Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პარტია "საქართველოსთვის" წევრები, წინასაარჩევნოდ ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს ვერ ხედავენ და განსაკუთრებით წარმოუდგენლად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მიაჩნიათ: "შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია, ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული, ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებას, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ხოლო ლოგიკურია მათი გაერთიანება, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის "ნაცმოძრაობა". ისინი, რა თქმა უნდა, უნდა გაერთიანდნენ და ეს ნორმალურია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. rustavi2
  2. „ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა. „რეზოლუცია მოუწოდებს დეოკუპაციისკენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის სრული დაცვით და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ოქტომბრის არჩევნების დაცვაზე და კრემლის მიერ მხარდაჭერილად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა, უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე და პროპაგანდისტების მეშვეობით დაიწყო ყალბი ნარატივის გავრცელება, რომ, თითქოს, რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ „ოცნების“ მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ არამხოლოდ ევროპულ მომავალს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ სუვერენიტეტსაც. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულია, არამხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის. გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების" დელეგაციამ. ipn
  3. ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით. იპნ
  4. რაც არ უნდა კვლევები ატარონ აფილირებულმა ენჯეოებმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, ერთმანეთთან დარბიან ამ რეიტინგებით და ვაჭრობენ. ჩვენი რეიტინგი გაიზომა 2021 წელს და ეს რეიტინგი მზარდია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2117501835301235
  5. მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის უარყოფით გამოხმაურებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ, მას შემდეგ, რაც ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართუს” მადლობა გადაუხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება და არასწორია, რომ ფეხბურთელების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო. “რა თქმა უნდა, საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს? - ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო, ეს არასწორია. ამ ადამიანებს აცადონ იმ ძალიან მაგარი საქმის კეთება და ჩვენთვის იმ უდიდესი ბედნიერების მონიჭება, რასაც ამდენი ხანია გვანიჭებენ, დიდი ზეიმი ყველას გვაჩუქეს. მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი. როცა კონკრეტული ქმედება დასაგმობი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ დავგმობთ”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, გუნდის სახელით, ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა. იპნ
  6. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა. მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება). ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებისა და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 - დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო - 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა - 109 (21.8%), გაფრთხილდა - 4 (0.8%), დადებითად დასრულდა - 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  7. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ჯამბაზის წარმოდგენა, გასართობი პროგრამა, თემატური გათამაშებები, სხვადასხვა სახალისო აქტივობა და ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება დახვდებათ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 ივლისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
  8. თბილისის მერიის განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათებს უფასოდ მიიღებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ და იყენებენ მერიის ლოგოს.
  9. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. იპნ
  10. “ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/824171973111431
  11. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. „ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, მათ, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს. შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს - მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  12. მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა. იპნ
  13. თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ბუჩქებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. პუბლიკა
  14. პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან An9bE0vzZOdgo5oVEAUNxVzbVO3vkBZ8bpMcw6xdalbM0hk-8AwHPo9uMALPHp-hTuT1Q8ZYkfaSG-UsIHXrjcdI.mp4
  15. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან... „როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა. „ჩცდ-ში“ რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა - ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან. ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი. მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი. ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა, მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბულკი ხარ მეთქი. შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა. ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ... არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე,“ - წერს სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი. „ეს რა უბედურებაა, ნუგო, რა საშინელებაა, როგორი დასანანია შენისთანა წარმატებული ბიჭის ასეთი უიღბლო და უბედური დასასრული. როგორი გულდასაწყვეტი და დასანანია შენი ასეთი უბედურება, ნუგო... ღმერთმა დაიმკვიდროთ ცათა სასუფეველი ნათელი თქვენს სულებს“ „არ მჯერა, რომ ახლა ამას ვწერ, თითები არ მემორჩილება და ვერც იმას ვიჯერებ, წარსულში რომ მომიწევს ამ ადამიანზე საუბარი. ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ბევრი სიხარული ეჩუქებინა საქართველოსთვის! რატომ, ასე რატომ გაამარჯვებინე ბოროტს საკუთარ თავზე... ეხ, ნუგო… მინდა, ვინმემ მითხრას, ანა, გამოფხიზლდი, სიზმარიაო… როგორ ვამაყობდით და ვხარობდით შენთან ერთად… ჩემი დიდი გუკშემატკივარი დაიკო ხარო... ეხ, ნუგო!“ - წერენ სოციალურ ქსელში დგარდაცვლილი სპორტსმენის ახლობლები. ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან - გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. primetime.ge
  16. ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს. "ეს პროცესი დღეს იმდენად მოკლებულია საზოგადოების ნდობას, იმდენად არის ხელისუფლება ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა, რომ ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი ხელოვნურად არ უნდა გავაღვივოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაბიტაშვილო დაინიშნება, [თუ ვინ]. დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და დარწმუნებული ვარ, ამაში საპროკურორო საბჭოს ოპოზიციის ნაწილიც ხელს შეუწყობს. ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანიშვნის ყველა პროცესი დღეს არის ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა. ხელისუფლება ახლა ამ პროცესის საშუალებით ცდილობს, გაიმყაროს გარკვეული გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თუმცა არჩევნების შემდეგ, ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი," - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა. იპნ
  17. რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს. იპნ
  18. დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათი – ხვალ, დილის 09:00 საათისთვის. ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა 22 მაისს მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნების შედეგებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენ ადგილს მოიპოვებს თითოეული პარტია. გაერთიანებულ სამეფოში თემთა პალატა ერთადერთი არჩევითი ორგანოა – პარლამენტში 650 ადგილია, მათგან 543 ინგლისში, 57 შოტლანდიაში, 32 უელსში, ხოლო 18 ჩრდილოეთ ირლანდიაში. პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 ადგილი სჭირდება. საერთაშორისო მედიების პროგნოზით, რომელიც წინასაარჩევნო კვლევებსა და ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა, მოსალოდნელია, რომ დასრულდება კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა და უმრავლესობა ლეიბორისტული პარტია დაიკავებს – გამოკითხვებით, ლეიბორისტების ლიდერის, კირ სტარმერის რეიტინგი უსწრებს მოქმედი პრემიერის, რიში სუნაკის რეიტინგს. პუბლიკა
  19. გუშინ, რაც მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქცია, რომელსაც დრო არ გააჩნია. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/507388168299045
  20. ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, სადაც ხელისუფლებას ვირჩევთ, რომელიც შემდეგი ოთხი წელი მართავს ამ ქვეყანას, ამ არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 20-30 წლის ბედი და საბოლოო ჯამში გადასაწყვეტია, სად ურჩევნია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ცხოვრება. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1252155125764556/
  21. ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც სჯეროდა “ოცნების”, დღეს, ეს ადმიანები არიან ოპოზიციურად განწყობილი, იმ ძალადობის გამო, რომელიც დაინახეს “ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997977938643703/
  22. მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა ბალტიის ქვეყნების „რუსოფობიურ“ განცხადებებზე, ასევე მათ მცდელობებზე, „ერევანი ევროინტეგრაციაში ჩაითრიონ?“ ნასტასინის თქმით, მოსკოვმა ყურადღება მიაქცია ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ხელმძღვანელობის მორიგ ანტირუსულ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ და ეროვნული კრების თავმჯდომარის ვიზიტებისას. მისი თქმით, ბალტიისპირეთის ოფიციალური პირები ერევანს აქტიურად ახვევდნენ თავს თავიანთ „ექსპერტიზას“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის დივერსიფიკაციის საქმეში. „ასეთი ნაბიჯები მიუთითებს ვილნიუსის, რიგისა და ტალინის, — რომლებიც მორჩილად მიჰყვებიან ვაშინგტონის მითითებებს, — მუდმივ სურვილზე, აქტიურად წაახალისონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიისპირეთის მიერ შემოთავაზებული „ექსპერტიზის“ ხარისხი და ჭეშმარიტი მიზნების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ როლით, რომელიც მათ ითამაშეს 2013 წლის მაიდანზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში, რამაც გამოიწვია სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ტალინი, რიგა და ვილნიუსი უკიდურესად დესტრუქციულ როლს თამაშობენ“, — განაცხადა ნასტასინმა და დასძინა, რომ მათი სწავლებები ბოლო დროს საქართველოში გაგრძელდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ „სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას რუსთაველზე და თქვა, რომ „განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში“. „ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს“, — დაწერა პაპუაშვილმა. საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციისა და ქმედებების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, რასაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ნეტგაზეთი
  23. ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ვერ არწმუნებს ევროპელ მეგობრებს, რომ ევროკავშირში მიდიან. „ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ, როგორც მინიმუმ, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის გზას დავუბრუნდეთ. ბოლო პერიოდს რომ გადავხედოთ, ეუთო-ს დღევანდელ რეზოლუციაზეც ვსაუბრობდით, ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია. ეს იმდენად კონსოლიდირებული პოზიცია გახდა, რომ ქვეყნისთვის პრობლემა ხდება, მთელი ქვეყნისთვის გამოწვევა და სერიოზული დაბრკოლება ხდება. ეს პოლიტიკური კრიზისი რომ დავასრულოთ, ამისთვის საჭიროა, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ. მარტო ქვეყნის შიგნით, მარტო ოპოზიციური ჯგუფი რომ ვიყოთ და ჩვენ ვსაუბრობდეთ, რომ „ოცნება“ ევროინტეგრაციას ხელს უშლის, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ „ოცნებას“ თვითონ ევროპელები რომ ეუბნებიან, ევროპული ქვეყნები, ევროპული ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლებებს შენ თვითონ ქმნიო და შენ თვითონ ხელს უშლი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასო? მათ ვერ არწმუნებენ რომ ევროკავშირში მიდიან “, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მიხეილ დაუშვილის მტკიცებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი, ვისაც „ქართული ოცნების“ სჯეროდა და მხარს უჭერდა, დღეს ოპოზიციურადაა განწყობილი. „ბევრი ადამიანი, ვისაც ვხვდებით და ზუსტად ვიცით, რომ გუშინ „ოცნების“ ამომრჩეველი იყო, დღეს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამორიცხულია „ოცნებას“ მისცეს ხმა და ეძებს ალტერნატივას. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ საერთოდ აღარ გვინდა, რომ ერთი ადამიანი და ერთი ლიდერი იყოს. ჯერ იყო მიხეილ სააკაშვილი, მერე ბიძინა ივანიშვილი, ახლა ვიღაც ახალი უნდა გამოჩნდეს? ეს უნდა დავამთავროთ, აღარ შეიძლება ისევ ერთპიროვნულ მმართველობაზე წავიდეთ. ჩვენ გვინდა რეალური კონკურენცია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
  24. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობინ დანიგანმა ისაუბრა თავისუფლების იდეაზე და განაცხადა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს, თუმცა ელჩის განცხადებით სჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ელჩმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა. „ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით! ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობა გორის გოგონათა არაჩვეულებრივ გუნდს ჩვენი ეროვნული ჰიმნების უმშვენიერესი შესრულებისთვის! დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები ერთად აღვნიშნავთ ჩვენს თავისუფლებას. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე, და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე. ამიტომ, მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას! ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ და იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი. და მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც. მე ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება. 248 წლის განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში და იბრძოდნენ სასამართლო დარბაზებში ჩვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ჩვენი ქვეყნის დანაპირების შესასრულებლად. ამერიკელები აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე; აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში. ყველა მათგანი ერთი მიზნის მიღწევას ესწრაფოდა- გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სრულყოფილი კავშირი. ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით. ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, -ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ. 106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საელჩოს არაჩვეულებრივ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად. ასევე მადლობა ამ უზარმაზარი დღესასწაულის ორგანიზებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის! გმადლობთ - თქვენი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის. მადლობა ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებსა და ქალებს, ამერიკელებს და ქართველებს, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს სწევენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ნება მომეცით დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. გთხოვთ, შემომიერთდით, და წარმოვთქვათ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი პარტნიორობისა და ჩვენი შვილების მომავლის სადღეგრძელო. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  25. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს, მაგრამ მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის თქით, საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, - დასძინა ელჩმა. იპნ
×
×
  • შექმენი...