Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/893411555929935/
  2. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება. „მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი აუცილებლად მოითხოვს კვლევას. ჩვენ არ შეიძლება სამართლიანები ვიყოთ შერჩევითად. ესენი ჰუმანურები არიან ზონდერების მიმართ. რუსული კანონით დაზარალებულებს ეს ამნისტია არ ეხებათ. რა გააკეთეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მიმართებით? რეალურად „ოცნება“ გაურიგდა პრორუსულ დაჯგუფებებს, რომლებისთვისაც ოჯახში ძალადობა არ არის დანაშაული, ეს არის ოჯახში გადასაწყვეტი საკითხი,. ეს ხალხი დიდი ხანია წუხს, რომ მოძალადეები არიან ციხეში. „ოცნებას“ ეს ადამიანები sჭირდება წინასაარჩევნოდ და მოძალადეების გათავისუფლებაზე მთელი ტვირთი გადააქვს დაზარალებულებზე, რომლებიც ისედაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ამნისტიის კანონით ვაჭრობს და ამაში მათ სატელიტი პარტია, „გირჩიც“ ეხმარება. „მათ აიღეს სექტემბრამდე პერიოდი მარტივი მიზეზის გამო - ვაჭრობენ. ვაჭრობენ პატიმრებთან, ვაჭრობენ მათი ოჯახის წევრებთან და ზოგიერთი სატელიტი პარტია, „გირჩი“, ძალიან კარგად ეხმარება მათ ამ საკითხში. მათგანაც მოვისმინე არასახელმწიფოებრივი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები. მე არ ვურჩევდი არავის, რომ ამ ტიპის შერჩევითი, ამ ტიპის უსამართლო, ზონდერების დაცვის და პატიმრების მოტყუების ამნისტიას მხარი დაუჭიროს მინიმუმ, მანამ, სანამ „ოცნება“ არ გამოიტანს კვლევას და გვეტყვის, რაზე დაყრდნობით შეარჩია „ა“ მუხლი და არ შეარჩია „ბ“ მუხლი? რატომ მოატყუა პატიმრები, რატომ არ არის იქ ისეთი მუხლები, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან. „გირჩი“ - ეს არის პარტია, რომლებმაც გენდერული კვოტები გააუქმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს არის პარტია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევას „ოცნებასთან“ ერთად მისცა ხმა და გაყიდა თავისი ხმები გენდერული კვოტების გაუქმებაში. ეს არის პარტია, რომელიც ერთი-ერთში „ოცნების“ ნარატივზე ზის. მე არ ვიცი, რა ინტერესი აქვთ, შესაძლოა ინტერესი აქვთ პარლამენტში, შესაძლოა ინტერესი აქვთ „ოცნებასთან“ კოალიციის, შესაძლოა მატერიალური ინტერესი აქვთ. ამ პარტიის „პროქოცურობა“ საყოველთაოდ ცნობილია, კონკრეტული ფაქტებით. ამ ამნისტიაშიც ისინი ძალიან ცუდ როლს ასრულებენ. სხვათა შორის მათ და „ოცნებას“ ზუსტად ერთნაირი ნარატივი ჰქონდათ დაზარალებულის პოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. იპნ
  3. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა დანაშაულებისთვის ან რა ფარგლებში უნდა შეეხოს ამნისტია მსჯავრდებულ პირებს. მეორე მხრივ კი, პრინციპების დონეზე, სახალხო დამცველის აპარატმა თავისი ხედვა საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით შესთავაზა. კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა: "ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით; სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ; განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას. სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამნისტიის აქტთან დაკავშირებით არსებული ვითარების მიმართ. შესაბამისად, აპარატში პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. „ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელებენ პატიმრებთან შეხვედრებს“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. იპნ
  4. პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად პროგნოზირებადი გახდა?! -, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის იმის პასუხისმგებლობა, რომ ამას ჩვენგან გაიგებენ”, – განაცხადა გახარიამ “მთავარ არხთან საუბრისას”. “ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა ამ პარტიაში დაბრუნება. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ბევრი ადამიანი მმართველი პარტიიდან მის პარტიაში გადავა. “არასერიოზულია, რომ მე გადავალ ქართულ ოცნებაში. “ქართული ოცნებიდან” ბევრი გადმოვა ჩვენთან – ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”, განაცხადა გიორგი გახარიამ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე პარტია უკვე გაერთიანდა. 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი საარჩევნო სია ექნებათ “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის” და ახლად შექმნილ მოძრაობას, “თავისუფლების მოედანს”. უფრო ადრე გაერთიანების შესახებ განაცხადეს „დროამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „ახალმა”. ამ პარტიების ლიდერებმა წარმატებები უსურვეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციას შორის ერთმანეთზე „თავდაუსხმელობა“. ნეტგაზეთი
  5. დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება. პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში. დაკავებულს ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგენენ. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. „პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, — ნათქვამია ასევე განცხადებაში. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლეტის მძღოლს გზა გადაუკეტა მისი დაკავების მიზნით. ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მძღოლმა ავტოსაგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მას პოლიცია აედევნა. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია პირი, რომელიც შემთხვევას ტელეფონით იღებდა. „ფორმულას“ ინფორმაციით მას პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. ნეტგაზეთი
  6. ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212858896558801/
  7. თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საპატრულო ეკიპაჟმა მოტოციკლის მძღოლს გზა გადაუკეტა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად, მძღოლის დაღუპვა გამოიწვია. publika
  8. დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა. რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. https://newstoday.ge/archives/5615?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR2YL0TWx4FsomvK_lOh6aFt4A_yOoDUU-TWT-N1dCEnkpyWYc_tfrogw60_aem_hUzvcRoT4OAQizKO9yff5
  9. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  10. მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები. მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს. ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა. მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მსოფლიოში. პრობლემები შეექმნა აეროპორტებს გერმანიასა და ესპანეთში, მათ შორის, დაზარალდა ესპანური აეროპორტების ქსელი Aena. IT ქსელის პრობლემის გამო მოძრაობა შეწყვიტა მატარებლებმა ბრიტანეთში. „მესამე მხარის გლობალური ტექნიკური პრობლემა” დაასახელა მუშაობის შეჩერების მიზეზად ლონდონის საფონდო ბირჟამ. ბრიტანეთში არ მუშაობს მაღაზიები, ვინაიდან გამორთულია საგადასახადო და შიდა ქსელები. მოქალაქეები ვერ ახერხებენ მათ შორის წამლების ყიდვას. აშშ-მ განაცხადა, რომ არ მუშაობდა 911. გათიშურლი იყო რამდენიმე მსხვილი ტელევიზია, მათ შორის, Sky News და CBBC. პუბლიკა
  11. ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ 15 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგს – „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ სცადა, მოეხდინა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და გაემართლებინა რუსული კანონის მიღება. მმართველი პარტიამ რუსული კანონის საწინააღდეგო განცხადებაზე ხელისმომწერი 474 ორგანიზაცია 7 კრიტერიუმით შეაფასა: 1. ვებ-გვერდი; 2. დონორის დასახელება/ლოგო; 3. პროექტის დასახელება; 4. გრანტის ოდენობა; 5. პროექტის/გრანტის ვადა; 6. წლიური ანგარიში; 7. ორგანიზაციის გუნდი; და განცხადა, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია არ აქვეყნებს ინფორმაციებს ამა თუ იმ ნაწილის შესახებ. IDFI-ის განცხადებით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების მთავარი საზომი თავად სახელმწიფო უწყებებში ამ კუთხით არსებული მდგომაროებაა. 2013 წლიდან საქართველოს საჯარო დაწესებულებებს გაუჩნდათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ მინიმალური საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდებზე. კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ნუსხა აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და არის სავალდებულო. თუმცა, IDFI-ის თანახმად, წლების განმავლობაში მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა არ უზრუნველყოფდა მთავრობის დადგენილებით დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი. მეტიც, IDFI წერს, რომ საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ვიდრე ბოლო წლებში. მაგალითად, 2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, ხოლო 2019-2023 წლებში ეს მაჩვენებელი 50-60% მერყეობდა. 2022 წლიდან ასევე, მკვეთრად გაუარესდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი. კერძოდ, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნების 42%, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო. „ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ IDFI დაინტერესდა სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით. მონიტორინგი ჩაუტარდა 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) ვებ-გვერდს და შეფასდა 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორია (2024 წლის პირველი კვარტალის (კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში) და 2023 წლის (წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში). IDFI-ის მონიტორინგმა აჩვენა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები. IDFI-სთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს მთავრობის დადგენილებითვე განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია, არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საჯარო ფინანსების განკარგვასთან და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გაუმჭვირვალობის ფონზე კიდევ უფრო პრობლემურია, ამ კატეგორიის მონაცემებზე საჯარო ინფორმაციის არ გაცემა. მაგალითად, 2023 წელს არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უწყებამ IDFI-ს სრულყოფილად არ მოაწოდა სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დეტალური მახასიათებლებით, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი და სარგოები და სხვა. პუბლიკა
  12. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუქციის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიას საჭიროებს. თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, ასევე, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. “თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება-გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს საგრძნობლად ამაღლებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება, მწეველთა ჯანმრთელობისთვის უდიდეს რისკს ქმნის. სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
  13. მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი, თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია. ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო- სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად. იპნ
  14. „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ვერ იქნება სამართლიანი, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საზოგადოებას „ამნისტიის შესახებ“ კანონის ნამდვილი ზრახვები გააცნოს. „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი. სახეზეა „ოცნების“ მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი და არა პატიმრების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით. პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ოცნების“ ამნისტიის წინასაარჩევნო ზრახვები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. ამასთან, არჩევნების შემდეგ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, დავაინიცირებთ განმეორებითი დანაშაულის და კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას, რომელიც მთლიანად საზოგადოების ინტერესშია და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
  15. გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო. შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნრის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს, ხოლო Transfermarkt-მა მისი შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა, რითიც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა. ასევე გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება, 15 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში ახლა 20 მილიონი წერია. გაიზარდა – გიორგი ქოჩორაშვილის (1 მილიონიდან – 2.5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან – 1.5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან – 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული: ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 20 მილიონი ევრო ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3.5 მილიონი ევრო ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  16. პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი წერილით მიმართავს. წერილს ხელს აწერს 69 პედაგოგი. წერილი მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას შეეხება. როგორც წერილშია ნათქვამი, ახალი სახელფასო ფორმულით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით. მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრს სთხოვს სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან. წერილის ავტორებს შემდეგი კონკრეტული მოთხოვნები აქვთ: წერილში ასევე დეტალურადაა გაანალიზებული თუ რა პოროლემები შექმნა ახალმა სახელფასო პოლიტიკამ. წელიდან აღნიშნულ 15 პუნქტს უცვლელად გთავაზობთ: მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება; დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ. სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები. სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად. დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა. პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას. არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე. შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…). სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა. ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე. სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში. ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა. ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია. გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ. 2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა. ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია. სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას. ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება. ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას. ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს: ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში; ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით; გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა; დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება; ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება. სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი პირველი ივლისიდან ამოქმედდა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ახალი სახელფასო პოლიტიკა „ახალ ლოგიკაზეა” აწყობილი და ანაზღაურების ძირითადი წილი საათობრივ დატვირთვაზე გადავიდა. შესაბამისად, ახალი სახელფასო პოლიტიკით, წამყვან და მენტორი მასწავლებლების დანამატს შორის დიდი სხვაობა აღარაა, უფროსი მასწავლებლის დანამატი კი – აღარ არსებობს. პუბლიკა
  17. პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. გიორგი გაბიტაშვილის შესახებ გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. ის ჯერ სტაჟიორი იყო, სტაჟირების დასრულებისთანავე კი დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის საქმიანობდა 2013 წლამდე. 2013 წლის 14 იანვრიდან ის გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი. გაბიტაშვილი ამავე წელს დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ. გენერალური პროკურორობის კონკურსში გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს „აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად პროკურორები არიან, და არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. პუბლიკა
  18. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო ძალიან ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელახლა არჩევის შემთხვევაში მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური პროგრამა წარადგინა. ევროპარლამენტში ხმის მიცემის პროცესი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო შედეგები დაახლოებით 16:45 საათზე გახდება ცნობილი. იპნ
  19. ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები). აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საბაზო საფეხური 1 წლით იზრდება და 4 წლიანი ხდება, ხოლო სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო “შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა. როგორც სამინისტრო განმარტავს, საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ - განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, უწყების შეფასებით, თუ მოსწავლე სწავლის შეწყვეტას გადაწყვეტს, ის 15-16 წლის იქნება, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე. “აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება. არსებული მდგომარეობით, VIII-IX კლასის დატვირთა საგრძნობლად მაღალია. საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად იმისთვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გარდამავალი დებულებების დამატებას ითვალისწინებს, რომელიც ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს აკონკრეტებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე იმ მოსწავლეებს შეეხება, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ. გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში აგრძელებენ, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია. გარდამავალ დებულებებში არის სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ. აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. იპნ
  20. 12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი. ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840592104695221/
  21. “ოცნება” ხან ვისთან გაერთიანებას გვაწებებდა და ხან ვისთან, ვნახეთ, რომ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც “ოცნების” დამარცხება შეუძლია არის გიორგი გახარია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი. მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/394689309803525/
  22. 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა. “11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეების და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება”, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს. გენერალური პროკურორობის კანდიდატის ძირითადი მოხსენების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. იპნ
  23. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს. ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია, მათ შორის ე.წ. „ბუსტერ“ დოზათაც. ის მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული. იპნ
  24. საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. „დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული ძალისხმევის კუთხით წინსვლის ჩათვლით. საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით“, - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს. „2005 წლიდან 2023 წლამდე [ეკონომიკური ზრდის] საშუალო ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული ორმაგი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში კარგი შედეგები გრძელდებოდა. კოვიდ 19-ის პანდემიისგან გაჯანსაღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4 პროცენტიანი ზრდით და 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდის და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდის შედეგად. 2023 წელს ეკონომიკა გაიზარდა 7.5 პროცენტით და ინფლაცია დაეცა 0.4-მდე, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციული ეკონომიკური მამოძრავებლების დაბრუნებით: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამ წლიანი მდგრადი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას და 2024 წელს 5-7 პროცენტით გაიზრდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. „ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან“, - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქციის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით ექსპორტი განაორციელოს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში. "2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს", - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად. "ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა ტვირთების გადაზიდვის ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. იპნ
  25. 26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი არის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1386677682002730/
×
×
  • შექმენი...