უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები.
„რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალების აკვატორიაა. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ვერ გაუძლებდა რუსეთის დარტყმებს. ჩვენი მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ გაანადგურა და ზღვაში ჩაახრჩო მტრის იმედები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.
„არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ კიევი ომის დროს ნატო-ში მიღებას არ ელის.
„მაგრამ, ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა - უკრაინის ნატო-ში მიღებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 80-ჯერ გახსნა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონებს, 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 1 - მართვის პუნქტს.
„დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 რაიონს, საბრძოლო მასალის საწყობს, 27 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ობიექტსა და მტრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.
ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“.
მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.
განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდური,“.
ამ პროცესს ის ასევე ოპოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის თქმით, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. განცხადებაში ის დასძენს, რომ როგორც 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია და აღარც გენერალური დირექტორი და მას მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია.
„ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა, გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ, მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ ჰკადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია, კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას.
დასასრულ, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“, – ამბობს თამაზ გაიაშვილი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მამაკაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 29 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 4 თვის ორსულია. სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.
სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებმა 116 რუსი სამხედრო გაანადგურეს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 199-ს მიაღწია.
რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ და არასდროს ვიქნები! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის განმარტებით, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დაუპირისპირდა, ისინი დააღალატა. კითხვაზე, თუ ვისი დაკვეთა შეასრულა ზურაბიშვილმა და ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. სულ, როცა კითხვაა, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილი ვიყავი და მადლიერება გამოვთქვი, მე მგონი, ესეც ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას და ძალიან არასწორი გაგებაა, დემოკრატიის, პრეზიდენტის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება. პრეზიდენტი იმ მომენტიდან, როცა არჩეულია, არჩეულია და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ხდება, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება იყოს დაპირისპირებული მეტ-ნაკლებად და მე მგონი, საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით იმისთვის, რომ თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს - ორივე მხარემ.
რეალურად, დღეს, საქართველოში სივრცე სულ სხვაა, დიდი უმრავლესობაა, რომელიც არ ემხრობა არც დღევანდელ მთავრობას, არც იმ ნაწილს, ოპოზიციას, რომელიც დღეს მეტ-ნაკლებად დაქსაქსულია და სხვა რამე უნდა, განახლება უნდა, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება, მითუმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, არის ეს მოთხოვნა - მინდა განახლდეს, მინდა სხვა რამე დავინახო. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რაც მე ვნახე ყოველ შემთხვევაში რეაქციებით, იცით ალბათ, ჩემი „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ ღიაა, ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს ვიღებ, თუნდაც, ლანძღვას იქით, ან აქეთ, ვერ ვნახე, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა, რადგან ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, მე ასე მიმაჩნია და ამიტომ მივიღე, არ მივიღე, იმიტომ რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო, ისიც მინდა გითხრათ, ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე, კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ, რა თქვა. გუშინ, რაც ითქვა პარლამენტში - ეს არ არის ჟურნალისტი, ეს არის პარლამენტარი, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, უხამსი სიტყვებით ახსენოს პრეზიდენტი, ესეც მოვითმინე. სტრატეგიული მოთმინება პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭიროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, გვარამიას შეწყალება შედიოდა თუ არა ქვეყნის ინტერესებში და არის თუ არა, აღნიშნულის შედეგად პოლარიზაცია მოსალოდნელი, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:
„არ მომხდარა, ჩემთან 100 დემონსტრანტი მოვიდა, რა გაღრმავება პოლარიზაციის, ისედაც არის ეს ქვეყანა მაქსიმალურად პოლარიზებული. პრემიერის გუშინდელ გამოსვლა არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს? - მგონია, რომ არ შეიძლება!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიეძღვნება.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე, ჟურნალისტები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა.
შესწორება: თავდაპირველად მასალაში შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც მონაწილეობს.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყანამ სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, 7-ზე გარკვეულ პროგრესს მიაღწია, 1-ზე – მცირეს, 1 კი საერთოდ ვერ შესრულდა.
გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციიდან ქვეყანამ უკვე 11 პუნქტი შეასრულა.
“ვეტო” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას, რას ფიქრობს მმართველი პარტიის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკაზე და პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების შესახებ.
დამატებით კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ასეთი რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, ზურაბიშვილმა უპასუხა:
“მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს. მაშინვე ვრცელდება ევროკავშიირში, იმიტომ რომ არის ყურადღება ჩვენს მიმართ.
რიტორიკა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები, იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტია იმეორებს რუსულ დეზინფორმაციული კამპანიის მთავარ მესიჯს და ლგბტ უფლებებზე საუბარს უწოდებს “პროპაგანდას”. 30 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების აუცილებლობაზე.\
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე მათ კითხვებს უპასუხა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ, უარს ეუბნება. “იკმარონ ბინადრობა”, – აცხადებს ის.
ზურაბიშვილმა თავდაპირველად ისაუბრა რუსეთი მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.
მისი თქმით, კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ირებს მოქალაქეობის მინიჭებაზე და რომელშიც პრეზიდენტს ორი წარმომადგენელი ჰყავს და არა უმრავლესობა, უმეტეს შემთხვევაში არ იღებს დადებით გადაწყვეტილებას ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით.
“ჩვენთვის ესენი დასაკარგი არ არიან, წარმოშობით ქართველები. კომისიაში მაქვს ორი ხმა, არა უმრავლესობა და ჩემი წევრები კომისიაში მუდმივად დადებით შეფასებას იძლევიან, თუ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ადამიანზე რამე კითხვები არ არის”, – განაცხადა მან.
“რაც შეეხება რუსებს, მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველები, რომლებსაც სურთ რომ დაბრუნდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, წარმოადგენენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ის რუსი მიგრანტები, რომლებსაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით, შემოდით.
ჩვენ [საქართველო] ქართველებს უფრო ვურთულებთ საქმეს. სამაგიეროდ, მე კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს, არაქართული წარმოშობის, რომლებიც ვითომ შემოდიან რაღაცა ინვესტიციებით, ხან პატარა, ხან უფრო დიდი. ამ ქვეყანაში, სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება, ბინადრობა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, რაში ჭირდება რუს რუსს, რომ მივცე მე მოქალაქეობა?
ეს ნაწილი, საინვესტიციო, კიდევ კარგი ჯერჯერობით ჩემს ხელშია. სანამ არ შეცვლიან. ამიტომ იმათ [რუსებს] არ ვაძლევ მოქალაქეობას. იმყოფინონ ის ბინადრობა და მე ვფიქრობ, ეს ინვესტიციებიც უფრო მეტად უნდა გაკონტროლდეს. სწორედ სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მეტი ზედამხედველობა იყოს. მხოლოდ ორნიშნა ეკონომიკის ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. უნდა იყოს კონტროლი რუს ბიზნეს -ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ არიან რუსები კვიპროსიდან, ზოგჯერ არიან რუსები ისრაელიდან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. ინფორმაცია რკინიგზამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, — აღნიშნავს უწყება ბოლო განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, მარელისში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა “მნიშვნელოვნად დააზიანა” საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.
თავდაპირველ განცხადებაში უწყება წერდა, რომ რკინიგზის ბრიგადები სრულად იყვნენ მობილიზებულნი და მოძრაობის აღსადგენად მუშაობდნენ. განცხადებაში მითითებული იყო რეისებიც, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდოდნენ. მათ შორის იყო:
თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201).
რკინიგზა ამბობდა, რომ კონკრეტული მიმართულებებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებოდნენ, რათა მგზავრებს სურვილისამებრ შესძლებოდათ მატარებლებიდან ჩამოსვლა.
“საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება”, — აღნიშნავდა უწყება.
მეორე განცხადებაში რკინიგზამ დააკონკრეტა, რომ “მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია”.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტი მართავს, საქართველოსკენ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი ერთი რეკომენდაცია გენდერულ თანამშრომლობას ეხება და ამ ხმრივ ასეთი მესიჯების გაგზავნა მათ შორის ევროკავშირისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ქართული ოცნების ქალმა ლიდერებმა მსოფლიოს ქალი ლიდერების გვერდით ჯდომაზე უარი თქვეს. დღე ახალი პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. თბილისის შუაგულში სადაც პრეზიდენტის ორგანიზებიით ქალთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ხელისუფლების წევრები მიპატიჟების მიუხედავად. ამ დრომდე არ მისულან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
შეზღუდვები აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისა და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს. სანქციების ხანგრძლივობა 10 წელს შეადგენს.
პრესონალური სანქციები დაუწესდა კომპანიის დირექტორს, თამაზ გაიაშვილსაც.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა რუსეთ-საქართველოს ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო. პირველი რეისი კი 20 მაისს შესრულდა.
მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი იმ თავდასხმებს, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელდა.
როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან ხდება.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ერთი-ერთში გადაიღო ის მეთოდები, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ ვხედავდით 2011-2012 წლებში. ის მეთოდები, რასაც „ოცნება“ ებრძოდა, პრაქტიკულად, საუკეთესოდ აითვისა. ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებებს, მეორე მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურ დაუსჯელობას, ინსტიტუტების მხრიდან ნულოვან რეაგირებას, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ გვყავს, თითოეული ინსტიტუტი პარტიაზეა მიბმული და პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს. შესაბამისად, ძალიან საშიშია ქვეყანაში, ქალაქში მოძრაობა, როცა მოქალაქეს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი დამცველი აღარ ეყოლება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა წახალისებულია, სახეზე რეალურად ორგანიზებული ძალადობისკენ მოწოდებაა, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ, პირადად, პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე - ეს დღეს არ დაწყებულა, ეს ჯერ კიდევ 5-6 ივლისის მოვლენების დროს იყო ძალიან აშკარად გამოკვეთილი, ეს არის ამ ყველაფრის ერთგვარი გამოვლინება. ამ მხრივ მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას და ისაუბრა პოლარიზაციასთან დაკავშირებითაც.
„შინაარსობრივად გამჭირდება პრემიერის გამოსვლის შეფასება ერთადერთი მიზეზის გამო, მეორე, თუ მესამე შემთხვევაა, როცა პრემიერი პარლამენტში მიდის და არ ლაპარაკობს აწმყოზე, არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, არ ლაპარაკობს მომავალზე, საქართველოს მოქალაქეებს წარსულზე ელაპარაკება და ელაპარაკება ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის დარბაზში, თუ პარლამენტის დარბაზს მიღმა. პრემიერი გუშინ იქ იმისთვის იყო მისული, ანგარიში ჩაებარებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელაპარაკა წარსულზე, 9 წელზე, მაშინ როცა, ამდენი წელია გასული და მოქალაქეებს აინტერესებთ, რა გველოდება მომავალში, როგორი გამოწვევებია დღეს და ამ თუნდაც, ძალადობებზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იღებს თუ არა, პასუხისმგებლობას, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ, შესაბამისად, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია.
პოლარიზაციის დასაძლევად ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, არასდროს ვყოფილვართ პოლარიზაციის წყარო. ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, დღეს ეს ორი პარტიაა ქვეყანაში პოლარიზაციის წყარო და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამაზე ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამ დრომდე, რომ პოლარიზაცია შემცირდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა
- დღეს ასევე ვნახეთ, ხელისუფლება, რომელიც უმტკიცებს ქვეყნის მოსახლეობას, რომ ტყუილად, უსაფუძვლოდ გარბიან ქვეყნიდან საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. როგორც ჩანს, ვინც ამას ამტკიცებს, ამ ხალხმა საბოლოოდ თავადვე დაიჯერა ეს გაყალბებული ან/და პოპულისტურად გამოყენებული სტატისტიკა.
- არ არის გასაკვირი, კი, როგორც ჩანს, მთავრობის, ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი, ოჯახური კეთილდღეობა და ქონება ორნიშნა, შეიძლება სამნიშნა პროცენტით იზრდებოდეს, ამიტომ ეს ადამიანები ნამდვილად ვერ იგრძნობენ იმ პრობლემებს, რომ მაგალითად:
- ამ ქვეყანაში 660 ათასი ადამიანი, იღებს საარსებო შემწეობას - ისტორიული მაქსიმუმი ადამიანების საკუთარ თავს მიიჩნევს უკიდურესად ღატაკად.
- ამ ქვეყანაში ყოველი მე-3 ახალგაზრდა, ფიქრობს როგორ წავიდეს საღვარგარეთ, რადგან აქ პერსპექტივას ვერ ხედავს.
- 100 ათასი ეთნიკურად ქართველი მხოლოდ 2022 წელს გავიდა ქვეყნიდან, რაც ბოლო ათწლეულის მაქსიმუმია.
- გვესმის „საამაყო“ ლაპარაკი უმუშევრობის შემცირებით, და ამ დროს, 2019 წლის მაჩვენებელზეც კი არ არის დასაქმების დონე.
- ისტორიულ მაქსიმუმზეა სახ. უწყებებში, არაკომპეტენტური, ხშირად უფუნქციო (აუდიტის სამსახური) პარტიული აქტივი დასაქმებული.
- სტუდენტების 35% სწავლის გადასახადს ვერ იხდის და სტატუსი აქვს შეჩერებული, ბინების ქირა 106% ით არის გაზრდილი ღირებულება კი 30%-ზე მეტით.
- მოსახლეობის, ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას, საკუთარი თვიური შემოსავლების 40% სესხის მომსახურებაში და პროცენტების გადახდაში მიდის.
- ეს ნამდვილად არ არის „საამაყო“ ეკონომიკური რეალობა. არ არის საამაყო, როდესაც სტუდენტები ვერ ქირაობენ ბინას და ვერ აგრძელებენ სწავლას, პენსიონერები გაზრდილი, მაგრამ სრულიად არასაკმარისი პენსიით, ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს - შუაში კი არიან ადამიანები, რომლებიც შედიან მაღაზიაში და ყოველ თვე, უფრო ნაკლებს ყიდულობენ, ვიდრე წინა ჯერზე.''
ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი
Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ხერსონიდან ათობით ბავშვის დეპორტაციის საქმეზე რუს პოლიტიკოსსა და 2 უკრაინელ თანამონაწილეს ბრალი წარუდგინა. ეს არის პირველი 3 ეჭვმიტანილი, რომელიც საქმის წარმოებისას გამოიკვეთა.
უკრაინული მხარის მტკიცებით, 19 000-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსეთსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინულმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბავშვების დეპორტაციაზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად აწარმოებს.
Reuters-ის ინფორმაციით, პროკურატურის დოკუმენტების თანახმად, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ხერსონის ბავშვთა სახლიდან 48 მოზარდი მოსკოვსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გადაიყვანეს. ბავშვების ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. მათი ასაკი 1-დან 4 წლამდე მერყეობს.
"ეს ერთი დღის საქმე არ იყო. ხერსონის ბავშვთა სახლიდან 48 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია მოხდა, წაიყვანეს. არ ვიცით, როგორ არიან ეს ბავშვები, რა პირობებში უწევთ ცხოვრება, ან რა ბედი ელით". - თქვა უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, შესაძლებელია ბავშვების ნაწილი უკანონოდ გააშვილეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
29 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
"1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის (ე) პუნქტის თანახმად, ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში იმ მიზნით, რომ სრულად, ან ნაწილობრივ გაანადგურო ეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის დანაშაულად არის მიჩნეული. უკრაინელი ბავშვების რუსეთსა და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს". - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ბავშვთა სახლებიდან ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდეც ხდებოდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ დანაშაულებისთვის სამართლებრივი პასუხისგების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა.
ომის დაწყებიდან ეს პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად მოიხსენიებს.
მედიაკოალიცია გმობს პარლამენტის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტების კომიტეტის მოსმენაზე არშეშვების ფაქტს. გუშინ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.
ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა გუშინ საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიას არ მიეცა შესაძლებლობა, გადაეღო პროტესტის ამსახველი მასალა.
კომიტეტის ოთახში არ შეუშვეს „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. რაც შეეხება ტელევიზიას, „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, სხდომაზე კადრების გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც აპირებდა შესვლას, თუმცა ის ნებართვის გაცემის საფუძვლით შეაფერხეს. ნებართვის მიღებამდე კი პროცესი დასრულდა.
პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას.
„საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, ვიდრე პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ამწვავებს“, - აღნიშნა მორავეცკიმ.
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება.
მიღებული ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
„ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ.
The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.
„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზეც ფსონს დებენ ან რაღაც ამდაგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან.
„დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ზალუჟნიმ.