"ვაგნერის" ბუნტი „უკანასკნელი დროის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას, აიღეს კონტროლი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბზე, რომელიც მართავს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში.
ასევე ნახეთ
სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი
„უახლოეს საათებში, რუსეთის უშიშროების ძალების, განსაკუთრებით კი რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება იქნება მთავარი, თუ როგორ განვითარდება კრიზისი. ეს უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და ამატებს, რომ ვაგნერელები, დიდი ალბათობით, მოსკოვისკენ მიემართებიან.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის, „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს , მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და „დაიცვას ქვეყნის ინტერესები”.
„არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”. – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
„განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს.
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.
„შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აეხსნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობამ „ჩუმად გამოიყენა” არტილერისტები და პილოტები „ვაგნერის” ბანაკების დასაბომბად.
„დეტალებმა დაიწყო გამოჩენა, შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა „ვაგნერის” განადგურების ოპერაცია განეხორციელებინა, მან ჩუმად გამოიყენა არტილერისტები და პილოტები, რათა ჩვენ გავენადგურებინეთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
„არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე”, - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.
„შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აეხსნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.
მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…
შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.
ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს”, - განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა X-101 / X-555 ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მაგრამ უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. რაკეტების უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში განადგურდა.
„23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე", - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რაკეტების გარდა რუსებმა ჯაშუშური დრონი გაუშვეს, რომელიც ასევე განადგურებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით არა მხოლოდ რაკეტები, არამედ Shahed-ის „კამიკაძე“ დრონებიც გამოიყენეს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, გამოიყენა სამი აერობალისტური „კინჟალი“, სამი Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ოთხი Shahed-136/131 ტიპის დრონი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა სამი „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 21 ივნისს, 07:30 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცმა დარაჯ გოჩა ჭიჭიაშვილს, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა.
„ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა. შედეგად, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.
სწორედ, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 21 ივნისს, 7:30 წუთზე, ქაშვეთის ტაძარში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ეზოში შემოვიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას და შევიდა დარაჯის ოთახში. ვითარების განსამუხტავად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა. ამავე დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს და დარაჯის ჯანმრთელობის პირველადი დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ფიზიკური დაზიანების გამო, იგი გადასაყვანი გახდა ინგოროყვას კლინიკაში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ყველას სურს დიდი გამარჯვების მყისიერად და ეგრევე მიღწევა“.
„ჩვენც გვსურს ეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი რაღაც დროს დაიკავებს, ვინაიდან ორივე მხრიდან ბევრი ძალა, ბევრი ტექნიკა და ბევრი საინჟინრო ბარიერია კონცენტრირებული.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი ძალები საბრძოლო ქმედებებში ჯერ არ არიან ჩართულნი. ჩვენ ახლა მტრის თავდაცვაში სუსტ ადგილებს ვეძებთ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა", - განაცხადა სირსკიმ.
სირსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დაჯგუფება ახლა დაახლოებით 400 000 ადამიანს შეადგენს.
5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე „სტემფორდ ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება.
გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე.
არველაძე ზინჩენკოს გუნდში (ყვითელი გუნდი) იქნება. შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერია, ხოლო მისი თანაგუნდელები: იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პერ მერტესაკერი, ვერ მორგანი, ხერარდ პიკე, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ბერგერი, ედგარ დავიდსი, რობერტ პირესი, პატრიკ ვიეირა, ჯეკ უილშირი და რობი კინი არიან.
ბილეთების შეძენა მაისიდან გახდება შესაძლებელი. ფასი გირვანქა 15-დან 50 გირვანქა სტერლინგამდეა.
შეხვედრის მონაწილე გუნდების მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე, 150-ე და 236-ე მუხლები).
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს მანამდე წარდგენილი ყველა მტკიცებულება.
საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა სხდომაზე ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავარ მტკიცებულებებზე - რომ ემთხვევა ბრალდებულის და თავდამსხმელის ხმის და სუნის ნიმუშები. მისივე განმარტებით, იდენტურია მასრები, რომლებიც ამოღებულია „საქართველოს ბანკიდან“, წალენჯიხის სოფელ სქურიდან (სადაც თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა), ავტომანქანიდან, რომლითაც შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა და ბადრი ესებუას სახლიდან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს მასრები გასროლილია ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან.
,,თქვენო ღირსებავ, გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს. მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი“, - მიმართა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს.
ასევე ნახეთ
ბადრი ესებუა ბრალდებას ისევ უარყოფს
ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პოლიციისთვის ყველაზე მარტივი აღმოჩნდა, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულად გამოეცხადებინა სოფელში მცხოვრები ყოფილი სამხედრო, რომელსაც ბანკთან, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პრობლემები ჰქონდა.
პროკურატურის მტკიცებულებებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კვლევები ბრალდების მხარემ “პრაქტიკულად ჩუმად”, დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაატარა.
“მე მაქვს ეჭვი, რომ ეს [ბანკზე თავდასხმა] გათამაშებული სპექტაკლია… იმისთვის, რომ ეთქვათ: აი, 2 წლის თავზე ჩვენ გავხსენით ასეთი საქმე”, - განმარტა ჯანაშიამ.
ბრალდებულის ადვოკატების თქმით, ვერცერთმა მოწმემ ვერ შეძლო ბრალდებულში თავდამსხმელის ამოცნობა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე ბადრი ესებუას მიმართ გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდა.
სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბადრი ესებუამ. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებულმა პროკურატურა თავისი ოჯახის მიმართ “ტერორშიც” დაადანაშაულა.
“ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. 2 წელზე მეტია, ეს ადამიანები გაიძახიან, რომ მე რაღაც საშინელებები ჩამიდენია და მაბრალებენ. ის თუ წამოცდენიათ, თვითონ რა დანაშაულებები აქვთ ჩადენილი?! ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ, ბავშვების მკვლელებიო…ასეთ რაღაცეებში თქვენ გედებათ ბრალი და ჩემკენ, ძალიან გთხოვთ, ნუ იშვერთ ხელს. ჩემი ოჯახი ისე დაატერორეთ, ჩემი ძმა დააჭერინეთ, მამაჩემს დაარბენინებდით, ცხრაჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ჩემს მოსაძებნად დაარბენინებდით. ჩემი მეორე ძმა, რძალი ბავშვებიანად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეთ. 5 თვის ბავშვი არ დაინდეთ თქვენ და თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ? ნამუსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე?! ეს არის უკვე პიკი, ასეთ ბრალდებას რომ ადამიანს უყენებთ. ყველამ იცის, რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა - პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. ძალიან გთხოვთ, ასეთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი და თქვენს თავებს მიხედეთ. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მაქვს სათქმელი ამათ დანაშაულებზე. ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა, რაც გაქვთ ჩადენილი. ამის პირობას მე გაძლევთ. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული, ბოროტმოქმედი კრიმინალისტები”, - თქვა სხდომაზე ბადრი ესებუამ.
საბოლოო სიტყვაში მან ასევე დასძინა, რომ არ აქვს სამართლიანი განაჩენის იმედი.
“პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ, უვადო გამოიტანეთ“, - უთხრა ბადრი ესებუამ მოსამართლეს.
ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლოდან არ აქვს სამართლიანი განაჩენის იმედი. მისი თქმით, საბოლოო მიზანი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებაა.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.
26 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ესებუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე, 150-ე და 329-ე მუხლებით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით, იძულებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს.
ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო.
ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების უფრო ეფექტიან გამოყენებას, „გასულ წელს მათი მოხმარების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე“.
ამ სანქციების მიზანია, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გზით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ.
საბჭო განმარტავს, რომ სანქციების სიაშია 87 ახალი კომპანია, რომლებიც ევროკავშირის თანახმად, „პირდაპირ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში“. ევროკავშირის მიხედვით, ეს კომპანიები რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სირიასა და სომხეთში.
„ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანასთან ზოგიერთი კონკრეტული პროდუქტით ვაჭრობის მონაცემთა არანორმალური ზრდა ადასტურებს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს მოითხოვს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლაში ჩვენი ძალისხმევის გაორმაგებას და უნდა ვთხოვოთ ჩვენს მეზობლებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენთან“.
ახალი პაკეტი საშუალებას იძლევა, გატარდეს ზომები, რომლებიც ზღუდავს მგრძნობიარე ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს მესამე ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ მათი გადატანა რუსეთში. ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, ამგვარი პრაქტიკის შეწყვეტის მიზნით, განახორციელოს ბევრად ძლიერი ზეწოლა, ვიდრე ადრე. ევროკავშირის ოფიციალური პირები დიდი ხანია შეშფოთებული არიან რუსეთის მეზობელ, მასთან სავაჭრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებში ევროკავშირის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის გამო.
პაკეტის თანახმად, ევროკავშირის სამაუწყებლო ლიცენზიები შეუჩერდება რუსეთის კიდევ ხუთ სახელმწიფო მედიასაშუალებას, რითაც მათი რიცხვი 10-მდე იზრდება და მათ ემატება Russia Today-ის ხუთი შვილობილი კომპანია.
გარდა ამისა, პაკეტის ძალით ევროკავშირის ნავსადგურებში შესვლა გემებს ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობისაა. საუბარია გემებზე, რომლებიც ეწევიან ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაქაჩვას ზღვაში გემიდან გემზე.
უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, ამის შესახებ საიტი "კრიმ.რეალიი" იტყობინება, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით.
"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ ცნობაში.
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება რეგულარულად, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხდება.
მანამდე, 3 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინას 1426 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!"
მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.
"-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით გვარამია ისეთი იდიოტური (excuse me for my French) ბრალით დაიჭირეს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყანა (არა გაზით და არა ნავთობით) ვერასოდეს “გააპრავებდა” ამ დაკავებას. თუ გახსოვთ იგივე გააკეთეს მელიაზე - ზარზეიმით აიღეს “ქაჯეთის ციხე”, “დაატუსაღეს” მელია და მას შემდეგ რაც სრულიად პლანეტამ გვლანძღა რადგან მსგავსი ტიპის ფაქტები მხოლოდ ბელორუსში, რუსეთში, ირანში და ჩრდილოეთ კორეაში ხდებოდა, მელიაც ნებიერად გამოუშვეს გარეთ…
-გვარამია 100% -იანი მოუგებდა დავას სახელმწიფოს სტრასბურგში და პოლიტ. სირცხვილის და ზიანის გარდა კომპენსაციის სახით სავარაუროდ100000 ევროს რადიუსში (თუ მეტი არა) გადახდა მოუწევდა სახელმწიფო ბიუჯეტს ანუ ჩვენ (და არა ივანიშვილს, ღარიბაშვილს თუ სხვა არაკომპეტენტურ სათამაშოებს)…
-რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება სტრაზბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო. ის ვერ დაუპირისპირებდა ვერაფერს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ახლა ზურაბიშვილს მაინც ლანძღავენ და მას აბრალებენ შეწყალებას…
-პრეზიდენტის ეს შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში. ამიტომ ამ კუთხითაც (ფარდის მიღმა) ოცნება პოზიტივში წაიღებს სხვისი ხელით გაკეთებულ ამ შეწყალებას…
დასკვნა:
ამ რეგიონში საქართველო საკუთარ თავს ეფექტიანად ყიდდა რეფორმებით და ნოვაციებით. სააკაშვილს ეს სწორად ესმოდა, ქვეყნის შიდა ტერორს და უბედურებას ეფექტიანად ფუთავდა (საკმაოდ კომპეტენტურად) და დასავლეთს აყიდებდა რაც გარედან “ბზინავდა” და “ბრჭყვიალებდა”. ოცნების სრული უგუნურება და არაკომპეტენტურობა იმაში მდგომარეობს, რომ გარედან ქვეყანა რითაც “ბზინავდა” და “ბრჭყვიალებდა” ტალახით მოთხვარეს, შიგნითაც არი-დარიეს ყველაფერი და დაიჯერეს, რომ დასავლეთს ამ ტალახში ამოგანგლული ფორმით, “უნავთობოდ და უგაზოდ”, ზედ დამატებული მილიონი შიდა პრობლემით და კიდევ ზედ დამატებული რუსეთთან ახლად “შეწებებულობით” შეუძლიათ საკუთარი პირობებით საგარეო დღისწესრიგის “დალაგება”. ეს რომ ასე არ და ვერ ხდება ბაკალავრიატის პირველ კურსელმაც იცის…
P.S. 2024 უნდა შეიცვალოს ყველაფერი!!!
ა) ენმ-ი უნდა დამარცხდეს და დარჩეს საკუთარი ფიქსირებული მხარდამჭერების ჩარჩოებში. მათ არ უნდა მიეცეთ მმართველობის სათავეებში დაბრუნების საშუალება და ვერც დაბრუნდებიან!
ბ) ოცნება კი, პირწმინდად უნდა დამარცხდეს, რადგან ენმ-ის გზას გაუყვა, ყველა თავისი სიბინძურითა და ამორალურობით. ეგ გზა დიდი ხანია აღარ მიდის ტაძრისკენ, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ რეალობის გააზრება და არჩევნებისთვის სწორი გადაწყვეტილების ფორმირება გონებებში! ", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლებას.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი საქართველოს ხელმძღვანელობის ჭეშმარიტი პრიორიტეტი იქნება. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს.
დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს“.
„არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხეცი ჭამს ადამიანს, მაშინ ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მას უბრალოდ უნდა მიაკვლიო და მოკლა, რადგან დაჩვეულია ადამიანის ხორცის ჭამას, ასეა რუსეთთან დაკავშირებითაც”, - განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოვა, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას დაესხმევა თავს, შემდეგ კი პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზეც გადავა.
23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.
„ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.
კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.
ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.
“2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები. დღეს ეს ქვეყანა ორ ადამიანს ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ მძევლად - ეს არის სააკაშვილი და ივანიშვილი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.“
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
354427767_776332737378336_3618654026577099109_n.mp4
ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან.
არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“.
ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში
ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზიის ქვეყნებში [ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი] ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო. მაგალითად, 2022 წელს „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს შეფასებაში ყირგიზეთი მედიის თავისუფლების რეიტინგში იკავებდა 79-ე ადგილს. ყაზახეთი 155-ე ადგილზე იყო, უზბეკეთი – 157-ზე, ტაჯიკეთი კი 162-ზე. 2023 წელს ყირგიზეთი რეიტინგში 122-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
კანონების ინიციირებამდე, 2021 წელს ხელისუფლებაში ახლახან მოსული პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავდა და აღნიშნავდა – „რთულია ქვეყანა წინ წავიდეს, თუ პრობლემები და მოვლენები ჩავაჩუმეთ“.
გარდა ამისა, ყირგიზეთში საკმაოდ იყო ანტი-სახელისუფლებო პროტესტებიც, სამჯერ კი, 2005, 2010 და 2020 წლებში, ხელისუფლება რევოლუციის შედეგად იცვლებოდა. ამისდა მიუხედავად, „ფრიდომ ჰაუსი“ ყირგიზეთში არსებულ რეჟიმს „კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ აფასებს – ბოლო წლებია, ქვეყნის რეიტინგი დემოკრატიის ინდექსში იკლებს – 17/100-დან 2018 წელს 13/100-მდე 2023-ში.
ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტიკის ანალიტიკოსის, ანარ მუსაბაევას შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს რეალური ოპოზიცია – პარლამენტში წარმოდგენილნი არიან ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიები, ხოლო ძალაუფლების მთელი ვერტიკალი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ხელშია კონცენტრირებული.
კანონი „მედიის შესახებ“
ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ წინა წელს დააინიციირა კანონი „მედიის შესახებ“, რომელიც შეეხება უკვე ონლაინ-გამოცემებსაც და ყველა მედიასაშუალებისგან მოითხოვს ხელახალ რეგისტრაციას, რომლის გარეშეც მედია ვერ იმუშავებს.
კანონში, მათ შორის, არის ჩანაწერი, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმაც არის შესაძლებელი, თუკი გამოცემა „ბოროტად იყენებს მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებას“. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ფორმულირება, უცნობია – კანონის მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ასე ხელისუფლებას შეეძლება, რეგისტრაციაზე სურვილისამებრ უთხრას უარი მედიებს.
კანონის მიღების შემთხვევაში მედიას, მორიგი ბუნდოვანი ფორმულირებით, აეკრძალება „მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა“. გარდა ამისა, მთავრობა მედიის დახურვის უფლებასაც იღებს, ერთ კალენდარულ წელიწადში ორი კანონდარღვევის ფაქტზე.
კანონი „უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ“
„ევრაზიანეტის“ ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატთა თითქმის მესამედმა მოამზადა კანონი რითაც იქმნება ახალი იურიდიული სტატუსი – „არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს უცხოეთის წარმომადგენლის ფუნქციას“. ასეთ სტატუსს მიიღებს ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. ასეთ ორგანიზაციებს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის ჩაბარებას დაავალდებულებენ.
„გამჭვირვალობა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ღირებულებებთან წინააღმდეგობა“ – რა არგუმენტები აქვთ მხარდამჭერებს
კანონის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია დეპუტატი ნადირა ნარმატოვა. მან პირველად კანონი „უცხოეთის აგენტებზე“ ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. მაშინ იგი ორი მოსმენით მიიღეს, თუმცა საბოლოო ჯამში მიღებაზე უარი თქვეს.
ნარმატოვას რიტორიკა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჰგავს საქართველოში ანალოგიური კანონის მხარდამჭერების რიტორიკას. მაგალითად, ნარმატოვა ამტკიცებს, რომ „არასამთავრობოები პროვოცირებენ კონფლიქტებს და ქვეყანას არ ასვენებენ“ და თუკი მათ უცხოეთის აგენტებად არ გამოაცხადებენ, „ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება“.
დეპუტატი არასამთავრობოებს ქვეყნისთვის საზიანო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიც ადანაშაულებს და ჟურნალისტებსაც ესხმის თავს – ირწმუნება, რომ ყირგიზული „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტები „სამშობლოს გაყიდიან“.
კანონის მხარდამჭერთა არგუმენტებს არ იზიარებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
უსაფუძვლოდ მიიჩნევს კანონის მხარდამჭერების არგუმენტებს სემეტეი ამანბეკოვიც, მედიაგამოცემა „ბულაკის“ მთავარი რედაქტორი. იგი კანონის ავტორებს მანიპულაციაში სდებს ბრალს და ხაზს უსვამს, რომ რეალური მიზანი არა გამჭვირვალობის მიღწევა, არამედ კრიტიკული ხმის ჩახშობა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციაა.
რაც შეეხება გამჭვირვალობას, როგორც ამანბეკოვი, ასევე კაკეევი, აღნიშნავენ: ხელისუფლებას ისედაც აქვს საკმარისი ინსტრუმენტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, გარდა ამისა, თავად ორგანიზაციებიც აქვეყნებენ მონაცემებს დაფინანსების შესახებ.
კონტროლის ამავე ბერკეტებზე მიუთითებს ამანბეკოვი და ამატებს, რომ არსებული ინსტრუმენტების გარდა, 2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით ორგანიზაციები ისედაც ვალდებულნი იყვნენ, ოფიციალურ წყაროებზე განეთავსებინათ ინფორმაცია საქმიანობის შესახებ.
„10-წლიანი პატიმრობა „აგენტების“ პროპაგანდისთვის“
ამანბეკოვი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პარლამენტში ინიციირებულია სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები – „აგენტებთან“ [იგივე „უცხოეთის წარმომადგენლებთან“] და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, „აგენტების“ საქმიანობის “პროპაგანდისთვის” მოქალაქეს შეიძლება 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. კვლავაც ბუნდოვანია ფორმულირება, რომელიც საშუალებას იძლევა „პროპაგანდის“ ფართო ინტერპრეტაციისთვის.
„გაუგებარია, რა იგუსლისხმება — ლაიქი (მოწინება), რეპოსტი (გაზიარება) , კომენტარი [სოციალურ ქსელში]“, – აღნიშნავს ჟურნალისტი და გვეუბნება, რომ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებისთვის უფრო მსუბუქი სასჯელია გათვალისწინებული. აღვნიშნავ, რომ ქურდობისთვის სასჯელი ორ წლამდეა, გაუპატიურებისთვის – რვა წლამდე, მკვლელობისთვის – ათ წლამდე“.
ბრძოლა კანონის წინააღმდეგ და „დამაიმედებელი კონსოლიდაცია“
ბუნებრივია, კანონის მიღების მცდელობას უკვე მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების საპასუხო რეაქცია და გარკვეული შედეგებიც. სემენტეი ამანბეკოვი, მათ შორის, შემდეგ ნაბიჯებზე საუბრობს:
დაიწყო ინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უხსნიან კანონის მიღების შემთხვევაში, როგორი ნეგატიური შედეგები დადგება;
მიმართვები გაიგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში;
მიდის მუშაობა გადაუწყვეტელ დეპუტატებთან, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი ამ კანონს;
აგრეთვე გაიგზავნა მიმართვები საელჩოებში, ვიზები არ გაიცეს დეპუტატებზე, ვინც მხარს უჭერს კანონს.
„დემოკრატიის დაისი“ და რუსული კვალი
ინიციირების მომენტიდანვე, კანონებს ხშირად ადარებდნენ რუსულ ანალოგებს. ამანბეკოვი ამ შეფასებას იზიარებს და აღნიშნავს: „95%-ით რუსულიდანაა გადმოწერილი, დარჩენილი 5% კი კიდევ უფრო უარესია. […] მოდის პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომელსაც საკმარისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს ყირგიზეთზე. რუსეთის გავლენა 100%-იანია“.
კანონების მიღების შემთხვევაში, „ნეტგაზეთის“ არც ერთ რესპონდენტს ყირგიზეთის მომავალი ნათლად არ წარმოუდგენია.სემეტეი ამანბეკოვი მიიჩნევს, რომ კანონები დაასრულებს სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მათი ბუნდოვანი ფორმულირებები ძალაუფლებას გაუზრდის ხელისუფლებას:
ისკანდერ კაკეევის შეფასებით, კანონების მიღება ყირგიზეთში, „შუა აზიაში დემოკრატიის ბოლო კუნძულში“, „დემოკრატიის დაისს ნიშნავს“. იგი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტია და მადლობას უხდის ქართულ ორგანიზაციებს, რომლებმაც ყირგიზი კოლეგების მხარდასაჭერ მიმართვას მოაწერეს ხელი:
გარეკანის ფოტოზე: ყირგიზი ჟურნალისტების პროტესტი 2022 წლის 25 ნოემბერს, ჟურნალისტ ბოლოტ თემიროვის ქვეყნიდან დეპორტაციის შემდეგ. ფოტო: EPA
ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია.
თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. ასევე, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, მათ უმეტესობას უსაფრთხოების შემოწმების მიზნით წლების განმავლობაში არ გაუვლია ტექნიკური ექსპერტიზა.
დღესდღეობით არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც აღწერდა ექსპლუატაციის ვადა გასული ლიფტების რაოდენობას; ან ბოლო წლებში რამდენმა ლიფტმა გაიარა ტექნიკური შემოწმება და ა.შ.
უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თბილისში ლიფტების უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ძველი ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა წლებია, უკვე გასული აქვთ, ყოველწლიურად მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არსებული პრობლემის მოგვარება კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოსახლეობის – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხერხდება.
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში, რომლებიც ცალკეულ რაიონში მცხოვრებ ათასობით მოსახლეს აერთიანებს, ხშირად იწერება ხოლმე ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, იქნება ეს სახიფათო შემთხვევების აღწერა თუ ძველი და გაფუჭებული ლიფტის შესახებ ადგილობრივი გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და დახმარების თხოვნა.
ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია – „გლდანის მთავარი ჯგუფი“, რომელშიც 36 ათასზე მეტი მოსახლეა გაერთიანებული. ჯგუფში ხშირად შეხვდებით მოსახლეობის პოსტებს ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. კერძოდ, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა აღწერს დაძველებულ ლიფტებთან დაკავშირებულ სახიფათო შემთხვევებს, რომელსაც გადაურჩნენ; იმას, რომ ხშირად შიშით თავს არიდებენ ლიფტით მგზავრობას. ეს კი მაღალ სართულებზე მცხოვრები მოხუცებისთვის, რომლებსაც კიბით გადაადგილება არ შეუძლიათ, განსაკუთრებით პრობლემურია.
„პუბლიკა“ გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში, სხვადასხვა მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებ ათამდე მოსახლეს ლიფტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრა:
ზოგიერთი მოსახლე, რომლებსაც „პუბლიკა“ ესაუბრა, გვეუბნება, რომ მათი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უკვე მიმართა გამგეობას განცხადებით და პასუხს ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ „დიდი რიგია და განცხადების დაწერას აზრი არ აქვს“, ზოგიერთი კი გვეუბნება, რომ გამგეობისგან პასუხი უკვე მიიღეს და სპეციალისტების მოსვლას ყოველდღე ელოდებიან.
ვისი პასუხისმგებლობაა ლიფტის მოვლა-პატრონობა?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიფტი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ისარგებლოს თბილისის მერიის, კერძოდ, რაიონების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“.
ამისათვის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ გამგეობას (განცხადებას თან უნდა ერთოდეს აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა); გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნის, ამხანაგობის პრიორიტეტებისა და არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით. გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
გვანცა დოლიაშვილი გლდანის რაიონში ე.წ. კონიაკის დასახლებაში ილორის ქუჩა 22-ში მდებარე 8-სართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. მათ კორპუსს სამი სადარბაზო აქვს და 77 მოსახლე ჰყავს. გვიყვება, რომ კორპუსი 1969 წელს აშენდა, მას შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ გამოიცვალა კორპუსში არსებული ლიფტების ნაწილები. 17 წლის განმავლობაში ლიფტი საერთოდ არ ჰქონიათ, მერე მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით აღადგინა, თუმცა მისი უსაფრთხოება აღარავის შეუმოწმებია წლების განმავლობაში.
გვეუბნება, რომ 7 წელია, ამხანაგობის თავმჯდომარეა, გამგეობას განცხადებით სამი წლის წინ მიმართა. გვიყვება, რომ თავდაპირველად გამგეობიდან მისულმა სამუშაო ჯგუფმა ლიფტების უსაფრთხოება შეამოწმა. პირველი სადარბაზოს ლიფტი მომეტებული საფრთხის გამო სრულად გამოიცვალა, დანარჩენი ორი – შეაკეთეს. პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდა და სულ 3 წელი დასჭირდა.
„პუბლიკამ“ თბილისის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია – რამდენი ამხანაგობაა რეგისტრირებული გამგეობებში; რამდენმა ამხანაგობამ მიმართა გამგეობებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიფტის ტექნიკური სამუშაოების ჩატარების თანადაფინანსების თხოვნით; და რამდენი მიმართვა დააკმაყოფილა გამგეობამ.
თბილისის ათივე გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, საერთო ჯამში თბილისში დაახლოებით 10 274 ამხანაგობაა რეგისტრირებული. 2020 წლიდან დღემდე ჯამში ლიფტების პრობლემებთან დაკავშირებით ადგილობრივ გამგეობებში მათგან 2 750 განცხადება შევიდა, ამათგან გამგეობამ 1181 განცხადება დააკმაყოფილა. (როგორც მიღებული სტატისტიკური მონაცემები აღწერს, შეკეთებული ლიფტების რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთ შემტხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა რამდენიმე ლიფტს ფლობს)
სანდრო შელია განმარტავს, რომ ლიფტებთან დაკავშირებით, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტია, რომელთა უმეტესობაც მოძველებული, საბჭოთა მოდელია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ლიფტების უსაფრთხოების პერიოდულ შემოწმებას ითვალისწინებს, „სამწუხაროდ რეალურად, ეს ასე არ ხდება“, პრობლემა კი დღითი დღე მწვავდება, დაძველებული ლიფტების ჩანაცვლება მასობრივ ხასიათს არ ატარებს, რეაბილიტაციის ცალკეული მაგალითები დროში გაწელილი პროცესია და საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს. პრობლემა კი ძირეული და სისტემური მიდგომის გარეშე ვერ აღმოიფხვრება.
სანდრო შელიას შეფასებით, მასშტაბიდან გამომდინარე, პრობლემა სისტემურია, რომლის გადაჭრაც ვერ მოხდება ინდივიდუალური მოსახლის, ბიზნესის თუ ცალკეული ამხანაგობის დონეზე და სწორედ ამიტომაა საჭირო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ პროცესის კოორდინაციაში, რადგან მას მეტი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი აქვს.
ქალაქის რეალობა არის მოძველებული, საბჭოთა დროინდელი ლიფტები,- ამბობს სანდრო შელია და მისი შეფასებით, თუკი მართლა მივყვებით კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას, „მაშინ ლიფტების სრული უმეტესობა უნდა გაჩერდეს“. მისი თქმით, სწორედ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მთავრობამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რათა მოკლე ვადებში ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ლიფტების აღდგენის პროცესი.
როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი? უსაფრთხოების ექსპერტი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს მერიის ეგიდით ჩატარებული მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ყველა ლიფტი შემოწმდება, რათა პირველ რიგში იდენტიფიცირდეს საშიში ლიფტები, მოხდეს მათზე მყისიერი რეაგირება, რათა გამოირიცხოს უბედური შემთხვევების რისკი.
მომდევნო ეტაპი უნდა იყოს სახელმწიფოს დახმარებით განხორციელებული მასობრივი საბითუმო შეკვეთა იმ ნაწილების, რომლებიც საჭიროა ლიფტის გასამართავად. ამის შემდგომ კი, სანდრო შელიას თქმით, ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით შესაძლებელია მოხდეს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი განვადება მოსახლეობისთვის, რაც გულისხმობს, მოსახლეობის მხრიდან ლიფტების განახლებისთვის მცირე, მათთვის ხელმისაწვდომი ხარჯის დაფარვას.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ყველა ლიფტის პირველადი შემოწმება ჩატარდეს და უსაფრთხოების თვალსაზრისით იდენტიფიცირდეს განსაკუთრებით საშიში ლიფტები, რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო. იმისათვის, რომ უსაფრთხოების ინსპექტირება ჩაუტარდეს პიფტებს, თითო ლიფტის ინსპექტირება დაახლოებით 200-300 ლარის ფარგებში დაუჯდება მთავრობას. „თუ გადავარჩენთ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს, დროულად იდენტიფიცირებული საფრთხის აღმოჩენით, ამ თანხის გაღება ამად ნამდვილად ღირს“,- ამბობს სანდრო შელია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გაარღვიეს, უკრაინის ხელისუფლებამ მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიიღო და მხოლოდ ბელარუსის ელჩის გამოძახებითა და საპროტესტო ნოტების გადაცემით შემოიფარგლებოდა. ამასთან, 19 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. ასევე, სახალხო დეპუტატების ჯგუფი ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებით გამოდის.
აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად ის, ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას.
"საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია",- წერია განცხადებაში.