-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება. „იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, - წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ. მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, „რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს“. ipn
-
მოსამართლემ აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოსამართლემ, ქეთავან ჯაჭვაძემ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადიგოვი ციხეში დარჩება. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი გუშინ დააკავეს. უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა. სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება. დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს. ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. 2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. publika -
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს. მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო. „სამწუხაროდ დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, პროკურატურაშია გამოგზავნილი, 2024 წლის 9 მაისს აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 10 მაისს სასამართლომ აღკვეთი ღინიძიება გამოიტანა და 11 მაისს პირი ძებნაზე დასვა. მიდის მიზანმიმარტული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ. ამასთან, საქმის პროკურორი, კონსტანტინე ცაცუა განმარტავს, რომ სადიგოვს ორ ეპიზოდში ედება გამოძალვაზე ბრალი, რის გამოც მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - პატიმრობა მოეთხოვათ. ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვის 3 თვის ვადით საექტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლემ ქეთევბან ჯანაძემ მიიღო. ipn
-
აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით დატოვონ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ. საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის. საელჩოს განმარტებით, რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები. აშშ-ის საელჩოს გაფრთხილება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, რომელიც გოლანის მაღლობებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. ისრაელმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა, თუმცა „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუკრი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ მკაცრ შურისძიებას განახორციელებს. შიშობენ, რომ ლიბანში მოქმედმა „ჰეზბოლამ“, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა, შესაძლოა მძიმე როლი შეასრულოს ასეთ შურისძიებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ისრაელის მხრიდან სერიოზული პასუხი გამოიწვიოს. ipn -
დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დებატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გამართვასთან დაკავშირებით. „წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ipn -
ლაშა გურული დღეს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას. შეხვედრა საქართველოს დროით 19:06 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. ipn -
„უფრო მეტი და მეტი მეწყერსაშიში და გრავიტაციული წერტილი გაჩნდა, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები კავკასიაში აქტიურად არის გავრცელებული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ღვარცოფები და მეწყერები მომავალში გააქტიურდება. „შოვის ტრაგედია იყო ყველაზე მძიმე ტრაგედია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის გადავიტანეთ 21-ე საუკუნეში. ვამბობ ამ ეტაპისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ყველა მონაცემი, რომელიც დღეს არსებობს კავკასიონთან დაკავშირებით, არ გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებულად, რომ აღარ განმეორდება მსგავსი რამ. შოვის დასკვნამ აჩვენა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესი იმდენად აქტიურად არის შემოსული კავკასიაში, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ მსგავს ღვარცოფებისა და მეწყერების სერიოზულ გააქტიურებას. გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ბიულეტენმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ უფრო მეტი და მეტი წერტილი გაჩნდა მეწყერსაშიში და გრავიტაციული, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული - ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით“, - აღნიშნა „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე. ამასთანავე, ჩხობაძესთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის მანძილზე და რა კეთდება ამ ეტაპზე იმისთვის, რომ მძიმე შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყოს. „დაიწყო შეფასება და შესწავლა ყველა იმ კრიტიკული ზონისა, სადაც არის განსაკუთრებით გააქტიურებული პროცესები. გამოყოფილია 31 მუნიციპალიტეტი რისკის მატარებელი წერტილები, სადაც არის ყველაზე მეტად დიდი რისკი. ნებისმიერ სიტუაციაში მოსახლეობა არის მოსამზადებელი. პირველადი შეტყობინების სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ სიგნალს, ეს გულისხმობს იმასაც, რომ მოსახლეობაში მზაობა უნდა იყოს ნებისმიერ პროცესთან მიმართებაში - იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი თუ მეწყერი. პრევენციულ ღონისძიებებზე ჯერ არ გადავსულვართ, მაგრამ ყველაფერი აღრიცხულია უკვე, საფრთხეების ზონების გამოყოფა მიმდინარეობს, სადაც ინტენსიურად უნდა დაიწყოს დაგეგმარება პირველადი სისტემების. კვლევები ახლა კეთდება, შვეიცარიელები გვეხმარებიან და აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო უწყებები. ადრე თუ გვიან, საფრთხეების ზონებს მკაფიოდ გამოვყოფთ და გვეცოდინება, სად, როგორ, როდის და რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ მზაობა იყოს და დიდი მსხვერპლი არ გვქონდეს. ამას დასჭირდება დამატებით ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა კლიმატთან დაკავშირებით, არის შესამუშავებელი კანონმდებლობა და სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს. ამას გვავალებს ასოცირების შეთანხმება და რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ 2023 წელს დადო გარემოს დაცვის ნაწილში. იქ მკაფიოდ წერია, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. ჯერჯერობით ვართ პროცესში და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ არასამთავრობო სექტორიც აქტიურად ჩაერთვება, რადგან ჩვენც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ძირითადი ამოცანაა, რომ მოსახლეობას გავაგებინოთ, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა დაიცვას თავი. თვითგანათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობთ, რომ სიმულაციური გაკვეთილები უნდა ჩატარდეს სკოლებში, უნდა იცოდნენ ბავშვებმა როგორ მოიქცნენ“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ცნობისთვის, შოვში მომხდართან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება. იხილეთ ასევე: „წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“ ავტორი: მერი ტაბატაძე
-
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი. ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებით დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“. მოხვედრის შედეგად წყალქვეშა ნავი ადგილზე ჩაიძირა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის წყალქვეშა ნავი “როსტოვ-ნა-დონუ” ექსპლუატაციაში 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 სექტემბერს უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად წყალქვეშა ნავმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ მიმდინარეობდა მისი შეკეთება და შემოწმება სევასტოპოლის ნავსადგურის აკვატორიაში. იპნ
-
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. აფგან სადიგოვის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - განაცხადეს შსს-ში. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. იპნ
-
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. ipn -
ფოტოზე: მყინვარწვერის იალაღები © სოფო ძიგუა / „კაქტუსი“; შოვის სტიქია © „საქართველოს ამბები“ „მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მყინვარები დნება და შარშან საქართველოში, შოვში, მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, დღემდე საქართველოს მყინვარები არ არის საკმარისად შესწავლილი და ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთი მყინვარის ხეობაშია დამონტაჟებული. ონის მერიას, სადაც ერთი წლის წინ, მყინვარული ღვარცოფი ჩამოვიდა, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა დამტკიცებული არ აქვს“, – ნათქვამია ონლაინგამოცემა „კაქტუსის“ სტატიაში, რომელიც საქართველოს მყინვარების დნობასა და ამ საკითხზე სახელმწიფოს მოუმზადებლობას ეხება. სტატიის სრულად სანახავად, დააჭირეთ აქ. რა მდგომარეობაა მყინვარებზე კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციის შედეგად, 2000-2020 წლის პერიოდის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 20 წლის განმავლობში, მთლიანად კავკასიონის მყინვარის ფართობი შემცირებულია 23 %-ით, რაც, მეცნიერების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობის გაქრობის საფრთხეს ქმნის. „კაქტუსი“ გლაციოლოგს, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ტიელიძეს ესაუბრა. მეცნიერი აღნიშნავს, მომატებული დნობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ზაფხულის ტემპერატურის მატება და ზამთრის ნალექების კლებაა, ასევე საჰარის უდაბნოს მტვერი, რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე არაერთხელ დაილექა. ლევან ტიელიძე გამოცემასთან პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ მყინვარების დნობის შეჩერების შანსები, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მინიმალურია. ადრეული გაფრთხილების სისტემა ერთადერთ ხეობაში საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთადერთ მყინვარულ ხეობაშია დამონტაჟებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დევდორაკის ხეობაში. განგაშის Ბოლო სიგნალი დევდორაკის ადრეული შეტყობინების სისტემამ 2024 წლის 6 ივნისს გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაჭიმული ბაგირები მდინარეებზე – ამალი და დევდორაკი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად, კომპანიიდან GEOTEST AG., ადრეული შეტყობინების სისტემა ზღვის დონიდან 1 800 და 3 300 მეტრ სიმაღლეზე, სატესტო რეჟიმში, დაამონტაჟეს | 23/10/2016 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო რას (არ) აკეთებს სახელმწიფო სტიქიასთან გასამკლავებლად? ჯერ კიდევ 2012-2016 წლის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის უკვე დანერგილი უნდა ყოფილიყო ადრეული გაფრთხილების სისტემები. რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით? როგორც „კაქტუსი“ წერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომელიც ამჟამად ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, 2018 წელს ამბობდა, რომ „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება.“ 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, მინისტრის ეს პირობა არ შესრულებულა. სტატიის მიხედვით კი, რომელიც „კაქტუსმა“ ორი თვის წინ გამოაქვეყნა, ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების სისტემები, დევდორაკის გარდა, სხვა მყინვარებთან არ არის დამონტაჟებული, ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნოლოგიების მხოლოდ ნაწილია ნაყიდი და სატესტო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობიერება ადრეული შეტყობინების სისტემებზე დაბალია. მყინვარების კონტროლი „კაქტუსი“ წერს, რომ მყინვარებზე მონიტორინგი, ძირითადად, როგორც საველე გასვლების, ცოცხალი მონიტორინგის, ასევე დისტანციური ზონდირების [მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები] და ციფრული სიმაღლებრივი მოდელების, Digital Elevation Model (DEM)] გამოყენებით ხდება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად გახშირებული სტიქიური მოვლენების ფონზე, მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, როგორიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა, ცუნამი და ა.შ., ადრეულმა გაფრთხილებამ, მხოლოდ 24 საათით ადრეც, შეიძლება ზიანი 30%-ით შეამციროს. საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო არის სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მყინვარების მონიტორინგზე. შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამო, საქართველოში მხოლოდ ერთი – დევდორაკის – მყინვარული ხეობაა მეტ-ნაკლებად შესწავლილი და მიმდინარეობს მასზე მონიტორინგი. „კაქტუსი“ წერს, რომ სააგენტოს მიერ გამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, გარემოს ეროვნული სააგენტო, „მყინვარების მასის ბალანსის” დადგენის კუთხით კვლევას არ აწარმოებს. გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალისტები „ყოველწლიურად“ სწავლობენ მყინვარებს, როგორც ადგილზე გასვლით, ასევე გლობალური ღია მონაცემებით, რომელიც საჯაროა ყველასთვის. მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი, მყინვარების დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენებით მუშავდება Landsat 8-ის, Sentinel 2-ის მაღალი გარჩევადობის ორთოფოტები. სააგენტოს სპეციალისტები იყენებენ „მიწისპირა ყინულების გლობალური გაზომვები კოსმოსიდან“ [Global Land Ice Measurements from Space – GLIMS], მსოფლიო მყინვარების კატალოგის [World Glacier Inventory – WGI] მონაცემებს. მყინვარების კვლევისას, ხდება მყინვარების უკან დახევის მაჩვენებელის, ფართობის, სიგრძის, ექსპოზიციისა და მორფოლოგიური ტიპის დადგენა“. სპეციალისტების თქმით, „მაღალი გარჩევადობის“ ფოტო შეიძლება იყოს დრონიდან გადაღებული და არა კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულება. Მაგალითისთვის: Sentinel 2-ის მაქსიმალური გარჩევადობა [რეზოლუცია] არის 10 მეტრი, ხოლო Landsat 8-ის – 15 მეტრი. მაღალი რეზოლუციის სურათები შეიძლება იყოს SPOT ან PLEIADES ან MAXAR სატელიტური გამოსახულებები, რომელთა გარჩევადობა რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან 2 მეტრამდეა. „რაჭის ტრაგედიის დროს მოხერხდა 3.5 მ Planet Labs-ის სურათების გამოყენება [მათზე წვდომა შესაძლებელია უსასყიდლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის – მე, მაგალითად, მომცეს წვდომა, როდესაც ილიაუნის სახელით მივმართე], მაგრამ ამ სურათებითაც ვერ ხერხდება სრულიად დამაჯერებელი სურათის მიღება. გარემოს ეროვნული სააგენტო, შვეიცარიელი ექსპერტები და ახალი პროექტის გაურკვეველი დეტალები შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG.-ის სპეციალისტებთან გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან თანამშრომლობს. GEOTEST AG.-თან სააგენტომ თანამშრომლობა განაახლა შარშანაც, შოვის სტიქიის შემდეგ. 2024 წლის 16 თებერვალს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა GEOTEST AG.-ის სპეციალისტების შესრულებული მოსაზრება რაჭის კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შესახებ. GEOTEST AG.-ის მოსაზრებები და სიმულირების შედეგები, ძირითადად, ეთანხმებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს შესრულებულ შინაარსობრივ ანგარიშს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გაუსაჯაროებია, რამდენი გადაუხადა ამ ანგარიშში GEOTEST AG.-ს. ამავე ანგარიშში კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში მყინვარული ხეობები შეუსწავლელია, რაც გამოსასწორებელია. მყინვარული ხეობების შესწავლის ახალ პროექტში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ისევ GEOTEST AG. აიყვანა, – თვეების წინ მათივე შექმნილი ანგარიშის რეკომენდაციების საფუძველზე. “ბათუმელების” ინფორმაციით, მყინვარული ხეობების შესწავლის პროექტის ღირებულება 594 ათასი ევროა. “ბათუმელების” ინფორმაციითვე, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე დაიდო. გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნატო სულუაშვილმა, გვითხრა, რომ ხელშეკრულება სააგენტოსა და GEOTEST AG.-ს შორის მიმდინარე წლის 2 მაისს გაფორმდა. მისივე თქმით, GEOTEST AG.-ისგან სააგენტომ მომსახურება „გამარტივებული წესით შეისყიდა“ და ხელშეკრულების ტენდერების საიტებზე მოძებნა გვირჩია. სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერების] ვებ-გვერდზე ასეთი ტიპის შესყიდვებში [B2B, NAT, SPA, MEP, DAP] შესაბამისი ხელშეკრულების ასლი არ იძებნება. საჯარო ინფორმაციის წერილზე კი, რომელიც ამ თემაზე 17 ივლისს გამოვითხოვეთ, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. „17 ივლისის წერილზე გარემოს ეროვნულის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, 1 აგვისტოს, დაგვიანებით, გვიპასუხა და პასუხში კვლავ არ დაუზუსტებია ხელშეკრულების ფინანსური წარმომავლობა [დონორი თუ სახელმწიფო ბიუჯეტი], სხვა გამოთხოვნილ დეტალებთან ერთად, რომელიც პროექტის სამეცნიერო ნაწილსაც ეხებოდა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვებგვერდზე ახალი ამბავი გამოაქვეყნა, რომელიც ამ პროექტს ეხება, მაგრამ ნიუსი არ შეიცავს ისეთ საბაზისო მონაცემებს პროექტზე, როგორებიცაა: პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, მყინვარების კვლევის მეთოდოლოგია, კვლევაში 22 მყინვარის ჩართვის კრიტერიუმები, მკვლევრების სახელები და ასე შემდეგ“, – წერს „კაქტუსი“. პუბლიკა
-
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ოთხშაბათს, პენტაგონმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხალიდ შეიხ მუჰამედთან და მის ორ თანამზრახველთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების თანახმად, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, გუანტანამოს ციხეში მყოფ ბრალდებულებს სიკვდილით აღარ დასჯიდნენ. საპროცესო შეთანხმება ბევრმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა გააპროტესტა, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა. იპნ
-
გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც მათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, კვლევისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა სატელიტური მონაცემების და სეისმური მონაცემების ანალიზზე და შემდეგ ეს ორი მონაცემი შეჯერდა. „გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ. მისი თქმით, რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტიქიის კერაში პატარა მასშტაბის ჩამოშლები, ეს იქნება ნატეხოვანი თუ ტალახოვანი ღვარები, წლების განმავლობაში არსებობს, მაგალითად - 2005, 2011 და 2015 წლიდან არის ჩამოშლები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება 2023 წელს, სტიქიამდე. „ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც კატასტროფას მოასწავებს, რომელი მოხდა შოვში, თუმცა ეს იძლევა სიგნალს, მინიშნებას, რომ ადგილი შესამოწმებელია. ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ სტიქიის აქტიური ფაზა დაიწყო შუა დღის, დაახლოებით 15:00 საათზე, მაგრამ სეისმური მონაცემების უფრო დეტალურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე. დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა. სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორო საათის შემდეგ და აქ ვთვლით, რომ მთავარი განსხვავება ის არის, რომ დაშლის პროცესმა „ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რომ კავკასიონზე არის ათობით უბანი, რომელიც პერიოდულად იშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატასტროფა ხდება კავკასიონზე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი ჯგუფიც ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს დაძაბული არეალები და იქ გაიმართოს ადრეული შეტყობინების სისტემები. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგიები, არ გვყავს კადრები, რომ ასეთი გამოწვევები მივიღოთ და პასუხი გავცეთ“, - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა. ამასთან, როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე. ipn
-
შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. იპნ
-
აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.“-ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე": „მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს. ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/499796345883424/
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან: ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1020469416203145
-
მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მშობლები ბავშვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი არიან და პაციენტის მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ნეტგაზეთი -
EU განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას — სტანო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას. Europa Press-ის ინფორმაციით, სტანომ თქვა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. „ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“, — დასძინა პიტერ სტანომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება შეაჩერა, თუმცა აგრძელებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას. ნეტგაზეთი -
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა. „კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ გუშინ, როდესაც ერთმანეთი დაინახეს“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, კრასიკოვს გერმანიაში 2021 წლის ბოლოს უვადო პატიმრობა მიესაჯა 2019 წელს ჩეჩნური წარმომავლობის ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. გერმანიის სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, რომ კრასიკოვმა მკვლელობა რუსული სახელმწიფო ორგანოების დავალებით ჩაიდინა. შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი. იპნ
-
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა. ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ცემის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის არა მესამე, არამედ პირველი ნაწილით – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. პუბლიკა
-
გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა. “ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია”, - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა. ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს. “უბრალოდ რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება”, - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა. ცნობისთვის, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, “ეფესბეს” აგენტი ვადიმ კრასიკოვი გადასცა. იპნ
-
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას. შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტის ქცევა „ძიუდოს სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგებოდა. სიტუაციის შესასწავლად სასწრაფოდ დროებითი დისციპლინური კომისია საგანგებოდ შეიკრიბა. შედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: გურამ თუშიშვილი მოიხსნა ინდივიდუალური ასპარეზობიდან და არ იქნება დაშვებული რეპეშაჟში მონაწილეობის მისაღებად. გურამ თუშიშვილი ასევე მოიხსნა 2024 წლის სამ აგვისტოს დაგეგმილ შერეულ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობიდან. გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მომხდარის დასადგენად შემდგომი გამოძიება ჩატარდება. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ქართულ დელეგაციასა და ათლეტებს“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი ძიუდოისტი (100+ კგ), გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო. თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი 9100კგ) ილია სულამანიძე. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს. იპნ