Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა. „სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, სადაც ევროპა ხდება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი. ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!“- წერს ზელენსკი. იპნ
  2. როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“. „ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი როცა გამოდის, ვფიქრობ, რომ თითოეული სიტყვა უფრო მეტად უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. ჩვენ ხომ, ამ კანონის მიმართ სამივე მოსმენით საბოლოო მხარდაჭერა არ დაგვიფიქსირებია და ვენეციის კომისიას ველოდებით? – ქვეყნის შიგნით არის პიარული თავხედობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონი ითარგმნა და ამბობენ, ეს რუსულია. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ამომრჩეველს კადრონ, რომ პირდაპირი თარგმანიც რუსულია. აქ ხომ დგახართ და ხომ ვარ, ნედ პრაისმა რომ თქვას, არ ვართ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ? როგორ ეს ადამიანი იტყუება, როგორ ის? – სახელებსა და გვარებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, ტყუილი და მართალი რა არის. „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება. სათაურზე თუ ვერ ვთანხმდებით, ეს ვთქვათ, თუ შინაარსის პრობლემაა, ესეც დავადასტუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ვინმე თუ ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული კანონპროექტი, ის უბრალოდ, ცრუობს. „ვინმე თუ ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, უბრალოდ, ცრუობს. განცხადებებში გამოხატული ტურბულენტობები შეიძლება იყოს, მაგრამ როცა რომელიმე კანონპროექტზე იქნება შედეგი და აღმოჩნდება, რომ მიზანია მხოლოდ გამჭვირვალობა, როგორ შეიძლება, შემდეგ ვინმემ დაანონსოს პროექტიდან გასვლა ან ბენეფიციართან თანხის არ მისვლა. არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჯერებენ, რომ მათ დაფინანსება შეუწყდებათ და ისინი ხელფასების გარეშე დარჩებიან. ეს არის ცალსახა პროვოკაცია და ტყუილი. ბოლოს, როცა ამ პიარული თავხედობიდან გამოვლენ, ნახავენ, რომ შავით თეთრზე დაწერილი დარჩება – მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი და ამით არც ერთი ბენეფიციარი ვერ და არ დაზარალდება. ქვედა დონეზე კამპანიაა ჩაშლილი, რომ დაფინანსება შეუწყდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ავტორი - თეონა მანაგაძე
  3. დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიასოციალურ ქსელში წერს. "ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე", - წერს გიორგი გახარია.
  4. 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ბოლო კვარტალში 42 255 ლარი შემოწირულობის სახით მიიღო პარტიამ - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 5 100 ლარი „ევროპელმა სოციალისტებმა“; 3 780 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სხვა პარტიების შემოწირულობები კი ასეთია: „საქართველოს ლეიბორისტული მოძრაობა“ 3 700; „ელენე ხოშტარია - დროა“ 3 420; „საქართველოსთვის“ 2 975; „ხალხისთვის“ 1 310; „თავისუფალი საქართველო“ 255. ამავე პერიოდში, 2022 წლის 1-ელი ოქტომბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოწირულობების რაოდენობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: „კონსერვატიული მოძრაობა“ 168; „ლელო საქართველოსთვის“ 14; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 13; „ხალხისთვის“ 12; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 11; „საქართველოსთვის“ 10; „ელენე ხოშტარია - დროა“ 8; „ევროპელი სოციალისტები“ 4; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 3’ „თავისუფალი საქართველო“ 3. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად „ქართული ოცნების“ შემომწირველებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. „2022 წლის 8 და 14 დეკემბერს გიორგი და ჯემალ ჭყონიებმა და მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შეწირეს. ამ ჯგუფს გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 555 000 ლარი აქვთ გაღებული. ამ მხრივ განსაკუთრებით გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც 2016 წლიდან გამართულ ყოველი არჩევნების წინ, ერთ და იმავე დღეს, „ქართულ ოცნებას“ ათეულობით ათას ლარს წირავდნენ. 2012 წელს ამ წყვილმა მაშინდელ მმართველ პარტიასთან აფილირებულ ორგანიზაციას - „საქართველო არ იყიდებას“ 75 000 ლარი შეწირა. ზემოაღნიშნული ჯგუფი ერთმანეთთან საერთო ბიზნეს ინტერესებით, კერძოდ შპს „ფიგოილის“ და შპს „გზის“ მეშვეობით არიან დაკავშირებული. მათგან ყველაზე საყურადღებოა შპს „გზა“, რომლის 100%-ის მესაკუთრეც გიორგი ჭყონია, ხოლო დირექტორი მალხაზ დუმბაძეა. ამ კომპანიას 222 მილიონი ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული. მოგებული ტენდერების თითქმის ნახევარი (102 მილიონი ლარის ოდენობის), უკანასკნელ 4 თვეზე მოდის. ამავე პერიოდში ჭყონიას სხვა კომპანიებს, „შატო კვირიკეს“ და „ბათუმი ცენტრალს“ გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. გარდა ამისა, გიორგი ჭყონიას კომპანიებს მიღებული აქვთ დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მათ შორის „აწარმოე საქართველოდან“ (153 066 ლარი), „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიდან“ (181 237 ლარი), „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან" (201,735 ლარი). 2022 წლის 25 ნოემბერს ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 40 ათასი ლარი შეწირეს (თითოეულმა 20 000). ისინი კომპანია „ეიჩ გრუპ სერვისისთან“ და „ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან“ არიან დაკავშირებული. დეხტიარევი „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ დირექტორია, ჯინჭარაძე „ეიჩ გრუპ სერვისისის“ დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და მათი მთავარი მეწილეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან (სულ 6 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორივე კომპანიის პარტნიორია 40% და 50%-იანი წილებით). შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს და სწორედ შემოწირულების განხორციელების პერიოდში პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოსთვის იყო გადაგზავნილი დასამტკიცებლად, რომელიც 12 დეკემბერს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ არა დეხტიარევს და ჯინჭარაძეს, არამედ მშენებელი კომპანის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს, შემოწირულების მიზანი კი მშენებლობის ნებართვის მოპოვება იყო. გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები, კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება. 2022 წლის 4 და 6 ოქტომბერს ჯამში 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. ისინი „ქართუსთან“ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, გალუაშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლებანიძე - დირექტორი, ხოლო ნადირაძე - ყოფილი დირექტორი. მათ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მმართველი პარტიისთვის 28-ჯერ, ჯამში 800 000 ლარამდე აქვთ შეწირული. საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.აანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
  5. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს დაკითხავენ. როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს. სწორედ აღნიშნული პირი იყო 2005-2007 წლებში კომისიის წევრი და კომისიის სხდომის მდივანი. თავად ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. როგორც პროცესის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა განაცხადა, მათ საქართველოს საწინააღმდეგოდ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. პალიტრა
  6. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ისე, პირთა წრეს, ვისზეც შეიძლება, კანონის მოქმედება გავრცელდეს. საგანგაშოა კანონპროექტის განზრახვა, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაცია და შემდგომში მის საქმიანობაზე ზედამხედველობა მიენდოს უშუალოდ გენერალურ პროკურორს ისე, რომ არ ითვალისწინებს არანაირ ჩამკეტ მექანიზმს გენერალური პროკურორის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებული პირის მიმართ ფართო უფლებამოსილებათა განხორციელებისას. გარდა იმისა, რომ ეს ეროვნული კანონმდებლობის არაერთ პრინციპს ეწინააღმდეგება. ძალოვანი სტრუქტურის მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრა მსუსხავ ეფექტს იქონიებს უცხოური ფინანსური დონაციებით მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობაზე. კონტროლი თანამდებობის პირისგან, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, იმთავითვე წარმოშობს ეჭვს საზოგადოებაში, რომ პირი ეწევა კრიმინალურ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. გარდა ამისა, კანონპროექტის პუნქტები, რომლებიც ეხება „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასა და მისი გაცნობის წესს, ეწინააღმდეგება ინფორმაციის საჯარო ინფორმაციად ან კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისა და მათი გაცნობის შესახებ უკვე არსებულ რეგულაციებს. საჯარო ინფორმაციის გაცნობის წესის დადგენის კომპეტენციასაც კი კანონპროექტი გენერალურ პროკურორს ანიჭებს მაშინ, როცა ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამგვარი რეგულირება გენერალური პროკურორის მხრიდან კანონის შერჩევითად გამოყენების რისკს ზრდის. ამასთან, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირისთვის საჯაროობა შესაძლოა ყოფილიყო სუსტი, მაგრამ მაინც დამცავი მექანიზმი. კანონპროექტის პუნქტები კი, რომლებიც გულისხმობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ ორგანიზაციებში დასაქმებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების მიწოდებას გენერალური პროკურორისთვის, განუზომლად აძლიერებს ძალოვანი უწყების გავლენის შესაძლებლობას ინდივიდებზე და წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევას. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა და საქართველოს პარლამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამავდროულად, მოსახლეობის პრიორიტეტი, არაერთი სოციალური გამოკითხვის თანახმად, მწვავე შრომითი და სოციალური პრობლემების გადაჭრაა, რაც, ასევე, არის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში. პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.
  7. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას. "კიდევ ერთხელ, მარტივი ფაქტები ოცნების პროპაგანდის საპირწონედ: ამერიკული კანონი (FARA, 1938) ლობიზმზეა, ფაშისტურ/კომუნისტურ პროპაგანდას, რუსულ გავლენებს, მტრულ ძალებს ებრძვის, რუსული (2012) და მისგან გადმოწერილი უნგრული (2017) კანონები - არასამთავრობო სექტორს და მედიას. ოცნების კანონები იდენტურია რუსულის და უნგრულის და არა ამერიკულის, რუსული გავლენების ნაცვლად მტრულ ძალად დასავლეთს აცხადებს, აგენტად რაცხავს ყველას, ვინც ოცნების აღქმით მისთვის საფრთხეა. გამჭვირვალობა გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ორგანიზაციებს კანონით ისედაც აქვთ. ამ მიზეზს იშველიებდა რუსეთიც და უნგრეთიც. რუსული კანონზე დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. უნგრულ კანონზე ევროკომისიამ (ერთ-ერთი, ვინც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას წყვეტს) მიმართა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და სამართალს. უნგრეთს მოუწია კანონის გაუქმება. რუსეთში კანონის ამოქმედებიდან დღემდე ასეულობით ორგანიზაციამ და მედიამ მუშაობა შეწყვიტა. ანუ ოცნების კანონები - თავისი მიზნებით, კონტექსტით და სულისკვეთებით ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და სამართალს, თავდაყირა აყენებს ევროკომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დადებით შეფასებას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მე-10 პუნქტებს. ყველაფერთან ერთად, კანონები ზღუდავს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კანონს აქვს უკუძალა - ეხება ორგანიზაციების 2022 წლის საქმიანობას, ანუ ოცნებას ეჩქარება. მაშასადამე, ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას. სტატუსის საბოტაჟის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადების მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  8. “კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. „მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს” – ამბობს იგი. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს”. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშიროს ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხდა. მისი თქმით, დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. *დემარში – ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. პუბლიკა
  9. ფიზიკოსი გია დვალი ეხმაურება “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ “ხალხის ძალის” კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიულობას. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს TV პირველის ეთერში ისაუბრა. “ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ანგრევს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას იმიტომ, რომ ეს უკვე გადის ისეთი ქმედებების კატეგორიაში, რომელზეც გარედან რეაგირება შესაძლებელია და აუცილებლად იქნება. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენთან დემოკრატიას და დემოკრატია არის ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობა. საქართველოსთვის, რომელიც არის დაუცველი, არანაირი ქოლგების ქვეშ არ არის, ერთადერთი გადარჩენის შანსი არის დემოკრატია. დემოკრატია ჩვენთვის მარტო ფუფუნება კი არ არის, ეს არის არსებობის პირობა. მთელი ჩვენი უბედურება 30 წელია იქიდან მოდის, რომ ვერაფრით ვერ გავხდით დემოკრატიულები. ახლა ეს კანონი ამ ყველაფერს აყენებს უდიდესი დარტყმის ქვეშ. ორმაგ დარტყმას გვაყენებს, ერთი ევროპულ პერსპექტივაზე უდიდესი დარტყმაა და მეორე შინაგან დემოკრატიას აყენებს დარტყმას, რომლის გარეშეც შეუძლებელია, რომ ჩვენ რამეს დავემსგავსოთ. რაღაც ტერიტორია ყოველთვის ვიქნებით, მაგრამ შეუძლებელია, სრულფასოვანი ქვეყანა გვერქვას”, – განაცხადა დვალმა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ნეტგაზეთი
  10. უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს. “მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”. “მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია. მანამდე, თებერვლის დასაწყისში, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტა შეიჭრა. ეს მოხდა მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის დროს. მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, წუხს Wizz Air-ის გადაწყვეტილების გამო. მინისტრი დასძენს, რომ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შესაძლებელია გარკვეული პროცედურების დაცვით ფრენების უსაფრთხოდ შესრულება. ამავეს ამბობს მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახური BBC-სთან საუბრისას. უკრაინაში რუსეთის ომი მოლდოვაზე მხოლოდ ცალკეული სარაკეტო ინციდენტებით არ ასახულა: ომში მყოფი უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის ფონზე, მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციებიც პოპულისტური და პრორუსული პარტია ȘOR-ის ორგანიზებით, რომელსაც ისრაელში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს. უკანასკნელ კვირებში, უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარე მოლდოვის ხელისუფლებაში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ მიმდინარე თვეში რუსეთი ქვეყნის პროევროპული მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა უარყო. მეორე მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა შეჭრას აპირებს დნესტრისპირეთში — მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსი სამხედროები დგანან. მოლდოვა უარყოფს ამ ბრალდებას და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ნეტგაზეთი
  11. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. “ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის. ასეთ კანონს შეუძლია, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში ასე ნათლად დააფიქსირა არაერთხელ”, – განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის შესახებ კითხვის საპასუხოდ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტყუილია განცხადებები, თითქოს საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი დაფუძნებულია ამერიკულ FARA-ზე და თქვა, რომ ეს უფრო რუსული და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. ნეტგაზეთი
  12. დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მუდმივად ვიმყოფები კავშირზე ჩვენს მეთაურებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტუაციას აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, დონბასში. ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დონბასში ამ და სხვა მიმართულებებს იცავს. ინტერპრესნიუსი
  13. იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა. კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, „როსბანკს“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება. იპნ
  14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უკვე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი აღნიშნავს, ეს მეტროსადგური მერიისთვის „აქილევსის ქუსლი“ გახდა. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით „გოცირიძეზე“ შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ გახდა“, - აცხადებს წილოსანი. კითხვაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მაგალითის გათვალისწინებით, შესაძლოა თუ არა, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში ვერ განხორციელდეს, წილოსანი ასე პასუხობს: "მგლის შიშით ცხვარი ვის ამოუწყვიტავსო“, დაახლოებით ასეთია". "ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლო. „გოცირიძის“ შემთხვევა იყო ერთადერთი და განუმეორებელი, იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი გამეორდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ვადებში ჩაეტევა“, - აცხადებს წილოსანი. მან ასევე ისაუბრა მეტროსადგურების მოსაცდელებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია ტურნიკეტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხზეც მუშაობს. „მაგალითად, ლონდონის მეტრო საუკეთესოდ ითვლება, „იუთუბზეც“ კი შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი კადრები, თუ როგორ ხდება რიგის მოწესრიგება. იაპონიაშიც კი, რომელიც ტექნოლოგიების მექაა, ადამიანები დგანან, რომლებიც მოძრაობას ხელით არეგულირებენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას მთელი ამბავი მოჰყვა, ხშირად ვარ მე კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ამის არ მეშინია, ვიცი, რომ რეფორმას შევეჭიდე, ნებისმიერი რეფორმა მტკივნეულია, რაც უფრო დიდ სოციალურ ჯგუფს მოიცავს რეფორმა, კიდევ უფრო მტკივნეულია. სატრანსპორტო რეფორმა ისეთი რეფორმაა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხება, იქნებიან კმაყოფილი ადამიანებიც და უკმაყოფილოებიც. ყველაზე პრობლემური ადგილი არის მეტროსადგურების - „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელი, თუმცა, იქ ტურნიკეტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხზეც ვმუშაობთ - ახლით ჩანაცვლდება, შემოდგომაზე ეს პროცესი დასრულდება. ტურნიკეტები უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის იქნება, შესაბამისად, ადამიანების გატარება, სწრაფად მოხდება“, - აცხადებს წილოსანი. იხილეთ ინტერვიუ სრულად
  15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი საუბრობს, თუ სად დაემატება წლის ბოლომდე ე.წ. ბასლაინები. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი განმარტავს, ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დადიანის გამზირზე და ასევე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე დაემატება. „ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლაინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლაინები გლდანში - ვეკუა-ხიზანიშვილზე სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა გაკეთდა ჭავჭავაძეზე. ე.წ. ბასლაინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული - ქეთევან წამებულზე, ვარკეთილში, დიდ დიღომში, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე, შესაბამისად, ახლა ამ წრის შეკვრა მიმდინარეობს. ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, დადიანის გამზირზე დაემატება“, - განაცხადა წილოსანმა. იხილეთ ინტერვიუ სრულად
  16. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  17. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას რაიმე რეაქცია ექნება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის გადაცემას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახორციელებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, როგორსაც უნდა ახორციელებდეს და არაკომპეტენტურობის გამო მივედით იქამდე, რომ არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება მართალია, აღარ სჯერა ხელისუფლების, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. როცა არ გყოფნის კომპეტენცია, ენას შეგაჩვევენ, როცა ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც რუსეთის ნაცვლად მტრად აცხადებ დასავლეთს და როდესაც არავინ არ ხარ - ხარ ერთი რიგითი შემსრულებელი იმ სურვილების და დავალებების, რაც ქვეყნის რეალურ მმართველს გააჩნია მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს დაკავშირებულია ერთი ადამიანის ძალაუფლების შეზღუდვასთან და „ქართულ ოცნებას“ უნდა გააყალბოს მომდევნო არჩევნები, ეს პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის არა თუ მიღება, არამედ დისკუსიის გახსნაც კი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. „ეს არის პირდაპირი იერიში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეზღუდოს სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ხვალ არჩევნებს უნდა დააკვირდეს, რადგან არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი და რეალური დამკვირვებლების გარეშე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა. „ქართული ოცნება“ ამ კანონით არ ებრძვის ქვეყანაში რუსულ გავლენებს, „ოცნება“ იღებს კანონს იმ მიზნით და იმ კონტექსტით, რა კონტექსტითაც რუსეთში მიიღეს ეს კანონი. „ოცნება“ ცდილობს, რომ დანერგოს შიში ამ კანონის დანერგვით. ეს კანონი იწვევს ადამიანების, ორგანიზაციების სტიგმატიზებას. ყველა იმ ორგანომ, ვინც ხვალ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ გვითხრა, რომ ეს კანონი არის საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესის. ვინც ამ კანონს მიიღებს, ვინც ხმის მიცემაზე ხელს დააჭერს, მიუხედავად იმისა, ვინ უკარნახა ამ კანონის მიღება, ვერც ერთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ავტომატურად ისინი მონაწილეები ხდებიან სახელმწიფო ინტერესების ღალატის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ყველაფერზე წამსვლელები ვართ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ არავისთან ხელის ჩამორთმევის პრობლემა არ გვაქვს. ყველასთან ერთად ჩვენ მზად ვართ. გავაკეთოთ ყველაფერი, ყველა პლატფორმის გამოყენებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვეჯდება მაგიდასთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
  18. მედიის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა. იელენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. როგორც მედია წერს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს განუცხადა, რომ „ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით, იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“. „აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, მე კიევში ვარ, რათა დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინისადმი, განვიხილო გზები, როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა - მათ შორის ეკონომიკური დახმარების საშუალებით - და პატივი მივაგო უკრაინელი ხალხის მამაცობას რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა. იპნ
  19. ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი პარლამენტში დარეგისტრირდა უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის პარტნიორის - “ხალხის ძალის” მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტი აქამდე უკვე რეგისტრირებული ინიციატივის პარალელური ინიციატივაა და ის კანონპროექტის პირველ ვერსიასთან შედარებით უფრო ფართო რეგულირებას ითვალისწინებს. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას გეგმავს. კანონპროექტს გმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური და გაეროს განვითარების პროგრამა. ახალი კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტის” მქონე სტატუსის პირებს მათში დასაქმებულთა პირადი ნომრების პროკურატურისთვის გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტის სრული ტექსტი ასეთია: მუხლი 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება; ბ) უცხოური ძალა: ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია; ბ.ბ.) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს; ბ.გ.) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს; გ) უცხოური ძალის აგენტი - უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით: გ.ა) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; გ.ბ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.გ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას; გ.დ) წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს. შენიშვნა: 1. უცხოური ძალის აგენტად ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოური ძალის აგენტად წარმოაჩენს. 2. უცხოური ძალის აგენტად არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ. დ) პოლიტიკური აქტივობა - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა; ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება - ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ იურისდიქციას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის რომელიმე ნაწილში, აგრეთვე ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელზეც ასეთი უფლებამოსილების განხორციელება პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დელეგირებული; ვ) უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია - ისეთ აქტივობებში ჩართული ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი გაერთიანება, რომლის მიზანია ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა ან ხელისუფლების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა; ზ) საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია უცხოური ძალის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოურ ძალას წარმოადგენს საზოგადოებრივ ურთიერთობებში; თ) პოლიტიკური მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია სხვა ნებისმიერი პირის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასა და ინტერესებთან დაკავშირებით. მუხლი 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური ძალის აგენტზე: ა) დიპლომატები და კონსულები, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლები; ბ) უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები; გ) პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა; დ) პირი, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა; ე) უცხოური ძალის ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში; ვ) ამ კანონის პირველი მუხლის „ბ.ბ.“ და „ბ.გ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების აგენტი, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიქტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3 1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს, ვალდებულია უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ; ბ) იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება; გ) იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა; დ) ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს; ე) უცხოური ძალის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა; ვ) ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ; ზ) ინფორმაცია უცხოურ ძალასთან გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები; თ) დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში შესატანი სხვა ინფორმაციისა და იმავე განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორს იმავე ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია უცხოური ძალის აგენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს. 5. განმცხადებლის/უცხოური ძალის აგენტის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი საჯაროა. ამ ინფორმაციის გაცნობის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. მუხლი 4. 1. უცხოური ძალის აგენტი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით აგზავნის, ვალდებულია ამ ინფორმაციის გაგზავნიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგივე ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს წარუდგინოს. 2. საქართველოს გენერალური პროკურორისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჯაროა. ამ ინფორმაციის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. 3. დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ. 4. საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 5. 1. უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა იმ ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა, რომელიც უცხოურ ძალასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა უნდა შეინახოს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის ვადით, ასევე რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესანახი ინფორმაციის ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. მუხლი 6 უცხოური ძალის აგენტის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოური ძალის აგენტი ფიზიკური პირია) ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უცხოური ძალის აგენტის ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს. მუხლი 7. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. მუხლი 8. 1. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს გენერალურ პროკურორს ამ კანონით დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიიღოს ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში. მუხლი 9. 1. ეს კანონი, გარდა პირველი-მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს,”- წერია კანონპროექტში.
  20. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს. როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა წაართვას. „ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. interpressnews
  21. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ახსენებს საქართველოს მთავრობა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში საბჭოთა რუსეთს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველამ იცის და ეს წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ქვეყნის ოკუპაციაზე. მან ასევე თქვა, რომ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ამაზე აპელირებენ „სიტყვის ფეტიში“ აქვთ. „ეს სიტყვის ფეტიშობაა, რომელიც გარკვეულ ჯგუფში არის დამყარებული, აჩვენებს თუ რამდენად რთულად არის ამ ჯგუფის მდგომარეობა თვითონ. … არა თუ სიტყვაში არამედ ეს წერია ჩვენს ისტორიაში და წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ოკუპაციაზე. 25 თებერვალს საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. რომელიც 1921 წლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს ეხება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის შემოჭრას და რუსულ ოკუპაციას „ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად” მოიხსენიებს. პუბლიკა
  22. თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროსა და დავით კეზერაშვილს შორის დავაზე სასამართლო განხილვა დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. როგორც კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროდან კეზერაშვილისთვის 5 მილიონი ევროს დაკისრების მოთხოვნას ერთადერთი მიზანი აქვს — მისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჩამორთმევა. გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ამ დროისთვის უცნობია. როგორც კოლეგიის ხელმძღვანელმა, მოსამართლე ოთარ სიჭინავამ განაცხადა, მხარეებს წინასწარ ეცნობებათ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის მუხლებით. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. კეზერაშვილი და ნინუა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. თუმცა, საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედ ცნეს. დავით კეზერაშვილის 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს. ნეტგაზეთი
  23. “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ვლადიმირ პუტინისა და ირაკლი კობახიძის განმარტებებს შორის მსგავსებაზე თავად ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ არის საინტერესო, “ვინ რას იმეორებდა, საინტერესოა ფაქტები”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა დღეს, 27 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძეს იმ დროს ჰკთხეს მისი და პუტინის პოზიციების მსგავსებაზე, როცა ამბობდა, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიურ რუსულ კანონთან. “ვინ რას იმეორებდა, არ არის საინტერესო, საინტერესოა ფაქტები…”, – თქვა კობახიძემ. რუსეთში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს, რის შემდეგაც ქვეყანაში დაიხურა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია. ვლადიმერ პუტინი კანონზე საუბრისას ამბობდა, რომ “რუსული კანონი” ამერიკაში 1938 წელს მიღებული “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის” შერბილებული ვერსია იყო. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა პუტინის იმდროინდელ შეფასებებს. ნეტგაზეთი
  24. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს, განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია: „როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.“ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. ვრცლად ამ საკითხზე: ნეტგაზეთი
  25. პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა. „ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ხშირია სპეკულაციები, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, ეარის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, ორი კანონპროექტი კომიტეტებზე მოსმენის დროს თვალნათლივ შეადაროს და დარწმუნდეს, რაოდენ სჯობს ჩვენ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღებენ, შემდეგ ორივე მათგანი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ან ერთ, ან მეორე ვარიანტს მიიღებენ. ბიუროს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს მომავალი სასესიო კვირის სავარაუდო დღის წესრიგზე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განსაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ. ინფორმაციას საქართველოს პარლამნეტის პრესსამსახური ავრცელებს.
×
×
  • შექმენი...