Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. "22 წლის ვიყავი, როცა პირველი ლექცია ჩავატარე, ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მათი იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა", - რას ფიქრობს ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე - რისმაგ გორდეზიანი ქართველ ახალგაზრდებზე - ამის შესახებ ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. - 7-8 მარტის შემდეგ, საზოგადოება გაოცებული დარჩა: ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ მათ სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცეს. თქვენ თუ ელოდით ამას? - უკვე 60 წელია, ახალგაზრდებს ვასწავლი და მთელი ჩემი ცხოვრება ლექციებთან, სტუდენტებთან, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. არაერთგზის მინახავს, რა დიდი როლი შეასრულეს სტუდენტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მახსოვს 1979 წელი, მახსოვს, როგორ დაიცვეს ახალგაზრდებმა მშობლიური ენა მაშინ, როცა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მოეხსნათ. იმ დღეებში დაიწყო სტუდენტური გამოსვლები, რაც საოცარი ახალგაზრდული ენერგიის გამოხატულება იყო. სწორედ მაშინ, ახალგაზრდები პროპაგანდის ვეებერთელა მანქანას დაუპირისპირდნენ და აჯობეს - ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნეს, მერე იყო გამოსვლები დავით გარეჯის გამო, ხოლო 9 აპრილს, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა საქართველოს დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ამიტომ, მე ახლანდელი სტუდენტების აქტიურობაც არ გამკვირვებია: არ შეიძლება იმ ხალხის შვილები და შვილიშვილები საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილნი იყვნენ. ახლაც, ახალგაზრდებმა მათთვის ჩვეული გულწრფელობით თქვეს თავიანთი სათქმელი და მე ეს არ გამკვირვებია! - სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ზოგიერთმა მათ "ათას ლარზე გაყიდული სტუდენტები" უწოდა, ამის თაობაზე რას იტყოდით? - ეს დიდი შეცდომაა! შეცდომაა, როცა ცდილობენ, ახალგაზრდები გააკრიტიკონ, ამას ჯობია დაკვირვება და ანალიზი იმისა, თუ რატომ გამოვიდნენ სტუდენტები ქუჩაში, რამ განაპირობა მათი აღელვება. როდესაც ასეთი მღელვარება იწყება, გონიერი, დაკვირვებული ხალხის სწორი ანალიზია საჭირო, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით წავიდეს, რომ პროცესები სწორად წარიმართოს. მარტის აქციების შეფასებისას, ემოციურ ტალღაზე გაკეთებული არა ერთი განცხადება მოვისმინე და არ მომეწონა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც აქციის მონაწილეებს შორის ანგარებიანი და კორუმპირებულიც ყოფილიყო, გამონაკლისები ყველგან არიან, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უმეტესობას გულწრფელი და ჯანსაღი მოტივები ამოძრავებდა. - როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოებისთვის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის შეთავაზება მართებული იყო? - ჩემი აზრით, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რაღაც კანონს იღებს, პირველ რიგში, საზოგადოების შეხედულებებს და განწყობას ითვალისწინებს. როგორც მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, ქართველი საზოგადოება არ იყო მზად ამ კანონის მისაღებად. მე თუ მკითხავთ, ეს კანონი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ რადგან უარვყავით, რადგან არ მივიღეთ, აღარაა საჭირო მსჯელობა იმაზე, რა იყო კანონში ცუდი ან კარგი. მგონი, აჯობებს ვიფიქროთ, რომ ეს ფურცელი უკვე გადაიშალა და მის გამო კამათი და ნერვების აშლა არ ღირს. ასევე დაგაინტერესებთ "ეს აღარ არის 80-90-იანების საზოგადოება, მათში პოლიტიკოსების ზღვარგადასული პოპულიზმი მხოლოდ ზიზღს იწვევს" "გავრილოვის ღამიდან" "აგენტების კანონამდე" - ერთნაირი სცენარით ორჯერ საქართველოს კრიზისულ სიტუაციაში ჩაგდება... "ჩვენს გეგმებზე სასაუბროდ მთელ საქართველოში დავიწყებთ გასვლებს“ - თუმცა ამბობენ, რომ კანონის შემობრუნებას აპირებენ, სახეცვლილი სახით, მაგრამ მაინც... - ეს დიდი სისულელე იქნება. თუ მსგავს კანონს მთელი მსოფლიო მიიღებს, მარტო საქართველო დარჩება და გვთხოვენ, ოღონდ, ეს კანონი მიიღეთ და თქვენგან მეტი არაფერი გვინდაო, მაშინ სულ სხვა საქმეა. თუ ყველა ქვეყანა მიიღებს, მაშინ ჩვენც მივიღებთ, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა გვეუბნებოდა, არ მიიღოთ ეს კანონი, არ არის საჭიროო. მეც, ვისაც ანგარიშს ვუწევ, ყველა გვირჩევდა, რომ თავი შეგვეკავებინა, მაგრამ არავის დავუჯერეთ. კიდევ კარგი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა და ახლა აღარ არის საჭირო ვიფიქროთ, რა მოხდა, სად იყო სიმართლე და სად - სიყალბე. - რას ფიქრობთ განათლების მინისტრის შეცვლაზე? ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხეილ ჩხენკელის სკამი მარტის აქციებს შეეწირა და ახალი მინისტრი "მკაცრი ხელის" პოლიტიკას გაატარებს, რათა ურჩი სტუდენტები გააჩუმოს... - მე არ მახსოვს არც ერთი მინისტრი, რომლის "მკაცრი ხელის" გამო სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ. რაც შეეხება განათლების მინისტრს, მან იმ სფეროში გადაინაცვლა, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო, როგორც მენტალურად, ასევე - პროფესიულად. ეს არის უმაღლესი განათლება: ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავიდა. ეს ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა და დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი იქ თავის "სტიქიაში" იქნება. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა იქნება და უმჯობესია, დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება... მთელ მსოფლიოში ასეა: მინისტრები იცვლებიან, მოდიან და მიდიან, მაგრამ იმაზე მსჯელობა, მომავალში რა შეიძლება მოხდეს, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად მიმაჩნია. მე არ ვიცი, რას ნიშნავს "მკაცრი ხელი", მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: სტუდენტებს მათზე მზრუნველი და გულწრფელი ადამიანების სჯერათ, ისინი ვერ იტანენ, როცა ვინმე მათ გულწრფელობას სიყალბეს დაუპირისპირებს. - ბატონო რისმაგ, რას ფიქრობთ ახალგაზრდებზე, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად მიდიან და საქართველოში აღარ ბრუნდებიან? - თუ განათლებას მიიღებენ, დაბრუნდებიან და თავის სამშობლოს გამოადგებიან, ამას, ცხადია, ყველა მივესალმებით, მაგრამ ცუდია, როცა უცხო ქვეყანაში ჩაიკარგებიან და საქართველოში აღარ ბრუნდებიან. ეს უარყოფითი მოვლენაა, მით უმეტეს, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. - და ბოლოს, გაქვთ თუ არა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი? - ჩვენი ახალგაზრდების და უკეთესი მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო და ახალგაზრდები მიყვარს, რადგან სწორედ ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი. უნდა ვეცადოთ, როგორმე უნდა მივაღწიოთ, რომ ახალგაზრდობა უცხოეთში წასვლაზე და იქ დარჩენაზე არ ფიქრობდეს. უცხოეთი მათთვის იდეალად არ უნდა გადაიქცეს. მე განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, არაერთხელ ვყოფილვარ მიწვეული სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში, ლექციებიც წამიკითხავს, მაგრამ არსად მიგრძნია, რომ ჩემმა უნივერსიტეტმა რაღაც დამაკლო, რომ მეორეხარისხოვანი პიროვნება ვარ. ვყოფილვარ გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, იქაური ცხოვრებით მიცხოვრია, მაგრამ ამან საქართველოს მიმართ სკეპტიციზმი ვერ გამიჩინა. უკლებლივ ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ აქ იყოს ყველაფერი კარგად, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გული ისევ სამშობლოსკენ მოუწევდეთ და აქ - საქართველოში სურდეთ მთელი ცხოვრების გატარება. ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის) კვირის პალიტრა
  2. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეჩილთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:03 საათზე მოხდა.
  3. ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის უკვე ესაუბრა აღნიშნულ საკითხზე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. მაკრონის თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას ერთიანი მიდგომა აქვთ, რაც მოიცავს თანამშრომლობას ჩინეთთან, რათა პეკინმა რუსეთზე ზეგავლენა მოახდინოს. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევაჩეროთ კონფლიქტი, საერთაშორისო ნორმების დაცვით, მათ შორის ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვით“, – განაცხადა მაკრონმა. ავტორი - ლევან ახალაია
  4. მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე იტყვის, „რაც იქნება და როგორც იქნება“. როგორც დეგნანმა განაცხადა, „ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის მისაღებია“. „მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის შენების პროცესში“, – განაცხადა დეგნანმა. ავტორი - თამარ მუშკუდიანი
  5. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეხვედრაზე კი პარტიის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. "შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი, ერთობაზე და ამხელა თავმჯდომარე კაცი მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა გახარიასთან დაკავშირებით, სირცხვილია. საელჩო ინფორმირებული იყო, რომ ადამიანს ჰქონდა ჯანმრთელობირ პრობლემა. როგორც ჩანს, მან ვერ დაძლია კომპლექსები. არანაირი პრობლემა არ აქვს არც გახარიას და არც პარტიის ლიდერებს. თავმჯდომარეებზე ნუ არის ხაზგასმა, დაბარებულები იყვნენ პარტიის ლიდერები. ნუ გვაყენებს დანარჩენ კოლეგებს შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია",- აღნიშნავს მეზვრიშვილი. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები შეხვედრას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეს ფაქტი მისთვისაც კითხვის ნიშანს აჩენს. დღევანდელ შეხვედრას კი ესწრებოდნენ პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
  6. როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია. „არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია. [წყენა] თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც იმათ არ აქვთ დღემდე, ასე ჩანს. ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ! ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს. „ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და ეს, რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვაზე, თუ დაინახავს რომ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტზე მიდის მუშაობა, მაინც მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ასე პასუხობს: „მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ, თუ-ზე გავჩერდები", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, კითხვაზე შესაძლოა თუ არა ამის მოლოდინი არსებობდეს, ამას დღეს, ეთერში პასუხს გაცემას არ აპირებს. „უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან[პატიმრები], რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამბებს ეცნობა. „მე, ყოველდღიურად თუ არა, ჯანდაცვის საკითხებში ჩემი მრჩეველი ყოველდღიურად, ნამდვილად [იღებს ინფორმაციას]. მე, ყველა მხრიდან, რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო, ვარ და ამაში ძალიან ჩართული ვარ. ახლა პირებს არ დავასახელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთი არის სამართლიანობის განცდა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს. მეორე არის ადამიანურობის საკითხი და ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემა. მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს. არსებობს კომისია, რომელიც არის იუსტიციის ხელში, რომელსაც ჯანმრთელობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. არსებობს რამდენიმე ქვეყნის მზადყოფნა, არამხოლოდ პოლონეთის, რომ აქ გამოგზავნონ ექიმები. მე ასევე უცხოეთში ვთქვი ის, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ძალიან გამიჭირდება, თუმცა შეიძლება მე არავინ მკითხოს, ვთქვა, რომ უცხოეთში აუცილებელია მისი გაყვანა, იმიტომ, რომ ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობ, რომ ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო და ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არასანდოა. ამიტომ, მე მგონია, რომ უფრო ადგილზე უნდა იყოს გამოსავალი ნანახი და არსებობს ეს პროცედურები. დეტალებში არ შევალ. ეს არის ხელისუფლების ხელში და მე მგონი, იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია. უნდა დავიცვათ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იქ, სადაც გასაყვანია“.-განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  7. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია. „ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს. „არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუტების ერთმანეთში. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და ამომრჩევლის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის, რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა, რომ ყველაფერი მუშაობდეს ქვეყნის სასარგებლოდ. მე ყოველთვის მზად ვარ", - თქვა მან. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებებზე მას ზრდილობიანად და კარგად ხვდება, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, „საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგ კითხვებზე, შესაძლებლობა იყოს, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს; რატომ ხდება? რატომ მიღებულია ეს თუ ის გადაწყვეტილება და რა არის, მაგალითად, პრეზიდენტის არგუმენტები, რომ მან სხვანაირად იცის, საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ფიქრობს, რას ფიქრობს. შეიძლება პრეზიდენტის არგუმენტები, რომც არ ჰქონდეს მას ბერკეტები, შეიძლება, საჭირო იყოს, რომ მოსმენილი იყოს". რადიო თავისუფლება
  8. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ აბას გალიამოვზე, თუმცა საძიებო ბარათში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული საქმისთვის იძებნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი. გალიამოვმა არაერთხელ გააკეთა ომის საწინააღმდეგო განცხადებები. 2023 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა. გამოცემა „Вот так“-მა სთხოვა გალიამოვს, კომენტარი გაეკეთებინა შს სამინისტროს გადაწვეტილებაზე. პოლიტოლოგმა არაფერი იცის მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. გალიამოვი ვარაუდობს, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ე.წ. რუსეთის არმიის შესახებ გარცელებული ფეიკების მუხლს. "ახლა ისინი ცდილობენ, ყველა, ვინც ჩართულია სიტუაციის ობიექტურ ანალიზში და არ იმეორებს კრემლის დირექტივებს, პასუხისგებაში მისცენ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით. ვფიქრობ, რომ ჩემ წინააღმდეგაც არაფერი ექსკლუზიური არ გამოუგონიათ", - თქვა გალიამოვმა. აბას გალიამოვი პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. 2008-2010 წლებში მას ეძახდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სპიჩრაიტერს - საჯარო სიტყვების ავტორს. 2010-დან 2014 წლამდე გალიამოვი მუშაობდა ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. ახლა იგი ისრაელში ცხოვრობს. ასევე ნახეთ ინტერვიუ პუტინის ექს-სპიჩრაიტერთან: “მარცხი მაგიას გააქრობს, რუსები აღარ იქნებიან მონუსხული პუტინით” რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აბას გალიამოვი „უცხოური აგენტების მიერ შექმნილ მასალებს ურიგებდა ადამიანთა შეუზღუდავ წრეს, აზრს გამოთქვამდა უკრაინაში სპეცოპერაციის წინააღმდეგ, მონაწილეობდა როგორც ექსპერტი და რესპონდენტი უცხოური სტრუქტურების მიერ შექმნილ საინფორმაციო პლატფორმებზე“. radio tavisupleba
  9. პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხო. ანა ბუჩუკურმა ელჩებს პარტია ,,საქართველოსთვის“ ხედვები გააცნო თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს თითოეულ რეკომენდაცია. ელჩებთან შეხვედრაზე ანა ბუჩუკურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პარტია "საქართველოსთვის" პოზიცია, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.
  10. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. „საქართველომ დაიკავა მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრიანის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიის ომთან დაკავშირებით. მოსახლოების უმეტესობა მიისწრაფის ევროკავშირისკენ. კვლევების თანახმად, ქართველების 80 პროცენტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამასთან, საქართველოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა თავად ანალენა ბერბოკმაც. „საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს განსაზღვრული. ბოლო კვირებში ისინი ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, როდესაც ისინი მართავდნენ დემონსტრაციებს პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას შიგნიდან და გარედან. მე თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანას ჯერ აქვს გადასადგმელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემასთან ერთად, ეს არის მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით საზოგადებრივი დებატების შენარჩუნება, მაშიანც კი, თუ შეხედულებები ზოგჯერ განსხვავებულია. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ეს ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ: აქ შეუძლებელია იყოს მოკლე გზა ან შეღავათები“, – ნათქვამია საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ანალენა ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, ბოლო კვირებში საქართველო მოხვდა გერმანული და საერთაშორისო მედიის სათაურებში. ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა დაგეგმილი კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობას სურდა, დაერეგულირებინა არასამთავროვო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება. რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია. გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები იყვნენ წამყვანი ძალა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტების უკან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ასევე გაესაუბრება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თემაზე – „როგორ ხედავენ ახალგაზრდა ქართველები რუსეთთან უშუალო სიახლოვეში მყოფი სამხრეთ კავასიის ქვეყნის მომავალს“. „ქართველებს მათ მეზობელ ქვეყანასთან ტურბულენტური ისტორია აქვთ – ისინი იყვნენ საბჭოთა კავშირის ნაწილი 1991 წლამდე. რუსეთსა და საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობა დაძაბულია ასევე იმიტომ, რომ რუსეთი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლით საქართველოს ეკუთვნის. საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ ხაზს, რათა პირადად ნახოს ის. ადმინისტრაციულ ხაზზე სიტუაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება. ეს მისია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სტაბილურობაში შეტანილი თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წვლილი – გერმანია ევროკავშირის მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  11. კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში. პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა. მან თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის განხორციელებაში და, კერძოდ, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალდატანებით გაყვანაში. სწორედ ამაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ბართლომე გამოვიდა მოწოდებით, რომ რელიგიურმა და საერო ინიციატივებმა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მოახდინონ „ნეიტრალიზება მოსკოვის საპატრიარქოს უნარისა, ძირი გამოუთხაროს ერთობას და თეოლოგიურად დააკანონოს დანაშაულებრივი ქმედებები“. მაგრამ მას მართლმადიდებელი ეკლესიის მისიად მიაჩნია, „დააბრუნოს რუსი ძმები და დები ჩვენს თანამეგობრობაში, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება“, - იტყობინება „ამერიკის ხმა“. სამშაბათს ლიეტუვის მთავრობამ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ შესაძლოა გაფართოვდეს მისი საპატრიარქოს ყოფნა ლიეტუვაში, მათ შორის - ეგზარქატის შექმნის ჩათვლით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“, და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ. კირილე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შედის. radio tavisupleba
  12. ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ფრონტის ხაზის ყველაზე სასტიკ პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მონახულების შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, დონბასში მან მოინახულა უკრაინელი სამხედროები, ომში დაჭრილი მებრძოლები და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დაშვებულ სამხედროებს დახმარებას უწევს და რეაბილიტირებაში ეხმარება. „მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, რომელთაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოუტანა. თითქმის მუდმივი საჰაერო განგაშის სიგნალი კრამატორსკში, დაბომბვის მუდმივი საფრთხე იქვე, დონბასში, ხარკოვში, ყველგან, სადაც რუსული ბოროტება მივიდა, თვალსაჩინოა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს გაჩერება მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგებს ამ ომს. ეს ყველას ესმის და თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი ყველაზე საუკეთესო იქნება, რაც შეიძლება, მათ დაემართოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - სალომე თორაძე
  13. 25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშველო, ჯანდაცვა, სამეურნეო სფერო, მონიტორინგი… აპარატები გამოირჩევა არაერთი უნიკალური მახასიათებლით: დრონი აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც უზრუნველყოფს აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი; “missiya-ს დრონებს უნიკალურს ხდის ასევე ფრენის ხანგრძლივობა - 45 წთ და ტვირთამწეობა - 6 კგ. სიჩქარე - 90 კმ/სთ; ვერტიკალური სვლა 4000 მეტრი. გააჩნია უნიკალური ძრავები, რომლის დახმარებითაც მიწიდან 130 მეტრში, აპარატი სრულიად შეუმჩნეველი ხდება. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება; აქვს ხმოვანი მოწყობილობა; საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა, შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია. კომპანია “missiya” წელიწადზე მეტია არსებობს და ის აერთიანებს ქართველ ინჟინრებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან. (R)
  14. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
  15. დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. ipn
  16. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა მამაკაცმა მის ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარს კვალის დაფარვის მინიზნით ცეცხლი წაუკიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  17. სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია. მაგალითად: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში შესაბამისად – 16 883 და 19 854 ლარი]. დავით საგანელიძემ დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2022 წელს ჯამში ხელფასის სახით ხელზე აიღო 226 402 ლარი, ხოლო 2021 წელს – 192 635 ლარი. სს „საქართველოს რკინიგზაც“ სახელმწიფო საწარმოა, რომლის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელფასი 2022 წელს თვეში 19 057 ლარი, ჯამში კი 228 692 ლარი იყო [აქედან 153 631 ლარი, როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორის, 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო ასევე 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი]. დავით ფერაძის ხელფასი 2021 წელს ჯამში 229 877 ლარი იყო. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] გენერალური დირექტორის ხელფასი კი, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამში, 38 322 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ესკოს გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელფასი 2022 წელს 143 661 ლარი, ანუ თვეში 11 971 ლარი იყო. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ დირექტორის, მიხეილ შალამბერიძის ხელფასი 2021 წელს თვეში 10 633 ლარი იყო [წელიწადში ჯამში 127 600 ლარი]. 2022 წლის დეკლარაცია კი შალამბერიძეს ჯერ შევსებული არ აქვს. მიხეილ შალამბერიძის, როგორც კომპანიის დირექტორის ხელფასი 2020 წელს ჯამში 114 400 ლარი იყო. სახელმწიფო საწარმოებმა, რომლებიც ბოლო წლებში მთლიანობაში ზარალზე მუშაობდნენ, 2021 წელი 413 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს, თუმცა, ეს მოგება მხოლოდ კურსთაშორის სხვაობით წარმოიქმნა. ანალოგიური დასკვნა აქვს სახელმწიფო აუდიტსაც, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოთა მოგება მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგებით [515 მლნ ლარი]. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებობს ცხადი ან/და არაცხადი გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მათ გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რის გამოც ისინი წარმოადგენენ პოტენციური ფისკალური რისკის წყაროს“. იგივე 2021 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლ ქვეშ მყოფი საწარმოების მიერ მიღებულმა ჯამურმა დაფინანსებამ 578 მილიონი ლარი შეადგინა [რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო]. აღნიშნული თანხიდან 331.6 მილიონი ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დანარჩენი ნაწილი კი ფუნქციონირების ხარჯების ან/და საწარმოების ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა [ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვისთვის ბიუჯეტიდან თანხა გადაერიცხათ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და სხვა.] ფისკალური რისკების ანალიზისთვის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში განხილულია 316 სახელმწიფო საწარმო. აქედან 154 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 162 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია [ასევე ამ საწარმოებს ჯამურად გააჩნიათ 96 შვილობილი საწარმო]. „2021 წლის შთამბეჭდავი შედეგებით არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფო საწარმოების 2022 წლის ანგარიშგება [მოგება-ზარალი] ჯერ გასაჯაროებული არ არის. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით: სახელმწიფო საწარმოებში 2020 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 57 460-მდე ადამიანი, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის – 59 300-მდე; სექტორში 2020 წლის დარიცხულმა წლიურმა ხელფასმა შეადგინა 800 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლის ამავე მაჩვენებელმა – 907 მილიონი ლარი. სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაახლოებით 65% კაცია. გამონაკლისია ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო საწარმოები, სადაც დასაქმებულთა 75%-მდე მოდის ქალებზე; გაცემული ანაზღაურების დაახლოებით 70%-ზე მეტი მოდის კაცებზე; აღმასრულებელ პოზიციებზე მომუშავე პირების დაახლოებით 80% კაცია; სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 ლარით ნაკლებია დასაქმებული კაცების ხელფასზე. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  18. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი იმ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც Easports-მა შეარჩია. გამოკითხვა უკვე დაწყებულია და კვარაცხელიას გარდა, ასევე დასახელებულები არიან კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“, მცველი, სამხრეთ კორეა), არმან ლორიენტე („სასუოლო“, ნახევარმცველი, საფრანგეთი), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, ნახევარმცველი, საფრანგეთი) და დესტინ უდოგი („უდინეზე“, მცველი, იტალია). შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია აგვისტოსა და თბერვალში უკვე გახდა სერია „ა“-ს საუკეთესო მოთამაშე და ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ეს შეძლო. ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  19. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე – 300 ლარის ოდენობით. იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
  20. შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კონსენსუსის საფუძველზე დაიწყო ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ქვეყნის შესვლას რატიფიკაცია გაუკეთა ნატოს 30 წევრიდან 28-მ. როგორც მოსალოდნელია, უნგრეთი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს, მაგრამ თურქეთი ჯერ არ დათანხმებულა ნატოში შვედეთის წევრობას. ნებისმიერ შემთხვევაში, შვედეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრა ფორმალურად ადასტურებს ნეიტრალიტეტის პერიოდის დასრულებას, რომელიც 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მსოფლიო ომებისა და ცივი ომის პერიოდშიც. შვედეთს გადაწყვეტილი აქვს, ნატოს წევრი გახდეს მეზობელ ფინეთთან ერთად, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასევე უარი თქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე. radio tavisupleba
  21. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან იოსელიანმა. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი ასევე შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. საელჩო აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ სახალხო დამცველის მთელ გუნდს. „სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი. radio tavisupleba
  22. პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია. „პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები, როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების კუთხით“,- აღნიშნავს გაბუნია. მისი თქმით, საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი. „ვფიქრობ, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველა შეკითხვა, თუკი დღეს რაიმე ისმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო როლთან და ბედთან დაკავშირებით, ამოიწურება. კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში სრულიად გამორიცხულია. რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“,- აღნიშნავს გაბუნია. ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. ipn
  23. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება. რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც „მოსკოვი ხედავს საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით“, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ. IPN
  24. თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
  25. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა. როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს, რათა სამომავლოდ აღნიშნული პროცედურა დაიხვეწოს. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს საკითხი, რის გარშემოც დიალოგი გაგვიჭირდება. ნებისმიერ საკითხზე მზად ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდე. 15 მარტს შსს-ს ორმა ოფიცერმა, რომელთაც ოფიციალური მინდობილობა ჰქონდათ, გარკვეული აღწერა თსუ-ს სტუდქალაქის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ორი შენობაა, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან განთავსებული, დანარჩენ შენობებში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელსაც შსს ატარებს. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს. როცა სტუდენტებს საქმე ეხება, უნივერსიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მათ თან უნდა ახლდეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თსუ-ს სტუდენტური საცხოვრისი მაქსიმალურად დაცული იყოს. სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ არანაირი ფორმით გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება, რომ ეს ყველაფერი მომავალში გარკვეული ჩარჩოებით მოხდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების და მეცნიერების მინისტრს ჩავაყენებ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების კარგი მცოდნეა. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ შევხდეთ შსს-ს მინისტრს, რომ სამომავლოდ პროცედურა დაიხვეწოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის”, - განაცხადა სამუშიამ. interpressnews
×
×
  • შექმენი...