-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია. „ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!“ - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე. აღნიშნული კანონპროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ. კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები. ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. იპნ
-
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
-
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არაფერია იმაზე დიდი საფრთხის შემცველი, რასაც წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ბორელი როცა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. „ერთი შეხედვით თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე შეიძლება ყველას წარმოუდგენია. თუ ამ ქვეყანას არ ექნება შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როცა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა გეუბნება, რომ ამის მიღება არ შეიძლება, ევროპარლამენტი გეუბნებათ და 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბორელი როცა ამას გვეუბნება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ამას გეუბნებათ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეც ვარ“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
-
საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა. ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა. აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“. INTERPRESSNEWS
-
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა. „ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რუსული კანონთან თანხვედრაშია. პასუხად, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მთლიანი პროექტია რუსული. „ნუ ტყუით, რუსულ კანონთან არაფერი კავშირი არ აქვს. ერთი საერთო წინადადება მითხარით ამ კანონმდებლობასა და რუსულს შორის. ახლავე ჩავასწორებ, მითხარით!“,- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს. რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. „არაერთხელ მოვსულვარ პარლამენტში და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე - მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, დასახვეწია, არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად, მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს. აღელვებული იმიტომ ვარ, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი მგონია არსებობდეს ამ ეტაპზე საქართველოში. ერთი შეხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ბორელი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო - თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. იპნ
-
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო. პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ. კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სხდომის დაწყების მომენტისთვის კი რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისინი დარბაზში დაუშვეს. „შენს სხდომას იცავს სუს-ი, შენთვის ეს არაფერს ნიშნავს?“,- მიმართა ხათუნა სამნიძემ კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს. იპნ
-
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს. „ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს. დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრინციპების დონეზე უნდა განიხილონ, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტი. კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა. კანონი „აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე „ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას. ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს.
-
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“. ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. „ნიკოლოზ, არ გაქვს უფლება, ეს რუსული კანონი განიხილო“,- მიმართა ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს. პარლამენტის მანდატურის სამსახურმა პარტია „დროას“ ერთ-ერთი წევრი გიგა ლემონჯავა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მანდატურის სამსახური დარბაზიდან სხვა პოლიტიკოსების გაყვანასაც ცდილობენ, რომლებსაც დეპუტატის მანდატი არ აქვთ. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. „პუტინისტო”, რუსო, „შეგეწერა“. მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ რუსი ხარ“,- მიმართა ხაბეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხაძეს. იპნ
-
პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ. აღსანიშნავია, რომ ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა. ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში უნდა ჩატარდეს, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში. იპნ
-
ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია - ეს სიტყვათა შეთანხმება, არ ნიშნავს რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ეს არის პრობლემა, ამაზე მსჯელობა საკომიტეტო განხილვების დროს არის შესაძლებელი. „კანონის ერთადერთი მთავარი და ლეგიტიმური მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობა, მეც ასე მწამს. გამჭვირვალობა თავისთავად არავისთვის წარმოადგენს პრობლემას. აქ ლაპარაკია, რომ ინგლისური ტერმინი, რომელიც გადმოტანილი იქნა კანონის ქართულ ვერსიაში და სადაც სიტყვა "აგენტი" ფიგურირებს, საქართველოში არის არადადებითი კონოტაციის მატარებელი. თავისთავად ამაზე შეგვიძლია ორნაირი ახსნა ვთქვათ, სიტყვათა ეს წყობა ამ კანონის მიზნებით არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არ ნიშნავს არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია. ეს სიტყვათა შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი იმ გაგებით, რომ (ხარ) ჯაშუში, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი. მაგრამ აქ საუბარია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამას 30 წელია ცუდი ჟღერადობა აქვს, შინაარსით ამას არ ნიშნავს, მაგრამ ამბობენ, რომ ცუდი ასოცირებაა. თუ ეს არის პრობლემა, ეს უკვე კანონზე მუშაობის დროს სამსჯელო საგანია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. იპნ
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ავტორი: თაია არდოტელი
-
ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი საჰაერო განგაშის სიგნალებით დაუფრთხო. როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, ნორვეგიის მოქალაქემ გვიან ღამით პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს: „მინდოდა ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორონ, რომ ამ ომის თანამონაწილეები არიან“ — ამბობს ქრანი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen გამოცემა კაცს მის სახლში, პროტესტამდე ერთი საათით ადრე, ღამის 01:00 საათზე შეხვდა. როგორც Nettavisens წერს, სამზარეულოს მაგიდაზე ყავის სავსე თეთრი ჭიქა მიანიშნებდა, რომ ქრანი ღამით დაძინებას არ აპირებდა. ის აღელვებული იყო და თანდათან იაზრებდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა: „რუსეთი ბომბავს და ტერორის ქვეშ ამყოფებს საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და საცხოვრებელ სახლებს. ეს სასტიკი ომია, რომლისგანაც რუსი დიპლომატები დისტანცირდებიან“ — ამბობს ქრანი და აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალები, შიში და გაქცევა უკრაინელი ბავშვების ყოველდღიურობაა, რაც ამწუხრებს მას და მის მეუღლეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს. სწორედ ამ განცდამ გადააწყვეტინა ნორვეგიის 73 წლის მოქალაქეს თებერვლის ცივ ღამეს ზამთრის სქელი წინდები ჩაეცვა და ოსლოს ქუჩებში დიპლომატების საცხოვრებლის მოსაძებნად ღამით გასულიყო. ქრანი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოების ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შესაძლოა, შემცირდეს და ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ამას ხელი შეუშალოს. ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen გამოცემა წერს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალების მსგავსი ხმა ბეტონის შენობებზე აირეკლა და ოსლოს დასავლეთ ნაწილი მოიცვა. Nettavisen-ის თქმით, პროტესტის მიმდინარეობისას შენობის ერთ-ერთ ფანჯარაში შუქი აინთო და სიბნელეში ადამიანის სილუეტიც გამოჩნდა. ნახევარსაათიანი პერფორმანსის შემდეგ შეთილმა დინამიკი გამორთო, კაცი არ დაუკავებიათ თუმცა გამოცემა წერს, რომ ის დაპატიმრებისთვისაც მზად იყო: „რუსი დიპლომატების ღამით გაღვიძება აქტივიზმის ეფექტური ფორმაა თუ არა? არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. ეს აქამდე არასოდეს გამიკეთებია, იმედი მაქვს, იმუშავებს. ჩემი მიზანი მათი შეშინება იყო. რაც შეეხება სასჯელს, შესაძლოა ეს აქტივიზმის არალეგალური ფორმა იყო, მაგრამ ჩემთვის სულერთია. თუ დამაჯარიმებენ, იმედი მაქვს მეგობრები დამეხმარებიან მის გადახდაში. თუმცა მორალურად, ჩემს ქმედებებში დარწმუნებული ვარ. თუ ამ ქმედებას კანონგარეშედ ჩათვლიან, დაე იყოს ასე“ – აცხადებს ქრანი და დინამიკით ხელში ამჯერად უკვე შინისკენ მიემართება. გამოცემა აღნიშნავს, რომ საპასუხო კომენტარისთვის ოსლოში რუსეთის სახელჩოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen ნეტგაზეთი -
დეპუტატ ხელაშვილს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა!”- ვკითხულობთ განცხადებაში. დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრინციპების დონეზე უნდა განიხილონ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტები. კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა. კანონი “აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე “ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას. ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს. -
„გვჯერა, არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს" - თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები მიმართავენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები ღია წერილით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ თალაკვაძეს, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს და შეეწინააღმდეგოს მის მიღებას საქართველოში. გთავაზობთ განცხადებას: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება. დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე”. ხელმომწერები: თეონა დიასამიძე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ლიკა იმერლიშვილი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ყოფილი კოორდინატორი ეკა მინჯორაია, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ქეთევან სიბაშვილი, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ქეთევან ციბაძე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ლიანა ჩარკვიანი, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი თამარ მოდებაძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი სოსო მეზვრიშვილი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი თამარ თუმანიშვილი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ნათია სირდაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის პროგრამის მრჩეველი ნინა ხატისკაცი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი publika -
თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა, არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან - მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენ პრინციპებს სწორად გაიგებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ისინი აკეთებენ. „თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, მე არ მინდა ასეთი ევროპა. არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპული ღირებულებები, ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, ის პრინციპები, როცა ვამბობთ, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრმა რომ კანონპროექტის ინიციარება გააკეთოს, ეს არის კანონიერი და ვინც ამას ეწინააღმდეგება, მამუნათებს და სტიგმატიზაციას ახორციელებს ჩემს წინააღმდეგ, ევროკავშირი და ელჩები გამოდიან, ეს არის ჩემს უფლებებში ჩარევა და ჩემი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ეს ევროპა არ არის და ეს უნდა ვიცოდეთ, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენს პრინციპებს სწორად გაიგებს”, - განაცხადა ყაველაშვილმა.
-
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობა, რომ ეს კანონპროექტი "შეფუთონ", როგორც რუსული. „მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. მაგალისთისვის, კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამხელა სიმძიმე აქვს აშშ-ში აღნიშნულ კანონპროექტს და როგორია ის კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში ვიღებთ. ასევე, საინტერესოა ის, რომ ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ ბოლო დღეებში, თუმცა სიღრმეში არავინ შედის, ყველა ზედაპირულად საუბრობს. მცდელობაა იმის, რომ შეიფუთოს აღნიშნული კანონპროექტი, როგორც რუსული. შლეიფი მოსდევს, რომ რუსული კანონპროექტია, სინამდვილეში არავინ არ ხსნის რატომაა რუსული, რით განსხვავდება მაგალითად, ამერიკული კანონპროექტისგან. თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ ვერ იმუშავებს, რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს პირადად ვერ ვისმენ და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებას მოუსმენია. ერთადერთი რაც არის, საუბარია იმაზე, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტს და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, შეიძლება იყვნენ საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ და ამან სამომავლოდ პრობლემა შექმნას. "რატომ წუხან ეს ადამიანები, როცა ელემენტარულ გამჭვირვალობაზეა საუბარი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. ძალიან მარტივია, არაფერი განსაკუთრებული",-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკას, კახა კალაძის თქმით, ის დასაბუთებული და არგუმენტირებული უნდა იყოს. "როდესაც რაღაცაზე ამბობ, რომ ცუდია, მას დასაბუთება სჭირდება. უბრალოდ, შეფუთო ეს კანონპროექტი და საზოგადოებას მიუგდო ისე, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, სიღრმეში და მსჯელობაში არ შეხვიდე, კატეგორიულად მიუღებელია. რატომაა რუსული და რატომ იქნება ცუდი, ხომ უნდა ავუხსნათ ეს საზოგადოებას?!",-განაცხადა კალაძემ.
-
პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირა „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლების კანონპროექტებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს ერთადერთი მტრის - რუსეთის გავლენების წინააღმდეგ საქართველოში. კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების და მათი განმახორციელებელი პირების გამოაშკარავება. კანონპროექტი დანაშაულად აცხადებს რუსეთის გავლენის გატარებას და რუსეთის სასარგებლო ქმედებებს საქართველოში. კერძოდ, რუსეთის გავლენით საქართველოს საგარეო კურსზე ზემოქმედებას, მისი შეცვლის მცდელობას ან/და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. კანონპროექტი თავისი მიზნებით და რეგულირების სფეროთი სრულად განსხვავდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისგან. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, დღეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გაზრდილია, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე და ზრდის საფრთხეს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი რუსული გავლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ისტორიულ არჩევანს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
-
ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა პირველი აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.
-
„ცრუ დილემა“ – პაპუაშვილი რუსული კანონის გამო EU-ს კანდიდატის სტატუსის დაკარგვაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ცრუ დილემას” უწოდებს იმას, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ელჩების ინიციატივით პარლამენტში გაიმართა და სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს შეეხებოდა. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს და წლებია რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესირებისთვის იყენებს. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მათი კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს და შინაარსთან დაკავშირებით რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა. მისი მტკიცებით, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არის. პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აღნიშნული კანონის მიღება კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს. “ცრუ დილემები არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, ისევ, როგორც სხვა ბევრი რამე მოვისმინეთ[…] ეს კანონი ჯერ მიღებული არ არის, მნიშვნელოვანია, რა სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში. ამიტომაც არის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა. თუმცა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ელჩებს პარლამენტის თავმჯდომარესთან “მარტივი დისკუსია” არ ჰქონიათ და კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რადგან ეს კანონპროექტი თავსებადი არაა ევროკავშირის ღირებულებებთან და წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებიდან სულ მცირე ორ პუნქტთან. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ნეტგაზეთი -
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ. „ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე. „ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მდგომარეობაში. 3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ამ რეალობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ასეთი უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, — თქვა მან. კარამანლისმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა ტემპიში სარკინიგზო ავარიის ადგილის მონახულების შემდეგ. ჩრდილოეთ საბერძნეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მინიმუმ 38 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. ნეტგაზეთი -
დღეს, 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
1947 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა. ეთნიკური აფხაზი გაბესკირია 1992 წელს სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს როდესაც ქალაქი სოხუმი რუსებმა და აფხაზებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე. გაბესკირია სხვებთან ერთად ტყვედ იქნა აყვანილი. ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: Никогда в жизни! ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თანამებრძოლებთან ერთად თბილისში გადმოსვენება. 2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ისგმირუს წოდებას ნამდვილად იმსახურებდა. გურამ გაბესკირია ერთიანი საქართველოსთვის მოკვდა. TIMER.GE -
74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1ტვ