-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. "28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. palitravideo.ge -
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა. "პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ! დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა, რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება: ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია, განუკითხაობაა და საშინელებები ხდება... იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემს ნახევარ ცხოვრებაზე მეტი! როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე, დამიჯერეთ, რომ ეს სპორტი არ არსებობდა საერთოდ… მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებით და უნარით, აღზარდა უამრავი მაგარი სპორტსმენი... პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდან მახსოვს, როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა! მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართქილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე! აქ არიან მოფარიკავეები, რომელმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!მე, სანდრო ბაზაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად, გაჭირვებიდან ნომერ პირველ სპორტსმენობამდე მიღწეულმა, რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ!დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი, რომ აქ სამართალი არ არსებობს… საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა! მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მიყვარხართ თითოეული ქართველი! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას ეს გარეწრები! მე ტყუილს არ ვლაპარაკობ, მე 2 შვილი მყავს და არ მინდა, მათ მატყუარა მამა ჰყავდეთ! მერაბ ბაზაძე გმირია! 1 ხმალი გვქონდა და რომ გატყდა, ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა, ფეხზე არაფერი გვეცვა, აი, ასე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი! მაგრამ შეშურდა მთელს მსოფლიოს, როგორც ჩანს… მე მადლიერი ვარ ღმერთის, რაც გამაჩნია - რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი… საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა! ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!" - წერს სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში. palitravideo.ge
-
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს. ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა. palitravideo.ge
-
პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა. "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა. იპნ
-
ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა - დატბორილია სახლები, დაზინებულია სახურავები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები. მერიის ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. პუბლიკა -
არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები. „არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია. ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი გვიერთდება და ჩვენს გვერდით არის. უბრალოდ, ამას თავისი დრო აქვს და ჩვენ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვექნება. ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა, არის მზარდი. ამაზე მეტყველებს ყველა ობიექტური პოლიტიკური მხარდაჭერის კვლევა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის რეიტინგი არის ყველაზე მაღალი, რასაც კვლევები აჩენებს. ამიტომ, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ძლიერი გუნდით, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გაწევრიანება და პოლარიზაციის დასრულება, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ოცნების“ ტყვეობიდან გამოყვანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას უკან ხევს“,-განაცხადა ლილუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება. ბექა ლილუაშვილის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს. „"ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს გიორგი გახარიამაც დაადასტურა“, - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
-
საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში, - ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა - პარტია “გახარია საქართველოსთვის” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება - სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს“. როგორც გიგა ფარულავა ირაკლი გოგოხიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, „ოცნება“ ბოროტად მანიპულირებს საკითხით და პოლიტიკური ქულების ჩაწერის ყოვლად უსუსური მცდელობითაა დაკავებული“. “მსურს “ოცნების” წარმომადგენლებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ შევახსენო, რომ ჩემი როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული თავმჯდომარის რანგში ყოფნის მიმდინარე პერიოდი “პოლიტიკური დემაგოგიის” ტირაჟირების ნაცვლად მოიცავს საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, მაგალითისთვის შეგახსენებთ, სოციალური და ჯანდაცვის სფეროში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამას, რომლისთვისაც საბიუჯეტო დაფინანსების განსაზღვრა სწორედ საკრებულოს ფრაქცია “ ზუგდიდი საქართველოსთვის” ინიციატივას წარმოადგენდა; უსაფრთხოების სფეროში - მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის მიღებას, რომელიც ადგილობრივ დონეზე საკითხის მომწესრიგებელი პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტია და ითვალისწინებს მუნიციპალური თავშესაფრის აშენების სამართლებრივ შესაძლებლობას. თუმცა, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ნეიტრალიზების მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, და მეტიც, შეიძლება ითქვას მწვავე სოციალური საჭიროება არსებობდა, “ქართული ოცნების” წევრებს საკრებულოში მხარი არ დაუჭერიათ ამ დადგენილებისთვის, ხოლო მერია დღემდე არ აღასრულებს მოცემული რეგულირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებასა და მუნიციპალური თავშესაფრის აშენებას მოიაზრებს. ახლა კი მივადექით დისკურსის მთავარ საგანს, რომელიც კვლავაც საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” ინიციატივას წარმოადგენს და საკრებულოს მიერ გაწეული ეკონომიის _ 40 000 ლარის - გზის საპროექტო სამუშაოებისკენ მიმართვას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ საჯარო პოლიტიკის კეთება პრობლემური ასპექტების მოგვარებისთვის საჭირო რესურსის მობილიზებასთან ერთად საამისოდ საჭირო მზაობის გამოხატვასაც მოითხოვს, ამიტომაც ის არგუმენტი, რომ 40 000 ლარი პროექტირებისთვის მწირი ბიუჯეტია და მარტოოდენ პოპულისტურ ხასიათს ატარებს, მიუღებელია ერთი მარტივი ლოგიკით, საკრებულო ამით მოქმედებს რა მისთვის განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ადგილობრივად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის იდეალურ მიზანს ისახავს და მოუწოდებს მერს, როგორც აღმასრულებელს, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. შევახსენებ „ოცნებას“, რომ რუხი-რიყეს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტირებისთვის საჭირო თანხები მსგავსი პრინციპით გამოიყო 2023 წელს, სატენდერო დოკუმენტაციით გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 3 200 000 ლარი განისაზღვრა, თუმცა პროექტირების მომსახურების შესყიდვა 20 000 ლარად გამოცხადდა, ხოლო ტენდერის საბოლოო შედეგებით პროექტირების ხელშეკრულება 13 888 ლარზე გაფორმდა. (იხ. სატენდერო დოკუმენტაცია NAT230017585) შესაბამისად ყოველი ახალი სახელმწიფო შესყიდვა უნდა ემყარებოდეს წარსულის პრაქტიკას და შესაბამის ბაზრის კვლევას და არა პოლიტიკურ განცხადებებს და ნება-სურვილებს. "ოცნების" მიერ განვითარებული მსჯელობით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროექტირების ხარჯი ნაცვლად გამოყოფილი 20 000-სი ლარისა, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 64 000 ლარი, თან აღსანიშნია ისიც, რომ მაშინ ამ საკითხს აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვის ქონის საფუძველი, რომ „ოცნება“ ბოროტად მანიპულირებს საკითხით და პოლიტიკური ქულების ჩაწერის ყოვლად უსუსური მცდელობითაა დაკავებული, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს, “გახარია-საქართველოსთვის” გუნდსა და მათ შორის არსებულ განსხვავებებს და ცხადყოფს, ვინ არის რეალურად ორიენტირებული საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო მექანიზმების მოძიებასა და განხორციელებაზე და ვინ, უბრალოდ პოლიტიკურ ჟონგლიორობაზე. საკრებულოს განახლებული რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით შეუძლია დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული ეკონომიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და მოისმინოს მხარეთა არგუმენტები, თუკი, რა თქმა უნდა, “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკრებულოდან ამ სხდომაზე მოსვლისთვის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა ექნებათ. საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში”, - წერს სოციალურ ქსელში გიგა ფარულავა. ცნობისთვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზუგდიდის საკრებულოში, ირაკლი გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა. გოგოხიას განმარტებით, ორსანტიასა და ნარაზენში, ჩამოთვლილი გზების მხოლოდ პროექტირების სამუშაოებს 100 000 ლარი სჭირდება და არა 40 000 ლარი, როგორც ეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი გოგოხია აღნიშნავს იმასაც, რომ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, პოპულიზმის გარეშე უნდა სცოდნოდა, რა თანხაა საჭირო პროექტირების სამუშაოებისთვის. ipn
-
თეთრი სახლი გმობს სასიკვდილო თავდასხმას გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს. ავტორი - თამარ მუშკუდიანი
-
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია აცხადებს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს სანდრო ბაზაძესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს. ქართველი მოფარიკავე დღეს მერვედფინალურ ეტაპზე ეგვიპტელ სპორტსმენთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გამარჯვება ორივე სპორტსმენმა აღნიშნა. გამარჯვებული მსაჯმა გამოაცხადა. გულშემატკივრების შეფასებით, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამარჯვება ეგვიპტელ სპორტსმენს მიანიჭა. გულშემატკივრების პოზიციას იზიარებს ქართული ფედერაციაც და აცხადებს, რომ იზიარებს გულშემატკივრების პოზიციას, რომ ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.
-
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ - ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.) ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. -
იმედი მაქვს, რომ ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ოქროს მედალს და სარდალაშვილი აიღებს ბრინჯაოს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. ვამაყობ ორივეთი,” - წერს ზურაბიშვილი. იპნ
-
მიხეილ და გიორგი ჯაშიაშვილები ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საფუტკრე მეურნეობას უძღვებიან. ქალაქიდან სოფლად წასული ძმები წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობენ. მიხეილი პიანისტია და წლების წინ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, მათ შორის, მამასთან სტუდიაში, წერდა ფონოგრამებსაც მომღერლებისთვის, ინსტრუმენტალისტებისთვის. გიორგი ჯაშიაშვილს სპორტისა და ფიზკულტურის აკადემია აქვს დამთავრებული კარატეს განხრით. შავი ქამრის, პირველი დანის მფლობელია და თბილისში ბავშვებს ავარჯიშებდა, შეჯიბრებებზე გაჰყავდა, პარალელურად პრესტიჟულ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელიც გახლდათ. ყოველივე ეს ახლა მათთვის წარსულია, რადგან ძმები მეფუტკრეობამ შეიყოლია. მიხეილ ჯაშიაშვილი: - გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩემი დიდი პაპა სოფელ ვარდისუბნიდან თბილისში სამუშაოდ გადმოვიდა, დედაქალაქში დარჩა და მეუღლეც აქაური შეირთო. შემდეგ პაპა, მამა, მე და გიორგი თბილისში დავიბადეთ, სოფელი არ გვქონია. ეზო-კარი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, 1989 წელს მამამ სააგარაკედ იყიდა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, ზაფხულობით ჩამოვდიოდით მხოლოდ. სახლი მაინც მიტოვებულივით იყო. აქაურობას ყურადღებას ნათესავები აქცევდნენ... 2007 წლიდან დამებადა იდეა, სკები შემეძინა. საერთოდ, რაღაც ისეთი საქმის წამოწყება გვინდოდა სოფლის მეურნეობაში, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ვყოფილიყავით. სოფელიც ძალიან გვიყვარდა და გადავწყვიტეთ, სოფლის ცხოვრება აგვერჩია. განსაკუთრებით მეფუტკრეობა მოგვეწონა, ცოტათი არაორდინარულია, მასობრივიც არ არის, ამ საქმეს ბევრი არ მიჰყვება, უმეტესად მაინც მოხუცები. განაგრძეთ კითხვა: kvirispalitra.ge
-
ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება შესთავაზეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკრაინას 2022 წლის 24 იანვრიდან 2024 წლის 15 იანვრამდე. ინდოეთმა და ჩინეთმა უკრაინას ყველაზე მცირე მხარდაჭერა გაუწიეს. შემდეგია თურქეთი და ტაივანი, თითოეულმა საკუთარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,01% გაიღო. შემდეგი არის ახალი ზელანდია - 0,02%- ით. სამხრეთ კორეა 0,04%. ყველაზე დიდი რესურსი უკრაინის დასახმარებლად ამ 10-მა ქვეყანამ გაიღო: ხორვატია: მშპ-ს 1,06%. ხორვატიის წვლილი უკრაინის დასახმარებლად შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს. გერმანია: მშპ-ს 1,06%. გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია აშშ-ს შემდეგ. 15 იანვრამდე ევროპის უდიდესმა ეკონომიკამ უკრაინას დაპირდა 23,9 მილიარდი დოლარს, საიდანაც 19,4 მილიარდი დოლარი სამხედრო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ფინეთი: მშპ-ს 1,29%. ნატოს კიდევ ერთი შედარებით ახალი წევრი, ფინეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. მან 22 დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დროის ამ მონაკვეთში ფინეთის მთლიანმა დახმარებამ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პოლონეთი: მშპ-ს 1,32%. პოლონეთის დახმარებამ შეადგინა 4,7 მილიარდი დოლარი. სლოვაკეთი: მშპ-ს 1,43%. ქვეყანამ დაახლოებით 799 მილიონი აშშ დოლარის წვლილი შეიტანა ევროკავშირის კოლექტიური დახმარების ფონდში. ნიდერლანდები: მშპ-ს 1,45%.საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციის Atlantic Council-ის თანახმად, ნიდერლანდები სამხედრო დახმარების წვლილით ლიდერობს. ქვეყანამ უზრუნველყო 6,8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება და 7,8 მილიარდი დოლარი ევროკავშირის კოლექტიურ ფონდში ჩადო. ლატვია: მშპ-ს 1,67%. ლატვიის საერთო წვლილი შეადგენს დაახლოებით, 670 მილიონ აშშ დოლარს. ნორვეგია: მშპ-ს 1,72%. ნორვეგიამ მასიურად გაზარდა უკრაინის ორმხრივი მხარდაჭერა 2023 წელს. სკანდინავიური ქვეყანა ომში ჩართულ ქვეყანას დაახლოებით, 7,7 მილიარდი აშშ დოლარს, პირდაპირი ფინანსურ-ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს 2027 წლამდე. ლიეტუვა: მშპ-ს 2,04%.ბალტიისპირეთის სახელმწიფომ პირობა დადო 1 მილიარდი აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. დანია: მშპ-ს 3,06%.ნოემბრის შემდეგ დანიამ გაზარდა თავისი სამხედრო ვალდებულებები უკრაინის მიმართ 3,8 მილიარდი დოლარით. ქვეყანამ პირობა დადო 9,6 მილიარდი აშშ დოლარის გაცემის შესახებ. ესტონეთი: მშპ-ს 4,09%. ესტონეთმა თავისი წლიური პროდუქციის განსაცვიფრებელი 4,09% დაუთმო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას. ქვეყანამ პირობა დადო, რომ 1,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს ამ კუთხით. წყარო: lovemoney.com ავტორი: თეონა რამაზაშვილი -
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიწისძვრების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ურჩევს, საცხოვრებელი ბინები მყარ კორპუსებში შეიძინონ. მისი თქმით, მიწისძვრების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35-ია და ეს მხოლოდ მომყოლი მიწისძვრების გარეშე. „მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთაა, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ასე არ არის მეგობრებო. არ გახშირებულა მიწისძვრები, ყოველ წელს ასე ხდება და ყოველ წელს იგივე ემოციით გვწერთ საშუალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 მიწისძვრაა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული. გააჩნია სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს, ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს. ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორია გვერგო, სამაგიეროდ, უსაშველოდ ლამაზი. მიწისძვრები ხდებოდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც. ამიტომ, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით. მიწისძვრის დროს, ვეღარავინ გიშველით. მიბაძეთ განვითარებულ ქვეყნებს. უსაშველოდ ლამაზია ერთსართულიანი ამერიკა, კანადა.. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მომავალ თაობებს და ქვეყანას, თორემ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩება უქართველო საქართველო, ასე თუ გააგრძელეთ და ამოაკორპუსეთ ქვეყანა“, - წერს თეა გოდოლაძე „ფეისბუკზე“. ავტორი: ნათია ზარიძე
-
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება. მარეგულირებლისვე შეფასებით, პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია. ვინაიდან „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და სამაუწყებლო ბადიდან ვიდეორგოლების დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა. „მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ეს ინფორმაცია გადაიცემოდა საინფორმაციო გამოშვებაში, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და არავის არჩევისკენ მოწოდებას, ან ხელშეშლას არ ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, პოლიტიკურ მოტივაციაზე ისიც მიუთითებს, რომ კომისიას აქამდე ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ეს საინფორმაციო ვიდეორგოლები საინფორმაციო გამოშვების ბოლოს 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა. მურადაშვილის თქმით, აღნიშნულზე რეაქციის არქონა სწორი გადაწყვეტილება იყო კომუნიკაციის კომისიის მხრიდან. „მთავარი არხის“ წარმომადგენლის თქმით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ტელეარხის სანქცირების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებენ. „მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ გარდა თავად შინაარსობრივი პრობლემისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანიას არ მისცა განხილვაში მონაწილეობის საშუალება და საკითხზე მსჯელობა 2 დღეში ამოწურა. „მთავარი არხის“ ეთერში რეგულარულად, საინფორმაციო გამოშვების ბოლოს გადიოდა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავ რუსულ კანონს. აღნიშნული კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ნეტგაზეთი
-
სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძმამ ძმას ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას -1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
"ზონდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძალადობა ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და უკავშირდება არჩევნებს. ადამიანებმა, რომლებიც ამ უკანონო დავალებებს ასრულებენ, უნდა იცოდნენ - ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ მტკიცებულებები რჩება." ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2921900634616910/
-
ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452743974391326/
-
პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.წ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn -
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ipn
-
რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. იპნ
-
პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე იმართება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან. ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს. ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს. ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია: 1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 2. ლაშა გურული (კრივი) 3. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი) 4. გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.) 5. ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.) 6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) 7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) 8. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.) 9. რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.) 10. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) 11. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) 12. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) 13. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.) 14. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.) 15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.) 16. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.) 17. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.) 18.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.) 19. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.) 20. ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.) 21. ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.) 22. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.) 23. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ). 24. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.) 25. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.) 26. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.) 27. ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ) 28. ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ) ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. პუბლიკა -
საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა თქვა, ის დიდი ინტერესით მოისმენდა მამუკა ხაზარაძისგან, თუ რა პოზიცია აქვს „ლელოს“ ლიდერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე. აღნიშნულ საკითხზე ლილუაშვილმა ხაზარაძის საპასუხოდ ისაუბრა, რადგან „ლელოს“ ლიდერს, როგორც თავად რამდენჯერმე აღნიშნა, ჯერ კიდევ არ მოუსმენია პასუხი გახარიას გუნდისგან, აპირებს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას. „ლელოსთან“ მიმართებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ბევრი ვისაუბრეთ, საჭიროზე მეტი მოვითმინეთ და მე მგონი, ეს საკითხი ამოვწურეთ. არ ვიცი, ეს რა ინტერპრეტაციაა, კითხვებზე პასუხმა დააკმაყოფილა თუ არ დააკმაყოფილა. ყურადღებით მოსმენა რომ შესძლებოდათ, თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე დაკავშირებით, ჩვენ არც ახლა არ დაგვიფიქსირებია პოზიცია, არც გუშინ და არც გუშინწინ, ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ. ისე, დიდი ინტერესით მოვისმენდი, როგორი პოზიცია აქვს მამუკა ხაზარაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე, თუ ის მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხვდება. ჩვენ არა ერთგზის გვითქვამს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია არ გვექნება, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავთ. ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს საარჩევნო ამოცანას, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ბრჭყალებიდან. ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ არ ვაფორსირებთ პროცესებს ხელოვნურად იმისთვის, რომ გამოვიგონოთ ხელოვნური გრავიტაციის ცენტრები და მიზიდულობის ძალები. საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ