-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდეევკასთან დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ მე-10 სატანკო პოლკი რუსეთის არმიის მე-3 კორპუსის შემადგენლობაშია, რომელსაც დისციპლინის და საბრძოლო სულისკვეთების მხრივ პრობლემები აქვს და ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებული სწავლების მიუხედავად, მისი ბრძოლის ეფექტიანობა კვლავ შეზღუდულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის. რადიო თავისუფლება -
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში. უწყების ცნობით, გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, ასევე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის არეალს, საბრძოლო მასალის საცავს, საწვავი და საპოხი მასალების საცავსა და ოკუპანტების კიდევ ორ მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, 27 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა: 171 160 ჯარისკაცი, 3595 ტანკი, 6953 ჯავშანტექნიკა, 2638 საარტილერიო სისტემა, 305 თვითმფრინავი და 291 შვეულმფრენი და სხვა საბრძოლო მასალა და ტექნიკა. იპნ
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს. „ანჯეი დუდას ვესაუბრე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, ფრონტის გარკვეულ ნაწილებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და უახლოესი მომავლისთვის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“. იპნ -
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორი პირი ცნო დამნაშავედ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მირიან კუკავას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახი მკვლელობა), 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), ხოლო ორ პირს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს - თოთხმეტი წლის ვადით, ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულებს კი - სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედდა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს. მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება. "ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. აქტიურად ვმუშაობთ "რითეილ" ქსელებთან და 2023 წლიდან უკვე საქართველოს მარკეტებშიც გამოვჩნდით. ამ ეტაპზე კი სატესტო რაოდენობები პოტენციურ დიდ დამკვეთებთან ისრაელში, კატარსა და გაერთიანებულ ემირატებში გავგზავნეთ. უცხოეთის ბაზრისგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რადგან მსგავსი პროდუქტი ბაზარზე ბევრი არ არის. მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხანია საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობთ, ეს სფერო კარგად გვაქვს შესწავლილი“, - განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ. რაც შეეხება გამოწვევებს, „Georgian Greens”-ის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ ძირითადი სირთულე მომწოდებლებთან ურთიერთობა და ფასების ცვალებადობაა. "ნედლეულს ადგილობრივებისგან ვიბარებთ და ხშირად ის რაოდენობა არ აქვთ, რასაც გვპირდებოდნენ, ასევე სირთულეა მუშაობა ფასების მუდმივი ცვალებადობის პროცესში, მაგალითად ქილების იმპორტირება გვიწვეს, რომლის ფასიც თვიდან თვემდე იზრდება“, - განმარტავს ეკატერინე ვეფხვაძე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „Georgian Greens” 15 ადამიანს ასაქმებს და ის დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, დამფუძნებელი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალ დანადგარებს ელოდებიან, რომელიც უფრო მასშტაბური წარმოების საშუალებას მისცემთ. კომპანიის თანადამფუძნებლის ცნობით, მისაქციელში წარმოებული დამუშავებული ინგრედიენტების საექსპორტო საფასური 1.5 - 5 დოლარამდეა განსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი 5-8 ლარი. ავტორი:თინათინ ნატმელაძე
-
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მათივე ცნობით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობის გამო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ipn
-
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო სისტემის სადავო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტესტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას. ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მთავრობა არასდროს მიიღებს სამოქალაქო ომს და ახლა ისრაელი დგას კრიზისის წინაშე, რომელიც არის ნამდვილი საფრთხე ეროვნული ერთიანობისთვის. როგორც ნეთანიაჰუმ მიმართვისას აღნიშნა, „ექსტრემისტული უმცირესობა“ მზად არის, გაყოს ერი. მისი თქმით, ქვეყანა საშიშ გზაგასაყარზე იმყოფება. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოსავალი მოძებნოს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ყველას, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. მთავრობის მიერ ინიცირებულ სადავო სასამართლო რეფორმის გამო ისრაელში მრავალი კვირის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები იმართება, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში პროტესტმა განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტს 27 ქალაქის მერი შეუერთდა, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. გუშინ კი ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა. პრიზი განკუთვნილია იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ებრაისტიკის დარგს ავითარებენ. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. „პრიზის მისაღებად აუცილებელია ორი აკადემიური დაწესებულების ან კვლევითი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კანდიდატურის საკონკურსო კომისიაზე წარდგენა. ლაშას კანდიდატურა, Polonsky-ის პრიზზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამამ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლამ წარადგინეს. ამჟამად, ლაშა მუშაობს იერუსალიმში, ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ქართულენოვან საგანმანათლებლო მასალებს ქმნის. ასევე, იგი არის თსუ-ს ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სადაც იდიშურ ენას და კულტურას ასწავლის. ლაშა არის თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული. 2023 წელს იდიშიდან ქართულ ენაზე თარგმნა იაკობ გორდინის პიესა, რომლითაც თბილისის აღდგენილი იდიშური თეატრი გაიხსნა. მშობლიური ქართული ენის გარდა, ლაშა, მუშაობს: ინგლისურ, რუსულ, იდიშურ, ლატვიურ და ივრითულ ენებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი კონფერენცია 28 მარტს ბათუმში ჩატარდება. „მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს. 29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
-
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. ყოველივე შევიწროვებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ავტორი - ანა ბროლაძე
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამხედროების პოზიციები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის პირველი პირი გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა. "ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს ქვეყნის დაცვისთვის. „მადლობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სახლების, ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში სიცოცხლის დაცვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ გამარჯვებას და ეს აუცილებლად ახდება“, - დასძინა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ზაპოროჟიე უკრაინის ერთ-ერთი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონია, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა. იპნ
-
საქართველოში ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ ისრაელში საყოველთაო გაფიცვის თაობაზე განცხადების შემდეგ, საელჩოში საკონსულო მომსახურება შეჩერდა. „საქართველოში ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500). შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
საპატრიარქო - 28 მარტს დაგეგმილ აქციას არ აქვს კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
28 მარტს დაგეგმილ აქციას არ აქვს კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. „გავრცელდა ინფორმაცია 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც. ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. -
ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თათია სამხარაძეს ეხებოდა. „არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა. შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – აღნიშნა წულუკიანმა და „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენ თქვით, რომ რა არის ეს სახლში მივარდნებიო. თქვენ ჩემს სახლში ახლახან იყავით მოვარდნილი, ანუ მინისტრს შეიძლება, სახლში მიუვარდე და ჟურნალისტს არ შეიძლება? თქვენი ტელევიზია და კიდევ აქ მყოფი არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით. მე არ მაქვს პრობლემა, მომივარდეთ სახლში, „ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახების მოხუც წევრებს უვარდებით, ესეც თქვენი ხელწერაა. ამიტომ, ვიდრე სიტყვებს გამოთქვამდეთ, სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო, სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ. „ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები ვიდრე შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, თურმე ვიღაცას სახლში ვიღაც მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, რადგან ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ დაფიქრდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ავტორი - გიორგი კობერიძე
-
ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი – ახალგაზრდას, ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი – მეორე პარტიის მიმდევარს, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია. „რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც ევროკავშორის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებმა, ალბათ რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ ყველანი ერთ პოზიციაზე და ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, დახლიჩონ საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ადამიანი – ახალგაზრდას, დააპირისპირონ ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პოლიტიკური პარტიის მიმდევარს, ვფიქრობ, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ. არ შეიძლება, იყო ქართველი და გქონდეს განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ამ შემთხვევაში – ევროკავშირში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, მათ შორის არც თქვენგან, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორედ იმავე ტემპით იაროს ევროპისკენ წინ, როგორც მოდის 2012 წლის ოქტომბრის 25 რიცხვიდან, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი მთავრობა. იმ დღიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა და ალბათ ვერც ექნებოდა, რომ დარჩენილიყო ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაშორა ხელისუფლებას და ქვეყანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. ამასთან, წულუკიანის განცხადებით, იმედი აქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. „ჩვენ, ქართველ ხალხს, მის მთავრობას, რომელიც დემოკრატიული წესით არის არჩეული, გვაქვს დიდი იმედი, რომ ამჯერად მაინც ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ იქნება ისეთი უსამართლო, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რამაც ჩვენს ქვეყანაში, ერში, ბერში, ასეთ პოლიტიკურ ძალაში, ისეთ პოლიტიკურ ძალაში, ვინც საკუთარი ქვეყნის გულწრფელია და ერთგულია, გამოიწვია ერთი და იგივე რეაქცია, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე ეკუთვნის მოლდოვას, რომელსაც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, თუ რაიმე ეკუთვნის ამ გზაზე უკრაინას, რომელსაც მშვიდობას, განვითარებას და გამთლიანებას ვუსურვებთ, არანაკლებ იგივე ეკუთვნის ქართველს ხალხს, რომელიც ამ ორ ქვეყანაზე მეტად პროგრესულია, მეტად განვითარებულია და რეფორმების მხრივ გიგანტური ნახტომები აქვს გაკეთებული ბოლო ათი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე მოძრაობა, ევროკომისიასთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობის რეჟიმში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის გასაჯაროებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელსაც კითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის მიმართვაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური შეფასება საჯარო იყოს. კითხვაზე, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური დასკვნა როცა ცნობილი იქნება, გამოაქვეყნებენ თუ არა მას, – წულუკიანის თქმით, ეს ტექნიკური დეტალია. „შესაბამისად, რა თქმა უნდა, წინასწარ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობენ ამისთვის ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყებები და მათი ხელმძღვანელები, თუმცა ნუ დავიყვანთ ამ დიდ თემას ტექნიკურ დეტალამდე“, – განაცხადა თეა წულუკინმა. ავტორი - გიორგი კობერიძე
-
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეკულაციაა საუბარი იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტს ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. მინისტრის თქმით, არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
-
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა. სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს. ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, - ნათქვამია განცხადებაში. ინტერპრესნიუსი
-
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ განცხადებას ხელს ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია აწერენ. დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას. „სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში. სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითაც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას. გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს. მოვითხოვთ, საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნის ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო“,- ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც „ლელო“ ავრცელებს.
-
მიმდინარე კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 31 მარტს მოუსმენენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
-
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „TollFreeForwarding“, ექსპერტების პროგნოზებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, მომავლის ადამიანის 3D-მოდელი შექმნა. მასიური თავის ქალა, მცირე ზომის ტვინი და ორი დამატებითი ქუთუთო – ეს არის ადამიანის სხეულის რამდენიმე ცვლილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გამოწვეული. „მინდი“ 31-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის მონიტორთან ატარებს. გარდა ამისა, „მინდი“ ხშირად უყურებს სმარტფონს, რის გამოც უფრო მასიური და ძლიერი კისრის კუნთები და დარღვეული ტანადობა აქვს. თავდახრილ მდგომარეობაში გატარებული საათები ხერხემლის წონასწორობას არღვევს. შესაბამისად, თავის შესაკავებლად კისრის კუნთებზე დამატებითი დატვირთვა მოდის. თუმცა ადაპტაცია ამით არ შემოიფარგლება. „მინდის“ თავის ქალა უფრო სქელია, რაც ტვინს სმარტფონებისგან მომდინარე რადიოსიხშირული გამოსხივებისგან იცავს. გაჯეტების გამო „მინდის“ ხელი მუდამ შეკუმშულ მდგომარეობაშია, იდაყვი კი 90 გრადუსით არის მოხრილი. ბოლო და ყველაზე უცნაურ ცვლილებას კი დამატებითი ქუთუთოები წარმოადგენს, რომელიც ელექტრონული ტექნიკისგან მომდინარე სინათლეს ფილტრავს“. – აცხადებენ მეცნიერები. გიორგი გაჩეჩილაძე ავტორი
-
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია „გორბი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რომელიც მუნიციპალურ რეგულაციაში არ ჯდება. ის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მიმართავს, რომ „ამ უკანონო მშენებლობით“ დაინტერესდნენ. „მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ აწარმოებს. თბილისის მერია ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობას პირდაპირ ხელს აფარებს. ოქროყანაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ აგარაკებია და იცით, რომ ეს არის სააგარაკე ტერიტორია, რომელიც ფიჭვნარით არის შემოფარგლული, ეს კომპანია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რაც არანაირად არ ჯდება არცერთ სამშენებლო და მუნიციპალურ რეგულაციაში. ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს, მუნიციპალური ინსპექციისგან მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, ეს კომპანია დაჯილდოვდა და მათ ამ უკანონო სამარცხვინო მშენებლობის უფლება მიეცათ. ეს არის კახა კალაძის აღვირახსნილი, ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი, სადაც ასეთი უკანონობის წარმოების უფლება, იმ ადამიანებს და კომპანიებს ეძლევათ, რომლებიც „ქართული ოცნების“ და პირადად კახა კალაძის ინტერესებთან დაკავშირებული არიან. ეს კომპანია „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია მსგავსი მშენებლობის წარმოების უფლებას ის ვერ მიიღებდა. სახეზეა მორიგი დანაშაული დედაქალაქის წინააღმდეგ. მინდა კიდევ ერთხელ მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო, რომ ხელახლა ამ უკანონო მშენებლობით დაინტერესდნენ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, რატომ მოხდა ამ შეჩერების ბრძანების გაუქმება და რა შეიცვალა, მაშინ, როდესაც მათ გააუქმეს ის ბრძანება, რომელიც უკანონო დარღვევით მიმდინარე მშენებლობას შეეხებოდა. აქ პარტიული და პოლიტიკური ინტერესი სახეზეა“, - განაცხადა ბუაძემ.
-
კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის ერთი გარდაცვლილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ყველა ტერორისტი დამარცხდება და ყველა აგრესორი პასუხს აგებს. „მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის წამებას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაჭრას. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, პასუხს აგებს“, - აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს და ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. იპნ
-
პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა, - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „საქართელოსთვის" რეკომენდაციების შესრულების პროცესში არასოდეს გამხდარა პოლარიზაციის მიზეზი. ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებმაც პარალელური პროცესი წარმართეს. "ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფებში და 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად წარვადგინეთ კონკრეტული გეგმა, რაც პირდაპირ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამასთან ნათელია, რომ რუსული კანონის მიღების შედეგად, ხელისუფლებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ჩვენს პარტნიორებში დადასტურდა ხელისუფლების მიერ, ანტი-ქართული, ანტიეროვნული ნაბიჯების მიზანმიმართლად გადადგმის აღქმა. ამ მოცემულობის საპასუხოდ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე, რეალური ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითბის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა: - პირველი, ორივე მხარემ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ყველამ - გადაინაწილოს პასუსიხმგებლობა და ერთად წარმართოს პროცესი, მოვუწოდებთ მათ ამისკენ. ეს იქნება, მათ შორის პირველი რეკომნდაციის შესრულების შესაძლებლობა და პოლარიზაციის შემცირება. გაერთანებული პასუხისმგებლობის ფარგლებში - შეიქმნას რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, ევროკომისიის შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას და მათთან იმუშავებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების მიმართულებით. - მეორე, მეორე რაუნდის დღის წესრიგში, სრულად იქნას გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მინიმუმ 3 საკითხზე: 1. მართლმსაჯულება - იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმით; 2. საარჩევნო რეფორმა - ერთიანი, სრულფასოვანი მათ შორის, ყველა წინა რეკომენდაციის გათვალისწინებით, 3. ანტიკორუფციული სააგენტოს რეფორმა - მარეგულირებელი ჩარჩოს სისტემური გადახედვა მისი დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციის უზრუნველყოფით და ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხი - სისტემური მიდგომის და არა ინდივიდუალური მიდგომის შესაბამისად. - მესამე, უზრუნველყოფილიქნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა, რისთვისაც სამუშაო პროცესის წარმართვა უნდა განხორციელდეს პარლამენტის რეგლამენტით, მკაფიოდ რეგულირებული მექანიზმების საშუალებით ასევე მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს გააძლიერონ წნეხი ხელისუფლებაზე 12 პუნქტის შესასრულებლად. თუ ოცნება უარს იტყვის აღნიშნულზე, ჩაითვლება რომ ოცნების ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არალეგიტიმურია და მათ არ სურთ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული გზით განვითარება. შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ყველა დემოკრატიულ ზომას, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მმართველობის დონეზე, იმისთვის, რომ ოცნების არალეგიტიმური მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ევროპისკენ", - აღნიშნა ბრიფინგზე გამოსვლისას ბექა ლილუაშვილმა. 337179642_752487462994069_4719194502557922267_n.mp4
-
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება. ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილსაც, ვისი სხვა კლინიკაში გადაყვანაც ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდება. „ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. ამიტომ, სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას. რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. დავტოვებთ ამ შენობის მხოლოდ შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმების ნაწილისა და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები, ხოლო იმ დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების და შესაბამისობის, რაც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს. შენობას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, კოვიდის პერიოდშიც ჩატარდა კიდევ ერთხელ სარემონტო სამუშაოები და იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ეს შენობა მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან დავაკმაყოფილოთ ხარისხისა და ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები, რასაც ჩვენ თვითონ სხვა კლინიკებს ვთხოვთ, აქედან გამომდინარე, ამის აუცილებლობა დადგა“,- განაცხადა აზარაშვილმა. გარდა ამისა, მან რეორგანიზაციის შესახებ, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მნიშვნელობაც განმარტა და აღნიშნა, რომ ის ადმინისტრაციას ეხება. „ეს ბრძანება სამედიცინო პერსონალს არ ეხება, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს. ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს კარგი იქნება თუ გავარჩევთ. ასევე, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. იმ წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული. ის არ გულისხმობს ადამიანების მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას. შევხვდებით, მომდევნო კვირას იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველაფერს გავაცნობთ. არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს. ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერი დასამალი არ არის“, - განაცხადა აზარაშვილმა. იპნ
-
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტზე რუსეთის მძიმე თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ. „ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. მდგომარეობა მუდმივად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა მან. სირსკის თქმით, ბახმუტის დაცვა „სამხედრო აუცილებლობაა“. „ბახმუტის დაცვა განპირობებულია სამხედრო აუცილებლობით. ვაანალიზებთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა სირსკიმ. იპნ