„რუსეთი ოკუპანტია“, „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს.
მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება.
„ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული სტადიონზე შესატანად. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა“ – განუცხადეს მოქალაქეს ადგილზე.
„რომელი კანონით?“ – იკითხა მოქალაქემ, რაზეც უპასუხეს, რომ „შიდაგანაწესით არის დარღვევა“.
კამათი ამ საკითხზე 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პროცესს პოლიციის წარმომადგენელიც ადევნებდა თვალს.
„კითხვებს აქეთ რომ სვამ, კითხვას მე დაგისვამ. ეს მაისური რატომ გაცვია? “ – მიმართა მოქალაქეს ადგილზე მყოფმა უფლებამოსილმა პირმა [მას თან ჰქონდა სპეციალური მოწმობა დამაგრებული მაისურზე]: „- შენ ახლა უხერხულში აყენებ ჩვენს პოლიციას? – აბა გეუბნები, რომ არ შეიძლება, არ შეიძლება ხომ გეუბნები…“
ვიდეოში ჩანს, რომ კიდევ ერთმა პოლიციელმა შსს-ს მაისურით, მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძის თანმხლებ პირს საჯარო სივრცეში ვიდოგადაღება აუკრძალა და გადაღების პროცესში ხელი შეუშალა. კითხვით – „რატომ იღებ?“- პოლიციელი მოქალაქის ტელეფონსაც შეეხო და ხელის შეშლა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღება ყველას შეუძლია.
„სტადიონზე არ უნდა შევიდეს, ეს არის დაუშვებელი, წადით ახლა აქედან “ – ისევ იმეორებდა ადგილზე მყოფი პირი.
„ბათუმელები“ მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, საბოლოოდ პირი, რომელმაც ის სტადიონზე არ შეუშვა პოლიციამ განარიდა ადგილიდან: „ჩვენ კი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით დავტოვეთ ტერიტორია“.
რისმაგ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მსგავსი წარწერით ბევრი მაისური აქვს: „სულ მაცვია, ასე დავდივარ ყველგან, პრობლემა მეორედ შემექმნა მაისურის გამო“.
აქამდე მისთვის მაისურზე წარწერების გამო შენობაში შესვლაზე უარი უმაღლეს საბჭოშიც უთქვამთ. რისმაგ ხოზრევანიძის თქმით მაშინ უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაეხმარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონი გადაცემული უეფაზე და ყველა წესს, მათ შორის სტადიონზე შესვლასა და ქცევასთან დაკავშირებით, უეფა ადგენს. აქ მიგვითითეს უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წესებზე.
წესებში არაფერია ნათქვამი სტადიონზე შესვლის დრესკოდზე. მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ მატჩზე აკრძალულია ნებისმიერი სარეკლამო, კომერციული მასალა [რაზეც აპელირებდა პირი, რომელმაც მოქალაქეს სტადიონზე შეშვებაზე უარი უთხრა] და, ასევე, აკრძალულია „ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მასალა, მათ შორის დისკრიმინაციული პროპაგანდისტული შინაარსის მასალა“.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას – რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.
„არა ცენზურა! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიმდებარედ, იუსტიციის სახლის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
„მესამე კვირაა ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, მაგრამ მათთვის უხილავები ვართ, აბოსოლუტური იიგნორია ჩვენ მიმართ და იქნებ ახლა მაინც დაინახონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, “- ამბობს რეჟისორი და „დოკას“ დამფუძნებელი მარიამ ჭაჭია.
კინემატოგრაფისტები 12 ივლისს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ.
რა ხდება კინოცენტრში?
კინოცენტრში 10 ივნისს რეორგანიზაცია გამოცხადდა. წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელსაც კინოსექტორში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროპაგანდისტული არხის POST TV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. მათ მხარდაჭერას უცხადებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეთა თქმით, რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი ბუნდოვანია და ამ პროცესის მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაა.
უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.
ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ძალების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკის რაიონში, ხოლო ავდიივკას მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელეს.
„კუპიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის რაიონში. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბერხოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ.
გენშტაბის ცნობით, მარინკას მიმართულებით, მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ყველა თავდასხმა მოიგერიეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ფეხს იკიდებენ მიღწეულ საზღვრებზე და არტილერიის გამოყენებით მტრის სამიზნეებს ანადგურებენ“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი - 34-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.
„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 34 ადამიანი. დაზიანდა 30-მდე სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი“, - აცხადებს გუბერნატორი.
მისი ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.
დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არა სამსახურეობრივი გულგრილობის, არამედ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანების ფაქტზე უნდა დაიწყოს.
როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები.
„ექსპერტ-ბიოლოგს გარკვევით უწერია, რომ ანაწმენდები მას უკვე დაობებულ მდგომარეობაში მიუვიდა და არა შეფუთული. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ანის ანაწმენდებია დაობებული. საეჭვო პირების დნმ-ები არ არის დაობებული. მე უკვე ეჭვი მეპარება ამ ყველაფერში. თუ ერთ საქმეში ამდენი შეცდომა ხდება, ეს არის უბედურება.
ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად იპოვიან ან პირადად ვიპოვი და სათანადოდ დავსჯი. ამას პოლიცია გააკეთებს, თუ საკუთარი ძალებით გავაკეთებთ, აუცილებლად ვიპოვი მას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას პოლიცია გააკეთებს, თუ არადა ამას ჩვენი ოჯახი გააკეთებს.
ეს არ უნდა იყოს რიგითი საქმე. ეს საქმე თაროზე არ უნდა შემოიდოს. არ შეიძლება თვეობით გრძელდებოდეს და პასუხი მოდიოდეს, რომ ახალი არაფერი არ არის. ახალი ის კი არ უნდა იყოს, რომ ექსპერტიზის ბიუროში ანაწმენდები დაალპეს.
არ შეიძლება რომ ეს საქმე, რომელიც ახლა პროკურატურამ წამოიწყო გულგრილობის მუხლით გავიდეს. უნდა გავიდეს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანება“,- განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
მან გადაცემაში ასევე ისაუბრა იმ დაზიანებებზე, რომელიც 12 წლის მოზარდს სხეულზე აღენიშნებოდა. გადაცვლილი გოგონას დედის თქმით, გოგონას სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნებოდა, რომელსაც მოზარდი თვითონ ვერ მიიყენებდა.
„ვიპოვეთ გულაღმა მდგომარეობაში, შემალული. ბავშვს 39 დაზიანება აქვს. ამ 39 დაზიანებას ბავშვი ვერ მიიღებდა, ბავშვი არის დაზიანებული ვიღაც პირის დახმარებით. მას აქვს ისეთი დაზიანებები, რომელსაც შენით ვერ მიიყენებ. აქვს ისეთ ადგილებზე დაზიანებები, რომელსაც ადამიანები თავისით ვერ მიიყენებენ. მაგალითად: წვივი აქვს ჩაშავებული. წვივში აქვს წიხლი ჩარტყმული, შემდგომ იგი დაცემულია მუხლებზე. მუხლები აქვს დალურჯებული. კეფა აქვს დალურჯებული, იმიტომ რომ პირზე უჭერდა ხელს და აქვს უამრავი ასეთი ტრავმა მიღებული. როდესაც ბავშვი ვიპოვეთ, ის აღარ იყო ცოცხალი. ამის შემდგომ ბავშვი გადაიყვანეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჩატარდა ექსპერტიზა. იმედი გვქონდა, რომ ექსპერტიზა გამოავლენდა ვინ იყო მკვლელი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დნმ-ანაწმენდები თურმე დაობებულია. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ისეთი სისტემისთვის, როგორიც არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც ევალება დნმ-ანაწმენდები არათუ დააობოს, არამედ გამოიკვლიოს, შეინახოს ისეთ პირობებში, რომ ვარგისი იყოს შემდგომი კვლევებისთვისაც“,- განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.
კითხვაზე, იყო თუ არა აღმოჩენილი მოზარდის სხეულზე სხვა პირის ბიოლოგიური მასალა, ნატო ხუტაშვილი პასუხობს, რომ გოგონას ფრჩხილში აღმოაჩინეს მამაკაცის თმა.
ბავშვის სხეულზე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი, რომელიც კრიმინალისტებმა გადაიღეს, ფრჩხილში გაჩხერილა მამაკაცის თმა.
„განმარტებაში წერია, რომ ეს არის ნაჭდევი. ეს ნაჭდევები საიდან მოვიდა, ვინ მიაყენა, რა ვითარებაში დაზიანდა ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ. მათი დასკვნები არის მშრალი. ყველაფერზე წერია ბლაგვი, მკვრივი საგნით. ვერ ვიპოვეთ ეს ბლაგვი, მკვრივი საგანი, რა არის და "რა სახელი და გვარია". მაგრამ ვიპოვით.
ვამბობ, რომ სავარაუდოდ, მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი. ასეთი ტიპის თმა მამაკაცებს გულ-მკერდზე, წვერზე და ხელებზე აქვთ“, - განაცხადა გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედამ.
საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. სავარაუდო ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
„ინტერპესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან დაკავშირებას ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.
“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, - განაცხადა გროსიმ.
მისი თქმით, ახლა “მოდუნება არ შეიძლება.”
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ასევე, პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკამერების ჩანაწერებს ტელეკომპანია ავრცელებს.
„ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულაში“ ამბობენ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა.
„გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თვეა, რაც სუსის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებს. გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რადგან, როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება და თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ ვაჟა-ფშაველას გამზირს“, – ამბობენ ტელეკომპანიაში.
როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს.
ნაუსედა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასული უკრაინის პრეზიდენტი „აუცილებლად მიიღებს ბევრ რამეს, თუმცა შესაძლოა, არა ყველაფერს, რასაც ელოდება თავისი გეგმების მაქსიმუმიდან“.
„მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა.
პრეზიდენტის თქმით, წარმატება იქნება, თუ სამიტის მონაწილეები წელს იტყვიან იმაზე მეტს, ვიდრე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ითქვა. გიტანას ნაუსედა ასევე აღნიშნავს, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში მხარდაჭერის დამატებითი პაკეტებით ჩავლენ.
ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
„ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია, დააკავშიროს ქართველი აგრომწარმოებლები გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოტენციურ მყიდველებთან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბაზარზე 36 ტონა პრემიუმ ხარისხის ქართული მოცვი შევიდა და ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში, მათ შორის Rewe-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, „რევე“ გერმანიის ტერიტორიაზე 3 600 ფილიალითაა წარმოდგენილი.
სეზონის დასრულებამდე, გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზე, დაგეგმილია ქართული მოცვის დამატებითი მოცულობის შეტანაც.
გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში ქართული მოცვის შეტანის პროცესს წინ უძღოდა საერთაშორისო შემსყიდველების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საერთაშორისო შემსყიდველებმა დაათვალიერეს საწარმოები და ინდივიდუალურად შეხვდნენ მწარმოებლებს B2B შეხვედრების ფარგლებში. ასევე, ქართული კომპანიებისთვის საწყის ეტაპზე მომზადდა მარკეტინგული მასალები, რათა მათ საკუთარი წარმოების შესახებ, სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის.
ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა ქართული მოცვის გარდა, სხვა აგრო პროდუქტებზეც ვრცელდება, მათ შორის კაკლოვან კულტურებსა და გადამუშავებულ პროდუქციაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა. ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ანი იანუშაიტიტეს დედამ ნატო ხუტაშვილმა მტკიცებულებების დაზიანების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა და აღნიშნულში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადანაშაულა.
კობახიძემ, 5-6 ივლისის ძალადობას სამართლებრივად არ ჰყავდა ორგანიზატირიო - არ არსებობს თეთრი, რაზეც შავის თქმა არ შეუძლია, თუ დასჭირდა იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, არ არსებობს კანონმდებლობის ასეთი განზრახ არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტატორი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს და დასძენს, რომ 5-6 ივლისის ძალადობას პირდაპირი ეთერიდან უშუალოდ ახალისებდნენ ალტ-ინფოს „წამყვანები“.
მისივე განცხადებით, ისინი მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებულად - დაჯგუფების ნაწილი უშუალოდ ადგილზე ძალადობდა, ნაწილი ამ ძალადობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ეთერიდან მითითებებს იძლეოდა და ისმოდა ძალადობისკენ კონკრეტული მოწოდებები.
"პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, უშუალოდ კობახიძე და ღარიბაშვილი არათუ გმობდნენ ძალადობას, აკეთებდნენ წამახალისებელ კომენტარებს, რაც პირდაპირი ნიშანი იყო ალტ-ინფოს დაჯგუფებისთვის სამოქმედოდ.
დიახ, სამართლებრივად ეს იყო ორგანიზებული ძალადობა, რომელსაც ჰყავდა კონკრეტული აქტორები, მათ შორის უშუალოდ კობახიძის სახით. პროკურატურას უნდა ემსჯელა ორგანიზებულ ძალადობაზე, რაც არ გააკეთა იმიტომ, რომ მაშინაც ზუსტად ასე დაუდგინა მოქმედების ფარგლები კობახიძემ, როგორც დღეს. არადა, ყველა მტკიცებულება მედიასაშუალებით გავრცელდა და ზედაპირზეა, „პუბლიკას“ სიუჟეტი გამზადებული ბრალდების დადგენილებაა ნებისმიერი დამოუკიდებელი იურისტისთვის.
შესაბამისად, კობახიძე იტყუება იმიტომ, რომ დიდია მისი როლი მომხდარში.
5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზებული ხასიათის და ორგანიზატორთა დაუსჯელობის გამოძახილია ევროკავშირის რეკომენდაციების მე-8 პუნქტი, რომელიც გუშინ კობახიძემ შესრულებულად გამოგვიცხადა და რომელიც დღემდე შეუსრულებელია. ორგანიზატორების დაუსჯელობის გამო, საქართველო არაერთხელ შეფასდა უარყოფითად არაერთი საერთაშორისო ანგარიშით.", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ ამ საქმის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და მოქმედება სამართლებრივად ახლაც შესაძლებელია.
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ დნმ-ის ანალიზი ობდებოდეს“.
"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17-ე პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის გახსნილი და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდები ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი კვლევებისთვის, რაც საქმეს უკან ხევს“, - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ, ან გაუფრთხილებლობით.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“როგორი პარადოქსული სიტუაცია გვაქვს- ყველა კვლევით ჯარს აქვს ავტორიტეტი და ჯარისკაცს ჩვენს ქვეყანაში ყველა პატივს სცემს, თუმცა დიდ ნაწილს ჯარში წასვლა არ უნდა. მიზეზი ერთია - იქ არსებული პირობები არ მოსწონს.
პროფესიული ჯარი უნდა გააძლიერონ და სისტემა ისეთი გახადონ, მათ შორის სოციალური პირობები ისეთი შექმნან, რომ ახალგაზრდას ჯარში წასვლა მოუნდეს და არ ცდილობდეს მისგან დამალვას ან თავის არიდებას.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358231341_6397077057074080_4563393169221235828_n.mp4
„საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.
ტრანზიტული რეისი სრულდება თბილისის გავლით, სადაც მგზავრებს გადაჯდომისთვის 1 საათი და 10 წუთი აქვთ.
“ჯორჯიან ეარვეისი” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 8 ივლისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთების ფასი 1422 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს.
ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინსა და ლარნაკაში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways ფრენებს ახორციელებს თბილისსა და მოსკოვს შორის. „ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას სანქციების მოხსნის თაობაზე, მათ კი, ვინც „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკა, კომპანიამ „პროვოკატორები“ და „გარეწრები“ უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ არ გამოიყენებს სამთავრობო თვითმფრინავს, სანამ ის „საქართველოს ავიახაზების“ ხელშია. თამაზ გაიაშვილმა, თავის მხრივ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს, სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც. ავიაკომპანიის საქნცირების გამო საგარეოში უკრაინის საელჩოს განმარტებები მოსთხოვეს.
2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირს შეადგენს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ეს მაჩვენებელი წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
“მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო. ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება”, — დასძენს ორგანიზაცია.
ინფოგრაფიკა: “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29%-ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას.
“სისტემა, თავისი შინაარსიდან და ოჯახების სოციალური კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას.
შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა აღემატება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს. ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!” — დასძენს ცენტრი.
2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”.
საია ასევე დასძენს, რომ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა.
ორგანიზაციის ცნობით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის ალექსანდრე ლაშქარავას ეპიზოდზეც — “ტვ პირველის” ოპერატორზე, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებმა სცემეს. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ეს ფაქტი ნარკოტიკებით ზედოზირებას დაუკავშირა.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სულ 19 პირის საქმეშია ჩართული. აქედან 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ჰქონდა ადგილი. დანარჩენ 2 პირს მოძალადეები იმის გამო გაუსწორდნენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ლგბტ+ თემს დაუკავშირეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხებათ სხვა პირებს, მათ ეპიზოდებში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. ამ პირებთან მიმართებით, სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.
მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები უზენაეს სასამართლოში განიხილება.
5 ივლისთან დაკავშირებით საიამ საჩივარი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაგზავნა. მომჩივანი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფი ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობენ.
რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს
2021 წლის 5 ივლისს, დედაქალაქის ცენტრში, თბილისის პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — “ღირსების მარში” — უნდა ჩატარებულიყო. მარშის ჩაშლის მიზნით, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოსა და პრო-რუსული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ორგანიზებით.
“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მანამდე ღია ეთერში ახმიანებდნენ ძალადობისაკენ მოწოდებებს.
საბოლოოდ, “ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა ჰომოფობიური ჯგუფები პროცესების გასაშუქებლად ქუჩაში გასულ ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.
ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.
მეორე დღეს, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს ჰომოფობია და ძალადობა. პარლამენტთან იმ დღესაც მივიდნენ მოძალადეები, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით საგნებს ისროდნენ.
საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.
სამწუხაროა, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება, - ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი", პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც ბერდია სიჭინავამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან “ოცნების” განცხადებები ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაცივებას.
"ამასთან, “ოცნების” მხრიდან რომელი რეკომენდაციების შესრულებაზე გვაქვს საუბარი, როცა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებოდა საბოტაჟს, რომ ქვეყანას წლის ბოლოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
ეს რეკომენდაციები ევროკავშირს კი არ სჭირდება, ეს სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მურუსიძე არ იჯდეს სასამართლოში და კორუფციაში არ იყვნენ ჩაფლულები.", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
357537718_983813416074282_8407236968130007798_n.mp4
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 45 წლის ქალი, 7 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია აბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქშია" გამოქვეყნებული.
მეგი თათეშვილი თავის ამბავს საზოგადოებას უყვება:
"45 წლის ვარ - 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია…1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ამაზე გული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწყდებოდა.
მეუღლე 3 წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას… სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი. პირველი გამოცდა უკვე მქონდა.
მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის (მათ შორის, საკუთარი თავისთვის) იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს. ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ. აღმზრდელის თანაშემწე ვარ. მომავალშიც განათლების სფეროში ვგეგმავ განვითარებას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამოუკიდებლად მოვემზადე. იმედია, ყველაფერი გამომივა", - ამბობს მეგი თათეშვილი.
თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც.
დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ და იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით ისინი მოახერხებენ მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას”, - განაცხადა დეგნანმა.