Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახან გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორინ – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP] – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“. ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს. ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახის მიერ ახალი ქონების შესყიდვის დამადასტურებელი საბუთები მოიპოვა უძრავი ქონების რეესტრიდან და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე. განცხადებაში ნახსენები საბუთი, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, 2024 წლის 19 აპრილიდან არის იზმალკოვოში [მოსკოვის ოლქი] მდებარე ნაკვეთის თანამესაკუთრე – უჩა მამაცაშვილთან ერთად. ნეტგაზეთი
  2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება. ცესკო-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღობის მოწყობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თანმდევი კომპონენტების მოწყობა ცესკოს 300 000 ლარზე მეტი დაუჯდა. რაც შეეხება ცესკოში მანდატურის სამსახურის შექმნას, ამაზე კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს. დისკუსიას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, მისი შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. პროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური ცესკოს შიდა აუდიტის განყოფილების შემადგენელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ უწყებას დაემატება 4-5 ადამიანი, რომლებიც “ვალდებული იქნებიან, ცესკოს შენობაში და სხდომათა დარბაზში წესრიგი დაიცვან, მათ შორის, დახმარება გაუწიოს ცესკოს თავმჯდომარეს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვაში”. კომისიის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან არასაჭიროდ მიიჩნევენ როგორც მანდატურების დამატებას, ისე ცესკოს შენობის ირგვლივ ღობის აღმართვას. მათი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე მანდატურების საშუალებით ეცდება კრიტიკული ხმის ჩახშობას სხდომაზე, ღობე კი უწყებას არჩევნების პერიოდში შესაძლო დემონსტრაციისა და მისგან მომდინარე საფრთხისგან დაიცავს. ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავდა, რომ გადაწყვეტილების მიზანი “ინსტიტუციური მოწესრიგებისა და სტანდარტებთან შესაბამისობაა”. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა “მე-3 წელია ვარ კომისიის წევრი და ჩვენ ერთი საერთო არჩევნები და 4 შუალედური არჩევნები ჩავატარეთ. მახსოვს ამ დარბაზში დაძაბულობაც, კონსენსუსიც, საქმიანი საუბარიც და არასაქმიანიც, და თქვენ არ დაგჭირვებიათ დახმარება ჩვენ დასაშოშმინებლად და პირიქითაც არ მახსენდება ასეთი ფაქტი. ახლა რატომ გახდა ეს აუცილებელი, რამე წინათგრძნობა გაქვთ, რომ გასაკავებლები ვიქნებით?”, – ჰკითხა კალანდარიშვილს ანა კობახიძემ, კომისიის წევრმა პარტიიდან “სტრატეგია აღმაშენებელი”. მას ასევე აინტერესებდა, იქნებიან თუ არა ქალები მანდატურთა შორის. კალანდარიშვილმა დაუდასტურა, რომ მანდატურთა ჯგუფი ორივე სქესის წარმომადგენლებისგან შედგება, მანდატურების საჭიროების შესახებ კი უპასუხა, რომ ეს უწყების განვითარების შედეგია. “არანაირი წინათგრძნობა, არანაირი ის რიტორიკული განწყობები, რომელიც თქვენს კითხვაში გაისმა, ამ ყველაფრის მიღმა არ დგას. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია და მდგომარეობს იმაში, რომ ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით, სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუცია განვითარდეს სხვადასხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა კალანდარიშვილმა. მისი თქმით, რადგან ცესკო კოლეგიური ორგანოა, ისევე როგორც, მაგალითად, პარლამენტი, საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს მსგავსი ინსტიტუციური მოწყობა. კომისიის წევრთა პროტესტი კი შეაფასა როგორც წესრიგის წინააღმდეგ წასვლა. კომისიის წევრმა პარტია “ლელოდან”, გიორგი სიორიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი სხდომაზე კრიტიკული აზრის ჩახშობა. კალანდარიშვილის მიერ პარლამენტთან პარალელის გავლებას კი ასეთივე პარალელით უპასუხა. მისი თქმით, როგორც საპარლამენტო კომიტეტის სხდომებზე აძევებენ დეპუტატებს თავმჯდომარისთვის მიუღებელი განცხადებების გამო, ისეთივე ბერკეტად გამოიყენებს მანდატურებს ცესკოს თავმჯდომარეც. “ხშირად არის ეჭვი, რომ პოლიციური რეჟიმი შემოგაქვთ აქ, რომ უსაფრთხოების სამსახური მართავს [ცესკოს] და ამ ეჭვს თქვენი ქმედებები უფრო ამტკიცებს”, – ასე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს დავით კირთაძემ, კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”. მან კალანდარიშვილს სთხოვა განემარტა, რომელ საერთაშორისო სტანდარტს შეუსაბამა აღნიშნული გადაწყვეტილებები და რომელ ქვეყანაში იცავს ცესკოს ღობე და მანდატურის სამსახური. “რაში სჭირდება ამას კონკრეტული მაგალითები. ძალიან მარტივია – კოლეგიური ორგანოა, ინსტიტუციის წინაშე გაიზარდა ვალდებულებები, გაიზარდა ადამიანური რესურსი, გაიზარდა ინფრასტრუქტურული მოცემულობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ინსტიტუციაში, კენჭისყრის შენობა იქნება ეს თუ მის მიღმა, წესრიგი იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. დავით ჯინჯოლავამ, კომისიის წევრმა “ევროპული საქართველოდან” განაცხადა, რომ ცესკო მხოლოდ 2024 წელს 5,5 მილიონ ლარს ხარჯავს დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას ემატება უსაფრთხოების სხვა ზომებისთვის გაწეული ხარჯი და დღეიდან, მანდატურის სამსახურიც. ჯინჯოლავამ თავმჯდომარეს სთხოვა, საერთოდ არ გაეტანათ საკითხი კენჭისყრაზე. “ღობე ძალიან სასაცილო გამოვიდა, ბატონო გიორგი, რომ იცოდეთ. თანამშრომლები ეძახიან მექსიკის საზღვრის ღობეს. წინა არჩევნებზე თქვენს პატარა სხდომათა დარბაზში ორი დაცვის თანამშრომლით ისხედით. ჩვენ ნუ გვეუბნებით, რომ მანდატურის გვეშინია. ჩვენ უბრალოდ ეს მიდგომა არ მოგვწონს, რომელზეც თქვენ პასუხი არ გაქვთ. თითქოს რაღაცა ახალი სტანდარტი უნდა დანერგოთ და მაგისთვის გვჭირდება 17 ადამიანს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ მანდატურები. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ წელს 5,5 მილიონს ვუხდით დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას დაემატება მანდატურის სამსახური … რაში გჭირდებათ ეს მანდატურები? მე კი ვიცი ამის პასუხი, საზოგადოებას აუხსენით. დაცვის პოლიცია გყავთ, პირადი დაცვა გეყოლებათ, 4-მეტრიანი ღობე შემოღობილია, რა უნდა გავაკეთოთ ამისთანა ჩვენ, რომ კიდევ 4-5 მანდატური გჭირდებათ?”, – ჰკითხა მან კალანდარიშვილს. დისკუსიაში ჩაერთო არჩილ ასანაშვილი, კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”. მან განმარტა, რომ სხდომიდან ვინმეს გაძევების გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად იღებს და თავმჯდომარეს ამის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია. მისი თქმით, წარდგენილი ცვლილებები ამას ეხება. მანდატურის სამსახურის შექმნა კი ამ გადაწყვეტილების აღსრულებას გაამარტივებს. გარდა ამისა, ასანაშვილის თქმით, თუ აქამდე არსებული რეგლამენტით გაძევებული წევრი დარბაზიდან დაცვის პოლიციას უნდა გაეყვანა, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში კი საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვებოდა, ახლა “პოლიცია გადის ამ პროცესიდან და შემოდის ჩვენი თანამშრომელი [მანდატური]”. სხდომაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ ცესკოს თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, “განცდების დონეს” გასცდნენ და გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღონ. წევრთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, დადგენილების პროექტი 10 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნეტგაზეთი
  3. რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მდინარე სეიმის მიმდებარედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობის ნაწილი მოწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ხიდი კრემლის მიერ საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა და მისმა განადგურებამ, შესაძლოა, ოკუპანტების წინსვლის შეფერხება გამოიწვიოს. როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კურსკში თავიანთ პოზიციებს ამაგრებენ და აღნიშნა, რომ დაკავებული ტერიტორიები შეიძლება მიიჩნიონ „გაცვლის ფონდად”, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვთან უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ გამოიყენებენ. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევის მეორე კვირა დაიწყო – გავრცელებულ ცნობებს რუსეთის რამდენიმე ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ევაკუაციის გამოცხადება მოჰყვა. ამ დროისთვის, დაახლოებით, 120 000-მდე ადამიანმა საზღვრისპირა დასახლებები დატოვა. ტერიტორიული კონტროლის მოპოვების შესახებ უკრაინა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, მათ სხვისი ტერიტორიები არაფრად სჭირდება და იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. პუბლიკა
  4. გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“. „გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება. საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს", - წერს კარდინი. იპნ
  5. ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. „გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე „მაიმუნის ყვავილის“ სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ. ამჟამად „მაიმუნის ყვავილი“ აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და კონტინენტის გარეთაც, თუმცა, ჯერჯერობით შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) და მეზობელ ქვეყნებში. ანალოგიურად, 2022 წლის ივლისშიც ჯანმომ „მაიმუნის ვირუსი“ საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რაც მოიხსნა 2023-ის მაისში, როდესაც შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. მოკლე შეხსენება ამ ინფექციის შესახებ: დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. სიმპტომები ჰგავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები. დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში”,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში. იპნ
  6. 16 აგვისტოს თბილისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა. პარტიის განცხადებით, საკითხი ეხება - „ოცნების შემომწირველისთვის ნოშრევან ნამორაძისთვის სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე დამატებით 12 სართულის მშნენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემას - როგორც პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების გაყალბების მორიგი მცდელობას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/496197343231050
  7. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე. „როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს. ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების საწყის ეტაპზე, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტიდან გამომდინარე და ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, სამუშაოების წარმოების გეგმაში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების შესრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე, მაგალითად, ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტების მიერ, საკურთხევლის თავზე დამატებით მოეწყო დროებითი საფარი, ვიდრე ძირითადი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია აიგებოდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, კომპანია „ქუადრექსის“ ხელმძღვანელმა, სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, რადგან აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზედ რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი. გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, და მიიჩნია რომ დაგეგმილი სამუშაოების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ქუადრექსი" დაასრულებდა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკურთხევლის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობას. შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის, კონქისა და აფსიდის პროექტით გათვალისწინებული დროებითი გადახურვის მოწყობა კათედრალის დანარჩენ სტრუქტურაზე, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის - გუმბათის გადახურვის სამუშაოები. ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე. მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებიდან იგრძნობა და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
  8. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას უმასპინძლა. კარა-მურზა ბაიდენმა ადმინისტრაციაში ოჯახთან ერთად მიიღო. თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ – რუსეთმა გაათავისუფლა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ასევე, ვლადიმერ კარა-მურზა. publika
  9. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა. საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”; №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”; №3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”; №4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”; №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; №6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; №7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”; №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”; №9 – „ლელო საქართველოსთვის”; №10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; №11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; №12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”; №13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”; №14 – „მესამე გზა”; №15 – „სამართლიანობისთვის”; №16 – „შეცვალე საქართველო”; №17 – „საქართველო”; №18 – „პროგრესი და თავისუფლება”; №19 – „დემოკრატთა ალიანსი”; №20 – „თავისუფალი საქართველო”; №21 – „ტრიბუნა”; №22 – „კანონი და სამართალი”; №23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”; №24 – „მწვანეთა პარტია”; №25 – „გახარია საქართველოსთვის”; №26 – „მემარცხენე ალიანსი”; №27 – „ქართველ ერთობა”; №36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”; №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”; №48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის”. netgazeti
  10. ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn
  11. საქართველოში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც. ამის შესახებ „პუბლიკას” საელჩოში განუცხადეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულას” ეთერში კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული. publika
  12. რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებშია ჩარჩენილი, საავადმყოფოები, სახლები და სავაჭრო ცენტრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. “სრული ჩაქრობა ვლადივოსტოკში. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. ათობით ადამიანი რჩება ლიფტებში ჩარჩენილი“, - წერს „ტელეგრამ“ არხი SHOT-ი. რუსეთის ხელისუფლება შედეგების ერთ საათში აღმოფხვრის დაპირებას იძლევა. ipn
  13. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 აგვისტოს თათბირზე მოახსენა. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურება სუჯის და სამ სხვა დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად შეიქმნა სამხედრო კომენდატურა, მის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედაურდ მოსკალოვი დაინიშნა“, – თქვა სირსკიმ. უკრაინა უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. netgazeti
  14. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
  15. არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და “ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის” სალაროს ავსებდა. „არჩევნებზე „ოცნების” „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ. გუშინ დასახელებული ე.წ დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის” სალაროს ავსებდა. „ოცნებას” მცდელობა აქვს აღადგინოს მაჟორიტარული წესი და ამისთვის გააუქმა კვოტირება, პოლიტიკური პარტია „გირჩის” დახმარებით. ამით კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები, როცა სრულად პროპორციულ სისტემას იღებდა. ამ კორუმპირებული ფეოდალებით ჰპირდება „ოცნება” ხალხს კეთილდღეობას. ამათ იმედად მყოფი ხელისუფლება გველაპარაკება კონსტიტუციურ უმრავლესობაზე. მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება” ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. ასევე ფაქტია, რაც გუშინ ვიხილეთ, რომ „ოცნებას” განახლების რესურსი აღარ აქვს. შეხედეთ ამ სახეებს - ეს ხალხი არათუ ევროპაში ვერ მიგვიყვანენ, არამედ, პარტნიორებთან გაფუჭებულ იმ ურთიერთობასაც ვერ აღადგენენ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში „ოცნებამ” გააფუჭა. შესაბამისად, „ოცნების” ბილბორდებზე ევროპის დროშის გამოსახულება არის სრული ფარსი”, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. ipn
  16. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ეფემერულ პოლიტიკურ ეფექტზეა” გათვლილი, რომელთაც რუსეთი სათავისოდ იყენებს და დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას. ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა, რომელმაც პოსტი რუსული კანონის გამო დატოვა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. „სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი გაეროში “ჩვენს პოზიციებს” იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს“, – წერს ჯავახიშვილი. დიპლომატი პოსტს ურთავს ფრანგული Le Figaro-ს სტატიას, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა და სადაც მოყვანილია პუტინის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი აგვისტოს ომამდე. „აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან? გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით), რომ რუსეთი იყო აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას“, — წერს ყოფილი ელჩი. გოჩა ჯავახიშვილი ასევე ახსენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაშიც ქართველი დიპლომატები აღმოჩნდნენ, რადგანაც მათ მმართველი პარტიის „განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ“. „ეროვნული ინტერესი უზენაესია ყოველი პარტიულ და ბიზნესინტერესებზე“, — ასე ასრულებს თავის გამოხმაურებას გოჩა ჯავახიშვილი. დიპლომატმა, როდესაც საფრანგეთში საქართველოს ელჩობაზე რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა უარი, განაცხადა, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც 2023 წელს უკან გაწვეული და 2024 წელს რეინკარნირებული რუსული კანონის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. გოჩა ჯავახიშვილის მაშინდელი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს უკომენტაროდ არ დაუტოვებიათ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ გოჩა ჯავახიშვილმა რუსული კანონის გამო პოსტის დატოვებით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს. რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან ციტატა წაიკითხა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან იმის “საილუსტრაციოდ”, რომ კრემლისა და საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციები აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს და დასავლეთის დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ომის კვლევის ინსტიტუტი ISW მმართველი პარტიის ნარატივებს ეხმიანება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მას კრემლის საინფორმაციო პოლიტიკის ანარეკლად მიიჩნევს. რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო. რუსი პროპაგანდისტები „ოცნების“ განცხადებას „აღიარებად“ აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ განცხადებას რუსულ მედიასაშუალებებში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა, „ოცნების“ 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“. NETGAZETI
  17. კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“. ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი ახალი ამბების ვებ-გვერდები პოსტავდნენ პოლიტიკაზე ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. საქართველოს შემთხვევაში, პოსტები ეხებოდა „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს – ქსელი აკრიტიკებდა მომიტინგეებს და მხარს უჭერდა მმართველ პარტიას. NETGAZETI
  18. აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. აღნიშნული დაავადება იწვევს გაციების მაგვარ სიმპტომებს, კანის გაღიზიანებას და შეიძლება ფატალურიც იყოს. არსებული სტატისტიკით, „მაიმუნის ყვავილი“ ასიდან ოთხ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. იპნ
  19. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს. ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წინ 35 კილომეტრით წაიწიეს და რუსეთის ტერიტორიის 1 150 კვადრატულ კილომეტრს და 82 დასახლებას აკონტროლებენ. იპნ
  20. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დღეს 13:00-ზე შეატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე ოლიმპიელების დახვედრისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პრეზიდენტის თქმით, თავად მიღების გამართვას სექტემბერში აპირებს. მან ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც არ არის მართებული დღეს ღონისძიების გამართვა – პარაოლიმპიელების ასპარეზობა ახლა იწყება და 8 სექტემბერს დასრულდება; ამასთანავე, მისი აზრით, ოლიმპიელებისთვის მოწყობილი ღონისძიება სახალხო უნდა იყოს. „მე არ მჩვევია რაღაცა კინკლაობა და სხვა დონის პოლიტიკური საკითხები გვაქვს გასარჩევი, მე მგონი. როცა ვაცილებდით, გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ და მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება სასწრაფოდ დაჯილდოება. ჯერ ერთიც, ესაა სერიოზული საქმე და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის – ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმია და მე ვაპირებ, მოვაწყო სახალხო ზეიმი. პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტმბრამდე და წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, მაგრამ როგორ შეიძლება, ჩვენ ვიზეიმოთ ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე იმ სპორტსმენების, ვინც მთავარ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა და ცალკე – პარაოლიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღეთ მთლიანად ხალხი, საზოგადოება, ოლიმპიელები თუ პარაოლიმპიელები. გელოდებით სექტემბერში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. პუბლიკა
  21. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ
  22. ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“. უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ. იპნ
  23. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის გარკვეულ ნაწილში „მაიმუნის ყვავილის” გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ვირუსულმა დაავადებამ კონგოს რესპუბლიკაში თავდაპირველი გავრცელების დროს, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსვერპლა. ამჯერად ის გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებშიც, რის საფუძველზეც WHO-მ საგანგებო კომიტეტი მოიწვია. WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, დაავადების გავრცელების პოტენციალი აფრიკის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ „ძალიან შემაშფოთებელია”. „მაიმუნის ყვავილი” (Mpox) ვრცელდება ახლო კონტაქტით და ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები, ასევე, გამონაყარი და შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. პუბლიკა
  24. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”. 7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ” ვრცელი განცხადება გაავრცელა და კვლავ „ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობაზე ისაუბრობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს”, რაც მათი მტკიცებით არჩევნების შემდეგ „აუცილებლად ასე მოხდება”. publika
  25. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების - საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა. ფრანჩესკა გატის თქმით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შედეგად, უკანონო სამხედრო ყოფნიდან 16 წელი გავიდა. „2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. ვინაიდან დღეს ჩვენ, ყველა მოწმე ვართ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის - რუსეთი განაგრძობს ამ გზას. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წ####ბსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ. მისი თქმით, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაუშვას ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალში. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობის აუცილებლობას. „ჩვენ ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იქნას უზრუნველყოფილი, რომელსაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს - გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომა. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით გადაწყვეტის აუცილებლობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების წვდომა აღნიშნულ რეგიონებში“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.
×
×
  • შექმენი...