ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდარტულ დროს. შემდეგი რეისები:
პარიზი 02:46 საათზე
დორტმუნდი 04:44 საათზე
ბარსელონა 04:52 საათზე
ქუთაისის ნაცვლად მოფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ნებისმიერ სიახლეს ოპერატიულად შეიტყობთ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით”, — ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის აეროპორტმა მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ 10 ივლისის ღამით განაცხადა. თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “წინასწარი ინფორმაციით”, მუშაობა 11 ივლისის 07:00 საათამდე გაჩერდებოდა. ფრენები თბილისში გადაამისამართეს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, უამინდობის შედეგად ერთ-ერთი ფლიგელის სახურავი დაზიანდა და ჭერიდან რამდენიმე ფრაგმენტი ჩამოცვივდა. კადრებში ჩანდა, რომ აეროპორტში წყალი იყო ჩასული.
ნატომ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. Reuters-ის ინფორმაციით, აქამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გარე შეჭრის წინააღმდეგ მომზადებული მოქმედებათა ალგორითმი არ ჰქონდა.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.
აქამდე ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა.
„ათწლეულების მანძილზე ნატო თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში და პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავდა“, - აღნიშნავს გამოცემა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის რუსეთი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ამ გეგმების დამტკიცებას ისეთი გეოგრაფიული ადგილების ფორმულირების გამო ბლოკავდა, როგორიც, მაგალითად, კვიპროსია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ.
მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას.
„უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიციები ჟღერდება, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება.
აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.
"უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.
ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი და მას დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორს ედავებოდა 2019-2021 წლებში წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის, ჯამში მილიონ ლარზე მეტის, მითვისებას. დავით მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს.
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს. ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, ასევე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებს, ანაზღაურების სახით ერიცხებოდათ საბიუჯეტო თანხები, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული დაეუფლა ბიუჯეტის კუთვნილ 597 200 ლარს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველი დაიწყო.
"მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის (46 ზედაპირული წყალსადენი რეზერვუარით და 20 არტეზიური ჭაბურღილი რეზერვუარით) რეზერვუარის მოვლა ექსპლუატაციისათვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი და ჯამში გაცემულია შრომის ანაზღაურება 431,000 ლარის ოდენობით. დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“, 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის, 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369,985 ლარი, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული", - ესაა ფრაგმენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიშიდან, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.
"ხელვაჩაურის წყალკანალი" არის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს. 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო 70 ოპერატორ-დეზინფექტორი, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ხელვაჩაურის ბიუჯეტს 202 750 ლარი დაუჯდა. 2020 წელს კომპანიაში დასაქმებულ ოპერატორ-დეზინფექტორების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, მათი სახელფასო ფონდი კი - 228 250 ლარამდე.
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 10 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს.
ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. მუხლი, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან.
„შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალ პირობას აყენებს - თურქეთის ევროკავშირში წევრობა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის კარებთან 50 წელი დგას მაშინ, როცა ნატოს თითქმის ყველა წევრი დღეს უკვე ევროკავშირის წევრია.
კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია“ იმაში, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე „ერთობა და მძლავრი გზავნილი“ იქნება.
ასევე, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთსა და შვედეთის შორის არსებული უთანხმოების მოგვარება არის დაგეგმილი.
„შვედეთმა თურქეთთან ადრე შეთანხმებული პირობები მკაფიოდ შეასრულა და იმედი გვაქვს, რომ ანკარის თავშეკავება ამ საკითხში დაძლეული იქნება“, - განაცხადა ნატოს მდივანმა.
აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
გიტანას ნაუსედას თქმით კი, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა ძალზედ მნიშვნელოვანია.
„იმ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ალიანსში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება... ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს...“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე არათუ პოლიტიკური, ადამიანური პასუხისმგებლობაც დღემდე არავის უგრძვნია!, - ამის შესახებ სოოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, ამ ქვეყანაში, სამართალიც ელიტურია და "მხოლოდ ივანიშვილს და ელიტურ ოჯახებს ემსახურება".
"ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარიტას საქმეზე სამართლიანობა აღდგა:
ვიღაცის 3 წლიანი სასჯელი 14 წლის გოგოს ნამდვილად ვერ გააცოცხლებს და არც იმის გარანტიაა, რომ მომავალში ასეთი შემთხვევისგან ყველა დაზღვეული იქნება!", - წერს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.
თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.
ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა
ვაკის პარკის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ ეპიზოდად განიხილება. 9 დაკავებულის საქმის განხილვა მოსამართლემ დაასრულა და სხდომა განაჩენის გამოსაცხადებლად გადადო.
პატიმრობაში იქნებიან:
თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცვანიძე - 6 წელი;
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი - 3 წელი;
"გრინსერვისი+-ის" თანამშრომელი დევი კახოიძე - 3 წელი;
„გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი - 3 წელი;
"მშენ-ექსპერტის" დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი - 3 წელი და 6 თვე;
"მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილი - 3 წელი და 6 თვე;
შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიყიტაშვილი - 3 წელი;
ელექტროშემდუღებელი გიორგი გობეჯიშვილი - 4 წელი.
მასალა არქივიდან
სამხარაულის ბიურო ვაკის პარკის შადრევანზე - რას მიაგნეს ექსპერტებმა
პროკურატურამ 9 დაკავებულს ბრალი შემდეგი კვალიფიკაციით წაუყენა:
თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორ ლაშა ფურცვანიძეს - უხარისხოდ სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები), ასევე - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
"გრინსერვისი+-ის" თანამშრომელ დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
შესრულებული სამუშაოების ჩატარების შემმოწმებელ "მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტ დავით თუშიშვილს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანსა და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
2 კერძო ელექტროშემდუღებელს, გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. მოგვიანებით დააკავეს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილიც.
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავენ.
"ეს საქმე იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იმოქმედეს საგამოძიებო ორგანოებმა პარტიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში - შეგახსნებთ, ჯერ კობახიძემ გააკეთა განცხადება, გამორიცხა ელიტური კორუფცია, დაადგინა ფარგლები, რომლის მიხედვით მხოლოდ შემსრულებლები უნდა დასჯილიყვნენ და შემდეგ უმალვე იმოქმედეს ძალოვანმა უწყებებმა. არც ერთი მუხლი კორუფციას არ ეხება.
ამიტომ გვჭრდებოდა რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიურო და არა ფიქტიური, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციაც არ მისცეს.
მაგრამ ხელისუფლებისთვის ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტი არაა და ამას არც მალავენ: უარი თქვეს ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე; დაიცვეს კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები; უარი თქვეს პარლამენტში ანტი-კორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე; უარი თქვეს 2023 წელს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე.
ბიუჯეტიდან ფულის ქურდობა (თუნდაც ამას მოზარდის სიკვდილი მოჰყვეს) მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია ფული ბიძინა ივანიშვილს არავინ მოპაროს - მხოლოდ მაშინ ხდებიან უწყებები „ქმედითები“., - წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.
აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ.
უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო ჯამში 1100 შენობა დატბორა, მათ შორის რამდენიმე ადმინისტრაციული და “კურორტი ბიჭვინთა”.
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს.
შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კონდიცირებით, სენსორული მონიტორით, უკანა საქარე მინის გათბობით და ა.შ.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები.
„ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.
საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს.
ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს წინააღმდეგობა არ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა.
"ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაგნერელებმა“, შესაძლოა, უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ.
თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ.
ლილუაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, პარლამენტის რეგლამენტის მძიმე დარღვევას ჰქონოდა ადგილი.
“ამ მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის მკაფიო გზავნილია, რომ მზად არიან კანონი უხეშად დაარღვიონ - მთავარია პარტიული ამოცანები და კერძო ინტერესები, სახელმწიფოს გაუქმება კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ეს ვნახეთ არა მხოლოდ ვეტოს დაძლევის, არამედ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დროს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).
კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი", რომლის ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა.
“გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.
„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში.
„მტერმა საჰაერო დარტყმები ასევე განახორციელა ალექსანდრო-შულტინოსა და სევერნოეს დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
ლიმანის მიმართულებით, რუსები შტურმს ახორციელებდნენ და ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების გაძევებას დაკავებული პოზიციებიდან დონეცკის ოლქის სპორნოეს დასავლეთ ნაწილში, მაგრამ უშედეგოდ.
გენერალური შტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ავდიივკას რაიონში.
„მარინკას მიმართულებით, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკასთან“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ლი ივლისი სახელდებოდა.
ზოგადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.
უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან.
8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“.
"წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის ე.წ ქვედა ცენტრის ტერიტორიას, სადაც არის ხულო- ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება.
აღნისნულთან დაკავშირებით 2021 წელს გამოცხადდა ელ. ტენდერი, რომლის საფასურს შეადგენდა
მილონ 57000 ლარი.
ხოლო ელ. ტენდერის დასრულების შემდგომ მეწარმესთან ხეშეკრულება გაფორმდა ჯამში 948386 ლარზე."
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია.
კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს.
"უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - დაწერა კულებამ.
მან პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.
„ნატო-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა გრძელდება და ის შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კულებამ.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.