Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება "მარცვლეულის გარიგებიდან" გამოსვლის შესახებ, რომელშიც მან უკრაინა დაადანაშაულა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებსა და ინფრასტრუქტურაზე უპილოტო თვითმფრინავების დახმარებით განხორციელებულ "მასირებულ დარტყმაში". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, მოთხოვონ რუსეთს, რომ "შეწყვიტოს შიმშილის თამაშები" და დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რადიო თავისუფლება
  2. გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ ლაპინი უნიჭოა. არამედ ი ფაქტი, რომ მას გენერალური შტაბის ხელმძღვანელები აფარებენ მახელს. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს რიგით ჯარისკაცამდე ჩამოვაქვეითებდი, ჯილდოებს ჩამოვართმევდი და წინა ხაზზე ავტომატით ხელში გავაგზავნიდი, რომ სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა", - წერდა მაშინ რამზან კადიროვი.] 27 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა კვლავ გენერალ ლაპინს დააკისრა პასუხისმგებლობა დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე იმ ადგილის დაცვაზე, სადაც უკრაინის არმიამ მიმდინარე კვირის ბოლოს თავდაცვის ხაზი გაარღვია და ზუსტი საარტილერიო ცეცხლით რამდენიმე კადიროველი ჯარისკაცი დახოცა. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ამ მარცხის თაობაზე სასაუბროდ გენერალ ლაპინს ვერანაირად ვერ უკავშირდებოდა. მაისის დასაწყისში BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ გენერალმა ლაპინმა თავისი ვაჟი, პოლკოვნიკი დენის ლაპინი დააჯილდოვა. იგი მეთაურობდა პირველ გვარდიულ სატანკო პოლკს სუმისა და ჩერნიგოვის წარუმატებელი შეტევის დროს. როცა დაჯილდოების შესახებ სიუჟეტი ტელეარხ "ზვეზდას" მიერ გადაიცემოდა, რუსული არმია უკან იხევდა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. რადიო თავისუფლება
  3. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება. დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ. როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა დაუზუსტებელი რაოდენობა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, იტჰევონის მიმდებარე ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. სეულის მაცხოვრებლებისთვის ეს არის COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ჰელოუინის წინა პირველი უქმეებ , როდესაც აღარ არის საჭირო კორონავირუსის შეზღუდვების დაცვა.
  4. რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას. ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებას უწევს. უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მათმა მშობლებმა ერთ-ერთ მათგანის თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ. "კავკაზ.რეალიის" ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს. მათ აინტერესებდათ, დართეს თუ არა მშობლებმა მათ საქართველოში წასვლის უფლება, რის შემდეგაც ადვოკატ ლეიზან მანაპოვას უთხრეს, რომ დაღესტნელ ქალებს ვალების გამო საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალათ. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ვალის არარსებობის სერტიფიკატი აჩვენა, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ისინი "ფილტრაციის ზომებს" ახორციელებენ. კერძოდ, სურთ ცალ-ცალკე დაელაპარაკონ დებს. ამასთან ოფიციალურად მათ დაკავებას არ ადასტურებენ, რეალურ მიზეზებს - არ ამჟღავნებენ. ტელეგრამის არხმა SOTA-მ გამოაქვეყნა გოგოების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი საკუთარ თავს წარმოადგენენ და ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, რადგან მათ შეიძლება ისინი მოკლან. როგორც ადვოკატმა მანაპოვამ უთხრა ტელეგრამის არხ "ოსტოროჟნო, ნოვოსტის", თუ დებს საგუშაგოზე კიდევ საათნახევრის განმავლობაში გააჩერებენ, მაშინ მათი ნათესავები მოასწრებენ საზღვრამდე მისვლას. რადიო თავისუფლება
  5. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს. ავტორი - თამთა რუხაძე
  6. რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. “რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ. მათი დრო დასასრულს უახლოვდება”, - წერს ერმაკი. შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს. ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა. იპნ
  7. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა. ცნობისთვის, აქამდე კადიროვი ლაპინს “არაკომპეტენტურს” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ამის მიუხედავად რუსეთის გენერალურ შტაბში მას “ხელს აფარებენ”. იპნ
  8. ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა. „დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ისინი ცუდად არიან მომზადებული და ეკიპირებული. იმდენად უხეშად იყენებს მათ ხელმძღვანელობა, რომ ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას ვიფიქროთ, რომ მალე რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ყველა შესაძლო ვერსიისთვის ემზადება. „ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით, რომ რუსეთის არსებული ხელისუფლება იპოვის ნებისმიერ გზას ომის გასაგრძელებლად, მათ შორის ირანის სახით თანამზრახველების დახმარებით“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - თამთა რუხაძე
  9. რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ipn
  10. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში. ამასთან, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები; ზაპოროჟიეს ოლქის ჩერბაკის დასახლება, ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდისა და მალაია სეიდემინუხას დასახლებები, მიკოლაივის ოლქის კობზარცის დასახლება. ipn
  11. რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები დაზიანდა. ipn
  12. ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აზოვის მებრძოლმა ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც ჯერ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკადაში შემდეგ კი რუსეთის ტყვეობაში გაატარა. მან ამასთან, თავი შეიკავა ტყვეობის დეტალებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აზოვის 700-მდე მებრძოლზე, რომლებიც ჯერ ისევ ტყვეობაში არიან, თუმცა ვითარების სიმძიმის აღსაწერად განაცხადა, რომ ტყვეობის 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამი დაიკლო. „როდესაც ყოველ დღე სიკვდილს უსწორებ თვალს, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აზოვსტალში, სიკვდილის აღარ გვეშინოდა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ბავშვებს, რომლებიც იქ იყვნენ, ჩვენ ვცდილობდით მათთვის დახმარების გაწევას და როგორც კი მოწინააღმდეგე დაგვთანხმდა დაზავებაზე, მაშინვე გავიყვანეთ სამოქალაქო პირები და გადავეცით წითელ ჯვარს. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესში. იმ დღეებში, როდესაც შედარებითი სიმშვიდე იყო, ჩვენ აზოვსტალში ნანგრევებს ვთხრიდით და ვცდილობდით გამოგვეტანა სურსათის ნარჩენები და თუ იქ იყო რაიმე ტკბილეული, ბავშვებს ვაძლევდით და ვცდილობდით ბავშვები მაინც მოგვემარაგებინა. არ ვიცი რამდენად ეხმარებოდა ეს ყველაფერი მათ, მაგრამ ვცდილობდით მათთვის მიგვეცა. სულიერადაც ვცდილობდით გაგვემხნევებინა და ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ გზებს გამოვნახავდით მათი ევაკუირებისთვის“,- განაცხადა ანატოლი ეგოროვმა. მისი თქმით, „აზოვსტალის“ ბლოკადის დროს, აპრილის შუა რიცხვებში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმდენად შეეგუენ აზრს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ აზოვსტალიდან გასვლა რთულად დაიჯერეს. „უიმედობა ნამდვილად არ გვეუფლებოდა, აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც მარიუპოლში ვიყავით, შეიქმნა „აზოვის“ ვეტერანებისგან შემდგარი პოლკი და ისინი შეეცადნენ ბლოკადა გაერღვიათ. წარუმატებლად დამთავრდა ეს მცდელობა და რასაკვირველია, ემოციური თვალსაზრისით ძალიან მძიმედ განვიცადეთ ეს წარუმატებლობა. იმ დროისთვის გავაცნობიერეთ, რომ, ალბათ, მალე შეიძლება დავიღუპოთ. არავინ არ გატეხილა სულიერად. გავაცნობიერეთ, რომ შეიძლება დავხოცილიყავით, მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავით. როდესაც გამოვდიოდით აზოვსტალიდან, ეს იყო თავისებური შოკი, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ გამოვიდოდით იქიდან. რაც შეეხება ტყვედ ჩაბარებას, ჩვენ იმით განვსხვავდებით რუსებისგან, რომ არასდროს არ ვმსჯელობთ და ვბჭობთ ბრძანების თაობაზე, ბრძანება უნდა შესრულდეს - უნდა დაგვეყარა იარაღი. ჩვენ გვყავდა 150-ზე მეტი დაჭრილი, არ გვქონდა წამალი, მედიკამენტები, მათი გადარჩენა საჭირო იყო. ამიტომ არავის დაუწყია მსჯელობა და წინააღმდეგობის გაწევა - ბრძანება შესრულდა. ცუდი კვება იყო, ძნელი იყო ტყვეობაში ყოფნა, იყო ჩხრეკაც, იყო დაკითხვაც, მაგრამ 700 ადამიანამდეა ახლა „აზოველი“ ტყვე და რამეს თუ ვიტყვი, შეიძლება ყველაფერმა ამან მათზე იმოქმედოს ცუდად, სანამ ჩვენი მებრძოლები იქ არიან, მე არ შემიძლია რამეზე დაწვრილებით ვილაპარაკო. ალბათ, იქნება სამხედრო ტრიბუნალი სამხედრო დამნაშავეებზე და ყველაფერს ნათელი მოეფინება - მე პირადად 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამით დავიკელი წონაში“,- განაცხადა „აზოვის“ მებრძოლმა. ანატოლი ეგოროვის ინფორმაციით, თურქეთში მყოფი „აზოვის“ მეთაურები, მათ შორის დენის პროკოპენკო, იქაც ტყვეა და ახლობლებთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ. „ის, რომ ჩვენი მეთაური პროკოპენკო თურქეთშია, ეს არის ჟენევის კონვენციით დაშვებული. ის ტყვეა იქაც, უბრალოდ იქ ადამიანური პირობები აქვს. ის ტყვეა, მას, ასევე, არავითარი კავშირი არ აქვს, ისევე როგორც ჩვენ არ გვქონდა რაიმე კავშირი. ისინი, ვინც ახლა თურქეთში არიან იქაც არიან ტყვეებად“,- განაცხადა ანატოლი იგოროვმა. იპნ
  13. საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს", - წერს „ფეიბუკის" პირად გვერდზე თეონა აქუბარდია. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" ორ ოპოზიციურ პარტიასთან - „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა" - ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 17 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს წინაშე 12 პუნქტის შესრულების პირობა დააყენა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო. სხვადასხვა პუნქტში მოცემული საკითხების შესახებ საქართველოს პარლამენტში არაერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. რადიო თავისუფლება
  14. მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს. ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა. ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და მის მეუღლეს დაესხა თავს. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ინციდენტის შემდეგ 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ბიბისი“ წერს, უცნობი მამაკაცი ნენსი და პოლ პელოსის კალიფორნიის სახლში ღამით შეიჭრა. ბოროტმოქმედი ამჟამად დაკავებულია. მომხდარის დროს ნენსი პელოსი სახლში არ იმყოფებოდა. ავტორი - ლევან ახალაია
  15. დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა განაცხადა, რომ ზაჰედანში ხალხი 28 ოქტომბერს პარასკევის ლოცვის შემდეგ კვლავ შეიკრიბა მოედანზე და მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქტივისტებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქში შეკრებილი მომიტინგეები სიკვდილს უთვლიან "დიქტატორ" უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეის და ბასიჯების სახალხო მილიციას, რომელიც დიდ როლს თამაშობს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევაში. გავრცელებული ინფორმაციით, ზაჰედანში უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების მიმართ ძალა გამოიყენეს, თვითმხილველებმა კი სროლის ხმაც გაიგონეს. აშშ-ი მდებარე უფლებადამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. ზაჰედანში, "სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეები დაშალა და ბრბოს ცეცხლი გაუხსნა",- ნათქვამია ჯგუფის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, რომლის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება არ ხერხდება. ირანის ხელისუფლებას კომენტარი მომხდარზე კერ არ გაუკეთებია. სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, ბოლო ოთკვირის განმავლობაში, გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში რადიო თავისუფლება
  16. 28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა. გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალმა ესროლა. მისი მოქმედების მოტივი უცნობია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატების ოფისებზე, მათ შორის ყველაზე ხშირად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენება. ხოლო ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცეცხლის წაკიდების კიდევ უფრო მეტი, ჯამში 50 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხედრო კომისარიატებზე ცეცხლის წაკიდების შემთხვევების ზრდის შემდეგ, რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ტერაქტებად ჩაითვლება და მასში დამნაშავე 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება. რადიო თავისუფლება
  17. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის. კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად". კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში უკრაინის ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში - რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინელთა გათბობის გარეშე დატოვებას ზამთრის პერიოდში. მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფენ. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევების შედეგად მისი ინფრასტრუქტურის მესამედია განადგურებული. რადიო თავისუფლება
  18. საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით. “თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონით და რაკეტებით თავდასხმები და პროვოკაციები აღარ იქნება”, - განაცხადა კლიჩკომ. კიევის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ენერგომომარაგების მხრივ ვითარების დასტაბილურებას 2-3 კვირა დასჭირდება. ipn
  19. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. “ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე ჩვენს კოლეგებთან დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან”, - აღნიშნა პრისტაიკომ. ipn
  20. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლის ბედი უნდა გადაწყდეს. ნენსი პელოსი ვაშინგტონში მიმდინარე კვირაში დაბრუნდა ევროპიდან, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 29 ოქტომბერს პელოსი სიტყვით უნდა გამოვიდეს ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან ერთად. რადიო თავისუფლება
  21. აშშ-მა სანქციები დააკისრა ირანულ ფონდს, რომელმაც, აშშ-ის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მწერალ სალმან რუშდის მოკვლის სანაცვლოდ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 28 ოქტომბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა ირანში განთავსებულ ფონდს "ხორდად-15". OFAC-ი ამ ფონდს ბრალს სდებს მილიონობით დოლარის ჯილდოს დაწესებაში ინდური წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი-ამერიკელი ავტორის, სალმან რუშდის მოკვლისთვის. რუშდ 12 აგვისტოს მძიმედ დაჭრა თავდამსხმელმა ნიუ-იორკის შტატში გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფონდი "ხორდად-15" მილიონობით დოლარს პირდება ნებისმიერ პირს, რომელიც აღასრულებს რუშდის სასიკვდილო განაჩენს. OFAC-ი აცხადებს, რომ ეს ფონდი დაკავშირებულია ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ხომეინისთან, რომელმაც რუშდის სიკვდილი 1989 წელს მიუსაჯა. პროკურორების თქმით, ნიუ-იორკის შტატში რუშდიზე თავდამსხმელმა, ჰადი მატერმა - რომელიც დააკავეს - მწერალს რამდენჯერმე დაარტყა დანა, მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე სცენაზე აიჭრა. მატერი თავს დამნაშავედ არ აღიარებს მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდებებში. დაკავების შემდეგ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მატერი აქებდა ხამეინის და აკრიტიკებდა რუშდის - ავტორს რომანისა "სატანური ლექსები", რომელსაც მუსლიმთა ნაწილი მკრეხელურად მიიჩნევს. რადიო თავისუფლება
  22. პრაღაში მთავრობის გადადგომის და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დემონსტრაცია, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები, რადიკალური ჯგუფებისა და კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზებული ჯგუფი „ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველეს ყოვლისა“ ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას და ჩეხეთის სამხედრო ნეიტრალიტეტს ითხოვს. როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინაში ომით გამოწვეულმა ენერგორესურსების ფასის ზრდამ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს აიძულა, მიეღოთ ზომები მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის ენერგორესურსების გაზრდილი გადასახადების ტვირთის შესამსუბუქებლად. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  23. ტაშკენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სურვილს, გააძლიეროს უზბეკეთთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა. უზბეკეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაზარდონ მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება. მხარეები მიესალმნენ გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რომელმაც უზბეკეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ახალი გვერდი უნდა გახსნას და გააძლიეროს თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები. პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოხდება. ევროკავშირმა დაადასტურა უზბეკეთის რეფორმების პოლიტიკისადმი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეფორმები იქნება მდგრადი, შეუქცევადი. ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო უზბეკეთში ევროკავშირის კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის ცენტრალური აზიის სტრატეგიის განხორციელების დაჩქარების საჭიროებაზე და მიესალმნენ ევროკავშირი-ცენტრალური აზიის კავშირების კონფერენციის გამართვის ინიციატივას, რომელიც სამარყანდში 2022 წლის 18 ნოემბერს ჩატარდება. უზბეკური მხარე მზად არის, კონფერენციაზე წარადგინოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების „საგზაო რუკა“. შეხვედრისას მდგრადი სატრანსპორტო დერეფნების შექმნა, მათ შორის ტრანსკასპიური მულტიმოდალური მარშრუტის განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებისთვის საკვანძო ფაქტორად დასახელდა. პრეზიდენტებმა განიხილეს საპორტო პოტენციალის გაფართოების, საბორნე და სარკინიგზო პოტენციალის გაზრდის, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციის, ტვირთების გადაზიდვისა და საზღვრის კვეთის პროცედურის გაციფრულების მნიშვნელობა. უზბეკურმა მხარემ ისაუბრა თერმეზი-მაზარი-შარიფი-ქაბული-ფეშავარის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე კავშირების გაძლიერებისთვის. ამასთან, უზბეკეთმა გამოთქვა ინიციატივა, 2023 წელს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ტურიზმის პირველ ფორუმს უმასპინძლოს. შარლ მიშელმა და შავკატ მირზოევმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას ცენტრალურ აზიაში კავშირების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია, ავღანეთი რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხედ გადაიქცეს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  24. აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას. აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული. თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და ამასთან იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ. „ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ - ნათქვამია Sloties-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. NFT (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში. ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum-ი. ამ მონაცემების გაყალბება ან შეცვლა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს იგი ციფრული ნივთის ავთენტურობის დასადასტურებლად. დღეს ყველაზე პოპულარული NFT ციფრული ხელოვნების ნიმუშებია. ციფრული მხატვრის, Beeple-ის NFT Christie's-ის აუქციონზე 69 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. რადიო თავისუფლება
  25. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი 27 ოქტომბრის გვიან საღამოს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში 2035 წლიდან გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს. ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პასკალ კანფენმა, რომელმაც დოკუმენტს უწოდა „ისტორიული გადაწყვეტილება“, თქვა, რომ „ეს სექტორი, რომელზეც მოდის ამჟამად გამონაბოლქვის 16 % ევროპაში, 2050 წლისთვის იქნება ნახშირბადისგან თავისუფალი.“ საერთაშორისო ეკოლოგიურმა ორგანიზაცია „გრინპისმა“ გააკრიტიკა შეთანხმება და თქვა, რომ ის მხოლოდ ნიღბავს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში პოლიტიკოსების მრავალ წარუმატებელ ნაბიჯს. ეკოლოგების გამოთვლით, დიზელის ძრავებზე უარის თქმა საჭიროა უკვე 2028 წლისთვის, რათა გლობალურმა დათბობამ არ გადააჭარბოს 1,6°C-ს. მეცნიერები თვლიან, რომ გლობალური დათბობა, რასაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანწილად სათბურის გაზები უწყობს ხელს, იწვევს ძლიერ წვიმებს და სიცხის ტალღების გახშირებას დედამიწაზე. 2022 წლის ზაფხულში ძლიერი წყალდიდობები იყო ავსტრალიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში და სხვაგან. ამავე დროს, ძლიერი სიცხე იყო ევროპის ქვეყნებში, რუსეთში და აშშ-ში. გლაზგოში, კლიმატის ცვლილებების შარშან გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიოს 200-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ 2030 წლამდე შეეცდებიან გლობალური დათბობის ზრდის 1,5°C-ით შეზღუდვას და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...