Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის "დამოუკიდებლად შეამოწმებს" რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება. IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით - დასძენს გროსი. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის ასეთი იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ბოლო ფაზაშია. კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები გადაჭრით უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ რუსეთი ამ თემაზე შესაძლოა ალაპარაკდა იმიტომ, რომ თავად ემზადება ასეთი იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ ამის უკრაინისთვის დასაბრალებლად. ეს მოსკოვს მისცემს საფუძველს გაამართლოს კონვენციური ბირთვული იარაღის გამოყენება. "ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები. რადიო თავისუფლება
  2. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს დმიტრი მედვედევი. მედვედევის თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპელებისთვის. შეგახსენებთ, უკრაინამ პირველად ელექტროენერგია სლოვაკეთიდან 27 ოქტომბერს შეიძინა. ელექტრორესურსების დეფიციტი ქვეყანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტრულ ობიექტებზე იერიშები განახორციელა. ავტორი - თამთა რუხაძე
  3. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია. „აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებისთვის და თვიდან თვემდე სულ უფრო ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამჯერად, გამოფენაზე წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საინვესტიციო პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც Frost & Sullivan-ის კვლევამაც დაადასტურა“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. MRO Europe ევროპაში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა რომელიც ავიაციის მომსახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენლებისა და ექსპერტებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 7000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო. ინფორმაციას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახური ავრცელებს.
  4. თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. ტერიტორია, სადაც ჯებირების განთავსება იყო მოთხოვნილი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, უსაფრთხოებისთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია, შემოსაზღვრულია ღობით და განთავსებულია გამაფრთხილებელი აბრები. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს მოუხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე. გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს თბილისის მერია უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგია, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის დანერგვის მცდელობას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
  5. საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
  6. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41 000 - შოიგუს თქმით, უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში. “მოქალაქეთა შეტყობინება დასრულდა. ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება”, - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. იპნ
  7. საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას. ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შეფასებას, რომელმაც გიორგი გახარიას ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ ვირთხა გარკვეული თვისებებით ხასიათდება. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი რომ განცხადებას აკეთებს, ეს ინფორმაციის მიწოდებაა მთელი მსოფლიოსთვის და საზოგადოებისთვის, თუმცა, ამის საფუძველი რომ არ არსებობს და საქციელიც რომ „უგვანოა", ამაზე გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა კომენტარები. „მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ- მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია,"- განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისათვის, ყოფილი პრემიერ - მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. „ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია. იპნ
  8. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართება. კრემლში აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საჭირო შემდეგომ ნაბიჯებსა და სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხებს. შეგახსენებთ, დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების რუსეთის მიერ შეთავაზებულ ძირითად პრინციპებზე მუშაობას და მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს. იპნ
  9. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა. ”ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით”, - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე. პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს. „ყველასთვის გასაგებია: აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით. ჩვენ გვაქვს დიდი კავშირები როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან და შეუძლებელია, ეს არ გავითვალისწინოთ“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში საკმაოდ რთული ვითარებაა და რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი. იპნ
  10. ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ლაიენმა აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს. „როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს”,- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა დროა ბოსნია და ჰერცეგოვინაც “წინ წავიდეს”. “გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ შეუძლებელი ჩანდა, ვერ ვიფიქრებდით, რომ კანდიდატის სტატუსს მივაღწევდით. და მაინც, დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად სარაევოში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიღწეული კანდიდატის სტატუსი აღვნიშნოთ”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. იპნ
  11. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. "ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემაზე, IRIS-T-ზე ისაუბრა და ასევე გაიხსენა აშშ-ისა და რამდენიმე მოკავშირის მიერ „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული დაპირება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების მიაწოდებასთან დაკავშირებით. „გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან სიმძლავრეებს. მათი მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იპნ
  12. გიორგი გახარიას “ტვიტმა“ დიდი შეშფოთება და ფორიაქი გამოიწვია როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციურ პარტიებში - ჰქონიათ მათ საერთო, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, როდესაც გიორგი გახარია ელანდებათ ხოლმე! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დუპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა. კითხვაზე, ახლა რატომ აღმოაჩინა გახარიამ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ბუჩუკურმა განმარტა, რომ მაშინ როდესაც გიორგი გახარიას ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ბიძინა ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა და პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენის დოკუმენტს სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი. მისივე თქმით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა შემდგომში არაერთხელ დადასტურდა, რომ არსად არ წასულა. “გიორგი გახარია “ტვიტით“ ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხაურა. ის რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ოლიგარქია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს მხოლოდ ჩვენი გუნდის აღმოჩენა არ არის. ამაზე საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში დასახელებულია ოლიგარქად და არც ეს არის ჩვენი გუნდის აღმოჩენა. არაფორმალური მმართველობის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა შემდგომში არაერთხელ დადასტურდა, რომ არსად არ წასულა. ამის პირველი დადასტურება სწორედ ჩვენს გუნდს უკავშირდება - მან თქვა რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, თუმცა გახარიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია წერილობით გამოხატა და ამით მთელ “ქართულ ოცნებას“ მწვანე აუნთო. “ქართულმა ოცნების“ ლიდერშიფმა გახარიას წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა სწორედ ამის შემდეგ გაბედა. ამის შემდეგ არაერთი გამოვლინება ვნახეთ, მათ შორის როდესაც “ქართული ოცნების“ მთელი ლიდერშიფი გამოდის და ივანიშვილის ფულისა და კეთილდღეობის დასაცავად სახელმწიფო აპარატს იყენებს. ვნახეთ თავდასხმები აშშ-ი ელჩის წინააღმდეგ, ვნახეთ როგორ მონაწილეობს სახელმწიფო შვეიცარიაში კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე დავაში - ნეტავ, გაბედოს “ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი გახარიას ან ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს დებატებში დაუჯდეს, მაგრამ მათ ამის გამბედაობა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის უდიდესი მტერია და საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს. “ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- დაწერა “ტვიტერზე“ გიორგი გახარიამ, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის “ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“. იპნ
  13. საქართველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს მებაჟეებმა ჩხრეკისას პატარა ხის ყუთებში ჩასმული 1100 ფუტკარი აღმოუჩინეს, რომელიც სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო - თითოში ერთი დედა და ცხრა მუშა ფუტკარი. აღნიშნული პირი დაკავებულია. იპნ
  14. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ფიქრობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობისთვის, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. ასე რომ, საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - აღნიშნა მან. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საზღვრების გახსნა, კომუნიკაციების აღდგენა და სავაჭრო ურთიერთობების თავიდან დამყარება მომგებიანი იქნება სამივე ქვეყნისთვის. "ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც". ტოივო კლაარი ამბობს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოგვარდეს - "ინტერესის საგანია მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთი კავკასია". "[სადამკვირვებლო მისია] ესაა ის, რისი გაკეთებაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, მაგრამ ეს ვერ იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ვერ გაგრძელდება დიდხანს. ცოტა ხნით შეგვიძლია, რომ საქართველოდან მისიის ნაწილი გადავიყვანოთ [სომხეთ-აზერბაიჯანის] საზღვარზე ისე, რომ მისიის საქმიანობაზე ამან გავლენა არ მოახდინოს", - ამბობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. რადიო თავისუფლება
  15. უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი დამატებით ძალებს გზავნის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, იმ ფონზე, როცა ორივე მხარე ემზადება, შესაძლოა, გადამწყვეტი ბრძოლისთვის უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა ახლახან მობილიზებული 1000-მდე სამხედრო გაგზავნა, რათა შეივსოს დანაკლისი, რომელიც გააჩინა ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევით გამოწვეულმა დანაკარგებმა. "იმისთვის, რომ სამხედროებში პანიკა აირიდოს თავიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარსარდლობა ყველა საშუალებით ცდილობს, დამალოს სამხედროებს შორის რეალური დანაკარგები... მტრის გუნდი 1000-მდე მობილიზებული სამხედროთი ძლიერდება დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის მარჯვენა ნაპირზე", - წერს გენერალური შტაბი გავრცელებულ განცხადებაში. ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქ ხერსონიდან გრძელდება სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა. უკრაინა კონტრშეტევას აწარმოებს, რათა დაიბრუნოს ხერსონის რეგიონი და მისი დედაქალაქი ხერსონი, რომელიც რუსეთის ძალებმა ომის პირველ დღეებში დაიკავეს. რადიო თავისუფლება
  16. ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მას ტერიტორია არ დაუტოვებია და პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა. თვითმხილველების განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. იპნ
  17. საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგაც და „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების ცუდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა. მისივე თქმით, სურს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოისმინოს, რა არგუმენტი აქვთ მათ. ბოკერიას განცხადებით, დაელოდება, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას. „ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მივიჩნევთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური რეჟიმის მიერ საკუთარი ამომრჩევლების, მომხრეების რაოდენობის ზრდა და ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად მათი პოლიტიკურად მოტივაცია არჩევნების გზით, შემდეგ ხმების დაცვის, მშვიდობიანი პროტესტის გზით. ამას სჭირდება ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანა. რაც შეეხება კოორდინაციას და ლოზუნგს – გაერთიანებას, „ევროპული საქართველო“ ვიყავით საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები საპარლამენტო არჩევნებზე, ამის შემდეგაც და ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის. ამიტომ მაინტერესებს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო, რა არგუმენტი აქვთ, რომ ამჯერად გვაქვს საფუძველი ნდობის. დაველოდებით პროცესს, რათა ვნახოთ, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. ავტორი - თამარ წიკლაური
  18. უკრაინის რადაში სახალხო დეპუტატისთვის, ვადიმ რაბინოვიჩისთვის და „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატისთვის, იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ. შესაბამისი ინიციატივა უმაღლეს რადას რეგლამენტის, სადეპუტატო ეთიკისა და პარლამენტის მუშაობის ორგანიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი კალჩენკომ წარუდგინა. შესაბამისი დადგენილებების პროექტები უკვე რეგისტრირებულია. ორივე დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის შეწყვეტის მიზეზად რაბინოვიჩისა და ვასილკოვსკის შემთხვევებში მოქალაქეობის შეწყვეტა სახელდება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნულ დეპუტატებს უკრიანის მოქალაქეობა 2022 წლის 18 ივლისის გამოცემული განკარგულებით შეუწყვიტა. ივლისში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა, მათ შორის ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, ბიზნესმენს და დნიპროს ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელს გენადი კორბანს, აკრძალული პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და პრეზიდენტის პარტიის ფრაქციის წევრ იგორ ვასილკოვსკის. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  19. საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. „მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“,- აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. იპნ
  20. ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ. „კითხვა მაწუხებს, რას ნიშნავს, საქართველოში პროდასავლურობა და პრორუსულობა, ეს ემოციით ფასდება და არა რწმენით. სინამდვილეში, მივესალმები იმას, რომ ეს კონკრეტული პარტიები რაღაცნაირად გაერთიანდნენ, რადგან ჩემი წარმოდგენით, ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, რამდენიმე პარტიას მოუწევს გადააზრება საკუთარი მდგომარეობის, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იქნება დამოკიდებული. ვიდრე ამ პარტიის ბედი რეალურად არ გაირკვევა, მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოუდგინოს რეალობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ და იმ რეალობაში წარმოადგინოს საკუთარი თავი. სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ, რადგან დღეს არავინ იცის, არც ერთი პარტიის შესახებ – რას იზამდა, რომ უცებ, მის ხელში ხელისუფლება აღმოჩნდეს. სწორედ აქედან იწყება – ვინ არიან ეს პარტიები, რისი სჯერათ, ანუ სხეული რომ მათია, ამის მათ მაინც სჯერათ თუ სხვა რამეა და საერთოდ, რას თვლიან პროდასვლურობად და პრორუსულობად? ჩვენ შორის ერთმანეთში არსებული კონფლიქტი მართლა არ არის პროდასავლურობა და მთავარი ბარიერია ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა მაგრელიშვილმა. ამასთან, როგორც „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ გაჩნდა იდეა პრაიმერის თაობაზე, ამას ვეთანხმებოდი, რადგან ეს მართლა იქნებოდა პარტიების შოუ, სადაც თითოეულ პარტიას საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო. ახლა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რას ვეუბნებით? – „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურვილი აქვს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა. კითხვაზე, „ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე უნიჭოები არიან?“, მეგრელიშვილმა განაცხადა: „ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეთანხმა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  21. ახლა, ამ პერიოდში კლინიკების დახურვა არ შეიძლება! - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც კლინიკებში შიდა ინფექციების კონტროლზე ისაუბრა. სურგულაძის თქმით, მაშინ, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა. როგორც ის აღნიშნავს, შიდა ინფექციების პრობლემა ბევრ კლინიკაშია, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. "რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კონტროლი, რომელიც პირველ რიგში არის დასახური. ბევრ კლინიკაშია ეს პრობლემა. იმ მომენტში, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ამ შემთხვევაში ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა! ჩვენი ვითომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის აზრზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ამას ის მოჰყვება, რომ ადგილები არ იქნება, გადაჭედილი იქნება სხვა კლინიკები. არც ისე ბევრია ბავშვთა საავადმყოფო და მივიღებთ რეალურ, სერიოზულ კრიზისს. შეიძლება არის დარღვევები, იმ დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია ეტაპობრივად, ისე რომ კლინიკა არ დაიხუროს. შიდა ინფექციები მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მთელ მსოფლიოშია. გასაგებია, რომ გამოსასწორებელია, თუ გამოსწორებაზეა საუბარი, მითუმეტს, ინფექციურ საავადმყოფოებზე, ეს დაგვეწყო ზაფხულში, როდესაც ინფექციური დაავადებების ცირკულაცია როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული პიკზე არ არის. ახლა, ამ პერიოდში კლინიკების დახურვა არ შეიძლება. მივცეთ შენიშვნები და გამოსწორება დაიწყოს ეტაპობრივად. იაშვილიც ეტაპობრივად დაგვეხურა და არა მთლიანად. ეს დანაშაულია. ეს არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ყველა საავადმყოფოშია ეს პრობლემა, ნახონ რესპუბლიკურში რა ხდება. ხომ უნდა გამიჯნო როდის რას აკეთებ?! სახელმწიფოებრივი აზროვნება არის 0! “-აღნიშნავს ვატო სურგულაძე. ცნობისთვის, იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა. აღნიშნულის გამო, კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა. იპნ
  22. ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა. „პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო, კომა იყო გამოხატული, ამიტომ თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც “ინტერპრენსიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. იპნ
  23. ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. „თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე იქნება მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. „რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. 2018 წელს განხორციელდა მიზანშეწონილობის შესწავლა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვეძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და გავაფართოოთ ეს ურთიერთობები. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს კარგია ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ელჩმა. ipn
  24. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მათ შორის სატელიტებზეც. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მან არ დააკონკრეტა როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ცდილობს ანტისატელიტური ტექნოლოგიების დაუფლებას. ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია დასავლური კომერციული სატელიტები კანონიერ სამიზნედ განიხილოს, თუ ისინი ომში უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებიან. მან ასევე “სახიფათო ტენდენცია” დაარქვა აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მიერ კოსმოსში “სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტების” გამოყენებას. ipn
  25. მურუსიძე და გვრიტიშვილი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად - ეს ერთგვარი „დესანტის“ გადასხმასავით იყო ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდებიან დამოუკიდებელი ადამიანები, ისინი, ვინც სისტემური პრობლემების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ. ამასთან, ლომჯარიამ განმარტა, რომ სწორედ მსგავსი დამოუკიდებელი წევრების მიერ შექმნილ დისკომფორტთან დასაპირისპირებლად დაინიშნნენ მურუსიძე და გვრიტიშვილი საბჭოს წევრებად. „მურუსიძისა და გვრიტიშვილის დანიშვნით ჩემთვის არსებითად არაფერი შეცვლილა. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან გავლენის ჯგუფის წარმომადგენლები და გავლენიანი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში. ისინი უბრალოდ დაბრუნდნენ იქ, სადაც ისედაც ჰქონდათ გავლენები. ჩემი პირადი აზრია, რომ ისინი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად, რაც არის ერთ-ერთი წინაპირობა ევროინტეგრაციის გზაზე. შესაძლოა, მმართველ ძალას აქვს მოლოდინი, რომ საბჭოს, რომელიც აქამდე ძალიან თავისუფლად მუშაობდა, რადგან იქ განსხვავებული ხმა არ ისმოდა და სრულად საკუთარი გავლენებისა და კონტროლის ქვეშ იყო საბჭოს გადაწყვეტილებები, ახლა მიემატება რამდენიმე ადამიანი, რომელიც ალბათ, გარკვეულ დისონანსსა და დისკომფორტს შეიტანს ან ისაუბრებს ხმამაღლა იქ არსებულ პრობლემებზე და ვფიქრობ, ეს ერთგვარი დესანტის გადასხმასავით იყო. მათი აზრით, გააძლიერეს თავდაცვის მექანიზმები და შესაძლოა გადავიდნენ თავდასხმაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხვდებიან დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც ხმას აიმაღლებენ მთელი რიგი პრობლემების მიმართ, რაც არის სისტემური პრობლემები და რაზეც მთელი რიგი დასავლური სამყარო შეთანხმებულია საქართველოსთან მიმართებით და მათ ალბათ, ჩათვალეს, რომ უფრო გამოცდილი წევრების ყოფნა იყო საბჭოში საჭირო, რომ ამ განსხვავებული აზრის მიმართ ეჩვენებინათ წინააღმდეგობა. ალბათ, ჩათვალეს, რომ ამ წევრების იქ ყოფნა მათ პოზიციონირებას უფრო გააძლიერებდა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მან ამასთან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არანაირი მნიშვნელოვანი რეფორმა არ განხორციელებულა და არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება მომხდარა. „ორი დღის წინ გაავრცელა განცხადება სახალხო დამცველმა, სადაც აღვნიშნეთ, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის არც ერთი რეკომენდაცია, რასაც იძლევა ევროკომისია, ან რასაც იძლევა შარლ მიშელის დოკუმენტი, გათვალისწინებული არ არის და ჩვენ ერთგვარად ვეცადეთ, რომ ბოლო სხდომამდე კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოვიყენოთ შანსი რეალური ცვლილებებისთვის. მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან არანაირი მზაობა არ ჩანს, რომ აპირებენ იმ ტიპის ცვლილებების განხორციელებას, რითაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შესრულდება ევროკავშირის მოლოდინები საქართველოსთან მიმართებით. ჯამში, რეკომენდაციების შესრულების პროცესის შეფასება გამიჭირდება, იმიტომ, რომ საერთო სურათს ვერ ვხედავთ, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხზე რაც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, რომ არაფერი ჯერ არ განხორციელებულა, რაც მიგვანიშნებდა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება იგეგმება, ეს უკვე ვფიქრობ რომ არის საკითხი რომელზეც საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ“,- განაცხადა ლომჯარიამ. იპნ
×
×
  • შექმენი...