-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. საუბარია ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებზე - ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხია პარტია ,,საქართველოსთვის" დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე. უწყების ცნობით, 13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს 11.8%-ს - ფინანსური დავალიანების გამო. ,,ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით. ამგვარად, წარმოგიდგენთ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დათვლილი მონაცემების ცხრილს 13.02.2023-ის მდგომარეობით" - წერია უწყების პასუხში. ინფორმაციისთვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა. „ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს ამაზე, რამე პოლიტიკური დივიდენტების მოპოვების მცდელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი, რაც არის იმას უნდა მივყვეთ ყველა. ჩვენ ვუჭერთ მხარს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იყოს შერჩეული. ვნახეთ დასკვნები, ეს დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები“, - განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას, ეროვნული მუზეუმში გელათის საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე.
-
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც რუსი, ასევე მესამე ქვეყნების აქტორების წინააღმდეგ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, „რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას“.
-
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! - ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ აგრესიას უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის! თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ, თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“,- აღნიშნავს კლიჩკო. IPN
-
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
-
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საგამძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“. „ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოცემულ რეალობას სრულად შეესაბამება. ბუნებრივია, ჩვენ მოცემულობაში დაბალანსებული პოლიტიკის იდეა კრიტიკულია, მსგავსი პოლიტიკის სივრცე „ქართულმა ოცნებამ“ არ დატოვა. ის დასავლური ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების პირდაპირ ბოიკოტზეა გადასული. იზოლაციის პოლიტიკა საქართველოსთვის წარმოუდგენელია. ეს ან მიზანმიმართული ნაბიჯები ან გეოპოლიტიკური მდგომარეობის უცოდინარობაა. ჩვენთვის იზოლაციური პოლიტიკა, შედეგობრივად, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს. ამ ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია. უახლეს ისტორიაში, ბოლო 30 წელიწადია, ქართველ ხალხს ოცნებად აქვს გადაქცეული, რომ ჩვენ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ასევე, მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სურს საქართველოში დასავლეთის მიმართ განწყობა შეცვალოს. „თუ გახსოვთ, ხელისუფლება, მათ შორის ღარიბაშვილი, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი შეაცდინეს და ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადი ნაჩქარევად შეავსებინეს. ძალაუფლებაზე უარის თქმა ძალაუფლების გამოცდის ყველაზე რთული სატესტო ნაწილია. ის, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება ვერ მოახერხა, ის, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებენ, ნიშნავს იმას, რომ სურთ რამენაირად ამ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ განწყობა შეცვალონ. დავუშვათ, ეს კანონპროექტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ იცი, რომ ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვან მომენტში შენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ კანონპროექტის შემოღებაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ექნებათ, რატომ შემოგაქვს ის დღის წესრიგში დღეს? რას გიწყვეტს რვა თვე? მე მინდა, საზოგადოებამ ამ დროს მიაქციოს ყურადღება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა განაცხადა, გიორგი გახარია ამბობს სიმართლეს, რომელიც ხელისუფლებისთვის მწვავე და კრიტიკულია. „დღეს არის მომენტი, როდესაც სიმართლე, მით უმეტეს, გიორგი გახარიას თქმული, ხელისუფლებას ძალიან მწვავე კრიტიკად მოეჩვენება. გუშინ გიორგი გახარიას გამოსვლაში ძალიან ზუსტი აქცენტები ვნახეთ. ეს ვიღაცებს გულზე მოხვდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, მათ ეშინიათ. გიორგი გახარია ამბობს სიმართლეს, რომელიც ხელისუფლებისთვის მწვავე და კრიტიკულია“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
-
ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. “ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა. მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ქმედებებთანაც გაავლო პარალელი. “ეს არაა სხვების ომის, ეს არაა ომი ჩვენგან შორს. ამიტომ კაჩინსკი ამტკიცებდა, რომ ეს ომი ასევე ჩვენი ომიცაა, რომ 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ აგრესია ჩვენი ომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 000 კილომეტრის მოშორებითაა… ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობის ვიჩენთ, ვინაიდან, ვგრძნობთ, როგორც პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ აქ თბილისში თქვა: “დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და მერე პოლონეთი”, - აღნიშნა ელჩმა.
-
პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში”, - წერს მიულერი. თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ცოდნით, რომ ასეთ ბარბაროსულ აგრესიას ძალით უნდა გაეცეს პასუხი. დღეს, როგორც პირველმა ევროპულმა ქვეყანამ, მინდა სიმბოლურად გადმოგცე, ვოლოდიმირ, პირველი ოთხი პოლონური Leopard 2A4 ტანკი”, - განაცხადა მორავეცკიმ. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას პოლონეთისგან მეტი ტანკი გადაეცემა და ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. იპნ
-
ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, - წერს ბაიდენი. იპნ
-
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ეს წელი საერთო მტერზე საერთო გამარჯვების წელი იქნება. „დედამიწაზე აღარავის უნდა დაემუქრონ შიმშილით ან რადიაციული კატასტროფით, აგრესიითა და ტერორით, ენერგომომარაგების შეფერხებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დეპორტაციით და ეკოციდით. რუსეთს ეს ყველაფერი მოაქვს აგრესიასთან ერთად. ჩვენ ამას შევაჩერებთ. ჩვენი გმირი სამხედროები ამას გააკეთებენ. თქვენთან და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. „უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით, ბოლო შედგა ამ კვირაში, 20 თებერვალს",- აღნიშნა კასიანოვმა.
-
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. „საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტილება ქართველებზეა, სურთ წინსვლა, თუ სურთ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკანსვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ელჩმა თბილისში გამართულ დისკუსიაზე, რომლის თემაა: „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“. მან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი პირველივე დღიდან სწორ მხარეს დგას თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მათ შორის იმ 141 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, რომელმაც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის მიერ წარდგენილი „მშვიდობის ფორმულის” ძირითად დებულებებს მოიცავს. „ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ჩამოდიოდნენ ბრიუსელში და გვეუბნებოდნენ: შეხედეთ, ვიცით, დაიწყება და ჩვენ, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ამის არ გვჯეროდა, მე არ მჯეროდა. რადგან ვერ წარმომედგინა, აზრადაც არ მომდიოდა, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში, ყველაფერ იმის შემდეგ რაც ჩვენ, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვედო ხიდები, მიგვეღწია ურთიერთკავშირებისთვის, რომელიც ჩვენ შევქმენით - ყველა შევცდით, მეც შევცდი - ეს მოხდა და ეს გრძელდება ერთი წელი. ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის ყველას ომი. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის და უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორი იქნება მსოფლიო, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს? წარმოუდგენელია. წესების, მსოფლიო წესრიგის შენების მთელი 70 წლიანი ძალისხმევა გაქრება. ასე რომ, უკრაინის გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არსებობს და ყველას ინტერესშია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. მაგრამ ომი არა მხოლოდ ბრძოლოს ველზე მიმდინარეობს, რაც უფრო ძლიერადაც აგებს რუსეთი ბრძოლის ველზე, მით მეტ თავდასხმას ახორციელებს რუსეთი დეზინფორმაციით, პროპაგანდით, საწამლავით, რომელსაც ადამიანის თავებში ძალით უშვებენ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ფხიზლად უნდა ვიყოთ, თავი უნდა დავიცვათ. მაგრამ მინდა ასევე პოზიტიური ვიყო და იმ ტრაგედიას, რაც უკრაინაში ხდება, შევხედო, როგორც შესაძლებლობას. ევროკავშირი უფრო ძლიერია და მე ვამაყობ ევროკავშირით. ვამაყობ იმით, რომ პირველივე დღიდან მტკიცედ ვდგავართ სწორ მხარეს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, 141 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს არა მხოლოდ დიპლომატიური გზით, განცხადებებით, არა მხოლოდ პოლიტიკურად, სხვადასხვა რეზოლუციით, არა მხოლოდ ფინანსურად, არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, არამედ გაეწია სამხედრო მხარდაჭერაც. „უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენს ინტერესებშია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
-
"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმედის, ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალი. "იმედი – საფრანგეთმა და გერმანიამ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და შერიგება შესაძლებელია. ჩვენი ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც სასტიკ მტრებად ითვლებოდნენ და მარადიულ კონფლიქტსა და ომში ყოფნისთვის იყვნენ განწირული, უნიკალურ, სისტემატურ და სანდო პარტნიორებად, ევროპული იდეალის მიმართ ერთგულ ქვეყნებად გადაიქცნენ. ევროკავშირის პროექტმა განადგურებული კონტინენტი აქცია კეთილდღეობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის სივრცედ. ეს გამოცდილება გვაძლევს იმედს. დღეს, ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც აღადგენს უკრაინას თავისი უფლებებში და სამართლიანობას მოიტანს მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მსხვერპლთათვის. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ყველასთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნის საშუალებას გვაძლევს. ერთიანობა – ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაეროს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე. ჩვენი ერთიანობა მოიცავს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და გაეროს, რომლის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ და აბსოლუტური უმრავლესობით მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად. სიმტკიცე – პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ შედეგს: უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს და აქვს ყველა თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთი დგამს სასტიკ, ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯებს, მათ შორის ახორციელებს უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს სურსათისა და ენერგორესურსების დეფიციტს, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებს და იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რაც აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლაციას" - წერია განცხადებაში. ელჩები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს და ამის ერთ-ერთი გარანტი ევროკავშირის უპრეცედენტო ერთიანობაა ამ საკითხის მიმართ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც. უკრაინის მხარდასაჭერად დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი. რადიო თავისუფლება
-
ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს. „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი, მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება, უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, იგივე შეცდომა არ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს. საქართველო, ომის დაწყების დღიდან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო, ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს კიევში ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადეთ, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას. საქართველოს პარლამენტმა ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს ვუმასპინძლეთ. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის, უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე, საქართველო მათი მეორე სამშობლო გახდა. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება. გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია მიიღო და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ. Слава Україні!“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პალიტრა
-
ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაერთგზის აირჩიეს ევროპისკენ წასულიყვნენ. ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ხალხს ძლიერი დემოკრატია უნდა, ხალხს წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უნდა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. და წინა წლების განმავლობაში საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია რუსეთისგან დაშორების მხრივ. ეს იმპულსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში. საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს. ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და, ვფიქრობ, ისინი, ვინც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ძლიერ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონონ, რომ ეს მისაღები არ არის“, - განაცხადა დეგნანმა. IPN
-
უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. „ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი გახდა განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები. რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად არ დაინდეს არავინ, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, არც ქალები, მაგრამ უკრაინამ შეძლო ყველაფრის გამკლავება. უკრაინელი ხალხი არის ამ იდეის გარშემო გაერთიანებული და მიზნად ისახავს გადალახოს პრობლემები. დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ეს გვაძლევს შეუდრეკელ და უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და სხვადასხვა რესურსების მოწოდებით. უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ გაანადგურონ რუსი ოკუპანტები. საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი და საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს იმათ, რომელთაც, ომის გამო, მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება. ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. ლადო აფხაზავამ, რომელიც არის გურიაში მასწავლებელი, შეძლო თანხის შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინელი ბავშვები გაიხსენებენ და ემახსოვრებათ მათი ცხოვრების ბოლომდე ის დახმარება, რაც მათ სარეაბილიტაციოდ საქართველოს ეკლესიამ მიაწოდა. ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური. სწორედ ეს გვაერთიანებს პუტინის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება, პირადად, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და იმ დახმარების, რომელსაც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ. თქვენი სიტყვები არის უკრაინელი ხალხისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს აკავშირებდა. ეს არის მიზეზი თუ რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერად თავის პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს ქვეყანას“, - განაცხადა კასიანოვმა. ipn
-
არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. თუმცა ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიმართ. „არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაცა მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენიტეტის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები, დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობის და სიახლოვისა, რაც ამ დროშებითა და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების განმავლობაში იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყა მთავარი- საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუბლიკა
-
1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. "უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!", - წერს გიორგი გახარია.
-
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні!, “- წერს ის. პუბლიკა
-
ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს. გიორგი გახარია: –ქართული ოცნების საგარეო კურსი აგებულია იმაზე, რომ ფსონი აქვთ დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ფიზიკურად ამ ომში რამე წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად, რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული. ჩვენი ეს ვითომ პოლიტიკოსები ამას ვერც ხვდებიან. ეს არის პრინციპული და ჩემი ყველაზე მთავარი სათქმელი – ივანიშვილი ისე გავიდა პოლიტიკიდან, რომ მისი მთავარი მიზანი იყო, დარჩენილიყო რეალურად. დღეს ერთი ადამიანის აღქმებით იმართება საქართველო, არ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელმწიფო დისფუნქციურ მდგომარეობაშია. ინგა გრიგოლია: –რისი ეშინია ივანიშვილს, ფულის დაკარგვის? ფსონი დადო მოსკოვზე? გიორგი გახარია: –ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. ის ხვდება, რომ ძალაუფლების ის სისტემა რაც დღესაა მიუღებელია და ვალიდაციას დასავლეთისგან და ევროპისგან ევრ მიიღებს, რუსეთისგან მიიღებს. ამიტომ რაღაცა ზღაპრებს გვიყვებიან საქართველოს გზაზე, როდესაც ყველაზე კარგად ესმის, რომ გვაქვს არჩევანი– მშვიდობა და ევროპა, ან არჩევანი რუსეთი და წარსული, სადაც ვერასოდეს ვერ განვახოციელებთ იმ დიდ მისიას, რასაც ქართული სახელმწიფოს შექმნა ქვია. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიდან სამწუხაროდ გარბიან, რუსეთში კი არ გარბიან, გარბიან ევროპასა და ამერიკაში და ისინი დაბრუნდებიან უკან. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, დღეს კი არა, ბევრი წლის წინ. ერთი რამეა, რაც უნდა გაიგოს ყველამ – საქართველოს ყოველთვის ჰქონდა საგარეო მიმართულებით ბალანსიერების პოლიტიკა. ყოველთვის გვქონდა სტრატეგიული მიმართულება და ეს იყო ევროატლანტიკური გზა. ჩვენ მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ და ყოველთვის გონიერი, ფრთხილი ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა უნდა გვქონოდა, ამ პატარა ბიჭებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების არანიარი რესურსი არ აქვთ, დღეს ქვეყანაში ცივილიზაციური ცვლილება ხდება, ბალანსირების პოლიტიკაზე უარია ნათქვამი. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა, როდესაც აგინებენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. ხალხი გაგიჟებულია, უბრალოდ არ ესმით ეს ჩვენი საგარეო მიმართულება როგორ მუშაობს, რამოდენიმე დღის წინ, ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ოფიციალური პირია, დამირეკა, რომელმაც ვერ მიიღო საქართველოდან ოფიციალური პასუხი. თქვენი ოფიციალური დელეგაცია ჩამოდის და ამბობს, რომ საქართველოს აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა და შეიცვალა თქვენ საგარეო პოლიტიკაში რამეო? მარტივად შემეძლო, მედია ყურადღების გარეშე გამეგრძელებია მუშაობა, მაგრამ აღარ შეიძლება. ჩვეულებრივი ისტერიკა აქვთ, ირაციონალური შიშები აქვთ – ქვეყნისთვის არის სახიფათო, ამ ირაციონალური შიშებით რა რეაგირება ექნებათ – მე არ ვიცი. სისულელებს ლაპარაკობს ეს ხალხი და ეს ადამიანები ჩვენი ხელისუფლებაა ხალხო, ეს ის ხალხია, ვინც ჯარს მართავს, პოლიციას მართავს, ჩვენ საგადასახადო სისტემას მართავს, საბაჟოს მართავს… ეს ყველაფერი იმართება ერთი ადამიანის აღქმებით და შეცდომებით. თქვენც თქვით, აი, გახარიამ დაარტყა, მე კი არ დავარტყი, მისმა უუნარობამ, აღიაროს შეცდომები – დაარტყა, ეს არის. ინგა გრიგოლია: –შეცდომას ეძახით, თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა? ხომ ბრძანეთ, როცა მიმართეთ იმ პატარა ბიჭებს, როგორც უწოდებთ, ივანიშვილი თქვენ დანაშაულებრივი გზის განსახორციელებლად გიყენებთო, ეს არის გგემა, თუ? გიორგი გახარია: –რა თქმა უნდა ძალაუფლების შენარჩუნების გეგმაა, რა თქმა უნდა გეგმაა, მაგრამ რომ მკითხეთ, როდის დაინახეო, მაშინ დავინახე, როდესაც ის უზარმაზარი ძალაუფლება რომელიც ხალხმა ანდო და რომლის კონსოლიდირებაში, შეიძლება მე ყველაზე ეფექტური ვიყავი, იმ მშიშარა, პატარა ბიჭებისგან განსხვავებით, როდესაც მეგონა ეს ძალაუფლება სახელმწიფოს მოემსახურებოდა, ეს ძალაუფლება აიღო და სახლში წაიღო. თავისი ძალაუფლება ხალხზე მაღლა დააყენა. დამთავრდა, გაწყდა. ეს იყო წითელი ხახი – რა არის აქ გაუგებარი, ვერ ვხვდები. ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პრორუსი, რაც მთავარია, არც პროქართველი არ არის, თავის თავის კაცია რა… დღეს საქართველოში არის ძალაუფლების ისეთი სისტემა, რომელიც შეუძლებელია თავსებადი იყოს ევროპული სივრცისთვის, იმისთვის რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნო, ვისი ნაწილი შეიძლება იყო? – რუსული. ბუნებრივად ეს რეჟიმი მიდის რუსეთის მხარეს. ახლა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ეს კონსპირაციული, 20 წლის გეგმაა, თუ დღეს ესე ხდება, შედეგობრივად ჩვენი შვილებისთვის რა სხვობაა? ინგა გრიგოლია: –მაშინ რატომ აქვს ოცნებას მაინც ყველა არჩევნებში გამარჯვება? გამოკითთხვებით რატომ არის სახელისუფლებო პარტია პირველ ადგილზე, როცა ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილის არჩევანი დასავლურია? გიორგი გახარია: –იმიტომ რომ მე და თქვენ სულ წარსულზე ვლაპარაკობთ, მომავალზე არ ვლაპარაკობთ. ივანიშვილი რომ ამბობს, ისეთი ევროპა არ მინდა, ჩემი ფული და ძალაუფლება თუ არ იქნება შენარჩუნებულიო, ნაციონალური მოძრაობა გეუბნება, ევროპას ვერ ეღირსებითო, მიშა სააკაშვილს ციხიდან თუ არ გამოუშვებთო – ამიტომ. ეს ქვეყანა ამ ორი ადამიანის ტყვეობაში აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეს არჩევნას ვუკლავთ. უნდა მივხვდეთ, დამთავრდა დრო, როდესაც გვაიძულებდნენ არჩევანი გაგვეკეთებია მიშასა და ბიძინას შორის. ერთიც წარსულია და მეორეც. მე და თქვენ წარსულზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტი ხომ ამბობს რომ ევროპა უნდათ, მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, დავივიწყოთ სხვა ყველაფერი. მივცემთ ივანიშვილს ქვეყნის საგარეო კურსის შემოტრიალების საშუალებას? რის შემომტრიალებლები არიან, ნორმალური ავტოკრატული რეჟიმი ვერ დაულაგებით, მაგრამ ხომ ცდილობენ, საქმეს ხომ გვიფუჭებენ? ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქმედების დამადასტურებელი იქნება, დეკემბერში ეს ქვეყანა მიიღებს კანდიდატს სტატუსს თუ ვერა. 3 პუნქტიანი გეგმა მაქვს – 1. მე, გიორგი გახარიამ, ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ვუზრუნველჰყო, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, 2. ჩვენ ყველამ უნდა ვუზრუნველჰყოთ, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები 2024 წელს, სამართლიანად რომელიც ასახავს ქართველი ხალხის განწყობას, ოცნებამაც მიიღოს ის მხარადაჭერა რაც აქვს და მათი ხმარდაჭერა არ არის იმხელა რომ სრულად აკონტროლონ ქვეყანა, მე არ ვამბობ, რომ უნდა გაქრნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ოცნება უნდა ვითმინოთ? რა, ღმერთია ვინმე? და 3. ამ არჩევნების შემდგომ, ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში. ეს ჩვენ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბევრად ევროპელია, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხალხი ევროპელი გვყავს და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კითხვას სვამს – გვინდა ესეთი ევროპა? თან ისე კი არ სვამენ კითხვას, რომ თქვან, ამიტომ, ამიტომ, მე მეკითხებიან, კაცო. სანამ ქვეყნის ევროპული მომავალი დაცული არ იქნება, ყველაფერი აზრს კარგავს – სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკური რეფორმა, აზრს კარგავს ყველაფერი. ქვეყანა თუ არ იქნება ევროატლანტიკურ ვექტორზე, რაც არის გარანტი განვითარების და მშვიდობის, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ოცნება ბიძინას გარეშე არსებობს? 10 ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს, იგივეს ვიტყოდი, იგივეს გავაკეთებდი. დღეს თუ მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ ხედავს, ხვალ დაინახავს, ზეგ ჩემნაირი კიდევ მეტი იქნება. ეს ბუნების კანონია, რამდენი ფულიც უნდა დახარჯონ, რამდენი ტელევიზიაც არ უნდა ჰქონდეთ, რამდენი ექსპერტიც უნდა მოისყიდონ, რამდენი კორუფციული ლოიალობაც არ უნდა იყიდონ, ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ ქართველ კაცს დნმ–ის დონეზე აქვს, რომ მტერი არის ის, ვინც შენ ტერიტორიაზე შემოიჭრა, ვაჟკაცები, ქალლები და ბავშვები დახოცა, ტერიტორია წაგართვა და შენი მოყვარე და მეგობარი არის ის, ვინც შენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, გიცავს და გეპყრობა როგორც სრულფასოვან წევრს. ვიღაცა რომ გეუბნება, იცი რა, ასეთი ევროპა არ მინდა და აგერ იქნებ… და ვიღაცას ჰქონია რომ ქართული კულტურა და ეკლესია რუსეთის პირობებში აყვავდება? როდის ყოფილა ეს? ქართველ კაცს ამით ვერავინ ვერ მოატყუებს. ახლა რასაც ცდილობს ივანიშვილი, ამ პროპაგანდისტული მანქანებით, იმედი, რუსთავი, ხალხზე ზემოწმედებს ჩვეულებრივი ტყუილებით, პოლიტიკური თაღლითობით, რომ ხალხის პროდასავლური განწყობა შეცვალოს… ადამიანებს ატყუებენ, რომ თურმე ამერიკელები და ვეროპელები ზეწოლას ახდენენ ივანიშვილზე… თუ პოლიტიკიდან წასულია ივანიშვილი, ზეწოლას რატომ ახდენენ, თუ პოლიტიკაშია, მაშინ გამოვიდეს და გვითხრას, ვინ ახდენს ამ ზეწოლას. მერე გვეუბნებიან, რომ აი, ივანიშვილი თავის მილიარდებზეც დახუჭავს თვალს, ქართველი ხალხისთვის – კარგით რაა… კითხვას, კოალიციის შემთხვევაში, ვისთან გაერთიანებოდა მისი პარტია, გიორგი გახარია ასე პასუხობს: –არც ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ორივე თავის კერპებთან ერთად გუშინდელი დღეა. ალია
-
კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. პუბლიკა
-
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთი წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ის, რაც მათ ჩაიდინეს არასდროს ეპატიებათ და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ერთი წლის შემდეგ, უკრაინა განაგრძობს გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში. ავტორი - სალომე თორაძე
-
უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. „ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა – ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო – ფრონტზე. ეს აგრესია არა მარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და მიმართულია რეფორმებზე. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.