Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. „მადლობა, რომ ჩამოხვედით სოჭში. როგორც ვხედავ, ამ შეხვედრის მიზანი არის 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში და ახლა ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი საკუთარ მისიას ასრულებს, როგორც უნდა აკეთებდეს. თქვენი შეფასებებისთვის მადლიერი ვარ. დღეს კი უნდა ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე და გამოვნახოთ გზები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ავტორი - თამთა რუხაძე
  2. "პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას. მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს, ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა, ჩემს შვილებს მაინც." - წერს დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში.
  3. "დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia
  4. ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ „გარკვეული ხნის წინ“ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს. სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს. უკრაინაში ომის მიმართ სტორონსკის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: „ომი სრულ ზიზღს იწვევს და ის კვლავაც გადაჭრით მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აცხადებს Revolut-ი. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ მამამისზე - სააქციო საზოგადოება „გაზპრომ პრომგაზის“ გენერალურ დირექტორზე - ოქტომბრიდან ვრცელდება უკრაინის სანქციები. მაგრამ Forbes-ის მონაცემებით, სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ჯერ კიდევ მამამისის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე. საფინანსო ტექნიკური სტარტაპი Revolut-ი 2015 წელს დაარსდა ლონდონში ნიკოლაი სტორონსკისა და უკრაინელი ვლად იაცკოს მიერ. 2021 წელს კომპანიის ღირებულება 33 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. სტორონსკის რუს მილიარდერთა შორის მე-16 ადგილი უკავია Forbes-ის რეიტინგში. ნიკოლაი სტორონსკი Forbes-ის რეიტინგის უმდიდრეს ბიზნესმენთაგან მეოთხეა, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. რადიო თავისუფლება
  5. ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. "დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ახდენდნენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას სხვადასხვა გზებით. დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ეს ადამიანები დაკავებული არიან მოსამართლის განჩინების საფუძველზე", - უთხრა მედიას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
  6. ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე". ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბოლო შეთანხმება 13 ოქტომბერს არის ატვირთული, თუმცა უშუალოდ დოკუმენტს გაფორმების თარიღი მითითებული არ აქვს. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის კომპანიას შესასრულებელი ჰქონდა შემდეგი სამუშაოები: "მოაჯირების ღებვა, ფასადის შეფუთვა კომპოზიციური პანელით, ფასადის შეფითხნა - შეღებვა, ბაქანზე და ვესტიბულებში შშმ პირებისთვის ტაქტილური ბილიკების მოწყობა, სადგურის ვესტიბიულის და კიბის უჯრედის შეღებვა, სამომსახურო სივრცეში განთავსებული ოთახებისა და დერეფნის კედლების ღებვა, ბურჯების დამუშავება ე.წ. მიუნხენის ფითხით და ღებვა, შშმ პირებისთვის დახრილი ლიფტის მოწყობა და მავთულბადიანი ფოლადის ჩარჩოების მოწყობა". ხელშეკრულების ღირებულება 4,7 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31% - 1,4 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი. პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა. სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.
  7. ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა - ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს გაზრდილი მაჩვენებელია დაახლოებით 13,8 მილიარდი ევროსგან, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ ეს "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა. "ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი ევრო გერმანიაში" - უთხრა რეინდერსმა მედიაკომპანია Funke-ს. უკრაინის ოფიციალური პირები გამოდიან მოწოდებით გაყინული ქონება გამოყენებულ იქნეს მათი ქვეყნის აღსადგენად, ომის შემდეგ. "თუ ეს არის დანაშაულეობრივი ფული, რომლის კონფისკაციაც ევროკავშირმა მოახდინა, შესაძლებელია ის გადაირიცხოს უკრაინის კომპენსაციის ფონდში" - ამბობს რეინდერსი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად. რადიო თავისუფლება
  8. ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუამ სავალუტო ფონდის პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ზუსტი მონაცემები და არა ის, რასაც ეს სამი პარტია ამბობს. ზარქუა მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზების სიზუსტე სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დადასტურდა. " ექსპორტის ზრდა 4 მილიონს აცდა უკვე, საგარეო ვაჭრობაში გვაქვს ძალიან მაღალი ზრდა, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2027 წელს დაახლოებით 10 ათას დოლარს გადასცდება შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2030 წლისთვის საერთოდ 15 000 დოლარზე მეტია, ანუ საქართველო ხდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა პროგნოზებს აკეთებდა, რომ 2030- ში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და სწორედ ამის დადასტურება იყო, რაც მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. ახლა რაღას იტყვიან, მაინტერესებს, ეს ხელმოცარულები?! ეს არის მეგობრებო სწორი ფაქტები, ხოლო ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ესენი არიან ხელმოცარულები. ეს არის ბოდვა, ნუ აყვებით მას, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით", - განაცხადა ზარქუამ. მისივე თქმით, "ხელმოცარულების" იდეები მათთვის საინტერესო აღარ არის, რადგან ისინი რევოლუციაზე ფიქრობენ. "მათი ამოცანა არ არის ქვეყნის მშენებლობა, მათი ამოცანაა, რამენაირაად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ შემდეგ ამ ტალღაზე-რევოლუციურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოხვდებიან. მშვიდობიან გარემოში მათ იციან, რომ შანსი არ აქვთ 2 პროცენტი აიღონ, აგერ ნახავთ, არჩევნები ხომ მოვა და ერთი პროცენტიც არ ექნებათ, ნახავთ, თუ მიაღწიეს მანამდე. ასეთ ხელმოცარულებს ერთადერთი ის დარჩენიათ, რომ რევოლუციური სცენარი განახორციელონ,"- განაცხადა ზარქუამ.
  9. სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. „კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „ერევნისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანული ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით“. „რუსეთის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ დელიმიტაციის შესახებ კომისიის ფორმირება გახდებოდა სასაზღვრო უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ინტერპრეტაცია მივიღოთ, მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის ინიცირება მოახდინა სომხეთის მიმართულებით და მოახდინა ჩვენი ახალი ტერიტორიების ოკუპირება. ამიტომ, სომხეთისთვის ახლა მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიციის ფორმულირება ჩვენი ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარის 2021 წლის 11 მაისის პოზიციებთან დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფაშინიანმა. სოჭში ვლადიმერ პუტინის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. დღის ბოლოს კი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრის ინიციატივა კრემლს ეკუთვნის. ავტორი - თამთა რუხაძე
  10. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს“. „შესაძლებელია რესპირაციული ვირუსებით მიმართვიანობა გაზრდილი იყოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება. ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, ბევრი განყოფილება. თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს... ის მიმართვიანობა, რაც ახლა არის, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება. შესაძლებელია პაციენტმა არ მიიღოს ჰოსპიტალური მომსახურება, თუ მას აქვს ისეთი ვირუსი, რომლის მართვაც ამბულატორიულ დონეზე შესაძლებელია. გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. რინოვირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში“, - აღნიშნავს ჩხაიძე. მან იაშვილის კლინიკაში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრიდან დღემდე რესპირაციულ- სინციტიური ვირუსის 100 და გრიპის 50-ზე შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ჩხაიძემ განმარტა, შემოდგომა-ზამთარი გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდია. „ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში. შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები. ჩვენ გრიპის ვირუსის ტიპირებას ვახორციელებთ. ოქტომბერში დაფიქსირდა ღორის გრიპის მსგავსი ვირუსი, ყველა სხვა შემთხვევაში წელს ე.წ. ჰონგ-კონგის მსგავსი ვირუსი იყო. ქვეყანაში მოსალოდნელია H3N2, ან H1N1 ვირუსების ცირკულირება”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.
  11. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
  12. დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“. „ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშინებული „ოცნება“, მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, სხვადასხვა დროს, მათ შორის, მინახავს 20 ივნისს შეშინებული „ოცნება“ და მათი დღევანდელი ლიდერი, პარტიის ხელმძღვანელი. მინახავს კოვიდის დროს შეშინებული და დაბნეული „ოცნება“, მაგრამ „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, რომელსაც ამხელა ძალაუფლება აქვს, ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მას ექვემდებარება, ექსპერტებით დაწყებული, მედიასაშუალებებით დამთავრებული, ეს პირველად ვნახე. როგორც ჩანს, სიმართლე მწარეა, ამაზე ეს ხალხი აფორიაქდა. ძალიან მარტივი რაღაც თქვა გახარიამ, ფაქტია, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა, ფაქტია, რომ ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა, ამ ორ მოვლენას შორის მჭიდრო კავშირია და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს ეკისრება. „ტვიტში“ ნათქვამი იყო მარტივად, რომ სისტემური კორუფცია და ოლიგარქია ქვეყანას მომავალს უსპობს, ეს არის დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი, ქვეყანას მომავალს ართმევს და თუ გვინდა, რომ თავისუფალი და ნორმალური მომავალი გვქონდეს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში თავისი თავი ამოიკითხეს, ძალიან მარტივად, ისე, რომ სახელიც კი არ იყო მოხსენიებული. როგორც ჩანს, სიმართლე მწარე აღმოჩნდა და ამაზე „ოცნება“ აფორიაქდა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე განმარტებით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლაა“. „გახარიას პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად ვერ იქნებოდა არაფორმალური მმართველი, რადგან ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ის იყო პარტიის ხელმძღვანელი. გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდიოდა, მაგრამ საზოგადოება მოატყუა, ვერ მოითმინა და სულ რამდენიმე თვეში წერილით გამოჩნდა, რომელიც გახარიას მიუძღვნა, ეს წერილი შემდეგ მთელი პარტიისთვის სამაგიდო წიგნად იქცა, ყველა დამწკრივდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები აკეთეს და რაც წერილში იყო, „ოცნებისთვის“ სამოქმედო გეგმად იქცა. ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი წერილი, რამდენიმე თვის წინ ვნახეთ კიდევ მის მიერ გამოქვეყნებული მეორე წერილი, ოთხეულის ენით, ცხრიანი, თუ 200 გახდნენ ახლა - აქვეყნებენ ხოლმე, რის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას, ესეც „ოცნების“ სამაგიდო წიგნად იქცა. პრემიერი გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილის დაცვა დაიწყო მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. არავის ახსენდება ღარიბაშვილის წერილი მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ მისი წერილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ფულის და მისი ძალაუფლების დასაცავად. ამ ადამიანმა თქვა, მე მივდივარო და მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ თავიდან ბოლომდეა პოლიტიკაში ჩართული, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ინსტიტუტებს, ხელისუფლების ყველა შტოს, პოლიტიკურ კორუფციას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს ამ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის და ძალიან ბევრ რამეზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მათ შორის, იმაზე, რომ ახლა ეს 12 პუნქტი არ სრულდება და უდიდესი რისკის წინაშე ვართ, რომ დეკემბერში ისევ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გუშინ, ის ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე იყო, დღეს მას არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პროცესებში ეს ადამიანი მონაწილეობას იღებს. გახარია ძალიან ბევრი ცუდი ფაქტორის შემაკავებელი იყო, რაც შეიძლებოდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მომხდარიყო. მაგალითად, დღეს, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა. არ გვექნებოდა, რადგან თუკი, რამე უშლიდა „ოცნების“ სიგიჟეებს ხელს, იყო გიორგი გახარია. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გახარია დღეს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ის ყოფილიყო ისევ პრემიერი, ქვეყანას ექნებოდა კანდიდატის სტატუსი, ასეთი მასშტაბით არ გაჩერდებოდა ეს რეფორმები ყველა მიმართულებით და ქვეყანა იზოლაციის საფრთხის წინაშე არ იდგებოდა, ქვეყანას უკრაინასთან მიმართებით ეროვნული ღირსება არ იქნებოდა შელახული, ეს შესანიშნავად იციან „ოცნებაში“ და ამით არის გამოწვეული მათ შორის, ის ისტერიკაც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
  13. მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ავტორი - გივი ბარამიძე
  14. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას, - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში. რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს. ამასთან, ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წ####ბში მყოფი უკრაინული მარცვლეულით 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ. იპნ
  15. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი). დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი -კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. იპნ
  16. თავად ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, შესაბამისი კომპეტენციის მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული მოკვლევის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ მოკვლევაში აღნიშნული მიგნებები და საკითხები პირდაპირ ეხმიანება სამინისტროს სამოქმედო გეგმას, რომელიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით არის შემუშავებული. "მთელი რიგი მიმართულებები და საკითხებია, რომელსაც მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ მოერევა. გვჭირდება შესაბამისი კოორდინაცია და გვაქვს კიდეც, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან. ყველა თემა, რომელიც მოკვლევაშია იდენტიფიცირებული გამოვყოფდი - მასწავლებლების მიმართულება, ადამიანური რესურსი, შესაბამისი კომპეტენცია, რომელზეც წლიდან წლამდე, სხვადასხვა პროგრამებით მუშაობა მიმდინარეობს. რასაკვირველია, პრობლემა არსებობს, ამას ჩვენ ვადასტურებთ, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის. ასევე თავად ეთნიკური უმცირესობები ასახელებენ და მოგვიწოდებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას მასშტაბი გაზრდილი აქვს და სახელმწიფო ენას ყველანაირი მეთოდით და საშუალებით ასწავლის, გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც ასევე არის გათვალისწინებული ჩვენს სამოქმედო გეგმებში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. იპნ
  17. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება. „რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება. პირველი, ეს არის არათანაბარი ფინანსური რესურსები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. გასული წლის არჩევნებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მმართველი პარტიის ჯამური თანხა აღემატებოდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თანხას ერთობლივად. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემომწირველები საუბრობენ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე. ასევე იყო შემთხვევა, როცა საუბრობდნენ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში არიან მმართველი პარტიიდან ტენდერებში გამარჯვებული ადამიანები. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამტკიცდეს. აუდიტის სამსახური ცდილობს ამ გამოწვევებთან დაკავშირებით იმუშაოს, თუმცა რესურსისა და შესაბამისი მანდატის არქონა განსაზღვრავს იმას, რომ ისინი ვერ ახერხებენ სიღრმეებში წასვლას, რადგან ეს გამოძიებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ერთი პრობლემა, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არის ის, რომ იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებიც კოორდინატორებად არიან ჩართული, ხშირად არის „ხელზე“, ესეც აჩენს იმის რისკებს, რომ ბოლომდე არ იყოს დეკლარირებული ის თანხები, რომელსაც პარტიები კოორდინატორებზე გასცემენ“, - განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, პრობლემატურია ასევე, საარჩევნოდ რეკლამების განთავსება სოციალურ ქსელში. „პრობლემად რჩება არაოფიციალური ნაწილი, როდესაც ანონიმური გვერდები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ფუნქციონირებენ, სათანადოდ არ ადეკლარირებენ იმ თანხებს, რომელსაც ხარჯავენ“, - განაცხადა დოლიძემ. იპნ
  18. ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ. ავტორი - თეონა მანაგაძე
  19. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ. „საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. საქართველოს პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ავტორი - თეონა მანაგაძე
  20. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას. ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფდი დაცვას. ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ. ავტორი - თეონა მანაგაძე
  21. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია. მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო. „ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და მასზე ცუდს არადროს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკურ ხედვებში იყო აშკარა პრინციპული და ფუნდამენტური სხვაობა. თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არასებობს. ახლა არის დრო არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ამ საკითხში თეონა აქუბარდია სხვანაირად ფიქრობს. წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს და მის კრიტიკას არ ვაპირებ. მას თუ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა. ავტორი - მანანა დევაძე
  22. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისივე თქმით, ამის გამო დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი. ეს არის კითხვები, რის გამოც ვერ ვიღებთ სტატუსს. კითხვაზე, ომი გინდათ? პასუხია, ომი კი არა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ავტორი - ლიზა დვალი
  23. დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო. იპნ
  24. პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის. რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს. პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. არსებული წესი იმას ნიშნავს, რომ კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. იგივე პრინციპით დაკომპლექტდება პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ამავე პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები განისაზღვროს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, გარკვეული პრობლემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ ცხრა დეპუტატი გავიდა, რომლებიც ახლა უმრავლესობის უფრაქციო წევრები არიან. მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტში უფრაქციო დეპუტატების საერთო რაოდენობა 20-ზე მეტია, კომიტეტებში კი მათთვის ერთი ან ორი ადგილია განსაზღვრული. მაჭარაშვილის თქმით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ საპარლამენტო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი და უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფმა უფრაქციო წევრებმა “კვოტებში არ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“. რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედებიდან სამი დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი წარმომადგენლობის კვოტებს შეიმუშავებს.
  25. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა. როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი. ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებიდან, დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული ტერიტორიებიდან შემოსული ცნობების გადამოწმებაზე.
×
×
  • შექმენი...