-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს. „ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გეგმაა, 2025 წელს, ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლებმა კომბინირებული და სპეცმასწავლებლის გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. ვაორგანიზებთ ამას“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში. იპნ
-
სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. როგორც ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საერთოდ გაუგონარია ის ფაქტი, რომ სასამართლომ პრეზიდენტს აუკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის შესარჩევად. კონსტიტუციონალისტის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი სასამართლოს არც კი უნდა განეხილა. „მომჩივნის მიერ ეს ნაკლები პრობლემაა, რადგან მომჩივანი თავად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება სასამართლოს, ჩემი აზრით, სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი, კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორც მისი დისკრეციული უფლებამოსილება. არც კონსტიტუცია, არც კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი წესით უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა დასანიშნი პირი. პრეზიდენტს შეუძლია იუსტიციის უმაღლეს წევრად დანიშნოს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს. კანონით განსაზღვრულია ის, რომ ამ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და ა.შ. ანუ არანაირი კონკურსის ჩატარებას პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთესი კანდიდატურა შეერჩია, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მოეწყო ღია კონკურსი, მას ამის უფლება აქვს. კონკურსის საფუძველზე მან ერთ-ერთი კონკურსანტი დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ვიღაც მეორე კონკურსანტმა, არ ვიცი, რა საფუძვლით, მაგრამ გაასაჩივრა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, სასამართლოს არც კი უნდა განეხილა ეს საკითხი. სასამართლომ გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საერთოდ განსახილველად მიიღო სარჩელი, ვინაიდან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის პრეზიდენტის დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების განხილვა. სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მან მიიღო განსახილველად სარჩელი, რაც არ უნდა გაეკეთებინა და მან დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ე.წ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, ანუ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოქმედება. მეორე- საერთოდ გაუგონარი რამ არის - პრეზიდენტს აუკრძალა ამ თანამდებობის დასაკავებლად თავის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი კონკურსის ჩატარება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. მისი თქმით, სახელმწიფოში დარღვეულია კონსტიტუციური რეჟიმი, უფრო კონკრეტულად კი, დარღვეულია კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების მოდელი. „აქამდე იყო პოლიტიკური ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლებაც ჩაერთო იმაში, რომ არღვევს ამ რეჟიმს, გასულია კონსტიტუციური მოქმედების ფარგლებიდან. სხვა არაფერია თუ არა, ხელისუფლების მიტაცება. გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლაში და შემდგომ ისეთი რეჟიმის დამყარებაში, რომელიც გამორიცხავს მსგავს არაკონსტიტუციურ მოქმედებებს“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა. ამასთან, როგორც სასამართლოში აცხადებენ, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. იპნ
-
ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც შექმნილია - თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. „რა საკვირველია, მედიკამენტების დეფიციტი ბაზარზე პერიოდულად იქმნება და საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, სააფთიაქო ქსელებთან. მწვავე საკითხია, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტიც განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია, განსაკუთრებული ინტერესის საგანიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს უშუალოდ სახელმწიფო, თუმცა, სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მარაგებს, რომ დეფიციტი რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე უარყოფითად არ აისახოს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე შეიქმნა დეფიციტი. ასევე, ბოლო პერიოდში გვქონდა მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტი, რომელიც შექმნილია. სახელმწიფო ამ მიმართულებით არ აპირებს გულხელდაკრეფილი იყოს, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესები წინა ადგილზე იყოს. არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთ კომერციულ პირს, რომ დადგეს იმაზე მაღლა, ვიდრე პაციენტის უფლებაა“, - აღნიშნა მინისტრმა. იპნ
-
საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში - ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს და იმის მოლოდინიც არ არსებობს, რომ აპელაცია გადაწყვეტილებას შეცვლის. "რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, ვერ ვიღებთ. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს, ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი საერთო სასამართლოში," - განაცხადა ქურდოვანიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა. ipn
-
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ საბჭოში პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. როგორც კომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მათ მუშაობა დაასრულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი, როგორც კომისიის ყოფილი წევრების მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 22 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით. კომისიის წევრების განცხადებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე, 5 თვის ვადით აუკრძალა პრეზიდენტს ახალი კონკურსის, ან ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა. კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. კომისიაში აღნიშნავენ, რომ ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2 თვიანი ვადა 5 თვემდე გაახანგრძლივა, რაც მათი თქმით, კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს: გუშინ, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება კახა წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნის შესახებ. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს სასამართლოში კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება. „ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)“ ,— აცხადებენ სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება: „ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა“ ,— აცხადებენ სასამართლოში. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 9 მოსამართლე, 6 კი არამოსამართლე წევრია. 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი — პრეზიდენტი. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, მათ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომლებთანაც გასაუბრება სპეციალურად შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაცია ორ კანდიდატზე, გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილზე გაუწია, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში დასანიშნად კახა წიქარიშვილი შეარჩია. კონკურსში მონაწილეობას ასევე იღებდნენ მანუჩარ კაკოჩაშვილი, თამარ ალფაიძე და დიმიტრი გაბუნია. netgazeti
-
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ 16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ირაკლი ანთაძის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგის მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იქნება. publika
-
უნგრეთს EU-ის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უნგრეთს EU-ის საგარეო და თავდაცვის მინისტრების მორიგი არაფორმალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ბორელის გადაწყვეტილებით, 28-30 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი – მანამდე უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა. მას შემდეგ ორბანმა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და ეწვია როგორც კიევს, ასევე მოსკოვს. მისი ვიზიტები არ ყოფილა შეთანხმებული ევროკავშირთან და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ის იქ EU-ს არ წარმოადგენდა. ყოველ 6 თვეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც როტაციული პრინციპით წევრი სახელმწიფო თავმჯდომარეობას ითავსებს, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ. BBC-ის ცნობით, ბორელმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა და თქვა, რომ უნგრეთის ქმედებებს შედეგები უნდა ჰქონდეს და მათ უნდა „გაუგზავნონ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს”. მედიის ცნობით, უნგრეთმა ამ ნაბიჯს „სრულიად ბავშვური” უწოდა. publika -
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის. ასე ეხმაურება კოალიცია ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს. მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით. „მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში. netgazeti
-
ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს. „ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირა და ერთადერთი მიზნით გააძლიერა - სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე - ჩინჩალაძე ის მოსამართლეები არიან, რომლებიც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით დასანქცირდნენ. როცა ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა. ამასთან, როგორც სასამართლოში აცხადებენ, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის ნებისმიერი ფორმით დანიშვნა. ipn -
ევროსაბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. საბჭოს განცხადებით, სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ განიხილება. -
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო, - ამის შესახებ თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. ბოლტონმა უპასუხა კითხვას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებთ, როგორ აღიქვამს ორ ქვეყანას შორის ახლა არსებულ ურთიერთობებს? „ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს. ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი”, - დასძინა მან. ამასთან, ბოლტონს კითხვა დაუსვეს იმ შემთხვევაზე, თუკი ვიხილავთ, რომ შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვლება, როგორ ფიქრობს, საქართველოს მიმართ ამჟამინდელი პოლიტიკა გადაიხედება, მათ შორის ის, რომელიც ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო და საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას გულისხმობს. მისი თქმით, წინ პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია. „თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია“, - აღნიშნა მან. გარდა ამისა, ბოლტონმა ისაუბრა იმაზე რა რისკებს ან სარგებელს ხედავს საქართველოსთვის, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში, მისი თქმით, ის ვერ ხედავს რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის. „არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი, 2019 წელს, როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი [საქართველოს] მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ღერძი, ცივი ომის დროს, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან ახლოსაა საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ. ჰკითხეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩინეთს გეოგრაფიულად დაშორდნენ, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, სესხის დიპლომატიის და გულწრფელად რომ ვთქვა, აშკარა კორუფციის გზით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობაში მიზიდვას ცდილობს. ეს საქართველოსთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს”, - აცხადებს ის. ipn
-
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება შეაფასა, როგორც უპრეცედენტო მოვლენა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი და უკანონო ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში მსგავსი ჩარევა მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. „ეს უკვე მთლიანი ქვეყნის ტრაგედიაა“, – აღნიშნავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა. სასამართლოს ცნობით, დღეს, 2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მანუჩარ კაკოჩაშვილს თავადაც სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა. publika
-
რადიო თავისუფლების ჟურნალისტს რუსეთში 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ფოტო: AP „ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტოს ცნობით, სასამართლო სხდომა 19 ივლისს, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა. „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ, კურმაშევა, რომელსაც აქვს აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა პრაღაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს და ბრალი წაუყენეს უცხოელ აგენტად დაურეგისტრირებლობის გამო, როდესაც რუსი სამხედროების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. AP-ის ინფორმაციით, მოგვიანებით, მას ბრალი წაუყენეს რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში კანონმდებლობის მიხედვით, რომლითაც ფაქტობრივად კრიმინალიზებულია უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერი საჯარო გამოხატვის ფორმა, რომელიც არ მიჰყვება კრემლის ხაზს. ასევე 19 ივლისს, რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსაც. აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაეთავისუფლებინა ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი. ბაიდენის განცხადებით, გრეშკოვიჩი რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. publika -
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. შესაბამის განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. “2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მ. კ-ს სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ. დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
-
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა, - ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა. კიბერლი ჩიტლის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. „საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - აღნიშნა კიბერლი ჩიტლიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ipn
-
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ „ოცნებამ“ ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა. ბალანსი ციხის განტვირთვასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას შორის კვლევაზე დაყრდნობით დგინდება და არა პარლამენტის მიზანშეწონილობით, როგორც ეს კობახიძემ განაცხადა. ამნისტიის დაანონსების პირველივე დღიდან, ვითხოვთ კვლევას. კობახიძემ დღეს აღიარა, რომ განმეორებითი დანაშაულის კვლევა არ აქვთ და „ოცნების“ ამნისტია პოლიტიკური თაღლითობაა. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით სამართლიან ამნისტიას არჩევნების შემდეგ დააინიცირებს." - ნათქვამია "საქართველოსთვის" განცხადებაში.
-
"სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად. მშვიდობის და კეთილდღეობის დაცვა, მათი პირდაპირი მოვალეობაა და ამაში ვუხდით ხელფასს. "ოცნება" ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა, ამიტომ მათგან პოზიტიური დღის წესრიგი არარ აღიქმება და დარჩათ მხოლოდ ომით სპეკულირება. "ოცნებამ" კორუფციულ შემოსავლებში გაცვალა ქვეყნის ეროვნული ინტერესები." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. „ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსეთის ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას“,- განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას. ავტორი - თამთა რუხაძე
-
პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა. იპნ
-
ოჯახის თქმით, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „მთავარ არხს“ რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით, რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება. „ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა. რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც არაერთხელ დაუკავებიათ. ეს მისი უკანონო პატიმრობის მეხუთე შემთხვევაა. საოკუპაციო ძალებმა ბოლოს ის 2024 წლის აპრილში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, უკანონო დაკავება მაშინ მოხდა, როცა რამაზ ბეღელური ძმის საფლავს ასუფთავებდა. ფოტო: „ფორმულა“ netgazeti -
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც. netgazeti
-
ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას - არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტები "ნაციონალური მოძრაობას" არ დაუბრუნდეს. "გიორგი ვაშაძემ თავის ისტორიულ წიაღში დაბრუნება შეირგოს, რითაც პარლამენტში თავისი პარტიის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე დამატებითი ადგილი გაინაღდა და სხვებისათვის მოწოდებების გაკეთებას თავი დაანებოს! რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ორი წლის წინ დავაფიქსირეთ პოზიცია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით და თუ რამ შეიცვლება, ამას მოსახლეობა პირველი ჩვენგან გაიგებს. ამ ეტაპზე არაფერი შეგვიცვლია! ჩვენ როგორმე, მოწოდებების გარეშე შევძლებთ ჩვენი თანმიმდევრული გეგმების განხორციელებას. არჩევნებამდე დარჩენილია სამი თვე და ამ სამ თვეში ზედმეტი ლაილაი რაღაც გაერთიანებებზე, ცენტებზე და გრავიტაციის წერტილებზე ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს. ამომრჩეველს აინტერესებს, როგორ ქვეყანაში მოუწევს მას ცხოვრება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" დამარცხდება. ჩვენი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტებს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუბრუნდეს. თუ რაიმე შეიცვლება, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. გიორგი ვაშაძემ პარტიებს "ლელოს" და "საქართველოსთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდა. "ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია - "ლელოს". ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება", - მიმართა ვაშაძემ პარტიებს "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში". ipn