-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და “უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. 23 აგვისტოს, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან, 18:40 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდზე უკრაინის დროშას გადმოფენენ. “გავერთიანდეთ! ჩვენი დროშა - მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო - მაღლა უნდა ავაფრიალოთ და მსოფლიოს გამოვუცხადოთ: - დღეს უკრაინა არის ამ სამყაროში სინათლისა და სიკეთის გამარჯვების გარანტი“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორი უკრაინელი აქტივისცები. 24 აგვისტოს, 12:00 - 17:00 საათზე, უკრაინული სახლი სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებს. კერძოდ, მოეწყობა უკრაინელი მწარმოებლების კრაფტული პროდუქციისა და ნუგბარის ბაზრობა; პროექტი "ფესვების" სახელოსნო: - სამკაულების დამზადება; ბავშვების ზონა; საკონცერტო პროგრამა; ინტელექტუალური თამაში "დობრომირი"; უკრაინული ენის ანტიგაკვეთილი. 24 აგვისტოს, 19:00 საათზე, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე RadioCafe-ში მუსიკალური პროგრამა დაიწყება. კონცერტზე შეგროვებული თანხა სრულად ნინო ქათამაძის ფონდში გადაირიცხება და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება. ipn
-
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ განწესებულია უვადოდ.
-
პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, -ნათქვამია ინფორმაციაში. -
დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/816562243892002
-
თუ “ოცნებას” ნაცების დასრულება უნდოდა სად იყვნენ თორმეტი წელი? ან სად არიან დღეს? რეალურად “ოცნებას” არ აწყობს ნაცების წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1040141617047535
-
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. „მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა და გვაქვს გაცვლის ფონდის შევსება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ასევე, ისაუბრა ამ ტერიტორიაზე სამხედრო კომენდატურის მოქმედების შესახებ. გარდა ამისა, სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარმოადგინა მოხსენება კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ სუმის ოლქში არსებული ვითარების შესახებ. „ფიქსირდება დაბომბვის რაოდენობის კლება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის შემცირება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. იპნ
-
ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა – რას ჰყვებიან დაზარალებულები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თაღლითურის სქემის შესახებ, რომლითაც ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ. სცენარი ყველა შემთხვევაში მსგავსია: რუსულენოვანი ადამიანი რეკავს სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებთან, ეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და იმისთვის, რომ არ დააპატიმრონ, უნდა გადაურიცხოს თანხა. სიტუაციაში გარკვევის მცდელობას მოჰყვება პოლიციითა და პატიმრობით მუქარა, ან აქცენტირება ადამიანის სიცოცხლეზე – “ჯერ თანხა გადმორიცხეთ სასწრაფო ოპერაციისთვის, დანარჩენი მერე გავარკვიოთ”. ადამიანები, ვისაც ურეკავენ, ძირითადად ასევე რუსულენოვანები არიან. შესაბამისად, მათთვის რუსულ ენაზე კომუნიკაცია, თუნდაც ოჯახის წევრთან, ეჭვის საფუძველი არ არის. მით უმეტეს, რომ ის, ვინც რეკავს, სახელით მიმართავს, ან ოჯახის კონკრეტული წევრის სახელით ესაუბრება. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ თაღლითები შემთხვევითობის პრინციპით კი არ რეკავენ უცხო ნომრებზე, იციან, ვინ უნდა იყოს მათი სამიზნე. ცნობილია ოდნავ განსხვავებული შემთხვევებიც – როცა რუსულენოვანი ადამიანი ტირილით რეკავს, ამბობს, რომ ავარიაში მოყვა, აქვს ფიზიკური დაზიანებები და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რისი ფულიც მას არ აქვს. ამიტომ, ითხოვს დახმარებას. ნებისმიერ შემთხვევაში კომუნიკაცია არის ქაოსური – ტირილი, ყვირილი, მუქარა, ხმაური, გაურკვეველი საუბარი, სათქმელის დასრულების გარეშე სხვა თემაზე საუბრის დაწყება და ა.შ. ამის გამო ადამიანებს უჭირთ ამბის კარგად გააზრება და ნერვიულობას იწყებენ ოჯახის წევრებზე, რომლებზეც ეუბნებიან, რომ ავარიაში მოყვა და საფრთხე ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. ამ ეტაპზე უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა მიმართა პოლიციას მსგავს საქმეზე, ან არის თუ არა ვინმე დაზარალებულად ცნობილი. ადამიანებს, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მათთვის ფულის გამოძალვა ვერ მოახერხეს, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, არ აქვთ ეფექტიანი გამოძიების იმედი. თამო მათიაშვილი გვიყვება, როგორ გახდა თაღლითური სქემის ობიექტი მისი დედამთილი, წარმოშობით უკრაინელი 81 წლის ქალი. რუსულენოვანმა ქალმა მას ტირილით უთხრა, რომ მისი შვილიშვილი იყო, ავარიაში მოყვა და აპატიმრებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 6000 დოლარი. ქალი ამტკიცებს, რომ ადამიანს, ვისაც ესაუბრა, ნამდვილად მისი შვილიშვილის ხმა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ანერვიულებულ ქალს ტელეფონი გაუთიშეს, ოჯახის წევრებმა ნათიას პირად მობილურზე დაურეკეს. საბედნიეროდ, მან მაშინვე უპასუხა და გაირკვა, რომ ავარიაში არ მოხვედრილა. თუმცა განსხვავებული გამოცდილება აქვს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთ რესპონდენტს, ქრისტინას. მას უთხრეს, რომ ავარიის მიზეზი დედამისი გახდა, შედეგად კი ახალგაზრდა კაცი სიკვდილის პირას იყო. ამბის გადასამოწმებლად მან დედას პირად მობილურზე დაურეკა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. ანერვიულებულმა ქრისტინამ ტაქსი გამოიძახა და წავიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში – იქ, სადაც უთხრეს, რომ გადაყვანილია მომაკვდავი ახალგაზრდა კაცი. ქრისტინას დედაც რუსულენოვანია, ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა “დედამ” რუსულად დაუწყო საუბარი. თავიდან დარწმუნებული იყო, რომ დედას ესაუბრა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა იხსენებს, უკვე ეჭვი ეპარება ამაში. ამბობს, რომ იმდენად ააღელვა ნათქვამმა, შესაძლოა ხმის ტემბრს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რითაც თაღლითობის ამოცნობა შეიძლებოდა, აღარ დააკვირდა. ამბავი კი, რაც მას უთხრეს, ასეთია: დედამისმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები – გადადიოდა წითელზე. მომავალი მანქანის მძღოლმა სცადა მისთვის გვერდი აექცია, რის გამოც კედელს შეეჯახა. ახლა დედამისის გამო ეს მძღოლი, ახალგაზრდა კაცი, სიკვდილის პირას იყო. ამიტომ, სასწრაფოდ მოითხოვდნენ ოპერაციის თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უჩივლებდნენ. ამბობს, რომ სახლში დაბრუნებულმა ეს ამბავი მეზობელს მოუყვა. რამდენიმე საათში მსგავსი ისტორიით დაურეკეს ამ მეზობელსაც. თუმცა მან, რადგან უკვე იცოდა ქრისტინას გამოცდილების შესახებ, ტელეფონი გაუთიშა. ქრისტინამ ეს ისტორია სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა. ამბობს, რომ პოსტის დაწერის შემდეგ ბევრი ადამიანი სწერს პირად შეტყობინებებში და უყვება თავის გამოცდილებას. იცის, რომ ვიღაცები მოტყუვდნენ და მართლა გადარიცხეს თანხა. სმენია შემთხვევაზე, როცა მოხუცი კაცი პირადად შეხვდა და გადასცა ფული თაღლითებს. დაურეკეს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტის, ირმას დედასაც და მოატყუეს, რომ მისი შვილი ავარიაში მოხვდა. ირმას დედაც რუსულენოვანია. ისიც ამბობს, რომ ქალს, ვისაც ესაუბრა, მისი შვილის ხმა ჰქონდა. პოლიციისთვის არც მათ მიუმართავთ. არ იცის, რა ნომრიდან დაურეკეს, რადგან მათი სახლის ტელეფონზე შემომავალი ნომრის გარჩევა შეუძლებელია. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ზარები ძირითადად დაფარული ნომრებიდან ხორციელდება გამთენიისას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნომერი ხილულია, მასზე უკან დარეკვა შეუძლებელია. ნეტგაზეთი -
რუსული კანონის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო 29-30 აგვისტოს განიხილავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, სხდომა 31 აგვისტოსაც ჩატარდება. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის და ოპოზიციონერი დეპუტატების. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. სარჩელის ავტორები დროებითი ღონისძიების გამოყენებას და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებას მოითხოვენ. 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება. პუბლიკა -
სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება. „საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე... ეს როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ოკუპანტებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ფაქტს დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა. მან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, - განაცხადა ოდიშარიამ. იპნ
-
ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას - მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა“. მეზვრიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნონ ოქმი, რომელზეც მისი ხელმოწერაა, ასევე, აცხადებს, რომ ელოდება წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ. „პროკურატურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და პროკურატურა ვალდებულია ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. მეტიც, მე რომ არ შემეტანა, თავად უნდა დაეწყოთ. მაინც მივედი - პატივს ვცემ ინსტიტუციას და საჯარო მოხელეებს. ნაცვლად გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა, მოითხოვეს მონაწილეობა გასაუბრების პროცედურაში, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს უკანონო პროცედურა სჭირდებოდათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად. ბუნებრივია, ამის საშუალება არ მივეცი. შევადგენინე კანონიერი ოქმი, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე და გამოვხატე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის (ანუ კანონიერ პროცესში მონაწილეობის) მზაობა. ოქმში ბუნებრივია, არ ჩავაწერინე ის, რაც უნდოდათ (რომ დამეფიქსირებინა უარი ინფორმაციის მიწოდებაზე). ასევე, მოვითხოვე გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული, წერილობითი უარი. მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ოქმი (რომელზეც ჩემი ხელმოწერა) და ველოდები წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარზე. საზოგადოებას შევახსენებ, დღეს პროკურატურამ უარი თქვა კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე - დანაშაულზე რეაგირებაზე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იქცა ყველა შემდგომი ძალადობის თანამონაწილედ“, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.
-
თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ნათია მეზვრიშვილი მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის პირობას დებს პარტია, რომელიც მთავარი ლგბტ პროპაგანდისტია, რომლის უკიდეგანო კორუფციის გამო ოცნების ელიტები მდიდრდებიან და ოჯახები ღარიბდებიან, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; რომლის უმოქმედობის გამო, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გაორმაგებულია; პარტია, რომელმაც ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები, მოხუცები განსხვავებული აზრის გამო ზონდერებს აცემინა; პარტია, რომლის ლიდერები ქალებს საპარლამენტო ტრიბუნიდან აგინებენ; პარტია, რომელმაც კრიმინალს ისე გაუხსნა გზა, რომ 19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს; პარტია, რომელსაც არ აინტერესებს ღირსებისშემლახავი პირობების გამო გაფიცული ახალგაზრდები; - მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გველაპარაკება პარტია, რომელმაც დაბალანსებული პოლიტიკის წარმოების ყველანაირი გზა მოჭრა და დღეს მხარეა; პარტია, რომელმაც ეუთოში ქვეყნის დეოკუპაციას, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მხარი არ დაუჭირა; პარტია, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი ყველა მეგობარი დაგვაკარგვინა და იზოლაციისთვის გაგვწირა. უფრო კონკრეტულად მშვიდობაზე გველაპარაკება ომის პარტია. დღევანდელი ტყუილებით გაჯერებული განცხადება ხალხის შეურაცხყოფაა. დამარცხებული ხელისუფლება, რომლის სიტყვის ფასი ნულია, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, რომლისთვისაც პოზიციების ცვლილება რჯულზე უმტკიცესია, უშვებს, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს. მხოლოდ ამ შეურაცხყოფის გამო უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა ოცნების წინააღმდეგ მისცეთ. ხო მართლა, ქართული ოცნება / Georgian Dream ნაცმოძრაობის დამნაშავე მაღალჩინოსნები რომ ჩამოთვალეთ გავასამართლეთო. თქვენ კი არ წარადგინეთ მართლმსაჯულების წინაშე, არამედ მე და ჩემნაირმა მოხელეებმა. თქვენს ნებაზე რომ ყოფილიყო, იმას ვიხილავდით, რასაც ახლა სააკაშვილის პროცესზე ვხედავთ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/26590568913889878
-
რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. „მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არის. ნეტგაზეთი
-
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში, სულ მცირე, 2 ავტომობილი დაზიანდა. სხვა დეტალები– მაგალითად, არიან თუ არა დაშავებულები – ამ ეტაპზე უცნობია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, მომხდარის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც გვირაბში, ასევე გზის სხვა მონაკვეთებზეც. გარეკანის ფოტო: „მთავარი არხი“ ნეტგაზეთი
-
სუს: საოკუპაციო რეჟიმმა გალის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. სუს-ი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. -
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). √ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიული სიებთან დაკავშირებით. პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. √ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თანამდებობა (საქმიანობა). სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თანამდებობა (საქმიანობა); საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი; თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. იპნ -
“ოცნების” ხელისუფლება მარცხდება და არანაირი რესურსი არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ უბრალო უმრავლესობის მოპოვების აღარ აქვთ. “ოცნებას” სასაუბრო არაფერი არ აქვს, მხოლოდ ცუდ წარსულზე საუბრობენ და ამისთვის “ნაც.მოძრაობა” არის საუკეთესო გამოსავალი, ამიტომაც არიან ისინი ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1194680458403699/
-
"პოლარიზების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე მობეზრებული აქვთ “ოცნების” ტყუილები და ამასთან ძალიან კარგად იციან, რომ “ნაც.მოძრაობას” რევანშით დაბრუნების თავი არ აქვს. პოლიტიკურ ველზე კი ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ალტერნატივად შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1996337644156428/
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით, “გადატრიალების მცდელობა” იყო. სინამდვილეში კი ის ფაქტი, რომ დავით სარალიძის მკვლელი გაუსამართლებელი რჩებოდა, მასშტაბური პროტესტის შემდეგ ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, შემდეგ -სააპელაციო სასამართლომ, მოგვიანებით კი ხელახალმა გამოძიებამაც დაადასტურა. რა მოხდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე — ქრონოლოგია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 20 აგვისტოს გავრცელებული განცხადებაში ირწმუნება, რომ მოსამართლის „საეჭვო“ გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა“ მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად მმართველი პარტიის რწმუნებისა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის არასრულფასოვან გამოძიებაზე კითხვები მოკლული დავით სარალიძის ოჯახს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჰქონდა და საპროტესტო გამოსვლებიც მას შემდეგ დასრულდა, რაც მოკლული დავით სარალიძის მამამ თქვა, რომ „სამართალი აღდგა“. პირველადი გამოძიება და დაკავებები: თბილისში, ხორავას ქუჩის 4 ნომერში მოზარდებს შორის დაპირისპირება 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. ჩხუბს ორი არასრულწლოვანის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანების განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა — გ.ჯ და გ.ბ. მალევე ცნობილი გახდა, რომ „გარჩევის“ მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა პროკურატურის თანამშრომელი იყო, თუმცა პროკურატურა ხაზს უსვამდა, რომ აღნიშნული მოზარდი უშუალოდ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არ იყო. საუბარი იყო მირზა სუბელიანზე, რომელიც პროკურატურისვე განცხადებით, 2014 წლიდან მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა და არც შეიძლება რომ ჰქონოდა. მოგვიანებით, 2017 წლის 4 დეკემბერს, პროკურატურამ ორი არასრულწლოვანის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალი ხუთ პირს წარუდგინა. იმავე დღეს, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობდა და საქმის ყველა ძირითადი ფიგურანტი დაკავებული და დადგენილი იყო. პროტესტი მკვლელობის სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნით 2018 წლის მაისში დაიწყო. 25 მაისს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ მისი შვილის დაჭრაში, მისი ინფორმაციით, კიდევ ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც პასუხისგებაში არ იყვნენ მიცემული. სარალიძე ასევე დავობდა, რომ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი. სარალიძე ასევე საუბრობდა მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზეც. ამ თემაზე წაიკითხეთ: რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნით პირველი ფართომასშტაბიანი აქცია 2018 წლის 27 მაისს გაიმართა. რა დაადგინა სასამართლომ? 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი ცნო დამნაშავედ, თუმცა, განაჩენის მიხედვით, სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე. უნდა აღინიშნოს, რომ ეკა არეშიძე, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღევანდელი განცხადებით “უცხოელებისგან საეჭვო პრივილეგიებით“ სარგებლობაში ადანაშაულებს, ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც წარსულში არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი „კლანად“ მოიხსენიებს. – ამ თემაზე წაიკითხეთ: კლანგარეშე მოსამართლეები სწორედ ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. გ.ჯ. კი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ მისი ბრალი მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა და ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობი დარჩა, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ოჯახმა იმავე დღეს პროკურატურასთან გამართა აქცია ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. იმავე დღეს, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. მაშინ შოთაძეს ამ გადაწყვეტილებისთვის აქებდა ირაკლი კობახიძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა: ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. მოკლული სარალიძის ოჯახი მიიჩნევდა, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობდა, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებდა ხელს. რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ კი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“. 2018 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანია მოკლული — დაკავებულია მირზა სუბელიანი. მას შსს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. რა დაადგინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ? პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილე მიხეილ კალანდიას, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ნათესავია, გარკვეული საგანი ე.წ. ტარი ჰქონდა და ჩხუბისას იყენებდა. კომისიის ინფორმაციით, ეს საგანი მიხეილ კალანდიამ მოკლული დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში მომხდარი ჩხუბისას გამოიყენა. ამასთან, კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მიხეილ კალანდია მის მეგობრებს ამ საგანს. „მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი. აღნიშნული ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ” ,– ეწერა კომისიის დასკვნაში. – ამ თემაზე წაიკითხეთ: დადუნაშვილი-სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისიის დასკვნა სრულად 2018 წლის 14 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც ტელეარხის ცნობით, საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია. ასევე, ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში. მოგვიანებით სუბელიანთან შეხვედრა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ვიქტორ ჯაფარიძემაც, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ მიუღია. 2018 წლის 21 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას იმდროინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიების პერიოდში არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. გახარიას თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ იცის, არჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განზრახ იყო უგულებელყოფილი თუ არა, თვლის, რომ სამოხელეო გადაცდომაზე სისხლისსამართლებრივი საქმე უნდა აღიძრას. ამასთან, გახარიამ, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ მიუხედავად აქტიური მუშაობისა, უწყებას იმ დროისთვის კალანდიას მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა. რა დაადგინა სააპელაციო სასამართლომ? 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ გ.ჯ-მ, რომელსაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მსჯავრი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დაედო, არასრულწლოვანი ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა. შესაბამისად, არა მოხლოდ მოსამართლე ეკა არეშიძის, არამედ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც უცნობი რჩებოდა, გ.ჯ-ს გარდა კიდევ ვინ მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში. პროკურატურის მიხედვით, სარალიძის მკვლელობის მეორე ფიგურანტი გ.ბ. იყო, თუმცა სასამართლომ ეს ვერსია არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მეორე დამნაშავის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებდა, რომ პირველად გაუჩნდა განცდა, რომ სამართალი უნდა აღდგეს: მიხეილ კალანდიას დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, 2019 წლის 4 ივნისს მიხეილ კალანდია დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალად დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა წაუყენა. ზაზა სარალიძე კალანდიას დაკავების შემდეგ აცხადებდა, რომ ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც მაშინ ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა. მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე 25 თებერვლის ვერდიქტით მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობაში 11 წლის და 3 თვის გატარება მოუწევს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2021 წლის აპრილში კი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, გიორგი მენაბდეს წარუდგინა, რომელსაც სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“ ახლა ხორავას ქუჩის საქმეზე კითხვის ნიშნების დასმით? აღნიშნულ საქმეში დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს სამოქალაქო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იცავდა. ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მის ოჯახს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა. „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ლონდარიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი პარტიის ბრძოლა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღარ არსებობდნენ: მისი თქმით, ოცნების აღნიშნული განცხადება არასახელმწიფოებრივია და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებამ, რომელთან დაკავშირებითაც „ოცნების“ პოლიტსაბჭო კითხვის ნიშნებს სვამს, სინამდვილეში, დაადასტურა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ საქმეზე გამოძიების სრულყოფილად წარმართვა და ყველა დამნაშავის გამოვლენა: ლონდარიძე ხაზს უსვამს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას არ დაუწყია შესწავლა ამ საქმის გარშემო შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით და საგამოძიებო უწყებების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმეში იღებდნენ მონაწილეობას, კვლავ აგრძელებენ საქმიანობას: მისი თქმით, ამ ფონზე ამგვარი განცხადებების გაკეთება ანტისახელმწიფოებრივია და თავადვე ემსახურება სასამართლო ხელისუფლების და საგამოძიებო უწყებების მიმართ მიმართ ეჭვის გაჩენას. ნეტგაზეთი
-
სასამართლომ ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაყვება გადასატან ყუთს. კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს. ამასთან, მათი განცხადებით, წილისყრის არჩევნების დღემდე სულ მცირე, 7 დღით ადრე ჩატარება საფრთხეს შეუქმნის გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას, ასევე, შესაძლოა, მოხდეს კომისიის ცალკეული წევრების დაშინება და ზეწოლა. გიორგი სიორიძემ, რომელიც წარმოადგენს კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის” და რომელმაც მიმართა სასამართლოს, აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია. -
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. „ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვის ასობით ათასი ასეთი საჭირო მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის შეძენას. ეს არის ჩეხეთის რესპუბლიკისა და საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის მიმართ ჩვენი მოკავშირეების ნდობის კიდევ ერთი მტკიცებულება“, - აღნიშნა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა. იანა ჩერნოხოვას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის საბრძოლო მასალის მიღება შეუძლია უკრაინას ამ გზით. იპნ
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. „აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ