საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ამჟამად სამხედრო კომენტატორ იგორ სტრელკოვს [გირკინს] მოსკოვის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მას ბრალი ედება ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებაში. სასამართლომ კი 18 სექტემბრამდე მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს მიიღო.
იგორ სტრელკოვი აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი, წინასწარ პატიმრობას. “მედიაზონის” ინფორმაციით, სტრელკოვმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ მას მეორე ხარისხის სტენოკარდიის დიაგნოზი დაუსვეს და შინაპატიმრობას სწორედ ამ მოტივით ითხოვდა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდა, რადგან ბევრ ქვეყანაში იძებნება:
“გამოძიების განცხადება, რომ შესაძლოა მე ქვეყნის გარეთ დავიმალო, გულწრფელად სასაცილოა, რადგან უმეტეს ქვეყანაში ინტერპოლის ძებნილთა სიაში ვარ. ჰააგის ტრიბუნალმა მომისაჯა სამუდამო პატიმრობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია”, — განაცხადა მან “მედიაზონის” თანახმად.
როგორც BBC იუწყება, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სტრელკოვი დანაშაულს არ აღიარებს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ვინ არის იგორ სტრელკოვი?
იგორ სტრელკოვი, რომლის ნამდვილი გვარიც გირკინია, საკმაო ხანი მსახურობდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ], 2014 წელს, ევრომაიდანის შემდეგ კი, სათავეში ჩაუდგა რუსეთის მხარდაჭერილ „ამბოხებულებს“ უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში – დონეცკსა და ლუჰანსკში.
სტრელკოვის „თავდაცვის“ მინისტრობისას, ჰააგის საოლქო სასამართლოს თანახმად, პრო-რუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. რუსეთი ამ დანაშაულში უკრაინულ მხარეს სდებდა ბრალს. ამავე სასამართლომ სტრელკოვს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.
დონბასში მან „თავდაცვის მინისტრის“ პოსტზე ერთი წელი დაჰყო. მოგვიანებით სტრელკოვმა სხვადასხვა საკითხებზე დაიწყო აზრის დაფიქსირება და ხშირად არათუ არ ეთანხმებოდა, არამედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია „ომის პარტიიდან“, რომელიც ხელისუფლებისგან ომის უკეთესად და უფრო სასტიკად წარმოებას ითხოვს. სტრელკოვი აგრეთვე აკრიტიკებდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ პრიგოჟინს, ცოტა ხნის წინ კი პუტინს გადადგომისკენაც მოუწოდა.
ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.
„უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ახორციელებენ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ნეიტრალიზებული უნდა იქნას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს - ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.
შუადღის დაახლოებით სამ საათზე "რაშისტებმა" სოფელი არტილერიით დაბომბეს - ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ - 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.
გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს კირილენკო.
მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.
ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა.
ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, - განაცხადა დეგნანმა.
“სკეპტიკურად ვართ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან გაერთიანებაზე. კონკრეტულ ინდივიდებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გამოვრიცხავთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ ნაც-ქოცური ალიანსის ეპოქა.
პარტია “საქართველოსთვის” შედეგი გაცილებით მაღალი იქნება 2024 წლის არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ამ ორი პარტიის მხრიდან მავნებლური ქმედებების გაგრძელება, ეს ნაწილობრივ შევძელით თვითმმართველობის არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ 2024 წელსაც.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი
გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს.
ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის საინჟინრო მანქანებისთვის, MG3 ტიპის 20 ტყვიამფრქვევი მიაწოდა. უკრაინამ სულ 138 ასეთი ტყვიამფრქვევი მიიღო. გარდა ამისა, უკრაინას 155 მმ კალიბრიანი 1 305 საარტილერიო საბრძოლო მასალა და 155 მმ კალიბრიანი 2 064 კვამლის წარმომქმნელი საბრძოლო მასალა გადასცეს.
უკრაინამ ასევე მიიღო დამატებით ოთხი სასაზღვრო საპატრულო მანქანა, 10 მობილური სახმელეთო სათვალთვალო რადარი, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო მანქანა და 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები.
გულიდან სისხლისა და უჯრედების მოშორების შემდეგ რჩება შემაერთებელი ქსოვილის „ჩონჩხი“. ტეხასის გულის ინსტიტუტის მეცნიერი დორის ტეილორი ამ „გულ-მოჩვენებას“ ღეროვანი უჯრედებით, ჟანგბადითა და სისხლით ამარაგებს – შედეგად იზრდება გულის ახალი ქსოვილი. ასზე მეტი საცდელი გული მზადაა გადასანერგად. – პატრისია ედმონდსი
ფოტო: ტეხასის გულის ინსტიტუტი
National Geographic Magazine საქართველო
“2021 წელს მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ მოვახერხეთ, რომ “ქართული ოცნება” გადავიყვანეთ ოპოზიციაში და არ მივეცით “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება, ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს არ შეფასდა, რადგან ჩვენ გარდა არავის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა.
ჩვენი გუნდი ძლიერად იქნება წარმოდგენილი 2024 წლის არჩევნების შედეგებით და არ მივცემთ არც “ოცნებას” და არც “ნაც. მოძრაობას” უფლებას, ერთპიროვნულად წყვიტონ ამ ქვეყნის ბედი.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
362269745_235283666011584_8696130994292137749_n.mp4
“ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს არის “ოცნების” ელექტორალური ქცევის ფსიქოტიპი. „ქართული ოცნების“ ელექტორალური გათვლა ნიშნავს ამ პოლიტიკური საფრთხობელის შექმნას. მარტივია ამის ინტერპრეტაცია - ყველაფერი, რაც აძლიერებს ან ქმნის ილუზიას, რომ აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ორად აძლიერებს „ქართულ ოცნებას”.
თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების ილუზიის შექმნა „ქართულ ოცნებას“ ერთი ორად აძლიერებს, ქმნის თუ არა ბუნებრივ პარტნიორულ განცდებს ამ ორ სუბიექტებს შორის?”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
362224672_243830875164414_8998622758944948134_n.mp4
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.
უკრაინელი მედიის ინფორმაციით, F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჯერ არ დაწყებულა.
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა 4 ტანკი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 133 ტანკს, 8 080 ჯავშანტექნიკას, 4 610 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 7 145 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 933 უპილოტო საფრენ აპარატს, 686 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 298 ფრთოსან რაკეტას.
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ექვსი თვით, 2024 წლის 31 იანვრამდე, გააგრძელოს სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე.
ეს სანქციები, რომლებიც პირველად შემოიღეს 2014 წელს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან.
ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის, ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვების ჩათვლით. სანქციები ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის საქმიანობის აკრძალვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის რამდენიმე ობიექტის სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას.
უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური ბომბების გამოყენება, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
გამოცემის ანონიმური წყაროს თქმით, კიევი ამ ბომბებს იყენებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსული ძალების კარგად გამაგრებული პოზიციების შესარყევად. კერძოდ კი, ბომბების მიზანია დაანგრიოს რუსების სანგრები, საიდანაც ისინი უკრაინელთა წინსვლას აფერხებენ.
ვაშინგტონმა შვიდ ივლისს დაადასტურა, რომ უკრაინელებისთვის კასეტური ბომბების გადაცემას გეგმავს. ერთ კვირში, 14 ივლისს, კიევში დაადასტურეს მათი მიღება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საკუთარ ტერიტორიაზე მტრის წინააღმდეგ ასეთი შეიარაღების გამოყენება სამართლიანია.
კასეტური ბომბების აკრძალვის შეთანხმება რატიფიცირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, მთელ დასავლეთ ევროპაში. თუმცა შეთანხმებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას.
აშშ-მ რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა.
„იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია.
„ნეტგაზეთის“ დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით.
თავად „იუნისტრიმში“ ამბობენ, რომ შეიმუშავეს „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შეუფერხებელი მუშაობა პარტნიორებთან“. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, ნათქვამი არ არის.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს ბრალი. უწყება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
პირებს შორის, რომლებსაც დღეს ბრალი წაუყენეს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორს წაუყენეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.
„2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა და ყოფილმა ინჟინერ-მშენებელმა შეადგინეს ყალბი ინსპექტირების აქტები, რომლითაც დაადასტურეს არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც“ — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თუმცა, უწყების განცხადებით, კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ ყოფილმა დირექტორებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც:
„კლინიკის სამშენებლო სამუშაოების ყოფილმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დაადასტურა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება“ — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მანამდე, პროკურატურამ დააკავა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე.
ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.
„მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.“ – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების წერილში.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება ორგანიზატორების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.
ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიორგი ალხანიშვილს ურთიერთშელაპარაკების დროს დანით 18 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მისი ცხედარი დამარხეს.
“ჩვენი მიზანია ქართული “ოცნების” ხელისუფლებიდან ისე გაწევა, რომ “ნაც.მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს, რადგან ეს ორი პარტია ფაქტობრივად ერთმანეთს ასაზრდოებს. მინიმალური რესურსებით ამ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ 2021 წელს და დიახ ეს მიზანი მიღწევადია საპარლამენტო არჩევნებზეც.
დღეს ჩვენ პარტიებთან ტექნიკური გაერთიანება არ გვჭირდება, არ გვაქვს ამის ელექტორალური პრობლემა, რომ ბარიერი გადაილახოს.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
362535119_1940712749619633_3543911457875992226_n.mp4
ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
“შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ.
ამ მიზნით “ეფესბეს” “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი” საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს”, - წერია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს ატომური ელექტროსადგურის “შტურმი” მოხდება, რომელშიც “საშტურმო ჯგუფები” და დაუსახელებელი “უკრაინის მოხალისეობრივი შეიარაღებული ჯგუფები” მიიღებენ მონაწილეობას.
უკრაინის დაზვერვას მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება ოკუპანტების მიერ “სხვისი დროში ქვეშ” ოპერაციის მომზადებაზე შეიძლება მეტყველებდეს, რაც ზაეს-ზე მასშტაბურ ავარიას გამოიწვევს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8819 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8935 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს.
მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი „ტავრიდა“ პირველი კატეგორიის გზაა, რომელიც რუსეთის გეგმით უნდა იქცეს ყირიმის საგზაო სისტემის მთავარ მაგისტრალად. ქერჩიდან სევასტოპოლამდე ამ 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა რუსეთმა 2017 წელს დაიწყო.
ასევე ნახეთ
რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა იყო
პოლიგონი, სადაც ხანძარია, მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში და დიდი მანძილითაა დაშორებული ფრონტის ხაზს. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა იყო.
ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.