„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“.
მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე პედოფილების ელექტრონული ბაზის – რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
ეს კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსაც, თუ კონკრეტულ უწყებებში ისე დაასაქმებენ ადამიანს, რომ არ გაარკვევენ, ის ბავშვზე სექსუალური მოძალადე არის თუ არა.
„…ეს იყო გახარიას გუნდის ერთიანი პაკეტი, რაც პარლამენტში დაინიცირდა 2019 წელს, მაშინ ასევე გამკაცრდა სასჯელი გაუპატიურების ნაწილში და ჩაიწერა, რომ ამ მუხლზე გათვალისწინებულია უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც.
შსს-ს აქვს წვდომა აბ ბაზასთან და კანონით განსაზღვრულია კონკრეტული დაწესებულებები, სადაც პირის დასაქმების დროს უნდა მოითხოვონ ცნობა, ეს პირი ამ ბაზაში ხომ არ ფიქსირდება? თუ ამ ცნობის გარეშე დაასაქმებენ პირს, ეს ექვემდებარება ჯარიმას.
როდესაც თავის დროზე შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, მაშინ შს მინისტრის ნება იყო, შექმნილიყო ეს დეპარტამენტი და მას რეალურად ემუშავა. მინისტრი შეიცვალა და ამ დეპარტამენტის მუშაობა პრიორიტეტი აღარ არის,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.
რატომ არ ხედავენ პარლამენტში კანონის გამკაცრების საჭიროებას, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების კუთხით, რასაც პროკურორები პედოფილებს უფორმებენ და შემდეგ მოსამართლეები უმტკიცებენ?
ანა ბუჩუკურის აზრით, გამოსავალია არა კანონის გამკაცრება, არამედ მის აღსრულებაზე ზრუნვა.
„კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩემი პირადი მიდგომაა, რომ რაც არ უნდა გავამკაცროთ კანონი და დავამძიმოთ, თუ მისი აღსრულება არ მოხდება, ეს დარჩება ფურცელზე,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.
რას ითვალისწინებს რეესტრი, რომელსაც შსს აწარმოებს, მათ შორის, პედოფილების შესახებ?
2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ელექტრონული ბაზა, რეესტრი, სადაც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულების, ასევე უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.
ეს კატეგორია ეხება ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობასაც.
კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ განსაზღვრავს უფლების ჩამორთმევის კონკრეტულ შემთხვევებსაც, ესენია:
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში [მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში] საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით [თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას], 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;
სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
საექიმო საქმიანობის უფლება;
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
პასიური საარჩევნო უფლება;
იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;
სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.
ამავე კანონის მიხედვით, პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5 წლამდე ვადით; მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით; განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 10-დან 15 წლამდე ვადით.
უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, სასამართლომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მუნიციპალიტეტსაც, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
„სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია,“ – აღნიშნულია კანონში, სადაც გაწერილია მონიტორინგის წესიც.
კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დაწესებულება ვალდებულია, ვიდრე ვინმეს დაასაქმებს, მას ნასამართლობის, ასევე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვოს.
„აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას,“ – წერია კანონში.
ამ კანონის აღსრულებაზე შემდეგი უწყებები უნდა მუშაობდნენ: ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები. ეს უწყებები არიან ვალდებული, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდონ.
კანონმდებლობით განსაზღვრულია სხვა სამუშაო ადგილებიც, სადაც შეიძლება მუშაობდეს სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, მათ შორის, პედოფილი. კანონის მიხედვით, თუ საფრთხე დგინდება, შსს ამ პირის შესახებ პერსონალურ მონაცემებს დამსაქმებელს აწვდის:
„ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია კანონში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.
”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.
ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუყენებია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.
საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელიმსაწვდომი გახდა. ეს ეხება 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა.
ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.
ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.
2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.
ახალი ცვლილებით, აცრის ჩატარება ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, 10-11-12 წლის ასაკში.
ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს.
„2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - განაცხადა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.
"ვინ აღმოჩნდა მართალი? ჩვენ. ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი წყაროები. ასე ვთქვათ, პუტინთან უახლოეს კაბინეტებში. ამიტომ, ჩვეულებრივ ვიცით, რა ხდება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
სიმბოლურია, რომ ოცნება არჩევნების „მოგებაზე“ (სინამდვილეში კი გაყალბებაზე) საზოგადოების შემზადებას ელიტური კორუფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - კალაძის პირით ახდენს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყანაში, რომლის მოქალაქეების 89% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, არჩევნები მოიგოს ანტი-დასავლურმა ხელისუფლებამ, რომელმაც ერთი ადამიანის ინტერესის გამო, ისტორიულ არჩევანს - ევროპას და ნატოს დაგვაშორა და მიზანმიმართულად დაგვაახლოვა ოკუპანტ მტერთან.
"გარდა ამისა, აგუგუნებენ ელიტურ, პოლიტიკურ კორუფციას; დაიმორჩილეს ყველა ინსტიტუტი, რომელსაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია; ორგანიზებული ძალადობის რეპეტიციებს გადიან.
რა თქმა უნდა, ამ ფონზე ოცნების მიერ 50%+ აღება მხოლოდ არჩევნების გაყალბებითაა შესაძლებელი. ამიტომ, როცა ისინი გვეტყვიან, რომ „მოვიგებთ“, უნდა გვახსოვდეს, რომ გულისხმობენ „გავაყალბებთ“. მათი გათვლაა ხელისუფლებაში დარჩენა რუსეთთან სიახლოვით და არჩევნების გაყალბებით.
მაგრამ ავიწყდებათ, რომ რუსეთი მარცხდება (ირანის და ბელარუსის გარდა მოკავშირე არ დარჩა) და საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის მიუღებლობა მარტში უკვე აჩვენეს. შესაბამისად, ოცნების მარცხი გარდაუვალია - მთავარია, ხელისუფლების განზრახვების სწორად შეფასება, არჩევნებზე მაღალი მონაწილეობა და თანმიმდევრული პოლიტიკა (ისეთი არა ზოგიერთი პოლიტიკოსი სკამისთვის დღეს რომ ერთთან ერთიანდება, ხვალ - მეორესთან, ზეგ მესამესთან და საბოლოოდ ოცნებას აძლიერებს).", - წერს მეზვრიშვილი.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო.
„არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან მოიგოს ომი უკრაინაში. მან უკვე წააგო ეს ომი“, - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის ნატო-ში არ მიღებამ პუტინი წაახალისოს და გამბედაობა მიანიჭოს.
ჯო ბაიდენის განმარტებით, არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვა თვალსაზრისით.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინა ამჟამინდელ კონტრშეტევაში პროგრესს მიაღწევს, რათა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების პროცესის ხელშეწყობა მოხდეს.
ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან.
„ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა კულებამ.
დღეს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვინც გაერთიანებებზე ლაპარაკობს, ჩემი სუბიექტური აზრით, მისი ამოცანა და მიზანი “ოცნების“ დამარცხება კი არ არის, არამედ მისი მიზანია, გაინაღდოს თავისი ადგილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი არის აბსურდული.
„დღეს არ ფიქრობდე საკუთარი პარტიის, მხარდამჭერების გაძლიერებაზე და ამით საერთო ოპოზიციური ხმების გაზრდაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე ფიქრობ და პარლამენტში ყოფნაზე. მომდევნო არჩევნებში ე.წ. ბლოკები აღარ არსებობს. პირობითად, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდებიან, ბუნებრივია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკრეტული სუბიექტები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, ამიტომ, სხვა ალტერნატივები და ტექნიკური საკითხი არ არსებობს. ეს გულისხმობს ორი პარტიის გაერთიანებას და ერთიანი სიის წარდგენას არჩევნებზე. ამიტომ, არ მესმის რა ტექნიკურ საკითხზეა საუბარი. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ერთი სიით ხდება ორი პარტიის წარდგენა. აღარ არსებობს ორივე პარტიის სახელი და ერთ სახელად გარდაიქმნება.
ჩვენ თანამშრომლობას განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, გამოიკვეთება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ვინ უნდა შექმნას კოალიცია და ა.შ. ჩემი აზრით, დღეს ამის თაობაზე საუბარი არის აბსურდული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ასევე, განმარტა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ სისტემურ კოალიციას არ აპირებს არცერთ პარტიასთან, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„სისტემური კოალიცია ნიშნავს ურთიერთვადებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
„კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე აქედან, კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამისს დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილებას კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდიოდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა.
"ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი.
“საქართველო, ფაქტობრივად, ნატოს დღის წესრიგიდან სრულად არის ჩახსნილი, ეს კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
360126817_818919879531044_2163372382875490963_n.mp4
პარტია "საქართველოსთვის" ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"11-12 ივლისს ქ. ვილნიუსში გაიმართა ნატოს ისტორიული სამიტი, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
სამიტის შედეგად, უკრაინამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, ალიანსმა ღიად განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესში უკრაინა აღარ საჭიროებს წევრობის სამოქმედო გეგმას ე.წ. MAP-ს. ამასთან, ჩამოყალიბდა ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც უკრაინა ალიანსის წევრების თანასწორი სტატუსით არის წარმოდგენილი.
ვულოცავთ უკრაინას პრაქტიკული და პოლიტიკური შედეგების მიღებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე!
ამავე დროს, უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო, საქართველო აღმოჩნდა ნატოში მიმდინარე პროცესებს მიღმა.
რამდენიმე წლის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ასე სწრაფად გახდებოდა რეალური და ამავე დროს, საქართველო ასეთი მოუმზადებელი შეხვდებოდა ისტორიულ მომენტს, რომლის გამოც ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო.
აღნიშნული მოვლენების ფონზე, შემაშფოთებელია ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნის ფაქტი. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ნატოსთან კომუნიკაციას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს - ნატოში გაწევრიანების პოლიტიკას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.
შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მისდევდნენ, ადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი.
ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოში გრძელვადიან მშვიდობას, გვაშორებს დასავლეთს და დაუცველს გვტოვებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე.
ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის, რომ ჩვენ ნატო გვჭირდება მშვიდობისთვის. სწორედ ამიტომ აქვს ალიანსში ინტეგრაციას საზოგადოების ამხელა მხარდაჭერა!", - ნათქვამია განცხადებაში.
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის აეროპორტში იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის გავლითაც რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBK-ს განუცხადა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა.
„აზიმუტი“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად არის ავიაკომპანია, რომელმაც 2023 წლის მაისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ვანცევის თქმით, რუსებისთვის თბილისი არის მეოთხე სატრანსპორტო ჰაბი — სტამბოლის, ბაქოსა და ერევნის შემდეგ — რუსეთიდან ევროპაში გასამგზავრებლად.
„ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვესიდან“ რუს მგზავრებს ტრანზიტის მიმართულებით ხელსაყრელ წინადადებებს სთავაზობენ — ხსნიან პირდაპირ რეისებს პარიზის, ნიცისა და რომის მიმართულებით, სადაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის შეწყვეტილია.
ჩვენ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ვცდილობთ, მას [სატრანსპორტო ჰაბს] ისე მოვემსახუროთ, რომ ის ჩვენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ტრანზიტის დრომ 1.5 საათს არ გადააჭარბოს“, — განუცხადა „აზიმუტისა“ და „ვნუკოვოს“ თანამფლობელმა რუსულ მედიასაშუალებას.
როგორც RBK წერს, თავდაპირველად „აზიმუტი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებს დღეში თითო-თითოჯერ ასრულებდნენ, 5 ივლისიდან კი „აზიმუტმა“ დღეში მეორე რეისი დაამატა, „ჯორჯიან ეარვეისმა“ კი 6 ივლისიდან კვირაში დამატებით 4 რეისი დანიშნა.
RBK ასევე დასძენს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით, თბილისის გავლით დანიშნა ტრანზიტული რეისი. ბილეთის ღირებულება ამ რეისზე 408 ევროდან იწყება.
RBK ციტირებს „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის ძველ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, ქართული ავიაკომპანია ტრანზიტული რეისების დანიშვნას გეგმავს მილანის, პარიზის, ლარნაკის, ვენისა და სალონიკის მიმართულებითაც.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.
სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ.
„თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ეს ხელს უშლის იმას, რაც ასეთი არსებითია ქართველებისთვის მათი სასურველი მიზნის მისაღწევად იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. კვლავ გავიმეორებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, ის არის ნატო-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და ნატო-ს მიერ ყოველწლიურად. ასე რომ, ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს. ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ ფაქტია. ამ რეფორმების დასრულებაზე მუშაობა, მეტი პროგრესის მიღწევა საქართველოს ხელშია, საქართველოს მთავრობის ხელშია, ამის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, - აღნიშნა ელჩმა.
ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების რა შანსები აქვს საქართველოს მომავალ ზამთარს.
„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს. ევროპულმა კომისიამ ორიოდე კვირის წინ ცხადყო, რომ თორმეტი რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია, კარგი ნამუშევარია, მაგრამ კიდევ ცხრაა, რომელსაც ახლა ფოკუსირება სჭირდება, სჭირდება, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რომელსაც აქვს ინტერესი ამ სფეროებში, ერთად იმუშაოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ეს არის ის, რაც საჭიროა, რაც უნდა დავინახოთ დარჩენილ თვეებში, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ამ ქვეყნის გარშემო, ევროპული მომავლის გარშემო“, - აღნიშნა ელჩმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება.
გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო.
„ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახარია ტვიტერზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით - 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.
„თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა "Мста-Б" გაანადგურეს“, - იუწყება ოპერატიული მეთაურობის შტაბი.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შვედეთისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს.
„თავიდან პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს დაშლა და ჩვენი გაყოფა - ნატო ფაქტობრივად, უფრო დიდი გახდა“, - განაცხადა ოსტინმა და ამ კონტექსტში ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასა და შვედეთის გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობაზე ისაუბრა.
კითხვაზე, როგორ რეაგირებს რუსეთის ლიდერი ალიანსის გაფართოებაზე, ლოიდ ოსტინმა უპასუხა, რომ პუტინმა უკრაინაში თავისი ქმედებებით „ნატო თავის ზღურბლთან მიიყვანა“.
„დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე,“ - დასძინა მან.
"ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე
საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.
„შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მილერმა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არ ყოფნის მიზეზთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით ნატო-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საკითხს. ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, ამას სახალხო დამცველიც აკვირდება, რადგან მათი პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურებმა, გამოიძიონ სამართალდამცავების მიმართ პრეტენზიები. ასე რომ, საქართველოში არსებობენ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც პასუხობენ მსგავს პრეტენზიებს და იმედია, რომ მათ ამის გაკეთების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, „თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო“.
რაზმაძის ინფორმაციითვე, ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის შემოწმება დაიწყო, რაც, მისივე თქმით, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. რაზმაძე ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს.
ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ხშირად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში.
„არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერ ძალებთან თანამშრომლობისთვის, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი და იმისათვის, რომ ზეპარტიული ამოცანები, რაც არის მაგალითად, დეოკუპაცია - ამას მივაღწიოთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება“, - განაცხადა დაუშვილმა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს თავიდან აირიდოს დამკვირვებლები და ჩაკეტილად, ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები.
ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დაკვირვებით, იკვეთება ძირითადი შედეგები:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრების არჩევის შემდგომ კვლავ გაგრძელდა ყველა გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პრაქტიკა. გარდა ამისა, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ ფიქსირდება;
იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ აქვეყნებს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ; რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბჭოს აპარატს უმეტეს შემთხვევაში ინფორმაცია არ აქვს სხდომის ჩატარების ან გადადების შესახებ. რიგ შემთხვევებში, საბჭოს ცხელი ხაზი და ოფიციალური ტელეფონის ნომერი დაკავებულია, ან გათიშულია/გასულია მომსახურების ზონიდან.
სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ორგანული კანონის დარღვევით – მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად ზოგადად. “საორგანიზაციო საკითხები”, “სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი”, “მოსამართლე სახელი/გვარი წერილი/განცხადება” და მსგავსი ფორმულირებით ჩამოყალიბებული საკითხები არ არის განჭვრეტადი, არ წარმოაჩენს ძირითად შინაარსს და იძლევა შესაძლებლობას საბჭომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილოს დაინტერესებულ პირთა მონიტორინგის გარეშე. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ხშირად გათვალისწინებული საკითხები “ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” და “ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ”, თუმცა საბჭოს მდივანი თითოეულ სხდომაზე ხსნის აღნიშნულ საკითხებს ისე, რომ მიზეზებს არ ასახელებს.
სხდომების გადადებას აქვს ინტენსიური ხასიათი. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, სულ დაინიშნა 118 სხდომა, აქედან კი მხოლოდ 42 სხდომა ჩატარდა 76 კი გადაიდო. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ინიშნება, ნაცვლად იმისა, რომ ამ სხდომის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი არსებობდეს, არსებობს მხოლოდ სხდომის გადადების მოლოდინი, ვინაიდან დანიშნული სხდომის ჩატარება სამწუხაროდ საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჩატარებული სხდომების უმრავლესობას არ ესწრება. მაგალითად, 2023 წელს სულ 18 სხდომაა ჩატარებული და ამ 18 სხდომიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე არ ესწრებოდა 12 სხდომას და მხოლოდ 6 -ს დაესწრო. სხდომას ასევე ხშირად არ ესწრება საბჭოს წევრი ქეთევან ცინცაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე); ის საბჭოს სხდომებს 6 შემთხვევაში არ დაესწრო.
პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების საკითხიც, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შერჩევითი მიდგომა და ამავდროულად ვებგვერდზე გონივრულ ვადებში არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, 2023 წელს ჩატარებული სხდომის ოქმები (აუდიო ფაილის სახით) საერთოდ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მხოლოდ სხდომაზე დასწრების ან საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში.
ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქმიანობის გამჭვირვალედ და სათანადო პასუხისმგებლობით განხორციელებას. ამასთან, აღმოფხვრას ის პრობლემები, რომლებიც დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული.
ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა.
გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მიყვებოდა აგვისტოს ომში მებრძოლ მამაზე, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა და კვლავ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.
პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო.
– გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად.
– ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ.
მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“.
აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.
მე და ნათია ახლა უკვე ორბელიანის მოედანს მივუყვებით. ვხუმრობთ, რომ ამ ივნისის ხვატში სიცხისგან ცუდად რომ გავხდეთ და სხვა ენა არ ვიცოდეთ, წყალსაც ვერავინ დაგვალევინებს.
– მაქვს თუ არა უფლება, მომსახურება სახელმწიფო ენაზე მივიღო? – ვეკითხები ინგლისურად კიდევ ერთ ბარმენს.
– მაგრამ ეს ხომ კანონით არ არის განსაზღვრული? – მიპასუხა მან.
დიახ, არის – ვფიქრობ ჩემთვის – და რომ არა 1978 წლის აპრილში მოქალაქეების თავდადება, საბჭოთა ხელისუფლება ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსს გაუუქმებდა.
თბილისის ცენტრალურ უბნებში ნანახს, წესით, არ უნდა გავეკვირვებინეთ, თუკი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სამეწარმეო საქმიანობის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე:
საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა;
1 753 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 2 344 მოქალაქე;
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 1693 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 1 473 იურიდიულ პირში.
რას ამბობს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ
ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და დაცულია ორგანული კანონით. „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი ენის დაცვის ძირეულ პრინციპებს ადგენს.
„დამატებით სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ რეგულაციები გათვალისწინებულია ასევე კანონში „რეკლამის შესახებ“, სადაც გაწერილია ვალდებულება, რომ რეკლამა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე. ასევე კანონში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ არის დათქმა, რომ პროდუქციის მწარმოებელმა მომხმარებელს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოს ქართულ ენაზე“, – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა მაღედანი.
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს – ამ კანონის შესრულებას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ზედამხედველობს.
როგორც იურისტი განგვიმარტავს, ენასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევაზე სწორედ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განიხილავს პირველად მიმართვას და თუ დაადგენს დარღვევას, დეპარტამენტი სანქციების გამოყენების მიზნით მიმართავს კონკრეტულ ორგანოებს.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტი ნინო აბესაძე განგვიმარტავს, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება აქვთ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავცემთ კონკრეტული ობიექტის მისამართით, რომ ქართულ ენაზე უნდა ჰქონდეთ მენიუ დაბეჭდილი და მომსახურება უნდა იყოს ქართულ ენაზე, თუმცა დაჯარიმებისა და სანქცირების უფლებამოსილება სახელმწიფო ენის დეპარტამენტს არ გააჩნია. მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიუთითებს, რომ გარე რეკლამის განთავსების პირობების დარღვევისათვის, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქცია“, – ამბობს ნინო აბესაძე.
როგორ შეგვიძლია, მოვიქცეთ, თუკი ვერ ვიღებთ მომსახურებას ქართულ ენაზე?
გარდა ენის დეპარტამენტის ცხელი ხაზისა (+995 32 2 407 222; info@enadep.gov.ge), იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა (მათ შორის კვების ობიექტებში) და ონლაინმაღაზიაში ვერ მიიღებს მომსახურებას სახელმწიფო ენაზე, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და შეავსოს განცხადების ელექტრონული ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, სააგენტო საქმის შესწავლას იწყებს მხოლოდ ოფიციალური ფორმის დაცვით შევსებული განცხადების მიღების საფუძველზე და შესწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას დარღვევის დადასტურების ან დაუდასტურებლობის თაობაზე.
„აგრეთვე, მოვაჭრეს აქვს უფლება, მოითხოვოს სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებში ის აიღებს ვალდებულებას, რომ გამოასწორებს სავაჭრო პოლიტიკას და შეუსაბამებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. აგრეთვე, აღადგენს იმ მომხმარებელთა უფლებებს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. მოვაჭრეს დარღვევის დადგენის შემთხვევაში, განესაზღვრება კონკრეტული ვადა მის აღმოსაფხვრელად. სააგენტოს გადაწყვეტილებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას (რომელიც განისაზღვრება წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-მდე ოდენობით)“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
როგორია სტატისტიკა
კონკურენციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ენაზე მომსახურების ვერ მიღებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით სააგენტოში შევიდა 4 განაცხადი. აქედან 3 საქმე მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა. კერძოდ, კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გამოასწორებდნენ სავაჭრო პოლიტიკას და მომხმარებელს ინფორმაციას ქართულ ენაზე მიაწვდიდნენ. რაც შეეხება ერთ შემთხვევას, საქმის შესწავლა არ დაწყებულა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში ინფორმაცია სახელმწიფო ენაზეც მიეწოდებოდა.
ენის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად კი, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით „ცხელ ხაზსა და ფეისბუქის საშუალებით მსგავსი შინაარსის რამდენიმე შეტყობინება შემოვიდა (შეტყობინება ეხებოდა სპორტდარბაზს, სასტუმროსა და რესტორნის მენიუებს). ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა ინფორმაციის სისწორე და ადგილზე გასცა რეკომენდაციები. თუმცა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხელი ხაზი დროებით გათიშულია“, – გვიპასუხეს 15 ივნისით დათარიღებული წერილით ენის დეპარტამენტიდან.
ელფოსტაზე კი დეპარტამენტში 3 წერილი შევიდა საქართველოში დარეგისტრირებულ ბიზნესზე, რომელიც არაქართულ ენაზე აწარმოებს სოციალურ მედიაში რეკლამებს. მისამართები რეაგირებისთვის გადაეგზავნა კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს.