NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ტრადიციული კომუნიკე გამოქვყენდა. კომუნიკე მოკავშირეების ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც NATO-ს მიმდინარე პოლიტიკას ეხება არაერთი მიმართულებით. 2023 წლის სამიტზე შექმნილ კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღოს და გაიყვანოს თავისი ჯარი.
კომუნიკეში ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ ახსენებენ ბუქარესტის სამიტს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოკავშირეები ადასტურებენ, მომავალში წევრობის სამოქმედო გეგმით საქართველო NATO-ს წევრი გახდება, თუმცა პროგრესის მისაღწევად საჭიროა რეფორმების გატარებაც.
„ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღაირებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს უფლების მხარდასაჭერად, რომ ქვეყანამ თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარეშე ჩარევისგან თავისუფლად.
ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-ს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში მიღწეულ პროგრესს. ეს მოიცავს კრიზისების მართვას, კიბერუსაფრთხოებას, სამხედრო ინჟინერიას, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვას, ისევე როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ლიეტუვაში, ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს სასტუმრო „დიუნა“, რომელშიც, ბერდიანსკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, განთავსებულნი იყვნენ რუსული სამხედრო ძალების ხელმძღვანელები.
უკრაინის გარდა, ბერდიანსკში ერთ-ერთი ობიექტის დაბომბვაზე საუბრობს რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმერ როგოვი. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ შენობას მოხვდა ჭურვი.
ბერდიანსკის ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, შენობა „ფაქტობრივად მიწასთანაა გასწორებული“.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სიცხადე და გამბედაობა საუკეთესო თავდაცვა და გზაა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამით სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, ნატო-ს სამიტის კონტექსტში.
„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.
როგორც ზელენსკი აცხადებს, აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე.
ეს უპრეცედენტო და აბსურდულია – როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტული დროის ჩარჩოები ნატოში უკრაინის მოწვევისთვის და გაწევრიანებისთვის და როდესაც ამას ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება უკრაინის მოწვევისთვის გარკვეულ „პირობებზე“… ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზაობა არც უკრაინის მოწვევისთვის და არც მისი გაწევრიანებისთვის ალიანსში ანუ, ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად რჩება, რუსეთისთვის კი ეს შემდგომი ტერორის გაგრძელების მოტივირების საშუალებას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
აქ იმ ნატო-ს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატო-ს რწმენით მოვდიოდი. ნატო-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს ეს რწმენა გადაწყვეტილებებში დარწმუნებად გადაიზარდოს, რომლებსაც უკრაინა იმსახურებს და რომლებსაც “ყოველი უკრაინელი მებრძოლი, ყოველი უკრაინელი მოქალაქე, ყოველი უკრაინელი დედა და ყოველი უკრაინელი ბავშვი ელის.”
“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერჰი ნიკიფოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ვილნიუსში დაჯდა. ასევე, უკრაინული სააგენტოს “ინტერფაქს-უკრაინა” ცნობით, ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი.
დღეს, 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესს ესწრებოდა თავად ლაზარეც, რომელმაც სხდომის დარბაზში მყოფებს უჩვენა ფურცელი წარწერით: „თუ არ გაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს!“
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი, ალექსანდრე დადიანიძე დაკითხეს, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის სამოსს ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა.
ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა რომ კვლევის ფარგლებში შეისწავლა გრიგორიადისის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქურთუკი, რომელთაგან ნავთობპროდუქტების კვალი მხოლოდ ქურთუკიდან ამოვიდა. კერძოდ, ექსპერტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი აღმოჩნდა.
როგორც ალექსანდრე დადიანიძე განმარტავს, ნავთობპროდუქტების მსუბუქი და საშუალო ფრაქციები აქროლადია და დროთა განმავლობაში აორთქლება ახასიათებს, მძიმე ფრაქციები კი ილექება. მიუხედავად ამისა, ექსპერტმა განმარტა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ხანდაზმულობისაა მის მიერ აღმოჩენილი კვალი. ამასთან, ექსპერტის თქმით, კვალი შეიძლება დაეტოვებინა როგორც ბენზინს, დიზელს ან ნავთს, ასევე ზეთოვან ნავთობპროდუქტებსაც, როგორიცაა მაგალითად, ავტომანქანის ზეთი.
ადვოკატების კითხვაზე, რა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს კვალი ლაზარეს ქურთუკზე და შეიძლებოდა თუ არა ეს ჰაერიდან მომხდარიყო, ექსპერტმა უპასუხა — „ჰაერში ნავთობპროდუქტი ზოგადად არ არის, თუ დაბინძურებული არ არის“. თუმცა, მისი განცხადებით, აღნიშნული მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენდა, მხოლოდ კვალის აღმოჩენა ევალებოდა და არა მისი წარმომავლობის გზის დადგენა.
ლაზარე გრიგორიადისმა ექსპერტს ასევე ჰკითხა, ქურთუკის კონკრეტულად რომელი ნაწილზე იქნა აღმოჩენილი ნავთობპროდუქტის კვალი, რაზეც ექსპერტი პასუხობს — „იმდენად მცირე კვალი იყო, ვერ ვიტყვით“.
ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ნიმუშები აიღეს ქურთუკის მთლიანი შიდა და გარე ზედაპირიდან, ასევე ჯიბეებიდან და მისი ნაწილების ცალ-ცალკე შესწავლა არ მომხდარა. ექსპერტის განცხადებით, სამოსს არ აღენიშნებოდა ლაქა, რათა ცალკე რომელიმე ნაწილის შესწავლა მომხდარიყო:
„შიდა და გარე ზედაპირი, მათ შორის, ჯიბეებიც, ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ერთ ნიმუშად იმიტომ, რომ როდესაც ასეთ მცირე კვალს იკვლევ, მისი აღმოჩენა შეუძლებელია კონკრეტულად მარტო მანჟეტი რომ გამოვიკვლიოთ. ამასთან, ნავთობპროდუქტებს ახასიათებს აორთქლება და გავრცელება. როდესაც ის მოთავსებულია პაკეტში, ის ორთქლდება, ცირკულირებს, კონდენსირება და სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს მოდებული. თუ ლაქა არ აღენიშნება, კონკრეტულ ნაწილს არ ვიკვლევთ. პირველად ხდება ულტრაიისფერი განათების ქვეშ დათვალიერება და ლაქა თუ გამოვლინდება მაშინ კი, ბატონო“ — განაცხადა ექსპერტმა.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩნდა ლაზარე გრიგორიადისის სხვა სამოსზე, რომელიც მას ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცა.
საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 25 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა და კომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.
„აზიმუტი“ არის ერთ-ერთი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ანხორციელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს უკრაინასთან მიმართებაში.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსის გადაწყვეტილების ტექსტი უკრაინის გარეშე განიხილება.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ ეს პატივისცემის ამბავია. მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ გარკვეული ფორმულირება [ტექსტი] უკრაინის გარეშე განიხილება. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფორმულირება ეხება ნატოს წევრად მიწვევას და არა — უკრაინის წევრობას“, — წერს ზელენსკი Twitter-ზე.
მისი თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა ვადები არ არის განსაზღვრული არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის.
„ამავდროულად, უკრაინის მიწვევისთვისაც კი გაურკვეველი ფორმულირება ემატება „პირობების“ შესახებ. როგორც ჩანს, არ არის მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც გაწევრიანების შესახებ.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. და მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტის კომუნიკეს ტექსტი, დღეს საღამოს გასაჯაროვდება.
როგორც ცნობილია, ნატო აპირებს უკრაინისთვის მრავალწლიანი პროგრამის შეთავაზებას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ასევე, დაარსდება ნატო-უკრაინის საბჭო. ალიანსის გადაწყვეტილებით, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, უკრაინა ნატოში გაწევრიანდება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე.
გასულ წელს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ალიანსს ომის დასრულებამდე. კიევი აცხადებს, რომ აღნიშნულს აცნობიერებს, თუმცა მისი სურვილია, ვილნიუსის სამიტზე განისაზღვროს უკრაინის გაწევრიანების მკაფიო გზა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე.
კრასნოდარში მოკლეს სტანისლავ რჟიცკი, იუწყება რუსული მედია. რჟიცკი, ყოფილი მეზღვაური, ამჟამად მუშაობდა სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ.
უკრაინული მედიის ცნობით, ის იყო ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავების კაპიტანთა შორის, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაიბომბა. ამ დარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, რჟიცკი 10 ივლისს, დილით ადრე მოკლეს. უცნობმა პირმა მას ოთხჯერ ესროლა გულ-მკერდისა და ზურგის არეში, რჟიცკი ადგილზევე გარდაიცვალა. ტელეგრამ-არხების ცნობით, სამართალდამცავებმა მისი გაძარცვის მცდელობის ვერსია გამორიცხეს, ვინაიდან ცხედართან მისი ყურსასმენი და „სმარტ-საათი“ აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას მკვლელობის უკან. როგორც წესი, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მიაწერენ ადგილობრივ პარტიზანულ ძალებს.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.
„დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს დააახლოებს უკრაინას ნატოს-თან, სადაც მისი ადგიულია. ჩვენ ასევე გადავდგამმთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ალიანსის წევრი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრებოდა სამიტს. ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონსაც და განაცხადა, რომ ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.
ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკრაინა გასაწევრიანებლად MAP-ს აღარ საჭიროებს.
„2020 წლის სექტემბერში სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატო-სთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმაზე ვნერვიულობთ, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ამასთან, ანა ბუჩუკურმა წუხილი გამოთქვა, რომ სამიტზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია წარმოდგენილი.
იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დაადგინონ.
„ჩემი გზავნილია : უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ“, - აღნიშნა დუდამ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი კიევისთვის შორსსასროლი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს.
მისივე თქმით, ეს უკრაინელებს თავდაცვის საშუალებას მისცემს.
“მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს ვილნიუსის სამიტზე ჩასვლისთანავე.
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგა გიტანას ნაუსედასთან პირისპის შეხვედრაზე გააკეთა.
ოფიციალური შეხვედრა ვილნიუსში, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება. აშშ მხარს დაუჭერს თავის მოკავშირეებს და ამ მზაობას ნატოს სამიტის დროს დავადასტურებთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ნატოს ძალების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ს სენატში წარმოებულ დებატებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის „მეორე შეჭრის“ შემდეგ, აშშ-მ გააცნობიერა ნატოსა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.
„ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მე-5 მუხლს სიტყვასიტყვით აღვიქვამთ, ამიტომ თუ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება, ეს ყველა მოკავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებად ჩაითვლება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.
ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.
„ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნიკა და ავეჯი, დაიხოცა ფრინველი. პირუტყვის გამოყვანაც მოვასწარით. მოსავალიც განადგურდა. ვითხოვთ დახმარებას, ადგილობრივი ხელისუფლება იყო მოსული და წყლის დაკლებას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს", - აცხადებენ ადგილობრივები.
გვიან ღამით წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა აეროპორტში. გადაიდო ფრენები. ამ დროისთვის პრობლემები აღმოფხვრილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ვაკის გამგეობა უარყოფს, რომ მომხდარი მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდებოდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს - გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოსთან თანამშრომლობით. ეს იყო მაშინდელ პრემიერთან, გახარიასთან შეხვედრის შემდეგ და სულ რაღაც 3 წელიწადში, სამწუხაროდ, ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს. გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ამხელა ღონისძიებაზე. როგორც ქვეყნის მოქალაქეს, გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
გარდა ამისა, ბუჩუკური გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილ, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვას და განაცხადა, რომ მისი გუნდი თავდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობას იზიარებს, თუმცა კოდექსის დაჩქარებულად განხილვას არ ეთანხმება.
„ის, რომ თავდაცვის სისტემა სარეფორმოა, ჩვენი გუნდისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ასევე, ვიზიარებთ იმას, რომ ახალი კანონმდებლობაა მისაღები, მაგრამ ამ კოდექსს არსებითად დიდი პრობლემა აქვს. ჩვენი გუნდისთვის ასევე მიუღებელია, რომ ფაქტობრივად, დაჩქარებულად ხდება ამხელა რეფორმის განმახორციელებელი კანონის მიღება. თავების განხილვა ხდება და არა მუხლობრივი. არ შეიძლება, რომ ამხელა სისტემური რეფორმის მიღება ამ რეჟიმში ხდებოდეს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს - „გირჩი“ სავალდებულოობას ეწინააღმდეგება. ჩვენი მიდგომა ასეთი არ არის, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოხდეს სისტემის გაუმჯობესება და შემდეგ ახალგაზრდების წახალისება, რომ თავად გაუჩნდეთ სისტემაში მისვლის სურვილი, ისინი პირიქით აკეთებენ - წახალისების ნაცვლად რეპრესიული მეთოდი შემოაქვთ, როდესაც იძულებულს ხდიან ახალგაზრდებს, რომ ჯარს ემსახურონ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
"ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როცა საზოგადოება უიმედოდ ელოდა კალა მერის მიერ მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რისი ნება და გამბედაობაც, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა, მან აქცენტი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა…
- დღეს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვით ამ ტრაგედიაში, ვეკითხები ბატონ კალაძეს -
- რა გააკეთე იმისათვის, რომ სასამართლოს დაედგინა შენი, როგორც მერის პასუხისმგებლობა?
- როგორ გამოავლენდა სასამართლო შენ ბრალეულობას, როცა არც კი დაკითხულხარ?!
- სამწუხაროდ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნების სასამართლო, იმ ოცნების, რომლის გენერალური მდივანი ბატონი კალაძეა, არ წავიდოდა სწორი გზით და ყველაფერს გააკეთებდა ამ ტრაგედიის მთავარი გამომწვევი მიზეზის - სისტემური პოლიტიკური კორუფციისა და ამ მანკიერი სისტემის შემოქმედების დანაშაულის დასამალად.
- მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე!"
გიორგი შარაშიძე - პარტია „საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი
“ცესკოს და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლო გაყალბებით ცვლილების შეტანა ნათლად მიუთითებს “ოცნების” განზრახვაზე, რომ დღეიდან, გუშინდელი დღიდან და კიდევ უფრო ადრეული ეპიზოდიდან მას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება კანონის უგულებელყოფითა და ძალადობის წახალისების გზით.
ჩვენ ვუყურებთ მრავალ ეპიზოდიან სერიალს ბატონი ივანიშვილის შესახებ მისი ინტერესების ექსკლუზიურად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დაცვით. სახელმწიფო ინსტიტუტებმა მარტო ამ ერთი ადამიანის ინტერესებზე უნდა იზრუნოს და სხვებს არ სჭირდებათ დაცვა?! თუ სხვა ადამიანს შემოსავალი არ აქვს?!”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358656301_201117335917499_3488276995002874725_n.mp4
“თუკი მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის დამსახურებით, “ოცნება”, რა თქმა უნდა დაიბრალებს საკუთარ თავზე, მაგრამ თუკი კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, გადააბრალებს პარტნიორებს, გადააბრალებს “ომის გლობალურ პარტიას” და აშ.
მთავარი არის ის, რომ ისინი მზად არიან კიდევ უფრო დაამძიმონ და კიდევ უფრო გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს იმ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომლებიც ფაქტობრივად გვიცავენ. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
359757465_6583567074997264_3907787111225031267_n.mp4
ივანიშვილის ეჭვი, რომ ვიღაცას დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ და 4 თვეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდება წარედგინათ ადამიანისთვის, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში უარი განაცხადეს, რადგან წლებია ერთად აკეთებენ ბნელ ოთახში ფულს!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.
მისივე თქმით, ”ოცნების” ჩინოვნიკების უმრავლესობას დაუსაბუთებელი ქონება აქვს, ამის გასაგებად საკმარისია მათი დეკლარაციების შესწავლა.
"აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველას შემოსავალი და გასავალი დაითვლება, ვის რა ქონება შეეძლო დაეგროვებინა, ან არ დაეგროვებინა", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
სიჭინავას განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქვეყანას აკლია, არის სამართლიანობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მართლმსაჯულებაზე.
"სამართალიც კი შერჩევითია ამ ქვეყანაში: ელიტებისთვის არსებობს, ვიღაცებისთვის არა.”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
359703687_951632749441708_4774563386067042009_n.mp4
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.
„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს გადაწყვეტილება ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრების შესახებ მეტი სიცხადე იყოს“, – წერს ის.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში NATO-ს სამიტზე გამოცხადდება.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, თურქეთის პარლამენტს წარუდგინოს შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემას რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, — დასძინა სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.
დიდი ეროვნული ასამბლეა თურქეთის პარლამენტის სახელწოდებაა. სწორედ მან უნდა დაუჭიროს მხარი პროტოკოლს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს უკვე გააკეთა ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ. რჩებიან მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი.
4 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერდა შვედეთის განაცხაdს მას შემდეგ, რაც აღნიშნულის მზადყოფნას თურქეთი გამოთქვამდა.
სტოლტენბერგის ზემოხსენებულ განცხადებამდე, 10 ივლისს, ერდოღანმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთი დათანხმდეს შვედეთის ნატოში მიღებას, თუ ევროპული სახელმიწფოები „კარს გაუღებენ თურქეთს“ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ბუნდოვანია, მიიღო თუ არა თურქეთმა ამ კუთხით რაიმე დადებითი სიგნალი.
თურქეთს ამ დრომდე არ ჰქონდა გაცხადებული საბოლოო თანხმობა ნატოში შვედეთის მიღებაზე. მთავარი მიზეზია შვედეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ. ერდოღანის ხელისუფლება შვედეთისგან ქურთული ორგანიზაციების უფრო მეტ შეზღუდვას ითხოვს, რადგან ამ ორგანიზაციებს თურქეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
თავის მხრივ, შვედეთი აცხადებს, რომ აღებულ ვალდებულებებს ქურთებთან დაკავშირებით ასრულებს.
თურქეთი დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა პროცესი გაყინულია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისა დემოკრატიის უკუსვლა და შეუთანხმებლობა ევროკავშირის წევრ კვიპროსთან.
წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება:
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო,“ – აცხადებენ გამგეობაში.
უწყების განცხადებით, სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ფანჩატურთან, სადაც ეს ტრაგედია მოხდა.
წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა. როგორც ისინი ყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა.
როგორც ისინი ჰყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროობასთან ან ელექტროგაყვანილობასთან.
ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალები შსს-გან გაარკვიოს.
განახლება: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გარეკანი ფოტო: „ფორმულა“