Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. dpa-ს თანახმად, გერმანელმა სტუმარმა 4 ნოემბერს კიევის რკინიგზის მთავარ სადგურზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ." დღის წესრიგშია მოლაპარაკებები მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან. ყურადღება მახვილდება ჩადენილი ომის დანაშაულების გამო ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნაზე, რაშიც გერმანიას სურს დაეხმაროს უკრაინას. ასევე განიხილავენ თანამშრომლობის გეგმებს მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის უკრაინის ევროპის კავშირში მიღებასთან დაკავშირებით. სტუმართან, უკრაინის იუსტიციის მინისტრ დენი მალიუსკას შეხვედრის შემდეგ, მასპინძელმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიზანია, "გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიაღწიოს რეზოლუციის მიღებას ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ფონდის შექმნის შესახებ." "მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მსოფლიოში თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მომავალი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს თავის ადგილს მიუჩენს", განაცხადა ბუშმანმა გაეროში ვიზიტისას ოქტომბერში. რადიო თავისუფლება
  2. ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი). „მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მათი ხელფასი კი 2013 წლიდან არ შეცვლილა. ისინი იღებენ მცირე ხელფასს ყოველგვარი დანამატის გარეშე. მძღოლები, რომლებიც სოფლებში, კვირაში ორ რეისს ასრულებენ იღებენ ხელფასს 4000-5000 რუბლს (200 ლარამდე), ხოლო, მძღოლები, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულნი საქალაქო მარშრუტებში, მათი ხელფასი 7000-8000 რუბლს (დაახლოებით 350 ლარი) შეადგენს ორი კვირის განმავლობაში“, - განმარტა დუდაევმა. გაფიცულ მძღოლებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ მათი ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. როგორც სააგენტო „რეს"-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხს ცალკე შეხვედრა დაეთმობა. „პრემიერი შეხვდა მძღოლებს, პირობა დადო, რომ მათ პრობლემებს სპეციალურ შეხვედრაზე განიხილავენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მძღოლების ხელფასების გაზრდის საკითხს. პრემიერმა ისინი დაარწმუნა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება“, - აცხადებენ დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურში. საგზაო ტრანსპორტის სამმართველოში ამჟამად 40-ზე მეტი მძღოლი მუშაობს. რადიო თავისუფლება
  3. უცნაურია, მაგრამ პორტუგალიაში, ადამიანის ცხედრების გარკვეული ნაწილი დაკრძალვის შემდეგ არ იხრწნება, რაც სერიოზული კრიზისის საფუძველი გახდა. აღმოჩნდა, რომ დამარხვის შემდეგ ნეშტები მუმიფიცირდება. ადგილის დაზოგვის შესახებ ადგილობრივი კანონის მიხედვით, საჭიროა საფლავებიდან გვამების რეგულარულად ამოღება და ჩონჩხის ნარჩენების უფრო მცირე კონტეინერებში მოთავსება. თუმცა, მრავალი ნეშტი არ იხრწნება, რაც დიდ ტრავმას იწვევს მათ ოჯახებში — წარმოიდგინეთ, საყვარელ ადამიანთა სხეულებს საფლავიდან მრავალჯერ იღებენ და უკან აბრუნებენ, რათა ისინი ბოლომდე გაიხრწნას. ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში არავინ იცის, რა ემართება კუბოებში დამარხულ სხეულებს. უცნაური მუმიფიკაციის გამომწვევი მიზეზის გარკვევაზე პორტუგალიელი მეცნიერები უკვე მუშაობენ. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, პორტუგალია ვიწრო ურბანული სასაფლაოების სერიოზული გადატვირთულობის წინაშე აღმოჩნდა და დროებითი საფლავების კონცეფცია შემოიღო. იდეა მარტივია: დაშლილი სხეული ნაკლებ ადგილს იკავებს. ძვლების ჩაწყობა უფრო პატარა კუბოშია შესაძლებელი, რომელსაც შემდეგ უფრო ნაკლებად მოცულობით საბოლოო განსასვენებელ ადგილას ათავსებენ, მაგალითად, სასაფლაოს კედლებში სპეციალურად გაკეთებულ უჯრებში. „ქალაქებში არ გვაქვს ახალი სასაფლაოების გახსნის ან უკვე არსებულების გადიდების ადგილი“, — ამბობს კოიმბრას უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო ანთროპოლოგი ანჟელა სილვა ბესა, რომელიც პორტუგალიის სასაფლაოებს სწავლობს. დამარხვიდან სამი წლის შემდეგ, გარდაცვლილთა ოჯახები ხშირად იღებენ წერილს, რომელიც მათ აფრთხილებს, რომ ნეშტი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ. კანონის მიხედვით, სხეულის გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ის ისეა დაშლილი, რომ დარჩენილია მხოლოდ ჩონჩხი, რბილი ქსოვილების გარეშე. ამის შესამოწმებლად, საფლავი უნდა გაითხაროს. თუ გვამი საკმარისად გახრწნილი არ არის, მას კვლავ მარხავენ და ეს პროცესი ყოველ ორ წელიწადში მეორდება, იქამდე, ვიდრე ის მთლიანად არ გაიხრწნება. პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქის, პორტუს სასაფლაოების კვლევამ აჩვენა, რომ 2006-2015 წლებში, ნეშტების დაახლოებით 55-64 პროცენტი პირველი ექსჰუმაციის შემდეგ სრულად გახრწნილი არ იყო. პაულუ კარეირა, სასაფლაოს მფლობელი და პორტუგალიის სასაფლაოების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ ჯერზე ასეთ მოვლენას ოჯახები საკმაოდ ნორმალურად ხვდებიან. თუმცა, მიცვალებულის სხეულის განმეორებითი ამოთხრები შეიძლება ემოციურად საკმაოდ საზიანო იყოს. კარეირას განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, სხეულის ამოთხრა და ხელახლა დამარხვა ათეულობით წელიწადს გრძელდება, ვიდრე ის საბოლოო განსასვენებელს მიაღწევს. ამ ნეშტების გარკვეული ნაწილისთვის ეს პროცესი ფაქტობრივად დაუსრულებლად გრძელდება, რადგან ისინი უკვე მუმიფიცირებულია. ეგვიპტური მუმიებისგან განსხვავებით, რომლებსაც ასე მიზანმიმართულად ამუშავებდნენ, პორტუგალიაში ეს თავისით ხდება. ბუნებრივი მუმიფიცირება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც სხეული იმდენად სწრაფად შრება, რომ ხრწნა უბრალოდ ჩერდება. ასეთი პროცესი შემჩნეულია უდაბნოების ან მყინვარების მსგავს გარემოში, ძლიერ სიცხეში ან სიცივეში. თუმცა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის დადგენა, რატომ ხდება ამდენი შემთხვევა პორტუგალიის სასაფლაოებზე. სილვა ბესა და მისი კოლეგები სწავლობდნენ, რა შეიძლება ანელებდეს პორტუგალიაში გვამების ხრწნას. ეს კვლევა პირველი იყო ამ მიმართულებით. ოჯახების თანხმობით, მან გვამებისა და მათ გარშემო მიწის ნიმუშები შეაგროვა ხუთი სასაფლაოდან. „გასაოცარია, რომ სასაფლაოს ერთსა და იმავე მონაკვეთში ხრწნის სხვადასხვა ეტაპები ფიქსირდება“, — ამბობს სილვა ბესა. მისი თქმით, ზოგიერთი სხეული სრულად გაჩონჩხებულია, ზოგი ჯერ კიდევ იხრწნება, ზოგიერთი კი თავიდან ფეხებამდე მუმიფიცირდება. „ერთ სხეულზეც კი შეიძლება ნახოთ, რომ სხეული გაჩონჩხებულია, მენჯის არე ხრწნაშია, ხელები კი მუმიფიცირებული. თითქმის ყველაფერს შეიძლება წააწყდეთ“, — ამბობს მკვლევარი. სილვა ბესამ შეამოწმა ნიადაგის რვა მახასიათებელი, რომლებიც შეიძლება ხრწნაზე ახდენდეს გავლენას; მათ შორის არის ტემპერატურა, მჟავიანობა, ტენიანობა, სიმკვრივე, მძიმე ლითონებით დაბინძურება და ორგანული მასალა. ჯერჯერობით მან რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაგნო. „გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მაინც ვიპოვიდი კავშირს ნიადაგის თვისებებსა და სხეულის შემადგენლობის მდგომარეობას შორის, მაგრამ ეს ვერ შევძელი“, — ამბობს იგი. მისი შემდეგი ნაბიჯი იმის შემოწმება იქნება, შეიძლება თუ არა, ამაზე გავლენას ახდენდეს ის ნივთიერებები, რასაც ადამიანები სიცოცხლეში მოიხმარდნენ, მაგალითად, ეწეოდნენ ან იღებდნენ თუ არა გარკვეულ მედიკამენტებს. ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო მეცნიერებათა ლექტორი ტრისტან კრაპი ამბობს, რომ მას სულაც არ უკვირს, რომ გვამები სამ წელიწადში სრულად არ იხრწნება. მისი განცხადებით, „ნორმალურ სხეულს“ საფლავში გახრწნისთვის ხუთი წელიწადი სჭირდება, თუმცა აღიარებს, რომ ეს ძირითადად ვარაუდია. კრაპი და მისი კოლეგა მეცნიერები ხრწნის შესასწავლად შემოწირულ ორგანოებს იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ძირითადად იმაზე არიან ფოკუსირებული, რა ემართება ცხედარს მიწის მაღლა, რაც გამოსადეგია მკვლელობის მსგავს შემთხვევათა გამოსაძიებლად, მაგრამ ნაკლებად არის გამოსადეგი ჩვეულებრივი საფლავების ამბის შესასწავლად. გაცილებით ნაკლები კვლევა ჩატარებული იმის შესახებ, რა ემართება სხეულს საფლავში დამარხვის შემდეგ, რაც ალბათ უფრო კომპლექსურია. სხეული „უზარმაზარი ბიოლოგიური ბომბის“ მსგავსია, რომელსაც ნიადაგში შეაქვს ბაქტერიები, ქსოვილები და სხვადასხვა სახის წვენი, რასაც თავის მხრივ აქვს კომპლექსური ეკოსისტემა. კრაპის თქმით, ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს სხვადასხვაობები ადამიანთა სხეულებს შორის, მაგალითად, საერთო ზომა, კუნთოვანი მასა და ცხიმის დონე. მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  4. „დიდი შვიდეული“ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, აღსადგენად და დასაცავად საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ განცხადებით, 13 დეკემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ორგანიზებით, პარიზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდაჭერა. „ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში. დიდი შვიდეული კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომი და გაიყვანოს თავისი ძალები. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე წარმოადგენს ომის დანაშაულს. „დიდი შვიდეული“ მზად არის, უზრუნველყოს დანაშაულის ჩამდენ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრება. „დიდი შვიდეული“ მიუღებელს უწოდებს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას. „რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხად მოჰყვება სერიოზული შედეგები. ჩვენ ასევე უარვყოფთ, რუსეთის ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მივესალმებით უკრაინის გამჭვირვალობას“, – ნათქვამია განცხადებაში. დიდი შვიდეული აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთზე ეკონომიკური საფასურის დაკისრებას, ასევე სხვა ქვეყნებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მოსკოვს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ. როგორც მინისტრები აღნიშნავენ, თუ ბელარუსი უფრო პირდაპირ ჩაერთვება რუსეთის ომში, დიდი შვიდეული ბელარუსის რეჟიმს უზარმაზარ დამატებით ხარჯებს დააკისრებს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ არ იმსახურებს ნდობას, რადგან ის განაგრძობს ომის ესკალაციას, ახალი მუქარების და დეზინფორმაციის გავრცელებას. დიდი შვიდეული გააგრძელებს კოორდინაციას, რათა შეამსუბუქოს რუსეთის ომის შედეგები გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისთვის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებისთვის. დიდ შვიდეული ასევე მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოუწოდებს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება. „დიდი შვიდეული“ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის დაწესებას უახლოეს კვირებში დაასრულებს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  5. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. 5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  6. დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის, გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთი, მასთან არსებული ერთი ჩიხი და ერთი შესახვევი რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელობის გახდა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის N220 საჯარო სკოლა კი, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს. ავტორი - მაკა არჩევნიშვილი
  7. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე.
  8. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილის ოჯახს, დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა (2003 წლიდან) სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, საკითხს „ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს მხარი. „მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ“ – ეს იყო, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილი პასუხი შეთავაზებაზე სასწრაფოდ დაეტოვებინა აფხაზი სეპარატისტების, რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ აღებული სოხუმი. მან პირობა შეასრულა. ბოლოს, ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ნახეს, როდესაც ხელებშეკრული გამოიყვანეს ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ 54 წლის ქართველი გმირი აღარავის უნახავს. ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა ზემელზე, სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი მეგობრები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი. მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჯუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი. მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირა და ოჯახიც იქ შექმნა. ჯუმბერ ბეთაშვილი – დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ასევე, საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედროებს, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავის ქონება, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედროები აღნიშნულ ქონებას 2007-2013 წლებიდან ფლობენ. სულ ასეთი ოჯახების რაოდენობა 54 შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია. საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ათი ოჯახი და ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
  9. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც სამთავრობო აქტივისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ხერსონი ახლა ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა. „ახლა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევით და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ფაქტს მოსახლეობის იძულებით დეპორტაციად აფასებს, რაც ომის დანაშაულია. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  10. ეროვნული ბანკი მომხმარებლებს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა. მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – cp@nbg.gov.ge“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
  11. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
  12. თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა. როგორც ხელაძემ სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები სპეკულაციებშიც დაადანაშაულა. ხელაძის ამ განცხადებას ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება იყო. ამ ფაქტის გამო, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლების პროცედურა შეეწყვიტა. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ავტორი - მაკა არჩევნიშვილი
  13. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია. „პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა. ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა. „ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა განახორციელოს გავლენა რუსეთზე“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა. ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტს კარგი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა. „კარგია და სწორია, რომ დღეს მე ვარ აქ, პეკინში“, – აღნიშნა შოლცმა. ამასთან, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისისას მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ევროპაში ომი დააბრუნა. კრიზისის დროს, მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანდ. ჩინეთში ვიზიტისას, ოლაფ შოლცმა უმცირესობების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  14. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. ასე გამოეხმაურა რაისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა. „მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა: „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  15. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაცით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ჩატარდება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდიან. „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
  16. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია. „მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს. არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და მეორე, გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა, რომელმაც ეს ღონისძიება პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა. საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა. ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების დაცვაში შეიტანა საკუთარი წვლილი. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მათ ემისრებს, თავადებსა, თუ რელიგიურ პირებს, რაც იმ დროინდელი ისტორიისთვის ჩვეული მოვლენა იყო. მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით, ხშირ შემთხვევაში, გადაარჩინეს საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო როგორც გარე, ასევე შიდა დიპლომატია. შეგვიძლია გავიხსენოთ შიდა დიპლომატიის კუთხით კრავაი ჯაყელი და გარე დიპლომატიის კუთხით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე. ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ ასე, რომ ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში - როცა იცი რა გინდა შენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა. მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი. ეს დღე ეკუთვნის ასევე, 91 წელს აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომელიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყო. პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი და მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა. შემიძლია პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის, მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, ის გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა. მათ შეძლეს მთავარი - ჩვენი პარტნიორებისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარე საფრთხეების და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის, სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია. ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე. ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, ფასდაუდებელი, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც. ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა. ეს დღე ეკუთვნის ასევე, საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, ასევე იცნობენ სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძის თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვათა მეშვეობით. ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია. მას ასევე სჭირდება მისი ყველა მოქალაქის, თანამემამულის ამ დიდ საქმეში ჩართულობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და ყოველთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი. ipn
  17. როდესაც სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლის მიმართ მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია - ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. გვრიტიშვილის თქმით, ყველა შემთხვევაში, რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, განუხრელად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება და ყველა საქმეზე სამართალწარმოებას სამართლიანობის პრინციპის დაცვით ახორციელებს. „კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. მოსამართლე მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს ემორჩილება. სწორედ ამიტომ, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ნებისმიერი სხვა ობიექტური დამკვირვებელი სუბიექტის მხრიდან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობით არის დაინტერესებული, ნებისმიერი ასეთი შეფასება და ქმედება რაღა თქმა უნდა, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც გარკვეულწილად სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობა საქმის შედეგის თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. მისივე თქმით, არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. „მე ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოვადგენ, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ცალკეული მოსამართლეების ღირსება და საქმიანი რეპუტაცია დაიცვას. მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც საბჭოში ვართ წარმოდგენილი - 9 მოსამართლე წევრი, თუ ვინმე ამ ჯგუფს გავლენის ჯგუფად აღიქვამს, ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე არჩეული მოსამართლეები კანონმდებლობის საფუძველზე თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ, დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და არავის, მიუხედავად მისი სტატუსისა, არ მისცენ შესაძლებლობა ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა. ipn
  18. მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო. „დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე... დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა...“, - აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული. მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“. „მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც, დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა...ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, - აცხადებს ბეროზაშვილი. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“. იპნ
  19. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს. „ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტიური და ფიზიკური შესაძლებლობები. ამ სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ: ერთი, ცოტნეს მდგომარეობა არ უარესდება და არც სტაგნაციას განიცდის - ძალიან პატარა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ; მეორე -არ ვკარგავთ იმედსა და მოთმინებას და არასოდეს არ ვწყვეტთ ბრძოლას, რაც მიგვაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვების მთავარი საწინდარია. ამ ეტაპზე, მაგალითად, ბგერების წარმოთქმის, სიცილისა და სხვა ემოციების გამოხატვის უნარს დაემატა სიტყვების დამარცვლით წარმოთქმის უნარიც”, - განაცხადა ჯაბაურმა. მისივე თქმით, კოლხური კოშკის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციას სახლში ვერ გადის. „თითქმის, წელიწადნახევარია, რაც ვიმყოფებით წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში. დღესდღეობით, ეს გამოუვალი სიტუაციიდან უფროა გამომდინარე, ვიდრე აუცილებლობისგან. რეაბილიტაცია, რომელიც უტარდება ცოტნეს - ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედის სამკურნალო თერაპია და სხვა შესაძლებელი და უკეთესიცაა ტარდებოდეს სახლის პირობებში. სამწუხაროდ, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვერ ვახერხებთ შინ დაბრუნებას და ჯერჯერობით უცნობია სანამდე მოგვიწევს სამედიცინო დაწესებულებებში ცხოვრება”, - განაცხადა ჯაბაურმა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს. იპნ
  20. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რის შედეგადაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, მტრული სამუშაო გარემოსა და მათი უგულებელყოფის მსხვერპლი 25-მდე პირი გახდა. დოლიძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეორგანიზაციას ორჯერ დაექვემდებარა. კერძოდ, თანამშრომლების ნაწილი 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლდა, ხოლო ნაწილმა სამსახური, ოქტომბერში, მეორედ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დაკარგა. „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებს, თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლება შეწყვიტოს და სამინისტროს საკადრო პოლიტიკა კანონისა და კარგი საჯარო მმართველობის ფარგლებში მოაქციოს. „ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი არის ის, რომ სწორედ პროფესიონალები თავისუფლდებიან თავიანთი თანამდებობებიდან და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ ადამიანების, არამედ მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობების დაცვას, იმიტომ რომ, როდესაც პროფესიონალები თავისუფლდებიან კულტურული მემკვიდრეობა და ზოგადად ეს სფერო ისეთი ადამიანების ხელში რჩება, რომელთაც ამ მიმართულებით ცოდნა არ გააჩნიათ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის უფლებას დავიცავთ, რომლებიც უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და ბოლომდე მივყვებით,“ - განაცხადა ნინო დოლიძემ. მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლებული არაერთ პირის უწევს იურიდიულ დახმარებას. ორგანიზაცია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას გააგრძელებს, რათა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს საშუალება მიეცეთ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად მუშაობა გააგრძელონ. იპნ
  21. კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი. სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია. კომპანია Twitter Inc, რომლის ახალი მფლობელი ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკია, თანამშრომელთა შემცირებას უწოდებს რთულ, მაგრამ კომპანიის მომავალი წარმატებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას. ამერიკული მედიის ცნობით, მასკი თანამშრომელთა რიცხვის განახევრებას აპირებს. ამჟამად Twitter-ში 7500-მდე ადამიანი მუშაობს.
  22. ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა და დემოკრატმა კრის კუნსმა, რომლებიც ხუთშაბათს კიევში ჩავიდნენ, 3 ნოემბერს პირობა დადეს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის მომავალი კვირის შუალედური კონგრესის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. სენატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ" ძალიან პოზიტიური " მოლაპარაკებები ჰქონდათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკელმა სენატორებმა დაათვალიერეს ასევე ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელზეც რუსეთმა ირანის მიერ მიწოდებული დრონებით განახორციელა შეტევა. სენატორების უკრაინაში ვიზიტის ფონია სპეკულაციები, რომ ამერიკელმა რესპუბლიკელებმა, რომლებიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ფავორიტებად მიიჩნევიან, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ შესაძლოა უარი თქვან უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. რადიო თავისუფლება
  23. ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა. "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით... სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა... ეს პროცესი მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ კანდიდატი. მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ. კანონით, რეგლამენტით, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა. ამიტომ, მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას", - თქვა ჯანეზაშვილმა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად. ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. რადიო თავისუფლება
  24. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა. ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინელები მეთოდურად და ეფექტიანად მიმართავენ ძალისხმევას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ ამას არ მიაღწევენ დნეპრის დასავლეთ ნაპირზეც. უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ზაფხულში დაიწყო და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. რადიო თავისუფლება
  25. იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...