-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვერაში 30 მოგერიება ჰქონდა. სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5. primetime.ge
-
გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და ყველგან რისკავდნენ. „ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა. „თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც ნახეს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს“, – წერია სტატიაში. როგორც სტატიაშია ნათქვამი, გულშემატკივრებმა დაუვიწყარი მოგონებები მიიღეს, როდესაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩში. ავტორი - თამთა რუხაძე
-
შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს ეხმაურება და ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის. „შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში. იპნ
-
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. მათივე ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და ამა წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია. „დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას. ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე. დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
"ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას - ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში და ჯობდა არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას ინსტიტუციონალური დემოკრატიის ფუნქციონირება. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის. ასევე სწორად მიაჩნიათ, ერთ-ერთი ძალოვანი ფიგურის გაგზავნა შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში. ფოსტალიონების ასეთი გზავნა დაიწყება ახლა ხშირად. ამერიკაში ბოლოს 6 თვის წინ ვიყავი. აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა (არა საჯარო სექტორი მთლიანად), არის გაურკვეველ ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, ანტიდასავლური!ანტიდასავლური! ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა - ქართველ ხალხს, მათი ცივილიზაციური არჩევანის დასაცავად სჭირდება მხარდაჭერა. ის, რასაც „ოცნება“ აქამდე წარმატებით ახერხებდა, რომ ევროპელებს ელაპარაკებოდა, ამერიკელებს ლანძღავდა, ამერიკელებს ელაპარაკებოდა, ევროპელებს აბრალებდა ყველაფერს, ამას ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ ეს იქნება სრულად კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომა და აქ ამ ტყუილებით და ორმაგი პოლიტიკით ფონს უკვე ვეღარ გავლენ. საბოლოო ჯამში, ბოლო ორ თვის განმავლობაში ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ არავის უკვე ილუზიები აღარა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში. ყველა კარგად ხვდება, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის მიზანმიმართული პოლიტიკა დღევანდელი პოლიტიკური ელიტების - აქ მოაწყონ რაღაც რუხი ზონა და ამ რუხ ზონაში მარტივად აკეთონ ბიზნესი, ხან ჩინეთთან, ხან რუსეთთან, ხან ირანთან და უბრალოდ გამდიდრდნენ. ქვეყნის თითოეული საქართველოს მოქალაქეს ევროპული, ნორმალური, დემოკრატიული ცივილიზაციური არჩევანი კი საერთოდ არ აინტერესებთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი, ნინო ოთარიშვილი. ამასთან, მან პრემიერის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის. როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. იპნ -
"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები, სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს. დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არჩევნების სათანადო მაღალი შეფასება ჰქონდეს. სხვანაირად მათ გაუჭირდებათ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვა, რადგან ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნებათ. თუ საქართველოს მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და ამას დაემატება საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა, დამთავრებულია! ყველა გონიერი პოლიტიკოსისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, ძლიერი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს მთავარი გამოსავალი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
"როცა ასოცირებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ვიყავით სამაგალითოები ყველასთვის! ეს ყველაფერი დაბრუნდება, ამას ვერ გააუქმებს ვერავინ თავისი კონსპირაციების თეორიით. ამხელა პოზიტივის მერე ვინმე გაბედავს და ამ ხალხს, ამ ერს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რაღაც ნეგატიურ სენტიმენტებს შეუქმნის?! ყველას უნდა, პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, ყველას უნდა, რომ გამარჯვების ნაწილი იყოს. ჩვენ ყველას, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გვინდა, რომ დიდი გამარჯვებების ნაწილი ვიყოთ! არ გვინდა ვიყოთ ბოდვებში, ომის პარტიებზე და კონსპირაციების თეორიებზე, გაურკვეველ ილუზიებში, არამედ გვინდა ყოველდღიური წარმატებული რეალური ცხოვრება და არა ის, რომ გვაბრუნებენ წარსულში და გვეუბნებია, რომ იქ უკეთესი იყო... ჩვენი ხელისუფლება ათას რაღაც მარაზმს მოყვება. იტყვის, რომ ისინი ცუდები არიან, რაღაცას გვაძალებენ, გვებრძვიან, თავად კი პატრიოტები არიან, ეროვნულ იდეალებს იცავენ. ბევრ რამეს მოიტყუებიან და ბოლოს იტყვიან, რომ ჩვენ მაინც მიგიყვანთ ევროკავშირში 2030-ში, ცოტა ახლოს კი არ მოწევენ, 2028-ში, ან 2027... ბოდავენ, მაგრამ ისე, რომ ქართველი ხალხის ნების უგულვებელყოფას საბოლოოდ ვერ ახერხებენ მაინც. რადგან, იციან, რომ საქართველოს ცივილიზაციული არჩევანი არის ევროპა, იტყუებიან, მაგრამ მაინც ევროპით ატყუებენ ადამიანებს. მე ვფიქრობ, რომ არც მთლად ისე წყალწაღებულები არიან. ზოგიერთს ცოტა მეტი აქვს მოპარული და კონსპირაციის ავადმყოფური იდეები აწუხებს - ეს მცირერიცხოვანი ჯგუფია, თორემ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საჯარო სექტორი, ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან უკრაინის, დამიჯერეთ, ასეა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
„შეუძლებელიც შესაძლებელია, რაშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ამ დაძაბული თვეების შემდგომ, ასეთი დიდი გამარჯვება, დიდი ერთიანობის გრძნობა, პოზიტიური ემოციები, წარმატების ისტორიაც, მაგრამ, პოზიტიური ემოცია არის ის, რისი დეფიციტიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი გვქონდა და ამ ახალგაზრდებმა სწორედ ეს გვაჩუქეს - თან ისე, რომ მთელს მსოფლიოს დაანახეს, საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ ღირსეულად შეუძლია გაიმარჯვოს... დიდი ქვეყნების გვერდით იდგეს, როგორც სპორტში, ასევე სხვა ყველა დარგში - იგივე იქნება ხელოვნებაში, იგივე იქნება მეცნიერებაში, იგივე იქნება ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში, იგივე იქნება პოლიტიკაშიც. მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს რწმენა და, რაც მთავარია, გვქონდეს სამართლიანი მიზანი. ამ ახალგაზრდებმა დაგვარწმუნეს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, რომ, თუ შრომობ, თუ შენი ფასეულობები არის სწორი და შენი მიზანი არის სწორი, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენმა ფეხბურთელებმა არა მხოლოდ შეგვიყვანეს ევროპაში, არამედ იმარჯვებენ ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის სამაგალითო გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, გაგრძელდება. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ემოციურად, ადამიანურად, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, შვილმა, ჩვენ ეს გამარჯვებები გვჭირდება! ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეგვიძლია ყველაფერი - ჩვენ უნდა გამოვჩნდეთ ყველგან, ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, ყველგან უნდა მივიტანოთ ჩვენი განსაკუთრებული ნიჭი და სიხალისე, რომლითაც ქართველი ქომაგები გამოირჩევიან! საოცრება იყო, მე რაც ვნახე, დორტმუნდში. გამარჯვებას ვუსურვებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ველზე, მოედანზე იქნება და იცოდეთ, რომ ჩვენ გვჯერა - შეუძლებელიც შესაძლებელია! “ გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სააგენტოს ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. „ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები. შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და ტერიტორიაზე არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით - გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით. შეზღუდვა 15 ივნისიდან სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: მერი ტაბატაძე -
საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია. შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება იპნ
-
რა ნომერი ავტობუსები იმუშავებენ დღეს თბილისში გახანგრძლივებული დროით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ცნობისთვის, საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების თამაშის ყურება მოქალაქეებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლებათ. „ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. ავტორი: მერი ტაბატაძე -
დღეს 30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ. სწორედ ამ თამაშმა გადაწყვიტა საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორია საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე რომელია როგორც ქართული, ასევე ესპანური გუნდების ყველაზე ძვირადღირებული 5-5 ფეხბურთელი. სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ესპანეთის ნაკრების ფასი კი 965.5 მლნ ევროა. საქართველოს ნაკრები: ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო ესპანეთის ნაკრები: როდრი – 120 მლნ ევრო ლამინ იამალი – 90 მლნ ევრო პედრი – 80 მლნ ევრო ნიკო ვილიამსი – 60 მლნ ევრო დანი ოლმო – 50 მლნ ევრო bpn.ge
-
თავდაჯერება არ გვაკლია, - ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა. "ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. 3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია", - დასძინა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც "სპორტალი" ციტირებს. იპნ
-
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დღეს გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა. იპნ -
საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა. „ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს. მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორტუგალიის დამარცხებით (2:0) მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი ოფში გასვლა. დებიუტანტი საქართველო პლეი ოფში შეუერთდა სლოვენიასა და რუმინეთს, რომლებიც ევროპირველობაზე 2000 წელს გამართული ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ. იმავდროულად, ავსტრიამ ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ურთულეს ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი თამაშობდნენ. შედეგები აჩვენებს, 2016 წელს დანერგილმა 24-გუნდიანმა სისტემამ როგორ გაზარდა უმაღლეს დონეზე მოასპარეზე გუნდების მრავალფეროვნება და, ამავე დროს, კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა. ევრო 2016-ზე უელსმა ნახევარფინალში ითამაშა, ხოლო დებიუტანტი ისლანდია პლეი ოფში გასვლით არ დაკმაყოფილდა და ინგლისის ნაკრები მერვედფინალში დაამარცხა, ევრო 2020-ზე დანია საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასული გუნდების პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობამ უფრო მეტ გუნდს მისცა სტიმული, ხოლო ზოგიერთ ნაკლებად საფეხბურთო ქვეყანას მომავალში დიდ ტურნირზე მოხვედრის იმედი გაუჩინა. ევრო 2024-ზე საქართველოსა და სლოვენიის წარმატებები ისტორიული მომენტია პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე ევროპის ჩემპიონატის მზარდი კონკურენტუნარიანობის მაგალითია. 24-ვე გუნდმა დააგროვა მინიმუმ ერთი ქულა. თითოეულ ჯგუფში პირველ და მეოთხე ადგილებს შორის ქულების სხვაობა (საშუალოდ 4,5 ქულა) ყველაზე დაბალი იყო ევრო 1996-ის შემდეგ, რომელშიც პირველად ითამაშა 16-მა გუნდმა. მიმდინარე ევროზე ჯგუფში სამივე მატჩი მხოლოდ ესპანეთმა მოიგო. უკრაინა, რომელიც საქართველოს მსგავსად ტურნირზე ერთა ლიგიდან მოხვდა, სამწუხაროდ, ვერ გავიდა ჯგუფიდან, რომელშიც ევროს ისტორიაში პირველად ოთხივე გუნდმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა. ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდამ ხელი შეუწყო უეფა-ს მიზანს, გაზარდოს ევროპული ფეხბურთის კონკურენტუნარიანობა. ერთა ლიგის შემოღება ხსნის ახალ გზას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რაც ზოგიერთ პატარა საფეხბურთო ქვეყანას ისტორიულად უჭირდა და რაც გადამწყვეტია ფეხბურთის დონის ზრდისა და ინტერესის გასაძლიერებლად. ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატება არის უახლესი ნაბიჯი განვითარების პერიოდში, რომელშიც ერთა ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფინანსური მხარდაჭერა ევროპული ფეხბურთის გაძლიერების კიდევ ერთი საშუალებაა. ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ტურნირის შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი უეფა-ს 55 წევრ ასოციაციაზე გადანაწილდება და ფეხბურთის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული“. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
-
სანიოლი: ჩემი მომავალი? არასდროს იცი, რა მოხდება, თუმცა საქართველოში ბედნიერი ვარ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია. კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია. „ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე. მომავალში არ ვიცი, რა მოხდება, არასდროს იცი, რა მოხდება ფეხბურთში, თუმცა ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში“, — ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი Talk Sport-თან ინტერვიუში. გადაცემის წამყვანებმა ასევე ივარაუდეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, სანიოლს არაერთი შეთავაზება ექნებოდა. „ალბათ, თქვენი ტელეფონი არ წყვეტს რეკვას“, — უთხრეს წამყვანებმა ფრანგ სპეციალისტს, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ხუმრობით უპასუხა, რომ ტურნირის დაწყებისთანავე მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა. ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მერვედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება. ნეტგაზეთი -
რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. „ნეტგაზეთი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ნეტგაზეთი
-
საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, მიმდინარე კვირას ევროპულ საბჭოში და ევროპის საბჭოში შეხვედრები გაიმართა. ვნახეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც საქართველოს თემაზე. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე, საუბრის დაწყება მინდა გთხოვოთ იმაზე, ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ რა სურათი გვაქვს ევროპარლამენტში? სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროკავშირის მომავალ სტრუქტურებში ვითარება? ევროპარლამენტში ჩატარებულმა არჩევნებმა რა გვაჩვენა? - ევროპარლამენტის არჩევნები ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ახლა არის პროცესი, როდესაც ხდება იმაზე მუშაობა ევროპარლამენტში თანამდებობებს ვინ დაიკავებს. პირველი, რაზეც მიდის მსჯელობა, გახლავთ ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას. ამ თანამდებობაზე წამყვანი ქვეყნების მიერ დასახელდა ურსულა ფორ დერ ლაენის კანდიდატურა. წამყვან ქვეყნებს უნდათ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე შემდეგი 5 წელი მან უხელმძღვანელოს, მაგრამ, მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროპარლამენტში კი, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა, დაუჭერენ თუ არა მხარს ურსულა ფორ დერ ლაენის კანდიდატურას. მას მხარს უჭერს სახალხო პარტია. კოალიცია ევროპარლამენტში უკვე არსებობს სახალხო პარტია და სოციალისტებს შორის, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეყოფა თუ არა ურსულა ფორ დერ ლაენს ხმები რომ იგი იქნას არჩეული. ამ კოალიციიდან ყველა პოლიტიკოსი არაა თანახმა მას დაუჭირონ მხარი. ამის გამო, არაა გამორიცხული გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ეს გაირკვევა ივლისის შუა რიცხვებში. რაც შეეხება ევროკავშირის კომისრებს, მათი ვინაობას მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაამტკიცებენ ევროკომისიის პრეზიდენტს და შემდეგ უყრიან კენჭს ევროკომისრებს. დასახელებულია, ჯოზეფ ბორელის შემცვლელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტად ითვლება და მის თანამდებობას ჰქვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. ამ თანამდებობაზე განიხილება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის კალასის კანდიდატურა, რომელსაც კარგი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამ თანამდებობაზე ასევე განიხილება სიკოსრკის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურა, ასევე განიხილება კიდევ რამდენიმე კანდიდატურა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი შანსები აქვს კალასს, რომელსაც როგორც გითხარით, ევროსტრუქტურებში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და სიკორსკის, მაგრამ, კომისრების საკითხების განხილვა სექტემბრამდე უნდა მოხდეს. ამ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ევროპარლამენტის პრეზიდენტს აირჩევენ, რაზეც სამსჯელო, ევროპარლამენტი თუ სწორად მახსოვს 15 ივლისს შეიკრიბება. ამ თანამდებობას მანამდე იტალიელი მეცოლა იკავებდა. ჯერჯერობით არაა გარკვეული ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს. ალბათ იქნება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, რადგან როგორც წესი, ევროპარლამენტის პრეზიდენტს 2,5 წლით ირჩევენ სახალხო პარტიის წარმომადგენელს და შემდეგ მას ცვლის ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი. - ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც იმსჯელეს უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, კონკურენტულ ბაზარზე, მიგრაციაზე, საგარეო პოლიტიკაზე და ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე. ვიცით, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირმა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნა. თუ შეაჯამებთ ევროპულ საბჭოში გამართული ლიდერების შეხვედრას დაგვავალებთ, რადგან მასზე საქართველოზეც იმსჯელეს... - ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მთავარი იყო ის რომ დაამტკიცეს და მიესალმნენ უკრაინისა და მოლდოვისათვის მოლაპარაკებების პრაქტიკულად გახსნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს შეხვედრები. უკრაინაზე შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო კონფერენციის შემდეგ, უკრაინაზეც იმსჯელეს და იქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა. - ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საქართველოზე კონკრეტიკა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მათ პრინციპში დაადასტურეს ის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზას და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, თავი შეიკავოს ძალადობისგან, სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივისტების წარმომადგენლების დევნაზე, ვინც ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებს. აქაც იყო სანქციებზე საუბარი, მაგრამ დასკვნაში ჯერჯერობით არაფერი ყოფილა. თუმცა, ხაზი ესმება იმას და ახსენებენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ ევროკავშირი ჩვენში ჩასატარებელ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება და იმასაც არჩევნების მზადების პროცესში თუ როგორ განვითარდება პროცესები. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან, ევროპელი ლიდერები საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაგან თავს იკავებენ. - ოპოზიციაში აშკარად გადაჭარბებული იყო მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებდა? - ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი არ იქნას მიღებული უახლოეს მომავალში. ევროკავშირმა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოს ნებისმიერ დროს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ეს საკითხები იყო განხილული და ბევრ საკითხებზეც იმსჯელეს. ჯერ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ რამდენიმე მიზეზის გამო. საქართველოსთან მიმართებაში ერიდებიან ისეთი სანქციების მიღებას, რომელიც დააზარალებს ქვეყანას, თუმცა, ამას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არ სჭირდება. ვიცით, რომ დახმარებები საქართველოსთვის მცირდება, თან მნიშვნელოვნად. საუბარია იმ დახმარებებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს აწვდის, ამაზე გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ამაზეც არაა გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, მინისტრების შეხვედრაზე გაჟღერდა ისიც, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი, შეეზღუდებათ მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. რამდენადაც ვიცით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არ არის მიღებული სანქციები, რადგან უნგრეთი ბლოკავს იმ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესდეს პერსონალური სანქციები. ფაქტი ისაა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დააკვირდნენ რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. - მოწოდებები ბევრი მიიღო ხელისუფლებამ ამერიკიდან, ევროპიდან, აგერ სულ ახლახან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც მოგვიწოდა გავაუქმოთ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, მაგრამ რასაც ვხედავთ, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების რეაქცია, ამაზეც და იმაზეც რომ მათ ევროკავშირის ქვეყნებში შეეზღუდებათ მიმოსვლა, მაინცადამაინც არ ჩანს, რომ ამის გამო ხელისუფლება წუხს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ახლა 20-30% გაზრდილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები,“ რაზეც ჯერ კიდევ ევროკომისარმა ბორელმა თქვა - „თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელეს, რასაც აკეთებს, ევროკავშირის კარი დაიკეტება“. ყველაფერ ამის გათვალისწინებით როგორ შეაფასებდით საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობას? - განცხადება, რომ გაზრდილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, თუ ვის გაეზარდა შანსები, ვხედავთ - უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოზე საერთოდ არაა საუბარი, პირიქით, საუბარია უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზე. ახლა, ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაზე, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ თემაზე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება გვქონდეს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ხელისუფლების განცხადებები არის გაგრძელება იმ ცინიკური დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამომრჩეველთან. ხალხთან, ვერ ვიტყვი, რადგან ხალხის დიდი ნაწილი რომ არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მგონია, ეს ხელისუფლებამ იცის. მაგრამ, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ნაწილი უსმენს მხოლოდ და მხოლოდ ამ პარტიის ლიდერებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აქვს სრული კარტ-ბლანში, რომ ილაპარაკონ რაც უნდათ. წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად შეეკვეცა მიმოსვლა ევროკავშირში, ახლა არის სიტუაცია, რომ ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის შემთხვევაში ევროკავშირს ექნება საქართველოსთან ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებების შეტანის სურვილიც და შესაძლებლობაც, ჩვენ ვისმენთ ხელისუფლებიდან იმას, რასაც ვისმენთ. ევროკავშირის სტრუქტურების ყველა ინსტიტუტებში მიცემულია ინსტრუქცია, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ჰქონდეთ შეზღუდული კომუნიკაცია. არანაირი ვიზიტი ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპაში, არც ევროკავშირიდან საქართველოში არ განხორციელდება. არც ერთ დონეზე, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ კატასტროფას. მეორე გახლავთ ის, რომ უკვე შეჩერებულია ევროკავშირის უამრავი პროექტი საქართველოში, რომლებიც უნდა დაწყებულიყო. ახლა ამ დახმარების სხვა ქვეყნებზე გადანაწილება მოხდება. ესეც გადაწყვეტილია. ჩვენთვის განკუთვნილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის გადანაწილება მოხდება სხვა ქვეყნებზე. მაგრამ, ეს არ მოხდება არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ევროკავშირმა გადაწყვიტა გააძლიეროს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. ის დახმარება, რასაც აქამდე ევროკავშირის ხელისუფლებას ეხმარებოდა, მისი 90%, სამთავრობო პროექტების განხორციელებაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხმარდებოდა სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურულ, ეკოლოგიურ, ენერგეტიკულ პროექტებს, ასევე მუნიციპალურ პროექტებს, რომლის 30% სწორედ ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა, ქვეყანა მათ ევროკავშირიდან ვეღარ მიიღებს. ევროკავშირში მოქმედებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტი, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება მის ფარგლებში შეხვედრები იმართება უმაღლეს დონეზე, წელიწადში ან ერთხელ ან ორჯერ იმართება მინისტრების მოადგილეების დონეზე ე.წ. ქვეკომიტეტებზე შეხვედრები ევროკავშირის ასევე მაღალი დონის წარმომადგენლებთან, ეს შეხვედრები აღარ გაიმართება. - გასაგებია რასაც ბრძანებთ. რადგან ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ მას „ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს“, სავარაუდოდ, რას ეფუძნება და ვისზეა გათვლილი ხელისუფლების ამგვარი რიტორიკა? - შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რიტორიკა არაფერს არ ეფუძნება. ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია მოსახლეობის და ამომრჩევლის. აქ არის ორი ფაქტორი. ერთია ის, რომ ხელისუფლება ხედავს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად ევროსკეპტიკოსია, ისინი კონსერვატიულ შეხედულებებს უფრო იზიარებენ, რაც ახლოა პრორუსულ პოზიციებთან, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მანამდე მხარს „ალტინფოს“ უჭერდა, სავარაუდოდ, ეს ხალხია დღეს ხელისუფლების ამომრჩეველი. ამის გამოა, რომ ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ამ ელექტორატის გული მოიგოს. მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ეკლესიის მრევლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. ვიცით, რომ ევროკავშირის თემაზე აზრი ეკლესიაშიც გაყოფილია, მაგრამ, მრევლი ეკლესიაში ძირითადად ისმენს თავიანთი მოძღვრებიდან ტექსტებს იმაზე, თუ რა ცუდია ევროპა და ასე შემდეგ. ამ ამომრჩეველსა და ხალხს აქვს კონსერვატიულ ტრადიციული შეხედულებები. ისინი თვლიან, რომ დასავლეთისკენ სვლა, თითქოს ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივი. ხელისუფლების რიტორიკაც ამ ხალხზეა გათვლილი. ხელისუფლების განცხადებები რომ ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში თავაწეულები და ასე შემდეგ, გათვლილია იმ ამომრჩეველზე, რომელსაც გააჩნია სენტიმენტები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. ჩვენთან 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს. ანუ, არა იმ გზით, როგორც ხელისუფლება ამბობს იდენტობის დაკარგვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არიან ასევე საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც ახლა რაც ევროკავშირთან მიმართებაში ხდება, წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია იმის გამო, რომ ბევრი წელი იმუშავეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიახლოებულიყო. მათთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ ქვეყანა ევროპისაგან შეატრიალოს და რუსეთისკენ წაიყვანოს. ჩვენ არ ვიცით ამომრჩევლების ამ კატეგორიას რას ეუბნება ხელისუფლება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს ამ ადამიანების დარწმუნებასაც. არაა გამორიცხული რომ მათ ეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრებია, ახლა ასეა უკეთესი, რადგან მათ ახლა როგორმე უნდა გაიმარჯვონ არჩევნებში, გაიმყარონ პოზიციები და შემდეგ გააგრძელებენ ევროპისკენ გზას უფრო დიდი ნაბიჯებით, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ. სინამდვილეში საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. კალკულაციაა გაკეთებული ძალიან სკრუპულოზური. ამ გათვლებით ხელისუფლებას დადგენილი აქვს რომ უნდა შეინარჩუნონ საჯარო მოხელეები, რომ მათი დასაქმება და ხელფასები დამოკიდებულია იმაზე, „ოცნება“ შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას. მეორენი არიან კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები და რომლებსაც ევროპა სძულთ, რადგან ევროპაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამ ადამიანების წარმოდგენებში ცვლილებები არ მოხდეს. მეტიც ხალხმა რომ არ იცოდეს რეალურად რა წარმოადგენს ევროკავშირი და რას ითხოვს იგი ჩვენგან. სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. „ქართული ოცნებისთვის“ და ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი არაა საქართველო ევროპული გზით წავა თუ სხვაგან. ხელისუფლება ამის ფონზე ავლენს ბალანსირების პოლიტიკის წარმოებას დასავლეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და სხვა აქტორებს შორის. ეს კი შესაძლებელია აშშ-საგან და ევროპისგან დისტანცირების შემთხვევაში. მათი აზრით, ისინი არ გამორიცხავენ აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობას, მაგრამ ისე, რომ მათ საქართველოში არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ. ხელისუფლებას მოქმედების სხვა სცენარიც აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში იტყვიან, ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა გვინდოდა გადაგვერჩინა ომისგან, უფრო სწორად რუსული აგრესიისაგან. ანუ, ჩვენ ვალდებულიც კი ვიყავით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად გვეთამაშა ევროსკეპტიკური თამაშები. რეალურად, მთავარი ისაა, რაც გამოჩნდა, პრინციპში „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ღირებულებითი ხედვები, პროცესები ხელისუფლების სცენარით რომ განვითარდეს, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპისკენ კარგად მაინც ვერ წაიყვანს. ეს ასეა, რადგან ხელისუფლებას თავად არ აქვს გაკეთებული მკაფიო ღირებულებითა არჩევანი ევროპისა და ატლანტიკური სივრცის სასარგებლოდ. ხელისუფლება რომ შეეცადოს ამ გზაზე ქვეყანა ატაროს, იგი ამას არასწორად და სუსტად გააკეთებს. ნაბიჯები არ იქნება არც გაბედული, არც მყარი და არც ქვეყნისთვის სასარგებლო. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
-
კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით. 2-0 საოცარი გამარჯვება! და სოკარის გუნდი სიხარულით ვეხმარებით გულშემატკივრებს დაპირებების შესრულებაში. პორტუგალიასთან 2 გოლით შთაგონებულებმა, ამჯერად ჩვენც გვინდა დავდოთ პირობა: საქართველო რომ ესპანეთს მოუგებს, იმ ორშაბათს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით.ეს 2-იანი იმ 2 გოლის აღსანიშნავად არასდროს რომ არ დაგვავიწყდება" - წერია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
-
მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს. „არსებობს რაღაცები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს და განსხვავებებს შლის. ეს მშვიდად ცხოვრებისა და განვითარების სურვილია. უკრაინისთვის ეს მშვიდობასა და აღდგენას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, განვითარების წინაპირობაა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. იპნ
-
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს. „ეს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთთან მიმართებაში მოქმედი რიგი შემაკავებელი ზომების გამეორებას ისახავს მიზნად და გადაჭრის გვერდის ავლის პრობლემას, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკებს შორის ინტეგრაციის მაღალი ხარისხით არის გამოწვეული“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდება და დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ისეთ საქონელზე, რომელმაც შეიძლება ბელარუსის ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ასევე, ბელარუსიდან ოქროსა და ბრილიანტის, ჰელიუმის, ქვანახშირისა და მინერალური პროდუქტების, მათ შორის, ნედლი ნავთობის პირდაპირი ან არაპირდაპირი იმპორტი, შეძენა ან გადატანა აიკრძალება. ევროკავშირის საბჭო ბელარუსის მთავრობისთვის, საჯარო ორგანოებისთვის, კორპორაციებისთვის ან სააგენტოებისთვის, ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომელიც მათი სახელით ან მათი დავალებით მოქმედებს, გარკვეული სერვისების მიწოდებას კრძალავს. შეგახსენებთ, ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სანქციებს ითვალისწინებს. იპნ -
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. 2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებულის ოჯახის წევრებს მიწერა და აცნობა, რომ დაზარალებულს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან. აღნიშნული იმფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება აწარმოა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის საფუძველზეც სასტუმროს ადმინისტრატორს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა
-
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, ფესტივალი ნაყინობანა გადაიდო. ღონისძიება 6 და 7 ივლისს გაიმართება. დილას მოსულმა ნალექმა გამოიწვია ტექნიკური დაზიანებები. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. შევხვდებით მომდევნო უქმეებზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.