Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ”პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, ყველა კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” 10000000_640533634654082_2751868758975209873_n.mp4
  2. tvati
    ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.
     
    სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
     
    წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
    სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.

    პალიტრანიუსი
  3. tvati
    ”მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს, ამ ორიენტირის ირგვლივ გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეკრან კოალიცია მომდევნო მოწვევის პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ აქტორს ყავს საკუთარი სეგმენტი, საკუთარი ელექტორატი და უნდა იზრუნოს მის გაზრდაზე.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “ საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი 353859625_572673961724850_1151136639887355882_n.mp4
  4. tvati
    “ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა. პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი მივაბით რუსეთს, რუსეთს რომელიც არის უპასუხისმგებლო, არასტაბილური და ტერორისტი სახელმწიფო.” პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი  აკაკი გვიანიძე 354224559_1414552019343258_4216216122898213888_n.mp4
  5. tvati
    შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    მისი თქმით, დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებასა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას მოხმარდება.
    "აღდგენა ნიშნავს უკრაინის, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან და დაკავშირებული მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან“, - აღნიშნა ბლინკენმა.
    მისი განმარტებით, აღნიშნული დახმარებიდან 657 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის სარკინიგზო ხაზების, პორტებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას მოხმარდება, 100 მილიონი აშშ დოლარი ეროვნული სისტემების გაციფროვნების ხელშეწყობას, ხოლო 35 მილიონი დოლარი უკრაინის ბიზნესის დასახმარებლად დაიხარჯება, 520 მილიონ აშშ დოლარზე მეტი კი უკრაინის ენერგეტიკული ქსელის კაპიტალურ რემონტს მოხმარდება.
     
    ინტერპრესნიუსი
  6. tvati
    უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, - გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ.
    გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული და ასევე სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული.
    „თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ "უხეში რიტორიკის დასრულებით" და ასევე პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის შექმნას და კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - წერს გამოცემა.
    euractiv-ის ინფორმაციით, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე.
    გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ განუცდია მედიის პლურალიზმის კუთხით და რომ არსებობს განსაკუთრებული საჭიროება ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის ზრდა.

    იპნ
  7. tvati
    ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.
    „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
    მან ასევე ისაუბრა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების საჭიროებაზე, რომელიც მან ევროკავშირის წევრებს გუშინ შესთავაზა.
    „2027 წლამდე უკრაინის დარჩენილი ფისკალური დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენს. სწრაფი აღდგენისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროა საჭირო. ეს შეადგენს 110 მილიარდ ევროს 2027 წლამდე, რომელიც არ არის დაფარული. ამიტომ, გუშინ მე შევთავაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ დეფიციტის 45%-ის დაფარვა - ეს არის მთლიანობაში 50 მილიარდი ევრო უკრაინისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    იპნ
  8. tvati
    ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა.
    "ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და შედეგებს ახლავე ელის. ეს ასე არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში.
    მისი თქმით, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული.
    „რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებით, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წინ წავიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
    ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება აუცილებელია და რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დასთანხმდება.
    „რადგან ეს არის ომი, ეს არის უპერსპექტივო განვითარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

    იპნ
  9. tvati
    10 არასამთავრობო ორგანიზაცია კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას აკრიტიკებს და პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფებს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 21 ივნისს გაავრცელეს.
    განცხადებაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის კინოცენტრის თანამშრომლებისთვის ბუნდოვანია და არ ითვალისწინებს მათ ჩართულობას.
    განცხადებაში ისინი ასევე ეხმაურებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დოკუმენტური ფილმ “მოთვინიერების” რეჟისორის, სალომე ჯაშის მიმართ, სადაც კობახიძემ ფილმს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ კინოცენტრმა “აბსურდი” დააფინანსა. ორგანიზაციები ამ განცხადებას დისკრედიტაციად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კინოს ცენზურის და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებს შეიცავს.
    ამასთან, ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის ამჟამინდელ წესს, რომლის თანახმადაც კანონმდებლობით კულტურის სამინისტრო პირდაპირი წესით ნიშნავს კინოცენტრის დირექტორს. მათი შეფასებით, დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნა კინოცენტრის დამოუკიდებლობისა და სფეროს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს თავისთავად შეიცავს.
    არასამთავროების განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ეწინააღმდეგება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე კინოცენტრისთვის ამავე კანონით დადგენილ სამართლებრივ სტატუსს, რომლის მიხედვითაც ის თავის საქმიანობას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.
    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:
    უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება; დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში, მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კინოცენტრის თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები; უზრუნველყოს კინოს სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან. სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კინოცენტრის დირექტორის ერთპიროვნული წესით დანიშვნა. აღნიშნული რეგულაციის პირობებში კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი. შეწყდეს კონკრეტულ ხელოვანებსა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათი დისკრედიტაცია! განცხადებას ამჟამად ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “უფლებები საქართველო”, “საფარი”, “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მედიის ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი” (MDF), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), “საქართველოს ევროპული პერსპექტივა”.
    განცხადების თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლდება.


    ნეტგაზეთი
  10. tvati
    პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 8 პირი დააკავა.
    გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

    ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.
    გამოძიება ჯგუფური თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.
    მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი.

    ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.
    ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.
    „ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.

    publika
  12. tvati
    ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა.
    მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება.
    დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
    „ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-15 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-9 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.
    პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.
    „ჯორჯიან მანგანეზი” კი მაღაროელებს ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, „მანგანეზის” ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და მისი თქმით, ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.


    publika
  13. tvati
    თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
    მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ 19:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
    ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.
    ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.
    „ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.


    publika
  14. tvati
    მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც თითქმის ერთი თვეა პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავს, თვალები და პირი ამოიკერა. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
    „ზუსტად 19 რიცხვში ჩამოვიდნენ ჩვენი ძმები, მაღაროელები. ღმერთმა გაუმარჯოთ, 2-3 წამში კარვები დადგეს. მე კიდევ 5 დღის განმავლობაში 150, 200 პოლიციელი – მაგათ მილიციელი დავარქვი, მარა უტყდებათ – მეჯაჯგურებოდა. მერე დამიჭირეს, ჯარიმაც დამაკისრეს… უბრალოდ, ხალხს უჩნდება განცდა, რატომ ხდება ისე, რომ როდესაც 20 ივნისისთვის დაანონსდა აქცია „არა რუსულ მთავრობას“, უცბად ჩვენი ძმები, სტუმრები ჩამოდიან და თავსდებიან იქ. როცა იცი, რომ აქ რაღაც დაგეგმილი მაქვს და მოდიხარ სტუმარი და მითითებ რაღაცებს, ეგრე არ მოსულა თბილისში, მეგობრებო.
    ხალხი ამბობს, იქ ხალხი თვალებ- და პირამოკერილიაო. აჰა, მეც ასეთი ვარ, თვალიც მაქვს ამოკერილ და პირიც“, – ამბობს გრიგორიადისი მიმართვაში.

    publika
  15. tvati
    მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
    შსს-მ კაცი უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
    შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას არ ურთავს.
    „ადამიანმა, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა, 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა…მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – აღწერს ის.
    სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა მეზობლების მიერ გადაღებული კადრებიც, რომელზეც ასახულია, როგორ აყენებს კაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალს.
    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

    publika
  16. tvati
    რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:
    12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული; საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას. რატომ ახლა?
    ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
    ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე.
    რადიო თავისუფლებამ წინმსწრებად მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორი იქნება სამი ქვეყნის პროგრესის შესახებ ევროკომისიის აქცენტები. მოხსენებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
    ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით:
    „არანაირი პროგრესი“ „ნაწილობრივი პროგრესი“ „კარგი პროგრესი“ „შესრულებული“ ვის როგორი პროგრესი აქვს?
    ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან:
    3 სრულად შეასრულა (25%); 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%). უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:
    2 სრულად შეასრულა (29%); 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%); 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%). მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან:
    3 სრულად შეასრულა (33%); 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%); 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%). უფრო დეტალურად
    ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა:
    დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა გენდერული თანასწორობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება 8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს:
    დეოლიგარქიზაცია პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა ინსტიტუციების დამოუკიდებლობა ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვა სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის:
    მედიის პლურალიზმი. ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.
    რას შეიძლება ელოდოს საქართველო?
    რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.
    „შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი. იოზვიაკი ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ ჩამოთვლის ოთხ მიზეზს, რის გამოც „საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახდება, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან“.

    radio tavisupleba
  17. tvati
    რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
    გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს.
    აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტასის თანახმად, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე „მოხდა აფეთქება, რასაც აალება მოჰყვა“. ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ლაპარაკი არ არის დივერსიაზე და აფეთქების მიზეზი იყო „ადამიანური ფაქტორი“.
    ტამბოვის დენთის ქარხანა, როგორც მის ვებსაიტზეა ნათქვამი, „არის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო საბრძოლო მასალისა და სპეციალური ქიმიის მრეწველობაში. იგი აწარმოებს პიროქსილინის დენთებს ყველა სახის იარაღისთვის, ყველა კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც არის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის შეიარაღებაში“.
    2022 წლის 23 ოქტომბერს პერმის დენთის ქარხანაში, პლასტმასის საამქროში, ხანძრის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაშინ არ გამოუცხადებიათ.

    radio tavisupleba
  18. tvati
    ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
    „ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
    მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალისწინებდა, მოლაპარაკების შედეგად შეამცირეს და ამჟამად 20%-იან მატებაზეც თანახმა არიან.
    20 ივნისი. თბილისი. გაფიცული მაღაროელების აქცია რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში 19 ივნისს ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს". ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერა.
    ასევე ნახეთ პარლამენტის წინ მაღაროელებმა კარვები გაშალეს
    როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.
    ასევე ნახეთ "ჯორჯიან მანგანეზის" თქმით, კომპანია ზარალიანია და ხელფასის მომატება ალოგიკურია
    გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
    2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება; დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება; ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება; ულუფის გაუმჯობესება; უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
    ასევე ნახეთ პროტესტის მე-14 დღეს "ჯორჯიან მანგანეზი" ძველი სამუშაო გრაფიკით მუშაობას თანხმდება
    კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

    radio tavisupleba
  19. tvati
    „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს:
    „შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია.
    „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
    ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
    მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
    ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
    2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო.
    ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით,  1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება.
    ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შემოიყვანოს. თბილისს ამჟამად არ აქვს ავტობაზა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. შესაბამისად, ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ამ დრომდე ავტობაზა მზადყოფნაში იქნება, შესაძლებელი იქნება 50 ერთეულზე მეტის მოწოდებაც.
    ვიზუალურად, MAN-ის ფირმის Lion’s city 18c მოდელი გამოიყურება ასე.

    დარჩენილი რაოდენობა კი კომპანიამ 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე უნდა მოასწროს.
    თბილისში ამჟამად არ მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსი, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ დედაქალაქს შესაბამისი ავტობაზა არ აქვს. ამ ავტობუსების შემოყვანა უკვე მესამე წელია, რაც შეფერხებულია.
    გარეკანი ფოტო: magyarbusz.info

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის.
    სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა  დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი.
    BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მათ შორის, რამდენიმე ბიზნესმენი. რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ამჟამად ნავში იმყოფება „ოუშენ გეითის“ აღმასრულებელი დირექტორიც.

    ხომალდი 10 432 კილოგრამს იწონის და სიგანეში 6 მეტრია. რაც შეეხება „ტიტანიკს“, ატლანტიკის ოკეანეში, კანადის ნიუფაუნდლენდის პროვინციასთან ახლოსაა ჩაძირული. ჩაძირვის ადგილიდან უახლოეს სახმელეთო ნაპირამდე 700-მდე კილომეტრია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
    საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
    საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
    ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა, 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.
    „ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
    2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ  ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
    პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა.
    ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია.
    გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან.
    84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მცდელობაზე გამართლებული არ არის.
    ამავე გამოკითხვით, 94% ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. 64%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად. მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინია, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
    საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.
    კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საველე სამუშაოები 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა.
    ცდომილების ზღვარი 3%-ია.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
    ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
    ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
  25. tvati
    ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
    მისივე თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ.
    „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
    მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე“, - წერს იოსელიანი.
    ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.
     
    ინტერპრესნიუსი
×
×
  • შექმენი...