ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, რუსების დანაკარგები 219 100-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს.
პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე.
პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭერს მხარს.
ცნობისთვის, ვილნიუსში ალიანსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.
კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან საბიუჯეტო სახსრები სისტემატურად ირიცხებოდა ფიზიკური პირის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული პირი ორივე ა(ა)იპ-ში იკავებდა ბუღალტრის პოზიციას. მის მიერ გადარიცხვების საფუძვლად მითითებული/წარდგენილი იყო სხვადასხვა დოკუმენტი–ხელფასის უწყისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ დოკუმენტები არ იყო ავთენტური.
აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა ფიზიკური პირის 6 საბანკო ანგარიში, რომლებზეც, დაახლოებით, ორწლიან პერიოდში 266 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში, დაახლოებით, 375 ათასი ლარი შეადგინა.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება და მასთან დაკავშირებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.
„უკანონო ტრანზაქციები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და სისტემატური ხასიათი ჰქონდა ვერ იქნა იდენტიფიცირებული. გადარიცხვები კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ დადასტურებულია, რაც მათ მიერფუნქცია-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე მიუთითებს.
აღნიშნული მათი არასათანადო კვალიფიკაციით იყო გამოწვეული თუ ურთიერთშეთანხმების შედეგია, შემდეგი მოკვლევის საგანს წარმოადგენს” – ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020-2021
წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 5 სამორიგეო ავტომანქანა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური
ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი
ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი,
დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში გახარჯა 107 ტონაზე მეტი საწვავი, ღირებულებით − 237.3 ათასი ლარი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 47.9 ტონა საწვავი.
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.
დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ — თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში!
დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა.
გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს.
დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო, ასევე სამძებრო სამუშაოში ჩართულია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.
ჩვენს პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ექნება 2 სტრატეგიული ამოცანა და მიზანი:
- “ქოცები” გავუშვათ ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე;
- “ქოცებმა” და “ნაცებმა” ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა!
- ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ვიზრუნოთ ამ მიზნის მისაღწევად!
- ამაში მხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს!
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ძალადობითა და მუქარით მოიტაცეს ბიზნესმენი და „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები, იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ პირს, განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული და რომ უკან არაფერზე დაიხევდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე მიიყვანეს და დაზარალებულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ წარუდგინეს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ქონების გადასაფორმებლად საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე გადააფორმა ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ორგანიზატორს - გიორგი უდესიანს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ხოლო ზაზა გუგავას 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.
“დღეს, ოცნებას და ბატონ ივანიშვილს თუკი ვინმე აძლიერებს, პირველ რიგში ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია #საქართველოსთვის ჩართვა პარლამენტიდან
354222026_634427542039990_6421637980166235587_n.mp4
გერმანია უკრაინას რიგით მხარდაჭერას უცხადებს და „Patriot“-ის საჰაერო-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 64 რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ Welt-ი აქვეყნებს.
„მიმდინარე ეტაპზე ეს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
მანამდე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის უწყებებმა ასევე გააკეთეს განცხადება უკრაინისთვის კონტრშეტევისთვის საჭირო ასეულობით დამატებითი საზენიტო რაკეტების მიწოდების შესახებ. მიწოდება უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირას გასტანს.
ასევე, ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების რიგით შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ. შვიდმა ქვეყანამ უკრაინის წინაშე დახმარების ახალი, მრავალმილიარდიანი ვალდებულებების აღება დააანონსა. კერძოდ, 2024 წლისთვის დანია კიევს 2,6 მლრდ. დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ჰპირდება.
რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება.
ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ:
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორი დაინტერესებულია მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება.
ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ.
„თუ ჩვენ მასიურად გადმოგვცემენ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ტექნიკის მცირე პარტიებით გადაცემა მხოლოდ ახანგრძლივებს რუსეთ-უკრაინის ომს.
ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება.
„უმნიშვნელოვანესი ამბავი - საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძელებს ულამაზესი გარე-სამკითხველოების მოწყობას“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წიგნის ბუდეებს (პატარა სამკითხველოებს) აწყობს. სამკითხველოში განთავსებული ლიტერატურის წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წიგნის ბუდიდან აღებული წიგნი მკითხველმა ან უკან უნდა დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.
წიგნის ბუდეები ძირითადად სკვერებში ეწყობა და წიგნადი ფონდითაც პერიოდულად ივსება. სამკითხველოების დიზაინი, რომლის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუა, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება: თელავში კასრის ფორმის ბუდეა, ბათუმში - გემის ფორმის, სამტრედიაში - ველოსიპედის ფორმის და ა. შ.“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის სახელმწიფო აქტივები შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს. აშშ-ს პრეზიდენტი იმ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის უფლებას მიიღებს, რომლებიც ამჟამად აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყინული.
„რეპარაციების სახით რუსეთის სახელმწიფო აქტივების და უპირველეს ყოვლისა, აგრესორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების, კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია აშშ-ს კონგრესში“, - ნათქვამია აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.
კანონპროექტს ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. ის ერთდროულად შეიტანეს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.
დოკუმენტის ავტორები არიან ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და შელდონ უაიტჰაუსი (დემოკრატები), ასევე, კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლები მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკელი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი) და მარსი კაპტური (დემოკრატი).
„კანონპროექტის მიზანი არის გარანტია იმისა, რომ პუტინს და არა ამერიკელ გადამხდელებს მოუწევს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე პასუხის გაცემით დაიღალა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანი დაძაბულობის გაღვივებაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
„მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით, გამონათქვამებზე, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ან პრემიერ-მინისტრს. ისინი აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვირველია, ეს არ არის სიმართლე.
მე არაერთხელ მითქვამს, ბევრი ადამიანი არ არის ევროპარლამენტში, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით და კერძოდ, საქართველოთი. ჩვენ, პარლამენტის წევრები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ყოველთვის ვიცავთ საქართველოს და ქართველებს. ჩვენი სახით ბევრი მეგობარი გყავთ. ძალიან ვწუხვარ სიტუაციის ასეთ გაუარესებაზე საქართველოში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.[„მთავარი არხის“ სინქრონული თარგმანი].
მისი თქმით, ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ისტორიული შანსი ეძლევა, თუმცა ეს შანსი მხოლო მაშინ იქნება გამოყენებული, თუ ქვეყანა სისტემურ რეფორმებს გაატარებს.
„ეს, რასაკვირველია, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა. მათ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შანსი გამოიყენონ. მაგრამ, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს აკეთებენ და ძალიან ძნელია, მათ გაუწოდო მეგობრობის ხელი, რომლის გაწოდებასაც ჩვენ ვცდილობთ. იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატაროს სათანადო რეფორმები, ევროკავშირის საბუთებში მითითებული რეფორმებია გასატარებელი“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.[„მთავარი არხის“ სინქრონული თარგმანი].
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რომლის ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ამოღებაზე „ქართული ოცნება“ საუბრობს, რასა იუკნევიჩიანე ამბობს, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რასაც ხედავს.
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.
მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება.
"მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა გაფიცული არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც.
არაერთი ადამიანისგან გავიგე, რომ რუსებმა შემოსვლიდან მალევე შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს - ისევ რუსებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი განცხადებით, რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება.
"ანუ - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება, თანაც არ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს - ჯამში ისინი საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ შემოსავლის წყაროებს, სამუშაო ადგილებს, რის გამოც ქართველი იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში.
აყვავებული ეკონომიკა, როგორც ასეთი. ქართული ოცნება / Georgian Dream", - წერს ანა ბუჩუკური.
წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.
“რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ირაკლი კობახიძე მსგავსი რიტორიკით გიორგი გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდზე, მეტად ახლოს იქნება მისი ხელისუფლების დასასრული”
ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი
354234642_1272633533641283_3517135275476998034_n.mp4
“ქართულ ოცნებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ჩვენ გავუშვებთ ისეთ დიდ შესაძლებლობას, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაზე სრული პასუხიგებლობა დაეკისრება მათ და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება პერსონალიზირებული.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია #საქართველოსთვის
353066637_3531268873819426_8026753086175737452_n.mp4
რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 199 ფრთოსან რაკეტას.