Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტატრულ დიქტატურას. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1294127768497850
  2. აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგინა. განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ შეისწავლიან ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში და საქართველოს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. „ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია განცხადებაში. ipn
  3. გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,- ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს. „ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის. დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებით, "დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება". „ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს სანქცირებული პირები არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ. გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა. ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას“, - განაცხადა დევიდ ლამმა. ipn
  4. ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს. „რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს. გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რაც ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებას, ურყევი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების აღმოჩენას, რადგან მხოლოდ ძლიერი უკრაინა შეძლებს ძალის პოზიციიდან საუბარს. „ჩვენ გვჭირდება გზა რეალური მშვიდობისკენ. უკრაინის შესახებ არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინის გარეშე“, - აღნიშნა მეცოლამ. იპნ
  5. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა. იპნ
  6. ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. „მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, ალბათ, გავწერთ ბინაზე. ამ პასუხის მიხედვით გადაწყდება. ზოგიერთი პასუხი შეიძლება დღეს მოვიდეს, ზოგი ხვალ. ზოგიერთი კვლევა მოითხოვს საკმაოდ დროს. პასუხები როცა გვექნება, გაწერის საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ. იპნ
  7. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით: TBC x Mymarket.ge TBC x Glovo TBC x tkt.ge TBC x Swoop BOG x Extra.ge BOG Ads Manager BOG x Biletebi.ge BOG Gift card BOG x Wolt თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება: #ერთმანეთისთვის სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად bm.ge
  8. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები განმარტა. კერძოდ, უწყება გამოეხმაურა სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას პირის პრევენციული დაკავების შესაძლებლობის შესახებ. 13 დეკემბერს „ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, პირის დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია. როგორც შსს განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და, ამასთანავე, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. შსს ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება შესაბამისობაშია ევროსასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან. „არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია, ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს წინაშე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“, – აცხადებს შსს. საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ განმარტებას და სოციალურ ქსელში დაწერა: „განცხადებაში შსს ამბობს: 1. პრევენციულ დაკავებას პოლიცია გამოიყენებს მაშინ, რომ მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე. 2. ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. არსებული რეალობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით ეს ნიშნავს შემდეგს: თუ პოლიციამ არასწორად ივარაუდა, რომ პირი ისევ ჩაიდენდა სამართალდარღვევას და შეცდომით დააკავა პირი, დაკავებულს იზოლატორში დატოვებენ 48 საათის განმავლობაში. იზოლატორიდან რომ გამოვა, უსაფუძვლოდ დაკავებული თუ გადაწყვეტს, რომ ამაზე იდავოს, ჯერ უნდა მიმართოს შსს-ს შესაბამის დეპარტამენტს, მოითხოვოს უკანონოდ დაკავების დადასტურება. მისი საჩივარი დაახლოებით 1 თვეში განიხილება. შსს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს რომ იტყვის, შემდეგ შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლო მისი საქმის განხილვას მოანდომებს 1 წლიდან 5 წლამდე პერიოდს, ან უფრო მეტს. სასამართლომ მისი მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, კომპენსაციას მიიღებს 70-დან 150 ლარამდე ოდენობით. ეს მონაცემები ეყრდნობა დაკავების კანონიერების საკითხზე არსებულ პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოში მკვიდრდებოდა. იმ პირობებში, როდესაც დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტიანი გზა არ არსებობს (ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საიამ ორჯერ მიმართა, მაგრამ არცერთხელ არ მიიღო საქმე განსახილველად), რა დააბრკოლებს პოლიციას, რომ ,,პრევენციული დაკავება” თვითნებურად განახორციელოს? გარდა ამისა, თავისთავად, პრევენციული დაკავება თავისი არსით არის სრული აბსურდი. პირს არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება პოლიციელის ვარაუდების საფუძველზე. არსებული ჩანაწერი სწორედ ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს“, – წერს ქურდოვანიძე. „ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, გაიზარდა ჯარიმები მთელ რიგ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, იერსახის დამახინჯებაზე, ვანდალიზმზე, შეკრებისა და მანისფესტაციების კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვაზე; ფართოვდება ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძველი, პირის დათვალიერების და საბუთების შემოწმების წესები. პუბლიკა
  9. საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა. იპნ
  10. ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. იპნ
  11. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს. "უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამიანის უფლებების პატივისცემა სრულებით ცხადი გახადეს. უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცრუ არჩევნები და არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ის ეძებს. ასევე, გვერდში უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც "ქართული ოცნების" ძალადობრივი ზეწოლის წინააღმდეგ კონსტიტუციაში ასახულ თავიანთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იცავენ. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორებიცაა ფინანსური სანქციები. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჩვენს საერთო სულისკვეთებაში ამაყად ვაცხადებთ: დიდება უკრაინას, დღეგრძელი იყავი ბელარუსო და საქართველოს ადგილი ევროპაშია", - ნათქვამია განცხადებაში. ევროპული ქვეყნებიდან განცხადების ხელმომწერები არიან პეტერ ტალი (ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი), რუსლანას ბარანოვასი (ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კარლოს როჰას გარსია (ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი) და ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე). იპნ
  12. საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. „მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, ერთმანეთს ფსევდონიმებითა და გვარებით მიმართავდნენ — „ჭუმბურა“, „ასლანა“ და გეთიაშვილი. 28 ნოემბრის შემდეგ არაა დაკავებული არც ერთი პოლიციელი, რომელმაც მომიტინგეებზე იძალადა. ამ შემთხვევაზე ნათქვამი იყო „ჩემი ხმის“ ანგარიშშიც, სადაც მიმოხილულია „სისტემური წამების“ შემთხვევები: როგორ დაგეგმა “ქართულმა ოცნებამ” მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება – “ჩემი ხმის” განცხადება გარეკანის ფოტო: ტვ პირველი ნეტგაზეთი
  13. „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. „ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სცადა. თავის მხრივ, ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ირანელი მარიონეტები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას, ავრცელებდნენ რა ანტიდასავლურ ნარატივებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, ჰელსინკის კომისია იხსენებს, რომ აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთის კონსორციუმი ამჟამად, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. „თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  14. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება. იპნ
  15. “ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით ბიზნეს სექტორმა უკეთ იცის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები მცირდება, იზღუდება კონკურენტული გარემო, იკლებს უცხოური ინვესტიციები, იზრდება ინფლაციური და ლარის გაუფასურების რისკები და არსებული კურსის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისს უქადის. “ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს, რომ არამხოლოდ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის, არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამხოლოდ უხარისხო მენეჯმენტი და ადმინისტრირება არამედ სისტემური პოლიტიკური კორუფციაც არის ამ ქვეყნის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იქ სადაც კონკურენტული გარემო იცვლება, იქ დამთავრებულია ყველაფერი. დღეს ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ როგორ იხარჯება სავალუტო რეზერვები, რა მოსდის საპენსიო ფონდს, როგორია ინფლაციური ზეწოლა, როგორ მცირდება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, როგორ მცირდება FDI და როგორ დაიწყო კაპიტალის გადინება ქვეყნიდან. ამას ხომ ბიზნესმენები ხედავენ და იციან. რიგითმა მოქალაქემ ეს არ იცის, მაგრამ მათ ეს იციან და ხედავენ. ისინი აკეთებენ დასკვნას, რომ ინფლაციური ზეწოლაც გაიზრდება, კურსზე ზეწოლაც გაიზრდება და ეს უკვე სისტემური კრიზისია. საგანგაშო რაც ვიცი რომ დეპოზიტების გადინების პროცესი სახიფათო სახეს იღებს. ხომ გასაგებია რომ გადინების პირველი ეტაპი იქნება იმ უცხოელებისგან რომლებმაც “შემთხვევით” მოიტანეს და უსაფრთხოებისთვის დააპარკინგეს თავისი რუხი კაპიტალი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარია bm.ge
  16. ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა. დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/944942890852979
  17. გაზრდილი პოლიტიკური იზოლაციის ფონზე "ოცნება" ცდილობს მის ხელთ არალეგიტიმურად არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციას კანონებში ცვლილებების შეტანით, რომლებიც ხშირად არაკონსტიტუციურიც კია. მათ კარგად ესმით რომ ის რესუსრები, რომლებზეც დგას მათი არალეგიტიმური ძალაუფლება , არის მილევადი, შესაბამისად შეუძლებელია პოლიტიკური იზოლაციის პირობებში ამ რესურსების შენარჩუნება. ბექა ლილუაშვილი. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1277827366689444
  18. ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში. თავდაპირველად კუჭავა ამის წინააღმდეგი იყო – სურდა, განხილვა დღესვე დასრულებულიყო და მზად იყო, სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად მიღეო. თუმცა ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ დათანხმდა მოსამართლის ინიციატივას. კუჭავამ მოსამართლეს ჰკითხა, მიეცემოდა თუ არა მას შესაძლებლობა, დღევანდელ სხდომაზე ესაუბრა შსს-ს იმ თანამშრომლებზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებზე, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსამართლემ მიუთითა, რომ მხოლოდ მის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა – “პოლიციელებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით”. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები. ავთანდილ კუჭავას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დიპლომატებს პირველწყაროდან მოესმინათ, როგორც უსწორდებიან სამართალდამცველები მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ამ საკითხს არ განიხილავდა, ის დათანხმდა სხდომის გადადებას. ის, რაც ვერ მოჰყვა სასამართლოს წინაშე, მოგვიანებით მოუყვა მედიას. ავთანდილ კუჭავა პროევროპულ აქციაზე 30 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნინო ენუქიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც ესტონეთმა რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. მოსამართლეებთან ერთად, ესტონეთის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ა.შ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგნუს ჰაცკნამ. netgazeti
  19. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება წინასწარ დაგეგმა. ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა და ლონდა თოლორაიამ წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. „აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, წიწაკის სპრეის, გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა. რიგ შემთხვევებში დაშლის დაწყებამდე წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა უახლოვდებოდა დემონსტრანტებს, ისმოდა სპეციალური გაფრთხილება/მოწოდება დაშლისაკენ. რიგ შემთხვევებში კი, დემონსტრაციების დაშლა იწყებოდა პირდაპირ დევნით და დემონსტრანტების დაკავებით, ხოლო გამაფრთხილებელი სიგნალი და დაშლის სხვა საშუალებები შემდეგ გამოიყენებოდა. წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკას და ქმნიდა ჭ####ტისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს. ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი ჯგუფები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას ვინც ვერ ასწრებდა ტერიტორიის დატოვებას; რიგ შემთხვევებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და ისე აკავებდა მათ. დაკავებულთა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცავები კვლავ ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდნენ და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში. დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო; მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს; დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს – სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები; დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში; ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს – ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს; ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსული, შემდეგ კი კარი დახურეს. ცნობილი ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს; ასევე,ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად, წინდებს; დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხით; ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა. ნაცემი და ნაწამები დაკავებულების პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გადაყვანა ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცნაზი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც დაკავებულები ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში გასანაწილებლად გადაჰყავდათ. გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საათობით (საშუალოდ 3 ან მეტი საათი) უხდებოდათ დაკავების მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ. იზოლატორებში შესახლებამდე პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცავს არასწორ, ყალბ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. დაკავებულებს იზოლატორში შესახლებამდე არ ეძლეოდათ ადვოკატთან შეხვედრისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა. უმეტესად, დაკავების 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ იზოლატორებიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილ დაკავებულებს მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას. ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი (“იგინებოდა”, “ილანძღებოდა და გვაყენებდა „შეურაწყოფას” (შეურაცხყოფის ნაცვლად) – ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული); ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად “რუსთაველის გამზირი”, ან “პარლამენტის მიმდებარედ”); ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეაფასა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი ფარგლების გაცდენად პოლიციამ; სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას – “იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს.” იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე; მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან; მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეოსათავალთავლო კამერების ჩანაწერებს; მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები; საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა; დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ; მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს; რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა , თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს; მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის. ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები და მიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში; მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები. ცრუ მოწმე პოლიციელების სია: გიორგი ჩარექაშვილი თორნიკე მენაბდე სულხან კიკნაძე რევაზ წურწუმია ზვიად მარგველანი ზურაბ ღარიბაშვილი დავით მარუაშვილი ოთარ გელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ“, – ნათქვამია განცხადებაში. პუბლიკა
  20. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად ვიბრძვით, რასაც ჩვენს მომავალზე ძლიერი გავლენა აქვს. კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ევროპასა და მის ღირებულებებს ერთად დავიცავთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. იპნ
  21. რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია უჭირს. „რა უნდა შევაფასო?! რეჟიმს მოვუწოდებ ისევ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ჩამოსულები და არა ვინმეს ლეგიტიმაცია მისცენ. ლეგიტიმაცია რომ უჭირს, სჯობს ჟურნალისტებთან დავას და დისკუსიას „მიაწვნენ“, იქნებ რომელიმე ჟურნალისტს წამოსცდეს და ლეგიტიმაცია მისცენ ჟურნალისტებმა მაინც“, - აღნიშნა გახარიამ. გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაც შეაფასა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებები უაღრესად მნიშვნელოვანია. „დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 21 დღეა იცავენ ევროპულ ფასეულობებს, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები, ადამიანებზე, ვინც დღეს ანგრევენ ევროპულ პერსპექტივას, არჩევნებს, ძალადობენ მოქალაქეებზე, უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული 500-ზე მეტი ადამიანი. აქ შეშფოთებების დრო არ არის, ქმედითი მხარდაჭერა გვჭირდება ყოველდღიურად, რათა თავი დავიცვათ, გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები, ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს“,- აღნიშნა გახარიამ. იპნ
  22. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, - წერს ვალერი ჰაიერი.
  23. „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს. „ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდეგ იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის და საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. გამოდის რომ საშუალო რგოლის საჯარო სექტორი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას, ერთ ადამიანს. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც იბრძოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანების ხელის ხლება. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა, ფაქტობრივად თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები, მოადგილეები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რიგითი უბრალო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მათ შემდეგ სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება ეკრძალებათ. მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს: მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტით იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლების უფლებას, თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალს და ინტერესებს. მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, კიდევ უფრო იძალადებს. დღეს თუ საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს დაცვისთვის, არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას. მინდა მოგიწოდოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ, ხმა ამოიღოთ და ის შეფასება გააკეთოთ, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება, იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ბრძოლაში და გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა გახარიამ. იპნ
  24. ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე. დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე "ქოლცენტრების" საკითხები იდგა - 3500 "ქოლცენტრის" საკითხი. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ", „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მიs მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა. 2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ. ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი - ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს. ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. იპნ
  25. არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე - ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა. „არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევები, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ. პარლამენტის პირველი სესია შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე, იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იყო მიცემული დრო იმ სარჩელების განსახილველად, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის პირველი სესიის წინ მოხდა. [28 ნოემბერს] პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები, მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა. კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას. რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე. ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია - მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე - პრეზიდენტი - მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...