Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ – ამ სახელწოდებით მორიგი პეტიცია ვრცელდება რუსული კანონის წინააღმდეგ. პეტიციაში ნათქვამუა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი არიან„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით. გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ – უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები – ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “- ნათქვამია პეტიციის ტექსტში. პეტიციაზე ხელმომწერები ასევე ამბობენ, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონი შეზღუდავს და სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს როგორც მათ პარტნიორ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, ისე მათ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებს. მათი აზრით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაუძლეველ ბარიერებს შეუქმნის ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც. „საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით. კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან. თუ დღეს ინსტიტუციურად შესაძლებელია, რომ ქართველმა სტუდენტმა, პროფესორმა და მკვლევარმა ბარიერების გარეშე მიიღოს მონაწილეობა განათლებისა და ცოდნის შექმნის ევროპულ და გლობალურ პროცესებში, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მოშლის ამ ინსტიტუციონალიზებულ შესაძლებლობებს და ამ სიკეთეებით მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები შეძლებენ სარგებლობას. საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს. ვითვალისწინებთ რა ამ საგანგაშო პერსპექტივებს, მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, რათა არ დაუშვას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მეშვეობით საქართველოს საზოგადოებაზე და მის ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა, საქართველოს საზოგადოებისთვის საძირკვლის მოშლა, “- ნათქვამია პეტიციაში.
  2. სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან. პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა. შესწორება: მასალაში ნათქვამი იყო, რომ პეტიციას ხელს აწერს რობერტ სტურუა, რადგან მისი სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის. „პუბლიკა“ შეეცადა გადამოწმებას ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას. თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ რობერტ სტურუას ხელი არაფერზე მოუწერია. თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.
  3. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებენ. ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს. სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
  4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს. ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია. ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტი განიხილავს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გასულ კვირას ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია ორგანიზაციები აპროტესტებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, „ხალხის ძალამ“ პირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას – 25 ათასი ლარის ოდენობით. რიგით მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით კი, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. მისი შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ხუთ წლამდე ვადით. პროექტით, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  5. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს. „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი მის კანდიდატურას მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი, გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს. ავტორი - თეონა მანაგაძე
  6. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
  7. თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
  8. უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. კერძოდ, გასული წლის 1-ელ მარტს, ევროკავშირში ჩვენი წევრობის განაცხადის წარდგენიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისა და მინიჭების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მეცოლამ უკრაინაში განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების უკვე წელს დაიწყება. მისი თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. ipn
  9. პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარტამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და კონსტიტუციით განსაზღვრული ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით წესრიგდება. პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს, პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივის 2 ფორმით განხორციელების გარანტიებს, კერძოდ: კანონპროექტის წარდგენა და ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა. აღნიშნული კონსტიტუციური უფლების პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა ითვალისწინებს ერთადერთი მკაფიო წინაპირობის ჩანაწერს, რომ ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენისთვის, პარლამენტის წევრმა, ეს პროექტი უნდა წარადგინოს ძირითადი კანონპროექტის წამყვან კომიტეტზე განხილვამდე (პარლამენტის რეგლამენტის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთან, პარლამენტის ბიუროს მთავარი ვალდებულება და ფუნქცია არის საკანონმდებლო პროცესის და პარლამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივის ორგანიზაციულ-პროცედურული უზრუნველყოფა (რეგლამენტის 24-ე მუხლი). პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო ინიციატივის გარანტიის და პროექტის განხილვის უფლების რეალიზების ტექნიკურ-პროცედურული დამხმარე რგოლია, იგი არ არის აღჭურვილი უფლებით, უარი თქვას საკანონმდებლი ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის, ან ალტერნატიული კანონპროექტის რეგისტრაციასა და განხილვის დაწყებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (07-3/293; 14.02.2023), ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (07-3/296/10; 22.02.2023) წამყვან, ანუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვამდე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და თეონა აქუბარდიამ ვისარგებლეთ კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივით და 2023 წლის 2 მარტს წარვადგინეთ და დავარეგისტრირეთ ალტერნატიული კანონპროექტები „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნულის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვენი კონსტიტუციური უფლების გარანტირებულად შესრულება, რომ მოხდეს ძირითადი კანონპროექტებისა და ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვა. ამასთან, ისევე როგორც პარლამენტის ბიურო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ვალდებულია, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზება და კომიტეტის სხდომაზე განხორციელდეს ორივე (ძირითადი და ალტერნატიული) კანონპროექტების ერთადროულად განხილვა. მოგმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოთ კონსტიტუციის დაცვა, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და შექმნათ პირობა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის, რეგლამენტის სრული დაცვით წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოხდეს ძირითად კანონპროექტთან ერთად, რეგლამენტით დადგენილი წესით. ეს შესაძლებელია როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების დროის გადმოწევით ჩვენი ალტერნატიული წინადადების განხილვის დაწყების გაფორმებისთვის, რომ ამის შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების ერთად განხილვა განხორციელდეს, ასევე შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე ძირითადი კანონპროექტების განხილვის დროის გადაწევით ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ დრომდე. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვითხოვთ კონსტიტიციით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოგიწოდებთ, რომ დაცული იქნას კანონპროექტის განხილვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
  10. ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების პროცესზე. ხელისუფლებამ განხილვა პატარა დარბაზში მიზანმიმართულად გადაიტანა. გუშინ ვნახეთ სახელმწიფო ინსტიტუტების, პარლამენტის ჩაკეტვა. ეს პროცესები მაგონებს ბელარუსის ქმედებებს, რომელმაც არ შეუშვა არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვის პროცესში, პროცესის მაქსიმალურად ჩაკეტვა მოახდინა. ახლა გამოდიან და ამბობენ, თურმე განხილვის დროს ინკლუზიური იქნება პროცესი და ისეთ კანონს არ მიიღებენ, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს. ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე. ჩემთვის არც ეს არის მისაღები და შემიძლია, თავისუფლად ვთქვა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ავტორი - მანანა დევაძე
  11. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს. მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული კანონები აქვთ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციონერების დამოკიდებულება გაუგებარია. „ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ოპოზიციონერების დამოკიდებულება და პანიკა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. არავინ საუბრობს კანონის შინაარსზე, თუ რატომ არის ის პრობლემა. არანაირი კონკრეტიკა არ არის, ერთადერთი, ცდილობენ ამ კანონს შლეიფი მოახვიონ, თითქოს, ის რუსულია. წარდგენილია ორი კანონპროექტი. ერთი ზუსტი ანალოგია იმისა, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად ნათარგმნი და გადმოტანილია. მე არ მგონია, რომ ამერიკაში რუსული კანონპროექტები აქვთ. ამერიკაში თუ რუსულ კანონპროექტებს იღებენ, ეს ჩემთვის სიახლეა. ჩემი დამოკიდებულებით, ეს ამერიკული ვარიანტი, საკმაოდ ხისტი და მძიმეა. ასევე, არის მეორე, ქართული კანონპროექტი, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთი, რასაც მოითხოვს, გამჭვირვალობაა. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, სხვა არაფერი. აბსოლუტურად არ მესმის, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. გარდა ამისა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, შესაბამისად, მათ დასკვნებს დაველოდებით”, - განაცხადა კახა კალაძემ. ინტერპრესნიუსი
  12. ორგანიზაცია Freedom House-ი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გადახედვისკენ მოუწოდებს. „ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, ამას საშინელი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადასინჯოს ეს კანონპროექტები“, - აღნიშნულია Freedom House-ის განცხადებაში.
  13. უკრაინა აუცილებლად მიიღებს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს დასავლელი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას 2-3 ტიპის თვითმფრინავებს მიაწოდებენ, რომელთაგან ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გახდება. „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელია უკეთესი უკრაინისთვის. ჩვენი აეროდრომებისთვის, ჩვენი ინჟინრებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის", - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინას აქვს დასავლეთისგან მიწოდებული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები. „ახლა ჩემს ქვეყანაში არის „ლეოპარდები“, მე პირადად გამოვცადე „ლეოპარდი“ გერმანიიდან”, - აღნიშნა რეზნიკოვმა. იპნ
  14. უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცალი ძალისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 6 ზონას დაარტყეს. იპნ
  15. ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა. „ინტერპრესნიუსისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა. უფრო კონკრეტულად, სააგენტოსთვის მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, 21 იყო მართლმადიდებელი; 15 - მუსლიმი; 330 -იეჰოვას მოწმე; 36 324 - „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლება“; 2106 -კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე);41 - სხვა. ამასთან, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ - 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ. რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების სხვა საფუძვლებს, სტატისტიკა ასეთია: შეზღუდულად ვარგისი 154 178; დედისერთა 152 822; ჰყავს ერთი შვილი - ვადით 3 წლამდე 25 834; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი 16 879; სკოლის მოსწავლე (20 წლამდე) - 13 566; ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვადით 1 წლამდე) 13 393; გადაიხადა მოსაკრებელი (2000 ლარი) - 5065; პროფესიული სტუდენტი 3 627; მარჩენალი, მხარდამჭერი - 1 473; მის მიმართ მიმდინარეობს ს.ს. დევნა - 860; გადავადება აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ - 842; ჰყავს არასრულწლოვანი და/ძმა - 372; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად - 337. ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“, რომელიც მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. იპნ
  16. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით. ნედ პრაისის თქმით, ის, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. „ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ ინიციირებული კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ. არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც მათ დაისახეს და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს დასახული მიზნად, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში. მხოლოდ აშშ არ არის, ვინც გამოხატავს შეშფოთებას, ასევეა საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო. ქართულმა სამოქალაქო სექტორმაც გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს ძალიან განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ. ასევე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა, წავა თუ არა აშშ ივანიშვილის წინააღმდეგ, თუკი ის „ჟანგბადს“ გამოაცლის ქართულ დემოკრატიას. რის საპასუხოდაც პრაისმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება იქნება დიდად შემაშფოთებელი აშშ-თვის, თუმცა ის ჯერ პროექტია და ახლა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება. „აშშ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ გვსურს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც გამოვხატეთ, რომელიც ევროკავშირმა, გაერომ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისივე ქვეყანაში, საქართევლოს მოქალაქეებისგან. სწორდ ამაზე ვართ ფოკუსირებულები. ცხადია, ამ კანონის მიღება და ამოქმედება იქნება დიდად შემაშფოთებელი ჩვენთვის. ჩვენ არ ვაპირებთ გადავიდეთ ამ ხიდზე. ამ ეტაპზე ეს კანონი არის ჯერ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს კანონმდებლების მიერ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ყოველგვარი ეჭვების გარეშე ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პრაისმა.
  17. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე. ამის შესახებ სამანტა პაუერი „ტვიტერზე“ წერს.
  18. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. განცხადებას ხელს აწერენ: ️ 2012-2013 – გიორგი ჭეხანი ️2013-2014 – თორნიკე ზურაბაშვილი ️2014-2015 – ლაშა შაყულაშვილი ️2015-2016 – მარიამ სიხარულიძე ️2016-2017 – თათია დოლიძე ️2017-2018 – გიორგი ტუმასიანი ️2018-2019 – ლიკა ტორიკაშვილი ️2019-2020 – ესმა გუმბერიძე ️2021-2022 – ნინო გოგოხია ️2022-2023 – დავით ესათია
  19. პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. როგორც შალვა პაპუაშვილი წერილში აღნიშნავს, ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. „პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მასთან თანამშრომლობით არსებით პროგრესს მიაღწია დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი მისწრაფებები დადასტურებულია კონვენციის ფუნდამენტური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, რამაც მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჩვენს ქვეყანაში მტკიცე საფუძველი შექმნა. ჩვენ ვთანხმდებით იმ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი – ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) ზუსტი ასლი, ხოლო მეორე – FARA-ის ნაკლებად შემზღუდავი, ლიბერალური ვერსია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს. პატივცემულო კომისარო, მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება, ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც“, – აღნიშნულია წერილში. აქვე ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. „თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას. რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა. ამასთანავე, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას,” – წერს პაპუაშვილი. 1ტვ
  20. ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. მაგალითისთვის, დასახელებულია შენიღბული ფირმებისა და ფსევდონიმების გამოყენება, ასევე სანქცირებული ტვირთების საიდუმლო ექსპორტი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, სომხეთი, თურქეთი და უზბეკეთი, შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთსა და ბელარუსში. „ყველა ტიპის კომპანიებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, შემოიღონ მკაცრი კონტროლი, რომ სანქციები იყოს დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში. ავტორი - ლევან ახალაია
  21. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივამა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს ასეთი ხარისხისთვის. „ჩვენი შეფასებით ყველაფერი მაღალ დონეზეა, ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ისე მათი მწვრთნელებიც. ამ დრომდე არავითარი შენიშვნა არ გაგვაჩნია. ნამდვილად დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებთ ასეთი ხარისხისთვის“, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა.
  22. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის შედეგი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იქნება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის პირველია. ირაკლი კობახიძის აზრით, პოლარიზაციას ბუნდოვანება განაპირობებს, რომელიც მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აღმოიფხვრება: „საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში, ეს არის დეპოლარიზაცია. თქვენ ხედავთ, რომ დეპოლარიზაცია არის ის პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. კანონები შეიძლება მიიღო და მივიღეთ ეს კანონები, ორზე ველოდებით დასკვნას, ომბუდსმენიც შეიძლება ავირჩიოთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზეც შეიძლება რაღაც რესურსი არსებობდეს, მაგრამ ერთი პუნქტია, სადაც პროგრესი არ ჩანს. არათუ პროგრესი არ ჩანს, არამედ არის მუდმივი მცდელობა, იყოს რეგრესი იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობდნენ ევროპაზე მაღალ რეგისტრში. ეს ხომ ფარისევლობაა, სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ პირველი პუნქტის შესრულებას. ამას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ამას აკეთებენ ასევე მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენიმე შემთხვევა იყო, იგივე სახალხო დამცველის არჩევისას ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში პირველ რიგში გამოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ დეპოლარიზაციის ამოცანას“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ყველაფერში გარკვეულ სიცხადეს“ შეიტანენ, ამას პრევენციული ხასიათიც ექნება და „ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებაში“. კობახიძის თქმით, პოლარიზაციის დასრულებას საქართველოსგან ისინი ითხოვენ, ვინც თავად აფინანსებს ამ პოლარიზაციას: „პოლარიზაციას რაც განაპირობებს, ერთ-ერთი არის ბუნდოვანება. ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და მეორე მხრივ, ვიღაცა აფინანსებს ამ პოლარიზაციას იგივე სუბიექტი ხანდახან. ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც კი შევიტანთ გარკვეულ სიცხადეს ყველაფერში, მე მგონია, პრევენციული ხასიათი ექნება ამ ყველაფერს. ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. საზოგადოება ხომ დაინახავს ამ ყველაფერს. აქამდე ეს თემა არ გაგვიშლია/ მაგალითად, იმაზე არ გვისაუბრია, რომ ვიღაცა თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას. ეს თემა რომ გამოვიდა სააშკარაოზე და ხალხმა მიიღო ინფორმაცია, ამასაც ექნება პრევენციული ეფექტი. ვიღაცას აღარ ენდომება პოლარიზაციის მხარდაჭერა, მისი დაფინანსება და ეს, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  23. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება. „დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. ასევე, დასკვნაში შევიტანოთ, რომ ტერმინებს, რომელიც მოცემულია კანონპროექტში, სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. ამ პირობით გადავცეთ ეს საკითხი წამყვან კომიტეტს. მინდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ ეს საკითხი გადაეცეს იურიდიულ კომიტეტს“, — განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს მხოლოდ პრინციპის დონეზე განხილვას და არა — სათაურს და ტერმინებს. „მეორე მოსმენით განხილული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას. დღეს არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კანონის მხარდაჭერაზე ან მიუღებლობაზე“, — განაცხადა სამხარაძემ. გამჭვირვალობასთან ერთად, კანონპროექტის მიღების მიზნად სამხარაძემ ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების გავლენისგან დაცვა დაასახელა. კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია. კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს. „ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, არამედ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დედამიწელებს“, — განაცხადა ნიკა სამხარაძემ. კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  24. „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ავრცელებენ. ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორიც: „უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში, არ ვიცით სად წაიყვანეს… ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, კრიტიკული ხმის ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად ის ხდება, რაც მოხდა რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ და დღეს უკვე ვნახეთ, რომ კომტიეტებმა მწვანე შუქი აუნთეს ამ კანონს“ — ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი, რომელიც ზურა ვარდიაშვილის დაკავებას შეესწრო. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პარლამენტში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტი ასევე ძალის გამოყენებით გამოაძევეს პარლამენტის ეზოდანაც. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება. კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია. კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს. „ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, არამედ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დედამიწელებს“, — განაცხადა ნიკა სამხარაძემ. კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  25. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული. უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილება.
×
×
  • შექმენი...