აგენტად რეგისტრირდება“, - გვეუბნება ანდრეი შარი, რომელიც ჩეხეთში, რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში მუშაობს. 17 მლნ დოლარი ჯარიმებად რადიო თავისუფლება რუსეთში ახალ, კიდევ უფრო არადემოკრატიულ რეგულაციებს არ დაემორჩილა. კორპორაციის დაჯარიმება „როსკომნადზორმა“ 2021 წლიდან დაიწყო და, როგორც ანდრეი შარი იხსენებს, ამ პერიოდიდან ზუსტად 1056-ჯერ დაგვაჯარიმეს. ჯარიმების სრულმა მოცულობამ 17 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. რადიო თავისუფლების სათავო ოფისი პრაღაში ჯარიმების დაახლოებით ნახევარი უშუალოდ კომპანიაზე მოდიოდა, ნახევარი კი - მოსკოვის ბიუროს დირექტორზე. „ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება, საერთოდ არ იყოთ ჟურნალისტი ან საჯარო პირი, ისე შეგეხოთ კანონი. სოციალურ ქსელებში რაიმეს დაწერაც საკმარისია იმისთვის, რომ აგენტად გამოგაცხადონ და უკვე ბევრი ასეთი მაგალითია. ეს კანონი შეეხო მუსიკოსებსაც, - მაგალითად, ანდრეი მაკარევიჩი, როკჯგუფ „დროის მანქანის“ (Машина времени-ს) დამფუძნებელი, „უცხოელი აგენტია“. ზემფირაც“, - ამბობს ანდრეი შარი. რას უნდა ველოდოთ საქართველოში? დამოუკიდებელ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ მიუღია. ეს კანონპროექტიც, ფორმალურად, არ ეკუთვნის მმართველ გუნდს, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მუდმივად უსვამენ ხაზს საერთო ნიადაგსა და მიდგომებს. მმართველ გუნდს ჯერჯერობით არ დაუწუნებია კანონპროექტი. პროექტი ჯერჯერობით არც სპეციალური წარწერის - „დისქლეიმერის“ გაკეთებას ავალდებულებს ორგანიზაციებს/მედიასაშუალებებს. თუმცა, როგორც ანდრეი შარი იხსენებს, თავდაპირველად არც რუსეთში ელოდნენ, რომ ვითარება ასე დაიძაბებოდა: „ვერ ვიტყვი, რომ თავიდან რუსეთში არავინ აქცევდა ამ კანონს ყურადღებას, - თავიდანვე ავტეხეთ განგაში, - მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, იმასაც არავინ ელოდა, რომ ასე ფართოდ გამოიყენებდა პუტინის მთავრობა და აქამდე მივიდოდა საქმე“. „არაერთი ხუმრობა იყო ჩვენთანაც, „ამაყი ვარ, ვიყო დასავლეთის აგენტი“ და ა.შ., კი, ბატონო, ეგ ხუმრობები გასაგებია. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ყოველდღიურად გიწევს არათუ ორგანიზაციას, არამედ ფიზიკურ პირს ამ სულელური „დისქლეიმერის“ განთავსება, ფეისბუკზე ყოველ კომენტარსა და პოსტში ამ წარწერის დართვა, და ფინანსური მონაცემების კვარტალურად წარდგენა, არ არის მაინცდამაინც სახუმარო ამბავი. მით უმეტეს მაშინ, როცა გააანალიზებ, რომ ეს კანონი უფრო ფართო რეპრესიული სისტემის ნაწილია, - ომს ომს ვერ დაუძახებ, ხელისუფლებისგან განსხვავებულს ვერაფერს დაწერ და ა.შ.“, - გვეუბნება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი. „აგენტი“ თუ „ჯაშუში“ - რა მნიშვნელობა აქვს? მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 15 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ არ შეკრებილა ამ კანონპროექტზე სამსჯელოდ და გუნდის პოზიცია ცნობილი არაა. თუმცა იქვე დასძინა, რომ კანონპროექტი „გამჭვირვალობას ეხება“ და „თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ გარკვეულ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით“. ირაკლი კობახიძემ კანონპროექტში გამოყენებულ ტერმინზე, „უცხოური გავლენის აგენტზე" დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობაც და არამარტო კანონმდებლობა, ზოგადად, ყველამ იცის, რომ არ აღნიშნავს ჯაშუშს“. ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე. 2019 წლის 2 თებერვალი „ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე… ანუ, ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს“, - თქვა მან. ასეთი განსხვავებები ინგლისურ და რუსულ ენაშიც არსებობს: spy და шпион ნიშნავს ჯაშუშს, ხოლო агент და agent - აგენტს. თუმცა ქართულ და რუსულ ენებში ამ სიტყვას რადიკალურად უარყოფითი დატვირთვა აქვს: „რუსულ ენაში, - და, ეჭვი მაქვს, ქართულშიც, რადგან საერთო საბჭოთა წარსული გვაქვს, - ამ ტერმინს, „უცხოეთის აგენტს“, ძალიან ძლიერი უარყოფითი კონოტაცია აქვს. იგი საბჭოთა ლექსიკონიდანაა და, ფაქტობრივად, „სახელმწიფოს მტერს“, „ხალხის მტერს“ ნიშნავს. ფსიქოლოგიურად ბევრი ადამიანი ასე შეხედავს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ვისაც ეს ტერმინი მიემართებათ“, - ამბობს ანდრეი შარი, რომელიც გარდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერისა, ისტორიკოსია. ანდრეი შარისთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთ დეტალს ვამჩნევთ, რაც რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს აქვთ საერთო: „რუსეთის ხელისუფლება 2012 წლიდან გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ამერიკული მაგალითი იყო მათი ინსპირაცია საკანონმდებლო ინიციატივებისათვის. სულ აცხადებდნენ, რომ რუსეთი იმას აკეთებს, რასაც აშშ უკეთებს არასამთავრობოებსა და მედიაორგანიზაციებს. რაც მივიღეთ, ამას ამერიკულ მაგალითთან არაფერი აქვს საერთო“. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებით, რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ არღვევს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ორგანიზაციების უფლებებს. სასამართლომ ხაზი გაუსვა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის ზიანს და თქვა, რომ იგი „გაუმართლებელი და ზიანის მომტანია“. რადიო თავისუფლება -
ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. -
მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ევროპარლამენტართა რიცხვი, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის ყოველგვარი სივრცე ევროპარლამენტში პარტნიორებთან, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „არ არსებობს სივრცე, მათ ელაპარაკოს, აუხსნას, რომ შეეშალა და პასუხისმგებელია იმაზე, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული საკითხი პოლიტიკურ სივრცეში გადაიყვანა. პარტნიორები ვერ დაარწმუნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, იაზრებს მის დაშვებულ შეცდომებს და დაიწყებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც რეალურად, სტატუსის მონიჭების წინაპირობაა. ეს ვერ მოახერხა. ყველაფერი დანარჩენი, რასაც „ქართული ოცნება“ შიგნით ამბობს – „ომის პარტია“, ჩვენთან ვინმეს ომი უნდა, ადამიანების აღქმებში რაღაცის დალექვაზე მიმართული რიტორიკაა, რომ შიგნით მათი პოლიტიკური პოზიციები გამყარდეს და მოქალაქეების აღქმაში ახალი მტრის ხატი გაძლიერდეს პარტნიორების მიმართ, რათა პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკისრია, პარტნიორებს გადაუნაწილოს. ყველაფერი დანარჩენი ლირიკაა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ავტორი - მანანა დევაძე
-
ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლის წინააღმდეგია და შექმნის ექსპერტთა ჯგუფს იმ მიზნით, რათა მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსებსა და ბელარუსებს იასპარეზონ ზაფხულის ოლიმპიადაზე. „ჩვენ გვინდა გვქონდეს მძლავრი სამართლებრივი საფუძველი იმის მისაღწევად, რაც სწორად მიგვაჩნია. ჩვენ ამას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადავცემთ. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დიპლომატიის სფეროში მომუშავე იურისტებისა და ექსპერტების ჯგუფის შეკრება. ამ ჯგუფის წევრები მოამზადებენ მასალებს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული ერების წესდებასთან, აგრეთვე ადამიანის უფლებების დეკლარაციასთან და ოლიმპიურ ქარტიასთან. მიგვაჩნია, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესი ვარიანტი იქნება. გვჯერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოიწონებს ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას“, – განაცხადა ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ირჟი კეივალმა. ადრე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით. ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
-
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა დიპლომატების კავშირები და შემდგომში მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ სასიკეთო იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის“, -განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო და აქტუალურ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქარტიის პრინციპების მიმართ ერთგულებას და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „უპირობოდ ვთანხმდებით, რომ ძალადობა, საზღვრების შეცვლა, რისი მსხვერპლიც არის საქართველო, სრულიად მიუღებელია. განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს, ასევე საქართველოსა და ჩვენს საერთო ევროპული ოჯახის – ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და მომდევნო რამდენიმე წელი მას თქვენ უმასპინძლებთ საქართველოში“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნიკოს დენდიასის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა და ქართულმა დიასპორამ საბერძნეთში, რომლებიც ორ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
-
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ნატო-ს დაფუძნებიდან ალიანსის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას. მიწისძვრის შემდგომ დღეს, ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ცენტრმა ნატო-ს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს დახმარების დაუყოვნებლივი თხოვნით მიმართა. მას შემდეგ, საგანგებო სამსახურის ათასობით თანამშრომელი განთავსდა თურქეთში დახმარების ძალისხმევის მხარდასაჭერად, მათ შორის სამძებრო-სამაშველო რაზმები, მეხანძრეები, მედპერსონალი და სეისმოლოგები. ნატო-ს ალიანსი განაგრძობს მხარდაჭერას. ნიდერლანდების, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის ავიაცია დღე და ღამე მუშაობს თურქეთში საერთაშორისო დახმარების ტრანსპორტირებისთვის და დაშავებულების ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორებიც არიან ალბანეთი, კანადა და გერმანია აწვდიან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას. ნატო-ს ფარგლებში რიგითი მოქალაქეები აგროვებენ მილიონობით ევროს თურქეთის მხარდასაჭერად. ეს არის ნამდვილი და ღრმა სოლიდარობა. ასევე მივესალმები ჩვენი მიწვეული წევრების, ფინეთისა და შვედეთის წვლილს, რომლებმაც ქმედებით აჩვენეს სოლიდარობა. განსაკუთრებით, მადლობას ვუხდი შვედეთს თავისი ინიციატივისთვის, უმასპინძლოს მარტში საერთაშორისო დონორთა კონფერენციას. ფოკუსი იქნება რეკონსტრუქციაზე და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე. სწორედ ამიტომ ნატო ახლა აწყობს დროებით საცხოვრებლებს იძულებით გადაადგილებული ათასობით პირისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა თურქეთს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რაც შეიძლება მალე რატიფიცირებისკენ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
თბილისში, დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა, -ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით. „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემის შესაბამისად, უკვე უზრუნველყო შუქნიშნების გადაწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და საგზაო მონიშვნების დახაზვა“,- აცხადებენ მერიაში.
-
უკვე დიდი ხანია, უბედური RMS ტიტანიკის ჩაძირვა ერთნაირად აჯადოებს ისტორიკოსებს, ოკეანოგრაფებსა თუ კინორეჟისორებს. ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი (WHOI) საკუთარ YouTube არხზე აქვეყნებს საათი და 21-წუთიან დაუჭრელ ვიდეოს, რომლის დიდი ნაწილიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ კადრების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, ისინი 1986 წლის ივლისშია გადაღებული, წყალქვეშა აპარატის — DSV Alvin-ის და დისტანციურად მართვადი მოწყობილობა Jason Jr-ის მიერ. Alvin-ი აშშ-ის საზღვაო ძალების კვლევითი წყალქვეშა აპარატია, რომელსაც ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი ამუშავებდა, Jason Jr კი იყო მასზე 91-მეტრიანი ოპტიკური კაბელით მიმაგრებული მოწყობილობა. Jason Jr-ს Alvin-ში მყოფი ჯგუფი დისტანციურად მართავდა; მოწყობილობა ჩაძირული გემის ისეთ ნაწილებშიც შეიყვანეს, სადაც თავად Alvin-ი ვერ შევიდოდა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ვიდეო იმ დღეს არის გადაღებული, როდესაც ადამიანები პირველად ჩავიდნენ 1912 წლის აპრილში ტრაგიკულად ჩაძირულ გემთან. ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან 850 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3780 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული. ჩაძირული ტიტანიკი პირველად 1985 წლის 1-ელ სექტემბერს, WHOI-სა და ფრანგული ოკეანოგრაფიული ორგანიზაციის ერთობლივი მისიისას აღმოაჩინეს. თავდაპირველად ის ბუქსირებულმა წყალქვეშა კამერამ შენიშნა. 1986 წლის ივლისში კი სამკაციანი ჯგუფი ადგილზე კვლავ დაბრუნდა, ოკეანეში ჩავიდა და სწორედ ის ვიდეო გადაიღო, რომელსაც ახლა ვხედავთ. „პირველი, რაც წყალში ჩასულმა სიბნელეში დავინახე, კედელი იყო, გიგანტური მოქლონილი ფოლადის კედელი, რომელიც ჩვენგან 30 მეტრის სიღრმეზე იყო აღმართული. ჩემ წინაშე ტიტანიკი იყო, მე მას ვუყურებდი. ყველაფერი უზარმაზარი იყო“, — იხსენებს Associated Press-ისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში წყალქვეშა მკვლევარი რობერტ ბალარდი, რომელიც 1985-1986 წლების ექსპედიციების წევრი იყო. ბალარდი ასევე იხსენებს, როგორ ხედავდა უბედურ მგზავრთა ფეხსაცმელებს და გემის ლუქებს. „თითქოს იქიდან ხალხი გვიყურებდა. საკმაოდ შემზარავი იყო“, — აღნიშნავს ბალარდი. კადრები თითქმის დაუჭრელია და ჩვენ წინაშე აცოცხლებს ერთ დროს დიდებული გემის სახელგანთქმულ სცენებსა და ოთახებს. ჩაძირული ტიტანიკის წინა ვიდეოებთან ერთად, ეს კადრებიც ცოტა ნოსტალგიური და შემზარავია, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად უმწეო შეიძლება იყოს ადამიანის ტექნოლოგიები ბუნების წინაშე. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება. IPN
-
კიევში იმყოფება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ის ისრაელის მთავრობის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ელი კოენმა ტვიტერზე დაწერა, რომ დღეს კიევს ეწვია იმის სათქმელად, რომ ამ რთულ დროს ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი უკრაინას ძირითადად, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისრაელს არაერთხელ მიმართა შეიარაღებით დახმარების თხოვნით. რადიო თავისუფლება
-
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 18 საავიაციო დარტყმა და 52 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქებთან, უგლედარსა და ბახმუტთან. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი, მართვის 2 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენიც კა-52. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია. რადიო თავისუფლება -
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს 19 თებერვალს ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ავტორი - სალომე თორაძე
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები: მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ260 (მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი- ზესტაფონი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროსკარი-კორშა) მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
-
Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად. ეს იქნება დასასრული იმ დავისა, რომელიც სექტემბერში დაიწყო. ცნობისთვის, Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ CS Victims შეიქმნა. CS Victims-ის ინფორმაციით, ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. "Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე -
რუსმა ფრილანსერებმა უცხო ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული საქართველოში გაიტანეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს. კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლებიც 2021 და 2022 წლებში Solar Staff-ის სერვისს იყენებდნენ. ამ სერვისის კლიენტებს შორის არის Ozon, Avito, Skyeng, Litres, Profi.ru და ა.შ. კომპანიამ თავის მომხმარებლებს შორის 2021 და 2022 წლების ტრანზაქციები გააანალიზა, რომლებიც პლატფორმაზე რეგისტრაციისას საცხოვრებელ ქვეყნად რუსეთს ასახელებდნენ. ასეთი მომხმარებლები 2021 წელს 89 000-ს, ხოლო 2022 წელს - 99 000-ს შეადგენდა. 2022 წელს მათ უცხოურ ბარათებზე 103 მლნ რუბლი (1 377 600 დოლარი) გაიტანეს, მაშინ, როცა 2021 წელს ეს თანხა 15 მლნ რუბლს (200 541 დოლარს) შეადგენდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის ახალი მომხმარებლების გათვალისწინებით, გადარიცხვების მოცულობა უფრო მეტად, ანუ წელიწადში 16-ჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში, 2021 წელს, სერვისის ყველა რუსმა მომხმარებელმა უცხოურ ბარათებზე 27,2 მლნ რუბლი (363 815 დოლარი), 2022 წელს კი 434,7 მლნ რუბლი (5 815 858 დოლარი) გაიტანა. საქართველოს შემდეგ პოპულარობით მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც 2022 წელს 46,3 მლნ რუბლი (619 580 დოლარი) იქნა გატანილი, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მოცულობა 1,3 მლნ რუბლს (17 397 დოლარს) შეადგენდა. სომხეთში 2022 წელს ფრილანსერებმა რუსეთიდან 43,3 მლნ რუბლი (579 518 დოლარი) გადარიცხეს, რაც 2021 წელს მხოლოდ 1,5 მლნ რუბლს (20 075 დოლარს) შეადგენდა. მეოთხე ადგილზე თურქეთი, ხოლო მეხუთეზე უზბეკეთია. Solar Staff-ის კვევაში ნათქვამია, რომ უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხვების მოცულობის მკვეთრი ზრდა 2022 წლის მარტში, ანუ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ დაიწყო. სერვისმა გაარკვია, რომ უცხო ქვეყნებში ფულის უმეტესი ნაწილი რუს პროგრამისტებს, ვებმასტერებს, პროექტის მენეჯერებს, ბლოგერებსა და მარკეტინგის მენეჯერებს გაჰქონდათ. მოამზადა ლადო სულაბერიძემ -
ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „ჩვენ ეს ღრმა შეშფოთება პირდაპირ გამოვუცხადეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს საქართველოს მთავრობაში. შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ ეფუძნება რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას. „განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
-
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ. გიორგი ამილახვარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული. „პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზე. ახლა კეთდება ანალიზი, თუ როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამის მიხედვით მივიღებთ წელს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. განათლების სამინისტროსთან ერთად ვართ კონსულტაციის რეჟიმში, რომ დავაზუსტოთ, ერთი წლის განმავლობაში, რა დოზით მოგვემატა სასკოლო ინფრასტრუქტურა. იცით, რომ ბევრი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის ახალი სკოლები დაგვემატა, ახლა მიდის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია, შესაბამისად გვექნება ეს გადაწყვეტილება. თუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონში ცვლილებას ისე მოვახდენთ, არავინ შეფერხდება. როგორც გასულ წელს, წელსაც დაჩქარებული წესითაც შეგვიძლია კანონში ცვლილება, ან გავახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას. ამ ეტაპისთვის, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს უკვე გვექნება ნათელი სურათი. როცა გვექნება ანალიტიკური ინფორმაცია, გადაწყვეტილებაც შესაბამისი გვექნება. მიდგომა, ხედვა პოლიტიკის დონეზე არის და გვექნება, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ ვადა გადაიწიოს და მივიდეთ ყველაზე ლოგიკურ და სწორ წყალგამყოფთან. მიგვაჩნია, რომ სკოლაში შესვლის წყალგამყოფი ასაკი უნდა იყოს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები. ეს პოლიტიკა და ხედვა გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებასთან ერთად“, - განაცხადა ამილახვარმა. ცნობისთვის, გასულ წელს კანონში ცვლილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლის უფლება 2022-2023 სასწავლო წლისთვის იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელი 2022-2023 სასწავლო წელს დამატებით 2500-მდე მოსწავლე გახდა. იპნ -
ამ კანონპროექტის დაინიცირება და, ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოსთვის აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი, საფრთხე და უკან გადადგმული ნაბიჯია. „ეს თემა, რომელიც დაანონსდა რომ განხორციელდება, ნამდვილად საყურადღებო და შემაშფოთებელია რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია როდის ხდება ეს, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა საქართველო და რას ელოდება წელს. წელს საქართველო ელოდება შეფასებას, გახდება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და თუ საქართველოს რეალურად აქვს სურვილი, რომ ის გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მისი ნაწილი. ბუნებრივია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ამ ოჯახისაგან აშორებს მას, ასეთი კანონმდებლობით საქართველო ვერ გახდება ამ სივრცის წევრი და მონაწილე. ეს დრო, როდესაც ამაზე საუბარი იწყება, ძალიან ემთხვევა დროს, როდესაც უნდა მოხდეს შეფასება საქართველოს მიერ 12 პუნქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების და ამ სიტუაციაში, ამ კანონპროექტის დაინცირება ცხადია, რომ ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს. ამ კანონპროექტის დაინიცირება და ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მაშინ საქართველოს არ აქვს სურვილი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ ასე აღიქვან და ეს საქართველოსთვის იქნება იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელიც ჯერ კიდევ აქვს იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ეს პირიქით, უკან გადადგმული ნაბიჯია და ცხადია, არის ძალიან მწვავე სიგნალი და გამოწვევა ჩვენი პარტნიორებისთვისაც, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც საქართველოში, რომ ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი არის საფრთხე“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იპნ
-
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე? – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 20-ზე მეტი ექსპერტი გამოკითხა. ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაშვებას – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსურ დახმარებაზე. პოლიტიკის მეცნიერები და ექსპერტები აფასებენ თავიანთ მოლოდინში დარწმუნებულობის ხარისხს 1-დან 3 ქულამდე და სთავაზობენ მკითხველს საკუთარი პასუხის მოკლე განმარტებას. ნატა საბანაძე მოწვეული პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში. ნაწილობრივ ვეთანხმები „პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისგან გადახვევა. უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია. ეს კანონი კიდევ ერთი, განსაკუთრებით დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. ფინანსური სანქცია მოჰყვება თუ არა, რთული სათქმელია სრული დამაჯერებლობით. ალბათობა დიდია“. თამარ ხულორდავა ეგერია სოლუშენს, დამფუძნებელი პარტნიორი ვეთანხმები „არა თუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას. კანონის საბოლოოდ არმიღების შემთხვევაშიც კი, მისი განხილვით უდიდესი ზიანი მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მზაობას ევროპული სტანდარტებისა და კანონმდებლობის დანერგვისთვის, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესია. ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად”. კახა გოგოლაშვილი უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი ვეთანხმები „საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ასოცირების შესახებ (2014) პრეამბულაში ადგენს შემდეგს: „…სურთ რა, წვლილი შეიტანონ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში, საერთო ინტერესთა სფეროების ფართო სპექტრში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა…და აღნიშნავენ რა ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას…” ანუ ამ ჩანაწერით საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თანხმდება, რომ ევროკავშირთან ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, რაც თავის-თავად გულისხმობს (როგორც ეს ყველა სხვა სახის თანამშრომლობის შემთხვევაში ხდება) ევროკავშირის დაფინანსების დაშვებას აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებში. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, ნებისმიერი იურისტი „უცხოელი აგენტების“ კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებისა და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას“. თორნიკე გორდაძე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი ვეთანხმები „შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით ცდილობდეს ის დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებულ კრიტიკაზე რეაგირებას. მმართველი პარტია („ხალხის ძალა“ მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ) ამით აჩვენებს მზადყოფნას, რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება: ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა. საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის არაფორმალურ მმართველს შესაძლოა ამით სურდეთ, დასავლეთს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ ევროპისა და აშშ წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედონ. კანონს მიიღებენ თუ არა, დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე. თავისთავად, ასეთი ტაქტიკა, თუნდაც საქმე კანონპროექტის დამტკიცებამდე არ მივიდეს, აჩვენებს შემდეგს: 1. საქართველოს მთავრობისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა. ის ადვილად შეელევა ბოლო ათწლეულების პოლიტიკას; 2. საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურად დასავლეთი არის სუსტი და მას შეუძლია შანტაჟის ენით ესაუბროს. ის ხშირად იმეორებს, რომ ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. 3. საქართველოს მთავრობა საკმაოდ შორს დგას ღირებულებების კუთხით ევროკავშირსა და აშშ-სგან. მისთვის ბევრად უფრო ახლოა რუსული ან უფრო მსუბუქი უნგრული და თურქული მოდელები“. დავით აფრასიძე პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვეთანხმები „ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის ისედაც მყიფე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, რადგან გაართულებს მის დაფინანსებას და შეუზღუდავს სამოქმედო არეალს. ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვის. ამდენად, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ბარიერებსა და ანგარიშგების ფორმებზე, რასაც კანონი გაითვალისწინებს. ზოგადად, ახალ ბარიერს, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა ექნება“. სონია შიფერსი დირექტორი, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისი ვეთანხმები „საუბრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეშინებას. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არასრულფასოვან შესრულებასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ მთავრობა არ არის მოხარული ამ კრიტიკის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ეს კრიტიკა საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის. იმედი მაქვს, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ნათლად დააფიქსირებენ პოზიციას, რომ უცხოური აგენტის კანონის მიღება მიუღებელი იქნება მისთვის და გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ორმხრივ ურთიერთობებში“. სტივენ ჯონსი დირექტორი, ქართული კვლევების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი ვეთანხმები „ეს არის პროვოკაციული კანონპროექტი და ვიმედოვნებ, საქართველოს პარლამენტი ამას არ მიიღებს. ის შექმნილია რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების კანონმდებლობის მიხედვით. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი მოქმედების თავისუფლება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის გამართული ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ წვდომა მათთვის საჭირო ინფორმირებულ ანალიზსა და კომენტარზე. მაგრამ ეს კანონპროექტი, თუ ის კანონაც იქცევა, კიდევ უფრო მეტ ჩრდილს მიაყენებს საქართველოს მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა ნაწილებს. ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება გამოცხადდეს „უცხოურ აგენტად“; ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს“. ტომას დე ვაალი უფროსი მკვლევარი, კარნეგი ევროპა ნაწილობრივ ვეთანხმები „ეს შემოთავაზებული კანონპროექტი წააგავს რუსულ „უცხოური აგენტების კანონს“ და იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებენ, ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან დააზიანებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გავიაზროთ კანონის რეალურობა. ამ ინიციატივის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება აღვიქვათ უფრო როგორც გამიზნული პროვოკაცია. ეს არის პოლიტიკოსთა გუნდის იდეა, რომელსაც არ აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი, და რომელსაც უნდა თავისი დღის წესრიგის წინ წამოწევა, სახელის გათქმა დასავლელ პოლიტიკოსებთან საჯარო დაპირისპირების გზით. კოორდინირებული პასუხის გაცემის მიზნით საჭიროა სიფრთხილე, საყოველთაო სკეპტიციზმი [კანონის მიმართ] და შეკავების სტრატეგია, რამაც არ უნდა მისცეს „სახალხოობის ჟანგბადი“ ამგვარ პროვოკატორებს”. პუბლიკა