-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ერევანი უერთდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციებს და მოწოდებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. „კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი არის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც მოითხოვს მოგვარებას. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის დამიზნებას, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას შეიარაღებული კონფლიქტის დროს და უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის მოწოდებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგებისკენ. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო პალესტინის საკითხის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების მომხრე და ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ გზით გადაწყვეტას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ როგორც პალესტინელებმა, ასევე ისრაელმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია განცხადებაში. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს. პუბლიკა
-
მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული მამაკაცი ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. იპნ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “შეთანხმება გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ კომპლექტზე, რომელმაც ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევებს. ის სამიზნეში იღებს: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვით კომპლექსს; ფინანსურ სერვისებს; ენერგეტიკის სფეროს; სანქციებისთვის გვერდის ავლას; ომის დანაშაულებს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში. ამ სანქციების მიზანია პუტინის მთავრობისთვის უფრო რთული გახადოს თავისი აგრესიული ომის წარმოება. ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინისადმი თავის მხარდაჭერაში”, - წერს ბორელი. იპნ -
რა ფორმულით დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი - მინისტრის ბრძანება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; სამუშაო სტაჟი; სამუშაო დატვირთვა; მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამუშაოს სპეციფიკა: კლასკომპლექტი; არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება; კლასის დამრიგებლობა;სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა; წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება. დოკუმენტიდან უცვლელად გთავაზობთ დაანგარიშების სქემას კონკრეტული კრიტერიომების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია 1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა: ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი; ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი; გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად. სამუშაო სტაჟი 1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შემდეგი ოდენობა: ა) 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი; ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი; გ) 10 წლის ზემოთ – 45 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად. სამუშაო დატვირთვა მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით: მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი; ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი; გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი; ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი. სამუშაო საათები სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს. დოკუმენტში ასევე განხილულია მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის მაგალითი: ამ მაგალითის მიხედვით, პედაგოგს, რომელსაც აქვს სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი; ასევე აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება; აქვს 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი; ამასთანავე არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი. დოლუმენტის მიხედვით, ამ შემთხვევაში მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,016.75 ლარს. დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. პუბლიკა -
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა. სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან. როგორც აღინიშნება, სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, ამჯერად მის კანდიდატუერას ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს. იპნ
-
ჩვენ მაქსიმალურად გამჭირვალეები და ტრანსფარანტულები ვიყავით ყოველთვის ამ საკითხთან მიმართებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი გახარია იყო პირველი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს გასცა პასუხი. ამას სჭირდება გამბედაობა, ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სიმართლე, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირი თავის სტატუსს ამოეფარებოდა, მაგრამ გიორგი გახარიას ეს არ გაუკეთებია. პირველი შემთხვევა იყო ასეთი ტიპის საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, როდესაც სამი სამართალდამცავი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინურად დაისაჯნენ სამართალდამცავები, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 20 ივნისის ამნისტიის წინააღმდეგი იყო. 20 ივნისი იყო კომპლექსური დღე, თავისი შეცდომებით, ტრაგიკული გამოვლინებებით, რაც უმძიმესია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ის სპეკულაციური შეფასებები, რომელსაც პოლიტიკური ძალები ანგაჟირებულად აკეთებენ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო. ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8353844291310548/
-
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთვის, ამ ვითარების შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს წევრებმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმების გამოყენებით გააგრძელებს. იპნ
-
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტული საქმეების დეტალებზეა საუბარი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ. 2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია „Viber“-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა. დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. მას სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის იანვარში, დაზარალებულმა ქალმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით, 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა - თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინების მიღებისთანავე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა. სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დანაშაულში მხილებულია დედა-შვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია „whatsapp“-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაც გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა. მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნა. დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების მიღების შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, რომლის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. „სქრინები“. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
დღევანდელ ეპიზოდში პატია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ქეთი ბაკარაძე და ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი (Corus International-ის პროგრამების დირექტორი; შიდსის ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს ICASO დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით პირდაპირ აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე
-
13-19 ივნისს პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიკა ფილფანი და თამარ ხვედელიანი პროექტის “ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში” ფარგლებში იმყოფებოდნენ დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, სადაც გამართეს შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან. ვიზიტის დროს გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსთა დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც 2011 წლიდან ბორნჰოლმის კუნძულზე ყოველწლიურად ტარდება. ისინი ასევე დაესწრნენ დანიის პარლამენტში ჩატარებულ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კონფერენციას. პროექტი განხორციელდა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოსა და 6 ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურად.
-
ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება? მოვახერხებთ, თუ არა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას? კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024025282775597/
-
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ. უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა. ვინ არიან კანდიდატები? ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორედ მან შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. „მონიტორმა“ 2018 წელს მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ შონიას პროკურორად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ, თუმცა საქმე ისე დაიხურა, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. „კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. ამას თუ კლანს ეძახით [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა], არ ვიცი. [სანქციები] დარტყმა არ არის. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. წყნარად, მშვიდად ვართ აბსოლუტურად ყველა, მთელი კორპუსი“, – ეს განცხადება გააკეთა შონიამ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ. გიზო უბილავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. მან 2022 წელს სოლიდარობა გამოუცხადა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა. „მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტით“, – განაცხადა მან. გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა. ის ერთხელ უკვე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 2019 წელს. მაშინ საკომიტეტო მოსმენაზე ჯეირანაშვილმა უარყო, რომ არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენებს განიცდიან. მისივე პოზიციით, სასამართლოში კლანური მმართველობა არ არსებობს. ჯეირანაშვილის კანდიდატურას 2019 წლის 12 დეკემბერს არ დაუჭირეს მხარი. უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი მთელი პროცესი, რომელიც 2018 წელს 10-კაციანი სიის წარდგენით დაიწყო, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილებაც მოჰყვა, დარღვევით და ხმაურით წარიმართა. პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქრონოლოგიურად შეაჯამა. უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული. 2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ. 2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე. „სასამართლო გუშაგის“ შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად გათვალისწინებული რეფორმების დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება შეკითხვებს აჩენს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა უფლებამოსილების ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო. პუბლიკა
-
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: არავითარი კლანი არ არსებობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს: „არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოსდა კლანი არსებობს სასამართლოში ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. გონიერია ჩვენი საზოგადოება და ხვდება… ჩემთვის ეს აზრი, რომ თითქოს რაღაც ერთი გუნდი არსებობსო, თითქოს ეს გუნდი აკონტროლებს სასამართლოსო — კატეგორიულად გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს და ვერ დავეთანხმები იმ პირებს, ვინც ამას ადასტურებენ და უსაფუძვლოდ გაიძახიან თითქოს ერთი გუნდი აკონტროლებს სასამართლოსო,“ — ამბობს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი. მოსამართლეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ასევე ჰკითხა როგორ შეაფასებდა 2012 წლამდე სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაზეც უბილავამ განაცხადა, რომ სასამართლო 2012 წლამდეც დამოუკიდებელი იყო და ახლაც დამოუკიდებელია, თუმცა ოხანაშვილის დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ — არა იგივე დოზით: „2012 წლამდე, და 2018 წლამდე მე ვმუშაობდი საქართველოს პროკურატურის რიგებში. მე ვერ ვიტყვი იმ ფაქტს, რომ თუნდაც პროკურორობის პერიოდში ჩემი მხრიდან რაიმე კომუნიკაცია განხორციელებულიყო რომელიმე მოსამართლის მიმართ. ვფიქრობ, მაშინაც დამოუკიდებელი იყო სასამართლო და დღესაც იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელი დღე უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო. მე პოლიტიკურ ჭრილში ვერ შევაფასებ 2012-მდე და 2012 ის შემდგომ არსებულ ვითარებას ვინაიდან ვარ მოქმედი მოსამართლე. „თქვენ ამბობთ რომ 2012 წლამდეც იგივე დოზით იყო დამოუკიდებელი სასამართლო?“ — ჰკითხა ანრი ოხანაშვილმა უბილავას, რაზეც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: „იგივე დოზით არა რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა იყო კანონებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ 2012-მდე არსებობდა ე.წ. გაიდლაინები, როგორც სასამართლოში ასევე პროკურატურაში. ასეთ საკითხებთან მიმართებით, მე პრობლემურ საკითხად ჩავთვლი იმ გაიდლაინებს. სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით და კონსტიტუციის საერთაშორისო აქტებით. შესაბამისად, გაიდლაინების განსაზღვრა რაღაც ჭრილში ჩემთვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს“ — აცხადებს უბილავა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი წარუდგინა, სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იქნება უზენაეს სასამართლოში წლის ბოლოს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა გამწესებული, სამი კი 10-წლიანი ვადით. ამ თემაზე წაიკითხეთ: შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო დატოვა. 2024 წლის ოქტომბერში კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ. ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, ის კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს. ნეტგაზეთი -
წიწამურთან მაგისტრალის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს. მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დაზიანება გამოიწვია დროთა განმავლობაში მესამე პირების მიერ არაგვის ხეობაში ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსებამ, რამაც დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. GWP-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, სოფელ წიწამურთან მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. netgazeti -
რომში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა. ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა. პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები. netgazeti -
მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს გაიტაცა. publika
-
პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. დღესვე ცვლილებების განხილვა დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. როგორც სხდომის წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა, განხილვაზე ოპოზიციის არდასწრება ნიშნავს, რომ ისინი ან კანონმდებლობის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ან პასუხისმგებლობას გაურბიან. „ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას. ან გაურბიან პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ipn
-
შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, „ქართული ოცნების" მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა - მე აღარ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული, "რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა". „ხალხის ძალის" განცხადებები როგორც წესი, არის ხოლმე პოლიტიკური თაღლითობის, ან მავნებლობის პრელუდია. შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, "ქართული ოცნების" მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩანაცვლება რუსეთის ფედერაციით, ან რომელიმე აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოთი. მე არ ვიცი ის ბნელი მოტივი, რომლითაც შეიძლება, "ქართული ოცნება" ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაზიანებისკენ იყოს მიდრეკილი, მაგრამ შედეგების თვალსაზრისით, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. არასდროს ყოფილა ასეთი მძიმე მოცემულობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურთიერთობა. 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, შეჩერებული. ასეთი მძიმე მოცემულობა, ასეთი მძიმე დაშორება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებსა და ქართველი ხალხის ინტერესებსა და ამოცანებს შორის არასდროს ყოფილა. ამიტომ, მე აღარ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ. 4 თვე ქართველი ხალხის ამას აიტანს და 4 თვის შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად მოვიშორებთ მათ ხელისუფლებიდან," - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, "ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი” გადაკვეთა. „თუ აქამდე აშშ-ის ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა," - აღნიშნულია განცხადებაში. ipn
-
„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). ასევე იხილეთ მწვანე შუქი იპოდრომთან მშენებლობას - რისი აშენება იგეგმება 17 ივნისი, 2024 ეს ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ 2023 წელს შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. შპს ცენტრალ პარკ ავენიუს დირექტორი სოსო ფხაკაძეა.
-
სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებლი მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ შემცირდა და ნაცვლად 110 000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული აქვს 58,351 აბონენტს. დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით აწვდის. ცისტერნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ცხელ ხაზზე ან Facebook ჩათის მეშვეობით”, - ნათქვამია განცხადებაში. ipn
-
"საოცარი ემოციები გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა - როცა აგებ, როცა არ გიმართლებს და მაინც ამაყად და ბედნიერი აფრიალებ შენი პატარა ქვეყნის დროშას შუაგულ ევროპაში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი არა! ბრძოლა არის აზრი ყველაფრის! ყოველთვის! და ყველგან! ეს არის საქართველო. ჩვენ ვართ საქართველო!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
ელჩი: რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია. ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას”. მისი თქმით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან „შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით”. საქართველოში ესტონეთის ელჩისვე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „ყოველთვის არ შეუძლიათ კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს”. ესტონეთის ელჩმა ინტერვიუში ასევე ილაპარაკა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და თქვა, რომ ეს არასდროს უნდა მოხდეს, მაგრამ ამასთან, სწორედ ეს არის რეალური ინსტრუმენტი.