Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - https://www.air.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  2. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. პარატაეკვონდოს ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლია ჩაჩიბაიამ ( 47კგ) პირველივე შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება. ავტორი - დავით კუჭავა
  3. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააკეთა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მთელი ეს პროცესი საჯარო მოხელეების იმედზე დატოვა და თვითონ გვერდით გაიწია, თითქოს არაფერს შუაში არიან, - ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაში, “ქართული ოცნების” დეპუტატები მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, პროცესთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ დააზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს, როგორ მიიღებენ კანონს, რომლითაც დაგვაზიანებენ და მერე როგორ დატოვებენ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ამ ყველაფრის წინაშე მარტო. ეს არის “ოცნების” სახე. ეს არის პროცესი, რომელიც გასავლელი იყო, უნდა გაგვევლო და ჩვენც ამიტომ მხარი დავუჭირეთ, რომ სარჩელი სასამართლოში შესულიყო. გვესმის, რომ განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. დღეს მთავარი და გადამწყვეტი პროცესი არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ 26 ოქტომბერს. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ დაუშვილმა ასევე უპასუხა კითხვას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებაზე და განაცხადა, რომ ეს ეკლესიის დამორჩილების მცდელობაა, რაც “ფუჭი იქნება”. „ეკლესიას როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ასევე, მთლიანად ისტორიის განმავლობაში, უდიდესი როლი აქვს და უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ყველაფერი აღიარებულია კონკორდატით. რასაც ჩვენ ეს დღეები ვისმენთ ამ თემის ირგვლივ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი დაიქვემდებაროს, გააკონტროლოს, დაიმორჩილოს. დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. დარწმუნებული ვარ, როგორც საპატრიარქოში, ასევე ეკლესიაში და მრევლში კარგად ესმით, რა რისკებთანაა დაკავშირებული ე.წ. შეთავაზება, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეკლესიის დამორჩილების მცდელობა და სურვილი აბსოლუტურად ფუჭი იქნება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
  4. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ, თქვა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარად” რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ტყეშელაშვილს ჰკითხეს, რა არის ჯამში ორგანიზაციების რიცხვი. მან უპასუხა: ორგანიზაციებს ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ვადა 2 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე აქვთ. მავნე თქვა: რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა. 4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა. 2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს. პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები. კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება. იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. როგორი იქნება მონიტორინგის წესი, რა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან, როგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი,- ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი. publika
  5. „საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში. ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს. ორგანიზაციის მოკვლევის თანახმად, აკაკი ალადაშვილი შპს „ტრანსპორტერის“ 10% წილის მფლობელია, 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია. შუღაროვი მართავს აკაკი ალადაშვილის 10% წილს და ფლობს სხვა კომპანიებსაც: შპს „მაუნთინ რეზორტ სოლუშანსს“ და შპს „ტრანსპორტერ ბაიკს“. აკაკი ალადაშვილს და სერგო შუღაროვის ბიზნესპარტნიორობა დასტურდება სხვა კომპანიებშიც: ისინი წილებს იყოფენ შპს „კროსროუდ ტრანსში“, შპს „ეკო ფერმაში“, შპს „მულტი ქონსთრაქშენ გრუფსა“ და შპს „ჯიესეი ქონსალთინგ გრუფში“. ორივე, აკაკი ალადაშვილი და სერგო შუღაროვი, მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან. კერძოდ, სერგო შუღაროვმა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო აკაკი ალადაშვილმა, 2021 წლის 13 ოქტომბერს – 40,000 ლარი „ქართულ ოცნებას“. TI-ის თანახმად, აკაკი ალადაშვილის და სერგო შუღაროვის კომპანიებმა: შპს „ტრანსპორტერი“, შპს „მაუნთინ რეზორტ სოლუშანსი“ და შპს „ტრანსპორტერ ბაიკი“ 2016-2024 წლებში 23,163,079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17,532,665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს. მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს. TI მიუთითებს, რომ ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის. შპს „ტრასნპორტერმა“ და შპს „ტრანსპორტერ ბაიკმა“, მათთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად ელექტრომობილები, კვადროციკლები, მოტოციკლეტები, საცელავი აპარატები, თოვლმავლები, მათი სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს, შპს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა“ კი – სპეციალიზებული თოვლსატკეპნი ტექნიკა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო შპს „ემ თი ეია“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“). ჯამში სამივე კომპანიამ, 2016 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან 40,695,744 ლარი მიიღო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. publika
  6. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისიტრო ავრცელებს. სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. :ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. „იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ. აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ipn
  7. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა. “1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. 2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ცნობისთვის, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან გაუგრძელდეს თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი არ არის და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. იპნ
  8. გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდი იმ ღირებულებების გამო, რასაც ზომიერება, კეთილსინდისიერება და თანმიმდევრულობა ჰქვია თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/806281744912714/
  9. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსულ კანონს, ამით ხელს მოაწერს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სასკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1599037827346763/
  10. "ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/894083105930323/
  11. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა. „ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, - აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა. მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაცული იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები. „ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ომი და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ეს მოხდეს“, - განმარტა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მეთაურმა. ნიდერლანდებმა უკრაინას, საერთო ჯამში, F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემა დაჰპირდა. ეიხელშაიმს არ უთქვამს, რამდენი მათგანია უკვე განლაგებული ქვეყანაში. ipn
  12. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროინდელი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები მის გუნდში ვიხილოთ. კითხვაზე, მაგალითად, არიან თუ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქვს, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, გახარია ამბობს, რომ ორივე მათგანს დიდ პატივს სცემს. „რატომ იფარგლებით მხოლოდ ამ სახელებით? მე ამ ორ ადამიანს [თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას] ძალიან დიდ პატივს ვცემ. „ქართული ოცნების“ პერიოდში ადამიანის უფლებების ნაწილში რეფორმების კუთხით რამე თუ გაკეთებულა, თამარ ჩუგოშვილს უდიდესი დამსახურება აქვს და ყოველთვის წამყვანი როლი ჰქონდა. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, ერთ-ერთი კეთილსინდისიერი და მაღალი კვალიფიკაციის ეკონომიკის მინისტრი იყო, მაგრამ ამ სიის გაგრძელება შეიძლება. საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში ბევრი ძალიან საინტერესო და ძალიან მაღალი დონის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და დეპუტატებიც ჰყავდა. ეს ის ხალხია, რომლებიც, ჩვენს მსგავსად, ხვდება, რომ სადღაც რაღაც შეიძლება შეგვეშალა და ჩვენ ჩვენი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის წინაშე, რომ ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული და სადაც „ოცნება“ დღეს მივიდა, ამაზე ჩვენს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ”, – განაცხადა გახარიამ. დამაზუსტებელ კითხვაზე, ის გულისხმობს „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატებს თუ მათაც, ვინც ახლაც მმართველი პარტიის სიაში არიან, გახარია პასუხობს: „ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს, ახლაც და ყოფილ [წევრებსაც]“, – განაცხადა გახარიამ. netgazeti
  13. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას. „უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ. „იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა შეძლონ მიზანში ამოიღონ ადგილები, საიდანაც რუსეთი მათ ბომბავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს. მან დაგმო რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ”რუსეთს სურს დაბომბოს ევროპული ქვეყანა სრულ კაპიტულაციამდე”, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. იპნ
  14. „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ. გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა. ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა პარლამენტის თანამშრომლები არიან. სხდომას არ ესწრება მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია. მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვა დაიწყო საკონსტიტუციომ 29 აგვისტოდან. ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი არიან. ნეტგაზეთი
  15. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო. ბურჯანაძის თქმით, საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც იმ პირთა ინფორმაციის გასაჯაროებასაც მოითხოვს, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ვინაობის გასაჯაროებამ, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუშაობენ, შესაძლოა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. „იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც ამ [რუსული] კანონის შესაბამისად იქნა მიღებული, საუბრობს დეტალებზე, რაც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი და ორგანიზაციის მიერ გადახდილი ყველა გადასახადი. ორგანიზაცია თუ ვინმეს ქირაობს, ხელფასს უხდის, ვინმესგან სერვისს იღებს, ეს ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს და გამოქვეყნდეს. საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისთვის. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელფასს, ჰონორარს უხდიან. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სახელების და გვარების გასაჯაროება. ზოგჯერ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქმიანობას პროფესიული კონფიდენციალურობა სჭირდება. იმიტომ, რომ მაგალითად, საშიშ ადგილებში მყოფი პირების სახელები და გვარები არ გახდეს ცნობილი. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამ რეესტრით შეიძლება გასაჯაროვდეს და ორგანიზაციების იმ წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. წყლის, დენის, კვების ხარჯები – კიდევ რა ინფორმაციას ითხოვს რუსული კანონი ორგანიზაციებისაგან ნეტგაზეთი
  16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ გამოხატა პროტესტი მიქაუტაძის მიმართ. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, მალევე შეცვალა მუხლი და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს ბავშვის მშობლები, მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააკავეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იყო, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავს. 2018 წლის 23 ივლისს კიკილაშვილმა გადაწყვეტილება გამოიტანა და ორივე განმცხადებელი – ბავშვის მშობლები დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და მათ 3000 და 2500-ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა. თამარ ხაჭაპურიძემ და კახაბერ ხაჩიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც დღეს, 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (გ) და (დ) პუნქტების დარღვევას; ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ადგილობრივმა სასამართლოებმა კარგად არ ახსნეს, რატომ თქვეს უარი მესამე განმცხადებლის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე. მათ საკმარისი დასაბუთების გარეშე გამოიყენეს იმ მოწმეთა განცხადებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს გადაწყვეტლების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს: (i) 1000 ევრო (ათასი ევრო) თითოეული პირველი და მეორე განმცხადებლისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, არამატერიალური ზიანისთვის. (ii) 3000 ევრო (სამი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, განმცხადებლებს ხარჯებისა და დანახარჯებისთვის; პუბლიკა
  17. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა. იპნ
  18. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს. გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას. აქვე გეტყვით, რომ ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქი ხონში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ, გაათავისუფლა ორი სკოლის დირექტორი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს „ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს „ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“,- განაცხადა გახარიამ. გარდა ამისა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია. „მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ამ გუნდის რიგებიდან განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ევროპული ტიპის კეთილდღეობისთვის. ოქტომბრის არჩევნები არის რეალური რეფერენდუმი და გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად არის: პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა. მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“, - განაცხადა აქუბარდიამ. ბრიფინგი: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/529027239691387/ იპნ
  19. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე იმყოფებიან და ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობას იღებენ, "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით. ნათია მეზვრიშვილი., პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/522598896899920/
  20. გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება. შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა. „თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გარანტირებული. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან, რაც სიმართლეა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება იურიდიული პროცესია. აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს და მისი არსებობის პირობებში საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა. გარდა ამისა, ელჩმა ისაუბრა მთავრობის ბოლოდროინდელ რიტორიკაზე დასავლელი პარტნიორების მიმართ და მას „არამეგობრული“ უწოდა. „იყო ძალიან არამეგობრული რიტორიკა ყოფილ საუკეთესო მეგობრებთან: გერმანიასთან, ევროკავშირთან, სხვა ევროკავშირის წევრ ქვენებთან და აშშ-სთან, რომელთა მიმართაც ბევრი რამ ითქვა, რაც დამახასიათებელი არ არის პარტნიორი ქვეყნებისთვის. მე დიპლომატიურად ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ დამახასიათებელი არ არის. მე ვგულისხმობ, რომ გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს, ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა, მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის“, – აცხადებს პიტერ ფიშერი. პიტერ ფიშერმა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. „თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ რატომ მიდის ამდენი ქართველი ევროკავშირში? – სინამდვილეში, მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა. გერმანიის ელჩმა ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მივიდნენ და ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. თუ EU-ს გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებზე წასვლა მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ – ფიშერი საქართველოს მოქალაქეებს ნეტგაზეთი
  21. საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა. Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს. დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმაზე უფრო ვრცელია და იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ცნობილი იყო. საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების შესახებ საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობაზე „ტელეგრამის“ მიერ უარის თქმას ეხება. შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დუროვის დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. იპნ
  22. კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იპნ
  23. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/
  24. 2006 წელს, რაც მოხდა ე.წ. “გუბერსკის” ციხეში, სადაც პატიმრები დახოცეს ვითომ ციხის ბუნტის გამო, მიქანაძე იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ანუ იქ რა უბედურებაც მოხდა მაგაზე მიქანაძეს ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვპირდებით, რომ მიქანაძის მსგავსები აგებენ პასუხს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170955413974950/
  25. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. „წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესებს კი „ერთიანობის” ლიდერი, თამარ კორძაია და „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დაიცავენ. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...