Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“. „შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი 9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მათივე ინფორმაციით, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. „შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ნეტგაზეთი
  2. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ავტორი - დავით კუჭავა
  3. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. „მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი. 9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მათივე ინფორმაციით, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. „შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. netgazeti
  4. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო. სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა ივანიშვილის ქართველი ოპონენტები, არამედ კენიის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი იყვნენ. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, არღვევდა თუ არა ხეების გადარგვა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს. რა ხდება? შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა, რაშიც პარკის ადმინისტრაციამ ივანიშვილის ოპონენტები დაადანაშაულა. პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ“ მთელი თავისი რესურსით ებრძვის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაბა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის პროექტს და ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას. რა ხდებოდა კენიაში? 2019 წელს კონკრეტულმა ქართულმა ჯგუფმა, რომელსაც მოქალაქე გიორგი გვასალია ხელმძღვანელობდა, კენიაში დაიწყო გიგანტური ბაობაბების მოძიება. ისინი იყენებდნენ დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩიათ. 2021 წელს გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, კენიის სანაპიროდან მრავალსაუკუნოვანი ბაობაბის ხეები საქართველოში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადმოეტანათ. The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კილიფის ოლქში ფერმერები თავიანთი ფერმებიდან ბაობაბის ხეებს ყიდდნენ კავკასიის რეგიონში. ამ სტატიას მოჰყვა გამოხმაურება ინტერნეტში, მათ შორის National Geographic-ის მკვლევრის, პაულა კაჰუმბუსგან და ასევე, საზოგადოების პროტესტი. The Guardian-ის სტატიის მიხედვით, კილიფის სხვადასხვა რაიონში ხეების ამოღებასა და ექსპორტზე ქართველი გიორგი გვასალია იყო პასუხისმგებელი, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, სწორედ შეკვეთილში გადმოსატანად იძიებდა ხეებს. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობდა. ამ ამბავს კენიის მთავრობამაც მიაქცია ყურადღება. პრეზიდენტმა უილიამ რუტომ მოითხოვა გამოძიება, რათა დარწმუნებულიყო, რომ ხეების გადარგვა არ არღვევდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას (CBD) და ნაგოიას პროტოკოლს. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დასაცავად. ეს არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელსაც 196 ქვეყანა უერთდება, მათ შორის კენია და საქართველო. ნაგოიას პროტოკოლი, თავის მხრივ, არის 2010 წელს მიღებული შეთანხმება CBD-ის საფუძველზე. იგი ითვალისწინებს გენეტიკური რესურსების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ფულადი სარგებლის გაზიარების ჩარჩოებს. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო. სამინისტროს ცნობით, სწორედ კილიფის ოლქის მოსახლეებსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და ექსპორტზე გაეტანა საქართველოში. დოკუმენტში დაკონკრეტებული არ იყო ხეების მფლობელის ვინაობა, თუმცა იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი ფაქტი იყო, რომ იშვიათი, გიგანტური ხეების შეძენითა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიძინა გიგანტური ხეები, ამოთხარა და სხვადასხვა საშუალებით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა. კენიის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, უცხოურმა კომპანიამ ისე დაიწყო ხეების ამოთხრა, რომ შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია. განცხადების მიხედვით, შემდეგ კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, თუმცა “არალეგალურად”. გამოძიების შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში გაუქმდა როგორც ხეების მიწიდან ამოღების, ისე მათი ტრანსპორტირების ლიცენზიები. გარემოს დამცველები კენიაში ბაობაბების საქართველოში ექსპორტს “ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებიან კენიის ტერიტორიიდან გატანას ხეებისა, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის. ბიომეკობრეობა არის ბიოლოგიური რესურსების უნებართვო შეძენა და გამოყენება. კენიაში ადგილობრივი მედიის ცნობით, გიორგი გვასალია ამბობდა, რომ მან მას შემდეგ დაიწყო ხეების ძიება, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს სამეურნეო მიზნებისთვის ჭრიდნენ. 2023 წლის თებერვალში აღდგა გადაწყვეტილება, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა. უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ იყო და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი ჰქონდა კენიაში. მიუხედავად თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებისა, 2023 წლის აპრილში კენიის პარლამენტში ჯერ კიდევ იძიებდნენ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმებას. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებდნენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კენიის გარემოს მართვის ეროვნული ორგანოს, მცენარეთა ინსპექტირების სამსახურისა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები დაიბარეს, რათა ნათელი მოეფინათ ექსპორტის შესახებ შეთანხმების დეტალებისთვის. დეპუტატები ჩიოდნენ, რომ უწყებებმა ვერ უზრუნველყვეს მყიდველის (გიორგი გვასალიას) მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების გარანტირებულობა იქამდე, სანამ ექსპორტისთვის გამზადებულ ხეებს მიწიდან ამოიღებდნენ. საბოლოოდ, განხილვა გიორგი გვასალიას სასარგებლოდ დასრულდა და 2023 წლის ნოემბერში რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოვიდა. 2023 წლის 3 დეკემბრიდან ბაობაბების ნახვა უკვე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იყო შესაძლებელი. რით გამოირჩევა ბაობაბი? ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი “სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო. იმისათვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს, ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოაქვთ. ერთ-ერთი ხე დადგეს სასტუმრო “პარაგრაფში”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია. netgazeti
  5. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და კითხვები შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების შესახებ დაუსვეს, რომელიც ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა. სატელიტური მონაცემების გაანალიზების შედეგად, ინსტიტუტი ამბობს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები განსხვავებულია წინა წლების მონაცემებისგან, რაც აჩვენებს, რომ სტიქიის კერა გამორჩეულად არასტაბილური იყო კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც. როგორც ინსტიტუტი განმარტავს, ეს არ ნიშნავს სტიქიის გარდაუვალობას, მაგრამ ნიშანია, რომ მსგავსი რისკი არსებობს. როგორც ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი ამბობს, გამომძიებლის ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა სურდათ, არ გაჰკვირვებია, რამდენადაც ეს ასეც უნდა იყოს. ეჭვები გააჩინა იმან, რომ გამოძიებას სეისმური მონაცემები აინტერესებდა, რაზეც ხუციშვილმა უპასუხა, რომ ის სეისმოლოგი არ იყო და ამასთან დაკავშირებით, გამოძიებას კომპეტენტურ პასუხებს თეა გოდოლაძე გასცემდა — დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი და სეისმოლოგი. „პასუხად მივიღე, რომ ეს არის უბრალოდ მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დღეს [9 აგვისტო] მივედი საგამოძიებო სამსახურში და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი პროფესიონალიც მე არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ვაფიქსირებდი, მე არ ვიცი სეისმოლოგია, კითხვები მაინც ამას შეეხებოდა“, — ამბობს ლაშა ხუციშვილი. თეა გოდოლაძე თვლის, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ანგარიშსწორების სურვილზე მიანიშნებდეს მეცნიერების მიმართ, რომლებიც რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებით, ხელისუფლების ნარატივს არ იზიარებენ. „ეს ყველაფერი საეჭვოა იმ ფონზე, როცა ვისმენთ პრემიერმინისტრის სამარცხვინო განცხადებას, ბრალდებებს ოდიოზური მედიასაშუალებებიდან, სადაც მე ვყოფილვარ „ენჯეოშნიცა“ და თურმე ჩვენი მოსაზრებები გაბათილებულია შვეიცარიელი კოლეგების მიერ. შვეიცარიელი კოლეგების მიერ გაბათილებული ეს მონაცემები ვერ იქნება იმიტომ, რომ ისინი ამ პროფილის არ არიან და მეორეც — დაგვეთანხმნენ ისინი ერთი წლის წინ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა არსებობდეს მსგავს დასახლებულ პუნქტებში და დაამთავრეს ამაზე საუბარი. ეს ძალიან ცხადად წერია მათ დასკვნაში, რომელიც ქართულად არასწორად განზრახ ითარგმნა“, — ამბობს თეა გოდოლაძე. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტში თვლიან, რომ სატელიტური მონაცემების დამუშავება, რომელსაც შეუძლია სტიქიის წინამორბედ პროცესები გვაჩვენოს, წინასწარი შეტყობინების სისტემის კომპონენტად შეიძლება იქცეს, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების განცხადებებს. „ლაშასთან საუბრის მერე დავურეკე გამომძიებელს და ვუთხარი, წინასწარი შეტყობინების კომპონენტად არის ასევე სატელიტური მონაცემები, სადაც კლდე-ზვავის მომზადების პროცესია და ნიშნები დნობის. რატომ არ მოხდა ამ მონაცემთან დაკავშირებით ლაშას დაკითხვა? რატომ იყო აპელირება სეისმოლოგიაზე, რაზეც მან პასუხი ვერ გამცა და თქვა, რომ შემდეგ კიდევ დაგიბარებთო. ჩემი ეჭვია, რომ ამოღება უნდათ ამ მასალის განჩინებით, შემდეგ გადააგზავნიან ექსპერტიზისთვის სამხარაულში და ვინ უნდა გააკეთოს ამ მონაცემების ანალიზი? გარემოს სააგენტოს არცერთი შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავს, სამხარაულს შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს“, — ამბობს გოდოლაძე. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შოვში 2023 წლის აგვისტოში კლდეზვავი განვითარდა მყინვარ თბილისას თავზე ზ.დ. 3850 მ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე. კერიდან ჯამში დაიძრა და მყინვარ თბილისას შეეჯახა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მასალა. შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვანის ცხედარი დაკარგულად ითვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, შოვში განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, დასკვნის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აგვისტოს შოვში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მზადაა, შეხვდეს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ყველა დაინტერესებულ პირს და გაუზიაროს ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე. netgazeti
  6. რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათი ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს. წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია. „ჩაატარეს კვლევა, როგორ შექმნან ნორმალური მესენჯერი, რომ ყველაფრის „გაქაჩვა“ შეძლოს და WhatsApp-ს შეედაროს. გადაწყვიტეს საფუძვლად „ტამტამ“-ის აღება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. წყაროების ცნობით, „ტამტამ“-ს „წერტილოვანი ტექნიკური გაუმჯობესებები“ სჭირდება და ეს დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. ცნობისთვის, აქამდე YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს. ipn
  7. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. იპნ
  8. 86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათივე ცნობით, მსახიობს, 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. იპნ
  9. რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. „ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“, - წერს Forbes-ი. გამოცემა განმარტავს, რომ ყოფილი საბჭოთა და ყოფილი ამერიკული მანქანების ასეთი კომბინაცია მხოლოდ 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადაშია შესაძლებელი და კურსკის ბრძოლებში ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული ბრიგადის მონაწილეობა ხაზს უსვამს უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს. Forbes-ი ხაზს უსვამს, უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება. მასში ჩართულია მინიმუმ სამი ბრიგადა, თითოეულში 2000-მდე ჯარისკაცით: 22-ე და 88-ე მექანიზებული ბრიგადები და 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა. ”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა”, - ნათქვამია სტატიაში. იპნ
  10. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის 614 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პუბლიკა
  11. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მათი თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს. გამოძიების თანახმად, საუბარია სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით. TI-ში მიუთითებენ, რომ ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ოდინცოვოს რეზიდენცია ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოდინცოვოს რაიონი მოსკოვის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საგარეუბნო დასახლებაა – მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ რაიონის დასახლება იზმალკოვოში უძრავი ქონების დაგროვება ჯერ კიდევ 1997-98 წლებში დაიწყო. TI-ში მიუთითებენ, რომ ოდინცოვოს რეზიდენციას და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო, რაც მათი თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უჩა მამაცაშვილის განსაკუთრებულ სიახლოვეს ივანიშვილების ოჯახთან. სოკოლის რეზიდენცია გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძის თანასაკუთრებაშია კიდევ ერთი რეზიდენცია სავრასოვას ქუჩაზე, რომელიც მოსკოვის შემოგარენში სოკოლის დასახლებას ეკუთვნის – TI-ის ცნობით, სახლის თანამესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი. TI-ის განცხადებით, ამჟამად ივანიშვილების ოჯახს სახლი გაქირავებული აქვს ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე, საიდანაც ყოველ თვე 9,000 აშშ დოლარ შემოსავალს იღებს- მათი თქმით, ამ შემოსავლის უმეტეს ნაწილს შპს „აკვა-სფეისი“ ურიცხავს პირადად ეკატერინე ხვედელიძეს. ორგანიზაციის ცნობით, ამ გზით, ეკატერინე ხვედელიძემ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 94 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. TI-ში აღნიშნავენ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „აკვა-სფეისს“, ისე ეკატერინე ხვედელიძეს საბანკო ანგარიშები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებში აქვთ. ხვედელიძეს ანგარიში ვითიბი ბანკში აქვს, ხოლო შპს „აკვა-სფეისს“ – სბერბანკში. პუბლიკა
  12. დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში. პუბლიკა
  13. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“,- აღნიშნულია წერილში. იპნ
  14. ჩვენი მიზანია ქვეყანაში განვახორციელოთ ცვლილებები. გრძელვადიანი მშვიდობა უნდა შევქმნათ ამ ქვეყანაში, რომელიც დასავლელი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2393082980887384/
  15. ომი რუსეთმაც უნდა იგრძნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს ქვეყნის პოციზიების დაცვისა და თავდაცვითი ამოცანების შესრულებისთვის. „უკრაინელებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა და ეს ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ომში მიზნებისთვის მიგვეღწია. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, თუ რა ჩაიდინა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროში – სამართლიან სამყაროში და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. ცნობისთვის, რუსულმა მხარემ 6 აგვისტოს უკრაინის მიერ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადა. კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ავტორი - თინათინ მიგინეიშვილი
  16. კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს. “რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, - წერს ბელოუსოვი. მისი თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი. “ყველა უახლოესი დღე რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და მთავრობის სხვა ორგანოები საგანგებო ვითარების რეჟიმში იმუშავებენ”, - წერს ბელოუსოვი. იპნ
  17. ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით. „ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე. აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანაშრომლობის ზურგის შექცევაზე. თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ც ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას - სანდო და თანასწორ პარტნიორობას. მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”, - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის, კერძოდ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდა, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა დაპაუზდა. იპნ
  18. რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, - ინფორმაციას Meduza ავრცელებს. გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო. Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა. Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო კვირების განმავლობაში YouTube-ი შეფერხებით მუშაობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეანელონ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა მსხვილ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, რომ გეგმავენ, YouTube ვიდეოს სიჩქარე 128 კილობიტამდე წამში შეანელონ. იპნ
  19. 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული - სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი არის ოკუპანტი. ლილუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. „მაშინ როცა საქართველო უამრავი ადამიანის ხსოვნას მიაგებს პატივს და საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, საუბარი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზებზე უნდა მიმდინარეობდეს. ეს არის დღეები, როცა საომარი მოქმედებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ - რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. მან დაიკავა საქართველოს ტერიტორიები და მას შემდეგ აღრმავებს მცოცავ ოკუპაციას. მშვიდობიანობის ჟამსაც კი, რუსულ ოკუპაციას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ოკუპაციის ტვირთისგან აუცილებლად მშვიდობიანად უნდა გავთავისუფლდეთ - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად მშვიდობიან უნდა აღვადგინოთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  20. 16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად. "დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკვე უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და რომ გრძელვადიანი მშვიდობა გადის ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი მოკავშირეების არჩევაზე, ასევე, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის გადახდილი თითოეული სიცოცხლე გვახსოვს და პატივს მივაგებთ. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე - იქ, სადაც არის ნამდვილი სამართლიანობა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა, ნამდვილი განვითარება - ეს არის ევროპული კავშირის ერთიანი ოჯახი. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!", - აცხადებს გახარია მიმართვაში, რომელსაც "ფეისბუქზე" ავრცელებს. იპნ
  21. ბათუმში გუშინ, გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „ფორმულა” მომხდარზე წერს, რომ შემთხვევა რესტორან ვარციხის მარანთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია. publika
  22. პრემიერმა, თბილისის მერმა, უმრავლესობის ლიდერებმა აგვისტოს ომზე, ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით პოსტები დღეს, 8 აგვისტოს გამოაქვეყნეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ facebook-ზე გამოქვეყნა ფოტო – 16 წელი აგვისტოს ომიდან – აღწერის გარეშე. ასევე, მხოლოდ ფოტო გააზიარა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება, კახა კალაძეს, მის პოსტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, არც წელს არის ნახსენები სიტყვა რუსეთი. ცნობისთვის, კალაძემ რუსეთი არც აგვისტოს ომზე გამოქვეყნებულ შარშანდელ პოსტში ახსენა. ,,ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები- აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის. ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს”, – დაწერა კალაძემ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა. publika
  23. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აგვისტოს ომის 16 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. გვახსოვს ომში მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. აშშ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქცამია ბლინკენის განცხადებაში. publika
  24. უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. ipn
  25. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია. ”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა. ამასთან, კითხვაზე, არღვევს თუ არა უკრაინული ძალების ქმედებები კურსკის ოლქში აშშ-ის აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმის შესახებ, მეთიუ მილერმა უპასუხა : "მე ასე ვიტყოდი. ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და იმ ქმედებებით, რომლებსაც უკრაინელები დღეს ახორციელებენ, ისინი არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას", - აღნიშნა მილერმა. შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. ipn
×
×
  • შექმენი...