Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსი ოლიგარქისთვის, არკადი როტენბერგისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქციების უკრაინის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულება 300 მილიონი აშშ დოლარია. „დადგინდა, რომ როტენბერგი არის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა გარემოცვის წევრი და უშუალოდ იყო ჩართული ეგრეთწოდებული „ყირიმის ხიდის“ მშენებლობაში“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, როტენბერგი სავაჭრო ცენტრის აქციების ორ მესამედს ნომინალური შვეიცარიელი მფლობელების მეშვეობით აკონტროლებდა. იპნ
  2. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“. მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ ჩხენკელისგან განსხვავებით, გიორგი ამილახვარს სხვა მისია ექნება. „განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ხელისუფლებამ დაინახა, რომ მისი ძალაუფლებისთვის საფრთხის წყაროა: უნივერსიტეტები, სკოლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები. ხელისუფლება ახლა ცდილობს რეპრესიული პოლიტიკის მექანიზმი შექმნას და გაატაროს. განათლების სამინისტროში, ჩხენკელისგან განსხვავებით ამილახვარს სხვა მისია ექნება. სამინისტროს ხელში ძალიან ბევრი მექანიზმია, მათ შორის, უნივერსიტეტების შევიწროების, კერძო სასწავლებლების შევიწროების, ასევე ავტორიზაციის მექანიზმი... ბუნებრივია, რაღაც ბერკეტები, რომ საუნივერსიტეტო თავისუფლება შეუზღუდონ და რეპრესიული პოლიტიკა გაატარონ უმაღლესი დაწესებულებების მიმართ. დღეს განათლების მინისტრის დანიშვნა ემსახურებოდა პირდაპირ გზავნილს, ხელისუფლებას, მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად გაკვეთილი არ უსწავლია, მეტიც ისინი აპირებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას. ამის გამოვლინება იყო სამთავრობო ცვლილება განათლების სამინისტროში. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ამ მიმართულებით გარღვევა აქვს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისივე განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანწილად ასევე არის „ოცნებაშიც“. „ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის გამოვლინება, რომელიც სისტემურ თემაში არ ზის, შესაბამისად, თვლის, რომ ახალგაზრდობის ნაწილში, განათლების სამინისტრო, რაღაც პროცესებზე პასუხისმგებელი იყო. თვლის, რომ პარლამენტის წევრები არ დაემორჩილნენ პარტიულ გადაწყვეტილებას და ამ კანონის [ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი] სასარგებლოდ ხმა არ მისცეს. ბუნებრივია, თვლის რომ ამ ადამიანების ნდობა მომავალში შეუძლებელია. ჩანს, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვან წილად, ასევე არის ოცნებაშიც“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ინტერპრესნიუსი
  3. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“. მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთის შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია“, მისი თქმით „აქტიური სამუშაო მიმდინარეობს სირიასთან, ლიბანთან, ავღანეთთან“ საქართველო კი საერთაშორისო კავშირების დაბლოკვას ცდილობს. ლიბანი და ავღანეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. 2021 წლის სექტემბრში პოლიტიკური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა უჰამად ნაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მულა აბდულ ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელს შეხვდა, ინფორმაცია ტელეგრამის რამდენიმე არხმაც გაავრცელა. გაირკვა, რომ „თალიბანს“ ალექსეი მაქსიმოვი შეხვდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვიდან ცხინვალში მიიწვიეს და რუსეთში სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად დაინიშნეს. სოციალური ქსელების მომხმარებლები და მედია „მის საეჭვო ბიორგაფილ მონაცემებზე“ წერდა - შესაძლოა, ის არარსებულ სამხედრო დამსახურებესა და ჯილდოებს მიიწერდეს. მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდა რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა და ასევე „აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები“ განიხილეს.
  4. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. იპნ
  5. მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია. "ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა. ასევე ნახეთ პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება 19 მარტს გადაცემა "მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა: "3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...". ტურაშვილის გარდა, ბოლო დღეებში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე არიან სხვა მწერლებიც.
  6. მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა. შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო, მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ იქცეოდა. შოთამ ეს რვა მარტს, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ინტერნეტსა და მედიაში ვირუსულად გავრცელდა ჭავლთან დროშით მებრძოლი ქალის ვიდეო და ფოტოები. შოთამ დროშა ბამბუკის ტარით ამოიცნო: შოთა კასრაძე „იმ ღამეს, პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ იმ ქაოსში, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში, დროშა ძირს დავარდა. როგორც კი ჩიტაძეზე ავირბინე, დროშა დავინახე. ქვაფენილზე ეგდო. ბამბუკის ტარი სამ ადგილას იყო გადატეხილი. მაშინვე მოვხსენი დროშა, დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ დროშა არ უნდა ეგდოს ძირს. მით უმეტეს, როცა ეს შენთვის ძვირფასი დროშაა, ევროპული ოჯახის დროშა. იმ ოჯახის დროშა, სადაც შენ უნდა შეხვიდე, არ უნდა დახიო, არ უნდა დაწვა, ფეხით არ უნდა გადაუარო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში, მთავარი ინსტინქტი შესაძლოა, გაქცევა ყოფილიყო, არც კი გამივლია გულში, რომ დროშა იქვე დამეტოვებინა და არ წამომეღო“. მეორე დღეს, როცა გააცნობიერა, რომ დროშა, რომელიც ჯიბით მიიტანა სახლში, აქციების მთავარ სიმბოლოდ იქცა, მისი ემოცია მძაფრი და ამაღელვებელი იყო: „ეს ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარაა. ეს კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო კი შემთხვევით თუ ბედის გამართლებით, ჩემს ხელში აღმოჩნდა. ვუყურებდი ფოტოს და ჩემს წინ გაფენილ დროშას და ვფიქრობდი, რომ ეს დროშა, ეს სიმბოლო, მე ვიპოვე. ამ აქციებზე მისვლის და დგომის მთავარი მიზეზიც ხომ ის იყო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადაედგა ისეთი ნაბიჯი, მიეღო ისეთი კანონი, რომელიც მკვეთრად დაგვაშორებდა ევროპას. ნებისმიერი სწორად მოაზროვნე ადამიანის პირდაპირი მოვალეობა იყო, რომ იმ დღეებში რუსთაველზე მდგარიყო და ქართველი ხალხის სურვილი ევროპულ ოჯახში გაერთიანებისა, ხმამაღლა და ნათლად გამოგვეხატა და ახლა ეს დროშა, ეს მთავარი სიმბოლო ჩემთან იყო“. შოთამ 7 მარტს, დემონსტრანტების დაშლისას, სახის არეში დაზიანება მიიღო. როგორც მეუბნება, ქვა, რომელიც მას სახეში მოხვდა, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ესროლა: შოთა კასრაძე, პარლამენტის წინ, 7 მარტის აქციის დაშლის დროს მიღებული დაზიანება „მას შემდეგ, რაც დროშა ჯიბეში ჩავიდე, რამდენიმე წუთში ქვა მომხვდა სახეში. ეს ქვა სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან იყო ნასროლი და ეს კადრი რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერშიცაა დაფიქსირებული, რომელიც მომდევნო დღეებში ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა. ყველაზე რთული იყო ხალხის დარწმუნება, რომ ქვა, რომელიც მომხვდა, არ იყო მომიტინგის ნასროლი და ის "რობოკოპების" მხრიდან იყო ნასროლი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამის დამადასტურებელი კადრი აღმოვაჩინეთ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდა". როგორც კი შეიტყო შოთამ, ვინ იყო ქალი, რომელიც წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით იბრძოდა, მაშინვე მისწერა, რომ დროშა, რომელიც დაკარგა, მას ჰქონდა: მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული დროშა „როგორც ჩანს, იმ პერიოდში, იმდენი ადამიანი სწერდა და უკავშირდებოდა მას, რომ ჩემი მიწერილი სხვა გზავნილებში ჩაეკარგა და აი, ორი-სამი დღის წინ გამომეხმაურა. შევთანხმდით, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუბრუნებ ნანას დროშას“. ინტერვიუში, რომელიც ნანა მალახშიამ 11 მარტს რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად მისცა, ამბობდა, რომ დროშა, რომელიც მან 7 მარტის ღამეს პარლამენტთან ააფრიალა, მართალია დაკარგა, მაგრამ ამაზე არ დარდობდა, რადგან იცოდა, რომ ის ქართველ ხალხს ეკუთვნოდა: „მე არ ვიცი, დღეს ის დროშა სად არის, მაგრამ ეს არის გარდამავალი დროშა, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა“. დღეს ნანამ უკვე იცის, სად არის სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა და მასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმაც აქვს: ნანა მალაშხია „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ დროშა ვერ გამოვართვი შოთას. ამ დროშას დროებით შევინახავ და შემდეგ მას აუცილებლად გადავცემ ევროპარლამენტს, როგორც საქართველოს მოქალაქეების მისწრაფების კიდევ ერთ გზავნილს ევროპულ ოჯახში მისაღებად. ჯერჯერობით, ზუსტი დრო და გზა არ ვიცი, როდის და როგორ გადავცემ დროშას ევროპარლამენტს, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ, თუნდაც ფოსტის საშუალებით“. 47 წლის ნანა მალაშხია, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, საჯარო მოხელეა, ის თბილისის მერიაში, ერთ-ერთ დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა, მარტის შუა რიცხვებში მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა მალაშხია და ევროკავშირის დროშა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოექცა არაერთი ევროპარლამენტარის ყურადღების ცენტრში. ევროპარლამენტარები ნანას სიმამაცისა და ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლოდ მოიხსენიებენ. მათ შორისაა, ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ვლად გეორგე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პირადი წერილიც გაუგზავნა ნანას და მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სიმამაცისთვის. 17 მარტს, ვლად გეორგემ „ტვიტერში“ დაწერა: „გახსოვდეთ ქართველი გმირი, რომელიც წყლის ჭავლს თავისი იარაღით - ევროკავშირის დროშით ებრძვის. ნანა არის როლური მოდელი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი. უყურეთ მის ინტერვიუს. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“. 14 მარტს, 45-წუთიან დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, უნგრელმა დეპუტატმა, კატალინა ჩემ ნანა მალაშხიას „ძლიერი სიმბოლო“ უწოდა, „რომელიც აჩვენებს, რამდენს ნიშნავს ევროპული პროექტი" ქართველი ხალხისთვის. ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი ნიდერლანდიდან, თის როიტენი 8 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას და იქ, ნანა მალაშხიას მიერ აფრიალებულ დროშას: "მამაცურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მინიშნება. რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველო არის ევროპა", - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 7 მარტს, პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. 7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ". 7-8 მარტს, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლდმდენ გაზსა და ე.წ. "წიწაკის სპრეის". მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო. ნინო თარხნიშვილი
  7. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას. მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება. „კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი. ეტაპობრივად მივყვებით და ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი როგორც ოთახების მოწყობის, ასევე აღჭურვილობისა და სხვადასხვა კომპონენტის. საბოლოო ჯამში, 2025 წლიდან ყველა კლინიკისთვის, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, გვექნება ვალდებულება, კლინიკების საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით გეგმას, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილების მიზანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  8. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა. „სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების მიზანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან. ასევე, ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში. ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  9. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება. „ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა. მესმის ეს სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი მოდის აქედან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. თქვენ პრემიერ-მინისტრსაც კითხეთ და დაგიდასტურათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იგეგმება. ის საქმე რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული, ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აზარაშვილმა. იპნ
  10. პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს. საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება. პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი შეფასებით, საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტიმონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს. მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს. ვენეციის კომისიის თანახმად, “პერსონალურ” მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არსებობს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა. “ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა”, - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს “პერსონალური” მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს. “ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული “პერსონალური მიდგომა”, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება”, - წერია დასკვნაში.
  11. ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. "განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდების და სტუდენტების სახით), რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. მინისტრად დანიშნეს კაცი, რომელმაც ხალხს თავი დაამახსოვრა ვაკის პარკში მოზარდის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე გამოხატული ამორალური პოზიციით. ეს ნიშნავს, რომ ოცნებას აქტიურ ფაზაში გადაჰყავს რეპრესიები და მთავარი სამიზნე სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტები და ახალგაზრდები იქნებიან. ეს ხალხი დასაცავია. ბოლო დღეებმა დაგვანახა, რომ ამ ხალხზე გადის ქვეყნის ევროპული მომავალი და მათი დაცვით ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ. არ დაგვავიწყდეს, რამდენიმე დღის წინ ამ ხალხმა დაიცვა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჯერ კიდევ აგენტების კანონპროექტის გამოთხოვის დღეს ვთქვი, რომ ოცნებას პოლიტიკურად უკან არ დაუხევია და ეს დღეს სულ უფრო ცხადია. ხელისუფლებამ ჯერ წითელ ღილაკს არ დააჭირა, შემდეგ აქტიურად გააგრძელა კანონპროექტის იდეის მხარდაჭერა, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა აამუშავა ახალგაზრდების, სტუდენტების დასაპირისპირებლად და გასახლეჩად, ახლა კი ამ სამთავრობო ცვლილებით იწყებს „ბოლომდე მიწოლის“ პოლიტიკური განზრახვის სისრულეში მოყვანას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
  12. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს „სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“. „ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რუსულ კანონად, შემდეგ მოსკოვიდან ინსპირირებულად, პრორუსებად მოიხსენიებდნენ. ზიზღის კამპანია მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა. სეგრეგაცია ხდება სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველიცაა ამ ზიზღის კამპანიის ფლაგმანში. მისი მოწოდებაა პირდაპირი სეგრეგაციისკენ, რომ ადამიანები საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან გაირიყონ. როგორც ვერბალური გზით, ისე სხვადასხვა სახის მედია საშუალებით პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახზე, არასრულწლოვან შვილებზე ზეწოლა და ძალადობა ხდება. ვნახეთ ერთკვირიანი კასკადი გესლისა, რომელიც ამ ჯგუფების მხრიდან მოედინებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გაწაფულია ამაში, რომ ეს გესლი ანთხიოს, რათა პოლიტიკური დისკუსია იყოს სავსე შხამითა და სიძულვილით. მცდელობა იყო ადამიანების ემოციურად განადგურებისა. ამ გარემოში რთული იყო გადაწყვეტილების მიღება და სიმყარე. შეუძლებელია აღიწეროს ის სიმწვავე და წნეხი, რაც მაშინ კოორდინირებულად ვრცელდებოდა. კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია იყო პირველი - თავად ტერმინის გამოგონებით - რუსული კანონი, რაც ტყუილია. ქართველ ხალხს ტყუილი დააჯერეს, აღაშფოთეს ხალხი. მეორე იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. "მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია. ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ინტერპრესნიუსი
  13. ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს. „თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. იპნ
  14. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“. „სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სასამართლოს შენობისთვის ჰიპერბგერითი [რაკეტა] ‘ონიქსის’ სროლა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსეთის გემიდან“, - დაიმუქრა მედვედევი. „ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში...“ მედვედევის პოსტი, ტრადიციისამებრ, შეიცავს უწმაწურ გამოთქმებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მედვედევი მუქარით გამოდის, მაგრამ შეურაცხმყოფელი რიტორიკა არასოდეს ქცეულა რეალობად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინს ბრალს სდებს სამხედრო დანაშაულებში, კერძოდ, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციაში. დასავლეთის ქვეყნებმა მოიწონეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. აშშ-მა მას სწორი უწოდა, თუმცა თვითონ არ აღიარებს ამ საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. რადიო თავისუფლება
  15. 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები ესაზღვრება. ნაკვეთს ორ მხარეს აქვს, ასევე, გზაზე გასასვლელი. მონიშნულია გიორგი ამილახვრის ნაკვეთი ძვირადღირებული მაჯის საათები განათლების კომიტეტის თავმჯდომარესაც ჰყვარებია. თუმცა საათი ერთადერთი ნივთი არ არის, რაშიც გიორგი ამილახვარი დიდ თანხას იხდის, გასულ წლებში ოჯახი ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებსაც ყიდულობდა. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია, ეს დაახლოებით 30 000 ლარია. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც, მას 4900 ევრო ანუ 15000 ლარი გადაუხდია. საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის. 2022 წელს პარლამენტარის მეუღლემ კიდევ ერთი ძვირადღირებული ნივთი იყიდა, მან ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა, ტანსაცმელში კი მხოლოდ 2022 წელს პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 50 000 ლარი დახარჯეს. შვილების სწავლის დასაფინანსებლად გასულ წელს პარლამენტარის მეუღლეს 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი გადაუხდია – ჯამში 42 000 ლარი. მათი ორივე შვილი სკოლის ასაკისაა. შვილების სახელზე ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე ჯამში 50 000-ზე მეტი დოლარი ირიცხება. საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 70 000 ლარი დახარჯეს, სახლის რემონტისთვის კი – 20 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს, თავად გიორგი ამილახვრის შემოსავალი გასულ წელს 47 157 ლარი იყო, ამას ემატება ფართობის გაქირავებიდან მიღებული 18 816 ლარი. პარლამენტარის მეუღლემ კი ნახევარ მილიონზე მეტი [633 913] ლარი გამოიმუშავა. ის შპს „თოუ დეველოპმენტის“ ასი პროცენტის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 2013 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის მართვაში მეუღლეს გადასცა. პარლამენტარის მეუღლე არის ასევე შპს „ნიმის“ და „ნიმი 1“ – ის დირექტორი, ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს. 3 კომპანიის მართვასთან ერთად პარლამენტარის მეუღლე 2 უნივერსიტეტშიც მუშაობს – ის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა გიორგი ამილახვარი, ვიდრე მას „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ჩაწერდნენ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის 50 პროცენტს გიორგი ამილახვრის მამა, ზაურ ამილახვარი ფლობდა. 2012 წლიდან კი ის უნივერსიტეტის ასი პროცენტის მფლობელი იყო, თავად ფიქსირდებოდა დირექტორადაც. 2017 წლიდან კომპანიის თანადირექტორად გიორგი ამილახვარი დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში რეესტრში ასახული მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტის მფლობელი „ველოქს ედიუქეიშენია“. უნივერსიტეტი გაყიდეს, ცვლილების ასახვამდე კი რეესტრს გარიგების ფინანსური ნაწილის გასაიდუმლოება სთხოვეს. ამ კომპანიის წილებს ექვსი ბიზნესმენი ინაწილებს. მათ შორის არიან: რამაზ კუკულაძე -„ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე [32.5%] , მარიამ მეღვინეთუხუცესი, „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [9.5%], ბიზნესმენი, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური [14%], ავთანდილ ნამიჩეიშვილი – სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [ 11%] ნიკოლოზ გამყრელიძე – „GHG-ის გენერალური დირექტორი [ 11%] , არჩილ კონცელიძე -VTB ბანკის გენერალური დირექტორი [ 12.5%], ვანო ბალიაშვილი, [9.5%] „თი ბი სი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. გიორგი ამილახვრის ავტომანქანის ფასი მინიმუმ 200 000 ლარია – „Mercedes GLE 450“- ში 2019 წელს მას 76 000 ევრო გადაუხდია. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახს სესხი და შესაბამისად, საბანკო ვალდებულებები არ აქვს. batumelebi.netgazeti
  16. ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია - იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა, საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იღებს მონაწილეობას. რადიო თავისუფლება
  17. ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „როგორც ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს, ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის დასაწყისად და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან. ევროკავშირი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ უკრაინაში წარმოებული გამოძიებისადმი და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა. 17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. რადიო თავისუფლება
  18. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კაპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს. მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შმედეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ მწერლის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კლინიკაში რჩება. პუბლიკა
  19. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ მოქალაქეების მიმართ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეხმაურება. ქარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის მფლობელიც უმრავლესობის დეპუტატი და პრორუსული „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა, ბოლო დღეებია სოციალური ქსელში აქვეყნებს იმ ადამიანების ფოტოებს და საქმინობის შესახებ ინფორმაციას, ვინც ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პოსტებს იწონებს. პუბლიკა
  20. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ეჭვს არ ტოვებს, რომ ამ აგრესიის დასრულება რუსეთისთვის იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა აღინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების მორიგი სერიით, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ყველა გამოვლინებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინისთვის მიყენებულ ყოველ დარტყმაზე, ყოველ დანგრეულ სიცოცხლეზე, ყველა დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვზე და მსოფლიოს დესტაბილიზაციის ყველა გამოვლინებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგი იყო. „ბოროტი სახელმწიფოსგან ჩვენი თავდაცვის კიდევ ერთი კვირა დასრულდა. კიდევ ერთი კვირა, როდესაც ყოველდღე და ყოველ ღამეს რუსული არმია ბომბავდა უკრაინის ქალაქებს, სოფლებს, ხოცავდა ჩვენს ხალხს. კამენსკოე ზაპოროჟიეს რეგიონში; ბერისლავი ხერსონის ოლქში; მანგანუმი დნეპროპეტროვსკის ოლქში; ავდეევკა, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა დონეცკის ოლქში; კონსტანტინოვკა სუმის რეგიონში… და კიდევ უკრაინის ათობით ქალაქი და სოფელი, რომლებიც ამ კვირაში რუსმა ტერორისტებმა დაბომბეს – ერთ კვირაში. ამ გასულმა კვირამ საბოლოოდ მოიტანა მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის, სამართლიანობისთვის. რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი არსებობს. ეს არის გარდამტეხი მომენტი“, – თქვა ვოლოდმირ ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
  21. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. „ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაც უცხოური აგენტების სტატუსი მიენიჭებოდათ. ისინი მუშაობენ მრავალი მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ის არ იქნებოდა სწორი და მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა. ავტორი - სალომე თორაძე
  22. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმი თუკი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. „ვწუხვარ, ეს შემთხვევა სხვა დროსაც იყო და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ, რომ ერთი მხრივ, საუბრობდნენ, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორე მხრივ, დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როდესაც ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, ასევე საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავიანთი წვლილი. ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ხელის ჩამორთმევა არის ერთი საკითხი, თუმცა მეორე არის ის დაფინანსებები, რომელიც პირდაპირ მიედინება რადიკალურ ჯგუფებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ უცხო წყაროებიდან დაფინანსების მიღება ყველა პარტიას ეკრძალება. „ვიცით და ეს თავად აღიარებული აქვს „დროას“, რომ ფინანსდება ერთ-ერთი ფონდიდან, რომელიც ევროპარლამენტის წევრების ხელმძღვანელობით არის. აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე პირდაპირ ფინანსები მიემართება რადიკალურ პარტიებში, სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, შექმნილია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე სახელწოდებით, როგორც პარტია „დროა“, ამ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციით ხდება უცხოური დაფინანსების მიღება. როგორც იცით, ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოში პარტიებს აკრძალული აქვთ უცხო წყაროებიდან დაფინანსების მიღება და ჩვენ ვხედავთ, რომ შექმნილია ამ კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმი, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების და ალბათ სიმბოლურია, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც საკუთარ ქვეყანას ყოველ მესამე კვირას ადანაშაულებს სანქციების გვერდის ავლაში, თავად გვერდს უვლის ქართულ კანონმდებლობას და დიდი ალბათობით, კანონმდებლობის დარღვევით ხდება უკანონო შემოწირულობის მიღება ევროპული ფონდიდან. იგივე შეეხება სხვა პარტიებსაც. „ევროპულ საქართველოსაც“ აქვს ასეთი სტრუქტურები შექმნილი, „გირჩს“ და ასე შემდეგ. შექმნილია სტრუქტურები, რათა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და დაფინანსდნენ უცხოური წყაროდან. ამაზე განმარტება უნდა გააკეთონ როგორც თავად ამ პარტიებმა, ასევე ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც მათ მიერ არის დაფუძნებული, ასევე ევროპულმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა, რომლებიც გაუმჭვირვალედ ქართულ პოლიტიკაში დებენ ფულს. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ფულის ჩადება აკრძალულია ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
  23. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  24. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მას­ზე და დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში აგო­რე­ბულ შავ პი­არ­ზე კი­დევ ერთხელ წერს. "დღეს უკა­ნას­კნე­ლად დავ­წერ და და­გემ­შვი­დო­ბე­ბით. არა­ვის გან­ვსჯი, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი და ფიქ­რი და ეს ხალ­ხიც გა­თა­თხეს და მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, 'იუ­ნეს­კოს საქ­მე" ადა­მი­ა­ნის თით­ქმის და­მარ­თე­ბულ ინ­ფარ­ქტს გა­უ­თა­ნაბ­რეს, ადა­მი­ა­ნის­ვე დახ­ვრე­ტის ბრალ­დე­ბით რომ შე­ემ­თხვა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის უბინ­ძუ­რე­სი შე­მო­ტე­ვა არა­ერთ ქარ­თველ მწე­რალ­ზე, მათ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას გა­უ­ტო­ლეს, მაგ­რამ ეგრე ვი­ღა­ცის­თვის უც­ნა­უ­რად მოხ­და, რომ მე და ტუ­რი­კას, მა­გა­ლი­თად არც სა­ლა­მი შეგ­ვი­წყვი­ტავს ქეთი დუმ­ბა­ძის­თვის (ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მო­თი მო­ვი­კი­თხავ­დი - ვიცი რა რთუ­ლია ამ დროს ეუ­ლად ყოფ­ნა), არც ელი­სო ბოლ­ქვა­ძის "იუ­ნეს­კოს წე­რილ­ზე" მოგ­ვი­წე­რია ხელი, მაგ­რამ ბოლო ხუთი დღეა, უც­ნა­უ­რი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და ტროლ-ბო­ტე­ბის მხრი­დან სწო­რედ ჩვენ ვი­ყა­ვით ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე. განა მიკ­ვირს რა­ტომ? - ვიცი. და­წე­რეს და თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მათი ან მკარ­ნა­ხებ­ლის ფან­ტა­ზია გას­წვდა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არა­ვის თავს არ ვა­ცო­დებ - ეს ორი კვი­რაა ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია გა­მოვ­თქვი, ად­რეც გა­მო­მით­ქვამს და გა­მოვ­თქვამ ყო­ველ­თვის, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა - ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. არც ამის წაყ­რუ­ე­ბაა სწო­რი, მაგ­რამ ვერც ვე­რა­ვინ და­მა­ხე­ვი­ნებს უკან. ვე­რას­დროს. ჩვენ გვებ­რძო­ლეთ ბა­ტო­ნო - გა­ამ­ხნე­ვეთ და მორ­წყეთ თქვე­ნი "ფან­ტა­ზია", მაგ­რამ ამით მხო­ლოდ მე კი არა - ქვე­ყა­ნას მი­იყ­ვანთ უფსკრულ­თან. ეს ჩემი რჩე­ვაა, თქვენ­თვი­საც უკე­თე­სი. დრო­ე­ბით. " - წერს კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქშ­ში". კვირისპალიტრა
  25. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. „მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია. ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსური შესწავლა დაიწყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მოცემულ ეტაპზე შესაძლებელი უკვე გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კვლევითი სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. „ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები. საბოლოო დასკვნის შედგენის შემდეგ, განისაზღვრება ხიდის აღდგენისა და სამუშაოების გაგრძელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოების მიერ კი, გაკეთდება შემთხვევის სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ეს მონაკვეთი გვერდს უვლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
×
×
  • შექმენი...