-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში ისეთი გუნდია, რომელმაც ასე კარგად მართა ყველაფერი ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განცხადებით, ეროვნული ბანკის წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელიც ბანკმა წარადგინა. „რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით, ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო „კოვიდი“, შემდეგ იყო რუსული ფულის შემოდინება რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. დასანანია, რომ აღნიშნული კანონი, ასე ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული. ასევე, ის ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში“, – განაცხადა კელი დეგნანმა. საქართველოს პრეზიდენტმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს. ავტორი - გიორგი კობერიძე
-
თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 კი დაშავდა. მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
საქართველოს პარლამენტში დღეს ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. როგორც მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, პარლამენტის დეპუტატების მიერ მათ სახელზე დაშვებული საშვები შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის დეპუტატები ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული. მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც კანონად მიღების შემთხვევაში შეზღუდავს კრიტიკული მედიის საქმიანობას, საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრების პროცესს და აფერხებს საქართველოს განვითარებას. ისინი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორე აქციას მართავენ. პარლამენტში შესვლისთვის ჟურნალისტს საშვი სჭირდება, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარატმენტი გასცემს. პირველი აქციის ჩატარების დღეს პარლამენტის პრესსამსახურიდან მედიას აცნობეს, რომ ისინი შეზღუდული რაოდენობით გასცემდნენ შენობაში შესვლის ნებართვას. ამის შემდეგ ჟურნალსიტებმა თხოვნით მიმართეს დეპუტატებს, გამოეყენებინათ მათი უფლებამოსილება და გაეცათ შესასვლელი საშვები. იგივე განმეორდა დღესაც, თუმცა დეპუტატების მიერ გაცემული საშვები შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა და პარლამენტში შესვლის მსურველთა ნაწილი გარეთ დარჩა.
-
პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც აპირებდნენ, რომ ბიუროს სხდომის პარალელურად გაეპროტესტებინათ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს „ხალხის ძალას“ საკანონმდებლო ორგანოში შეაქვს. „პუბლიკის“ ჟურნალისტის ცნობით, მედიის ნაწილმა მოახერხა პარლამენტში შესვლა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელთათვისაც საშვების დაშვება დეპუტატებმა მოითხოვეს, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტმა დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება შეუზღუდა. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის საშვებზე კვოტა დააწესეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში მყოფ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მყოფმა უცნობმა პირმა საშვის გამოყენების უფლება არ მისცა.
-
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების ფასები როგორც თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე იმ მედიკამენტებზეც, რომლებზეც ე.წ. რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. აზარაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებებს. „მინდა, შევეხო მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა. 15 თებერვლიდან მედიკამენტების ნაწილთან მიმართებით ძალაში შევიდა რეფერენტული ფასები და მაქსიმალური ზღვარი განვსაზღვრეთ. დაფიქსირდა ფაქტები, როცა კონკრეტულ აფთიაქებში, სამწუხაროდ, აფთიაქების უმრავლესობაში, მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, მნიშვნელოვნად გაძვირდა ფასები. ასევე, თურქულ მედიკამენტებზე, რომლებიც პარალელური იმპორტით შემოდის თურქეთიდან, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან. ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება. „მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია, სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. რეგულაციაში შესაბამისი ცვლილებებით უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე მივმართავთ პარლამენტს. მოგეხსენებათ, ჩართულია კონკურენციის სააგენტო. მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე როგორც ფარმაცევტულ, ისე სამედიცინო სექტორში. ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც გარკვეულ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვა. მივყვებით რეფორმას, რაც დაგეგმილი, მკაცრად გაწერილი გვაქვს სამედიცინო სექტორში და ფარმაცევტულ ბაზარზე, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაზე რთული იქნება წინააღმდეგობა ჰოლდინგურ შეთქმულებებთან. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება რეფორმაზეც და ფასთწარმოქმნაც სამართლიანი იქნება, ასევე, ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და ორი-სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას, ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ცხრა საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. „მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, – დემონტაჟს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ოცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო: კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო - ტყუილია! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ კანონზე დისკუსიის დაწყებაც კი პირდაპირ კავშირშია სტატუსთან. "მსგავსი უნგრული კანონპროექტი (რომელიც უნგრეთმა რუსეთისგან გადმოიღო) ევროკავშირის პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც იცით ვინ მიმართა? ევროკომისიამ, ანუ იმ ორგანოებმა, რომლებმაც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-7 და მე-10 პუნქტებს. ამ პუნქტების შესრულება პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატისის მიღებასთან. რამდენიმე თვის წინ კომისიამ დადებითად შეგვიფასა კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალთან მისი შესაბამისობის გამო. ამ კანონის დაინიცირებით, სადაც დადებითად შეგვაფასეს, იმასაც თავდაყირა გვიყენებენ. ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობაა კანონის სხვადასხვა ვერსიებზე საუბარი. ამერიკაში კანონს სულ სხვა მიზანი აქვს - უცხოურ ლობიზმს არეგულირებს. როცა მიიღეს, მიზანი ფაშისტურ და კომუნისტუტ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ კანონით რუსულ გავლენებს ებრძოდნენ. ოკუპირებულო ქვეყნის ხელისუფლებამ კი ამ კანონით მტრად არა რუსეთი, არამედ დასავლეთი გამოაცხადა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დაარქმევენ - ამერიკულს, ავსტრალიურს, ფრანგულს თუ გერმანულს. მთავარია მიზანი, რის გამოც ეს დისკუსია გახსნეს - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნომ ძალაუფლება! რაც შეეხება კანონების ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ვენეციის კომისია კანონებს სამართლებრივ-ტექნიკურად აფასებს და არა პოლიტიკურად. უკვე არაერთხელ აქვს შეფასებული ანალოგიური რუსული კანონი. ამიტომ კომისიაში ამ კანონების გაგზავნაც პოლიტიკური თაღლითობის ნაწილია. ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის ქვეყნის ინტერესების ამ მოღალატემ. ამიტომ, ვერ აცდება პასუხისმგებლობას ვერავინ - ვერც მისნაირი შემსრულებლები, ვერც კანონის ინიციატორები და ვერც ხმის მიმცემები!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით - სუბარი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უმრავლესობის წევრი და პრორუსული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობების განცხადებას ეხმაურება. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს მათი საქმიანობა საქართველოში. რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ურჩევს გაეროს, „ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“. „ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. იმედია, გაერო საქართველოს არ უყურებს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დემოკრატიის და სხვა სტანდარტი უნდა იყოს ვთქვათ ამერიკაში ან კანადაში. შეუძლებელია, რომ ის, რაც არის კარგი ამერიკული დემოკრატიისთვის და ამერიკული სახელმწიფოს სიმყარისთვის, ცუდი იყოს საქართველოსთვის და მე მგონი აი ამ სტანდარტით უნდა მოგვიდგნენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. -
კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მას ამერიკული კანონი „კატეგორიულად არ მოსწონს“ და „ძალიან მძიმე და უხეშია“. „მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა ამ სპეკულაციებს. იყო გაუმჯობესებული ვერსია - ქართული ვერსია, რომელიც დაინიცირდა. ამას მოჰყვა ტყუილები. ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული კანონი. არაფერი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან ამ კანონპროექტს, რომელიც თავიდან დაინიცირდა. ამ სამარცხვინო სპეკულაციებს და ტყუილებს ამერიკული კანონპროექტის დაინიცირებით პასუხი გაეცა. მე, როგორც იურისტი, დღემდე ვამბობ, რომ კატეგორიულად არ მომწონს ამერიკული კანონი. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ეფექტურად იცავს სუვერენიტეტს, მაგრამ მეორე მხრივ, არის არაპროპორციული ჩარევა ადამიანის უფლებებში. ამიტომ, მე ეს ამერიკული კანონი არ მომწონს. ქართული კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. იპნ
-
იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაცული იქნება პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. „რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და, პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი. გვარებზე არ ჩავალ. იტყუება, ვინც ამბობს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის რუსული. რეალურად, გამჭვირვალობის ზუსტად ის სტანდარტია დადგენილი, იმაზე ბევრად რბილი სტანდარტი, რაც არის დადგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, წლებია, ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს პოლიტიკური პარტიებისთვის. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია მჟღავნდება, როდესაც წარადგენ შემოსავალ-გასავლის დეკლარაციას. გარკვეული დეტალი ხდება ცნობილი, მაგრამ დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი პარტიების შემთხვევაში და დაცული იქნება არასამეწარმეო პირების შემთხვევაშიც. შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ავტორი - თეო ბარბაქაძე
-
„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და "ველს უსუფთავებს" ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს. "კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი! მოვუწოდებთ "ოცნებას": შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა. ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს "ოცნება" ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. „გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. სინამდვილეში, კანონი: პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მ-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც "ოცნების" უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია. კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია! კანონპროექტის ინიციატორ და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს შევახსენებთ იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს - პასუხისმგებლობას, რომელიც პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა - ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი! ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ ბრძოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის პირობებში, მით უფრო იზრდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა,"- განაცხადა მეზვრიშვილმა. "ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტსაც სთავაზობს, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა. მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ოპოზიციის განცხადებები არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია, თუ როგორ ქმნიან არაფრისგან ფეიქნიუსს და ცდილობენ საზოგადოების მოწამვლას. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედავთ, რადგან ეს კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი. შესაბამისად, რომელ რუსულ ვერსიაზე საუბრობენ, როცა გადმოტანილია ამერიკული ვერსია. ეს არის მათი ორმაგი სახე, როცა ერთი მხრივ, არიან არაკომპეტენტურები და მეორე მხრივ, აგრძელებენ პროპაგანდისტურ, დამაზიანებელ საქმეს“,- განაცხადა ამილახვარმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებს“ მხარდჭერის სიტყვით მიმართეს შოთა არველაძემ, იანის ანტეტოკუნმპომ, ზაზა ფაჩულიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ… ხვიჩა კალათბურთის დიდი გულსემატკივარია, შესაბამისად გასაკვირუ სულაც არ იყო მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის მისდამი მიმართვა: ფიბა-მ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. კომენტერებში კი კვარაცხელიას მიმართა: მსოფლიო პირველობა 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში გაიმართება – ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში. ავტორი - ვაჟა სიმონიშვილი
-
უკრაინაში ჩადენილ დანაშაულზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს. სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც. სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საიმონ მენლიმ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიამ გაეროს გენერალური ასამბლეის მსგავსად უნდა აჩვენოს, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წლევანდელ სესიაზე დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის გამოსვლა. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ევგენია ფილიპენკოს განცხადებით, რუსეთი საბჭოს სხდომათა დარბაზში ადგილს არ იმსახურებს, ამიტომ შესაბამისად იმოქმედებენ. გასულ წელს, სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ონლაინ გამოსვლის დროს, დარბაზი დატოვა დელეგატების დიდმა ნაწილმა. რადიო თავისუფლება -
უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მცირე ხანში დანიშნა. მანამდე ის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების “ოდესას” მეთაური და შტაბის უფროსი – ოპერატიული სარდლობის “ვოსტოკის” ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე იყო. ინტერპრესნიუსი -
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები აამოქმედა. სანქციები სამ სფეროში დაწესდა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები მის ოფოციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პირველი განკარგულება ეხება სანქციებს რუსული სპორტული ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენლის - სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის ელენა ისიმბაევას, მოცურავისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ ალექსანდრე პოპოვის, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვიტალი სმირნოვის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შამილ ტარპიშჩევის წინააღმდეგ. მეორე გადაწყვეტილება ეხება 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს. მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდი „გოლფსტრიმი“, ორგანიზაცია „რუსეთის წითელი ჯვარი“, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „სახლი დედებისთვის“ და სხვა. სანქციების მესამე სიაში შედის 164 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქმედებებში არიან ჩართული. სანქციების ქვეშ მოხვდნენ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ორი ქალიშვილი - პოლინა და ვერონიკა. იპნ
-
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს. ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. „ფედერალური მთავრობა, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს უკრაინის არმიას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. -
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა". კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. პალიტრა
-
ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ, ეკითხებიან სახელსა და გვარს, სთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უღებენ სურათს და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა უფლებები აქვთ მათ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს, მაშინ, როდესაც მათ ქუჩაში აჩერებენ. რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვს სამართალდამავი უწყებების წარმომადგენლებს მოქალაქეების ქუჩაში გაჩერების დროს და რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს, როდესაც მათ ქუჩაში ამოწმებენ. „ხშირად სვამენ ხოლმე მოქალაქეები კითხვას, აქვს თუ არა პოლიციას უფლება რომ ისინი გააჩეროს, ასე უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და მაგალითად გაჩხრიკოს, დათვალიერება ჩაუტაროს, პირადი ჩხრეკა ჩაუტაროს. ზოგადად პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით პოლიციას მოქალაქის გაჩერების უფლება აქვს“. - ამბობს ნათია მეზვრიშვილი როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია როდესაც მოქალაქეს ქუჩაში აჩერებს? „მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მოქალაქეს განუმარტოს, თუ რისთვის აჩერებს, განუმარტოს საკუთარი ვინაობა, რაც ზოგჯერ არ ხდება ხოლმე და თუ ამას პოლიციელი არ აკეთებს ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ შეასრულა მისი უფლებამოსილება სათანადოდ. ანუ, პოლიციას ეკისრება ვალდებულება განუმარტოს მოქალაქეს თავისი ვინაობა, განუმარტოს რასთან დაკავშირებით აჩერებს, მაგალითად აჩერებს გამოკითხვის მიზნით, აჩერებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით, ყოველ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რა საფუძველითაც არ უნდა გააჩეროს, მისი ვალდებულებაა ეს მოქალაქეს განუმარტოს“. შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ქუჩაში გაჩერების დროს პოლიციელების მიერ მოქალაქის ჩხრეკის შემთხვევებზეც. „რაც შეეხება ჩხრეკას. ჩხრეკას და პირად გასინჯვას აქვს თავისი საფუძველი. მაგალითად, თუ არ არსებობს საფუძველი ვარაუდის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა ან დანაშაულის საგანს, მაგალითად ცეცხლსასროლ იარაღს, უკანონოდ ატარებს და ეს ვარაუდი დასაბუთებული არ არის უსაფუძვლო გაჩხრეკა მოქალაქის არ შეიძლება, ამიტომ პოლიციას უნდა ჰქონდეს სათანადო საფუძველი და რაც მთავარია კონკრეტული მტკიცებულებები რაც ამ ყველაფერზე მიუთითებს. სხვაგვარად, მოქალაქეების გაჩხრეკვა, მათთვის ფოტოების გადაღება და ა.შ. ჩაითვლება ამ ადამიანაების უფლებების დარღვევად. კანონი პოლიციას აძლევს ამის უფლებას, მაგრამ რაც მთავარია კანონი უნდა შესრულდეს ზუსტად“. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ასევე აქვთ უფლება ქუჩაში გაჩერებულ მოქალაქეს გადაუღოს ფოტოსურათი, მაგრამ სურათის გადაღებისათვის საჭიროა სამართალდამცველს ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. „ფოტოსურათის გადაღებასაც მიზეზი სჭირდება და კანონში პირდაპირ არის მითითებული რომ ეჭვი უნდა არსებობდეს. ანუ, თუ პოლიცია ვერ ადგენს პირის ვინაობას და არსებობს ეჭვი, რომ ამ მოქალაეს ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა, ჩადენილი აქვს დანაშაული, შეუძლია პოლიციას ეს გააკეთოს, მაგრამ თუ იდენტიფიცირების სხვა საშუალებები არსებობს, წარუდგენ პირადობის მოწმობას, ამისი საჭიროება აღარ იარსებებს და ჩვენ შეგვიძლია ეჭვები გაგვიჩნდეს, რომ ფოტოსურათს სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის იღებს პოლიცია. დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად კანონი მინდა გითხრათ, რომ ბუნდოვანია საკმაოდ ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით და თუ პოლიციელი არაკეთილსინდისიერია მოლოდინი იმისა, რომ ის დაარღვევს კანონს და ბოროტად გამოიყენებს საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კანონიც იყოს განჭვრეტადი და ეს ბუნდოვანება აღმოიფხვრას და ძალიან დეტალურად იქნეს გაწერილი თუ როდის რისი უფლება აქვს პოლიციას“. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე ისაუბრა მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს. „მოქალაქეების გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში, როცა პოლიცია გააჩერებს და ფოტოს გადაუღებს, მოსთხოვოს პოლიციას მიზეზი და მოითხოვოს ოქმი, რადგან კანონით ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ ოქმი შეადგინოს. მოქალაქეს უფლება აქვს რომ მოითხოვოს ოქმი სადაც უნდა ეწეროს მისი გაჩერების, ფოტოს გადაღებისა და პოლიციაში გადაყვანის მიზეზი“. არის თუ არა მოქალაქე ვალდებული მოახდინოს თავის იდენტიფიცირება პოლიციელის მოთხოვნის შესაბამისად? „მოქალაქე ზოგადად ვალდებულია, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს. რა თქმა უნდა, არსებობენ კარგი და ცუდი პოლიციელები. ჩვენ ისე არ უნდა მივუდგეთ საკითხს, რომ თითქოს პოლიციას მხოლოდ ვალდებულებები აქვს და უფლებები არ აქვს, ანალოგიურად მოქალაქეებსაც აქვთ უფლებები და ამავდროულად აქვთ ვალდებულებები. მოქალაქე ვალდებულია პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს, გაუმხილოს მას ვინაობა და არ გაუწიოს მას წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონიერ მოთხოვნაზე, რადგან კანონში ეს ესე პირდაპირ წერია, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. მოქალაქე ვალდებულია არ მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუშვებელია ამის წახალისება. არ მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუშვებელია ამის წახალისებაც. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია და კანონის უზენაესობაზე, ყველამ ჩვენი წილი კანონი უნდა შევასრულოთ“. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მოითხოვოს ფაქტის გამოძიება და სამართალდამცველის დასჯა. თუ პოლიციელი დიციპლინურ სამართალდარღვევას ჩადის მოქალაქეს შეუძლია დარეკოს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126 თუ პოლიციელი სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ჩადის, თუ ეს არის დანაშაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქემ უნდა მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცხელ ხაზზე - 119 დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და მოპყრობის შემთხვევაში, თუ ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პროკურატურას, ხოლო თუ ქმედება ადმინისტრაციულ დან დისციპლინურ სამართალდარღვევას მოიცავს მოქალაქემ უნდა მიმართოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას. დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს. რადიო „მარნეული“
-
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში. შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“, მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხევდრასთან. თუმცა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, მითუმეტეს ასეთი მიზნის, რომელიც ილიას ზუროსის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, იშვიათად გეძლევა. მეტოქეც შესაბამისი იყო – თუ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ისლანდიამ – იტალიას სძლია. მისი დამარცხება კი იოლი საქმე რომ არ იყო, პირველ მატჩშიც დავრწმუნდით – საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში 88:85 გაიმარჯვა. თბილისურ შეხვედრაში მთავარი ამოცანა მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა იყო. რადგან ფარქვეშ უპირატესობა საქართველოს აქვს (მაღალი კლასის მოთამაშეების ხარჯზე) ისლანდიელები აქცენტს მაღალ ტემპში თამაშზე აკეთებდნენ. პირველ ტაიმში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრების პერიმეტრის კარგ დაცვაზე მიუთითებს. თუმცა მეტოქემ სხვა მიმართულებით შეგვიტია – კონტაქტურ თამაშზე წავიდა და საწყის 20 წუთში 16 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 16 ჩააგდო. საქართველოს შემადგენლობაში კი ქულებს ქულებზე აგროვებდნენ გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, დაცვაში კარგად თამაშობდა დუდა სანაძე. მატჩი დასაწყისიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო და ასეც მოხდა – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ავტორი - ვაჟა სიმონიშვილი -
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან. მისი ვარაუდით, იგივე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. „მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა: ”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ჯარები საბოლოოდ განდევნიან რუსეთს ყველა დაკავებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიდან. იპნ
-
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. შესაბამის განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს. გაერო აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად მოეწერა ხელი. გაერო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას. „საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს. მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
-
უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი. "დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული თავდასხმები ასევე განხორციელდა კუპიანსკისა და ლიმანის, შესაბამისად, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში. იპნ
-
ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს მცდელობაა, რომ „რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება“. "ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, როდესაც მიუხედავად იმისა, თუ რეალობა, შინაარსი როგორია, მათ წინასწარ განსაზღვრული კლიშეები აქვთ, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას უნდა უწოდონ პრორუსული. მათი მცდელობაა, რომ რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“, - აღნიშნავს სარჯველაძე. ცნობისთვის,„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში დააბრუნებენ. “ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.