Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს“,-განაცხადა კობახიძემ. ამასთან, კობახიძის თქმით, პარტიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარადგინა. „პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კანდიდატებს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.
  2. იანვარში რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,89%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანია BD-GROUP-ის ექსპერტებმა სააგენტო Lente.ru-ს განუცხადეს. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე რუსების მხრიდან მოთხოვნა, 2022 წლის იანვართან შედარებით, 47,39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში პოზიტიურმა დინამიკამ 191,96% შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, წლის დასაწყისში საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით რუსების მომართვიანობის რაოდენობა, როგორც წესი, იზრდება. მაგალითად, ასე იყო 2022 წლის იანვარში, როცა მაჩვენებელი, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 40,97%-ით, ხოლო 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 38,6%-ით გაიზარდა. მიმდინარე თვის დასაწყისში BD-GROUP-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის გლობალურ მოთხოვნაში ლიდერები გახდნენ. კომპანიის მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებლის შეძენის მომართვიანობაში რუსების წილმა გასულ წელს 86,32% შეადგინა. იხილეთ ასევე: საქართველოში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაში რუსების წილმა 86,32% შეადგინა - BD-GROUP bpn.ge
  3. გამოცემა Odessa Journal-ი წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული და საქართველოში ჩამოსული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციისგან საქართველოში გამოქცეული რუსების შემოდინება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რადგან ხალხს ეშინია ამ „მიგრაციის“ უარყოფითი შედეგების. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა საქართველოში და რა პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს ბოლომდე არც კი აჩვენებს იმ სურათს, რაც რეალურად გვაქვს. ფაქტობრივად, პრობლემა ძალიან სერიოზულია და ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანა, რომელიც იკავებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს, აგზავნის თავის მოსახლეობას, რომელიც უკონტროლოდ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და მასიურად ყიდულობს უძრავ ქონებას. ვფიქრობ, რომ ისეთი დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რუსეთის მოქალაქეების ყოლა თავის ტერიტორიაზე ამ რაოდენობით საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია FREEDOM- ის ეთერში. მისი თქმით, სისულელეა ის ფაქტი, რომ რუსები ლტოლვილებად ჩამოდიან ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებულია. „ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ეს ხალხი ჩვენთან დევნილად მოდის. ასეთი ფენომენი არცერთ ქვეყანაში არ მინახავს. და ისევ ის მასა, რომელიც გაქცეული იყო როგორც სანქციებისგან, ასევე მობილიზაციისგან, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოში ჩამოვიდა, რადგან ჩვენ გვაქვს ღია საზღვარი ამ ქვეყანასთან“, - დასძინა მან. მამულიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში დარჩენა 300 ათასზე მეტ რუსს აქვს გადაწყვეტილი. „300 000 რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 8%-ია. ეს ის უმცირესობაა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაც არ არსებობდა საქართველოში“, - აღნიშნა მან. მამულაშვილის თქმით, მობილიზაციისგან გაქცეული რუსები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე და პოლიტიკაზე. თუ ლტოლვილები არიან, პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მოითხოვონ, რუსები კი არ ითხოვენ. „ისინი უბრალოდ აქ გაატარებენ ზამთარს და დიდი ალბათობით, აქ დარჩებიან. ეს ძალიან საშიშია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად ახორციელებს პრორუსულ პოლიტიკას, მან უარი თქვა საზღვრების დახურვაზე და სავიზო რეჟიმის დაწესებაზე და რაიმე ქმედების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების მასის გასაკონტროლებლად. იგი ვარაუდობს, რომ რუსეთს შეუძლია ეს სიტუაცია მომავალში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. გარდა ამისა, რუსები არ ეგუებიან უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ ითხოვენ იგივე უფლებებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთან, მამულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოზიციას იკავებს, საქართველოს მოსახლეობა უკრაინას ღიად გულშემატკივრობს. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი ავტორის სხვა სტატიები მისწერე ავტორს
  4. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“). 1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
  5. იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც - Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, - განაცხადა მელონიმ. ზელენსკიმ იტალიის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს “ძლიერი” უწოდა. “პაკეტი ძლიერია. ნამდვილად მივიღებთ SAMP-T-ს - საჰაერო თავდაცვის სერიოზულ სისტემებს, ძვირადღირებულ რაკეტებს, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან სერიოზული ტექნოლოგიებია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადმა ლიდერობამ საშუალება მოგვცა ეს სისტემები მიგვეღო”, - აღნიშნა ზელენსკიმ. palitranews
  6. ფოტკოლაჟი: შინაგან საქმეთა მინისტრი და ყვარელში მომხდარი ინციდენტი გაზიარება იხ. კომენტარები Print შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაური ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექციის დროს მისთვის გზის გადაკეტვა თბილისში პარლამენტში ოპოზიციის აქციის დროს საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას შეადარა. ამ საკითხზე მას კითხვა პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დაუსვა. "მოკვლევა არანაირი არ დაგვიწყია, რა თქმა უნდა, გინდ გენერალურ ინსპექციას. იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი, პოლიციელი იყო 6 თუ 7 ადამიანი. არ გადმოსულა მანქანიდან ბატონი ბერძენიშვილი. საერთოდ, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას?! გისმენთ, თუ მეტყვით... 7 ადამიანს 50 ადამიანი დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა "კაპეზეში" [დროებითი მოთავსების იზოლატორში], რა უნდა გაგვეკეთებინა?!. მანქანა არ დაუზიანებიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ... ეგრე რომ ავიღოთ, 300-500 ადამიანი როცა იკრიბება, ოპოზიცია პარლამენტის წინ და კეტავთ გზას, იქ ბევრი ადამიანის უფლება იზღუდება, ზოგს საავადმყოფოში მიჰყავს ბავშვი. რა უნდა გავაკეთოთ? ეს 300 და 500 ადამიანი უნდა დავაკავოთ და გადავიყვანოთ წინასწარი დაკავების იზოლატორში?! თუ მოხდება დაზინება, ფიზიკური შეხება, ეგ სხვა ამბავია..." - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს. 15 იანვარს ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება. როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში "ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება. მოგვიანებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში. 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია. რადიო თავისუფლება
  7. პარტიის „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის შეკითხვას, უპასუხა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დეპუტატი დაინტერესდა, ყოველთვიურის ნაცვლად, შსს რატომ გადავიდა დანაშაულის და საზღვრის კვეთის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე. გომელაურმა დანაშაულის სტატისტიკაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ შსს-მ გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის შესწავლის შემდეგ მიიღო. „სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის, რომლის საფუძველზეც დანაშაულის სტატისტიკის წარმოება და გენერირება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას. არ არსებობს, რომ რაღაც ციფრი შეცვალონ, 2012 წლამდეც... არ შეიძლება, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას ვერ დამალავ. არ არსებობს მაგის შანსი, პროკურატურა და სხვადასხვა სამსახურები უყურებენ. დანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ კომპლექსურია და იგი მოიცავს დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების პროცესიდან, ბრალის წარდგენამდე, გამოძიების შეწყვეტამდე, სრულ ციკლს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდში არ არის საკმარისი სტატისტიკური სურათის შესაქმნელად. თვე, რომ გავა, ორ-სამ თვეში საქმე იხსნება, თუმცა ის ერთი თვის სტატისტიკა დევს. გაუხსნელი დევს [მონაცემები] მთელი წლის განმავლობაში, რაც არასწორი სტატისტიკაა. შსს-მ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და შემუშავდა მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები. ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველკვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. ჩვენც მომავალში ასე გავაკეთებთ. ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი ყოველწლიურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. სამი-ოთხი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვიურად დებს სტატისტიკას", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
  8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“.
  9. კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს. “მათ [რუსებმა] მხოლოდ შეტყობინების მიღება დაადასტურეს. გაცვლა არ იყო. ეს მხოლოდ შეტყობინება და მიღების დასტური იყო, [უსაფრთხოების] არანაირი გარანტიები”, - აღნიშნა სალივანმა. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსულ მხარეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ გაკვირვებოდა, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები გადაეცათ. იპნ
  10. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მინისტრს მიმართა შეკითხვით, შეიძლება თუ არა, ღამის საათებში გამოირთოს შუქნიშნები. საქართველოს პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა გზებზე არსებული ბარიერების, ე.წ. „ბუგაროკების” აღებასა და ვიდეოკამერებით ჩანაცვლებაზე. ამ და სხვა შეკითხვებს პასუხს მინისტრი სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გასცემს. publika
  11. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ საქართველოს მთავრობაც იღებს უცხოურ გრანტებს, რომლითაც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა ეს დახმარებაც ჩაითვალოს უცხოურ გავლენად და რა განსხვავებაა მასსა და კანონპროექტით გათვალისწინებულ დაფინანსებას შორის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტის, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს და ხელისუფლება ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც კეთილშობილურ მიზანს ემსახურება. მისი თქმით, ხელისუფლებას არ შეუძლია, გაფილტროს სხვა ორგანიზაციების მიღებულ გრანტები, ამიტომ კანონპროექტი უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას, რის შემდეგაც, მისი თქმით, ხალხი თავად გადაწყვეტს, რომელი ორგანიზაცია ემსახურება კეთილშობილურ მიზანს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია და ორივე არის „სრული კატასტროფა“. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ქართული და ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობაში. კობახიძის თქმით, პრეზიდენტს წაკითხული არ აქვს არც ამერიკული, არც რუსული კანონი და განცხადება მან ემოციურ ფონზე გააკეთა. საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს. ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია. publika
  12. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე" რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, მან ამ ინიციატივას "შემაშფოთებელი" უწოდა. ბორელმა, ასევე საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. "სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც. შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მოძრაობა "ხალხის ძალამ" წარადგინა. იგი გუშინ, 20 თებერვალს დაარეგისტრირეს პარლამენტში. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან: ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა); მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა). "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტი იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. 20 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ ყოფილი თანაგუნდელების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს. "ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა", - თქვა მან პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
  13. ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ, ფაქტები ყველასთვის ნათელია, არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვერავინ ხედავს იმის ნიშანს, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. „ეს არის სოლიდარობის მაგალითი, ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან. ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ფაქტები ყველასთვის ნათელია. არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას თავი, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს იმპერიული დაპყრობითი ომი. ეს არის პუტინი, რომელიც აგრძელებს ომის ესკალაციას. მას ეგონა, რომ შეეძლო უკრაინის განადგურება და ჩვენი გაყოფა, მაგრამ მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის მონდომება, დაიცვას სამშობლო. მან ვერ შეაფასა ჩვენი ერთიანობა. ერთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. პირიქით, როგორც მან დღეს ცხადყო, მეტი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს. არის მეტი ჯარის მობილიზება. დაუკავშირდა ჩრდილოეთ კორეას და ირანს. ჩვენ ასევე სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს და ძალა დაჯილდოებულია. ეს საშიში იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ მოსაგებად, რომ იყოს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ერი ევროპაში. ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში – საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა გასულ წელს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლას და დაირღვეს რუსული აგრესიის ციკლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  14. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წელის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო, რომ ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. „ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ნატო-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს ნატოს-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
  15. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. „სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, – აღნიშნა გომელაურმა.
  16. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებისა და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყება, წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ევროინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა უწყებამ, არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროპულ სააგენტოებთან -Frontex-თან, Europol-თან და თავშესაფრის საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოსთან, რაც დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების მიზნით, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი რიგ პარტნიორ სახელმწიფოებთან.
  17. რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ. მანამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ხერსონი იბომბება, სავარაუდოდ „გრადებით“. დაახლოებით 20 აფეთქება იყო“, - დაწერა ხერსონის გუბერნატორმა. შეგახსენებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუსული ძალებისგან გასული წლის ნოებერში გაათავისუფლეს. interpressnews
  18. ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. ipn
  19. ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი საგარეო მესიჯების გაგზავნა. თქვენ ზოგჯერ ლანძღავდით დასავლეთს, ზოგჯერ კარგი განცხადებებით გამოდიოდით და მადლობას უხდიდით მათ, თან საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინეთ, მაგრამ ამის პარალელურად, თავს ესხმოდით და ესხმით იმ ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი, ზოგჯერ კომიკური და ალბათ უფრო ტრაგიკომიკური რიტორიკა გქონდათ, მაგრამ განსაკუთრებულად, ბოლო რამდენიმე დღეა, პროცესები თითქოს დაჩქარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა. დეპუტატმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა, რომელსაც სამარცხვინო უწოდა. „პრემიერ ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა იყო ძალიან სამარცხვინო. ღარიბაშვილმა რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში საერთოდ ვერ ახსენა, ვერც აგრესორად, ვერც ოკუპანტად, ვერც მტრად. და ვერ თუ არ გაბედა, რომ უკრაინისთვის გამარჯვება ესურვებინა. ეს სწორედ მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ინტერპრესნიუსი
  20. „ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას. „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც მოდის არჩევნების დღე, ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჯორჯიან თაიმსი
  21. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის. „ეს არის მიუღებელი და სწორედ ამიტომ მე ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველა ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიცვათ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს,“ - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის „პროთავისი“ და ის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველას ჩამოართმევს ხელს. „ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს გახვალთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი. ბიძინა ივანიშვილი არის „პროთავისი“. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს კი, დღევანდელი მოწყობილი ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, ის უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივად, ის თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს შორდება და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით,“ - განაცხადა გახარიამ. პალიტრანიუსი
  22. მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, ღიმილისმომგვრელია. „მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. ეს მისი უფლებაა. ამაში ჩვენ ვერ შევალთ. არაერთხელ უცდია პრეზიდენტს, რომ მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით. ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. ჯერ საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი, ისე რომ შინაარსი არ იცის. რა იქნება მიღებული არ იცის და წინასწარ აცხადებს ვეტოს. ეს ღიმილისმომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. იპნ
  23. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტყუა, თითქოს, ეს იყო ამერიკული კანონი. „საქართველოს ხელისუფლება ტყუილში თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამხილა. თავის დროზე, FARA ამერიკაში იმიტომ მიიღეს, რომ ამის ადრესატი იყვნენ ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები და ეს მიზნად ისახავდა ნაცისტური პროპაგანდის პრევენციას. ეს პროექტი რას ისახავს მიზნად? – „ქართული ოცნება“ ამბობს, სურს, გამჭვირვალეობა გაზარდოს, თუ სად მიდის უცხოური გრანტები. საქართველოში უცხოური გრანტების გამცემები ვინ არიან? – ამერიკა და ევროკავშირი. “ქართული ოცნება“ პოლიტიკურად რაგანაცხადს აკეთებს, საქართველოსთვის საფრთხე დასავლეთიდან მოდის? გრანტის გამცემიც და მიმღებიც ვალდებული არიან, დეკლარირება მოახდინონ. ვისზე გაიცემა გრანტი და რა მიზნით, ეს ინფორმაცია უწყებებში ისედაც მიდის. ტყუილია, როცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ცვლილებები ფინანსური გამჭვირვალეობისთვის უნდათ“, – განაცხადა ბუჩუკურმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  24. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგენელია დემოკრატიასთან. ამასთან, მისივე განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ ფინანსებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება. „ყველას აქვს გარანტირებული საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც ჩვენი გუნდის მონაპოვარია და ამის გამო შევიწროვებას არავინ განიცდის, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. აზრის თავისუფლად დაფიქსირება ლეგიტიმურია ისევე, როგორც ის, რომ ვინმეს კანონპროექტი არ მოსწონდეს, თუმცა დემოკრატიასთან შეუთავსებელია სიძულვილის ტირაჟირება, რომ კანონპროექტი არ მოგწონს. ხალხს კანონპროექტი არ აქვს წაკითხული, მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს კანონპროექტზე და ამ ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ძალიან მძიმე, ცილისმწამებლურ განცხადებებს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ ფინანსებზე. საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება. გამჭვირვალე პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დემოკრატიისთვის. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, სხვა მხრივ, კანონპროექტის სიღრმისეული შესწავლა მოხდება. ვსწავლობთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ეს კანონი მხოლოდ რუსეთში არ მოქმედებს, მოქმედებს ისრაელში, უნგრეთში, სხვადასხვა მოდიფიკაციით. ამ ყველაფერს ვსწავლობთ. ჩვენთვის მიუღებელი არ არის იმაში, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს, ქვეყანაში რა ფინანსები იხარჯება და როგორ ხდება ამ ფინანსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, რომელთა წევრები ვართ და ვისკენაც მივისწრაფვით, მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და პროექტებს საფრთხე არ უნდა შეექმნას და ეს არც არის გათვალისწინებული. წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგენელია დემოკრატიასთან. იქნება მსჯელობა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“. ავტორი - თეონა მანაგაძე
  25. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამერიკულ კანონი არის სრული კატასტროფა. „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი, ანუ პირდაპირ შეგიძლია, მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ის რომ სუბიექტები, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტს უცხოურ დაფინანსებას, წარადგენენ წლიურ დეკლარაციებს, განსხვავდება რადიკალურად როგორც ამერიკული, ასევე რუსული კანონებისგან, რომლებიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ერთიც და მეორეც კატასტროფული კანონებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი კანონების მიღებას ვერ და არ ვიკადრებდით, ჩვენ ვერ დავუჭერდით ასეთი კანონის მიღებას მხარს. შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული არც რუსული, ეს არის ქართული, რომელიც ეფუძნება პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია. მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ ერთი კანონი, მეორე კანონი, მესამე კანონპროექტი და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი ერთმანეთს და ნახავთ, რომ არის კატასტროფული ამერიკული კანონი, კატასტროფული რუსული კანონი და არის კანონპროექტი, რომელიც არის შემუშავებული „ხალხის ძალის“ მიერ, შეიძლება, იქ ბევრი დეტალია განხილული, მაგრამ მთლიანობაში არსებული კანონპროექტი მთლიანად თავსებადია ადამიანის უფლებებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
×
×
  • შექმენი...