-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. IPN -
ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. “ერთი წლის წინ, ეს ჯგუფი ერთად შეიკრიბა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, რათა პუტინისთვის და მისი ახლოს წრისთვის უპრეცედენტო საფასური დაეკისრებინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის, რომელიც მას სჭირდება”, - განაცხადა ჟან-პიერმა. მან მადლობა გადაუხადა იაპონიას, რომელსაც წელს G7-ის პრეზიდენტობა უკავია და რომელმაც დამატებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაიღო. ჟან-პიერის თქმით, ტოკიო “ურყევი მოკავშირეა” უკრაინის მხარდაჭერის მხრივ.“G7 რუსეთისთვის ჩვენი ძლიერი და ერთიანი პასუხის საყრდენი გახდა. იპნ -
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. “ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა. მან გაიხსენა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ევროკავშირის წარმომადგენლის არჩევის იდეით გამოდიოდა. “სრულიად არ ვეთანხმები მას. ვფიქრობ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არიან სხვა კანდიდატები. აუცილებელი არაა ევროკავშირი იყოს. საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, განვიხილავ კანდიდატად. ეს კარგი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა”, - თქვა ჯონსონმა. მან აღნიშნა, რომ ნატო ახლა “როგორც არასდროს ძლიერია” და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრებიც შეუერთდებიან - შვედეთი და ფინეთი. ინფორმაციისთვის, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება თანამდებობაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება. ნატო-ს სპიკერმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მას არ აქვს განზრახვა, მოითხოვოს მანდატის კიდევ ერთხელ გაგრძელება. იპნ
-
როცა NGO-ში ვმუშაობდი, ვნახე, როგორ მოხმარდა დაფინანსება რევოლუციას - სოზარ სუბარი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„მე მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი სამშობლოს და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იყო დაკავშირებული გრანტებთან. და მაშინაც ძალიან კარგ საქმეებს ვემსახურებოდი. ვიყავი მედავითნე, და დავიწყე დავით გარეჯიდან, სკოლის დირექტორი, სახალხო დამცველი და ა.შ.” ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შემდგარი პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის” ლიდერი სოზარ სუბარი ტელეკომპანია იმედზე საუბრობს. „იყო პერიოდი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, და სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში იმ პერიოდში, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, იმანაც ჩემს თვალწინ ჩაიარა როგორ იქნნა დაფინანსების ნაწილის მოხმარება რევოლუციის მოსახდენად და მოსამზადებვლად. და მტერი საქართველოს ბევრი ჰყავს და ის შეიძლება იყოს მთელ მსოფლიოში”. – ამბოსბ რუსული კანონპროექტის ერთერთი ავტორი. პუბლიკა -
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და სამართლიანობა აღსრულდეს. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ“, – ვკითხულობთ ევროპული საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არის „ევროპული ოჯახის ნაწილი“. „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის, ევროპული ინდუსტრიისგან სწრაფი, კოორდინირებული შესყიდვებით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით კოლექტიურ ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ომის დასასრულებლად. ამ მიზნით, მივიღებთ სანქციების მეათე პაკეტს და გადავდგამთ ნაბიჯებს ევროკავშირის ზომებზე თავის არიდების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. ავტორი - სალომე თორაძე
-
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აეროპორტის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კოორდინაციაში არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში, უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ. ამასთან, აეროპორტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს ავიაკომპანია Wizz Air. „დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც, ტრასპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით. ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი – 06:00 საათი. გვსურს, განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დრო განსაზღვრულია და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები“,- აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციაში.
-
332947731_1174207199963894_5803520000483178014_n.mp4
-
მე არასამთავრობოში კი არ ვიყავი, დონორი ვიყავი - შალვა პაპუაშვილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„არასამთავრობო სექტორში არ ვიყავი. მე ვიყავი დონორი ორგანიზაციის თანამშრომელი და არა არასამთავრობოსი. გაიარეთ ჩემი ბიოგრაფია”. – ასე პასუხობს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან ეს თქვა კითხვის პასუხად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, ისევ არასამთავრობო სექტორში რომ ემუშავა. შალვა პაპუაშვილი 2017 – 2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ინტერესების წინაღმდეგ საქმიანობაში არასამთავრობოებთან ერთად სწორედ დონორ ორგანიზაციებს სდებენ ბრალს. სწორედ დონორების დაფინანსების გამო გეგმავს საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის აგენტებად მონათვლას რუსული კანონპროექტის მეშვეობით. პუბლიკა -
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის გაფორმებას იმედოვნებს, რომლითაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდება. როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის, იაპონიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ახლა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფმა შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე, უნდა შეაფასოს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების ეფექტურობა. ავტორი - სალომე თორაძე
-
პრეზიდენტი ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში განმარტავს, ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!". პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, რასაც პრაქტიკა ადასტურებს. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეჭვი "უთუოდ უნდა გაიფანტოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სალომე ზურაბიშვილი იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და შეთავაზებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. ",,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია! რა ხდება დღეს? მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად. ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სების ახალ ხელმძღვანელს. რა საჭიროა დამატებითი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის სამ ვიცე პრეზიდენტს კიდე ერთი – პირველი ვიცე პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. -
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „გავრილოვის შიკრიკი“ და ქვეყანაში „რუსული დღის წესრიგი გამტარებელია“. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. „ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს“, - წერს ეკა ბესელია. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ჯაშუშებს არ შეეხება და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი ჯაშუშები არიან და იყვნენ „ქართულ ოცნებაშიც“. კობახიძემ რამდენიმე ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდში „ირიბი აგენტი“ იყო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერო ეკა ბესელია. „შემიძლია კონკრეტული გვარები ვთქვა არა ჯაშუშების ან პირდაპირი აგენტების, არამედ ირიბი აგენტების. მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. ეს ადამიანები შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი მართულები იყვნენ. მაგალითად, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას ანთხევს და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ვისაც უნდა სცოდნოდა, რაღაც მომენტიდან იცოდა, რომ ის მართული იყო და გუნდიდან გაშვებული იქნა. მიზეზი იყო ის, რომ მართული იყო და ვერც გამოსწორდა (როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს). ასევე ეკა ბესელია - ამ შემთხვევაშიც ვანო მერაბიშვილის როლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან [ბესელიამ] მძიმე როლი შეასრულა. ვისაც უნდა სცოდნოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ეს. მან თავი გამოავლინა 2018-2019 წლებში სხვადასხვა კუთხით. ასევე კახა ოქრიაშვილი, იგი დღეს უკვე ღიადაა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული. მათი გუნდიდან უფრო ადრე გაშვება მეტ რისკებთან იყო დაკავშირებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. IPN
-
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა. რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება. სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების - კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა. თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ: შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება. ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.
-
"არსებობს ქვების ჩამოცვენის რეალური საშიშროება" - ჯვრის მონასტერი საფრთხის წინაშეა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მცხეთაში მე-6 საუკუნეში აშენებული "ჯვრის მონასტერი" საფრთხის წინაშეა. სწორედ ამის გამო კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს საინჟინრო მომსახურების შეძენის უფლების მიღებას შესყიდვების სააგენტოსგან. "არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახელმწიფო იმიჯს და დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნავენ, რომ შიდა სივრცეში წყლის ჩასვლაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კედლებზე ლაქები შენიშნეს - "ინტერიერის ქვის საპირე წყობები საკმაოდ დაზიანებულია და დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მათ ცვენას". სააგენტოს მიაჩნია, რომ აუცილებელია: შემუშავდეს ინტერიერში ხარაჩოს მოწყობის პროექტი; დამონტაჟდეს ხარაჩოები; შეისწავლონ არსებული მდგომარეობა; კვლევის საფუძველზე შემუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია. "ინტერიერიერის ქვის საპირე წყობები საკმაოდ დაზიანებულია და არსებობს ქვების ჩამოცვენის რეალური საშიშროება, რაც ასევე, საფრთხეს უქმნის ადმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ღონისძიებები, რათა ტაძარში შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შეუქცევადი პროცესი", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში. უწყებაში განმარტავენ, რომ აუცილებელია სამუშაოები დროულად შესრულდეს, რადგან "მოსალოდნელი ჭარბი ნალექისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გათვალისწინებით, დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა ტაძრის ინტერიერში წყალი ჩაედინოს და საპირე ქვები ჩამოცვივდეს, რაც გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას". საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საინჟინრო მომსახურებებში 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ჯვრის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც და თქვა, რომ მონასტერში ჩადის წყალი და ცვივა ქვები. რამდენიმე წლის წინ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები აშშ-ს საელჩომ საქართველოში 600 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სამუშაოებისთვის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა ორჯერ გამოყო გრანტი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანახმად, 2019 წელს დაფინანსება $100 000-ის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისათვის განისაზღვრა და ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას; 2020 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობდა ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. radio tavisupleba -
გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვაო ქალაქ მარიუპოლს. 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის პოლკის ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ქარხანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული. მაისის შუა რიცხვებში, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, მათ დატოვეს ქარხანა და რუსებს ჩაბარდნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, სულ ჩაბარდა თითქმის 2,5 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი. იგივე ციფრი დაასახელა ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სექტემბერში, პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში, რუსეთმა გაათავისუფლა „აზოვსტალის“ მცველი ხუთი მეთაური და აზოვის პოლკის 108 ჯარისკაცი. გათავისუფლებულთა შორის იყო ოლეგ მუდრაკიც. პატიმრები, მათ შორის მუდრაკი, დონეცკის რეგიონის სოფელ ელენოვკაში სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, 29 ივლისს ობიექტის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარში უკრაინის არმია დაადანაშაულა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ კოლონიაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. კიევში კი განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმა არ მომხდარა და აფეთქებებით რუსეთს სურს დამალოს აღნიშნულ ციხეში უკრაინელი პატიმრების მასობრივი მკვლელობები და წამება. მუდრაკი ფართოდ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მწერალმა სტანისლავ ასეევმა აგვისტოში გამოაქვეყნა მებრძოლის ფოტო, რომელზეც ჩანდა, თუ რამდენად შეიცვალა იგი ტყვეობაში ყოფნის ასი დღის განმავლობაში.
-
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება ისლამოფობიის გაღვივებას ემსახურება და მან ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის. „მამუკა მდინარაძე „უცხური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“, კერძოდ, მდინარაძე, მართლაც და რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმიმართულად ეწევა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან ვინმეს მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრხთოების სამსახური. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ორი დღის წინ პარლამენტში მედიასთან საუბრისას თქვა: „რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობებსა და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ“.
-
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს. კანონპროექტით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთაც დაფინანსების 20%-ზე მეტი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „აგენტების რეესტრში“ რეგისტარციის ვალდებულებაც ექნებათ. სახელმწიფო უწყებას ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილებაც. სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია სუბიექტი ვალდებული იქნება, იანვრის თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. ამის შემდგომ სააგენტო ვალდებულია, მისცეს მას წვდომა ვებგვერდზე, სადაც კონკრეტული სუბიექტი განაცხადს ელექტორნულად შეავსებს. ის უნდა მოიცავდეს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული და დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ; ამასთან, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. მონიტორინგი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი. მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ. ჯარიმები უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით. ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. პუბლიკა პუბ
-
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო და ამ კონტექსტში ისაუბრა ეკა ბესელიასა და გია ხუხაშვილზეც, რომელებიც ახლა "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. "ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე, ასეთი ადამიანები. იყვნენ ასევე ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად. მარტო ინფორმაციის გატანაზე არ არის საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის, მათ მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა", - თქვა კობახიძემ, 22 თებერვალს. მანვე აღნიშნა, რომ მათ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩანერგილი "ოპოზიციონერი" "აგენტები" იყვნენ. "სიტყვაზე, ავიღოთ გია ხუხაშვილი, არასდროს არ მიხსენებია ეს კაცი, თვითონ ილანძღება ხოლმე. არის "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა, საიდან იყო მართული, რაღაც მომენტიდან, ყოველ შემთხვევაში. ის 2013 წელს გუნდიდან იქნა გაშვებული. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერც გამოსწორდა, არ ვიცი, აგენტი, როგორ შეიძლება გამოსწორდეს. საბოლოო ჯამში, გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში. მოგვიანებით, საინტერესო "კეისი" იყო, ასევე, ეკა ბესელია, რომელიც თავის დროზე იყო... ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან ძალიან მძიმე როლი შეასრულა. აქაც ინფორმაცია ვისაც უნდა სცოდნოდა, ვიცოდით. ეს იმდენმა ადამიანმა იცოდა..." - თქვა კობახიძემ. ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი რუსული ინტერესით მოქმედებს ქვეყანაში. "ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ "გავრილოვის" შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა გია ხუხაშვილმაც: "ასეთი დასკვნა გავაკეთე - ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი". "აგენტების" საკითხი მას შემდეგ გახდა ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაარეგისტრირა. მოძრაობა "ხალხის ძალა" გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა. რადიო თავისუფლება
-
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბიზნესმენი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით 2021 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და 8 თვე პატიმრობაში გაატარა. გამამართლებელი განაჩენი, რითაც პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დღეს, 23 თებერვალს გამოაცხადა. ლევან ბიძინაშვილი დაკავების მომენტიდან აცხადებდა, რომ მას პოლიციამ იარაღი ჩაუდო. რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე “რადიო თავისუფლებამ” ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყოლილი იყო, როგორ “იკერება” საქმე და როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ადამიანი ციხეში, თუკი რამდენიმე პოლიციელი ჩვენებას მისცემდა და პროკურატურა მას დაეყრდნობა. "დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან. მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა", - ამბობდა პატიმრობაში მყოფი კახელი ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინ. ლევან ბიძინაშვილი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ ის წნორიდან სახლში, სოფელ ტიბაანში ბრუნდებოდა, როდესაც ცენტრალურ გზაზე პოლიციის პიკაპმა ფარები აუნთო და ანიშნა შეჩერებულიყო. მას შემდეგ, რაც სავალი გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა, რამდენიმე პოლიციელი მივარდა და მერსედესიდან პოლიციის პიკაპში გადასვეს. დაცვის მხარის განმარტებით, ბიზნესმენის მანქანის საჭესთან პოლიციელი დაჯდა. ორივე ავტომანქანა ცენტრალური გზიდან გრუნტის გზაზე გადაიყვანეს და ვენახებთან მინდორში გააჩერეს. შემდეგ პიკაპიდან გადმოიყვანეს, წელზე იარაღი მიადეს და ამავე იარაღის ამოღების ინსცენირება გააკეთეს. რადიო თავისუფლება
-
„პუბლიკა“ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 23 თებერვალს, სასამართლო დავა მოიგო წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა. მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ. „ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიაზიარა, “- ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში. ორგანიზაცია გეგმავს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, მათი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე.
-
თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ისინი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავთ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიუროს თანამშრომლები ღობიდან გადადიან ეზოში და ხელბორკილებს ადებენ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცესი საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს და ბიუროს მისი გადავადების საფუძველი არ ჰქონდა. შეკითხვაზე, რამდენად ჯდება კანონის ფარგლებსა და ბიუროს უფლებამოსილებაში ის ფორმა, რა ფორმითაც ოჯახი გამოასახლეს, აღსრულების ბიუროს პრესსამსახური განმარტავს: პუბლიკა
-
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი არ გამოიყენებს დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ კულებამ „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, გამანადგურებლები უკრაინას ომის დასასრულებლად და რუსეთის ძალების აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად სჭირდება. „პარტნიორებისგან მიღებულ იარაღს ჩვენ ვიყენებთ, რათა დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. შეკითხვას, იძლევა თუ არა ის გარანტიას, რომ უკრაინა არ გამოიყენებს დასავლურ თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ სხვა შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ გარანტია, რომ დასავლურ იარაღს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ“. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში. „რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამ აქციის ორგანიზატორები, რამდენადაც ვხვდები, საქართველოში არ არიან. მათ შორის, ვიცი, რომ რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში გაემგზავრა ქვეყნის მიღმა. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს და დეპუტატებს შორის არის თბილი ურთიერთობები, რაც არაერთხელ დამტკიცდა. „რაც შეეხება მეორე საკითხს, სოლიდარობის მხრივ, მგონი, როდესაც საუბრობთ უკრაინის პარლამენტზე, არ მოგისმენიათ რამე საყვედური მათი მხრიდან, პირიქით. ეს არის სამწუხარო, რომ ისევ ქართველი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ და სამწუხაროდ, ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს. ჩვენი პოზიცია, მათ შორის, მე პარლამენტის სხდომის დროსაც მოგახსენეთ და იცით. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით კიევში, ჩვენი უკრაინელი კოლეგების რამდენიმე ვიზიტით, ჩვენი მოწვევით და ჩამოსვლით აქ, საქართველოში, დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის ძალიან თბილი და ჩვენ ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ამ თბილ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები, ბრალდებები… იყო იქ მათ შორის მიმართვა რადას მხრიდან, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. ეს ხომ მოსმენილი გაქვთ. როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც პარლამენტში არიან თუ პარლამენტს გარეთ, მათ სამშობლოს აბრალებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს აწამებენ, ამ ქვეყანაში ვიღაცას აწამებენ და ყველამ რომ იცის, ეს არის ტყუილი და საერთოდ ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ოპონენტები და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩვენ გვერდით არ გვიდგანან, რათა დაიცვან საქართველო ამ პროპაგანდისტული შეტევისგან, ეს არის საწყენი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში და მრავალჯერ მოხდა ეს, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. მიუხედევად ამისა, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო, რასაც აჩვენებს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება უკრაინაში წასვლის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ბევრი „პარაზიტობს“ უკრაინაში ომის თემით და კიევში სწორედ ამ მიზნით ჩადიან. „რაც შეეხება იქ წასვლას, აკვირდებით ხომ, დღეს ბევრია, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ სხვა ქვეყანაში, უკრაინაში, კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო, შემდეგ იქიდან ტელეფონით პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და შემდეგ იქ მიდიან, სწორედ ეს არის პარაზიტობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ავტორი - აკაკი შენგელია
-
„ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, კანონის ინიციატორებს გააზრებული არ აქვთ, 50-60 წლის წინ მსგავსი კანონის ინიცირება რას ემსახურებოდა. „ეს კანონი მკაფიოდ აფიქსირებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების დაზღვევას. ხელისუფლების მხრიდან ეს კანონი დასავლური ქვეყნების მიმართ არის მტრული განწყობების დეკლარირება. რა მიზანი აქვს ამ კანონს? – ამერიკაში მიზანი იყო მტრულად განწყობილი ხელისუფლებების გავლენების შემცირება. ჩვენ ვის ვუწოდებთ მტრულად განწყობილს – ევროკავშირს, ამერიკას? – მაშინ, ხელისუფლებას გამბედაობა ეყოს და პირდაპირ თქვას, რომ ისინი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები არიან, რომლებიც აქ ჯაშუშურ საქმიანობას აფინანსებენ. ამის შემდეგ მორალური უფლება ექნებათ, მსგავსი კანონპროექტი დააინიცირონ. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფინანსების გამჭვირვალეობა არსებობს, მაგრამ ეზარებათ ამ ინფორმაციის შეგროვება ერთ ანალიტიკურ დოკუმენტად. ეს არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რაც იმის უფლებას გვაძლევს, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება, რომ შეძლონ ამ ტექნიკის გამოყენება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის, infohub.rs.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები. როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება. „Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა. Infohub-ი წარმოადგენს ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას. Infohub-ი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, www.rs.ge-ზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეოსახელმძღვანელო. ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის, საინფორმაციო-საძიებო პლატფორმის, Infohub-ის შექმნის პროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობდა და მასში აქტიურად იყო ჩართული საჯარო და კერძო სექტორი“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ციფრული ჰაბის, Infohub.rs.ge-ს საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი